თელავის სემინარია
1 -დაარსება
თელავის სემინარია დაფუძნდა 1782 წელს, თუმცა, ამ ახალი საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სასწავლებლის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა თელავის ფილოსოფიური სკოლა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მაშინდელი მონარქის, ერეკლე II-ისა და კათოლიკოს ანტონ I-ის ინიციატივით დაფუძნდა 1758 წელს; ეს სკოლა თბილისში რამდენიმე წლით ადრე გახსნილი ფილოსოფიური სკოლის მოდელს იმეორებდა. თელავის ფილოსოფიურ სკოლაში ასწავლიდნენ ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, მათემატიკასა და ღვთისმეტყველებას. აღმოსავლეთ საქართველოს ორ მთავარ ქალაქში ფილოსოფიური პროფილის საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობა ცხადად აჩვენებს, რომ იმჟამინდელ საქართველოში ფილოსოფიური ცოდნის და ფართო განათლების მნიშვნელობა კარგად ჰქონდათ გააზრებული. ამ გარემოებას, ერთი მხრივ, განაპირობებდა საქართველოს ინტელექტუალური ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ანტონ I-ის აქტიური საგანმანათლებლო და მწიგნობრული საქმიანობა, რომელმაც XVIII საუკუნის მთელი მეორე ნახევარი მოიცვა და ღრმა კვალი დაატყო იმჟამინდელი ქართული კულტურის განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ერეკლე II-ის თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოში ტრადიციული ცოდნის დარგებისა და ახალი მეცნიერებების განვითარებისადმი.
თელავის ფილოსოფიური სკოლის მნიშვნელობა წარმოჩენილია იმჟამინდელი გავლენიანი საეკლესიო მოღვაწისა და ღვთისმეტყველის ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელის ჩანაწერით, რომელიც თელავის სკოლის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის: „ვიხილენ მრავალნი წარმატებულად ხედვითთა შინა ფილოსოფოსობათა, რამეთუ ბრწყინვალესა ირაკლი მეორესა, დიდსა მეფესა, აღეგო სხოლაჲ ქალაქსა თელავს და მუნით წრთვნილ იყვნენ; და ამასავე მეფესა მოეპოვა სხოლაპეტად და მოძღურად სიბრძნისა ჰარმანთა მღდელი ფილიპპე, რომელი ღირს იყო ესევითარსა მოძღურებისა პატივსა. და ამა მოძღურისა მიერ და ამის ერთისა რჩეულისა მოწაფისა ზაქარიაჲს მიერ მიიღო უღირსოებამანცა ჩემმა წვრთილებაჲ ხედვითა შინა ფილოსოფოსობათა.“ ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელის ამ გადმოცემიდან ნათლად ირკვევა, რომ თელავის სკოლა ფილოსოფიური აზროვნებისა და მწიგნობრობის ძლიერი კერაა, ხოლო აქ მოხსენიებული „მღდელი ფილიპე“ კი ფილოსოფოსი და მთარგმნელი ფილიპე ყაითმაზაშვილია; როგორც ცნობილია, ფილიპე თბილისის ფილოსოფიურ სკოლას ხელმძღვანელობდა, ეს ორი სასწავლებელი კი მჭიდროდ თანამშრომლობდა და იგი თელავის სკოლაშიც მოღვაწეობდა.
სწორედ თელავის ფილოსოფიური სკოლის ბაზაზე ამოქმედდა 1782 წლის მაისში თელავის სემინარია; ამ საქმის მოთავედ კი გვევლინება კვლავაც ანტონ I-ი თავის გამორჩეულ მოწაფესთან, იმჟამად არქიმანდრიტ გაიოზთან ერთად. სემინარიის დაარსება თვისებრივად ახალი სიტყვა იყო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რამდენადაც სემინარია, ერთი მხრივ, წინამორბედი ფილოსოფიური სკოლის, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთის სემინარია-აკადემიების სინთეზურ მოდელს წარმოადგენდა. რუსულ საგანმანათლებლო სივრცეს კარგად იცნობდა როგორც ანტონი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იქ ცხოვრობდა და რუსეთის ეკლესიის ვლადიმირის ეპარქიასაც ხელმძღვანელობდა, ასევე გაიოზიც, რომელიც 1770-იან წლებში ანტონის მხარდაჭერით რუსეთში ცხოვრობდა და განისწავლა წამყვან რუსულ საღვთისმეტყველო სასწავლებლებში - ნეველის სასულიერო სემინარიასა და მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში. ამგვარად, თელავის სემინარიაში ისწავლებოდა როგორც საღვთისმეტყველო ციკლის საგნები (ღვთისმეტყველება, კანონიკა, საეკლესიო ისტორია), ასევე ჰუმანიტარული (გრამატიკა, რიტორიკა, ლოგიკა, მეტაფიზიკა) და საბუნებისმეტყველო (ფიზიკა) საგნები. სემინარიის პირველი რექტორი გაიოზი გახდა.
