ღმერთის არსებობის არგუმენტები ქართულ აზროვნებაში
1 -ღმერთის არსებობის მტკიცებულებათა მოკლე ისტორია
ღმერთის არსებობის მტკიცებულებას ფილოსოფიისა და თეოლოგიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამის თვალსაჩინო მაგალითია არგუმენტაციათა მთელი წყება ღმერთის არსებობისა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი კოსმოლოგიური, ტელეოლოგიური და ონტოლოგიური არგუმენტებია.
ღმერთის არსებობის მტკიცებულებათა საფუძვლები ანტიკურ ფილოსოფიაში უნდა ვეძიოთ. უწინარეს ყოვლისა, აქ საგულისხმოა პლატონი და არისტოტელე, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეებზე. განსაკუთრებით საგულისხმოა არისტოტელეს „მეტაფიზიკა“, რომელშიც იგი ავითარებს შეხედულებებს პირველმამოძრავებლის შესახებ. ამ კონცეფციამ დიდი გავლენა იქონია შემდგომ ეპოქებში ღმერთის არსებობის მტკიცებულებებზე. ასევე მნიშვნელოვანია პლატონის დიალოგები, მაგალითად, „პარმენიდე“, სადაც ერთისა და სიმრავლის შესახებ მსჯელობებია განვითარებული. პლატონის ამ კონცეფციამ მოგვიანებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ნეოპლატონიკოს ფილოსოფოსთა შეხედულებებზე. ნეოპლატონიზმი არისტოტელეს დიდ გავლენასაც განიცდიდა. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთის არსებობის მტკიცებულებები სწორედ ნეოპლატონიზმში ტრანსფორმირებული პლატონისა და არისტოტელეს იდეებით იკვებებოდა ყველაზე ხშირად. სწორედ ნეოპლატონურმა ფილოსოფიამ შესთავაზა კაცობრიობას მონისტური პრინციპის ყველაზე დამაჯერებელი ახსნა, რის საფუძველზეც ნეოპლატონური პირველმიზეზი, ანტიკური ხანის რჩეული ფილოსოფიური იდეების ნაზავს რომ წარმოადგენს, ფართოდ იქნა ათვისებული და გათავისებული იმ მრავალი მოაზროვნის მიერ, საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის არსებობის მტკიცებას რომ ცდილობდა. ცხადია, ზემოჩამოთვლილი ანტიკური ხანის ფილოსოფიური კონცეპტები არ წარმოადგენდა საკუთრივ ღმერთის არსებობის დასაბუთებას, თუმცა, რამდენადაც ის პირველმიზეზის, ყოველივეს საწყისის შესახებ სწავლებას წარმოადგენდა, ღმერთის არსებობის მტკიცებათა განხილვა სწორედ ამ პირველწყაროებით უნდა დავიწყოთ.
გარდა ზემოჩამოთვლილი წყაროებისა, ღმერთის არსებობის ფილოსოფიურ მტკიცებულებათა საწყისები რელიგიურ საკრალურ ტექსტებშიც უნდა ვეძიოთ, მაგალითად, ძველ და ახალ აღთქმათა წიგნებში. ჯერ კიდევ ფსალმუნთა წიგნში ვხვდებით გარესამყაროს მეშვეობით მის შემოქმედზე, ღმერთზე მითითებას: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფს. 18.1). საგულისხმოა 103-ე ფსალმუნიც, სადაც სამყაროში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებაა აღწერილი, რომელიც მის გონიერ შემოქმედზე მიუთითებს: „შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი... რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია...“ (ფს. 103.19, 24). გარესამყაროს მიხედვით შემოქმედზე მითითებებს ვხვდებით ახალ აღთქმაშიც. კერძოდ, პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში შეგვაგონებს: „მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება...“ (რომ. 1.20). ზემოხსენებული ფრაგმენტები გვთავაზობენ მოსაზრებებს, რომელთა თანახმადაც სამყარო მეტყველებს თავის შემოქმედზე.
ღმერთის არსებობის მტკიცებულებებს პირობითად ორ ჯგუფად დავყოფთ: აპოსტერიორულ და აპრიორულ არგუმენტებად. პირველი მათგანი გულისხმობს დასკვნის გაკეთებას გარე გამოცდილების საფუძველზე, რაც მოიცავს ადამიანის მიერ გარესამყაროს აღქმას. მეორე კი ადამიანის ცნობიერების ანალიზს ეფუძნება ყოველგვარი გარეგამოცდილების გარეშე. აქ უნდა ვიგულისხმოთ ცნების, აზროვნების ან კიდევ საკუთარი არსებობის გაცნობიერება და ამის მეშვეობით ღმერთის არსებობის დასაბუთება.
ღმერთის არსებობის მტკიცებულებებმა განსაკუთრებით შუა საუკუნეების ქრისტიანულ ფილოსოფიაში მოიკიდა ფეხი. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში არისტიდე ათენელი „აპოლოგიაში“ (თავი 1) წერდა ღმერთის, როგორც პირველმამოძრავებლის შესახებ. გარდა ამისა, მასთან ვხვდებით სამყაროს გონიერი მოწყობის მოდელსაც. ყველა არსი სამყაროში გარკვეულ წესრიგშია მოყვანილი, რაც ცხადყოფს ამ წესრიგის გონიერ შემოქმედს, რომელიც არის ღმერთი. ამგვარი არგუმენტაციები ღმერთის არსებობისა, ზემოხსენებული დაყოფის მიხედვით აპოსტერიორულ არგუმენტებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ.
