ბოჭორიშვილი ანგია
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
ანგია ბოჭორიშვილი დაიბადა 1902 წლის 16 დეკემბერს ზემო სვანეთის სოფელ ლახამულაში, სადაც იმჟამად მამამისი, თადეოზ ბოჭორიშვილი მღვდლად მსახურობდა. მან პირველდაწყებითი განათლება ლახამულას სამრევლო სკოლაში მიიღო. ათი წლისა მამამ ქუთაისში ჩამოიყვანა და სწავლის გასაგრძელებლად იქაურ სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. პატარა ანგია ცხოვრობდა მღვდლის, ბართლომე კუხიანიძის ოჯახში, სადაც მას საკუთარი შვილივით ზრდიდნენ. მოგვიანებით მან ცოლად შეირთო თავისი მასპინძლის ქალიშვილი - თინათინი. შემდეგ ა. ბოჭორიშვილი სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც ოქროს მედლით დაამთავრა. მას გიმნაზიაში განსაკუთრებით იტაცებდა ლოგიკა და ფსიქოლოგია, რომლებსაც ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი გიგლა კვიცარიძე. მოგვიანებით, ანგია ბოჭორიშვილი ფილოსოფიისადმი ინტერესის გაღვიძებას სწორედ მას ემადლიერებოდა. აღსანიშნავია, რომ უკვე გიმნაზიის მერვე კლასში ანგიამ წაიკითხა რენე დეკარტის შესახებ მოხსენება, რომელიც კუნო ფიშერის და ფილოსოფიის სხვა ისტორიკოსთა ნაშრომებს ეყრდნობოდა. ამ დროისათვის ის ინტერესდება ასევე მემარცხენე პოლიტიკური მიმდინარეობებით, რომლებიც იმდროინდელ ქუთაისში ფართოდ იყო წარმოდგენილი. იგი ერთ-ერთ ახალგაზრდულ გაზეთში 15 წლის ასაკში აქვეყნებს სტატიას, რისთვისაც მას აპატიმრებენ, მაგრამ ახლობლების ჩარევის შემდეგ მალევე ათავისუფლებენ. გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1920 წელს, ის შედის თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ფსიქოლოგიურ განყოფილებაზე, სადაც მან თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა და ერუდირებულმა სტუდენტმა. აქ მან გაიცნო ცნობილი ქართველი მეცნიერები - დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, ს. დანელია და სხვები.
1925 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ა. ბოჭორიშვილს, დ. უზნაძისა და შ. ნუცუბიძის რეკომენდაციით ტოვებენ ასპირანტურაში საპროფესოროდ მოსამზადებლად. მასზე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა დ. უზნაძე. 1927 წელს ბოჭორიშვილმა უნივერსიტეტის „მოამბეში“ გამოაქვეყნა თავისი პირველი ფსიქოლოგიური ნაშრომი „სიმძიმის ილუზიის ანალოგონი წნეხის არეში“. 1928 წელს ის მიავლინეს ლენინგრადში ბეხტერევის ტვინის შემსწავლელ ინსტიტუტში, სადაც საფუძვლიანად გაეცნო ტვინის ფიზიოლოგიის მაშინდელ მიღწევებს. იმავე წელს ბოჭორიშვილმა დაამთავრა ასპირანტურა და შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის უნივერსიტეტში (1928-1933 წწ.), სადაც ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგებს ასწავლიდა. 1933 წლიდან ის - დ. უზნაძის წინადადებით - სამუშაოდ გადადის ქუთაისის ახლადგახსნილ პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც 1957 წლამდე ხელმძღვანელობს ფსიქოლოგიის, შემდეგ კი პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრას. იგი, ასევე, იყო ამ ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო საკითხებში. 1939 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 1940 წელს გახდა პროფესორი. 1941-1962 წლებში ა. ბოჭორიშვილი, ასევე, მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიის ისტორიის მის მიერვე დაარსებულ განყოფილებას. 1955 წლიდან არის საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე, 1957-1960 წლებში კი ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. სხვადასხვა დროს იგი იყო აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ორგანოს - „მოამბეს“ - შემდეგ კი „მაცნეს“ მთავარი რედაქტორი. 1957-1962 წლებში გამოვიდა ანგია ბოჭორიშვილის „ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხების“ სამი ტომი. 1962 წლიდან იგი მოღვაწეობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; ანგია ბოჭორიშვილი იყო საქართველოს ფსიქოლოგთა (1959-1964 წწ.) და ფილოსოფოსთა (1973-1982 წწ.) საზოგადოებების პრეზიდენტი.
