ლოგიკა
1 -დარგის შესახებ
ლოგიკა (ბერძ. logikè) არის მეცნიერება სწორი აზროვნების ფორმებისა და კანონების შესახებ. საგულისხმოა, რომ რასაც ჩვენ დღეს ლოგიკას ვუწოდებთ, არისტოტელე უწოდებდა ანალიტიკას. ზოგი ინტერპრეტატორის მიხედვით, ანალიტიკა არის საწყისებთან მისვლა. პირველად სიტყვა „ლოგიკა“, როგორც მეცნიერული დისციპლინის სახელი, გამოიყენა ძენონ კიტიონელმა (ძვ. წ. 333/332-262/261 წწ.). არისტოტელე იყენებდა ზედსართავს „ლოგიკური“. მისი აზრით, ლოგიკურად ასაბუთებს ის, ვინც ასაბუთებს იმ დებულებების გამოყენებით, რომლებიც გამოხატავენ საგანთა ბუნებას. ამავე დროს, დაახლოებით იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც ჩვენ დღეს ვიყენებთ ტერმინს „ლოგიკა“, იყენებდნენ ტერმინს „დიალექტიკა“. დაახლოებით დღევანდელი მნიშვნელობით ტერმინი „ლოგიკა“ გამოიყენებოდა სტოიკოსებთან. მათი აზრით, ლოგიკა არის მეცნიერება წინადადებისა და მისი ნაწილების შესახებ. ის იყოფა ორ ნაწილად: რიტორიკად და დიალექტიკად. სწორედ ამ უკანასკნელში მოიაზრებდნენ ისინი ლოგიკას დღევანდელი მნიშვნელობით.
იმისათვის, რომ ლოგიკური კვლევა დაწყებულიყო, საგანგებო რეფლექსიის საგანი უნდა გამხდარიყო ბჭობა და დასაბუთება; განვითარების გარკვეულ დონეზე უნდა ყოფილიყო ის დარგები, სადაც გვხვდება ბჭობა და დასაბუთება. ძველ საბერძნეთში სამი სფერო იყო, სადაც ბჭობა და დასაბუთება შეიძლება გამხდარიყო რეფლექსიის ობიექტი: მათემატიკა, ფილოსოფია და საჯარო მჭევრმეტყველება. მათემატიკაში შეიძლება რეფლექსიის ობიექტი გამხდარიყო ორი რამ: ა) მთელი გეომეტრიული ცოდნის სტრუქტურა; მაშინ ეს, მართალია, ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც აქსიომატური თეორიის სახეს ატარებდა. ბ) თვითონ გამოყვანის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ერთი უმთავრესი დედუქციური ნაბიჯი: ზოგადიდან კერძოზე გადასვლა. რა თქმა უნდა, დასაბუთების კონკრეტული მეთოდები საკმაოდ მდიდარი იყო მათემატიკაში, მაგრამ დასაბუთების ფორმალური ხასიათი (ე.ი. ისეთი ხასიათი, როდესაც გამოყვანისას არაფერი არ უნდა მივიღოთ მხედველობაში, გარდა წანამძღვრების სტრუქტურისა) ჯერ კიდევ ვერ ხორციელდებოდა და დედუქციური გამოყვანა ხშირად ინტუიციურ მითითებებს შეიცავდა.
იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა ხდებოდა იმდროინდელ ფილოსოფიაში, უნდა გავიხსენოთ ამ დარგის ცნობილი წარმომადგენლების ნააზრევი: (ა) ძენონ ელეელი (ძვ. წ. 490-430 წწ.). პლატონი მის ერთადერთ პროზაულ ნაწარმოებს მოიხსენიებს, რომელშიც იგი იცავდა მის მასწავლებელს (პარმენიდეს). ეს ნაწარმოები დაწერილია ძვ. წ. V საუკუნის 60-იან წლებში. ფილოსოფიის ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ წინააღმდეგობაზე დაყვანის მეთოდი (reductio ad absurdum) ძენონმა აიღო მათემატიკოსებისაგან. არისტოტელემაც სწორედ იმიტომ უწოდა ძენონს დიალექტიკის გამომგონებელი, რომ მან დისკუსიაში წინააღმდეგობაზე დაყვანის მეთოდი შემოიტანა. მოწინააღმდეგის დებულებიდან აბსურდის გამოყვანის მდგომარეობას შემდეგ ეწოდა სიძნელე (აპორია). აღსანიშნავია, რომ ძენონს მიეწერება დაახლოებით 45 აპორია, თუმცა, ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ 9 აპორია. მისი აპორიები შემდეგი წყაროების საფუძველზეა ჩვენთვის ცნობილი: არისტოტელეს „ფიზიკა“ და, ასევე, სიმპლიციუსის კომენტარი არისტოტელეს „ფიზიკაზე“, რომელიც დაწერილია დაახლ. 1000 წლის შემდეგ ძენონის მოღვაწეობიდან.
