იაკობ ხუცესი
1 -ვინაობა
იაკობ ხუცესი V-VI საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალია, რომლის სახელიც დაკავშირებულია ქართული მწერლობის უძველეს თხზულებასთან „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“. ქართული მწერლობა სწორედ ამ ნაწარმოებით იწყება, რამდენადაც მასზე ძველი სხვა ქართულენოვანი ტექსტი არ შემორჩენილა. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე სხვა ტექსტები არ დაწერილა, მაგრამ, ვინაიდან მათ შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, ფაქტობრივად, „შუშანიკის წამება“ ითვლება ქართული მწერლობის პირველ ტექსტად. თავად იაკობ ხუცესის შესახებ, ძირითადად, მისივე ნაწარმოებიდან ხდება ცნობილი. იგი იყო ვარსქენ პიტიახშის (ირანული პროვინციის გამგებლის ჩინი) კარის მოძღვარი; ვარსქენის „საპიტიახშო“ მოიცავდა ქვემო ქართლის ტერიტორიის დიდ ნაწილს და მაშინდელ ქართულ პოლიტიკურ ველზე ვარსქენი გავლენიანი ფიგურა იყო. ამდენად, სავარაუდოა, რომ მისი კარის მოძღვარი განსწავლული კაცი ყოფილიყო. ნაწარმოებიდან იკვეთება, რომ იაკობს ახლო ურთიერთობა აქვს, როგორც მისი თხზულების მთავარ გმირთან, შუშანიკთან, ასევე, მის მეუღლე ვარსქენთან. ტექსტში იგი თავადვე ამჟღავნებს თავის სახელსა და ზედწოდებას: „[...] მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი“, [...] მოვიდა ყრმაჲ ერთი და თქუა: ‘იაკობ მანდა არსა?’ და მე ვარქუ, ვითარმედ: ‘რაჲ გინებს?’ [...] და ვარქუ მე სანატრელსა მას: ‘ხუაშიადადრე, ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი’“. ამგვარად, ცხადი ხდება, რომ თხზულების ავტორი ნამდვილად არის ვარსქენისა და შუშანიკის კარზე მოღვაწე სასულიერო პირი იაკობი, ზედწოდებით ხუცესი.
ამით ირკვევა ავტორის ვინაობის ერთი ასპექტი, თუმცა ძველი ქართული მწერლობის შესახებ კვლევებში არსებობს მოსაზრება, რომ „შუშანიკის წამების“ ავტორი მეორე ზედწოდებითაც უნდა იყოს ცნობილი. ისტორიულ დოკუმენტებში (VII ს.) შემონახულია ცნობები V საუკუნეში მოღვაწე ვინმე ეპისკოპოს იაკობის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის VI-VII საუკუნეებში მოღვაწე ქართლის კათალიკოს კირიონ I, რომლის თანახმადაც იაკობი ყოფილა მეხუთე ეპისკოპოსი „ორტავისა“. ამ ცნობას ემატება მეორეც, გარდა უშუალოდ კირიონ კათალიკოსის ნუსხისა, არსებობს სომეხთა კათალიკოს აბრაამის წერილი იმავე კირიონ კათალიკოსისადმი, სადაც იგი ჩამოთვლის 506 წელს დვინის საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ მღვდელმთავრებს და მათ შორის ასახელებს იგივე იაკობ „ორტავის“ ეპისკოპოსს. უფრო გვიანდელ ტექსტებში, კერძოდ, ჯუანშერის თხზულებაში „ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა“, „ორტავი“ მოხსენიებულია „ცორტავად“. ამგვარად, ქართველ მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იაკობ ორტაველი ან იაკობ ცორტაველი/ცურტაველი უნდა იყოს სწორედ „შუშანიკის წამების“ ავტორი იაკობ ხუცესი. ეს მოსაზრება, არსებითად, მხოლოდ იმ გარემოებას ეფუძნება, რომ იაკობ ხუცესისა და იაკობ ცურტავის ეპისკოპოსის მოღვაწეობის ადგილი და სავარაუდო წლები ერთმანეთს ემთხვევა. ცხადია, გონივრულია იმის დაშვება, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნება იყოს, მაგრამ ამ დაშვების კიდევ უფრო გასამყარებლად სხვა ხელმოსაჭიდი არაფერი გვაქვს. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უშუალოდ ნაწარმოების მიხედვით, იაკობი კარის ხუცესია, იმ მხარის ეპისკოპოსი კი არის სხვა, სახელად აფოცი. გახდა თუ არა იაკობ ხუცესი მოგვიანებით ეპისკოპოსი საკუთრივ თხზულებაში არ ჩანს.