1967 წელს ა. ბოჭორიშვილის ინიციატივით ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილება, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, გადაკეთდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებად. ეს იყო საბჭოთა კავშირის პირობებში დიდი სიახლე და თამამი ნაბიჯი, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა სსრკ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიდან და საკავშირო ფილოსოფიის ინსტიტუტიდან. საკითხის განსახილველად 1977 წელს მოსკოვიდან საგანგებოდ მოავლინეს კომისია, მაგრამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის იმჟამინდელი დირექტორის ნ. ჭავჭავაძის, ა. ბოჭორიშვილის და სხვა ქართველი ფილოსოფოსების მედგარი წინააღმდეგობისა და დამაჯერებელი არგუმენტაციის შემდეგ ცენტრმა უკან დაიხია და განყოფილებამ განაგრძო თავისი ნაყოფიერი მუშაობა (აღნიშნული დისკუსიის მასალები დაბეჭდილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიური განყოფილების „მაცნეში“ - 1978 წ., N 1-2). თავისი არსებობის მანძილზე განყოფილებამ გამოსცა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილი 9 კრებული, რომლებშიც განხილულია ადამიანის გაგება სხვადასხვა ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ მიმდინარეობებში. მათში გამოქვეყნებული სტატიების გარდა, ა. ბოჭორიშვილმა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხებს მიუძღვნა ორი ნაშრომი: „ფილოსოფიური ანთროპოლოგიის თეორიული საფუძვლები“ (1976 წ.) და „რას ამბობენ ფილოსოფოსები ადამიანის არსის შესახებ“ (1980 წ.). ა. ბოჭორიშვილს - ფსიქოლოგიური ნაშრომების გარდა - მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ფილოსოფიის ისეთ დარგებში, როგორიცაა: ენის ფილოსოფია, ესთეტიკა, კულტურის ფილოსოფია, გნოსეოლოგია, ფილოსოფიის ისტორია და ფილოსოფიური ანთროპოლოგია. მან გამოზარდა ფილოსოფოსთა მთელი თაობა, რომელმაც გააგრძელა მის მიერ დაწყებული კვლევები ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში. მას ჰქონდა გამორჩეული თვისებები როგორც მეცნიერს და როგორც პიროვნებას. როდესაც საქმე ჭეშმარიტებას ეხებოდა, ა. ბოჭორიშვილი იყო უბადლო პოლემისტი როგორც თავის წიგნებსა და სტატიებში, ისე ზეპირ გამოსვლებში. იგი უმალვე აღმოაჩენდა ხოლმე თუნდაც უმნიშვნელო ლოგიკურ ხარვეზს ოპონენტის ნააზრევში და გასაოცარი სიცხადით და დამაჯერებლობით აჩვენებდა მის შეცდომას აზრთა მსვლელობაში. როგორც ნამდვილ ფილოსოფოსს შეეფერება, იგი იყო მაღალი პიროვნული ღირსებებით შემკული და თავმდაბალი ადამიანი. ა. ბოჭორიშვილი გარდაიცვალა 1982 წლის 14 აპრილს თბილისში. დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.