ძვ. წ. I საუკუნეში, როცა არისტოტელეს მოწაფეებმა გამოსცეს მისი ნაშრომები, არისტოტელეს ლოგიკური ტრაქტატების მთელ კორპუსს ეწოდა „ორგანონი-ბიბლია“, რაც შემდეგ ტრანსფორმირებული იქნა სიტყვად „ორგანონი“. ეს არის ასახვა როგორც არისტოტელეს, ისე სტოიკოსების აზრისა ლოგიკის და მისი ფუნქციის შესახებ. არისტოტელე ფიქრობდა, რომ ლოგიკა არის მხოლოდ ინსტრუმენტი ფილოსოფიისა და არა ფილოსოფიის ნაწილი. მან ყურადღება მიაქცია ლოგიკის ნორმატიულ მხარეს. სტოელები ფიქრობდნენ, რომ ლოგიკა არის ინსტრუმენტი და, ამავე დროს, ფილოსოფიის ნაწილი. დღევანდელი მნიშვნელობით სიტყვა „ლოგიკა“ ალექსანდრე აფროდისიელმა (ახ. წ. III ს.) გამოიყენა; ამ პერიოდიდან იხმარებოდა ორი ტერმინი - „ლოგიკა“ და „დიალექტიკა“. ეს უკანასკნელი გამოიყენებოდა XII საუკუნის ბოლომდე. XIII საუკუნიდან „ანალიტიკების“ შესწავლის შედეგად განსაკუთრებით აქტუალური ხდება ტერმინი „ლოგიკა“, რომელიც გავრცელებული იყო XVI საუკუნემდე. XVI საუკუნეში მოცემული დარგის აღმნიშვნელი ტერმინი ისევ „დიალექტიკა“ ხდება, ხოლო XVII საუკუნეში კი ისევ ტერმინი „ლოგიკა“ მკვიდრდება.
ტერმინი „ფორმალური ლოგიკა“ - გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის გავლენით - შემოიღო იმანუელ კანტმა. აღსანიშნავია, რომ ლოგიკის ფორმალურობას მთელი თავისი არსით პირველად სწორედ ლაიბნიცმა მიაქცია ყურადღება.
ლოგიკის ისტორიის პერიოდიზაცია ნათელ წარმოდგენას გვაწვდის თავად ამ დარგის განვითარების ეტაპების შესახებ. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ლოგიკის ისტორია იყოფა ოთხ პერიოდად:
- 1. ანტიკური ლოგიკა (დასაწყისიდან ახ. წ. VI საუკუნემდე).
- 2. შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანის ლოგიკა (VI საუკუნიდან XVI საუკუნის ჩათვლით).
- 3. ახალი დროის ლოგიკა (XVII საუკუნიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე/1847 წლამდე).
- 4. თანამედროვე ლოგიკა (XIX საუკუნის შუა წლებიდან/1847 წლიდან დღემდე).
2 -ლოგიკა საქართველოში
ლოგიკა, რომელსაც შუა საუკუნეებში (გვიანანტიკური ფილოსოფიის ტრადიციისამებრ) დიალექტიკად მოიხსენიებდნენ, ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო აზროვნების ერთ-ერთი მთავარი დარგის სტატუსს იძენს. ქართული ფილოსოფია ქრისტიანობის წიაღში წარმოიშვა, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი შემდგომი განვითარების ეტაპები და ტენდენციები. თავდაპირველად, ეს საგნობრივი ვითარება კონკრეტულად სტოელთა მოძღვრებების და ქრისტიანული მრწამსის ნაყოფიერი კომბინაციით აისახა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სტოიკური აზროვნების მნიშვნელოვანი ასპექტები დიდწილად განსაზღვრავდა ქრისტიანული ფილოსოფიის განვითარების პროცესს. ის ფილოსოფიური დისციპლინები, რომლებიც სტოიკოსთა მიერ განვითარდა, ქრისტიანობაში ხელახლა აღორძინდა. ამგვარად, ქართული ფილოსოფიური აზროვნების დასაწყისში საგანგებო ყურადღება ექცეოდა რიტორიკას, ლოგიკას და ეთიკას.
