ბასილი დიდი
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
ბასილი დიდი (Βασίλειος ὁ Μέγας, Βασίλειος Καισαρείας) (329/330-379 წწ.), კაპადოკიის ქ. კესარიის ეპისკოპოსი (370-379 წწ.), ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, თეოლოგი, მწერალი, მქადაგებელი. ბასილი დიდს, გრიგოლ ნაზიანზელსა და გრიგოლ ნოსელს კაპადოკიელ მამებს უწოდებენ. ბასილი ებრძოდა არიოზის, საბელიოსის, აპოლინარის წვალებებს, შექმნა სამონასტრო წეს-განგება და ბასილი დიდის სახელით ცნობილი საღმრთო ლიტურგია; მას მიეწერება კანკელის გამოგონება; მან დიდი გავლენა მოახდინა ნიკეის კრების დოგმატთა განმტკიცებაზე, სამების ცნების თეოლოგიურად დაზუსტება-განმარტებასა და დამკვიდრებაზე ქრისტიანულ სამყაროში. აღმოსავლეთის ეკლესიაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისა და სამაგალითო ქრისტიანული ცხოვრებისათვის სიცოცხლეშივე იქცა ეკლესიის ბურჯად. ბასილის გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ პაპმა გელასი I-მა მისი ნაწერები შეიტანა ეკლესიისთვის მისაღებ წიგნთა ნუსხაში, რითაც აღიარა მათი უცდომელობა. ბასილის უწოდებენ „წმინდას“, „დიდს“, „მსოფლიოს მნათობს“ (თეოდორიტე კვირელი), „ღმრთისმეტყველების ბაგეს“ და „საღმრთო ტაძრის ხუროთმოძღვარს“ (გრიგოლ ნაზიანზელი). იგი საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის ურყევ ავტორიტეტს წარმოადგენს.
ბასილი დაიბადა კაპადოკიის კესარიაში, პონტოს ქრისტიანულ, მდიდარ, დიდგვაროვან, ზოგი ვარაუდით, ქართული წარმომავლობის ოჯახში. მისი მამა, ბასილი უფროსი, იყო პონტოს ნეოკესარიის რიტორი და იურისტი, დედა კი, წმ. ემელია, წარჩინებულ კაპადოკიელთა შთამომავალი, განთქმული მაღალზნეობრივი ცხოვრებით. დედის მხრიდან ბასილის პაპა ქრისტიანთა დევნის დროს, იმპერატორ მაქსიმინუსის ზეობისას (235-238 წწ.) ეწამა, ბასილის პაპა მამის მხრიდან კი 7 წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად პონტოს ტყეებში იმალებოდა. ამ უკანასკნელის ცოლმა, გრიგოლ სასწაულთმოქმედის სწავლების მიმდევარმა წმ. მაკრინე უფროსმა ქრისტიანულ მოძღვრებას აზიარა შვილიშვილები, მომავალი წმინდანები: მაკრინე უმცროსი, ბასილი, ასკეტი ნავკრატიოსი, გრიგოლ ნოსელი და პეტრე სებასტიელი. მას შემდეგ, რაც მამამ რიტორიკის ხელოვნებაში განსწავლა, ბასილი გაეშურა კონსტანტინოპოლისკენ, მერე კი ათენისკენ, სადაც მომავალ იმპერატორ იულიანესთან ერთად სწავლა განაგრძო ყველაზე ცნობილ სოფისტებთან: ჰიმერიოსთან, პროერესიოსთან და იმ დროის გამოჩენილ რიტორ ლიბანიოსთან. აქვე ის დაუმეგობრდა გრიგოლ ნაზიანზელს.
სამშობლოში დაბრუნებულს (355-356 წწ.), მამა და ბებია გარდაცვლილები დახვდნენ. ბასილი გარკვეულ ხანს რიტორის და იურისტის საქმიანობით იყო დაკავებული, მოგვიანებით კი მან დის, მაკრინეს გავლენით, სამონასტრო ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ბასილი მოინათლა დიანიოს კესარიელის მიერ, რის შემდეგაც ბერმონაზვნური ცხოვრების შესასწავლად იმოგზაურა პალესტინაში, ეგვიპტეში, სირიასა და შუამდინარეთში, სადაც შეხვდა სახელგანთქმულ მეუდაბნოეებს: მაკარი მეგვიპტელს, მაკარი ალექსანდრიელს და სერაპიონ თმუისელს (357-358 წწ.).
