ქრისტიანული ფსიქოლოგია
1 -დარგის შესახებ
ეტიმოლოგიურად თუ ვიმსჯელებთ, ფსიქოლოგია ცოდნის სისტემაა, რომლის მიზანიც სულის (ψυχή - ბერძ. „ქროლა“, „სუნთქვა“) შემეცნებაა (λογία - ბერძ. „სწავლა“, „დისკურსი“). ისტორიულად კი ფსიქოლოგიის შემეცნების სფეროს უკავშირდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფიზიოლოგიური, ნებელობითი და კოგნიტიური პროცესების ანალიზი, ზოგადი კავშირის დადგენა სხეულსა და სულს შორის, რეალობის შემეცნების წესის ცხადყოფა, ქმედების ეთიკურ-მორალური კურსის განსაზღვრა და ბედნიერების ძიება. ფსიქოლოგიას, როგორც სულის მეცნიერებას, ტრადიციულად თეორიული ხასიათი ჰქონდა და აბსტრაქტული გზით წარმოებდა, ამავდროულად კი, ყოველთვის ფილოსოფიური სისტემის ნაწილს წარმოადგენდა და ადამიანის ქმედების ღირებულებით შეფასებას უკავშირდებოდა. ემპირიული მეთოდის აღმასვლის შემდეგ, კონკრეტულად XIX საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული, ფსიქოლოგიური შემეცნების მეთოდები და მიზნები, გარკვეულწილად, შეიცვალა. თანამედროვე ფსიქოლოგიის მთავარ ნაშრომებში კი ვხვდებით განსაზღვრებებს, რომელთა მიხედვითაც ფსიქოლოგია არის მენტალური ცხოვრების შესახებ მეცნიერება და მისი მიზანია ადამიანის სუბიექტური გამოცდილების შინაარსის შესწავლა. თანამედროვე ფსიქოლოგია შემეცნების სხვა სფეროთაგან დამოუკიდებელი და ღირებულებითი კუთხით ნეიტრალური ემპირიული მეცნიერებაა, რომელიც აღწერს და იკვლევს ადამიანის ქცევას, მის სუბიექტურ გამოცდილებას, აანალიზებს ქმედების განმსაზღვრელ სხვადასხვა ფაქტორებს, ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ, ემოციურ, კოგნიტიურ, სოციალურ, პიროვნულ კანონზომიერებებს.
რაც შეეხება ქრისტიანობასა და ფსიქოლოგიას შორის არსებულ კავშირს, ზოგჯერ ის დავასა და კამათს იწვევს, რადგან ქრისტიანობა არც ფილოსოფიური სკოლაა და არც მეცნიერული დისციპლინა, არამედ გამოცხადებითი რელიგიაა, რომლის საფუძველმდებარე პრაქტიკები და რწმენები იესო ქრისტეს სწავლებებიდან, მოციქულთა ეპისტოლეებიდან და ქრისტიანული ტრადიციის წიაღში ჩამოყალიბებული კანონიკური ტექსტებიდან მომდინარეობს. ქრისტიანობა დაიბადა და აღორძინდა ებრაული კულტურის წიაღში და იუდაისტური რელიგიური კონცეფციების საფუძველზე. იუდაისტური რელიგიის მსგავსად, მისი მთავარი მიზანი ღვთაებრივი კანონის საფუძველზე ცხოვრება და სამყაროს შემოქმედთან კავშირის აღდგენაა. ამავდროულად, სხვა მრავალი რელიგიის მსგავსად, ქრისტიანობა ადამიანური ყოფიერების წინაშე არსებულ განსხვავებულ პრობლემებს, საჭიროებებსა და დილემებს აერთიანებს, შედეგად კი ქმნის თეოლოგიურ სისტემასა და განგრძობით ტრადიციას, რომლის უმთავრესი მიზანიც საბოლოო ჭეშმარიტების შემეცნება და უმაღლესი ბედნიერების მოპოვებაა. ქრისტიანულ რელიგიაში მრავლად შევხვდებით ისეთ საკითხებს, რომლებიც ტრადიციულ ფსიქოლოგიაშია წარმოდგენილი (მაგალითად, სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემას, ეთიკისა და ბედნიერების