2 -ფსიქოლოგია
ძალზე ფართო იყო ა. ბოჭორიშვილის ინტერესის და კვლევის დიაპაზონი ფსიქოლოგიაში. მას აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები ზოგადი ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემების, ფსიქოლოგიის ისტორიის და სხვ. სფეროებში. მისი განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა ფსიქოლოგიის ისეთი ფუნდამენტური საკითხების კვლევა, როგორიცაა ფსიქიკის ბუნება, მისი კანონზომიერებები და ხასიათი, ფსიქიკის და ცნობიერების ურთიერთმიმართება, ფსიქოლოგიის საგანი და ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია. საინტერესოა, რომ ფსიქოლოგიაში მისი პირველი ნაბიჯები ექსპერიმენტული კვლევით დაიწყო. 1927 წელს მან გამოაქვეყნა გამოკვლევა „სიმძიმის ილუზიის ანალოგონი წნეხის არეში“, რომელიც დ. უზნაძის ხელმძღვანელობით მომზადდა და რომლითაც იწყება საერთოდ განწყობის ექსპერიმენტული კვლევა საქართველოში. ამ გამოკვლევით ა. ბოჭორიშვილმა დაამტკიცა, რომ განწყობა არ არის მხოლოდ მოტორული ფენომენი, როგორც მიიჩნევდნენ გერმანული ფსიქოლოგიის წარმომადგენლები (ფეხნერი, მიულერი და შუმანი და სხვ.), არამედ ის ვრცელდება აგრეთვე სხვა გრძნობად მოდალობაზეც, კერძოდ წნეხის არეზე. შემდეგ ა. ბოჭორიშვილი ინტერესდება ფსიქოლოგიის თეორიული საკითხებით, განსაკუთრებით კი ფსიქიკის რაობის, ფსიქოლოგიის საგნისა და მეთოდის კვლევით. იგი დ. უზნაძის მიერ გამოცემულ კრებულში „დასავლეთ ევროპის ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობანი“ აქვეყნებს სტატიას „ლაიპციგის სკოლა“, რომელშიც განხილულია ლაიფციგის ე.წ. მეორე ფსიქოლოგიური სკოლის მიდგომა ფსიქოლოგიის ფუძემდებლური საკითხებისადმი. 1939 წელს სადოქტორო დისერტაციაში „ფსიქოლოგიის საგანი (გერმანულ ფსიქოლოგიაში)“, რომელიც შემდეგ მისი სამტომეულის - „ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები“ - პირველი ტომის სახით გამოვიდა 1957 წელს, ქართულ ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში პირველადაა მოცემული ისეთი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მიმდინარეობების იმანენტური კრიტიკა, როგორიცაა ემპირიოკრიტიციზმი, უშუალო გამოცდილების თეორია, ინტენციონალური ფსიქოლოგია და სხვ. „ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხების“ მეორე და მესამე ტომი გამოვიდა 1959 და 1962 წლებში. მეორე ტომი ეძღვნება ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდენტალურ ფენომენოლოგიას, იმანენტურ რეალიზმს და გეშტალტფსიქოლოგიას, მესამე ტომი კი გაგებითი ფსიქოლოგიის სხვადასხვა წარმომადგენლებს. ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემების ეს ფუნდამენტური კვლევა კარგი საფუძველი იყო ა. ბოჭორიშვილის ორიგინალური ფსიქოლოგიური კონცეფციისთვის, რომელიც მან წარმოადგინა არაერთ სტატიაში და განსაკუთრებით წიგნებში „ფსიქოლოგიზმი და ანტიფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში“ (1965 წ.) და „ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიისათვის“ (1966 წ.). ამ ნაშრომებში ა. ბოჭორიშვილი განიხილავს ფსიქიკის და ცნობიერების ურთიერთმიმართების ფსიქოლოგიისათვის მეტად საჭირბოროტო პრობლემას. მას მიაჩნდა, რომ ფსიქიკური და ცნობიერი თუმცა არაა იგივეობრივი ცნებები, მაგრამ „არა იმ გაგებით, თითქოს ფსიქიკა არ ამოიწურებოდეს ცნობიერი პროცესებით და, მათ გარდა, მას კიდევ რომელიღაც სხვა არაცნობიერი ნაწილი ჰქონდეს“. ა. ბოჭორიშვილის გაგებით, არ არსებობს არაცნობიერი ფსიქიკური; უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი სხვა არაფერია, თუ არა contradictio in adjecto. ეს იყო ამ საკითხში მისი განსხვავება დ. უზნაძისგან, რომელმაც, განწყობის თეორიის ჩამოყალიბების ადრეული წლებისგან განსხვავებით, თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში განწყობა გაიაზრა როგორც არაცნობიერი ფსიქიკური. თუმცა, ამის შემდეგაც ა. ბოჭორიშვილი შეუპოვრად იცავდა მასწავლებლის თეორიას, რომელსაც უზნაძის გარდაცვალების შემდეგ მრავალი მტერი და ოპონენტი გამოუჩნდა. მან 1950-1960-იან წლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი სტატია მიუძღვნა განწყობის თეორიას.