უძველესი ცნობები საქართველოში ფილოსოფიური აზროვნების არსებობის შესახებ ქრისტეს შობიდან IV საუკუნეში კოლხეთში არსებულ ფილოსოფიურ აკადემიას, კერძოდ კი, ფაზისის რიტორიკულ სკოლას უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ცნობა ეკუთვნის გვიანი ანტიკური ხანის ცნობილ ბერძენ ფილოსოფოსსა და ლოგიკოსს, თემისტიოსს (IV ს.), რომელიც არისტოტელეს განთქმული მიმდევარი და მისი ნაშრომების დიდი კომენტატორი იყო. აღსანიშნავია, რომ თემისტიოსის მიერ შესრულებული კომენტარები არისტოტელეს თხზულებებისა უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა არისტოტელეს მემკვიდრეობის შესწავლის კუთხით. თემისტიოსის მიერ შექმნილი კომენტარებიდან შემორჩენილია კომენტარები არისტოტელეს შემდეგი თხზულებების შესახებ: „პირველი ანალიტიკა“, „მეორე ანალიტიკა“, „ფიზიკა“, „ცის შესახებ“, „სამშვინველის შესახებ“, „მეტაფიზიკა“ და „მცირე საბუნებისმეტყველო ნაშრომების შესახებ“. თემისტიოსი არისტოტელეს თხზულებათა განმარტებას პარაფრაზების მეშვეობით ცდილობდა, რაც შემდეგ შუა საუკუნეების ფილოსოფიური კომენტარის ერთ-ერთ უმთავრეს მეთოდად იქცა.
ლოგიკა სწორი აზროვნების წესების შესახებ მოძღვრებას ავითარებს და სასწავლო-სამეცნიერო პროცესის ეფექტიანად წარმართვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამიტომ შუა საუკუნეების ქართველმა მოაზროვნეებმაც შეისწავლეს და გამოიყენეს არისტოტელეს ნაშრომთა კორპუსი და მისი კომენტატორების თხზულებები. მომზადდა არაერთი კომენტატორის (ამონიოს ერმისი და სხვ.) თხზულებათა ძველქართული თარგმანები. ამ საქმეში საგანგებო წვლილი შეიტანა ქართველმა მთარგმნელმა იოანე ტარიჭისძემ (XI-XII სს.). ფილოსოფიის ექვსი ცნობილი განსაზღვრება, რომელიც ამონიოს ერმისის (დაახლ. 440-517 წწ.) ნაშრომებშია მოცემული, მოგვიანებით, მთელი ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის (უწინარეს ყოვლისა, იოანე ფილოპონოსი და ელიასი) კონტექსტში ხდება მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია V-VI საუკუნეების ნეოპლატონიზმის ალექსანდრიული სკოლის კომენტარები, რომლებიც, თავის მხრივ, ნეოპლატონიკოსი პროკლეს (V ს.) ფილოსოფიის ზეგავლენის კვალს ატარებს.
ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის სკოლა, უწინარეს ყოვლისა, დაინტერესებული იყო არისტოტელეს ლოგიკით და საგანგებოდ განმარტავდა არისტოტელეს ლოგიკურ ნაშრომებს. განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა არისტოტელეს „კატეგორიები“ და პორფირიოსის კომენტარი ამავე ნაშრომზე - „ისაგოგე“.
გვიანი ანტიკური ხანის დიდი ალექსანდრიელი კომენტატორები - ამონიოს ერმისი, ასკლეპიოსი, იოანე ფილოპონოსი, ოლიმპიოდორე, ელიასი და სიმპლიკიოსი - ნაყოფიერ კომენტატორულ საქმიანობას ეწეოდნენ და რთული ფილოსოფიური ტექსტების კომენტირების ახალ ფორმებსა და მეთოდებს ავითარებდნენ. ისინი განსაკუთრებული გულმოდგინებით ეპყრობოდნენ კომენტარის შიდა სტრუქტურის საკითხებს: ამონიოსის სკოლის „ფილოსოფიური პროლოგები“ ცხადად არის სტრუქტურირებული. ამის გარდა, მათი კომენტარები ეხებოდა ასახსნელი ტექსტის არსებით საკითხებს და იმდროინდელი ფილოსოფიის აქტუალურ თემებს განიხილავდა. მათი განაზრებების მთავარი საგანი ფილოსოფიის (როგორც ფუნდამენტური მეცნიერების) ბუნებისა და სტრუქტურის საკითხები იყო. ამონიოსის სკოლის კომენტატორთა „პროლოგებში“ ხშირად გვხვდება ზემოთ დასახელებული ფილოსოფიის ექვსი განსაზღვრება, რომლებიც ანტიკური დროის ფილოსოფიიდან იღებს დასაბამს. ფილოსოფიის დაყოფა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად ალექსანდრიელი მოაზროვნეების (უწინარეს ყოვლისა, ისევ ამონიოს ერმისის) მხრიდან ზუსტად და საგულდაგულოდ იქნა წარმოდგენილი.
ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის ფარგლებში განვითარებული განმარტების ტექნიკა იმდენად მაღალკვალიფიციური იყო, რომ მან მოგვიანებით ბიზანტიური ფილოსოფიის წარმომადგენლებზე იქონია გავლენა. იოანე იტალოსი, XI საუკუნის დიდი ბიზანტიელი მოაზროვნე, კარგად იცნობდა ალექსანდრიელთა მიერ შემუშავებულ ფილოსოფიური ახსნა-განმარტების ტექნიკას და იყენებდა კიდეც მას თავის კომენტარებში. იგი ხშირად მიმართავდა ამონიოს ერმისის ზემოთ დასახელებულ კომენტარებს არისტოტელეს „კატეგორიებზე“ და პორფირიოსის „ისაგოგეზე“.
ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის წარმომადგენლები (განსაკუთრებით კი - ამონიოს ერმისი) შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაში დიდ როლს თამაშობდნენ. ამ ტრადიციის კვალი პირდაპირ თუ ირიბად იგრძნობა იოანე პეტრიწის კომენტარში. პეტრიწი პირდაპირ ასახელებს ასკლეპიოსს. სავარაუდოა, რომ იგი იცნობდა ამონიოს ერმისის ზემოთ დასახელებულ კომენტარებსაც.
ახალი დროის ქართულ ფილოსოფიასა და თეოლოგიაზე ამონიოს ერმისის ძველქართული თარგმანები დიდ გავლენას ახდენდა. სულხან-საბა ორბელიანმა (1658-1725 წწ.) სწორედ ამონიოს ერმისის ამ ტექსტებიდან აიღო არაერთი განსაზღვრება და ტერმინი თავის „სიტყვის კონაში“. ანტონ ბაგრატიონი (1720-1788 წწ.) კი საგანგებო ინტერესს იჩენდა გვიანი ანტიკური ხანის ლოგიკის მიმართ. ამონიოს ერმისის ლოგიკური ტექსტების ძველქართული თარგმანები მისი ფილოსოფიის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა.
საქართველოში ლოგიკის ისტორიის განვითარების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ ამონიოს ერმისის თხზულებათა ზემოთ დასახელებული ძველქართული თარგმანები ადასტურებს ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის რეცეფციის და ტრანსფორმაციის მდიდარ ისტორიას, რომელიც საქართველოში შუა საუკუნეებიდან დაიწყო, ახალ დროში გაგრძელდა და დღემდე საგანგებო ინტერესის საგანია.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში არისტოტელეს ლოგიკურ თხზულებათა რეცეფციის, ათვისების გზა ქრისტიანული პერსპექტივით წარიმართა. ამის თვალსაჩინო მაგალითია იოანე დამასკელისა (675-749 წწ.) და თეოდორე აბუკურას (750-830 წწ.) თხზულებათა ძველქართული თარგმანები. ეს თარგმანები შემორჩენილია არსენ იყალთოელის (XI-XII სს.) მიერ შედგენილ კრებულში, რომელსაც „დოღმატიკონი“ ეწოდება. იოანე დამასკელი მიეკუთვნება იმ ბიზანტიელ ფილოსოფოსთა რიცხვს, ვინც კი ქართული კულტურის სივრცეში ფართოდ იყო ცნობილი. იგი საქართველოში დიდი პატივით სარგებლობდა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქრისტიან ფილოსოფოსად ითვლებოდა. XI საუკუნეში ეფრემ მცირემ იოანე დამასკელის „ცოდნის წყაროს“ პირველი და ბოლო ნაწილები თარგმნა. იოანე დამასკელს ბერძნული ფილოსოფია კარგად ესმოდა; მის ნაშრომებში ბერძენი მოაზროვნეების ნაკვალევიც აშკარად ჩანს, თუმცა, იგი ხშირად ბერძენთა აზროვნებას ტრანსფორმირებული სახით წარმოადგენდა. იოანე დამასკელს არისტოტელეს ლოგიკის მნიშვნელობაც კარგად ესმოდა და ფილოსოფიის ინსტრუმენტებს ერეტიკოსთა წინააღმდეგ საბრძოლველადაც იყენებდა. ეფრემ მცირემ ეს სპეციალური სტრატეგია იცოდა და ცდილობდა, რომ თვითონაც გამოეყენებინა საქართველოში ინტელექტუალური მუშაობის ეს ქმედითი წესი. საქართველოში ლოგიკის ისტორიის განვითარების კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია იოანე დამასკელის ამ ნაშრომის პირველი ნაწილის („დიალექტიკა“) ძველქართული თარგმანი, რომელიც არისტოტელეს ლოგიკური ნაშრომების/მოძღვრებების ქრისტიანული რეცეფციისა და ტრანსფორმაციის საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. ისიც მართალია, რომ შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში არისტოტელეს მოძღვრების მიმართ დიდი ინტერესი შეიმჩნეოდა, მაგრამ მისი შეხედულებების ანალიზი და განხილვა, უმეტესწილად, ქრისტიანული ფილოსოფიის კონტექსტში და, საერთოდ, ქრისტიანობის პრიზმაში ხდებოდა.