ღმერთის არსებობის არგუმენტაციის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ნეტარი ავგუსტინე (354-430 წწ.), რომელიც ქრისტიანული მოძღვრებისა და ნეოპლატონური ფილოსოფიის შესანიშნავ სინთეზს გვთავაზობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დიდი მოძრაობა, რომელიც შუა საუკუნეებში განვითარდა ღმერთის არსებობის არგუმენტაციის საქმეში, დასაბამს სწორედ ავგუსტინეს ნააზრევიდან იღებს. ავგუსტინე ღმერთის არსებობის დასაბუთების ორივე ტიპს გვთავაზობს. მაგალითად, თავის ადრეულ თხზულებაში „მონოლოგები“, სადაც ის თვითრეფლექსიის ფილოსოფიურ გააზრებას გვთავაზობს, ის საკუთარი ცნობიერების ანალიზის მეშვეობით ჭეშმარიტების კატეგორიაზე მიგვითითებს, რომელიც არის სწორედ ღმერთი. თვითრეფლექსიის მეშვეობით ის ღმერთზე სხვაგანაც მსჯელობს, მაგალითად, წიგნში „სამების შესახებ“, სადაც ადამიანის ტრინიტარული სტრუქტურის გააზრების შედეგად სამპიროვანი ღმერთის შესახებ საუბრობს. თვითრეფლექსიის გზით ღმერთის არსებობაზე მითითება აპრიორულ არგუმენტაციას წარმოადგენს.
ავგუსტინესთან ასევე უხვად ვხვდებით ღმერთის არსებობის აპოსტერიორულ არგუმენტებსაც. ეს არაერთხელ იკითხება მის საყოველთაოდ განთქმულ ბიოგრაფიულ თხზულებაში „აღსარებანი“. ავგუსტინე მრავალგზის (მაგალითად, ამ ნაშრომის X წიგნში) საუბრობს იმის შესახებ, რომ შექმნილი სამყარო ღმერთზე მიუთითებს. მთელი სამყარო გახლავთ გამოხატულება ღმერთის არსებობისა. ავგუსტინესთან წინ მოდის შემოქმედი-ქმნილების მიმართება. ქმნილება, რამდენადაც ქმნილებაა, საკუთარ თავში შემოქმედის კვალს ატარებს. ეს მის თხზულებებში სხვადასხვა ფორმით ვლინდება, წესრიგის, სიკეთისა და მშვენიერების სხვადასხვა ხარისხისა და სხვა სახით. საგულისხმოა ასევე, რომ ავგუსტინესთან ზემოხსენებულ ორ პირობით ფორმასთან ერთად ღმერთის არსებობის მტკიცებულებისა, ვხვდებით შუალედურ ფორმასაც. მაგალითად, ასეთს წარმოადგენს საკუთარი ცნობიერების მიერ მიღებული გარეგამოცდილების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნა ღმერთის არსებობის შესახებ.
ღმერთის არსებობის მტკიცებულებათა შორის საგანგებო ადგილს იკავებს ანსელმ კენტერბერიელის (1033-1109 წწ.) მიერ შემუშავებული ონტოლოგიური არგუმენტი, რომლის თანახმადაც, რამდენადაც ღმერთზე აღმატებულის მოაზრება შეუძლებელია, მას, მასზე ნაკლებ საგნებთან შედარებით არსებობაც უნდა ჰქონდეს. ეს აპრიორული არგუმენტაციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. აქ ღმერთის არსებობის მტკიცებულება თავად ღმერთის ცნებიდანაა გამოყვანილი ყოველგვარი გარე გამოცდილების გარეშე.
ონტოლოგიურ არგუმენტს ანსელმი თავის „პროსლოგიონში“ ავითარებს, მანამდე კი იგი „მონოლოგიონში“ კოსმოლოგიურ არგუმენტსაც გვთავაზობს. „პროსლოგიონს“ მორმუტიელი ბერი, გაუნილო გამოეხმაურა თავისი კრიტიკით (ის მიიჩნევდა, რომ სრულყოფილება სულაც არ გულისხმობს არსებობას), რომელსაც ანსელმმა საგანგებო თხზულებით უპასუხა. ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტის შესახებ ეს მიმოწერა იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ დღესდღეობით, უმეტეს შემთხვევაში, ის ერთად გამოიცემა კიდეც.
ღმერთის არსებობის მტკიცებულებათა ისტორიაში მნიშვნელოვანია თომა აქვინელის (1225-1274 წწ.) მიერ შემუშავებული ხუთი არგუმენტიც. თომა არისტოტელური ფილოსოფიის დიდ გავლენას განიცდიდა, რაც ამ არგუმენტებზეც აისახა. პირველი მათგანი პირველმამოძრავებლის იდეას ეყრდნობა, მეორე პირველმიზეზისას, მესამე შესაძლო და აუცილებელ არსებულებზე მსჯელობს, სადაც მეორე პირველისთვის ყოფიერების მიმცემია. შესაბამისად, საჭიროა სულ მცირე ერთი აუცილებლობით არსებული, რათა რაიმე საერთოდ არსებობდეს. აუცილებელ არსებულებს შორის თომა ისეთ არსებულებს გამოყავს, რომლებსაც არსებობა საკუთარი თავიდან აქვთ. უსასრულობაში რეგრესის უარყოფით თომა მიდის ერთ აუცილებლობით არსებულამდე, რომელიც არის ღმერთი. მეოთხე არგუმენტი სრულყოფილ არსებას მოიაზრებს. რამდენადაც სამყაროში არსებობს სხვაობა სრულყოფილებაში, მაგალითად, მშვენიერებაში, სიკეთეში და ა.შ., შესაბამისად, არსებობს მათი საზომი, სრულყოფილი არსი, რომელიც არის ღმერთი. რაც შეეხება მეხუთე არგუმენტს, ის ყოველი არსებულის საბოლოო, ფინალურ მიზანს ეხება. ასეთი მიზნობრიობა სამყაროში მის გონიერ შემოქმედზე, ღმერთზე მიუთითებს.
