შეროზია აპოლონ
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
აპოლონ ეპიფანეს ძე შეროზია - ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, არაცნობიერი ფსიქიკურის ცნობილი მკვლევარი - დაიბადა სენაკის რაიონის სოფ. უშაფათში 1927 წლის 23 ივნისს; უშაფათის საშუალო სკოლის მეშვიდე კლასის დამთავრების შემდეგ, 1942 წელს იგი გადადის ქ. ცხაკაიას სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში, რომელსაც 1946 წელს წარჩინებით ამთავრებს; 1946 წელს ირიცხება და 1951 წელს წითელი დიპლომით ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტს; იმავე წელს აბარებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელსაც ამთავრებს 1954 წელს; 1955-1960 წლებში მუშაობს ამავე ინსტიტუტში, 1960 წელს კი სამუშაოდ გადადის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1964 წლამდე დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის მასწავლებელია. 1964-68 წლებში იგი ამავე კათედრის დოცენტია, 1968 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი ამავე კათედრის პროფესორი. 1962 წელს ა. შეროზია იცავს საკანდიდატო დისერტაციას, 1967 წელს კი სადოქტორო დისერტაციას თემაზე „ცნობიერებისა და არაცნობიერი ფსიქიკურის ფილოსოფიური პრობლემისათვის (გამოკვლევის ცდა განწყობის ფსიქოლოგიის მონაცემების საფუძველზე)“. ა. შეროზია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სხვადასხვა კურსებს ფილოსოფიაში და ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საკითხების შესახებ, ასევე, სპეცკურსს არაცნობიერის შესახებ; პარალელურად მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში.
ა. შეროზია სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად საორგანიზაციო-ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა, კერძოდ, 1968-1977 წლებში იგი იყო საქართველოს ენციკლოპედიის ფილოსოფიის განყოფილების რედაქციის ხელმძღვანელი. ა. შეროზია მონაწილეობას იღებდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ გამოცემული „ფილოსოფიის ისტორიის“ (6 ტომი) და „საბჭოთა კავშირის ხალხთა ფილოსოფიის ისტორიის“ (5 ტომი) შექმნაში. იგი იყო ფსიქოანალიზის გერმანული აკადემიის წევრი, დინამიკური ფსიქიატრიის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი წევრი და მისი საბჭოთა განყოფილების თავმჯდომარე, ასევე, გერმანული საერთაშორისო ჟურნალის - „დინამიური ფსიქიატრიის“ - რედკოლეგიის წევრი 1979-1981 წლებში. 1979 წელს, ა. შეროზიას თაოსნობით, თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი არაცნობიერის საკითხებზე, რომელიც თავისი მასშტაბით უდიდესი იყო მთელ მსოფლიოში არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ ოდესმე ჩატარებულ მეცნიერულ თავყრილობათა შორის. 1981 წელს ის მიწვეული იყო ფსიქოანალიზის გერმანული აკადემიის სიმპოზიუმზე მიუნხენში და აშშ-ს ფსიქიატრიული ასოციაციის კონფერენციაზე ახალ ორლეანში, მაგრამ ვერცერთში ვერ მიიღო მონაწილეობა, ვინაიდან „საბჭოთა ორგანოებმა“ მას არ მისცეს ამის საშუალება. თუმცა კი, ორივე თავყრილობაზე წაკითხული იქნა ა. შეროზიას მისასალმებელი სიტყვა კონფერენციათა მონაწილეებისადმი. მეცნიერებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის ა. შეროზია დაჯილდოებული იყო ფსიქოანალიზის გერმანული აკადემიის დიდი ოქროს მედლით (1982 წელს, სიკვდილის შემდეგ). ა. შეროზია, გარდა იმისა, რომ იყო თვალსაჩინო მეცნიერი, აგრეთვე იყო შესანიშნავი ლექტორი და უაღრესად გულისხმიერი და თბილი ადამიანი. იგი გარდაიცვალა თბილისში, 1981 წლის 12 ივნისს. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. გერმანელმა ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა, გიუნთერ ამონმა ჟურნალ „დინამიურ ფსიქიატრიაში“ გამოქვეყნებულ თავის ნეკროლოგში შემდეგი სიტყვები მიუძღვნა უდროოდ გარდაცვლილ კოლეგასა და მეგობარს: „პროფესორ, დოქტორ აპოლონ შეროზიას გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩემთვის, ჩვენი მეცნიერებისთვის, დინამიური ფსიქიატრიის მსოფლიო ასოციაციისა და ფსიქოანალიზის გერმანული აკადემიისთვის, სადაც იგი ჰუმანიზმის, მეცნიერებისა და მშვიდობისთვის თანამშრომლობის ბურჯი იყო. მისი სული, მაგალითი და ინსპირაცია მუდამ ჩვენი თანმხლები იქნება“ (იხ. Dynamische Psychiatrie. Internationale Zeitschrift für Psychiatrie und Psychanalyse, 3. Heft/1981).