საკითხებს და სხვ.). აქედან გამომდინარე, ქრისტიანული ფსიქოლოგია, ისევე როგორც ქრისტიანული ხელოვნება, არქიტექტურა თუ ფილოსოფია, ქრისტიანული ტრადიციის წიაღში და ქრისტიანულ კულტურულ კონტექსტში ჩამოყალიბებული და განვითარებული ცოდნის სისტემაა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის, როგორც ცნობიერი არსების ყოფიერების კონტექსტის ანალიზს. ფილოსოფიური ფსიქოლოგიის მსგავსად, ქრისტიანული ფსიქოლოგია ცოდნის არაემპირიული და აბსტრაქტული დარგია, მის ხასიათს რელიგიური ტექსტები და სწავლებები განაპირობებს, ხოლო ღირებულებით ორიენტირებს კი თეოლოგიური დოქტრინები განსაზღვრავს. ამავდროულად, ქრისტიანული ფსიქოლოგია დასავლური ფსიქოლოგიის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის განვითარება იწყება III-IV საუკუნეებიდან და სრულდება XV-XVI საუკუნეებში, ახალი სააზროვნო პარადიგმებისა და მეთოდების ჩამოყალიბების ეპოქაში. ამის შედეგად, კლასიკურ და თანამედროვე შრომებზე დაყრდნობით, ქრისტიანული ფსიქოლოგია შეიძლება გაგებულ იქნეს სამგვარად: 1. როგორც დასავლური ფსიქოლოგიის ისტორიის ნაწილი, რომელიც იწყება გვიანი ანტიკურობის ხანაში და სრულდება ახალი დროის გარიჟრაჟზე; 2. როგორც ქრისტიანული სწავლება დაცემული ბუნების მქონე ინდივიდის შესახებ, ადამიანის ყოფიერების იმ კონტექსტს რომ აღწერს, რომელშიც ინდივიდი მოკლებულია ღვთაებრივ ცოდნასა და ნეტარებას, ის, ასევე, აღწერს შემეცნებასთან, შეგრძნებასთან და ეთიკასთან დაკავშირებულ დეტალებს; 3. როგორც თეორია რელიგიური ცხოვრების შესახებ, რომელიც მიემართება ადამიანს, როგორც ღვთაებრივი ბუნების მქონე სუბიექტს, რომლის ყოფიერებაც სულისმიერია.
2 -საკვლევი თემატიკა
ქრისტიანული ფსიქოლოგიის პრობლემატიკა, ერთი მხრივ, ზოგადი ფსიქოლოგიური თემატიკითაა განსაზღვრული, მეორე მხრივ კი უშუალოდ ქრისტიანული რელიგიისთვის დამახასიათებელი კონტექსტითაა გაჯერებული. ამ პრობლემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სამშვინველისა და სულის ცნებების, „მიწიერი“ და „რელიგიური“ ცხოვრების ფორმების ურთიერთმიმართების საკითხია. სამშვინველის სახარებისეული ცნება, რომელიც ქართულ ენაში სულადაც ითარგმნება, ძველი ბერძნული „ფსიქეს“ (ψυχή) და ებრაული ტერმინის „სული“ (נֶ֫פֶשׁ) ეკვივალენტია. ის მიემართება ადამიანს, რომლის ყოფიერების კონტექსტიც მხოლოდ ამქვეყნიურია და, ამავდროულად, აღნიშნავს ინდივიდის პიროვნულობასა და მიწიერ ბუნებას. მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება, მისი სული მწუხარეა, როდესაც მის ხვედრს აანალიზებს: „უთხრა მათ: მწუხარეა ჩემი სული (ψυχή), ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ“ (მკ. 14,34). მეორე მხრივ, სულის ქრისტიანული ცნება πνεῦμα გამოხატავს ღვთაებრივ შთაგონებას, რელიგიურ გასხივოსნებას და ადამიანში არსებულ არამიწიერ, ღვთაებრივ საწყისს. ახალი აღთქმისა და ძველი აღთქმის საკვანძო პასაჟები ადამიანის პიროვნების განღმრთობასთანაა დაკავშირებული.