ღმერთის არსებობის არგუმენტები მრავალმხრივი დისკუსიის საგანი იყო ახალ დროშიც. მაგალითად, სხვადასხვა ფორმით, მათ ვხვდებით რენე დეკარტის (1596-1650 წწ.), გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის (1646-1716 წწ.) და სხვა დიდი მოაზროვნეების ფილოსოფიაში. ხშირი იყო მათი კრიტიკაც. ამ არგუმენტების ეპოქალურ კრიტიკას ვხვდებით იმანუელ კანტის (1724-1804 წწ.) განთქმულ ნაშრომში „წმინდა გონების კრიტიკა“ (1781 წ.), სადაც გაკრიტიკებულია კოსმოლოგიური, ტელეოლოგიური და ონტოლოგიური არგუმენტები. თავად კანტის ფილოსოფიიდან სათავეს იღებს ახალი, ე.წ. „მორალური არგუმენტი“, რომელიც ღმერთის არსებობას ადამიანში მორალური ქმედების საფუძველზე წმინდა პრაქტიკული გონების პოსტულატად მოიაზრებს (მოცემული არგუმენტი თავად კანტთან ირიბ ფორმას ატარებს, თუმცა კი, მისი რეცეფცია აქტიურად მოხდა XIX-XX საუკუნეების თეოლოგიაში). ონტოლოგიური არგუმენტის რეცეფციას და დადებით შეფასებას ვხვდებით გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის (1770-1831 წწ.) ფილოსოფიაში. ღმერთის არსებობის მტკიცება აქტუალურია თანამედროვე ფილოსოფიაშიც. მაგალითად, მათ აქტიურად განიხილავს ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსი ალვინ პლანტინგა. მის თხზულებებში მოცემულია კოსმოლოგიური და ტელეოლოგიური არგუმენტების კრიტიკას, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ონტოლოგიური არგუმენტი მის ფილოსოფიაში გამართლებულია და, სულაც, ახალ სიცოცხლეს იძენს.
2 -შუა საუკუნეების ქართული აზროვნება
ღმერთის არსებობის მტკიცებულებები სათანადოდაა წარმოდგენილი შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიაშიც. გამომდინარე ანტიკური ფილოსოფიური წყაროებიდან და, ასევე, შუა საუკუნეების ქრისტიანი მამების გავლენიდან, მათ ქართულ აზროვნებაშიც ვხდებით სხვადასხვა ფორმით. პროფ. თენგიზ ირემაძის თანახმად, „ქართული ფილოსოფია თავისი არსით ქრისტიანული ფილოსოფიაა“ (თ. ირემაძე, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია, გვ. 62); შესაბამისად, ღმერთის არსებობის მტკიცებულებანიც ქრისტიანული რელიგიის ჭრილშია წარმოდგენილი.
ამ საკითხის ჭრილში ქართულ ფილოსოფიაზე საუბრისას უპირველესად უნდა გამოვყოთ იოანე დამასკელის (675-749 წწ.) ფილოსოფიური ნააზრევი. იოანე დამასკელის ტრილოგიის „ცოდნის წყარო“ მესამე ნაწილი „გარდამოცემა“ ქართულად ჯერ კიდევ ექვთიმე ათონელმა (X-XI სს.) თარგმნა. შემდგომ, XI–XII სს.-ის მიჯნაზე, ქართულად ორჯერ ითარგმნა ტრილოგიის ორი ნაწილი, „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა“ (პირველად ეფრემ მცირის, ხოლო შემდგომ არსენ იყალთოელის მიერ). იოანე დამასკელის „გარდამოცემაში“ ღმერთის არსებობის რამდენიმე მტკიცებულებას ვხვდებით. უპირველესად, ის ღმერთის არსებობის აპრიორულ მტკიცებულებაზე მიუთითებს: ღმერთის არსებობის შესახებ ცოდნა ადამიანისთვის ბუნებრივია. თუმცა, ადამიანის მანკიერებათა გამო საჭირო ხდება ამის მტკიცება აპოსტერიორული გზებით. არისტოტელეს გავლენით, დამასკელი კოსმოლოგიურ არგუმენტს გვთავაზობს - იგი უქმნელ და ქმნილ არსებზე საუბრობს. ქმნილი არსები ცვალებადნი არიან, უქმნელი არსი კი უცვალებელია. ქმნილი არსი აუცილებლობით საჭიროებს თავის შემოქმედს. თუკი ეს შემოქმედიც შექმნილია, მაშინ მასაც სჭირდება თავისი შემოქმედი. დამასკელი ეწინააღმდეგება უსასრულობაში რეგრესს - უკანასკნელი რგოლი ამ ჯაჭვისა უნდა იყოს უქმნელი არსი, რომელიც უცვალებელია. ეს არის სწორედ ღმერთი. გარდა ამისა, იოანე დამასკელი საუბრობს სამყაროში არსებულ წესრიგზეც, რომელიც გონიერ შემოქმედს საჭიროებს. ესეც ღმერთის არსებობის მტკიცებულება გახლავთ. იოანე დამასკელის შეხედულებათა განხილვა ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც მისი გავლენა ქართულ ქრისტიანულ აზროვნებაზე განუზომელია.