2 -ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური შემოქმედება
ა. შეროზია მთელი თავისი მეცნიერული მოღვაწეობის მანძილზე დაინტერესებული იყო ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემებით. მან, ჯერ კიდევ 1957 წელს, გამოაქვეყნა ორი ფილოსოფიური სტატია ფსიქიკურის შესახებ: „ფსიქიკურის ფილოგენეზის საკითხისათვის“ და „ფსიქიკის სხვადასხვასფერული კანონზომიერებანი და არაცნობიერის პრობლემა“. თუმცა, ა. შეროზია, თავისი მოღვაწეობის დასაწყისში, ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემების გარდა, იკვლევდა, ასევე, ქართული ფილოსოფიის ისტორიას. 1963 წელს მან რუსულ ენაზე გამოაქვეყნა მონოგრაფია თემაზე: „ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია XX საუკუნის პირველ მეოთხედში“. მასში დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან განხილულია ფილოსოფიის და ადამიანური შემეცნების სხვა დარგების განვითარება XX საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოში. ამ პერიოდის ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებას, ა. შეროზიას აზრით, ახასიათებს შინაგანი მეთოდოლოგიური წინააღმდეგობანი, რომელთა შორის უმთავრესია წინააღმდეგობა მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის. მისი თქმით, ეს გარემოება, მართალია, თეორიულად არ იყო იმჟამად გააზრებული, მაგრამ ისტორიულად ამზადებდა დიალექტიკური მეთოდის შემოსვლას როგორც სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობებში, ასევე ადამიანური შემეცნების სხვა დარგებში: მეცნიერებაში (განსაკუთრებით - ბუნებისმეტყველებაში), მორალის, ხელოვნების და სამართლის სფეროებში. ამ პერიოდის განმსაზღვრელ ფილოსოფიურ ტენდენციად ავტორს მიაჩნია ფილოსოფიური და სოციოლოგიური შეხედულებების მერყეობა დეტერმინიზმსა და ინდეტერმინიზმს შორის, რაც, მისი აზრით, დომინირებს ყველა აღნიშნულ სფეროში. ავტორი ამ თვალსაზრისით განიხილავს ვ. ჩერქეზიშვილის, ი. გომართელის, დ. უზნაძის, შ. ნუცუბიძის და იმდროინდელ სხვა ქართველ მოღვაწეთა შეხედულებებს.