სახარებაში ასევე წარმოდგენილია სხეულის აღმნიშვნელი ცნება σῶμα, რომელიც ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, რომ „სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული - ვიდრე სამოსელი“ (ლკ. 12,23). ქრისტიანული ფსიქოლოგიის თემატიკა თეოლოგიის პარალელურად ვითარდება. მის ძირითად პრობლემატიკას საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა რწმენის გავრცელება და უნიფიცირება, ქრისტიანული დოქტრინის დამუშავება, მისი სისტემური და თეორიული სახით ჩამოყალიბება. ქრისტიანულ თეოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიაში მრავლად არის წარმოდგენილი ისეთი თემები, რომლებიც სამშვინველისა და სხეულის ურთიერთმიმართებას, შემეცნების, ეთიკის და ბედნიერების საკითხებს უკავშირდება. ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ თემატიკას ვხდებით ისეთ ქრისტიან მწერალთა შრომებში, როგორებიც არიან: კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, ტერტულიანე, გრიგოლ ნოსელი, ბასილი დიდი, ნეტარი ავგუსტინე, იოანე დამასკელი და სხვ. პატრისტიკულ და შუა საუკუნეების კონტექსტში ქრისტიანული ფსიქოლოგია ორივე მიმართულებით ვითარდებოდა - როგორც მოძღვრება სამშვინველის („მიწიერი ადამიანის“) შესახებ და როგორც მოძღვრება სულის („რელიგიური ადამიანის“) შესახებ. განსაკუთრებით საინტერესო და ყურადსაღებია ქრისტიანული ფსიქოლოგიის განვითარების სქოლასტიკური პერიოდი, მისი წარმომადგენლების, თომა აქვინელის და უილიამ ოკამის მიერ განვითარებული შემეცნებისა და ინტენციონალობის თეორიები. ახალი დროის განვითარების პარალელურად, ქრისტიანული ფსიქოლოგია მეტ-ნაკლებად ინტეგრირდა ახალ კულტურასა და ისეთ განსხვავებულ ფილოსოფიურ სკოლებში, როგორიცაა რაციონალიზმი და იდეალიზმი. ფსიქოლოგია დღემდე წარმოადგენს ქრისტიანული ტრადიციის მნიშვნელოვან ნაწილს და ფსიქოლოგიური თემატიკა თანამედროვე ქრისტიანული თეოლოგიის გამორჩეულ წარმომადგენელთა ნააზრევში დღესაც ძალზე აქტუალურია; თანამედროვე ქრისტიანი ავტორები ფსიქოლოგიის ქრისტიანულ ტრადიციას მრავალმხრივ განავრცობენ და ავითარებენ კიდეც. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ვლადიმირ ლოსკი, კალისტე უეარი, იოანე ზიზიულასი, იეროთეოს ვლახოსი, ქრისტოს იანარასი და სხვ. მათ შრომებში ვხვდებით გნოსეოლოგიასთან, ანთროპოლოგიასთან და ღირებულების თეორიასთან დაკავშირებულ არაერთ ისეთ საკითხს, რომელსაც ქრისტიანული ფსიქოლოგიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ქართული თეორიული აზროვნებიდან ქრისტიანული ფსიქოლოგიის კუთხით საყურადღებო შეხედულებები განავითარეს იოანე პეტრიწმა, ანტონ პირველმა (ბაგრატიონმა), იონა ხელაშვილმა, გაბრიელ ქიქოძემ და სხვ. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (1858 წ.) ქრისტიანული ფსიქოლოგიის დაფუძნების ყველაზე მნიშვნელოვან მცდელობას წარმოადგენს ქართულ აზროვნებაში, რადგან იგი ამ მიზნით არა მარტო ქრისტიანული საღვთისმეტყველო მეცნიერებების მდიდარ ტრადიციას ითვალისწინებს, არამედ თავისი დროის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიღწევებსაც ეყრდნობა.
3 -ბიბლიოგრაფია
• ანტონ პირველი: სპეკალი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.
• გაბრიელ ეპისკოპოსი: ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, რუსულიდან თარგმნეს: ო. ტაბიძემ, თ. ბუაჩიძემ, ვ. გოგობერიშვილმა, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამოცემა“, 1993 წ.
• კაპანაძე, გ.: ქრისტიანული ფსიქოლოგია. ისტორიულ-თემატური მონახაზი, თბილისი: „ნეკერი“, 2021 წ.
• Brown, W. S., Murphy, N., Newton Maloney, H. (eds.): Whatever Happened to the Soul? Scientific and Theological Portraits of Human Nature, Minneapolis: Fortress Press, 1998.
• Chirban, J. T. (ed.): Personhood: Orthodox Christianity and the Connection between Body, Mind, and Soul, Westport: Bloomsbury Publishing, 1996.
• Gracia, J. J. E., Noone T. (eds.): A Companion to Philosophy in the Middle Ages (Blackwell Companions to Philosophy), Oxford: John Wiley & Sons, 2003.
• Inglis, J. (ed.): Medieval Philosophy and the Classical Tradition: Islam, Judaism, and Christianity, London-New York: Routledge, 2002.
• Peters, R. S. (ed.): Brett’s History of Psychology, London: George Allen & Unwin Ltd., 1962.
• Robinson, D. N.: An intellectual history of psychology, Madison/Wisconsin: The University of Wisconsin Press, 1995.