შუა საუკუნეების ქართული თარგმანებიდან უნდა მოხდეს „სიბრძნე ბალავარისი“-ს შედარებით ადრეული თარგმანების (პირველი, ვრცელი ვერსია შესრულდა IX საუკუნის დამდეგს, მეორე კი, მოკლე, X საუკუნის დამდეგს) აღნიშვნაც. თხზულებაში, რომელიც ქრისტიანულ ძეგლს წარმოადგენს და სარწმუნოებრივ სწავლებებს მოიცავს, წარმოდგენილია დებულებები, რომელთა თანახმადაც მტკიცდება ღმერთის არსებობა. იოდასაფის კითხვაზე - „რაჲ დაამტკიცებს ცნობასა ღმრთისასა?“ - ბალავარის პასუხი შემდეგია: „ცანი და ქუეყანაჲ და ყოველი, რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა, სულიერნი და გუამნი. და რამეთუ უკუეთუ იხილო ჭურჭელი რაჲმე შექმნილი, დაღათუმცა მოქმედი არა ჰნახე, სწამევე, ვითარმედ უვის შემოქმედი. და ეგრეცა ნაშენები, დაღაცათუ მაშენებელი ვერ იხილო, არამედ გონებაჲ წამებს, ვითარმედ უვის მაშენებელი. ხოლო მე, რაჟამს ვიხილე თავი ჩემი და განვიცადე აგებულებაჲ ჩემი, ვცან რამეთუ მივის შემოქმედი და ვითარცა ენება, დამბადა და გამომხატა თჳნიერ კითხვისა ჩემისა“ (ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, გვ. 288). აქ გარესამყაროს მეშვეობით ღმერთის არსებობის არგუმენტს ვხვდებით, „ცა და ქვეყანა“ კი სამყაროს წესრიგის გამომხატველი ცნებებია. ვფიქრობთ, ძველ და ახალ აღთქმაში მრავალგზის გამოყენებული ამგვარი ფორმულირება წარმოადგენს მითითებას ღმერთის მტკიცებისა შემდეგი სახით: ხილული სამყარო თავის თავში მოიცავს ერთგვარ ჰარმონიას, ყოველივე გარკვეულ წესრიგს განასახიერებს. ეს შეიძლება ითქვას ციურ მნათობებზე (რომელთა ღმერთის მიერ შექმნაც არაერთხელაა ხაზგასმული წმინდა წერილში: „ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი“ (ფს. 135.5); „ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი“ (საქმ. 17.24) და სხვ.), ასევე, მიწიერ სხეულებზეც. ეს წესრიგი მიუთითებს მის გონიერ მომწესრიგებელზე. ამგვარად, ღმერთის ცისა და მიწის შემოქმედად სახელდება ირიბი მითითებაა წესრიგზე, რომელიც სამყაროშია განფენილი. თავად წესრიგი კი გულისხმობს გონიერ შემოქმედს, რომელიც უზრუნველყოფს წესრიგს - ღმერთს.
როგორც აღინიშნა, ღმერთის არსებობის მტკიცებულებანი ყველაზე ჭარბად ნეოპლატონიზმში ტრანფორმირებული პლატონის და არისტოტელეს მოძღვრებებიდან იღებს დასაბამს. ნეოპლატონიზმის მწვერვალს პროკლე დიადოხოსის ფილოსოფია წარმოადგენს, რომლის ნააზრევიც ერთგვარი შეჯამებაა ანტიკური სიბრძნის საუკეთესო ნიმუშებისა. პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის საწყისები“ ქართულად იოანე პეტრიწის მიერ ითარგმნა, რომელმაც ამ დიდი მოაზროვნის თხზულებას კომენტარებიც დაურთო. სწორედ ამ თარგმანისა და კომენტარის წყალობით გახდა ქართველი მკითხველისთვის შესაძლებელი ანტიკური ფილოსოფიის შესამაჯამებელი კონცეფციების გაცნობა.
პროკლეს „თეოლოგიის საწყისები“ გახლავთ მოძღვრება პირველერთის შესახებ. ეს სწავლება სათავეს პლატონის „პარმენიდედან“ იღებს. ერთი, რომელიც ყველაფრისგან განყენებულია, გახლავთ ყოველივეს სათავე. პროკლესთან დაწვრილებითაა წარმოდგენილი სამყაროს იერარქიული სტრუქტურა, რომელიც ნეოპლატონიკოს ფილოსოფოსთა მიერ შემუშავდა: ერთიდან გამომდინარეობს ინტელიგიბელური არსები, მათგან კი უკვე იგება სამყარო. ეს სტრუქტურა გახლავთ ერთგვარი გადალახვა პლატონის ე.წ. დუალიზმისა. პლატონის ფილოსოფიაში ვხვდებით იდეათა სამყაროს, რომელიც უცვლელი, მარადიული არსებისგან შედგება. ეს სამყარო გამიჯნულია მატერიალური სამყაროსგან. ნეოპლატონიკოსებთან და, მათ შორის, პროკლესთან კი ამ ორ სამყაროს შორის კავშირი დამყარებულია იერარქიული სტრუქტურით. ერთი დაცლილია ყოველგვარი შინაარსისგან და წარმოადგენს წმინდა მყოფს. სწორედ მასთან ზიარების მეშვეობით იღებს ყოველივე მყოფობას.