ფსიქიკის ბოჭორიშვილისეული გაგებიდან მომდინარეობდა ფსიქოლოგიის მეთოდის მისეული გაგებაც. მისი აზრით, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია უნდა ემყარებოდეს თავად ფსიქიკური პროცესების თავისებურებას, ხოლო ეს თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ფსიქოლოგიის საგანი ფსიქიკური მოვლენებია, განცდებია. განცდა კი ადამიანს ცნობიერად ეძლევა. ამ ფაქტის უგულებელყოფა, მისი აზრით, დაუშვებელია. და ვინაიდან ფსიქიკური მოვლენების, განცდების უშუალო მატარებელი თავად ადამიანია, ფსიქიკის დაკვირვების ყველაზე ადეკვატურ მეთოდად ის თვითდაკვირვებას მიიჩნევდა, თუმცა, არ უარყოფდა ე.წ. ობიექტური მეთოდის ანუ გარეგანი, საბუნებისმეტყველო დაკვირვების და ექსპერიმენტის მნიშვნელობასაც ფსიქოლოგიაში. მათ, ვისაც თვითდაკვირვების მეთოდი მისი თითქოსდა სუბიექტურობის გამო მეცნიერული კვლევისთვის გამოუსადეგრად მიაჩნია, ბოჭორიშვილი პასუხობს, რომ ფსიქიკური სინამდვილის კვლევა არაფრით არ განსხვავდება, მაგალითად, ფიზიკური სინამდვილის კვლევისაგან, ვინაიდან ეს უკანასკნელიც არ არის დაზღვეული სუბიექტივიზმისგან. ორივეს თანაბრად აქვს დასაძლევი სუბიექტივიზმის პრობლემა შემეცნებაში. აღსანიშნავია, რომ მან ედმუნდ ჰუსერლის კვალობაზე, რომელმაც თავის ცნობილ „ლოგიკურ გამოკვლევებში“ მიუთითა ფსიქოლოგიზმის საფრთხეზე ლოგიკაში და დამაჯერებლად დაასაბუთა ფსიქოლოგიზმის არსებობა სხვადასხვა ცნობილ ლოგიკურ სისტემებში, პირველად შემოიტანა ფსიქოლოგიაში ფსიქოლოგიზმის და ლოგიციზმის ცნებები. თუმცა, იმავდროულად აჩვენა, რომ ფსიქოლოგიზმის თავიდან აცილება ისევეა შესაძლებელი ფსიქოლოგიაში, როგორც ლოგიკასა და სხვა მეცნიერებებში. ადამიანს აქვს ერთადერთი შემმეცნებელი აპარატი ყველა მეცნიერებისთვის და მას იმავე უფლებით იყენებს ფსიქოლოგია, რა უფლებითაც მას იყენებენ დანარჩენი მეცნიერებები. ამ მხრივ, ფსიქოლოგიას სხვა სპეციალურ მეცნიერებებთან შედარებით არც რაიმე უპირატესობა აქვს და არც რაიმე მათგან განსხვავებული სიძნელე. ამიტომ, ფსიქიკური პროცესების დესკრიფციისთვის უპირატესობა თვითდაკვირვების მეთოდს ენიჭება. ა. ბოჭორიშვილი, მართალია, სათანადო მნიშვნელობას ანიჭებდა ფსიქიკის ფიზიოლოგიური საფუძვლების შესწავლას, მაგრამ ებრძოდა ფსიქიკის ფიზიოლოგიაზე დაყვანის და, ამის შედეგად, ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების გაუქმების ყოველგვარ მცდელობას. ეს საკითხი ძალზე აქტუალური იყო 1950-იანი წლების სსრკ-ში, განსაკუთრებით სტალინის ეგიდით მოწვეულ 1950 წლის ივნის-ივლისის ე. წ. „ორი (სსრკ მეცნიერებათა და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა) აკადემიის გაერთიანებული სესიის“ შემდეგ, რომელსაც ცალკეულ მეცნიერთა რეპრესიებიც მოჰყვა და რომელიც ი. პავლოვის უმაღლესი ნერვული მოქმედების ფიზიოლოგიის როლის გაძლიერებას ეძღვნებოდა მომიჯნავე მეცნიერებებში. მათ შორის იყო ფსიქოლოგიაც, რომლის როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების გაუქმებას და უმაღლესი ნერვული მოქმედების ფიზიოლოგიაზე დაყვანას ცდილობდნენ.