უკან დაბრუნებისას მან დაარიგა თავისი ქონება და ძაძის სამოსლით მოსილი ბერმონაზვნურ ღვაწლს შეუდგა ანესიში, მდ. ირისის ნაპირას (პონტო). აქ ბასილს სტუმრობდა გრიგოლ ნაზიანზელი, თუმცა, მოხუცი მშობლებისადმი მოვალეობის გამო, გრიგოლს შინ მოუხდა დაბრუნება. გრიგოლთან ერთად მან ანესიში ორიგენეს ნაშრომთა ამონარიდებით შეადგინა კრებული „ფილოკალია“. ბასილის ასკეტური ღვაწლის გავლენით იმ მხარეში მრავალი მონასტერი დაფუძნდა. ბასილმა მათთვის დაწერა „ასკეტიკონი“, ბერ-მონაზვნური ცხოვრების წეს-განგება, რომელშიც ისე იყო შეზავებული განდეგილური და კოინობიოტური ცხოვრების წესები, რომ ბერების სულიერ სწრაფვას არაფრით აბრკოლებდა, არამედ უფრო მეტად აქეზებდა და ხელს უწყობდა სამოღვაწეოდ.
რამდენიმე წელში ბასილი იძულებული გახდა კესარიაში დაბრუნებულიყო არიოზის და საბელიოზის წვალებათაგან ეკლესიის დასაცავად, რაც მით უფრო რთული იყო, რომ არიოზის წვალებას მხარს საიმპერატორო კარი უჭერდა. ამ ხანებში ბასილმა წიგნის მკითხველის ხარისხი მიიღო და კაპადოკიელ ეპისკოპოსებთან ერთად დაესწრო კონსტანტინოპოლის კრებას (360 წ.). 362 წელს მელეტი ანტიოქიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, 364 წელს კი, დიანიოსის მემკვიდრემ, ევსები კესარიელმა - მღვდლად. მაგრამ მოკლე ხანში ასეთი განათლებული მღვდლის გვერდით ევსები ჩრდილში მოექცა; იგი დაუპირისპირდა ბასილს, რის გამოც ბასილი მცირე ხნით მონასტერს დაუბრუნდა. ევსებიოსის გარდაცვალების შემდეგ (370 წ.), თუმცა კი, არიანელებმა ყველაფერი გააკეთეს ბასილის სახელის შესალახად, იგი კესარიის ეპისკოპოსად აირჩიეს, როგორც მისი პიროვნული თვისებების, ასევე გრიგოლ ნაზიანზელის მამის, გრიგოლ უფროსის გავლენით.
კათედრის მიღების შემდეგ, ბასილმა მართლმადიდებელთა გასაერთიანებლად მთელი ძალისხმევა მიმართა წვალებების, განსაკუთრებით კი, არიოზის ერესის წინააღმდეგ. მან არაერთხელ სცადა ჭეშმარიტი რწმენისაკენ მოებრუნებინა და სხვა მართლმადიდებლებთან შეერიგებინა ევსტათი სებასტიელიც, რომელიც დოგმატურ შეხედულებებს ხშირად იცვლიდა და არამართლმადიდებლურ მრწამსებს აწერდა ხელს, მაგრამ ეს ცდები დასრულდა იმით, რომ ევსტათიმ და მისმა მომხრეებმა ბასილს მწვალებლობაში დასდეს ბრალი. მტკიცე უარმა არიოზის ერესის ჭეშმარიტ მოძღვრებად აღიარებაზე ბასილი დაუპირისპირა იმპერატორ ვალენტისაც, რომელმაც ბასილის მიერ ეპისკოპოსობის მიღების შემდეგ კაპადოკიის პროვინცია ორად გაჰყო, რითაც გაანახევრა ამ „უსისხლოდ მოწამე და უჭრილობოდ გვირგვინოსანი“ ეპისკოპოსის ეპარქია. თავისი მოღვაწეობის ხანაში სხვადასხვა წვალებათა გავრცელების მიუხედავად, ბასილი „გაექცა უწმინდურობის წარღვნას, თავისი ქალაქი აქცია ხსნის კიდობნად, რომელმაც იოლად გადაცურა წვალებები“.