იოანე პეტრიწი თავის კომენტარში დაწვრილებით განმარტავს პროკლეს შეხედულებებს. ღმერთის არსებობის მტკიცებულებათა კონტექსტში საყურადღებოა მოძღვრება პირველმიზეზის შესახებ. იერარქიული სტრუქტურის წევრებს ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება აქვთ - თითოეულ წევრს აქვს თავისი მიზეზი და, ასევე, შედეგიც სხვა არსებულის სახით. ამ ჯაჭვის პირველ საფეხურს წარმოადგენს უმიზეზო მიზეზი - ერთი. გარდა ამისა, საყურადღებოა „ერთებრიობის“ კონცეფციაც. პეტრიწი საგანგებოდ საუბრობს ყოველ არსში აღბეჭდილ ერთისადმი მსგავსებაზე. ყოველი არსი, რამდენადაც არსია, არის ერთებრიობის მატარებელი. ეს გულისხმობს, რომ ყოველივეს პირველმიზეზი იკითხება ყოველ არსებულში. თავად არსებულთა არსებობა მტკიცებაა პირველერთის არსებობისა. შესაბამისად, აქ მტკიცდება ერთი პირველმიზეზის არსებობა, რომელსაც არ მიეწერება არავითარი პრედიკატი, ის გახლავთ „წმინდა“ და „უზადო“ ერთი. არსებობა აქ უიგივდება სიკეთეს, რის საფუძველზეც უმაღლესი სიკეთე ყოველივეს მიზეზი და ერთის იგივეობრივი გამოდის. პეტრიწის კონცეფცია წარმოადგენს პირველმიზეზის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებას და, ამდენად, ღმერთის არსებობის დასაბუთებას. ამ ტიპის მონისტური კონცეფცია, რომელიც სამყაროს ერთ პირველსაწყისს გულისხმობს, საუკეთესო პლატფორმაა ქრისტიანული მოძღვრებისთვის, რომ მან ყოვლადკეთილი ერთი ღმერთის შესახებ ამტკიცოს.
3 -ახალი დროის ქართული ფილოსოფია
ღმერთის არსებობის მტკიცებას დიდი ადგილი უკავია ახალი დროის ქართულ აზროვნებაში. აქ უპირველესად უნდა ვისაუბროთ იოანე პეტრიწის გავლენის შესახებ ამ ეპოქის ქართველ მოაზროვნეებზე. იოანე პეტრიწი გვევლინება „პარადიგმატულ ავტორად“ (თ. ირემაძე, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია, გვ. 47-50), რომლის იდეებიც წარმოადგენს მთავარ ორიენტირს ამ პერიოდის ქართული ფილოსოფიის ფორმირებაში. ამის ნათელი მაგალითია ანტონ I-ის (ბაგრატიონი) (1720-1788 წწ.) შემოქმედება. მისი თხზულება „სპეკალი“, რომელიც მეტაფიზიკური შინაარსის მატარებელია, სწორედ რომ იოანე პეტრიწის ფილოსოფიის კვალს ატარებს. აქ ვხდებით პლატონის, არისტოტელეს, პორფირიოსის, პროკლეს და სხვათა იდეების საინტერესო ინტერპრეტაციებს. ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფიის აქტიური რეცეფციისა და ტრანსფორმაციის საფუძველზე საშუალება გვაქვს, რომ ანტონის ფილოსოფია ღმერთის არსებობის მტკიცებულებათა კონტექსტშიც განვიხილოთ.
როგორც აღინიშნა, ანტონი პეტრიწის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. შესაბამისად, მასთან მოხდა იმ იდეების ათვისებაც, რომლებიც პირველმიზეზის შესახებ მოგვითხრობს. „მიზეზი“ და „მიზეზოანი“ ანტონის ონტოლოგიაში უმთავრეს კატეგორიებს წარმოადგენს. ყოველ არსს თავისი მიზეზი გააჩნია. ამგვარი მიზეზ-შედეგობრიობა ქმნის იერარქიულ წყობას, სადაც მატერიისგან ინტელიგიბელური არსებისკენ აღმასვლა ხდება. ყოველივეს მიზეზი და იერარქიული კიბის დასარული (ან დასაწყისი) კი გახლავთ „უმიზეზო“, „ზესთაერთი“, რომელიც საკუთარი თავის მიზეზს წარმოადგენს. მიზეზსა და შედეგს შორის ურთიერთკავშირი არსებობს - მიზეზი იკითხება შედეგში, ისევე როგორც შედეგი მიზეზში. რაც შეეხება პირველმიზეზს, ის არაფრითაა განპირობებული, თავადაა თავისი თავის მიზეზი და არაფერს ეზიარება, ყოველივე კი მისგან იღებს არსებობას: „მიზეზი მიზეზოანსა შორის განიცდების, ვისდაცა იყოს მიზეზ და მიზეზოანი - მიზეზსა შორის... ხოლო უმიზეზო ზესთა ძეს ამათ ყოველთა და ითქმის იგი უმიზეზოდ მიზეზად... დაღათუ წარმოაარსებს ერთი სიმრავლესა მყოფთასა, არამედ თანააღურეველად დაიცავს თვისსა მიზეზობასა“ (ანტონ პირველი, სპეკალი, გვ. 160). ანტონ ბაგრატიონის ონტოლოგიური კონცეფცია ღმერთის არსებობის კოსმოლოგიური არგუმენტის ბაზისს წარმოადგენს, რამდენადაც აქ ყოველივე არსებულის ბუნების გაცნობიერებით ხდება უმაღლესი პირველმიზეზის დადგენა, რომელიც თავად გახლავთ საკუთარი არსებობის განმაპირობებელი.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ახალი დროის ფილოსოფიური ღვთისმეტყველების წარმომადგენლის, იონა ხელაშვილის (1778-1837 წწ.) შემოქმედებაც. მისი „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი“ (1826 წ.) ქრისტიანულ მეტაფიზიკურ მოძღვრებას წარმოადგენს, სადაც ქართულ მეტაფიზიკურ აზროვნებაში დამკვიდრებული ფილოსოფიური იდეები შერწყმულია ქრისტიანულ სარწმუნოებრივ დებულებებთან. ხელაშვილის მოძღვრებაშიც, უპირველესად, წინ მიზეზ-შედეგობრივი მიმართება მოდის, რის საფუძველზეც ეს მოაზროვნე ღმერთის არსებობის კოსმოლოგიურ თეორიას ავითარებს; მისი აზრით, ყოველი ქმნილება მეტყველებს თავის გვარზე, შემდგომ უფრო ზოგად გვარზე და, საბოლოოდ, თავად არსთა მიზეზზე: „და ესრეთითა სარკეობითა პეტრე პირუჱლი არსება არს, რომელსა შორის ყოველნივე იხილუჱბიან. და თჳთ უმაღლესიცა არსება ბრძენი, ყოვლადძლიერი, განიჭვრიტების. ამად ყოველნი ქმნულნი კანკელ ჩუჱნდა არიან, მაღლისა ცნობად...“ (იონა ხელაშვილი, ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი, გვ. 43). გარდა ამისა, ხელაშვილთან ვხვდებით ტელეოლოგიური არგუმენტსაც. სამყარო შემთხვევითობის პრინციპს არ ეფუძნება, მასში ყოველი არსებული გარკვეულ წესრიგს ემორჩილება, რომლის შემოქმედიც გახლავთ ღმერთი: „რამეთუ სოფელი არა არს შემთხვევითი მაშინა და ფერნი, არამედ ნებამან მაღლისამან ოდესაც ინება მყისუჱ ქმნა... (იქვე, გვ. 43). ცხადია, რომ იონა ხელაშვილის ფილოსოფიური ღვთისმეტყველებაც სამყაროს აგებულებაში ღმერთის არსებობის კვალის დანახვას ემსახურება.