სემინარია საზეიმოდ გაიხსნა 1782 წლის 28 მაისს, თავად გაიოზ რექტორი სემინარიის გახსნას ასე აღწერს: „მოქმედება დღესასწაულობითი დაწყებასა ზედა ახლისა სემინარიისა ქალაქსა შინა თელავს, თთვესა მაისსა 28, დღესა, შაბათსა, წელსა 1782, დროსა ყოვლად უბრწყინვალესისა და უკეთილმსახურესისა მეფისა ირაკლი მეორისა ყოვლისა საქართველოისა, მამათ-მთავრობასა უწმიდესისა და უნეტარესისა პატრიარხისა და სემინარიისა ამის სრულისა დირეკტორისა და პროტეკტორისა და აქაურთა გნოსისთა დიდასკალოსისა მეფისა ძისა ანტონისა, რომელსაცა მონებრის ერთგულობით მიართმევს ამათ უსამღვდელოესთა პირთა მისვე სემინარიის რეკტორი არხიმანდრიტი გაიოს“. ამ პასაჟიდან კარგად ჩანს, რომ სემინარია სამეფო კარისა და ეკლესიის საერთო ძალისხმევით დაარსდა და ის იმთავითვე ჩაფიქრებული იყო, როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინსტიტუცია.
სემინარიის გახსნის ცერემონიაზე გაიოზ რექტორმა ვრცელი საზეიმო სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების მნიშვნელოვანი იდეებია გაშლილი. აი, ერთი ამონარიდი ამ საყურადღებო სიტყვიდან: „მეცნიერება მოიყვანს კაცს პირველად ცნობისადმი თავისა თავისა თუ რა არს და ვითარი რა არს და ესრეთ ცნობა ესე თავისა თავისისა ხელით ყვანებულ ჰყოფს ამის ცნობისადმი, ვითარმედ ეგე ვითარივე არს კაცი, ვითარცა დასაბამი მისი და წარმომადგენელი ნივთი ე.ი. მიწა, რომლითაცა დაამყუდროებს თავის შორის ყოველსა ზვირთსა ამპარტავნებითისა ღელვისასა და მერმე მიიყვანს მას ამის გამოძიებისადმი თუ რაისთვის დაბადებულ არს იგი შემოქმედისაგან თვისისა და დადგინებულ სოფელსა ამას შინა...“. სწორედ ამგვარი სულისკვეთებით, ღმერთის, სამყაროსა და ადამიანის არსის შემეცნების იდეებით და იდეალებით დაარსდა თელავის სემინარია.
ახალი სემინარია რომ წინამორბედი ფილოსოფიური სკოლის მემკვიდრეობას აღიარებდა და ითვალისწინებდა, კარგად ჩანს გაიოზ რექტორის ქების სიტყვიდან, რომელიც მან სემინარიის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე, გამორჩეულ ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს, ნეკრესელ ეპისკოპოს დოსითეოზს (ჩერქეზიშვილი) მიუძღვნა: „ვითხოვ თქვენის მაღლის ყოვლად-სამღვდელოებისაგან, რათა... ღვთისმსახურებითი კადნიერებაი ეგე თქვენი ხმარებულჰყოთ სიბრძნისა მომცემელისადმი ღვთისა და გამოსთხოოთ გარდამოვლინებად სულისა მას სიბრძნისასა ახლად ნერგთა ამათ ზედა ყრმათა, რომელთაცა ინება ახლად დასხმად სემინარიასა ამას შინა, ადგილსა ამას, ადრითგანვე ბედნიერობითა სწავლულებისათა მდიდარ ქმნილსა, რომლისაცა ჭეშმარიტებასა ჰსწამებს ფრიადი იგი სწავლულება ყოვლად-სამღვდელოებისა თქვენისა და აქა შემოკრებულთა რაოდენთამე სამღვდელოთა პირთა“.
2 -სემინარიის ცხოვრება და გაუქმება
გაიოზ რექტორმა თელავის სემინარიაში ერთი წელი დაჰყო. 1783 წელს იგი რუსეთში გაემგზავრა და იქ განაგრძო მრავალმხრივი ნაყოფიერი მოღვაწეობა; ამავე პერიოდიდან სემინარიას სათავეში ჩაუდგა გამორჩეული ქართველი სწავლული და მწიგნობარი დავით რექტორი, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც სემინარია განათლების ძლიერ ცენტრად ჩამოყალიბდა.