ა. შეროზიამ არაცნობიერის პრობლემას მიუძღვნა ორტომიანი მონოგრაფია: „ცნობიერების და არაცნობიერი ფსიქიკურის პრობლემისათვის“ (რუსულ ენაზე). პირველი ტომი გამოვიდა 1969 წელს. მასში მოცემულია ცნობიერების და არაცნობიერი ფსიქიკური პრობლემის ანალიზი განწყობის ფსიქოლოგიის პოზიციიდან. ა. შეროზია იძლევა დ. უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის ორიგინალურ ინტერპრეტაციას და უპირისპირებს მას, როგორც ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას, არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ ზ. ფროიდის ფსიქოანალიზს. ა. შეროზიას სიტყვებით, დ. უზნაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ზოგადფსიქოლოგიური თეორია, ფაქტობრივად, არაცნობიერის შესახებ ფროიდისეული თეორიის ანტიპოდად ჩამოყალიბდა და რომ მისი თეორიის ამოცანა იყო ფსიქოანალიზის, როგორც ზოგადფსიქოლოგიური თეორიის დაძლევა. ა. შეროზია აგრძელებს განწყობის თეორიის ამ ინტენციას და განწყობას განიხილავს როგორც ფსიქიკურის ფსიქიკურთან, ასევე, როგორც ფსიქიკურის ტრანსფსიქიკურთან „კავშირის პრინციპს“. იგი მიიჩნევს, რომ განწყობა სულ სხვა სახის არაცნობიერი ფსიქიკურია, ვიდრე არაცნობიერი ფსიქიკურის ყველა სხვა მანამდე არსებული გაგება წარმოაჩენდა. ა. შეროზია განწყობას მიიჩნევს ფსიქიკურის „ელემენტარულ ნაწილაკად“, მის „ქვემდებარედ“, ვინაიდან ის ცნობიერებისთვის ყოველთვის გარკვეული ინფორმაციის მატარებელია და თან ავსებს ვაკუუმს ცნობიერებასა და მოქმედებას შორის. ის ფუნქციონირებს როგორც ფსიქიკური, თუმცა, არ არის განცდა და, შესაბამისად, ცნობიერებაში არ შემოდის. ამიტომ, მისი თქმით, „განწყობის თეორია ფსიქიკურის თეორიაა, არაცნობიერის თეორიაა, არაცნობიერი ფსიქიკურის თეორიაა“. ესაა, ა. შეროზიას სიტყვებით, „განწყობის თეორიის (ფსიქოლოგიის) ამ ნაშრომში მოცემული ინტერპრეტაციის ძირითადი აზრი“. ამასთან, ავტორი მიიჩნევს, რომ ის ვერ დარჩებოდა მხოლოდ ფსიქოლოგიის საზღვრებში, მით უმეტეს, რომ დ. უზნაძის და ზ. ფროიდის თეორიები მხოლოდ არაცნობიერი ფსიქიკურის თეორიები როდია, არამედ ისინი, ამავდროულად, ადამიანის, პიროვნების თეორიებიცაა. ამიტომ, ის მეორე ტომში განიხილავს საკითხს განწყობის თეორიის, როგორც ზოგადადამიანური თეორიის შესახებ. ასეთი მიდგომა, მისი აზრით, სრულიად ახალია როგორც განწყობის თეორიის, ისევე ადამიანის შესახებ მეცნიერებებისთვის. ყოველივე ეს კი ითხოვს განწყობის თეორიის, განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული კვლევების მონაცემთა ანალიზის გარდა, ამ თეორიის ფილოსოფიურ ინტერპრეტაციას, რის გარეშეც შეუძლებელია „განწყობის ცნების მსოფლმხედველობრივი მნიშვნელობის გარკვევა“. ამისათვის ა. შეროზია იყენებს კვანტურ მექანიკაში ნ. ბორის მიერ შემოტანილ „დამატებითობის პრინციპს“, რომელიც ფიზიკის გარდა სხვა მეცნიერებებშიც გამოიყენება. ვინაიდან განწყობა, როგორც ადამიანის ფსიქიკის, საერთოდ ფსიქიკური სამყაროს „ქვემდებარე“, თავისი ორმაგი ბუნების გამო, ისევე მიუწვდომელია უშუალო დაკვირვებისთვის, როგორც კვანტი; ზოგადი სურათის შესაქმნელად, ფიზიკის მსგავსად, ფსიქოლოგიაშიც საჭირო ხდება „დამატებითი აღწერის“ მეთოდის გამოყენება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „რეალური ექსპერიმენტის“ გარდა, აუცილებელია მივმართოთ ასევე „აზრობრივ ექსპერიმენტს“, რაც საშუალებას მოგვცემს შევიქმნათ მთლიანი სურათი შემეცნების ობიექტის შესახებ ემპირიულად ურთიერთგამომრიცხავი მისი მახასიათებლებისგან. დამატებითობის პრინციპის ფსიქოლოგიაში გამოყენების საფუძველზე ა. შეროზია აერთიანებს ცნობიერებას და არაცნობიერ ფსიქიკურს, რომლებიც, ერთი მხრივ, ერთმანეთს გამორიცხავენ, ხოლო, მეორე მხრივ, ერთმანეთს ემატებიან და ავსებენ და ამგვარად ქმნიან პიროვნების მთლიან სურათს.