ამავე კონტექსტში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს არსენ იყალთოელის ღვაწლი. თვით ახალი დროის ქართული ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც კი (მაგალითად, ანტონ ბაგრატიონი) საგანგებოდ აღნიშნავდნენ არსენის ლოგიკური ნაშრომების მნიშვნელობას. ანტონის აზრით, არსენის ლოგიკური არგუმენტები ურღვევი იყო.
არისტოტელეს ფილოსოფიის გავლენა იგრძნობა იოანე პეტრიწის (XII ს.) „განმარტებაჲ“-ში; კერძოდ, ეს ეხება ამ ნაშრომის იმ მონაკვეთს, რომელიც ლოგიკური შემეცნების საკითხებს განიხილავს. გადმოცემით ვიცით, რომ ქართველ მოაზროვნეს არისტოტელეს ორი მნიშვნელოვანი ლოგიკური თხზულება („განმარტებისათვის“ და „ტოპიკა“) უნდა ეთარგმნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თარგმანები შემორჩენილი არ არის, სწორედ „განმარტებაჲ“-ზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არისტოტელეს ენობრივ-ლოგიკური კვლევანი პეტრიწისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი. სავარაუდოა ისიც, რომ იოანე პეტრიწს ამ ნაშრომთა თარგმნა ენის არისტოტელესებრი გაგების შესასწავლად სჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, იგი თავისი „განმარტებაჲ“-ს პროლოგში მოიხმობს და განმარტავს რამდენიმე ადგილს არისტოტელეს ნაშრომიდან „განმარტებისთვის“ („პერი ჰერმენეია“). აქ პეტრიწი ეხება ენის სტრუქტურისა და მორფოლოგიის საკითხებს (სახელი, ზმნა, წინადადება). სწორედ ამგვარ მიდგომაში იგრძნობა პეტრიწის ენობრივი აღქმის მთელი რიგი ასპექტები: მისი მიზანია იპოვოს მთელი რიგი დებულებების ჩამოყალიბების ადეკვატური ტერმინოლოგიური საფუძველი. სწორედ აქ იგრძნობა არისტოტელეს ენის თეორიის სათანადო ცოდნა.
იოანე პეტრიწი თავის „განმარტებაჲ“-ში არისტოტელეს შემდეგ თხზულებებს ასახელებს და იყენებს: „პირველი ანალიტიკა“, „მეორე ანალიტიკა“, „წარმოშობისა და ხრწნის შესახებ“, „განმარტებისათვის“, „ფიზიკა“. პეტრიწის კომენტარიდან ისიც იკვეთება, რომ იგი არისტოტელეს ლოგიკურ ნაშრომთა მთელ კორპუსსაც („ორგანონი“) იცნობდა. ქართველი ფილოსოფოსი თავის კომენტარში მრავალჯერ ახდენს „ორგანონის“ შემადგენელი ამა თუ იმ ნაშრომისა თუ ადგილის პარაფრაზს.
