მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე)
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში ალექსი ლუკას ძე გიორგაძე) - სასულიერო პირი, მქადაგებელი, პედაგოგი, ღვთისმეტყველების კანდიდატი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი შემოქმედი - დაიბადა 1866 წლის 17 მარტს ქუთაისში; 1878-1882 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1882-1888 წლებში - თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1889 წლის 12 თებერვალს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 19 თებერვალს - მღვდლად. სხვადასხვა დროს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლებში ასწავლიდა საღვთო სჯულს, საეკლესიო გალობასა და სხვ.
მამა ალექსი პარალელურად მუშაობდა სასულიერო გამომძიებლად, იმერეთის საეპარქიო საბჭოს წევრად და მისი ერთ-ერთი განყოფილების თავმჯდომარედ; 1903 წლიდან სწავლობდა ჯერ კიევის, ხოლო შემდეგ პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, პარალელურად ჩაირიცხა საიმპერატორო არქეოლოგიის ინსტიტუტშიც. იყო საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრი; 1905 წელს, პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს, გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მამა ალექსის წერილი, რომელიც ეხება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას.
1906 წელს მღვდელი ალექსი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ანტონი. 1907 წელს მან წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია, სადაც (აწ უკვე მღვდელმონაზონმა) დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „ქართული მონაზვნობის შესახებ XIII საუკუნემდე“ („Mонашество въ Грузии до начала XIII века“), რის საფუძველზეც მას მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. 1907 წლის ივლისიდან იგი მოღვაწეობდა ვიატკის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანამდებობაზე; 1907 წლის 10 ნოემბერს გადაყვანილ იქნა სმოლენსკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად. 1911 წლის 19 დეკემბერს არქიმანდრიტი ანტონი ეპისკოპოსად გამოარჩიეს; 1912 წლის 15 იანვარს მას გორის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად.
მეუფე ანტონს, როგორც ქორეპისკოპოსს, ხშირად უწევდა საქართველოს ეგზარქოსთან ერთად ღვთისმსახურებაში და, ასევე, მის ნაცვლად სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა საარქივო პერიოდიკის მასალები.
მიტროპოლიტ ანტონს ურთიერთობა ჰქონდა ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან. ესენი იყვნენ: ალექსანდრე ცაგარელი, იოსებ იმედაშვილი, სოსიკო მერკვილაძე, თედო სახოკია, პეტრე ბარათაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, გრიგოლ ვეშაპელი, ლელი ჯაფარიძე და სხვ. 1917 წელს იგი იყო რედაქტორი ჟურნალისა „Духовный Вестник Грузинскаго Экзархата“.
მეუფე ანტონი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. იგი გახლდათ 1917 წლის 12 მარტს განხორციელებული ისტორიული მოვლენის, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეის ერთ-ერთი ავტორი და განმახორციელებელი.
1917 წლის 8–17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე მეუფე ანტონი ქუთათელ მღვდელმთავრად დაადგინეს, ხოლო 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოს ანტონს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. ძალზე მოკლე, თუმცა, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო მიტროპოლიტ ანტონის მღვდელმთავრობა ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე 1917-1918 წლებში. 1917 წლის 5 ოქტომბერს გაზეთი „საქართველო“ წერდა: „დღეს ქუთაისს მიემგზავრება ქუთათელ მიტროპოლიტად ხელდასმული, ყოვლადსამღვდელო ანტონი. უკუღმართ დროს დაქვრივებულს ქუთათურ კათედრას ამიერიდან ეყოლება მამა მწყემსმთავარი, ერის ნებით დასმული და მისთა ზრახვათა მსმენელი...“
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონ მეორის მკვლელობიდან სამი თვის შემდეგ, 1918 წლის 18 სექტემბერს, ნაშუადღევს, 1 საათზე, ქუთაისის საეპისკოპოსო სახლში ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი მოულოდნელად გარდაიცვალა. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ის მოწამლა ქალიშვილის - ალექსანდრა გიორგაძის ქმარმა, საკუთარმა სიძემ, ანატოლი ნიკოლოზის ძე რიდიგერმა.