ღმერთის არსებობის მტკიცებულებებს ვხვდებით იოანე ბაგრატიონთანაც (1768-1830 წწ.). მისი „კალმასობა“ (1813-1828 წწ.) ამის ნათელი ნიმუშია. თხზულების ერთ-ერთ ნაწილში ღმერთის არსებობის კოსმოლოგიური არგუმენტი გვხვდება: „გვიღირს ჩუჱნ მხოლოდ ცხადით, დაუბნელებელის თუალით აღხილვად ხილულსა ზედან ბუნებისა, რათამცა ვიხილეთ იგი და გვრწმენეს მის. ცანი და ქუჱყანანი კეთილ მომთხრობლობენ მისთჳს, ყოველნი განცხადებანი ხილულისა სოფლისანი არიან ბრწყინვალებისგან დიდებისა მისისა, მაჩუჱნებელნი გზისა მისისანი“ (კალმასობა, თხზ. იოანე ბატონიშჳლისა, ნაწილი მეორე, გვ. 91). იოანეს ქადაგება მიზნად ისახავს მორწმუნეთა განმტკიცებას რწმენაში. ამისთვის ის ქრისტიანული მოძღვრების დებულებებსა და ქრისტიანობის ისტორიიდან მაგალითებს მოიხმობს. ის არც მისი არსებობის მტკიცებულებას უქცევს გვერდს, რაც ჩანს კიდეც ზემოთ მოყვანილ ფრაგმენტში. გარესამყარო იმის ნათელი მტკიცებულებაა, რომ ღმერთი არსებობს. საკმარისია მხოლოდ ჩვენი ცნობიერების თვალი მივაპყროთ სამყაროს და დავინახავთ მის შემოქმედსაც. სამყარო ღმერთზე მეტყველებს. იოანე ბატონიშვილის ფილოსოფიის ეს ნაწილი კოსმოლოგიური არგუმენტის ქართულ სააზროვნო სივრცეში მოხმობის კარგი მაგალითია.
ღმერთის არსებობის მტკიცებებს ვხვდებით იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) (1825-1896 წწ.) „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში“ (1858 წ.). ამ ნაშრომის პირველი განყოფილების მესამე თავის 71-ე პარაგრაფში საუბარია ღმერთის, როგორც უმაღლესი სუბსტანციის იდეის აუცილებელ არსებობაზე ადამიანის ცნობიერებაში. ღმერთის იდეის არსებობა ადამიანის ცნობიერებაში ადამიანის მაღალ ღირსებაზე მიუთითებს და ორ დებულებას ეფუძნება: 1. მისი საყოველთაობა ადამიანთა ყველა ტომში და ცალკეულ ადამიანში; 2. მისი ადრეული და, ასე ვთქვათ, ადვილი და გარდაუვალი აღმოცენება ადამიანის სულში. გაბრიელ ეპისკოპოსს მაგალითად მოჰყავს სხვადასხვა ერები და ტომები, რომელთაგან ყველას აქვს რელიგიური ცნობიერება. თუმცა, მასთან ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ღმერთის ე.წ. თანდაყოლილ ცოდნაზე ადამიანის სულში, ამას ის გადაჭრით უარყოფს. მისი აზრით, ადამიანის ცნობიერებას აქვს იმის აუცილებელი მოთხოვნა, რომ შეიმეცნოს საკუთარი თავი და გარესამყარო, ამის მეშვეობით კი იგი მიდის უმაღლესი არსების იდეამდე. სამყარო აქ გვევლინება მიმთითებლად მის შემოქმედზე, ის მეტყველებს ღმერთის შესახებ. ასევეა ადამიანის მიერ საკუთარი თავის გაცნობიერების შემთხვევაშიც. ადამიანის ცნობიერების შესახებ მისი მოძღვრების ეს ფრაგმენტები უნდა გავიგოთ როგორც ღმერთის არსებობის მტკიცებულება. აქ ორ ფორმაზე შეგვიძლია ვისაუბროთ: პირველის საფუძველს ადამიანის თვითრეფლექსია წარმოადგენს, მეორე კი ღმერთის არსებობის კოსმოლოგიურ მტკიცებას წარმოადგენს. ღმერთის არსებობის მტკიცებულება ადამიანის ცნობიერების შედეგი გახლავთ. ადამიანური ცნობიერება აკეთებს სწორედ იმგვარ დასკვნებს, რომლებიც მისთვის ღმერთის არსებობას ასაბუთებენ. გაბრიელ ქიქოძის ნააზრევი გვევლინება, სულ მცირე, ღმერთის არსებობის მტკიცებულებად ადამიანის ცნობიერების კანონთა მიხედვით - ადამიანის ცნობიერებას გააჩნია რესურსი საიმისოდ, რომ საკუთარ თავს ღმერთის არსებობა დაუმტკიცოს.