როდის დაიწერა „შუშანიკის წამება“? ქართული მწერლობის თვალსაჩინო მკვლევრებმა კ. კეკელიძემ, ი. ჯავახიშვილმა და ი. აბულაძემ ნაწარმოების შექმნის პერიოდის გამოკვლევისათვის ვრცელი და სოლიდური სამუშაო გასწიეს, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად შევაჯამოთ: საკუთრივ თხზულებაში გადმოცემული ცნობების თანახმად, შუშანიკის წამება უნდა დაწყებულიყო 460-იანი წლების ბოლოს; იაკობ ხუცესის მიხედვით, წამებამდე ვარსქენი წასული იყო ირანში, სავარაუდოა, რომ მისი ირანში მოგზაურობა უნდა შემდგარიყო 468-469 წწ. ირანიდან დაბრუნებული ვარსქენი აპატიმრებს შუშანიკს და იწყება მისი წამება, რომელიც, ავტორის თქმით, გრძელდებოდა 6 წელს, ვიდრე მის აღსასრულამდე. ამგვარად, თუკი შუშანიკის წამება 469 წელს დაიწყო, ის უნდა აღსრულებულიყო 475 წლისათვის. ეჭვგარეშეა ის, რომ ნაწარმოები შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ არის დაწერილი, ვინაიდან მასში აღწერილია შუშანიკის გარდაცვალება, ე.ი. იაკობ ხუცესს თხზულება უნდა დაეწერა 475 წლის მომდევნო პერიოდში. მეორე მხრივ, ტექსტში არაფერია ნათქვამი ვარსქენის შემდგომ ბედზე. ცნობილია, რომ შუშანიკის წამებიდან მალევე, 482 წელს, მეფე ვახტანგ გორგასალმა მოაკვლევინა ვარსქენი, რომელიც ქართლში ირანის ინტერესების მთავარი აგენტი იყო. თუკი იაკობ ხუცესი თავის ნაწარმოებს ვარსქენის მოკვლის შემდეგ დაწერდა, მაშინ იგი, ალბათ, ახსენებდა ამ ამბავსაც, როგორც სამართლიან სასჯელს შუშანიკის წამებისათვის, მაგრამ იაკობ ხუცესი ამ მხრივ არაფერს ამბობს. ამგვარად, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ შუშანიკის წამება მას დაეწერა 475-482 წლების შუალედში. ეს დასკვნა საშუალებას გვაძლევს წარმოდგენა შევიქმნათ საკუთრივ ავტორის ცხოვრების პერიოდზეც. ნაწარმოებში, რომლის ერთ-ერთი პერსონაჟი თავად ავტორიცაა, არ ჩანს რომ შუშანიკის წამების პერიოდში იაკობ ხუცესი ასაკოვანი იყოს; თუმცა, იგი უკვე დაწინაურებული სასულიერო პირია პიტიახშის კარზე და, მაშასადამე, ახალბედაც არ უნდა იყოს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ იაკობ ხუცესი დაბადებულიყო 430-იანი წლების ბოლოს ან 440-იანი წლების დასაწყისში და მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდი გაგრძელებულიყო V საუკუნის ბოლომდე ან VI საუკუნის პირველი ათწლეულის ჩათვლით, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ დაშვებას, რომ მოგვიანებით იგი ცურტავის ეპისკოპოსი გახდა და 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაშიც მონაწილეობდა.