3 -ფილოსოფიური ანთროპოლოგია
როგორც ზემოთ ითქვა, 1967 წლიდან ა. ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოს ფილოსოფიის ინსტიტუტის მის მიერ დაარსებულ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებას. განყოფილებამ მრავალი მეცნიერული ნაშრომი მიუძღვნა ადამიანის არსის შესწავლას სხვადასხვა ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ მიმდინარეობებში. ა. ბოჭორიშვილმა და მისმა მოწაფეებმა (რ. ბალანჩივაძე, ა. ბაქრაძე, ა. ბრეგაძე, ვ. კაკაბაძე, ო. ტაბიძე, გ. ცინცაძე და სხვ.) 1970-1991 წლებში გამოსცეს სტატიების 9 კრებული, რომლებშიც განხილულია ადამიანის პრობლემა ისეთ მიმდინარეობებში, როგორებიცაა მარქსიზმი, ფენომენოლოგია, სიღრმის ფსიქოლოგია, პერსონალისტიკა, ეგზისტენციალიზმი, ფილოსოფიური ანთროპოლოგია, ნეოთომიზმი და სხვ. ეს არ იყო მხოლოდ ადამიანის გაგების კრიტიკა ე.წ. „ბურჟუაზიულ“ ფილოსოფიურ მიმდინარეობებში (თუმცა, ხშირად ის ამ ნიშნით იყო წარმოდგენილი, რაც გასაგებია, ვინაიდან საბჭოთა პერიოდში სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა მათი პუბლიკაცია). მათში მოცემულია აგრეთვე ადამიანის პრობლემის ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური გააზრების ორიგინალური მცდელობები. ამ გამოკვლევებს თავისთავადაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ დასავლური ფილოსოფიური მიმდინარეობების გაცნობის და რეცეფციისთვის საქართველოში. მაგრამ, ამასთან ერთად, ა. ბოჭორიშვილი გამუდმებით ცდილობდა ცნობილი მოაზროვნეების კრიტიკის ქუდქვეშ გადმოეცა საკუთარი შეხედულებები. მისი შემაჯამებელი ნაშრომი „ფილოსოფიური ანთროპოლოგიის თეორიული საფუძვლები“ ორ ძირითად საკითხს ეხება: 1. რა არის ფილოსოფიური ანთროპოლოგია; 2. რა არის ადამიანი. ნაშრომში ძირითადად პირველი საკითხია განხილული, მეორე კი, რომელიც არსებითად ავთენტურ მიდგომას და კვლევას ითხოვდა, უფრო სპორადულადაა მონიშნული, თუმცა, წიგნში ადამიანის არსზეც არაერთი ორიგინალური და საყურადღებო აზრია გამოთქმული. ასეთი სპორადულობის მიზეზი შესაძლოა ისიც იყო, რომ იმჟამად აუცილებელი მარქსისტული მიდგომა ამ მხრივ ძალზე ავიწროებდა და ზღუდავდა მკვლევარის თავისუფლებას და კვლევის დიაპაზონს. დასახელებულ ნაშრომში განხილულია ფილოსოფიური ანთროპოლოგიის მეთოდოლოგიური საკითხები, განსაკუთრებით მისი მიმართება ფსიქოლოგიასთან და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან, განხილულია ადამიანის არსის შესახებ მარქსისტული თვალსაზრისი, მოცემულია მცდელობა ადამიანის რაობის გარკვევისა მარქსისტულ ფილოსოფიაში; გატარებულია აზრი, რომ ფილოსოფიური ანთროპოლოგია არ არის ადამიანის შესახებ სხვადასხვა მეცნიერებებიდან აღებული ემპირიული ცოდნის ერთობლიობა, არამედ მას აქვს თავისი განსაკუთრებული საგანი და მეთოდი; კერძოდ, ის სწავლობს „საკუთრივ ადამიანს“, მის არსს, იდეას. ამ იდეის გარეშე სპეციალური მეცნიერებები ვერ შეისწავლიან ადამიანს, ვინაიდან „არსებობა არ არსებობს არსების გარეშე, არსების არსებობის გარეშე“. ამიტომ, ხაზგასმით აღნიშნავს ა. ბოჭორიშვილი, შეუძლებელია ფილოსოფიური ანთროპოლოგიის აგება ნომინალიზმზე დაყრდნობით, რადგან ვინც ზოგადს უარყოფს, მისთვის უსაგნოა ადამიანის არსზე საუბარი. ნომინალიზმისმისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის არსებობა და არა არსება. მისი აზრით, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის დაფუძნება შესაძლებელია მხოლოდ რეალიზმის თვალსაზრისზე, რადგან ეს უკანასკნელი ზოგადის არსებობიდან ამოდის.
