2021-05-08 გიორგი კაპანაძე

შენგელია რომან

1 -ბიოგრაფიული ცნობები

ქართველი ფილოსოფოსი რომან შენგელია დაიბადა 1932 წელს, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში; 1954 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით; იმავე წელსვე სწავლა განაგრძო ასპირანტურაში; 1955-1960 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. რომან შენგელიას სამეცნიერო ინტერესები მოიცავდა ესთეტიკისა და შემეცნების თეორიის საკითხებს. მეცნიერული მოღვაწეობის კვალდაკვალ აღსანიშნავია მისი მთარგმნელობითი საქმიანობაც. რომან შენგელია გარდაიცვალა 1999 წელს.

2 -შემოქმედება

რომან შენგელიას ფილოსოფიური შრომები ესთეტიკისა და ეპისტემოლოგიის პრობლემებს ეძღვნება. მისი ადრეული შრომა „ანტიკური ესთეტიკის ისტორიიდან“ (1970 წ.) იკვლევს ხელოვნების ფილოსოფიის განვითარების ძველ ბერძნულ პერიოდს, ისტორიულ ეპოქას, როდესაც ფილოსოფიამ პირველად სცადა განსხვავებულ კითხვებზე პასუხი არა მითოლოგიის გზით, არამედ ლოგიკურ-რაციონალური მსჯელობის მეშვეობით მიეღო. შენგელიას აინტერესებდა, არსებობდა თუ არა ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში ესთეტიკის თეორია და იქვე პასუხობდა: „რამდენადაც ძველ მოაზროვნეთა ფრაგმენტებში გვხდება მსჯელობა ხელოვნების, პოეზიის, მშვენიერების შესახებ, უფლება გვაქვს ვილაპარაკოთ პირველდაწყებითი ესთეტიკური დებულებების, მოსაზრებების შესახებ“ (1,4). აღნიშნული ნაშრომის მიხედვით, ანტიკური ესთეტიკა ფრაგმენტული უფროა, ვიდრე სისტემური, ყოველივე ეს სირთულეებს ქმნის, ვინაიდან ანტიკურ ფილოსოფიაში ხელოვნების შესახებ მსჯელობა რამდენიმე მიმართულებით იყო გაშლილი, ხელოვნებას მოიაზრებდნენ „არა [როგორც] მხოლოდ კვლევების ობიექტს, არამედ როგორც [ფილოსოფიის] მოწინააღმდეგესაც“ (1,5). ამასთანავე, განირჩეოდა მშვენიერება, როგორც თავისთავადი, და მშვენიერება, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი“. ესთეტიკა დაიწყო როგორც რეაქცია მშვენიერებასა (ბუნებაში) და ხელოვნებაზე, როცა ჯერ კიდევ არ იყო მოთხოვნილება ხელოვნებისა და მშვენიერების თეორიათა დაკავშირებისა. ხელოვნების მიმართ ანტიკურ ესთეტიკას ძირითადად ორი საკითხი აინტერესებდა: ხელოვნების სინამდვილესთან დამოკიდებულება და ხელოვნების ღირებულება“ (1,63).