2 -„შუშანიკის წამების“ იდეები
„შუშანიკის წამება“ ჰაგიოგრაფიული ჟანრის ტექსტია და ჰგავს იმავე პერიოდის ბიზანტიურ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს, თუმცა ტექსტის სულისკვეთება და წერის მანერა ორიგინალურია. მოწამის ცხოვრებისა და ტანჯვის აღწერასთან ერთად, თხზულებას აშკარა პოლიტიკური მიზანდასახულობაც აქვს. ამ მხრივ, ის შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთგვარი ანტიზოროასტრული მანიფესტი, რომელიც საქართველოში იმჟამად მომძლავრებული ორი ურთიერთდაკავშირებული ტენდენციის - ირანის კულტურული და პოლიტიკური ექსპანსიის წინააღმდეგ გამოდის. სწორედ ამ კონტექსტში არის აღწერილი ქრისტიანი ქალის შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მრწამსისა და იდენტობის დასაცავად. ამგვარი განაცხადისთვის ავტორი, ალბათ, უკეთეს ამბავს ვერც კი ინატრებდა, რადგანაც მისი მთავარი გმირი, ერთი შეხედვით, უმწეო ქალი, იმგვარ გარემოში, სადაც მისივე აღწერის თანახმად, ქალების ზოგადი მდგომარეობა და სოციალური სტატუსი ჩამოქვეითებულია, წინ აღუდგება არა მხოლოდ ქმრის ნებას, არამედ ფაქტობრივად დიდი სახელმწიფოს (ირანის) პოლიტიკას. ეს რომ ასეა, თხზულების პირველ ნაწილებშივე ჩანს (აქ სპეციალურად ვიყენებ თანამედროვე ქართულ რედაქციას): „ავტირდი და ვუთხარი ნეტარ შუშანიკს: ‘დიდ ღვაწლს შესდგომიხარ, დედოფალო, დაიცავი ქრისტეს სარწმუნოება და მტერს არ მისცე ნება, რომ როგორც სირსვილამ საძოვარი ჰპოვოს შენს სულში’“, შუშანიკი კი პასუხობს - „[...] ხუცეს, დიდი განსაცდელისთვის მზად ვარ, [...] მხოლოდ ჩემი გადასატანია ეს განსაცდელი“. ავტორი ცხადად ამბობს, რომ საქმე მხოლოდ ქმრისადმი დაუმორჩილებლობაში არ არის და შუშანიკი „მტერთან“ დასაპირისპირებლად ემზადება. ამ მოსაზრებას ისიც განამტკიცებს, რომ ერთ მომენტში ვინმე „სპარსი“ მონაწილეობს შუშანიკსა და ვარსქენს შორის კომუნიკაციაში და ვარსქენს ურჩევს, თუ როგორ მოიქცეს მეუღლესთან მიმართებით. ამგვარად, ირანული პოლიტიკის გავლენასთან დაპირისპირება და კულტურული იდენტობის დაცვისთვის ბრძოლა თხზულების პირველი მნიშვნელოვანი იდეაა.
მეორე იდეა არანაკლებ საყურადღებოა და ეფუძნება ახალი აღთქმის სოციალური დოქტრინის საკვანძო დებულებებს. საერთოდ, „შუშანიკის წამებაში“ განვითარებული მსჯელობების საღვთისმეტყველო წყაროები საკუთრივ ტექსტში ცხადად არ ჩანს. გამონაკლისი არის ნაწარმოების მესამე თავი, სადაც იაკობ ხუცესსა და შუშანიკს შორის გამართული საუბრისას, ეს უკანასკნელი ასახელებს და იმოწმებს პავლე მოციქულს: „მიჯობს მისი ხელით მოვკვდე, ვიდრე მას შევუერთდე და სული წავიწყმიდო, რადგან მსმენია პავლე მოციქულის სიტყვები: ‘არ დაემონო არც ძმას, არც დას, არამედ განშორდი’“. იაკობ ხუცესს აქ მოჰყავს პერიფრაზი პავლე მოციქულის სიტყვებისა კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლედან: „ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა“ (1 კორინთ. 7:15). მეორედ პავლე მოციქულის დამოწმება, უკვე მისი სახელის ხსენების გარეშე, ხდება ნაწარმოების მეთექვსმეტე თავში: „განვისაჯებით უზენაესი მსაჯულის, მეუფეთა მეუფის მიერ მე და ვარსქენ პიტიახში იქ, სადაც არ არის უსამართლობა, სადაც არ არის მამაკაცისა და ქალის გარჩევა, სადაც მე და მან თანასწორი სიტყვა ვთქვათ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წინაშე“. აშკარაა, რომ აქ ავტორი ეყრდნობა პავლე მოციქულის კიდევ ერთ, ამჯერად გალატელთა მიმართ ეპისტოლეს (3:28). ამგვარად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი საღვთისმეტყველო წყარო წმ. პავლეს ეპისტოლეებია. მაგრამ, რატომ ირჩევს იაკობ ხუცესი მაინცდამაინც მოციქულ პავლეს და მის ამ დებულებებს? საქმე იმაშია, რომ მის ეპისტოლეებს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქრისტიანობის სოციალური მოძღვრების ჩამოყალიბებაში. როგორც ჩანს, იაკობი იმდენად კარგად იცნობს ამ ტექსტებს, რომ ახორციელებს მათ თავისუფალ ინტერპრეტაციას და პერიფრაზირებას. წმ. პავლეზე დაყრდნობით, მას ქართულ აზროვნებაში შემოაქვს საერთოდ ადამიანთა თანასწორობის ფუნდამენტური ქრისტიანული სწავლება აქცენტით ქალისა და კაცის თანასწორობაზე, რითაც, ფაქტობრივად, იერიში მიაქვს იმჟამინდელ საქართველოში ჩამოყალიბებულ იერარქიულ სოციალურ სისტემაზე. ეს ამ თხზულების ერთ-ერთი საეტაპო მომენტია. ამგვარად, ნაწარმოების მეორე მნიშვნელოვანი იდეა თანასწორობაა.