ახალი დროის ქართულ აზროვნებაში მრავალი ლოგიკური თხზულება გავრცელდა ორიგინალური თუ ნათარგმნი სახით. ორიგინალური თხზულებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: (1) ანტონ პირველის (ბაგრატიონი) „კატეგორია სიმეტნეჲ“ (1767 წ.); (2) დავით ბატონიშვილის „კატიღორია შემოკლებული“ (XVIII საუკუნის დასასრული); (3) სოლომონ დოდაშვილის „ლოგიკა“ (1827 წ.). თარგმნილი ლოგიკური თხზულებებიდან კი უნდა გამოიყოს: (1) დავით უძლეველის „წიგნი საზღვართა“, რომელიც 1758-1762 წლებში ითარგმნა ფილიპე ყაითმაზაშვილისა და დოსითეოზ ჩერქეზიშვილის (ნეკრესელის) მიერ; (2) 1737 წელს ზურაბ შანშოვანსა და ვახუშტი ბატონიშვილს უთარგმნიათ არისტოტელეს „პერი ჰერმენეია“-ს „შემოკლებული ახსნა“, რომელიც დავით უძლეველის კალამს ეკუთვნის. იგივე ტექსტი მეორედ ითარგმნა 1762 წელს ფილიპე ყაითმაზაშვილისა და დოსითეოზ ჩერქეზიშვილის (ნეკრესელის) მიერ; (3) სომხური ლოგიკური ტრადიციიდან აღსანიშნავია სიმეონ ჯუღაეცის „დიალექტიკა“, რომელიც 1755 წელს უნდა იყოს თარგმნილი ანტონ პირველისა და ფილიპე ყაითმაზაშვილის მიერ. გარდა ამ ტექსტებისა, სომხური ენიდან არაერთგზის ითარგმნა თავად არისტოტელეს მნიშვნელოვანი ლოგიკური თხზულებები („კატეგორიები“ და „პერი ჰერმენეია“).
ახალი დროის ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში - ქართული და სომხური ლოგიკური ტრადიციის კვალდაკვალ - სათანადო ყურადღება ექცეოდა ევროპელი მოაზროვნეების ნაშრომებს ლოგიკაში. 1762 წელს ანტონ პირველის მიერ ითარგმნა ფრიდრიხ ქრისტიან ბაუმაისტერის (1709-1785 წწ.) „ლოგიკა“, რომელიც პირველ ნაწილს წარმოადგენს ამავე ავტორის ნაშრომისა „დასაბამი ფილოსოფიისა ახლისა“. 1806 წელს იოანე ბატონიშვილის მიერ ითარგმნა ეტიენ ბონო დე კონდილიაკის (1714-1780 წწ.) „ლოგიკა“; ამას მოჰყვა ფრიდრიხ ვილჰელმ დანიელ სნელეს (1761-1827 წწ.) „ლოგიკა“, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსული თარგმანიდან ქართულად გადმოიღო იოსებ მამაცაშვილმა. აღსანიშნავია, რომ „ლოგიკა“ წარმოადგენს მეორე ნაწილს სნელეს ნაშრომისა „დასაბამითისა გამოცდილებისა ფილოსოფიისა“.
XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში ლოგიკური პრობლემებისა და მოძღვრებების შესწავლასა და ანალიზს დიდი ყურადღება ეთმობოდა. 1918 წელს დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი აერთიანებდა ჰუმანიტარულ, მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. ფილოსოფიური დისციპლინების ინტენსიური შესწავლა ხდებოდა შალვა ნუცუბიძის (1888-1969 წწ.) სემინარებზე, რომელთა ფარგლებში ლოგიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თავად შალვა ნუცუბიძე ავტორია ლოგიკის არაერთი სახელმძღვანელოსი (1919 წ., 1920 წ., 1923 წ.), რომლებიც საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის იყო განსაზღვრული. ეს სახელმძღვანელოები მოიცავდა ლოგიკის ელემენტარულ პრინციპებსა და მთავარ მოძღვრებებს. ნუცუბიძე ფორმალურ ლოგიკას ფილოსოფიურ პროპედევტიკად განიხილავდა, ხოლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი ანიჭებდა კანტის ტრანსცენდენტალურ ლოგიკასა და კატეგორიათა შესახებ მის მოძღვრებას. ამავე პერიოდში კონსტანტინე კაპანელმაც (1889-1952 წწ.) შექმნა ლოგიკის ელემენტარული კურსი (1925 წ.). თუმცა, ისიც ცნობილია, რომ იგი ფორმალური ლოგიკის მოწინააღმდეგე და ანტირაციონალისტური მიმართულების წარმომადგენელი იყო ქართულ ფილოსოფიაში.