ასეთია ა. შეროზიას ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკურის ზოგადი თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანი ორგვარად უნდა დაფუძნდეს: (1) თავის თავში, როგორც იდეალური პიროვნება; (2) როგორც ბუნების გაგრძელება ანუ ანტიპიროვნება. ამიტომ ადამიანის გაგებისას უნდა გავითვალისწინოთ ეს ორივე მხარე. შესაბამისად, ცნობიერება და არაცნობიერი ფსიქიკური პიროვნებაში ერთიანდება და ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული პიროვნების მეცნიერული შესწავლისას. ა. შეროზიას მიხედვით, ცნობიერების თეორია და არაცნობიერი ფსიქიკურის თეორია ცალ-ცალკე კი არ უნდა იქნეს აგებული, არამედ ერთიანად, როგორც ეს მან გააკეთა თავისი ნაშრომის მეორე ტომში, სადაც წარმოადგინა პიროვნების ზოგადი თეორია. ამ ორტომიანი ფუნდამენტური გამოკვლევის შედეგების სისტემაში მოყვანას და განზოგადებას ეძღვნება ა. შეროზიას ბოლო მონოგრაფია „ფსიქიკა. ცნობიერება. არაცნობიერი. ფსიქოლოგიის განზოგადებული თეორიისათვის“ (1979 წ., რუსულ ენაზე), რომელიც მან არაცნობიერის შესახებ თბილისის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის მოამზადა - როგორც ცნობიერებასა და არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ მისეული ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის მოკლე შეჯამება. ა. შეროზია იყო ამ საერთაშორისო სიმპოზიუმის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი (ფ. ბასინთან და ა. ფრანგიშვილთან ერთად). სიმპოზიუმი ჩატარდა 1979 წლის 1-5 ოქტომბერს თბილისში და იყო არაცნობიერის პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა დარგის მეცნიერთა უპრეცედენტო მასშტაბის თავყრილობა. მასში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 17 ქვეყნის 150-ზე მეტი მეცნიერ-მკვლევარი. ასეთი მასშტაბის სიმპოზიუმის თბილისში ჩატარება იყო დ. უზნაძის მიერ შექმნილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დიდი აღიარება. ამავდროულად, სიმპოზიუმმა დიდად შეუწყო ხელი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში, რაც, მნიშვნელოვანწილად, ა. შეროზიას დამსახურებაა. უკვე 1978 წლისთვის ფ. ბასინის, ა. ფრანგიშვილის და ა. შეროზიას რედაქტორობით გამოიცა სიმპოზიუმის მონაწილეთა სტატიების სამი სქელტანიანი ტომი. 1985 წელს, უკვე ა. შეროზიას გარდაცვალების შემდეგ, გამოვიდა სიმპოზიუმის მასალების მეოთხე, შემაჯამებელი ტომი.
3 -რჩეული ბიბლიოგრაფია
(ა) აპოლონ შეროზიას ნაშრომები
• ფსიქიკურის სხვადასხვასფერული კანონზომიერებანი და არაცნობიერის პრობლემა, იხ.: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის შრომები“, ტ. 7 (თბილისი, 1957 წ.), გვ. 247-261.