ამავე კონტექსტში უნდა ვახსენოთ ღირსი ალექსი შუშანიაც (1852-1923 წწ.); მართალია, იგი არ არის ახალი დროის მოაზროვნე და, უფრო მეტად, გარდამავალი ეპოქის წარმომადგენელია, თუმცა, მთელი რიგი ასპექტების გათვალისწინებით, მისი შემოქმედება ამ დიდი ეპოქის ტრადიციის ერთგვარ კვალს ატარებს. მისი თხზულებები ფილოსოფიური იდეებით არის გაჯერებული, მათ შორის, ღმერთის არსებობის დასაბუთებასაც ვხვდებით. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღირსი ალექსი, საკუთრივ ღმერთის არსებობის დასაბუთების გარდა, ქრისტეს ღვთაებრიობის, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების მტკიცებასაც ახდენს ფილოსოფიური გზებით; რაც შეეხება ღმერთის არსებობას, ის ღირსი ალექსის შემოქმედებაში რამდენიმე სახით მტკიცდება.
ღმერთის არსებობის ყველაზე გავრცელებულ, კოსმოლოგიურ არგუმენტს მასთანაც ვხვდებით. ნაშრომში „უღმერთოება ბუნების უარყოფაა“ (1919 წ.) იგი ღმერთის არსებობას სიცხადეს მიაწერს. აქ ღმერთის არსებობის მტკიცება სამყაროს მეშვეობით ხდება (ღირსი ალექსი (შუშანია), საღმრთო წადილი, გვ. 393). ამის საფუძველზე ღირსი ალექსი შუშანია მეცნიერების მიზანსაც სახავს - მეცნიერებამ სწორედ სამყაროზე დაკვირვებით ღმერთის შესახებ ცოდნა უნდა მოგვცეს. სამყარო, მისი აგებულება ღმერთზე გვესაუბრება. ღმერთის არსებობა, ღირსი ალექსი შუშანიას აზრით, იკითხება სამყაროს ყოველ წვრილმანში.
გარდა ამისა, ღირსი ალექსი შუშანია ავითარებს ე.წ. „მორალურ არგუმენტსაც“. მისი აზრით, ადამიანების მიმართება სიკეთესა და ბოროტებასთან ღმერთის არსებობაზე მიუთითებს. ღმერთია ის უმაღლესი სიკეთე, რომელიც სამართლიანად განსჯის სამყაროს. „თუ არ არსებობს ღმერთი და ადამიანის სული მხოლოდ პირუტყვულია, მაშინ რა აზრი აქვს სათნოებას და ან სად არის მიზეზი კეთილმოქმედების?“ (ღირსი ალექსი (შუშანია), საღმრთო წადილი, გვ. 394). სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებობს სხვაობა, რომელიც განპირობებული უნდა იყოს სიკეთის სრულყოფილი ფორმით. სწორედ ამ ფორმის მეშვეობით ხდება ღმერთზე მითითებაც. ალექსი შუშანიას ნააზრევიც ქართული ფილოსოფიაში ღმერთის არსებობის მტკიცებულებათა ისტორიაში გამოკვეთილ ადგილს იკავებს.
4 -XX საუკუნის ქართული ფილოსოფია
XX საუკუნის ქართული საბჭოთა ფილოსოფია, ძირითადად, ათეისტური რეჟიმის წნეხის გამო, ღმერთისა და მისი არსებობის საკითხების მიმართ უაღრესად მწვავედ და კრიტიკულად იყო განწყობილი. ამის თვალსაჩინო მაგალითია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის სავლე წერეთლის შემდეგი ნაშრომები: „იდეალიზმის მიერ ღმერთის არსებობის დასაბუთებისათვის წამოყენებულ ძირითად არგუმენტთა ანტიმეცნიერული და რეაქციული ხასიათი“ (1957 წ.) და „ღმერთის არსებობის დასაბუთების ცდები და მათი სიყალბე“ (1966 წ.). ამ ნაშრომებში - მეცნიერული ათეიზმის პერსპექტივიდან გამომდინარე - მოცემულია მცდელობა, ღმერთის არსებობის არგუმენტები ადამიანის „დაბეჩავებული გონებისა და კლასობრივი ჩაგვრის“ (ვ. ლენინი) ერთგვარ „იდეათა კომპლექსებად“ იქნეს წარმოდგენილი. ამავე კონტექსტს განეკუთვნება ა. გელაშვილის მონოგრაფია „ღმერთის არსებობის ონტოლოგიური დასაბუთება და მისი უსაფუძვლობა“ (1968 წ.), რომელშიც სპეციალურად ღმერთის არსებობის ონტოლოგიური დასაბუთების მოკლე ისტორიაა წარმოდგენილი; ამ ტიპის დასაბუთების საკვანძო პუნქტების გამოკვეთისა და მარქისტულ-ლენინისტური კრიტიკის ჭრილში მათი უარყოფის შედეგად თავად ონტოლოგიური დასაბუთების უსაფუძვლობას ესმება ხაზი. ამ ნაშრომის მიზანიც იგივეა, რაც სავლე წერეთლის ზემოდასახელებული შრომებისა: გაარკვიოს ღმერთის არსებობის დასაბუთებათა რაობა და აჩვენოს მათი „სიყალბე“.