მესამე საფუძველმდებარე იდეა მოიცავს ჭეშმარიტების საკითხს. ეს ამ ნაწარმოების მნიშვნელოვანი გზავნილია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიტყვა ტექსტში რამდენჯერმე არის ნახმარი, არამედ, იმიტომაც, რომ საერთოდ თხზულება გაჟღენთილია ჭეშმარიტების დაცვისა და მისთვის თავგანწირვის მოტივებით. შუშანიკი ფლობს ჭეშმარიტებას. იაკობ ხუცესი წარმოგვიდგენს ადამიანს, რომლის რელიგიური რწმენა იმდენად ღრმა და მტკიცეა, რომ თვითრწმენაც კი უყალიბდება: მას სწამს ის, რომ რისიც მას სწამს, ჭეშმარიტია! ამ ჭეშმარიტების შესანარჩუნებლად იგი უარს ამბობს ყველა ამქვეყნიურ სიკეთეზე, 6 წლის განმავლობაში მძიმედ იტანჯება, უძლებს მრავალ ცდუნებას, მათ შორის, ვარსქენ პიტიახშის ძალისმიერ და მისი შუამავლების შეგონებით ზემოქმედებას (როგორმე შემოირიგონ იგი) და, საბოლოოდ, თავს სწირავს ამ ჭეშმარიტებისათვის. იაკობ ხუცესი წამოგვიდგენს ქრისტეს მორწმუნის იდეალურ სახეს, რომელმაც შეიცნო ჭეშმარიტება და მას არაფრით თმობს, ვინაიდან სწორედ ეს ჭეშმარიტება არის მთელი მისი არსებისა და ცხოვრების აზრის განმსაზღვრელი. ამგვარად, ჭეშმარიტებისთვის თავგანწირვა თხზულების კიდევ ერთი ფუნდამენტური იდეაა.
3 -რეცეფცია
იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“ ადრიდანვე იქცა კავკასიური ქრისტიანული აზროვნების უმნიშვნელოვანეს წყაროდ და მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ-სომხური ინტელექტუალური ურთიერთობების განვითარებაში. როგორც ჩანს, ნაწარმოები მალევე და არაერთგზის ითარგმნა სომხურ ენაზე. სომხურად არსებობს „შუშანიკის წამების“ როგორც ვრცელი, ასევე მოკლე და სვინაქსარული რედაქციები. სომხური ვრცელი რედაქცია ორი სახითაა წარმოდგენილი, ამათგან პირველი ქართველმა მკვლევარმა ილია აბულაძემ აღმოაჩინა ეჩმიაძინში (სომხეთი). ის გადაწერილია 1689 წელს, მეორე დაიბეჭდა ვენეციაში (იტალია) 1853 წელს. ვენეციური და ეჩმიაძინური რედაქციები ერთმანეთისგან რამდენადმე სხვაობენ. ტექსტის ქართული ვრცელი რედაქცია შემონახულია თერთმეტი ხელნაწერით, ამათგან უძველესი დაცულია X-XI საუკუნეების ყველაზე დიდ ქართულ ხელნაწერ წიგნში „პარხალის მრავალთავში“. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ქართული ხელნაწერი რამდენჯერმე იქნა გადაწერილი დავით-გარეჯის მონასტერსა და თბილისში. ილია აბულაძეს ეკუთვნის ტექსტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სვინქსარული სომხური რედაქციის აღმოჩენაც, რომელიც, მისი შეფასებით, XIII საუკუნეში უნდა ყოფილიყო შესრულებული. ტექსტის ქართული რედაქცია პირველად დაბეჭდა რუსულ-ქართული წარმოშობის მკვლევარმა მიხაილ (გობრონ) საბინინმა 1882 წელს, წიგნში „საქართველოს სამოთხე“. ტექსტის მეორე გამოცემა განხორციელდა სერგი გორგაძის მიერ 1917 წელს და მასში გამოყენებულია ხუთი სხვადასხვა ხელნაწერი. მესამედ ის გამოსცა ილია აბულაძემ 1938 წელს და ამ გამოცემაში გამოყენებულია რვა ხელნაწერი. სომხური მოკლე სვინქსარული ვერსია დაიბეჭდა 1834 წელს, კონსტანტინეპოლში, ტერ-ისრაელის სვინაქსარში.
