თბილისის სემინარია (1755 წ.)
1 -დაფუძნების ისტორია
თბილისის სემინარია 1755 წელს დაფუძნდა. ამ საქმის მოთავე იყო ახალი დროის დიდი ქართველი ინტელექტუალი, აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი ანტონ პირველი (ბაგრატიონი), რომელიც საქართველოში ახალი საგანმანათლებლო კერების განვითარების საქმეში იმჟამინდელი მონარქების, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ ეპოქის გამორჩეული ქართველი სასულიერო მოღვაწე და მოაზროვნე დოსითეოზ ნეკრესელი ამ თანამშრომლობის შესახებ წერდა: „[ანტონ კათალიკოსმა] თან-მზრახ-ჯერჩინებითა ირაკლი მეფისა ბრძენ გონებიანისათა, იწყო მითესად არ ფრინველთა სტაცოჲ იგი, არამედ სიბრძნე, და სიბრძნე ესე არს მეცნიერება ხედვითთა და საქმითთა“. თბილისის სემინარიის დაარსებაში ერეკლე II-ის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის თაობაზე მიუთითებს ვახტანგ ბატონიშვილის შემდეგი ცნობაც: „ამანვე [ერეკლემ] ჰყო სემინარია ფილოსოფიისა“. 1740-იანი წლების ბოლოდან ანტონ კათალიკოსი საფუძვლიანად სწავლობდა რუსული და ევროპული განათლების სისტემას, ამავდროულად, იგი კარგად იცნობდა შუა საუკუნეების ქართულ აკადემიებსა და კლასიკური განათლების ბერძნულ-რომაულ მოდელებსაც. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ გამოცდილებათა შეჯერების შედეგად დაფუძნდა თბილისის სემინარია.
თბილისის სემინარიას აფინანსებდა სამეფო კარი; ის წარმოადგენდა იმ ტიპის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც, ძირითადად, სამღვდელოება და არისტოკრატია განისწავლებოდა. სემინარია განთავსდა თბილისში, კათალიკოსის სასახლის მახლობლად. გაიოზ რექტორის თანახმად, თბილისის სემინარიის, ისევე, როგორც მოგვიანებით დაფუძნებული თელავის ფილოსოფიური სკოლის (1758 წ.) „დირეკტორი და პროტეკტორი“ იყო „მუნებურთა გნოსისთა დიდასკალოსი“ ანტონ კათალიკოსი. მიუხედავად ამისა, ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებას საკუთარი ხელმძღვანელები ჰყავდა. თბილისის სემინარიის პირველ რექტორად დაინიშნა ქართველი სომეხი მღვდელი და ფილოსოფოსი ფილიპე ყაითმაზაშვილი, რომლის შესახებაც ერეკლე მეფის შვილიშვილი დავით ბატონიშვილი ასეთ ცნობას გვაწვდის: „სომეხთა მღვდელი ტერ-ფილიპე ყაითმაზაშვილი, ფრიად მეცნიერი და ფილასოფოსი ვითარცა ძველისა ფილასოფიისა, აგრეთვე ახლისაცა ფრიად გამოცდილი.“
ფილიპე ყაითმაზაშვილი თბილისის სემინარიას 1758 წლამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ კი - მეფე ერეკლეს მიწვევით - იგი გადასულა თელავში. თბილისის სემინარიას უკავშირდება კიდევ ერთი იმჟამინდელი ქართველი სასულიერო პირისა და ინტელექტუალის იოანე ოსეს ძის სახელი, რომელიც 1783 წლიდან იყო მისი რექტორი; ამის შესახებ ვახტანგ ბატონიშვილისგან შემოგვრჩა ცნობა: „იყო ტფილისს ტფილისის სობოროს პროთოპოპი იოანე“. მაშასადამე, იოანე ოსეს ძე პროტოპრესვიტერი ყოფილა და, როგორც ჩანს, სემინარიის დახურვამდე ხელმძღვანელობდა მას. თუ ვინ იყვნენ თბილისის სემინარიის რექტორები 1758-1783 წლებში დღემდე უცნობია. თავად იოანესა და მისი ოჯახის შესახებ კი იმჟამინდელ წყაროებში ვკითხულობთ: „წვრთილნი მეცნიერებითა საფილასოფოსაოთა და საეკლესიოთა წერილთათა და მდიდარნი წიგნთა მრავალთა შემკრებელობითა“. ამგვარად, იოანე ოსეს ძე ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლულ კაცად გვევლინება.
2 -საგნები და მეთოდები
თბილისის სემინარია მოსწავლეებს სთავაზობდა ფართო განათლებას, როგორც კლასიკურ „ტრივიუმ-კვადრივიუმის“ („გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა“ – „არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია“) ციკლის საგნებში, ასევე, „ახალ მეცნიერებებში“ (ფიზიკა და ბუნებისმეტყველება). დავით ბატონიშვილის ცნობით, იქ ასწავლიდნენ ასეთი სახის საგანს „წესები სამოქალაქო ზნეობისა“, თუმცა, სემინარიის წამყვანი დარგები მაინც ფილოსოფია და ღვთისმეტყველება იყო.
თბილისის სემინარიაში, სხვებთან ერთად, თავად ანტონ კათალიკოსი ასწავლიდა. მის ერთ-ერთ წერილში ვხვდებით ჩამონათვალს იმ საგნებისა, რომელსაც იგი იქ ასწავლიდა; ეს საგნებია: გრამატიკა, პოეტიკა, რიტორიკა, კატეგორიები, არისტოტელეს ფილოსოფია. ამ წერილშივე ანტონი აღნიშნავს, რომ იგი სემინარიაში ასწავლის ბაუმაისტერის ლოგიკასა და მეტაფიზიკას. ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი, ლაიბნიცისა და ვოლფის სკოლის წარმომადგენელი ფრიდრიხ ქრისტიან ბაუმაისტერი ანტონ ბაგრატიონის თანამედროვე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის სემინარიაში არა მხოლოდ ძველ, არამედ იმჟამინდელი ევროპული ფილოსოფიის სხვადასხვა მიმდინარეობებსაც ეუფლებოდნენ. ანტონ ბაგრატიონი და ფილიპე ყაითმაზაშვილი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდნენ და მათ მიერ თარგმნილი ტექსტები სემინარიაში სასწავლო მასალადაც გამოიყენებოდა.
სემინარიაში დანერგილი იყო სწავლების ლექციური მეთოდი, ხოლო ცოდნის შემოწმება კი ხორციელდებოდა გამოცდების მეშვეობით. ამის შესახებ თავად ანტონ ბაგრატიონი გვამცნობს, თბილისის სემინარიის ერთ-ერთი მოწაფის, გაიოზის (შემდგომში თელავის სემინარიის რექტორი) შესახებ საუბრისას: „თჳთ მე... პიიტიკასა ჴელოვნებასა შინა გამომიცდიეს“. წარმატებულ მოსწავლეებს სამეფო კარი აჯილდოებდა, ხოლო მოსწავლეთა წახალისებისთვის კი მეფე და უფლისწულები ხშირად სტუმრობდნენ სემინარიას.
თბილისის სემინარიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს კულტურულ და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. სემინარიამ 40 წელი იარსება და მოსწავლეთა მრავალი თაობა აღზრდა. 1795 წელს, ირანის შაჰის, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევის კვლადაკვალ, სემინარიის შენობაც დაინგრა და მან არსებობა შეწყვიტა.
3 -გამოყენებული ლიტერატურა
• კეკელიძე, კ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• როგავა, ა.: სახალხო განათლება ერეკლე მეორის ხანის ქართლ-კახეთში და ანტონ პირველი, თბილისი: „საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის გამომცემლობა“, 1950 წ.
• Багратиони, Д.: Обозрение Грузии по части прав и законоведения, под редакцией и с исследованием А. А. Рогава, Тбилиси: „Изд-во АН ГССР“, 1959.