ფილოსოფოსები, ანტიკურობიდან მოყოლებული დღემდე, სხვადასხვა ფორმით სვამდნენ კითხვას ადამიანის რაობის შესახებ. ზოგი მათგანი ადამიანის რაობის გარკვევას ფილოსოფიის ცენტრალურ პრობლემადაც კი მიიჩნევდა. მაგალითად, ი. კანტი ფილოსოფიის სამ ძირითად საკითხს აერთიანებდა კითხვაში: რა არის ადამიანი? და მასზე პასუხი ფილოსოფიის უმთავრეს ამოცანად მიაჩნდა. ბოჭორიშვილი არსებითად ეთანხმება კანტის ამ თვალსაზრისს, თუმცა, მ. შელერის კვალობაზე, აღნიშნავს, რომ ფილოსოფიური კვლევა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ადამიანის შესწავლით და არ უნდა დაისვას ტოლობის ნიშანი ფილოსოფიასა და ადამიანის შესახებ ფილოსოფიურ მოძღვრებას შორის. ყველაზე გავრცელებული პასუხი იმაზე, თუ რა არის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ამოცანა, შემდეგია: ადამიანის არსის წვდომა, მისი იმ ნიშნების დესკრიფცია, რომლებიც აუცილებელი და საკმარისია ადამიანის გასაგებად. მაგრამ აქ დგება საკითხი: რა უნდა მივიჩნიოთ ადამიანის აუცილებელ, არსებით ნიშნებად? ეს ნიშნები იმავდროულად არსსაც უნდა წარმოაჩენდეს და არსებითიც უნდა იყოს. რა მეთოდით უნდა შევისწავლოთ ასეთი ნიშნები? დასავლური ფილოსოფია ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხს იძლევა. ერთი გზაა ადამიანის რადიკალურად გამოყოფა და განსხვავება ცხოველთა სამყაროსგან, მეორე კი ადამიანის ღმერთთან დაახლოება. როგორც წესი, დასავლელი ფილოსოფოსები ორივეს ერთად იყენებენ და ადამიანს ორი სამყაროს მოქალაქედ მიიჩნევენ. შესაბამისად, ისინი ეძებენ ადამიანის არსებით ნიშნებს, რომლებიც მას განასხვავებს ცხოველისაგან და აახლოებს ღმერთთან. თავად ა. ბოჭორიშვილის მიდგომა ამ საკითხში მარქსიზმს ეყრდნობა. თავის სტატიაში „ფილოსოფიური ანთროპოლოგიის შესახებ“ ის სვამს კითხვას: ხომ არ გვეცადა მარქსის მიერ შემოთავაზებული მეთოდის გამოყენება, რომლის მიხედვითაც მაიმუნის ანატომიის გასაგებად მიზანშეწონილია მასზე მაღლა მდგომი არსების - ადამიანის - ანატომიის გამოყენება? ასევე, ხომ არ გაგვიხსნის ადამიანის არსისკენ გზას მასზე მაღლა მდგომი ინსტანციის - საზოგადოების - გამოყენება? ა. ბოჭორიშვილის მიერ ადამიანის არსის შესახებ ფრთხილად დასმულ ამ კითხვაში მისი პასუხის მიმართულებაც აშკარადაა მინიშნებული. მარქსის მიხედვით ხომ „ადამიანის არსი ცალკეულ ინდივიდუუმში მოცემული აბსტრაქცია კი არაა, არამედ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ანსამბლი“ (მე-6-ე თეზისი ფოიერბახის შესახებ). ასეთია ა. ბოჭორიშვილის საბოლოო დასკვნა საკვლევ საკითხზე. უნდა ითქვას, რომ აქაც იგრძნობა იმჟამინდელი იდეოლოგიური წნეხის გავლენა და ერთგვარი ხელოვნურობა პრობლემისადმი მიდგომაში. აქ მთავარ კითხვაზე პასუხი დაუსრულებელობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძალზე საინტერესო იქნებოდა ასეთი წნეხის გარეშე ადამიანის არსის ორიგინალური გამოკვლევა ფილოსოფოსისგან, რომლის „სოლიდური ერუდიცია ფსიქოლოგიაში და განსაკუთრებით მისი თვალსაჩინო ფილოსოფიური ნიჭი და მომზადება“ (დ. უზნაძე) ამის ყველანაირ წინაპირობას ქმნიდა.