შენგელიას თანახმად, ხელოვნების ფილოსოფიის განვითარებაში პირველი წვლილი პითაგორამ შეიტანა მაშინ, როდესაც წამოაყენა დებულება სამყაროს ჰარმონიულობის, ანუ განსხვავებათა წესრიგში მოყვანის შესახებ. პითაგორასთან ვხვდებით ორ მნიშვნელოვან დებულებას ხელოვნების შესახებ - ხელოვნება, როგორც ჰარმონია, და ხელოვნება, როგორც მიბაძვა. მისგან განსხვავებით, ჰერაკლიტემ მშვენიერება განსხვავებულობასა და მოძრაობაში დაინახა, ხოლო დემოკრიტემ შინაგან ცეცხლში, შთაგონებასა და სიშლეგეში. პითაგორას კვალდაკვალ, პლატონი ეძებს აბსოლუტურ მშვენიერებას, „რომელიც ყოველთვის, ყველგან, ყველასათვის არის მშვენიერი“ (1,11). მსგავსი მშვენიერების ადგილს პლატონი იდეათა მარადიულ სამყოფელში ხედავს, შემდეგ კი გრძნობად და აბსოლუტურ მშვენიერებას განასხვავებს; „მისი აზრით, მშვენიერი უნდა იყოს აბსოლუტური, ხოლო რადგან აბსოლუტურია, ამიტომ იდეალურია, იდეაა“ (1,16). ადამიანის მიერ შექმნილ ხელოვნებასთან მიმართებით პლატონის პოზიცია ცალსახად ნეგატიურია, ნეგატიური დამოკიდებულების ერთ-ერთი ფაქტორი კი არის ხელოვნების გავლენა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაზე: „ხელოვნების მაგნიტური ბუნება, რომელსაც უნარი შესწევს თავისი განწყობილება გადასდოს მაყურებლებს“ (1,18). შენგელია პლატონის თეორიას შემდეგ ინტერპრეტაციას აძლევს: „პლატონი მიიჩნევდა, რომ პოეზია: 1. აფუჭებს კარგ ადამიანებს, ნაცვლად ჭეშმარიტებისა იძლევა მოჩვენებას; 2. კავშირშია ჩვენი სულის ცუდ ნაწილთან; 3. ხელს გვიშლის ჭეშმარიტების დადგენაში (გვაცდენს); 4. სულის მდაბალ მიდრეკილებებს აბატონებს მაღალ, გონიერ საწყისებზე“ (1,23).

შენგელია აღნიშნავს, რომ პლატონის მემკვიდრეობამ დატოვა საკითხები, რომლებიც ხელოვნებისა და ცოდნის დამოკიდებულებას, ხელოვნების საზოგადოებრივ დანიშნულებასა და მიბაძვის პრობლემატიკას ეხებიან, თემები „რომლებიც შემდგომ არ მოშორებიან ესთეტიკურ პრობლემატიკას“ (1,24) იგი აქვე დასძენს, რომ ხელოვნებისადმი პლატონის უარყოფითი დამოკიდებულება, შესაძლოა, კულტურული გარემოებების, პოლიტიკური წყობისა და ინდივიდუალიზმის კულტით იყოს გამოწვეული. არისტოტელეს ესთეტიკის თეორია ხელახლა განსაზღვრავს ხელოვნების საკითხს და მიიჩნევს, რომ პოეტი საუბრობს იმაზე, „თუ რა შეიძლება მომხდარიყო. ამის გამო პოეზია უფრო ფილოსოფიური და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისტორია“ (1,25). პოეზია ისტორიაზე მეტად მიემართება ზოგადს, ის წარმოიდგენს ადამიანთა ქმედებებსა და შესაძლო მოვლენებს. შენგელიას მტკიცებით, არისტოტელეს ბაძვა არ ესმის როგორც არსებულის მიმსგავსება, ის საკუთარ თავში შეიცავს გამოგონებას, შეთხზვას, „ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, არისტოტელესეული ბაძვის გაგებაში ვიგულისხმოთ იდეალიზაციისა და ტიპიზაციის ჩანასახები“ (1,28). ამრიგად, არისტოტელემ ხელოვნება, უფრო კონკრეტულად კი პოეზია, გაიგო როგორც მსგავსი ნიმუშის შექმნა და სიტუაციის წარმოსახვითი აღწერა, შედეგად, მის თეორიაში ხელოვნება არ წარმოადგენს ბუნებისა და სოციალური რეალობის სარკისებურ ბაძვას, ის მსგავსის შექმნა უფროა, „როცა ხელოვნება ასე გაიგება, მაშინ იგი არ არის ცოდნისაგან მოწყვეტილი, მას შეუძლია ცოდნის მოცემა... არისტოტელეს მიერ ხელოვნების თავისებურებების კვლევამ ესთეტიკის ყურადღების ცენტრში დააყენა ხელოვნების საზოგადოებრივი ღირებულებების, ხელოვნების სინამდვილესთან დამოკიდებულებისა და ხელოვნებისა და ფილოსოფიის (მეცნიერების) ურთიერთობის პრობლემა“ (1,31).