შალვა ნუცუბიძის ზემოთ დასახელებულ ფილოსოფიურ სემინარებზე XX საუკუნის არაერთი წამყვანი ქართველო მოაზროვნე განისწავლა. მათგან - ლოგიკის განვითარების კუთხით - განსაკუთრებით აღსანიშნავია კოტე ბაქრაძე (1898-1970 წწ.), ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში ლოგიკის განვითარების ისტორიაში. თავდაპირველად, ბაქრაძე - შალვა ნუცუბიძის მსგავსად - ე.წ. ფილოსოფიური ლოგიკის, იგივე დიალექტიკური ლოგიკის დამცველი იყო, თუმცა, მოგვიანებით, XX საუკუნის 40-იან წლებში, მისი პოზიცია შეიცვალა და იგი სულ უფრო მეტად ფორმალური ლოგიკის პრინციპების დამცველი გახდა. ამავე პერიოდში მან გამოაქვეყნა ლოგიკის სახელმძღვანელო სახელწოდებით „ლოგიკა“ (1946 წ.), ხოლო შემდეგ 1947-1948 და 1951-1952 წლებში კი საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ლოგიკის სახელმძღვანელოები გამოსცა, რომლებიც შემდეგ ხელახლა დაიბეჭდა არაერთგზის. 1954 წელს კოტე ბაქრაძემ გამოაქვეყნა მონოგრაფია „ლოგიკა“ - ამჯერად უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომელიც 1955 წელს ხელახლა დაიბეჭდა. ამ პერიოდში ბაქრაძე ფორმალური ლოგიკის პრინციპების დამცველი იყო; მას მიაჩნდა, რომ ფორმალურმა ლოგიკამ, რომელიც სიმბოლური, მათემატიკური ლოგიკის სახით განვითარდა, არსებითად წინ წასწია არისტოტელეს ტრადიციული ლოგიკა.
XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ფილოსოფიაში ლოგიკური პრომლემების ფუნდამენტური შესწავლა და ანალიზი ასევე დაკავშირებულია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსისა და ლოგიკოსის, სავლე წერეთლის (1907-1966 წწ.) სახელთან. იგი დიალექტიკური ლოგიკის ერთ-ერთი საყურადღებო კონცეფციის ფუძემდებელი და სისტემაში მომყვანი მოაზროვნეა. დიალექტიკური ლოგიკის პრობლემების დაფუძნებასა და ანალიზს ეძღვნება 1948-1965 წლებში სავლე წერეთლის მიერ შექმნილი არაერთი გამოკვლევა, მაგრამ მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური ნაშრომი „დიალექტიკური ლოგიკა“ (1965 წ.), რომელიც სისტემურად აჯამებს და ავითარებს მის კონცეფციას ფილოსოფიური, მაშასადამე, დიალექტიკური ლოგიკის შესახებ. ამ მიმართულებას არაერთი სხვა საყურადღებო წარმომადგენელი ჰყავდა XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში. მათგან გამორჩეულია ქართველი მათემატიკოსისა და ლოგიკოსის, ლევან გოკიელის (1901-1975 წწ.) ნაშრომები, რომლებიც სიმრავლეთა თეორიასა და ლოგიკური ანტინომიების გადაჭრას ეძღვნება.
XX საუკუნის შუა ხანებში საბჭოთა კავშირში წარიმართა დისკუსია ფორმალური და დიალექტიკური ლოგიკის ურთიერთმიმართების შესახებ. 1950-1951 წლებში ეს დისკუსია გაჩაღდა ცნობილი რუსულენოვანი ჟურნალის «Вопросы философии»-ის ფურცლებზე. საყურადღებოა, რომ ეს დისკუსია გაიხსნა კოტე ბაქრაძის რუსულენოვანი სტატიით ლოგიკისა და დიალექტიკის ურთიერთმიმართების შესახებ და მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვა ქართველმა ფილოსოფოსებმაც (სავლე წერეთელი, ლევან გოკიელი, სერგი დანელია და ა.შ.). კოტე ბაქრაძე ფორმალური ლოგიკის პრინციპებსა და მოძღვრებებს იცავდა, ხოლო ქართველ ფილოსოფოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი მის პოზიციას არ იზიარებდა. ამის კვალობაზე, 1951 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია ფორმალური და დიალექტიკური ლოგიკის ურთიერთმიმართების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ: შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, კოტე ბაქრაძე, სავლე წერეთელი, ლევან გოკიელი და სხვ. ამ ტიპის მსჯელობები და დისკუსიები XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა, ხოლო შემდეგ კი სულ უფრო იშვიათი გახდა.