XX საუკუნის ქართული საბჭოთა ფილოსოფიაში ღმერთის არსებობის დასაბუთებანი მეტ-ნაკლებად კვალიფიციურად, უმეტესწილად, მაინც ფილოსოფიის ისტორიოგრაფიულ ნაშრომებში განიხილებოდა. ამ კუთხით აღსანიშნავია შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოკვლევები, რომლებიც მნიშვნელოვან ფილოსოფიურ და თეოლოგიურ საკითხებს ეხება. მაგალითად, ასეთ კვლევებს წარმოადგენს: „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები, ორ ნაწილად“ (1981-1984 წწ.); მ. მახარაძე, „ძიებანი ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორიაში“ (1999 წ.). თუმცა, განსაკუთრებულ ადგილს XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში შუა საუკუნეების პრობლემატიკის (კერძოდ, ღმერთის არსებობის მტკიცებულებების) კვლევის კუთხით იკავებს გურამ თევზაძის ნაშრომი „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია“ (1996 წ.). ნაშრომში საგანგებოდაა განხილული შუა საუკუნეებში განვითარებული კონცეფციები ღმერთის არსებობის მტკიცებულებათა შესახებ და გაანალიზებულია ანსელმ კენტერბერიელის, თომა აქვინელისა და სხვ. შეხედულებები. გ. თევზაძის ანალიზი საკმაოდ მოცულობითია და ფილოსოფიის/თეოლოგიის ისტორიის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეული გაცნობიერების საშუალებას იძლევა. არანაკლებ საინტერესოა ამავე ავტორის მიერ ამ საკითხის კანტისეული კრიტიკის განხილვაც მის ადრეულ წიგნში „იმანუელ კანტი“ (1974 წ.); ამ ნაშრომში ავტორი დეტალურად განიხილავს ღმერთის არსებობის არგუმენტაციას: ცნებისა და არსებობის, გრძნობადი ცდისა და გონების ცნების კატეგორიათა განხილვა კი ნათლად წარმოაჩენს ღმერთის არგუმენტაციის ყველაზე ცნობილი კრიტიკის თავისებურებებს. საგულისხმოა გურამ თევზაძის მიერ კანტის შრომებში განხილული ღმერთის არსებობის არგუმენტთა ურთიერთმიმართების დადგენაც. გ. თევზაძე არგუმენტებს ემპირიულ და რაციონალისტურ არგუმენტებად ყოფს. პირველ ჯგუფს თომა აქვინელთან განვითარებული მსჯელობები წარმოადგენს, მეორე ტიპის არგუმენტად კი ანსელ კენტერბერიელის ონტოლოგიური არგუმენტი შეგვიძლია მოვიხმოთ.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში ღმერთის არსებობის მტკიცებულებათა ანალიზი უფრო კვალიფიციურად მაინც ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში, იმ ისტორიულ-ფილოსოფიური გამოკვლევების მეშვეობით მოხდა, რომლებიც ფილოსოფიისა და თეოლოგიის ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ათვისება-გათავისების გზებისა და ხერხების განხილვას ეძღვნება.
5 -გამოყენებული ლიტერატურა
• ანტონ პირველი: სპეკალი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.
• გელაშვილი, ა.: ღმერთის არსებობის ონტოლოგიური დასაბუთება და მისი უსაფუძვლობა, თბილისი: „მეცნიერება“, 1968 წ.
• ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე): ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამოცემა“, 1993 წ.
• თევზაძე, გ.: იმანუელ კანტი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1974 წ.
• თევზაძე, გ.: შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1996 წ.
• იონა ხელაშვილი: ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი (ფილოსოფიური ნაწილი), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და ლექსიკონი დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია, სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია, სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
• კალმასობა, თხზ. იოანე ბატონიშჳლისა, ნაწილი მეორე, ტფილისი: „კერესელიძის ტიპოგრაჶია“, 1867 წ.
• კოპალეიშვილი, ნ.: ალვინ პლანტინგა: ღმერთი, თავისუფლება და ბოროტება, http://www.petritsiportal.ge/ka/article/95
• მახარაძე, მ.: ძიებანი ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორიაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1999 წ.
• პლანტინგა, ა.: შეგვიძლია თუ არა ღმერთის შესახებ საუბარი და აზროვნება? ინგლისურიდან თარგმნეს გ. ჭანიძემ და რ. ზოიძემ, http://www.petritsiportal.ge/ka/article/92
• პროკლე დიადოხოსი პლატონური ფილოსოფოსი. კავშირნი ღვთისმეტყველებითნი. თარგმანი, წინასიტყვაობა და განმარტება იოანე პეტრიწისა, ტ. 2, დიპლომატური გამოცემა, გამოსაცემად მოამზადეს დ. მელიქიშვილმა და ნ. მიროტაძემ, თბილისი: „შპს კოლორი“, 2016 წ.
• სიბრძნე ბალავარისი, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფილისი: „გამოცემა ქართველთა ამხანაგობისა (წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობის სტ.)“, 1895 წ.
• ღირსი ალექსი (შუშანია): საღმრთო წადილი, რედაქტორ-შემდგენელი გ. კალანდაძე, თბილისი: „მთაწმინდა“, 2014 წ.
• შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები. ნაწილი I, რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1981 წ.
• შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები. ნაწილი II, რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1984 წ.
• ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, რედ. კ. კეკელიძე, თბილისი: „სტალინის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა“, 1946 წ.
• წერეთელი, ს.: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. 2, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1986 წ.
• წმ. იოანე დამასკელი: მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, ორი ძველი ქართული თარგმანი (წმ. ეფრემ მცირისა და წმ. არსენ იყალთოელისა), გამოსაცემად მოამზადეს რ. მიმინოშვილმა და მ. რაფავამ, ძველი ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ე. ჭელიძემ, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა“, 2000 წ.
• Hick, J.: Arguments for the Existence of God, New York: Herder and Herder, 1971.
• Turner, D.: Faith, Reason and the Existence of God, Cambridge: Cambridge University Press, 2004.