„შუშანიკის წამება“ რუსულად თარგმნა და გამოსცა იგივე მიხაილ საბინინმა 1871 წელს. ტექსტის რუსული თარგმანი ქართულიდან ასევე შეასრულა კორნელი კეკელიძემ (1956 წ.), ხოლო სომხურიდან რუსულად კი სომეხმა ლიტერატურის მკვლევარმა კნარიკ ტერ-დავითანმა (1973 წ.). „შუშანიკის წამების“ ქართული და სომხური რედაქციები ლათინურად თარგმნა და გამოსცა ბელგიელმა აღმოსავლეთმცოდნემ პაულ პეეტერსმა, ხოლო ტექსტის შემოკლებული ინგლისური თარგმანი შეასრულა ბრიტანელმა ქართველოლოგმა დევიდ მარშალ ლენგმა. დღესდღეობით, „შუშანიკის წამება“ 10 ენაზე არის თარგმნილი.
„შუშანიკის წამების“ ამბით ქართველი და სომეხი მწიგნობრები ოდითგანვე იყვნენ დაინტერესებული. პირველად ის ნახსენებია ძველ სომხურ კრებულში „ეპისტოლეთა წიგნი“, რომელიც აერთიანებს სომეხ კათალიკოსთა მიმოწერას სხვა ეკლესიების წარმომადგენლებთან. ამ წიგნში შემონახულია VII საუკუნის მიმოწერა სომეხთა კათალიკოს აბრაამსა და ქართლის კათალიკოს კირიონს შორის, რომელიც ზემოთაც ვახსენე სხვა კონტექსტში. ამ მიმოწერაში შუშანიკი მოხსენებულია წმინდანად და ორივე ეკლესიის მეთაური მას განსაკუთრებული პატივით ახსენებს. შუშანიკის მარტვილობაზე პირველი ქართული გამოხმაურება მოცემულია „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ყველაზე ადრინდელ X საუკუნის შატბერდულ ნუსხაში და ჯუანშერის „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“. შუშანიკის წამების ამბავი მოკლედ არის გადმოცემული X საუკუნის სომეხი მწერლის, აჰარონ ვანანდენცის თხზულებაში, რომელიც საქართველოს გაქრისტიანების ამბავს აღწერს. შუშანიკი ასევე მოხსენებულია ქართველი ჰიმნოგრაფის მიქაელ მოდრეკილის იადგარში. შუშანიკი უფრო ფართოდ ჰყავს განხილული ამ პერიოდის სომეხ მწიგნობარს, უხტანესს მისი ისტორიული ნაშრომის ერთ ნაწილში, რომელიც ქართველთა და სომეხთა საეკლესიო განხეთქილებას ეთმობა. ამავე კონტექსტში შუშანიკის მარტვილობაზე საუბრობს IX საუკუნის ქართლის კათალიკოსი არსენ I (საფარელი). „შუშანიკის წამების“ რეცეფცია გვხვდება ახალი დროის თვალსაჩინო ქართველ სწავლულებთან - ვახუშტი ბატონიშვილთან, ანტონ ბაგრატიონთან (რომელმაც პირველმა დაასახელა იაკობი თხზულების ავტორად მის ჰაგიოგრაფიულ კრებულში „მარტირიკა“) და იოანე ბაგრატიონთან. ეს ტექსტი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა XIX საუკუნის სომხურ და ქართულ მწერლობაშიც, კერძოდ, „შუშანიკის წამების“ მოკლე მონათხრობი მღვდელ მკირტიჩ ავგერიანს შეტანილი აქვს კრებულში „წმინდანთა ცხოვრება და წამება“ (1813 წ.). ასეთივე მოკლე მოთხრობა შექმნა სომეხმა ლიტერატორმა, ღუკას ინჭიჭიანმა (1832 წ.). შუშანიკის წამების ამბავი მოთხრობილი აქვს პოეტსა და ფილოლოგ ღევონდ ალიშანს (1869 წ.). ამავე პერიოდში „შუშანიკის წამებას“ საქართველოში სწავლობდნენ თეიმურაზ ბაგრატიონი, პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვ.