ბასილმა სხვა ღვაწლიც მრავლად დასდო კესარიას: ააშენა ეკლესია, ქალწულთა სავანეები, გაჭირვებულთა სატრაპეზოები, მოგზაურთა და უძლურთა თავშესაფრები, საავადმყოფოები, რომელთაც ხალხი „ბასილეიასს“ უწოდებდა, სადაც კეთროვნებს თავად უვლიდა, ცდილობდა გზასაცდენილთა მოქცევას, შეაგონებდა მდიდრებს, შიმშილობისას ღარიბთა გაჭირვებაზე რომ ითბობდნენ ხელს და აპურებინებდა მათ (ამისთვის გრიგოლ ნაზიანზელი თავის 43-ე სიტყვაში ბასილს „მეორე იოსებს“ უწოდებს), ეხმარებოდა გაჭირვებულებს, კიცხავდა ხელისუფალთ, მოაწესრიგა სამღვდელო პირთა მოვალეობები, გაწმინდა ეპარქია არაკეთილსინდისიერ სასულიერო პირთაგან და თავისი მხარე სანიმუშოდ აქცია, ისე, რომ სხვა ეპარქიათა ეპისკოპოსები მის გარემოცვაში ეძებდნენ მემკვიდრეებს, გარდაქმნა საეკლესიო ღვთისმსახურება და შემოიღო ღამის მღვიძარება ფსალმუნთა ანტიფონური გალობით, რომელიც მისი სახელით შემოინახა.
ბასილი მთელი ცხოვრების მანძილზე ასკეტურ ღვაწლს ეწეოდა: ქალწულობის და თავმოზღუდვილობის (ἡ ἐγκράτεια) დამცველი, ის მცირე ოდენობის საკვებს კმარობდა, ჰქონდა ერთი ქიტონი და ერთი მოსასხამი, ეძინა მიწაზე, უარს ამბობდა განბანვაზე (ἡ ἀλουσία), საკვებად იყენებდა პურს და მარილს, ხოლო სასმელად - წყალს. ეს იყო ფერმკრთალი, თავის თავში ჩაღრმავებული, ნელი მოუბარი, მშვიდად მოსიარულე ადამიანი. მას არაფერი გააჩნდა, როგორც თავად ამბობდა, „გარდა ჩემი ბეწვიანი ძონძებისა და მცირე რაოდენობის წიგნებისა, რომლებიც მთელ ჩემ ქონებას შეადგენენ“.
ბასილს მთელი ცხოვრების განმავლობაში სტანჯავდნენ მძიმე სნეულებები. სიცოცხლის ბოლოს, ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობის მქონე, „ღჳძლის ბოროტმდებარეობამან“, ასკეტურმა და შფოთით აღსავსე ცხოვრებამ კიდევ უფრო დააძაბუნა და 49 წლისა გამოასალმა სიცოცხლეს, რის შემდეგ მას დასტიროდნენ არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ წარმართებიცა და იუდეველებიც, რომელთა მიმართაც ბასილი სიცოცხლეში უსაზღვრო კეთილგანწყობას იჩენდა. მართლმადიდებელ ეკლესიაში ბასილს უწოდებენ „დიდს“, რაც წარმოადგენს იმ დიდების აღიარებას, რომელიც მან თავისი უზარმაზარი ღვაწლით მოიპოვა.
2 -ნაშრომები
ბასილი ნაყოფიერი მწერალი იყო. მისი ნაწერები, რომლებშიც წინაქრისტიანული და ქრისტიანული კულტურების, ფილოსოფიის, თეოლოგიის, დოგმატიკის, ასკეტიზმის ღრმა ცოდნა გამოსჭვივის, ქრისტიანული მწერლობის უმნიშვნელოვანეს ნაშრომებად ითვლება და საუკეთესო წყაროს წარმოადგენს ქრისტიანული ნააზრევის შესასწავლად. ბასილი დიდის გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ პაპმა გელასი I-მა (492-496 წწ.) თავისი „მისაღები და მიუღებელი წიგნების შესახებ დეკრეტის” (Decretum Gelasii de libris recipiendis et non recipiendis) IV თავში, სადაც დასახელებულნი არიან ეკლესიის მამები, რომელთა მთელი შემოქმედებაც მისაღებია ეკლესიისათვის, შეიტანა ბასილის თხზულებებიც („item opuscula beati Basillii Cappadociae episcopi“), რითაც აღიარა მის ნაწერთა უცთომელობა. ბასილის ნაშრომები მოიცავენ ეგზეგეტურ („ექვსთა დღეთათვის“, ფსალმუნთა, წინასწარმეტყველთა წიგნთა, ოთხთავის, „საქმე მოციქულთა“-ს, პავლეს ეპისტოლეების განმარტებები), ჰომილეტიკურ („მდიდართა მიმართ“, „თქმული შიმშილისა და გვალვისას“, „მარხვის შესახებ“), ლიტურგიკულ („ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია“, „ნათლობის შესახებ“), დოგმატურ-პოლემიკურ (ბასილის უმთავრესი ნაშრომი სულიწმინდის ღმრთეების შესახებ „სულიწმინდის შესახებ“, „რწმენის შესახებ“, „საბელიანელთა, არიოზის და ანომეელთა წინააღმდეგ“, „ევნომიოსის წინააღმდეგ“), ასკეტიკურ („ასკეტიკონი“, „ზნეობრივი წესები“), ეპისტოლურ და სხვა ტექსტებს.