ეპიკურესა და სტოიციზმის მოძღვრებებში ესთეტიკის შემდგომ განვითარებას ვნახულობთ. ეპიკურეს ფილოსოფიის წამყვანი პრინციპი და მთავარი ამოცანა ბედნიერების მოპოვებაა, ხოლო ეთიკა გაგებულია „როგორც მეცნიერება ბედნიერების მოპოვების გზებისა და საშუალებების შესახებ“ (1,34). ეპიკურეიზმში გამოყოფილია სხეულებრივი და სულიერი სიამოვნებები; სიამოვნების პირველი კატეგორია არასაიმედო და ფუყეა, ხოლო მეორე მტკიცე და გრძელვადიანი, ის სიმშვიდით, ცრურწმენებისაგან გაწმენდითა და სწორ შეხედულებათა ფორმირებით, ანუ ფილოსოფოსობით გამომუშავდება. ამ მოცემულობის პირობებში ხელოვნება მხოლოდ სიამოვნების თვლსაზრისით უნდა იქნეს შეფასებული; მას არ გააჩნია სიამოვნების სპეციფიკური ობიექტი და თავისებურება; მაშინ როდესაც სტოიციზმში ფილოსოფია სათნოების მიღწევის გზადაა გაგებული, ხელოვნება კი ბუნების ბაძვად. სტოიციზმის თანახმად, ბუნებაში არსებობს ორი საწყისი: მატერია და მიზეზი - მასალა და გონი. ხელოვნება ბუნების ბაძვას წარმოადგენს, ამიტომ იგი დაბლა დგას ბუნებასთან შედარებით, „ხელოვნება იმდენად შეიძლება იყოს ღირებული, რამდენადაც იგი ხელს გვიწყობს სათნოებათა დაუფლებაში“ (1,38). პლოტინის ნაშრომთა განხილვით ხელოვნების თეორიის ანტიკური პერიოდი სრულდება, მშვენიერების პლოტინისეული თეორია ღმერთის ხილვისა და მასთან ზიარების თავისებური პრაქტიკაა; გრძნობადი ზეგრძნობადი იდეის ანარეკლს წარმოადგენს, და მასში მონაწილეობს მშვენიერების იდეა.

რომან შენგელიას „ხელოვნების საზოგადოებრივი მნიშვნელობა“ (1972 წ.) ეხმაურება საკითხს ხელოვნების ფუნქციის შესახებ, უფრო კონკრეტულად კი განიხილავს საზოგადოებაში გავრცელებულ იმ ხედვას, რომლის თანახმადაც მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიღწევის აღმასვლის ფონზე ხელოვნება კარგავს საკუთარ აქტუალობას. შენგელიას აინტერესებს, თუ როგორ მოქმედებს ხელოვნება, რა სარგებელი მოაქვს, რას აუმჯობესებს და როგორ აყალიბებს ადამიანის პიროვნებას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას აინტერესებს, თუ „რას აკეთებს ხელოვნება საზოგადოებისა და პიროვნებისათვის და რატომ შეუძლია ეს მხოლოდ მას, ხელოვნებას“ (2,3).

აღნიშნული ნაშრომი კომუნისტური პარადიგმის ქვეშ და საბჭოთა ეპოქის პერიოდშია დაწერილი, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ საკვლევი საკითხის გადაწყვეტა მარქსისტულ-ლენინისტური მიდგომით ხდება. მეცნიერების კვალდაკვალ, ხელოვნება ასახავს ობიექტურ რეალობასა და სოციალურ სამყაროს, „ვიწრო, პირადული, ყოფითი ინტერესებიდან საზოგადოებრივ ინტერესებამდე აგვამაღლებს. მას შეუძლია უნიკალური გზით გვითხრას სიმართლე, იყოს უსამართლობასთან ბრძოლის იარაღი, ბრძოლის სურვილით განგვაწყოს. აქედან გამომდინარე, სინამდვილესთან მიმართებით ხელოვნება ერთგვარ დამოკიდებულებას აყალიბებს. ხელოვნება ადამიანის ისეთი შემოქმედებაა, რომელიც სულიერ ღირებულებებს ქმნის, ხელოვნება სინამდვილის ასახვაა; თავისუფლების განხორციელებაა, ხელოვნების სინამდვილესთან ემოციური დამოკიდებულების სახეა“ (2,6); ის გონებაზე და ცნობიერებაზე ახდენს გავლენას, წარმოქმნის სურვილებსა და განცდებს; ხელოვნების ნაწარმოების „დასანახი, შესაგრძნობი თვისებები ცნობიერ შინაარსს გამოხატავს. ამ თვისებით ხელოვნების ნაწარმოები სიტყვას ჰგავს“ (2,8). შენგელიას მტკიცებით, ხელოვნება, მეცნიერების მსგავსად, სინამდვილეს იმეცნებს, უფრო მეტიც, ხელოვნებას აქვს ძალა შთაგონების წყალობით ხელი შეუწყოს მეცნიერულ აღმოჩენებს: „ხელოვნებას შეუძლია არა მარტო ამა თუ იმ ხასიათის ცოდნა მოგვაწოდოს, არამედ ხელი შეუწყოს, დაეხმაროს ადამიანს თვით მეცნიერული აღმოჩენების დროსაც... ხელოვნებას შეუძლია არა მარტო შემთხვევითი, ჩვენი მდგომარეობით და ინტერესებით გამოწვეული, ცალკეული, ფაქტიური ხასიათის ცოდნა მოგვცეს სინამდვილის ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, ან რომელიმე მოვლენის შესწავლის ინტერესი გამოიწვიოს ან გააძლიეროს, არამედ მას შეუძლია გარკვეული ეპოქის მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნას“ (2,23).