XX საუკუნეში „შუშანიკის წამების“ მკვლევართა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ზემოთ მრავალგზის ხსენებულ ილია აბულაძეს, რომელმაც არა მხოლოდ აღმოაჩინა და გამოსცა ამ თხზულების სხვადასხვა რედაქციები, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექსტის ისტორიულ-კრიტიკული და ისტორიულ-გრამატიკული შესწავლის საქმეში. გარდა ზემოთ დასახელებული უცხოელი მთარგმნელებისა, „შუშანიკის წამებისა“ და მისი ავტორის საერთაშორისო რეცეფციის საქმეში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ფრანგ ქართველოლოგ მარი ბროსეს, ლიტერატურის ფრანგ მკვლევარ ჟოზეფ კარსტს, საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ისტორიკოს კალისტრატე სალიას, ქართული ლიტერატურის ბრიტანელ მკვლევარ დონალდ რეიფილდს, აღმოსავლური ქრისტიანული ლიტერატურის მკვლევრებს - სტივენ რაპსა და ბარტ ეჰერმანს.
4 -ბიბლიოგრაფია
(ა) „შუშანიკის წამების“ მთავარი გამოცემები
• იაკობ ცურტაველი: მარტჳლობაჲ შუშანიკისი, ქართული და სომხური ტექსტები გამოსცა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ი. აბულაძემ, ტფილისი, 1938 წ.
• იაკობ ხუცესი: წამება წმიდისა შუშანიკისი, გამოსაცემად მოამზადა ს. გორგაძემ, ქუთაისი, 1917 წ.
• საქართველოს სამოთხე: სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱელოს წმიდათა, შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ, პეტერბურღი, 1882 წ.
• ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, მთავარი რედაქტორი - ი. აბულაძე, თბილისი, 1963 წ.
(ბ) სამეცნიერო ლიტერატურა
• აბულაძე, ი.: ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX-X სს-ში, თბილისი, 1944 წ.
• ბაქრაძე, დ.: ისტორია საქართველოსი, ტფილისი, 1889 წ.
• ბროსსე, მ.: საქართველოს ისტორია, ნაწილი პირველი, ტფილისი, 1895 წ.
• ვახუშტი ბატონიშვილი: აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ს. ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1973 წ.
• ინგოროყვა, პ.: ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, ჟურნალში: „მნათობი“, N2 (თბილისი, 1939 წ.), გვ. 141-173.
• ინგოროყვა, პ.: ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, ჟურნალში: „მნათობი“, N4 (თბილისი, 1939 წ.), გვ. 94-138.
• კეკელიძე, კ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I: ძველი მწერლობა, თბილისი, 1960 წ.
• ჟორდანია, თ.: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, ტფილისი, 1892 წ.
• უხტანესი: ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, სომხური ტექსტი ქართული თარგმანითა და გამოკვლევით გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბილისი, 1975 წ.
• ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი IV, სვინაქსარული რედაქციები (XI-XIII სს.), გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ენ. გაბიძაშვილმა, თბილისი, 1968 წ.
• ჯავახიშვილი, ი.: ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, მეორე შევსებული გამოცემა, თფილისი, 1921 წ.
• ჯანაშია, ნ.: „ეპისტოლეთა წიგნის“ ცნობები შუშანიკზე, იხ.: „მრავალთავი“. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, ტ. VI (თბილისი, 1978 წ.), გვ. 166-189.
• ჯანაშია, ნ.: „შუშანიკის წამება“. ისტორიულ წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა, თბილისი, 1980 წ.
• Christianity in Late Antiquity, 300-450: A Reader, edited by B. D. Ehrman and A. S. Jacobs, Oxford, 2004.
• Lives and Legends of Georgian Saints. Selected and translated from the original texts by David Marshall Lang, London, 1956.
• Nicholson, O.: Jacob of Tsurtavi // The Oxford Dictionary of Late Antiquity, vol. 1, Oxford, 2018.
• Salia, K.: La littérature géorgienne, des origines à nos jours, in: K. Salia, Histoire de la nation géorgienne, Paris, 1980.
• Rayfield, D.: The Literature of Georgia: A History, Oxford, 1994.
• Tamarati, M.: L'église géorgienne, Rome, 1910.