3 -ბასილი დიდის ნაშრომების რეცეფცია საქართველოში
ბასილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკლესიის მამაა საქართველოში. მისი ნაშრომების მიმართ ინტერესი ქართველ მწიგნობართა შორის მუდამ დიდი იყო. მათ კითხულობდა მკითხველთა ყველაზე ფართო წრე, იმოწმებდნენ და თარგმნიდნენ ყველაზე ხშირად ყველაზე სახელოვანი ქართველი მთარგმნელები. ბასილის ნაშრომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ქართული საღვთისმეტყველო აზროვნების ფორმირებაზე. ქართულად ნათარგმნია მისი „ექუსთა დღეთათჳს“ (გიორგი ათონელი), „თარგმანებაჲ ფსალმუნისაჲ“, „ითიკა“, „სწავლანი“ და „კანონნი დღითი დღედთა ცთომილთანი“ (ეფთვიმე ათონელი), „სუფევა“ (გაბრიელ მცირე), „ასკეტიკონი“ (ეფრემ მცირე, პროკოპი მღვდელი), „კანონნი ბრალეულთანი“ (ეფრემ მცირე), ქადაგებები (ეფთვიმე, გიორგი ათონელები, არსენ იყალთოელი), „თქუმული მონაზონთა მიმართ“, „კანონნი განწესებული მონაზონთათჳს“ (პროკოპი მღვდელი), „სწავლაჲ სურვილისათჳს ღმრთისა“ (ეფთვიმე ათონელი), „სწავლანი, რომელნი განვლენ ამის სოფლისაგან წესსა მონაზონებისასა“, „სწავლა მორჩილებისათჳს“ (არჩილ მეფე), მთლიანობაში კი მისი სახელით მოღწეულია 70-ზე მეტი ჰომილეტიკური ნაშრომი, 40 ეპისტოლე (გიორგი ათონელი, ეფრემ მცირე) და სხვ. მის ნაშრომთა ნაწყვეტები გვხვდება კატენებიან კრებულებშიც (მაგალითად, გელათის კატენებიან ბიბლიაში). მიქაელ მოდრეკილის ღვაწლით, რომელმაც ერთ კრებულში შეიტანა ბერძნულიდან ნათარგმნი და ქართველ ჰიმნოგრაფთა მიერ შექმნილი მთელი წლის საგალობლები, ჩვენამდე მოაღწიეს საგალობლებმა, რომლებშიც ბასილი დიდიც არის ნახსენები (978-988 წწ.).
საუკუნეებმა ვერ შეანელა ბასილი დიდის თხზულებებისადმი ინტერესი. თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნილია მისი არაერთი ნაშრომი: „ჰომილიები ექვსი დღისათვის“, „ფსალმუნთა განმარტებანი“, „ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან“, „სულიწმინდის შესახებ“, „დარღვევა უსჯულო ევნომიოსის თავდასაცავი სიტყვისა“ (გ. კოპლატაძე), „სწავლანი“ (ლ. ხუნდაძე), „80 წესი ქრისტიანული ზნეობის შესახებ“ (ვ. ჩხიკვაძე), ეპისტოლეების სრული კრებული (ვ. ჯუღელი) და სხვ.
ბასილმა გავლენა მოახდინა ქართულ საახალწლო ტრადიციებზეც. ვინაიდან 1 იანვარი ბასილის ხსენების დღეს წარმოადგენს, მას მიეწერა ფუნქციები, რომლებიც წარმართულ ხანაში ნაყოფიერების ღვთაებებს უკავშირდებოდათ. ამის გამო, ბასილს საახალწლო ჩვეულებებში დიდი ადგილი ეკავა: მას სთხოვდნენ ოჯახის მფარველობას, საქონლის ნაყოფიერებას, რისთვისაც აკეთებდნენ „ბასილის წვერებს“ (ჩიჩილაკს) და აცხობდნენ „ბასილებს“ (მზის ღვთაების გამომსახველ ანთროპომორფულ ტკბილ კვერებს). მოღწეულია ბასილის სახელის შემცველი მეკვლის ლოცვები, მაგალითად, აჭარაში („შემოვდგი ფეხი, გილოცავთ, გწყალობდეთ წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავით პურით და ღვინით ავსილი“) ან სამცხე-ჯავახეთში („ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლ-შვილო, გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი“).