მართალია, გარდაცვალების შემდეგ ა. ბოჭორიშვილის ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ მემკვიდრეობას არაერთი საიუბილეო სესია და სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა საქართველოში, მაგრამ მისი ნააზრევის ნამდვილი რეცეფცია მაინც მომავლის საქმედ რჩება. ამ მხრივ ქართული ფსიქოლოგია და ფილოსოფია ჯერ კიდევ ვალშია ამ ღრმა და მრავალმხრივი მოაზროვნის წინაშე.
4 -ბიბლიოგრაფია
(ა) ანგია ბოჭორიშვილის ნაშრომები
• სიმძიმის ილუზიის ანალოგონი წნეხის არეში, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, 1927 წ., გვ. 275-284.
• ლაიპციგის სკოლა, იხ.: დასავლეთ ევროპის ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობანი, რედ. დ. უზნაძე, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1935 წ., გვ. 152-248.
• გამოსახულება და მნიშვნელობა (Husserl), თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, ტ. 1, 1942 წ., გვ. 83-101.
• ფსიქოლოგია. სახელმძღვანელო პედინსტიტუტებისთვის (შ. ჩხარტიშვილის თანაავტორობით), რედ. დ უზნაძე, თბილისი: „მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა“, 1950 წ.
• გაბრიელ ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, ტ. 7, 1950 წ., გვ. 67-80.
• განწყობის ფსიქოლოგიის ძირითადი დებულებები, ქუთაისი: „ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები“, ტ. XIII, 1955 წ., გვ. 213-223.
• თვითდაკვირვების მეთოდისა და მისი პრინციპული შესაძლებლობის შესახებ (შენიშვნები), თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, ტ. 10, 1956 წ., გვ. 29-43.
• კანონზომიერების საკითხისათვის ფსიქოლოგიაში, ქუთაისი: „ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები“, ტ. XV, 1956 წ., გვ. 173-221.
• ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები: ბურუაზიული ფსიქოლოგიის კრიტიკა, ნაწ. I, რედ. შ. ჩხარტიშვილი, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1957 წ.
• ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები: ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის კრიტიკა, ნაწ. II, რედ. შ. ჩხარტიშვილი, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1959 წ.
• ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები: ბურუაზიული ფსიქოლოგიის კრიტიკა, ნაწ. III, რედ. გ. კალანდარიშვილი, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1962 წ.
• ფსიქოლოგია (შ. ჩხარტიშვილთან თანაავტორობით), სახელმძღვანელო პედ. ინსტიტუტებისთვის, რედ. გ. მელიქიშვილი, თბილისი: „ცოდნა“, 1963 წ.
• არაცნობიერის პრობლემა დ. უზნაძის განწყობის თეორიაში, იხ.: მაცნე. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება, N 2 (თბილისი, 1965 წ.), გვ. 28-43.
• რა არის კულტურა?, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1965 წ.
• ფსიქოლოგიზმი და ანტიფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში, რედ. ვ. კაკაბაძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ.
• ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიისათვის, თბილისი: „მეცნიერება“, 1966 წ.
• ფენომენოლოგიური ესთეტიკა, თბილისი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1966 წ.
• კანტის ესთეტიკა (გადმოცემა, ინტერპრეტაცია, კრიტიკა), თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.
• რა არის ფილოსოფია?, იხ.: მაცნე. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება, N 2 (თბილისი, 1969 წ.), გვ. 5-25.
• ფილოსოფიური ანთროპოლოგიის შესახებ, იხ.: ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ნაწ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1970 წ., გვ. 5-37.
• ადამიანის პრობლემა ედ. ჰუსერლის ფენომენოლოგიაში, იხ.: ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ნაწ. II. თბილისი: „მეცნიერება“, 1971 წ., გვ. 136-202.