შენგელიას მტკიცებით, ხელოვნების უმთავრესი ფუნქცია სულიერი აღზრდაა, ის ამავდროულად ყოფითი ხასიათის ცოდნასაც გვაძლევს და ცხოვრების საზრისთან მიმართებითაც რელევანტურია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელოვნება მრავალმხრივ მოქმედებს ადამიანზე, „მას შეუძლია გვაზეიმოს, გაგვალაღოს, აღგვაშფოთოს, დაგვარწმუნოს, დაგვაიმედოს, დაგვრაზმოს, უფრო მტკიცე და შემმართებელი გაგვხადოს, შეგვაყვაროს, შეგვაძულოს, მხარში ამოგვიდგეს პირადი ტრაგედიის დროს... ხელოვნებას მრავალი ფუნქცია აქვს ადამიანის ცხოვრებაში“ (2,52).

რომან შენგელიას ნაშრომი „ესთეტიკა და გონების ერთიანობის პრობლემა კანტის ფილოსოფიაში“ (1989 წ.), იკვლევს იმანუელ კანტის ეპისტემოლოგიის საფუძველმდებარე პრინციპის, გონების ერთიანობის იდეას. ეს ერთიანობა გამოხატულებას პოვებს შემეცნების პრინციპებში. ეს გამოკვლევა კანტის შემეცნების თეორიის, უფრო კონკრეტულად, „წმინდა გონების კრიტიკის“ თეორიულ ცხადყოფასა და იმანენტურ გაშლაზეა მიმართული, მისი მიზანი კანტის აღნიშნული ნაშრომის აღქმის გაადვილება და თანმიმდევრულობის განხილვაა; „ფილოსოფიური თეორიის კრიტიკული ათვისება ფაქტიურად სხვა არაფერია, თუ არა თეორიის ძირითადი საკითხის ან საკითხთა ჯგუფის, ასე ვთქვათ, თეორიული გამოყოფა და შემდეგ მთელს თეორიაზე მისი საგანგებო გამოცდა - შემოწმება (იმანენტური კრიტიკა)... ტრანცენდენტალურმა ესთეტიკამ კრიტიკული ფილოსოფიის მთავარი თემის ნაწილი - წმინდა გრძნობა - გამოიკვლია“ (3,51). შენგელია აანალიზებს ესთეტიკის როლს კანტის შემეცნების თეორიაში. კანტის ფილოსოფიაში ესთეტიკა იკვლევს „წმინდა გრძნობას“, ის არაემპირიული მჭვრეტელობის ფორმაა, რომლის საშუალებითაც სამყარო აღიქმება: „ტრანსცენდანტალურმა ესთეტიკამ, გრძნობადი შემეცნების ფორმები, დრო და სივრცე გამოჰყო და მათი აპრირულობა დაასაბუთა“ (3,48).