საქართველოში არის ბასილი დიდის სახელობის რამდენიმე, ძველი და ახალი ეკლესია, როგორც, მაგალითად, სოფ. სარკინეთის, მათხოჯის, რესის, ძალაანთხევის და სხვ.
4 -რჩეული ბიბლიოგრაფია
(ა) ტექსტების გამოცემები ქართულ ენაზე:
• (წმიდა) ბასილი დიდი: ეპისტოლეები, თარგმანი, შესავალი და განმარტებები ვიქტორია ჯუღელისა, წმინდა მამათა მემკვიდრეობა თანამედროვე ქართულ ენაზე, წიგნი I, თბილისი: „გრაფიკს“, 2019 წ.
• (წმიდაჲ) ბასილი კესარიელი: ასკეტიკონი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ქეთევან მამასახლისმა, თბილისი: „მერიდიანი“, 2015 წ.
• (წმიდა) ბასილი დიდი: ჰომილიები ექვსი დღისათვის; ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან, ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შენიშვნები და წინასიტყვაობა დაურთო გვანცა კოპლატაძემ, რედ. გრიგოლ რუხაძე, მაგდა მჭედლიძე, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა“, 2011 წ.
• (წმიდა) ბასილი დიდი: ფსალმუნთა განმარტებანი, ძველი ბერძნულიდან თარგმნა გვანცა კოპლატაძემ, რედ. გრიგოლ რუხაძე, მაგდა მჭედლიძე, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა“, 2010 წ.
• (წმიდა) ბასილი დიდი: 80 წესი ქრისტიანული ზნეობის შესახებ, თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ, თბილისი: „გრიფონი“, 2009 წ.
• (წმიდა) ბასილი დიდი: სწავლანი, გამოსაცემად მოამზადა ლუკა ხუნდაძემ, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბილისი, 2004 წ.
• (წმიდა) ბასილი დიდი: ფსალმუნთა განმარტებანი, ჰომილიები ექვსი დღისათვის, ძველი ბერძნულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო გვანცა კოპლატაძემ, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა“, 2002 წ.
• ბასილი კესარიელის „სწავლათა“, ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, რედ. ელ. მეტრეველი, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.
• ბასილი დიდი: ექუსთა დღეთაჲ, ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მ. კახაძემ, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი II (25), თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1947 წ.
(ბ) ტექსტების გამოცემები უცხო ენაზე:
• Basile de Césarée: Homélies sur l'Hexaéméron, Texte grec, introduction et traduction de S. Giet, Sources Chrétiennes 26bis, Éditions du Cerf, Paris, 2006.
• Basile de Césarée: Sur le baptême, Texte grec de l'édition U. Neri, Introduction, traduction et annotationpar Jeanne Ducatillon, Sources Chrétiennes 357, Éditions du Cerf, Paris, 1989.
• Basile de Césarée: Contre Eunome, suivi de Eunome, Apologie, éd. B. Sesboüé, G.-M. de Durand et L. Doutreleau, Sources Chrétiennes 299 et 305, Éditions du Cerf, Paris, 1982, 1983.
• Basile de Césarée: Sur l'origine de l'homme, Introduction, texte critique, traduction et notes par Alexis Smets, S. J. et Michel Van Esbroeck, Sources Chrétiennes 160, Éditions du Cerf, Paris, 1970.
• Basile de Césarée: Sur le Saint-Esprit, Introduction, texte, traduction et notes par Benoît Pruche, Sources Chrétiennes 17bis, Éditions du Cerf, Paris, 1968.
• (Saint) Basile: Letters, Texte établi et traduit par Yves Courtonne, 2vols, Société d’Édition “Les Belles Lettres”, Paris, 1957, 1961.
• (Saint) Basil:The Letters, Greek text and English trans. by Roy J. Deferrari, 4 vols, Loeb Classical Library 190, 215, 243, 270, William Heinemann, G. P. Putnam’s sons, Harvard University Press, London, New York, Cambridge, Mass., 1926, 1928, 1930, 1934.