ამ პერიოდის საქართველოში უაღრესად საინტერესო კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრება მიმდინარეობდა, რომელშიც მრავალი აქტიური ქართველი ინტელექტუალი მონაწილეობდა. შეიძლება ითქვას, რომ ინტელექტუალური კუთხით XVIII საუკუნის მეორე ნახევარი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი დრო იყო: ანტონ კათოლიკოსმა შექმნა ფუნდამენტური ფილოსოფიური შრომები, სახელმძღვანელოები და თარგმანები, გაიოზ და დავით რექტორებმა სერიოზული მთარგმნელობითი საქმიანობა გააჩაღეს და მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომიც შექმნეს ისტორიოგრაფიის, გრამატიკის, ლიტერატურისა და ღვთისმეტყველების დარგებში. პლატონ იოსელიანმა, ფილიპე ყაითმაზაშვილმა, ალექსანდრე ამილახვარმა, იოანე და დავით ბაგრატიონებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში ფილოსოფიური აზროვნების აღორძინების საქმეში, ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელმა, დოსითეოზ ჩერქეზიშვილმა, ტიმოთე გაბაშვილმა, იოანე ოსეშვილმა, იოანე პაპუწისშვილმა და იონა ხელაშვილმა საქართველოში რელიგიური აზროვნებისა და ფილოსოფიური ღვთისმეტყველების აღმავლობისათვის ფასდაუდებელი ღვაწლი გასწიეს. ამ მასშტაბური მწიგნობრული და განმანათლებლური საქმის სოლიდური ნაწილი, სასწავლო მასალების სახით, ინერგებოდა თელავის სემინარიაში, რაც სემინარიის არსებობის მყარ თეორიულ დასაყრდენს ქმნიდა.
თელავის სემინარიას სამეფო კარი აფინანსებდა და სემინარისტებს იღებდნენ წოდებრივი და ქონებრივი განსხვავების მიუხედავად. დავითის რექტორობის დროს სემინარიაში მრავალმხრივი საგანმანათლებლო საქმიანობა ხორციელდებოდა: ეწყობოდა ორატორული შეჯიბრებები, ე.ი. ვარჯიშები მჭევრმეტყველებაში, დისპუტები და თეატრალური წარმოდგენებიც კი. დავითი თავადვე ასწავლიდა რამდენიმე საგანს, მათ შორის, გრამატიკას; იოანე ბატონიშვილის თანახმად, „დავითმა ასწავლა სკოლასა შინა თელავს მრავალთა მოწაფეთა საფილოსოფოსო სწავლანი“. დავით რექტორმა სემინარისტების მონაწილეობით შექმნა ლიტერატურული ჯგუფი, სადაც ხშირად იმართებოდა დიდი ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვები, პაექრობები და დისპუტები. თელავის სემინარიაში განისწავლა ქართული სამეფო კარისა და არისტოკრატიის მრავალი წევრი. ამგვარად, თელავის სემინარია, ერთი მხრივ, ზრდიდა მწიგნობართა, ხოლო, მეორე მხრივ, სამეფო მოხელეთა ახალ თაობებს. საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური და საბუნებისმეტყველო საგნების გარდა, სემინარიაში საგანგებოდ ასწავლიდნენ ლიტერატურულ ქართულს (საზეპურო ენა) და რუსულს.
1790-იან წლებში, საქართველოს დასუსტების კვალდაკვალ, სემინარიის მდგომარეობაც გაუარესდა. საბოლოოდ, სემინარიამ არსებობა შეწყვიტა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1801 წელს. ამას ადასტურებს დავით ბატონიშვილის გადმოცემა: „თელავის სემინარიაში სწავლობდნენ მრავალნი კეთილშობილნი და სამღვდელონი ფრიად გულმოდგინედ, ვიდრე დაპყრობამდე რუსთაგან საქართველოისა“. სემინარიის დახურვის ამბავს აღწერს თავად დავით რექტორიც: „მას ჟამსა რუსნი მოვიდეს, იმპერატორებასა ალექსანდრე პირველისასა, ძისა პავლე პირველისა იმპერატორისა, და სხოლა შეურაცხყვეს და სადა სახელი ღვთისა იქადაგებოდა, ჰყვეს ქვაბ ავაზაკთა, ხოლო მე პირადპირადნი განსაცდელნი შემამთხვივნეს და მრავალნი ბოროტნი მოაწივნეს ჩემზედა. რექტორი დავით, თვესა ივნისსა, ქორონიკონსა უპთ (1801 წ.)“.
3 -გამოყენებული ლიტერატურა
• დარჩია, მ. გაიოზ რექტორი, თბილისი, 1987 წ.
• კეკელიძე, კ. ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1951 წ.
• მთვარელიშვილი, ნ. თელავის სემინარია და პირველი მისი რექტორი გაიოზ ნაცვლიშვილი (1746-1819), ნაწილი I, „ივერია“, # 8 (1881 წ.), გვ. 90-117.
• მთვარელიშვილი, ნ. თელავის სემინარია და პირველი მისი რექტორი გაიოზ ნაცვლიშვილი (1746-1819), ნაწილი II, „ივერია“, # 9 (1881 წ.), გვ. 98-118.
• მთვარელიშვილი, ნ. თელავის სემინარია და პირველი მისი რექტორი გაიოზ ნაცვლიშვილი (1746-1819), ნაწილი III, „ივერია“, # 10 (1881 წ.), გვ. 135-154.
• ხუროშვილი, გ. გაიოზ რექტორი და კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის აღორძინება ახალი დროის ქართულ აზროვნებაში, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 2 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 65-69.
• ხუროშვილი, გ. დავით რექტორი და ახალი დროის ქართული აზროვნება, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 3 (თბილისი, 2014 წ.), გვ. 86-90.