კანტის ფილოსოფია „ადამიანური ყოფის იმ უძირითადეს კითხვებს ეხება, რომლებიც აწუხებენ და აღელვებენ ჩვენს სულს... რა არის ცოდნა, რა არის ზნეობა, რა არის მშვენიერება და რა არის რელიგია“ (3,5); მისმა კრიტიკულმა მეთოდმა შემეცნების ზემოაღნიშნული სფეროები ერთმანეთისაგან განაცალკევა და კრიტიკული ფილოსოფიის სახით ხელახლა გადაამუშავა. კანტის ფილოსოფიის მიხედვით, გონება ცოდნის, ზნეობის, მშვენიერების, რელიგიის საფუძველი და ფილოსოფიურ პრობლემათა „საერთო ძირია“. შენგელიას მტკიცებით, „შემეცნების თეორია არის კანტის მთელი მსოფლმხედველობის თეორიული საფუძველი. შემეცნების თეორია არის ის სფერო, სადაც კანტი რადიკალურად დაუპირისპირდა წინამორბედ თეორიებს... გონებამ უნდა გაიგოს, აითვისოს, შეიმეცნოს ეს სამყარო აზროვნების საშუალებით“ (3,9); ამავდროულად, კრიტიკულმა ფილოსოფიამ შემეცნების საზღვრებიც უნდა გვიჩვენოს.

„როგორი უნდა იყოს გონების მთლიანობა, როგორი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს მას, როცა ის განსხვავებული და ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო პრინციპების წყაროდ არის მიჩნეული?“ (3,5) - ამ კითხვას სვამს შენგელია და აჩვენებს, რომ საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე კანტი ცდილობს, პირველ რიგში, დაადგინოს რა არის კვლევის ობიექტი, ხოლო შემდგომ მის თავდაპირველ, წმინდა ელემენტებს ჩაწვდეს. იგი ახდენს წმინდა გონების თეორიულ დამუშავებას მის ერთიანობაში. ტრანსცენდენტალურმა ესთეტიკამ „უნდა გამოიკვლიოს, გაანალიზოს გრძნობადი წარმოდგენები, ჩამოაშოროს მათ ყველაფერი ის, რაც შეგრძნებებს ეკუთვნის“ (3,23). გრძნობის მსგავს ფორმად კანტის ფილოსოფია დროსა და სივრცეს წარმოადგენს. სწორედ დროისა და სივრცის გრძნობას, როგორც საგანთა მჭვრეტელობის აპრიორულ ფორმას ეფუძნება ტრანსცენდენტალური ლოგიკა, მეცნიერება აზროვნების წმინდა ფორმების შესახებ. „დანახვა (ხედვა) და გააზრება (ცნება) ჩვენი ყოველგვარი შემეცნების ორი აუცილებელი საწყისია. წმინდა ცნება უნდა იყოს არა რაიმეზე აზროვნება, არამედ რაიმეზე აზროვნების მხოლოდ ფორმა“ (3,53). კანტის ტრანსცენდენტალური ანალიტიკა აზროვნების იმ აუცილებელს წესებს (კანონებს) იკვლევს, რომელთა გარეშეც შეუძლებელია აზროვნება საერთოდ“ (3,54). ტრანსცენდენტალური ანალიტიკა წმინდა აზროვნების საწყისი ელემენტების ცნებების აღმოჩენაზეა მიმართული. ისინი განსაზღვრავენ შემეცნებისა და აზროვნების უზოგადეს კანონებს, წმინდა საფუძველს, რომელიც შემდგომ ემპირიული გამოცდილებით ივსება. წმინდა ცნებების ანალიზსა და კატეგორიზაციას იდეათა სფერო მოჰყვება. იდეები მეტაფიზიკურ საკითხებს ეხება, ეს ის თემებია, რომელთა შემეცნებაც გონების ფარგლებს გარეთაა, შენგელიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „გონების არც ერთ იდეას, ფსიქოლოგიურს (სულის ერთიანობის, სიმარტივის პრობლემა), არც კოსმოლოგიურს და არც თეოლოგიურს არა აქვთ შესატყვისი გამოცდილებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ იდეაში ნაგულისხმევი ობიექტის შემეცნება შეუძლებელია“ (3,322), ხოლო როდესაც გონება მათ შემეცნებას ცდილობს „წინააღმდეგობაში იხლართება და დიალექტიკური ხდება, ილუზიებში ვარდება“.

3 -მთავარი შრომები

1. ანტიკური ესთეტიკის ისტორიიდან, თბილისი: „მეცნიერება“, 1970 წ.

2. ხელოვნების საზოგადოებრივი მნიშვნელობა, თბილისი: „ხელოვნება“, 1972 წ.

3. ესთეტიკა და გონების ერთიანობის პრობლემა კანტის ფილოსოფიაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1989 წ.