• ეგზისტენციალური ანთროპოლოგია, იხ.: ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ნაწ. III, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ., გვ. 3-74.
• ესთეტიკურის ბუნების შესახებ, იხ.: ესთეტიკის და ხელოვნებათმცოდნეობის საკითხები I, თბილისი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1973 წ., გვ. 3-22.
• მხატვრული ნაწარმოების საწყისის შესახებ მ. ჰაიდეგერის ონტოლოგიაში, კრიტიკული ანალიზი, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ.
• ფილოსოფიური ანთროპოლოგიის თეორიული საფუძვლები, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ.
• ადამიანის ფენომენოლოგიის შესახებ, იხ.: ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ნაწ. IV, თბილისი: „მეცნიერება“, 1977 წ., გვ. 3-66.
• ადამიანის არსი და არსებობა, იხ.: ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ნაწ. V, თბილისი: „მეცნიერება“, 1979 წ., გვ. 3-47.
• ადამიანის თავისუფლების პრობლემა, იხ.: ფილოსოფიური ანთრპოლოგიის საკითხები, ნაწ. VI, თბილისი: „მეცნიერება“, 1979 წ., გვ. 3-49.
• განცდა და ცნობიერება, იხ.: ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ნაწ. V, თბილისი: „მეცნიერება“, 1979 წ., გვ. 48-84.
• რას ამბობენ ფილოსოფოსები ადამიანის არსის შესახებ, რედ. თ. ბუაჩიძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• თხზულებები ხუთ ტომად, ტ. 1, გამოკვლევები ფსიქოლოგიაში, რედ. ვ. კაკაბაძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.
• თხზულებები ხუთ ტომად, ტ. 2. გამოკვლევები ფსიქოლოგიაში, რედ. ვ. კაკაბაძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1992 წ.
• Über die erkenntnistheorethischen Grundsätze der Psychologie. Der IV internationale Kongress für Logik, Methodologie und Philosophie der Wissenschaften, Bucharest, 1971.
• Husserl, Edmund (Mitverfasser P. Beyer), იხ.: Philosophenlexikon, hrsg. von E. Lange und D. Alexander, Berlin: Dietz, 31984.
• Проблема бессознательного в психологии, Тбилиси: АН ГССР, 1961.
• Психика как предмет психологии, Тбилиси: Моамбе (Вестник), Отд. Обществ. Наук АН ГССР, т. 13, 1961, გვ. 288-299.
• Философия, психология, эстетика, Редактор Т. Буачидзе, Тбилиси: „Mецниереба“, 1979.
(ბ) სამეცნიერო კვლევითი და ბიოგრაფიული ლიტერატურა ანგია ბოჭორიშვილის შესახებ
• ბაქრაძე, ა.: ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგიისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის მიმართების პრობლემატიკა ა. ბოჭორიშვილის შემოქმედებაში, იხ.: ა. ბაქრაძე, ფილოსოფიური შტუდიები, თბილისი: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი“, 2004 წ., გვ. 7-16.
• ბოჭორიშვილი, გ.: ანგია ბოჭორიშვილი (სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა), იხ.: ანგია ბოჭორიშვილი. ბიბლიოგრაფია, თბილისი: „მეცნიერება“, 2006 წ., გვ. 5-22.
• ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ნაწ. VII, ეძღვნება აკადემიკოს ანგია ბოჭორიშვილის ნათელ ხსოვნას, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.
• ცინცაძე, გ.: ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემები ა. ბოჭორიშვილის კონცეფციაში, იხ.: გ. ცინცაძე, ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემების კვლევა-ძიება საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების არსებობის 50 წლის მანძილზე, იხ.: მაცნე. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება, N 5 (თბილისი, 1967 წ.), გვ. 320-336.
• ცინცაძე, გ.: თავისთავადი (უშუალო) გაგების ცნება აკადემიკოს ბოჭორიშვილთან, იხ.: გ. ცინცაძე, გაგების მეთოდი ფილოსოფიაში და პიროვნების პრობლემა, თბილისი: „მეცნიერება“, 1975 წ., გვ. 236-255.
• ჯიბლაძე, გ.: ანგია ბოჭორიშვილი, იხ.: გ. ჯიბლაძე, კრიტიკული ეტიუდები, წგ. VIII, თბილისი: „მეცნიერება“, 1985 წ., გვ. 179-185.