(გ) გამოკვლევები და დამოწმებული ლიტერატურა:
• ბიზანტიური საღმრთისმეტყველო თხზულებანი, ძველი ბერძნულიდან თარგმნა გვანცა კოპლატაძემ, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა“ / გამომცემლობა „ლოგოსი“, 2021 წ.
• გაბიძაშვილი, ე.: ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები. ბიბლიოგრაფია, ტ. III: ჰომილეტიკა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ბიბლიოგრაფია, თბილისი, 2009 წ.
• მელიქიშვილი, ნ.: ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელისა და იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური თხზულებები ქართულ ენაზე, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბილისი: „ლოგოსი“, 2000 წ.
• მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, X საუკუნე, წ. 2, ტექსტი გადმოწერა დედნიდან და გამოსცა ვაჟა გვახარიამ, რედ. შ. ამირანაშვილი, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1978 წ.
• სვიმონიშვილი, გ.: ახალი წელი საქართველოში, ინტერნეტ-გაზეთი იბერია, იხ. https://iberiamagazine.com/481-2/ (27.08.2021).
• უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის „ექუსთადღეთაისა“ და გრიგოლ ნოსელის თარგმანებისა „კაცისა აგებულებისათვის“, X-XIII სს.-ის ხელნაწერთა მიხედვით გამოსცა და ლექსიკონი დაურთო ი. აბულაძემ, თბილისი: „მეცნიერება“, 1964 წ.
• ქაჯაია, ნ.: ბასილი კესარიელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ც. ქურციკიძე, თბილისი: „მეცნიერება“,1992 წ.
• ჭელიძე, ე.: ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია, გადაცემა N 305, საუბრის თემა: „წმიდა ბასილი დიდი (IV ს.)“, საქართველოს საპატრიარქოს რადიო, იხ.: https://www.youtube.com/watch?v=69SvCnOrjNA (02.08.2021).
• ხინთიბიძე ე.: ბასილი კაპადოკიელის „სამოღვაწეო წიგნის“ ქართული რედაქციები, წიგნში: ნარკვევი ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობიდან, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1968 წ.
• ხინთიბიძე, ე.: ბასილი დიდის სადაურობისათვის, ჟურნალში: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მაცნე 3, 1962 წ., გვ. 125-151.
• Migne, J-P.: Patrologia Graeca, volume 29-32, Paris, 1857, 1888.
• Bebis, G.: Introduction to the Liturgical Theology of St Basil the Great, Greek Orthodox Theological Review 42/3-4,1997, 273-285.
• Gribomont, J.: Histoire du texte des Ascétiques de S. Basile, Bibliothèque du Muséon 32, Louvain, 1953.
• Hildebrand, S. M.: The Trinitarian Theology of Basil of Caesarea, Catholic University of America Press, Washington, D. C., 2007.
• James, J. L. W.: An Examination of Homotimia in St Basil the Great's on the Holy Spirit, and Contemporary Implications, Westminster Theological Journal 74/2, 2012, pp. 257-276.
• Maraval, P.: “La date de la mort de Basile de Césarée”, Revue des Études Augustiniennes 34, 1988, 25-38.
• Murphy, M. G.: St. Basil and Monasticism, Catholic University of America Series on Patristic Studies, Vol. XXV, AMS Press, New York, 1930.
• Rousseau, P.: Basil of Caesarea, University of California Press, Berkeley and Los Angeles, California, London, 1994.
• Thomson, R. W.: The Syriac Version of the Hexaemeron by Basil of Caesarea Syr. 223, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium 550, 551, Scryptores Syri 222, 223, Lovanii, In Aedibus Peeters, 1995.
• Trostyanskiy, S.: St. Basil the Great’s Philosophy of Time, Forum Philosophicum: International Journal for Philosophy 22/2, 2017, pp. 219-246.
• Wortley, J.: The Pseudo-Amphilochian Vita Basilii, Florilegium, 2, 1980, pp. 217-239.
• Порфирий (Попов, Г.И.), архимандрит: Жизнь святого Василия Великого, архиепископа Кесарии Каппадокийской, Москва, 1864.
• Святитель Василий Великий, Архиепископ Кесарии Каппадокийской: Творения. В 2 томах. Полное собрание Творений Святых Отцов Церкви и церковных писателей в русском переводе. Т. 3, 4. Москва, Сибирская Благозвонница, 2009.