• ენის ფილოსოფიის საგანი [ზოგიერთი საკითხი], იხ.: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“, ტ. 92 (თბილისი, 1964 წ.), გვ. 87-100.
• Философская мысль в Грузии в первой четверти XX века, Тбилиси: Издательство АН ГССР, 1963.
• К проблеме сознания и бессознательного психического. Опыт исследования на основе данных психологии установки, т. 1, Тбилиси: „Мецниереба“, 1969.
• К проблеме сознания и бессознательного психического. Опыт интерпретации и изложения общей теории, т. 2, Тбилиси: „Мецниереба“, 1973.
• Бессознательное: природа, функции, методы исследования, Коллективная монография в четырех томах, под общ. ред. А. С. Прангишвили, А. Е. Шерозия, Ф. В. Бассина, Предисловия, введение, вступительные статьи ко всем разделам монографии, примечания и заключение Ф. В. Бассина, А. С. Прангишвили, А. Е. Шерозия, т. 1, Развитие идеи, Тбилиси: „Мецниереба“, 1978.
• Бессознательное: природа, функции, методы исследования, Коллективная монография в четырех томах, под общ. ред. А. С. Прангишвили, А. Е. Шерозия, Ф. В. Бассина, Предисловия, введение, вступительные статьи ко всем разделам монографии, примечания и заключение Ф. В. Бассина, А. С. Прангишвили, А. Е. Шерозия, т. 2, Сон. Клиника. Творчество, Тбилиси: „Мецниереба“, 1978.
• Бессознательное: природа, функции, методы исследования, Коллективная монография в четырех томах, под общ. ред. А. С. Прангишвили, А. Е. Шерозия, Ф. В. Бассина, Предисловия, введение, вступительные статьи ко всем разделам монографии, примечания и заключение Ф. В. Бассина, А. С. Прангишвили, А. Е. Шерозия, т. 3, Познание. Общение. Личность, Тбилиси: „Мецниереба“, 1978.
• Психика. Сознание. Бессознательное. К обобщенной теории психологии, Тбилиси: „Мецниереба“, 1979.
• Бассин Ф. В., Прангишвили А. С., Шерозия А. Е.: К вопросу о дальнейшем развитии научных исследований в психологии (К проблемам установки, бессознательного и собственно психологической закономерности) // „Вопросы психологии“, № 5 (1979,), გვ. 82-96.
• Прангишвили А. С., Шерозия А. Е., Бассин Ф. В.: Международный симпозиум по проблеме неосознаваемой психической деятельности // „Вопросы психологии“, №2 (1980), გვ. 181-184.
• Бессознательное: природа, функции, методы исследования, Коллективная монография в четырех томах, под общ. ред. А. С. Прангишвили, А. Е. Шерозия, Ф. В. Бассина, Предисловия, введение, вступительные статьи ко всем разделам монографии, примечания и заключение Ф. В. Бассина, А. С. Прангишвили, А. Е. Шерозия, т. 4, Результаты дискуссии, Тбилиси: „Мецниереба“, 1985.
(ბ) სამეცნიერო კვლევითი და ბიოგრაფიული ლიტერატურა აპოლონ შეროზიას შესახებ
• იოსებიძე, თ.: აპოლონ შეროზიას მიერ შემოთავაზებული ცნობიერებისა და არაცნობიერი ფსიქიკურის ზოგადი თეორიის მოდელი, იხ.: „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმოხილველი“, N 7-8 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 11-22.
• ჯალაღონია, დ.: ცნობიერებისა და არაცნობიერის დიდი მკვლევარი (ეძღვნება ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის აპოლონ შეროზიას 90-ე წლისთავს), იხ.: „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“, N 6 (თბილისი, 2016 წ.), გვ. 216-227.
• Ammon, G.: Nachruf für einen großen sowjetischen Gelehrten und Freund: Professor Apollon Sherozia, in: Dynamische Psychiatrie. Internationale Zeitschrift für Psychiatrie und Psychoanalyse, Heft 3 (Pinel-Publikationen Berlin, 1981), გვ. 99-100.