XX საუკუნის 60-70-იან წლებში ქართველი ფილოსოფოსებისა და ლოგიკოსების მიერ დიალექტიკური ლოგიკის პრობლემებისა და პრინციპების ახალი განმარტება მოხდა პარაკონსისტენტური ლოგიკის ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, წინააღმდეგობის შეუძლებლობის პრინციპის ახლებურ ინტერპრეტაციას ახდენს. პარაკონსისტენტური ლოგიკის წინამორბედად ჰეგელიც შეიძლება მოვიაზროთ, თუმცა, მისი განვითარებული ვერსიის პოვნა სავლე წერეთლის ფილოსოფიურ ნაშრომებში შეგვიძლია. ამ საკითხების დამუშავებამ ხელი შეუწყო ლოგიკის განვითარებას საქართველოში, რადგან ამის შედეგად ფორმალური ლოგიკის პრობლემათა სპექტრი არსებითად გამდიდრდა და მნიშვნელოვანი გამოკვლევებით შეივსო კიდეც. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია სამი ქართველი ლოგიკოსი: ზურაბ მიქელაძე (1917-1993 წწ.), ლერი მჭედლიშვილი (1936-2013 წწ.) და მიხეილ ბეჟანიშვილი (1934-2014 წწ.). მათ სახელთანაა დაკავშირებული კლასიკური და არაკლასიკური ლოგიკის სფეროში შექმნილი მნიშვნელოვანი გამოკვლევები. ზურაბ მიქელაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრას და სახელი გაითქვა არისტოტელეს ლოგიკის ახლებური ინტერპრეტაციებით. ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებოა სტაგირელის „ტოპიკისა“ და „პერი ჰერმენეიას“ IX თავის განმარტებები, რაც მან თანამედროვე სიმბოლური (მათემატიკური) ლოგიკის კონტექსტში განახორციელა.
ზურაბ მიქელაძის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრას ხელმძღვანელობდა ცნობილი ქართველი ლოგიკოსი ლერი მჭედლიშვილი, რომელმაც მიხეილ ბეჟანიშვილთან ერთად კლასიკური და არაკლასიკური ლოგიკის სფეროში უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები შექმნა. ლერი მჭედლიშვილმა 1992 წელს გამოსცა ლოგიკის სახელმძღვანელო სახელწოდებით „ლოგიკა“ (თანაავტორი - ნ. ივანიძე), რომლითაც ათწლეულების განმავლობაში ქართული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ლოგიკის საბაზისო ცნებებსა და პრინციპებს შეისწავლიდნენ. ლოგიკის ეს სახელმძღვანელო დღესაც აქტიურად გამოიყენება სწავლა-სწავლების პროცესში. ლერი მჭედლიშვილი საგანგებოდ იკვლევდა ფილოსოფიური და მათემატიკური ლოგიკის საზღვრით საკითხებს, დიალექტიკური და პარაკონსისტენტური ლოგიკის პრობლემებს, ასევე, ლოგიკის ისტორიის საკვანძო საკითხებს. მიხეილ ბეჟანიშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტს და საგანგებოდ იკვლევდა მოდალური ლოგიკისა და პრედიკატთა ლოგიკის აქტუალურ პრობლემებს.
3 -რჩეული ბიბლიოგრაფია
• ბაქრაძე, კ.: ლოგიკა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1954 წ.
• ბეჟანიშვილი, მ., მჭედლიშვილი, ლ.: ლოგიკა საქართველოში, თბილისი: „მერიდიანი“, 1995 წ.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
• ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწის ფილოსოფია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021 წ.
• მჭედლიშვილი, ლ., ივანიძე, ნ.: ლოგიკა, თბილისი: „მერიდიანი“, 1994 წ.
• მჭედლიშვილი, ლ.: დიალექტიკური ლოგიკის შეფასებისათვის: დიალექტიკური წინააღმდეგობების ანალიზი, კრებულში: ფილოსოფია, დიალექტიკა, ლოგიკა. სავლე წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენელნი: ლ. ზაქარაძე, თ. ირემაძე, თბილისი: „მერიდიანი“, 2008 წ., გვ. 33-52.
• ნუცუბიძე, შ.: ლოღიკა. პროპედევტიული კურსი, ტფილისი: „ს.ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობა“, 1923 წ.
• წერეთელი, ს.: დიალექტიკური ლოგიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ.