გორდეზიანი რევაზ
1 -ბიოგრაფიული ცნობები
რევაზ გორდეზიანი დაიბადა 1935 წელს, სოფელ ჟოშხაში (ამბროლაურის რაიონი); დაასრულა ქალაქ თბილისის მე-19-ე საშუალო სკოლა, 1955 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც 1960 წელს დაასრულა. 1963-1966 წლებში იგი იყო ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტი; 1969 წელს დაიცვა დისერტაცია მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიის შესახებ: „არსებობის (Dasein) პრობლემა მარტინ ჰაიდეგერის ფუნდამენტურ ონტოლოგიაში“; 1966 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ლექტორი, ხოლო 1971 წლიდან კი დოცენტი; 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავე წლიდან მუშაობდა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. გარდაიცვალა 2019 წელს.
2 -შემოქმედება
რევაზ გორდეზიანის ფილოსოფიური შემოქმედების ფოკუსში ადამიანის თვითშემეცნების პრობლემაა მოქცეული; ამ შემთხვევაში თვითშემეცნებას ანთროპოლოგიურ-ფილოსოფიური ხასიათი აქვს და მისი მიზანი ადამიანის შინაგანი სამყაროს მთელი სისავსით გააზრებაა. ამავე კონტექსტშია გაგებული დასავლური ფილოსოფიის ისტორიაც. გორდეზიანის მტკიცებით, თავდაპირველი ფილოსოფიური სკოლები, უმთავრესად, გარესამყაროს შემეცნებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, სოკრატედან კი იწყება ბრუნი შინაგანი სამყაროსაკენ: „სოკრატედან დაწყებული ევროპული ფილოსოფია ავითარებს ადამიანის არსების ანთროპოლოგიურ-ფილოსოფიური კვლევის ხაზს“ (3,68). პოსტსოკრატესეული ფილოსოფიური ანთროპოლოგია ადამიანის არსის რაციონალურ შემეცნებას გულისხმობდა და მიიჩნევდა, „რომ არსებობას წინ უსწრებს მისი მაფორმირებელი წინასწარი გეგმა“ (3,70). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლური ფილოსოფიის ტრადიციაში ჩამოყალიბებული ფილოსოფიური ანთროპოლოგია ადამიანის - როგორც რაციონალურად შემეცნებადი სუბიექტის - არსის დადგენას ცდილობდა.
გორდეზიანის თანახმად, ექსისტენციალიზმში ფილოსოფიური ანთროპოლოგიის მკვეთრ შეტრიალებას ვხვდებით. ადამიანს განსაზღვრავს არა წინარე არსებული არსი, არამედ არსებობის წესი, „თანამედროვე ექსისტენციალიზმი ევროპაში, დაწყებული კირკეგორით და XX საუკუნის მრავალი ექსისტენციალური სკოლით დამთავრებული, სწორედ იმ თვალსაზრისზე დგას, რომ ადამიანს არა აქვს წინასწარ განმსაზღვრელი არსება, რომელიც ადამიანის ცხოვრებას აუცილებლობის სფეროდ, დეტერმინირებულ მოვლენათა ჯაჭვად აქცევდა“ (4,11). XX საუკუნეში ექსისტენციალიზმი ფართო გავრცელებას პოვებს ევროპის, ამერიკისა და აზიის კონტინენტებზე; ხელოვნებაში, ლიტერატურასა და ფილოსოფიაში „ექსისტენციალიზმი ზოგადად ადამიანის ვინაობის და ადამიანის არსებობის პრობლემას უტრიალებს, საკითხს, რომელიც ფილოსოფიის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა და ფილოსოფიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ამოსავალ პრობლემათა შორის დომინანტურად უნდა ჩაითვალოს. ადამიანის არსებობის პრობლემას დღესაც ადამიანური ყოფიერების იდუმალებასთან აქვს საქმე“ (4,16). ამავდროულად, გორდეზიანი მიიჩნევს, რომ „ფილოსოფიის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ალბათ ძნელად თუ მოიძებნება მეორე ისეთი მიმდინარეობა, რომელიც სირთულესა და ბუნდოვანებაში ექსისტენციალიზმს შეედაროს... ექსისტენციალური ფილოსოფიის სირთულით, მისი ტერმინოლოგიის ხელოვნურობით უნდა აიხსნას აზრთა ის სხვადასხვაობა, რასაც ადგილი ჰქონდა და აქვს მისი შეფასებებისას“ (4,11).
გორდეზიანის შრომათა უმეტესი ნაწილი გერმანულ ექსისტენციალურ ფილოსოფიაში შექმნილი ტექსტების ანალიზსა და ინტერპრეტაციას ეხება. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება მისი ნაშრომი „ადამიანის (Dasein) პრობლემა მარტინ ჰაიდეგერის ფუნდამენტურ ონტოლოგიაში“ (2012 წ.). ჰაიდეგერი დასავლური რაციონალიზმის კრიტიკოსი და ფილოსოფიის ახალი გზის მაძიებელია. მისი ფილოსოფია „შეპყრობილია“ დავიწყებას მიცემული ყოფიერების საზრისის პრობლემით. მისივე მტკიცებით, დასავლური აზროვნება არსებითად მეტაფიზიკურია, ის ყოფიერებად მოიაზრებს საგნებს, როგორც არსებულ ერთეულებს, შემდეგ კი მათ დახარისხებასა და არსის შემეცნებას რაციონალურად ცდილობს და ყურადღების მიღმა რჩება ყოფიერება, როგორც თავდაპირველი და ყველაზე ძირეული მოცემულობა. საკუთარ ფილოსოფიურ პროექტს ჰაიდეგერი აღწერს ფუნდამენტურ ონტოლოგიად, რომლის მიზანი საკუთრივ ყოფიერების საზრისის დადგენაა და არა საგანთა არსისა. გორდეზიანის ინტერპრეტაციის თანახმად, ფუნდამენტური ონტოლოგია შენიღბული ფილოსოფიური ანთროპოლოგიაა, ვინაიდან ავტორი ყოფიერების საზრისს მხოლოდ ადამიანის ყოფიერებასთან მიმართებით აანალიზებს. გორდეზიანის ნაშრომის მიზანია დაადგინოს, თუ „რა საერთო აქვს ჰაიდეგერის ფუნდამენტურ ონტოლოგიას ექსისტენციალურ ფილოსოფიასთან და თუ რა შეადგენს ფუნდამენტური ონტოლოგიის თავისებურებას, სპეციფიკას... სხვა სიტყვებით, მან უნდა აჩვენოს, თუ რა ადგილი უკავია ადამიანის ყოფიერებას ფუნდამენტურ ონტოლოგიაში, თუ რა დამოკიდებულებაა ფუნდამენტური ონტოლოგიის ფილოსოფიურ მიზანსა და ამ მიზნის მისაღწევ გზას შორის“ (4,15).
კარლ იასპერსთან ერთად, ჰაიდეგერის ფილოსოფია ყველაზე კარგად განასახიერებს ადამიანური ყოფიერების პრობლემის ფილოსოფიური გააზრების მცდელობას, ამ მიზეზით გორდეზიანი მათ ექსისტენციალიზმის ყველაზე მნიშვნელოვან ავტორებად მოიაზრებს. ჰაიდეგერის და იასპერსის შრომების მთავარი მიზანი ადამიანის ყოფიერების სპეციფიკურობის გამომჟღავნების ტენდენციაა: „ექსისტენციალიზმში ხდება ადამიანის არსებობის პრობლემის რადიკალიზაცია... მათ შრომებში ყალიბდება და მათ სახელთანაა დაკავშირებული ის სიძნელეები და წინააღმდეგობები, რაც ექსისტენციალიზმის ფილოსოფიურ პრობლემატიკას ახასიათებს და რაც ამ ფილოსოფიას ბუნდოვანსა და ძნელად გასაგებს ხდის... მათ სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე ექსისტენციალურ ფილოსოფიაში მიღებული მთავარი შედეგიც“ (2,13-14). ჰაიდეგერის შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის გზა ადამიანის ყოფიერების ექსისტენციალურ-ფენომენოლოგიური კვლევაა. გორდეზიანის მტკიცებით, საბოლოოდ, მისი ონტოლოგია დაიყვანება ადამიანის სპეციფიკური ყოფიერების ფილოსოფიურ ანალიზამდე: „ჰაიდეგერის ფუნდამენტური ონტოლოგია ონტოლოგიის ტანსაცმელში გამოწყობილი ექსისტენციალური ფილოსოფიური ანთროპოლოგიაა“ (4,17). ყოველივე ამის მიზეზი ისაა, რომ ჰაიდეგერის მიერ წამოჭრილი ყოფიერების საზრისის პრობლემა „დასასრულს ვერ აღწევს და უძირითადესი კითხვა ისევ კითხვად რჩება“ (4,34). ვინაიდან მისი გადაჭრისათვის აუცილებელია ადამიანის არსებობის წესის შემეცნება, ჰაიდეგერის ფილოსოფიის ფარულ ლაიტმოტივად ადამიანის იდუმალების გამჟღავნებისადმი ლტოლვა იქცევა: „მოაზროვნე ადამიანისათვის რა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი, ახლობელი და შინაგანი იყოს, თუ არა მისივე საკუთარი არსების თვითშემეცნება. თვითდადგენა და თვითსრულყოფა?“ (4,4). ადამიანური ყოფიერების გასაღებს ის დროითობაში მიაკვლევს: „ჰაიდეგერის მიხედვით, ადამიანის ცხოვრება არის ზრუნვა, ამ ტერმინის სპეციფიკური გაგებით, ხოლო „ზრუნვის“ ონტოლოგიური საზრისი „დროულობა“, ყოფიერების საზრისის გაგება შესაძლებელია მხოლოდ ჭეშმარიტი დროის ჰორიზონტის გაგებით. ეს ნამდვილი დრო კი არის ექსისტენციალური დრო, დროულობა, რომელიც დროის ვულგარულ გაგებას, კოსმიური, ობიექტური დროის გაგებას უდევს საფუძვლად“ (4,4).
გორდეზიანის შრომა „ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური ძიებები გერმანულ ექსისტენციალიზმსა და აღმოსავლეთში“ (2009 წ.) გერმანულ ექსისტენციალიზმსა და ძენ-ბუდიზმში არსებულ საზიარო თემატიკას იკვლევს. ექსისტენციალიზმში ადამიანის ხასიათს არსებობის წესი განაპირობებს, ხოლო ადამიანის ბუნება შეუმეცნებელი, მოუხელთებელი და აზროვნებისათვის მოუწვდომელია. კვლევის თანახმად, საბოლოო ჯამში, ჰაიდეგერის ფუნდამენტური ონტოლოგია და იასპერსის პერიხონტოლოგია შეფარული ფილოსოფიური ანთროპოლოგიაა, რომელიც სოკრატეს მიერ წამოჭრილ თვითშემეცნების საკითხს უტრიალებს. ორივე მათგანი „ეძებდა გასაღებთა გასაღებს“, რომელიც აგვიხსნიდა სხვა ყველა საიდუმლოებას, ამ ძიების „საბოლოო მიზანი ყოფიერების გაგებაა... ექსისტენცფილოსოფიის მიზნად დასახულ ყოფიერებაში იასპერსი გულისხმობს არა ჩვენთვის ცნობილ, მეცნიერულ-ლოგიკური აზროვნებით მისაწვდომ რაიმეს, არამედ მოუხელთებელს, რაციონალური შემეცნებისათვის მოუწვდომელს“ (2,347). ეს არის ტრანსცენდენტის წინარეთეორიული ძიება: „გერმანული ექსისტენციალიზმის დიდი დამფუძნებლები შთაგონებულნი არიან ადამიანის არსებობის სპეციფიკური წესის „საიდუმლოს ამოცნობით“ და, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ მოძღვრებას „ონტოლოგიური სამოსლით მოსავენ“ მათი ნააზრევი სინამდვილეში ანთროპოლოგიური ძიების სულისკვეთებითაა განმსჭვალული. მათთვის ადამიანია ამქვეყნად უდიდესი საიდუმლო“ (2,2).
ჰაიდეგერის ფილოსოფიაში ადამიანის ექსისტენციალურ ასპექტებად წარმოდგენილია შიში, ძრწოლა, გაუცხოება, ყოფნა სიკვდილისკენ, სინდისის ხმა, ხოლო ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება მკაცრად პოლარიზირებულია. მის ონტოლოგიაში არსებობს ყოფიერების ორი ძირითადი კატეგორია, ავთენტური და არაავთენტური. ყოფიერების პირველი ფორმა „ყოფიერების ხმის“ მოსმენაში მდგომარეობს; მსგავსი მდგომარეობა გამოფხიზლებასაც შეიძლება შევადაროთ, როდესაც ადამიანი თავს აღწევს საზოგადოების მიერ გაბატონებული არსებობის წესის „ტირანიას“ და საკუთარი პიროვნების განამდვილებისაკენ ისწრაფვის. ავთენტურობა გულისხმობს საზოგადოებისაგან გამოცალკევებას, სასრულობის გრძნობისა და უნიკალურობის განცდის გაღვივებას, ხოლო არაავთენტურობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდს სიკვდილის საბოლოობა ჯერ კიდევ არ გაუცნობიერებია და როდესაც ჭეშმარიტი „მესათვის“ ჯერ კიდევ არ მიუგნია. მარტინ ბუბერის ფილოსოფია ჰაიდეგერის კრიტიკას წარმოადგენს, და მიიჩნევს, რომ საზოგადოება ინდივიდის განამდვილების ადგილია და არა მისი დაკარგვის, ბუბერი „ფუნდამენტური ონტოლოგიის ავტორს საყვედურობს იმას, რომ თუმცა მან საზოგადოებრივ ურთიერთკავშირში ერთობა კონსტიტუტიურად აღიარა, მაგრამ ეს ერთობა იმ უდიდეს დაბრკოლებად აქცია, რაც პიროვნების განამდვილებას, ნამდვილ თვითად ქცევას ეღობება წინ“ (2,62).
მარტინ ბუბერის ფილოსოფიაში მარადიული დიალოგი სხვასთან ადამიანური ცხოვრების საერთო ხასიათს და მის განსხვავებულ ფორმებს განსაზღვრავს: „ადამიანს თანდაყოლილი აქვს მარადიულ შენთან მიმართება, აბსოლუტთან, ღმერთთან მიმართება. მარადიული თანდაყოლილი „შენი“ განსახიერდება, გამოკრთება თითოეულ კონკრეტულ „შენში“ და ამასთან არცერთ მათგანში არ ვლინდება სრული სახით... მასზეა დამოკიდებული აგრეთვე ადამიანური მეს როგორობა. ამასთან მეს არა აქვს დამოუკიდებელი არსებობა. იგი კოლექტიური გარკვეულობაა, მას აზრი აქვს მხოლოდ როგორც წყვილის წევრს, რომელიმე წყვილის ნაწილს“ (2,17-23). ბუბერის ექსისტენციალურ ფილოსოფიაში პიროვნება ნამდვილობას მხოლოდ „მე-შენის“ მიმართების წყალობით, სამყაროში-მყოფობით აღწევს: „ამ დებულებითაც აშკარაა ბუბერის სიახლოვე ექსისტენციალური ფილოსოფიის მთავარ ამოსავალ პრინციპთან“ (2,22). ჰაიდეგერთან, იასპერსთან და ბუბერთან ადამიანური ყოფიერება არ დაიყვანება არც თეორიულ პრინციპებზე, არც აზროვნებასა და არც გრძნობებზე, ის არსებითად მოუაზრებელია და ლოგიკურ-მეცნიერული შემეცნების კატეგორიათა მიღმაა; აქ, თვითშემეცნების პრობლემის სახით, გვაქვს რაციონალური შემეცნების ლიმიტი და ბრუნი ირაციონალიზმისაკენ. თუმცა, ირაციონალიზმი აზროვნებისა და მეცნიერული შემეცნების ლიმიტის გაცნობიერება უფროა, ვიდრე მათი ღირებულების უარყოფა.
დასავლური ფილოსოფიის ისტორიაში ექსისტენციალიზმი ირაციონალურ ბრუნს წარმოადგენს, აღმოსავლურ ფილოსოფიაში კი ადამიანის რაციონალური შემეცნების ლიმიტი თავიდანვე გაცნობიერებული იყო. რევაზ გორდეზიანის ნაშრომი „ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური ძიებები გერმანულ ექსისტენციალიზმსა და აღმოსავლეთში“ დასავლურ და აღმოსავლურ ტრადიციათა შედარებით ანალიზსაც წარმოგვიდგენს, იგივე საკითხებს ეხება მერი ჭელიძის თანაავტორობით შექმნილი ნაშრომიც, რომლის სათაურია „ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფია (ინდოეთი, ჩინეთი)“ (2001 წ.). ამ წიგნში გორდეზიანი განსაკუთრებულ ყურადღებას ძენ-ბუდიზმსა და მის თეორეტიკოსს დიასეცუ ტეიტარო სუძუკის ფილოსოფიას უთმობს. ძენ-ბუდიზმის მიხედვით, „იმ ქვეყნის სიდიადე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, უფრო ნაკლებია, ვიდრე თვითონ ადამიანის სიდიადე“ (2,97), ხოლო ადამიანის შინაგანი ბუნება საწვდომია თავდაპირველ, არადიფერენცირებულ ერთიანობაში: „ძენ-ბუდიზმში მთავარია ადამიანის პირადი ინტიმური გამოცდილება, ცხოვრების უშუალო სიცოცხლის განცდა, რაც ექსისტენციალიზმში ექსისტენციალურ გამოცდილებად იწოდება“ (2,126). ძენ-ბუდიზმი განასხვავებს ცოდნის ორ სახეობას: ტრანსცენდენტალურსა (პრაჟანა) და ყოფითს (ვიჟნანა). ცოდნის პირველი კატეგორია, ეს დაუნაწევრებელ ერთიანობაში განჭვრეტილი სიბრძნეა, „რაშიც ჯერ კიდევ არაა გამოყოფილი დაპირისპირებული სუბიექტი და ობიექტი. ფარდობითი ცოდნა კი არის ის, რაც ობიექტურ ცოდნად იწოდება და გადმოიცემა მეცნიერულ-ლოგიკურ ცოდნაში“ (2,99). უმაღლესი არსის მქონე ჭეშმარიტებები ლოგიკურ-თეორიული მსჯელობების (თეზისისა და ანტითეზისის, მტკიცებისა და უარყოფის) ფარგლებს გარეთ არიან. ადამიანი სულიერ კმაყოფილებას სიბრძნეში ეძებს, ხოლო „ინტელექტი სამყაროზე და სადღეისო პრობლემებზე, ყოველდღიურობაზე ფიქრის დროს შველის მას“ (1,99). ძენ-ბუდიზმის თანახმად, ყოფით ცოდნაში ადამიანი ვერასდროს პოულობს თავშესაფარს, მისი უმთავრესი მოთხოვნილება ღრმა ძილისაგან განღვიძებაა, ხოლო სულიერი ცხოვრებისათვის ლოგიკურ-თეორიულ ცოდნაზე უპირატესად ინტუიციური ცოდნა დგება, რომელიც სამყაროს დაუნაწევრებელ მთლიანობაში აღიქვამს და გადალახავს სუბიექტ-ობიექტის იმ დიქოტომიას, რომელიც პირველადი ერთიანობის შემდგომი ზედნაშენია. იგივე დებულებებს ვხვდებით ჰაიდეგერისა და იასპერსის ფილოსოფიაშიც. ექსისტენციალიზმის მსგავსად, ძენ-ბუდიზმში რეალობასთან წვდომა თავდაპირველი ერთიანობის შედეგად ხდება, ეს პროცესი არის გზა შინაგანი სამყაროსაკენ - ღრმა ძილისაგან გამოღვიძება და ინტუიციის მეშვეობით იდუმალი რეალობის თავდაპირველ არადიფერენცირებულ ერთიანობაში გაგება. სულიერი თვითცნობიერების მიღწევის (სატორი) დროს ინდივიდუალური საზღვრები გადაილახება, ხოლო ადამიანი სულიერ სინათლესა და აბსოლუტურ თავისუფლებას იძენს.
3 -მთავარი შრომები
1. ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფია: (ინდოეთი, ჩინეთი), თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2001 წ. (პროფ. მერი ჭელიძის თანაავტორობით).
2. ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური ძიებები გერმანულ ექსისტენციალიზმსა და აღმოსავლეთში (ძენ-ბუდიზმი), თბილისი: „უნივერსალი“, 2009 წ.
3. სოკრატეს მოწოდება და ექსისტენციალიზმი, კრებულში: რევაზ გორდეზიანის საიუბილეო თარიღისადმი (75 წ.) მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები (თბილისი, 20 აპრილი, 2010 წ.), თბილისი: „უნივერსალი“, 2010 წ., გვ. 68-81.
4. ადამიანის (Dasein) პრობლემა მარტინ ჰაიდეგერის ფუნდამენტურ ონტოლოგიაში, თბილისი: „Carpe diem“, 2012 წ.