მიტროპოლიტ ანტონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქუთაისის საეპარქიო საბჭოს სახელზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოვიდა მრავალრიცხოვანი სამგლოვიარო დეპეშა, რომელთა ავტორები იყვნენ ცნობილი სასულიერო და საერო პირები.
1918 წლის 24 სექტემბერს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი ქუთაისის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის (სობოროს) ინტერიერში დაიკრძალა. აღნიშნული ტაძარი საბოლოოდ ათეისტურმა ხელისუფლებამ დაანგრია 1923-1924 წლებში და დიდი მღვდელმთავრის განსასვენებელიც დაიკარგა.
2 -შემოქმედება
ეპისკოპოსმა ანტონმა 1912 წელს იმოგზაურა ფშავ-ხევსურეთში და შექმნა უნიკალური ნაშრომი „რელიგიურ-ეთნოგრაფიული ნარკვევი ფშავ-თუშეთ-ხევსურეთი“ („Религиозно-этнографический очерк Пшаво-Тушино-Хевсуретий“, 1914 г.), რომელიც რუსულ ენაზე დაიბეჭდა ჟურნალში „Духовный Вестник Грузинскаго Экзархата“ (Тифлис, 1914 г.). მის კალამს ასევე ეკუთვნის მრავალი ქადაგება-მოძღვრება.
ეპისკოპოსი ანტონი თავის ნაშრომში „რელიგიურ-ეთნოგრაფიული ნარკვევი ფშავ-თუშეთ-ხევსურეთი“ წერს: „როდესაც მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, საქართველოს ეგზარქოსის ინოკენტის განკარგულებით შესასრულებლად დამეკისრა ფშავ-ხევსურეთის მრევლის საეპისკოპოსო ვიზიტის მარშრუტი, ამავდროულად კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების საბჭოსაგან პატივი მხვდა - გავაკეთო დასკვნა საეკლესიო, სამრევლო და სასკოლო შენობების მდგომარეობის შესახებ სოფლებში - ბაცალიგო, შატილი, უკანაფშავი, მუცო და ახიელი. ასეთი მაღალი იდეის მატარებელი საზოგადოების წინადადება ჩემთვის მით უფრო ფასეული იყო, რამეთუ დიდი ხანია, თვითონაც მინდოდა ადგილებზე მენახა, თუ რას აკეთებს და კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მართლმადიდებლური ჭეშმარიტების ამ კავკასიურ მნათობს. წარმოვადგენ რა ანგარიშს ჩამოთვლილ სამრევლოთა ნაგებობებისაგან მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ, ამავდროულად მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, მოისმინოთ ჩემი დასკვნა იმ ცხოველი ქვენიადაგის შესახებ, რომლის არსებობა წარმოშობს იმ საჭიროებებს, რომელთა დაკმაყოფილების თაობაზეც შუამდგომლობს საზოგადოების საბჭოს წინაშე ფშავ-ხევსურეთის ხუთი სამრევლო“.
ზემოთ დასახელებული ნაშრომის წინასიტყვაობაში ეპისკოპოსი ანტონი აღნიშნავდა: „ჩემი ვიზიტის საგანს წარმოადგენს განსაკუთრებული სამყარო, რომელიც თვით ბუნების მიერაა მოწყვეტილი ჩვენგან...“ იგი, ასევე, წერს: „ბუნებრივია, რომ როდესაც მე, მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, მივემგზავრებოდი მხარეში ეკლესიების, სამრევლოების, სამრევლო საეკლესიო ცხოვრების დასათვალიერებლად, ველოდი, რომ იქ დამხვდებოდა, თუ გულმოდგინებით არა, ჩვევის წყალობით მაინც დამკვიდრებული მართლმადიდებლური სამრევლო წესრიგი. მომიწია, თავიდანვე შემეჩვია თავი აზრისთვის, საეკლესიო ცხოვრების სუსტ, მიძინებულ პულსზე ამ მაღლობებზე, რომლებსაც არასდროს უნახავთ ეპისკოპოსი. მაგრამ იმან, რაც იქ დამხვდა, ჩემდა სამწუხაროდ და გასაოცად, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვერ ვნახე ფშავ-ხევსურეთში ვერანაირი საეკლესიო-სამრევლო ცხოვრება, ამ ცნების ყველაზე შემწყნარებლური გაგებითაც კი. იქ არის ტაძრები, არიან მღვდლები, მაგრამ ხალხმა არც ერთნი იცის და არც მეორენი. ქრისტიანული იდეა უცხოა ფშაველისა და ხევსურის გულისა და გონებისათვის...“ ფშავ-ხევსურთა რელიგიურ-სარწმუნოებრივი ცხოვრების შესახებ ეპისკოპოს ანტონის მიერ გაკეთებულმა დასკვნებმა ვაჟა-ფშაველა გაანაწყენა და ამის გამო მან 1914 წელს კრიტიკული წერილიც გამოაქვეყნა.
მეუფე ანტონის თქმით: „ხევსური და ფშაველი ინტენსიური ცხოვრებით ცხოვრობს იმ არამართლმადიდებლური რელიგიური იდეის გარემოში, რომელიც ახლობელი და გასაგებია ამ ბუნების შვილის ველური სულისათვის. მასში გასაოცრად დიდია ზეციური კურთხევის წყურვილი, ზებუნებრივთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ხევსური წლობით ცხოვრობს მღვდლის გარეშე: გინდ ყოფილა ეს უკანასკნელი და გინდ არა, მისთვის სულერთია, მაგრამ „დეკანოზის“ გარეშე ერთი დღეც არ შეუძლია. ეპისკოპოსმა ანტონმა პირადად გაიცნო ე.წ. „დეკანოზები“ და ამხილა ისინი, რის შესახებაც თავად მოგვითხრობს: „იმისთვის, რომ უფრო ახლოს გავცნობოდი ამ ქურუმთა ინსტიტუტს, შევეცადე მენახა „ხევისბერები““.
ეპისკოპოსი ანტონი დაუფარავად საუბრობს და ამხელს ფშავ-ხევსურთა შორის გავრცელებულ რელიგიურ „დოგმებს“ და წერს: „იმაზე, თუ რა კულტურულ გავლენას ახდენს „დეკანოზების“ რელიგიური დოგმა ფშავთა და ხევსურთა ყოფა-ცხოვრებაზე, შეიძლება მეტყველებდეს იქაური ქალების დამცირებული მდგომარეობა. ხევსური ქალი უსაზღვროდ დაბალი არსებაა მამაკაცთან შედარებით. მამაკაცები ზოგჯერ მაინც შემოიხედავენ ხოლმე მართლმადიდებლურ ტაძარში; ქალები კი ეკლესიის გალავანშიც კი არ შემოდიან. ფეხმძიმობისას ქალი უწმინდურად ითვლება. ნაკელისა და ნაგვის გროვაში ითხრება ფიცრებით დაფარული ორმო, შესასვლელად დატოვებული ღიობით. იქ ათავსებენ ქალს მშობიარობის მოახლოებისას. იმ ადგილას საკვებით შესვლაც კი წაბილწვად ითვლება“. საბოლოოდ, მეუფე ანტონმა შემდეგი დასკვნა გამოიტანა: „ჩემ მიერ ნანახის საფუძველზე დავრწმუნდი, რომ ფშავ-ხევსურეთი წარმოადგენს ისეთ ადგილს, სადაც ქრისტიანობა საჭიროებს არა მარტო აღდგენას, არამედ თავიდან დამკვიდრებას; რომ ეს ჩვენგან მოწყვეტილი მხარე ელოდება თავის მოციქულებს“.
მიტროპოლიტ ანტონის (გიორგაძე) ქადაგებები დღემდე საარქივო დოკუმენტებმა და საუკუნის წინანდელმა პრესის გახუნებულმა ფურცლებმა შემოინახეს. ჩვენამდე მოღწეული სიტყვებიდან და ქადაგებებიდან ირკვევა, რომ ისინი წარმოთქმულია რომელიმე საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდანთა ხსენების დღეებში („სიტყვა წმიდა აბო თბილელის დღეს“; „მოძღვრება წმიდა იოანე ზედაზნელის და მისთა მოწაფეთა ხსენების დღეს“; „სიტყვა ხელმწიფე იმპერატორის დაბადების დღეს“; „მილოცვა მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, კირიონ მეორეს“; „სიტყვა პოეტ იროდიონ ევდოშვილის დასაფლავებაზე“; „სიტყვა კირიონ მეორის გარდაცვალების გამო“ და სხვ.). მიტროპოლიტ ანტონის მიერ წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებები საინტერესოა ჰომილეტიკური, ეგზეგეტიკური თვალსაზრისით, მათში ვხვდებით ეპიზოდებს საქართველოს ეკლესიის შორეული წარსულიდან. ავტორს მოჰყავს საგულისხმო ფაქტები, შედარებები, მაგალითები.
მიტროპოლიტ ანტონის შესახებ მისი თანამედროვე ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორი, იოსებ იმედაშვილი წერდა: „მისი ქადაგების საგანი იყო ჩვენი დაცემული სამშობლოს გამოფხიზლება, ერში მოქალაქეობრივ აზრთა გაღვივება, სამშობლოსათვის თავდადება, ზნეობით ამაღლება, საზოგადოებრივ გრძნობათა აღძრვა და სხვა... ყოველ მოვლენას, ყოველ ზოგად შემთხვევას შესაფერი სიტყვით განმარტავდა, მრევლს შთააგონებდა, მაგრამ ნათქვამის დაბეჭდვა კი არ უყვარდა, ამით თითქო მოკრძალებას იჩენდა... სხვათა შორის, თავისი გაბედულობით და პირდაპირობით, შესანიშნავი იყო მისი სიტყვები აკაკის კუბოს წინაშე, მთაწმიდაში ილიას წლისთავზე და სხვა კირიონ კათალიკოსის კუბოს წინაშე და სხვა“.
დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) მიტროპოლიტ ანტონის დაკრძალვის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში მას მჭევრმეტყველი უწოდა: „მეუფეო წმიდაო! მღვდელმთავრები წინადაც გარდაგვცვლია, მაგრამ ასეთი გულწრფელი მწუხარება იშვიათად განგვიცდია... ნუთუ მით მიიქციე ქართველთა ყურადღება, რომ იყავ მჭევრმეტყველი მქადაგებელი? სიყრმის მეგობარო! გაბრიელ ფილოსოფოს-ოქროპირის მომსწრეთ და თანამემამულეთ, განა ვინმე გააკვირვებს ენამზეობით?“
1918 წელს გაზეთი „საქართველო“ წერდა: „ანტონ მიტროპოლიტი ცნობილია, როგორც პრაქტიკული მოღვაწე და პირველხარისხოვანი გომილეტიკი. მცოდნე ქართული ენისა და საეკლესიო და საერო ლიტერატურისა, დაჯილდოებული უხვად ორატორული ნიჭით, მიტროპოლიტი დიდს შთაბეჭდილებას სტოვებდა ქადაგებებით“.
3 -გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
• ლორთქიფანიძე, ი.: XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან - ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე): ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი, 2019 წ.
• ლორთქიფანიძე, ი.: მკვლელობა თუ გარდაცვალება?! ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონის (გიორგაძე) გარდაცვალების საკითხისათვის, კრებულში: ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება, რედ.: თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, თბილისი, 2020 წ., გვ. 57-63.
• საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე №97.
• სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღ. 1. საქმე №192.
• ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონის ბიოგრაფია, ქუთაისში გამგზავრების გამო, გაზეთში: „საქართველო“, №218, 1917 წ.
• Епископ Антоний: Религиозно-этнографический очерк Пшаво-Тушино-Хевсуретий, в: „Духовный Вестник Грузинскаго Экзархата“, Тифлис, №1, 1914 г., ст. 5-10.
• Журналы заседаний Совета Санкт-Петербургской Духовной Академии за 1906-1907 учебный годъ, Санкт-Петербург, 1907 г.