რამიშვილი გურამ
1 -ბიოგრაფია
გურამ რამიშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1932 წელს; 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება, ხოლო 1958 წელს ასპირანტურა გიორგი ახვლედიანის ხელმძღვანელობით. გიორგი ახვლედიანის შრომების გარდა მასზე დიდი გავლენა მოახდინა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიამ; 1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ჰუმბოლდტის ენის თეორიის ზოგი საკითხი“; 1970 წელს იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ენის შინაფორმის პრობლემა თანამედროვე ლინგვისტიკაში“. 1973 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრას; 1973 წელს გახდა ჰუმბოლდტის სახელობის ფონდის პირველი ქართველი სტიპენდიატი და 1974 წლამდე მუშაობდა ბონის უნივერსიტეტში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა); იქვე მიენიჭა თანამედროვეობის დიდი გერმანელი ენათმეცნიერის ლეო ვაისგერბერის სახელობის მედალი თვით ლ. ვაისგერბერის რეკომენდაციით; 1989 წელს მიენიჭა იაკობ და ვილჰელმ გრიმების სახელობის პრემია (ბერლინი); 1990-1995 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი.
გურამ რამიშვილმა შემოიკრიბა პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც არაავტორიტარული პრინციპებით მოქმედ სკოლაზე ოცნებობდნენ. 1982 წელს მან დააფუძნა ახალი სკოლა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ე.წ. „გერმანული სკოლების ქსელად“ გადაიქცა. ამ სკოლებში გერმანული და სხვა უცხო ენების გაღრმავებული სწავლება, უპირველეს ყოვლისა, დედა ენის - ქართულის - სრული სისავსით აღქმასთან და ათვისებასთან იყო კოორდინირებული. პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სიყვარული გურამ რამიშვილს ოჯახიდან დაჰყვა. მამამისი - ვალერიან რამიშვილი - სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე და ცნობილი მასწავლებელი იყო. ვალერიან რამიშვილმა გადაამუშავა იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ თანამედროვე ქართული სკოლებისათვის.
გურამ რამიშვილი გარდაიცვალა 1998 წელს.
2 -ენის ენერგეისტული თეორია
ა) დედაენა როგორც მსოფლამგები გონითი ძალა ენის ენერგეისტულ თეორიაში
ენის ენერგეისტულ თეორიასა და ენათმეცნიერებაში (ვ. ფონ ჰუმბოლდტი, ლ. ვაისგერბერი, ჰ. გიპერი, გ. რამიშვილი) ენის ონტოლოგიური არსი და ენის, როგორც გონითი ძალის (geistige Kraft) მოქმედება და უმთავრესი გონითი ფუნქციები ასეა განსაზღვრული:
- 1. ცნობიერების აგებაში მონაწილეობა.
- 2. ისტორიისა და კულტურის აგებაში ჩართულობა.
- 3. ენობრივი სოციუმის (ერის) შექმნა.
ცხადია, ენის ენერგეისტული თეორია, გამოჰყოფს რა ენის ამ ფუნდამენტურ გონით ფუნქციებს, იქვე, ენას გაიაზრებს როგორც საუკუნეების მანძილზე ისტორიულად არსებულ და მოცემულ ბუნებრივ ენას (მაგალითად, ქართული, გერმანული, ფრანგული, იტალიური, იაპონური და ა. შ. ენები), ანუ ენას, როგორც დედაენას (გერმ. Muttersprache, ფრანგ. Langue Maternelle, რუს. Pодной Язык), რომელიც „აღჭურვილია“ საკუთარი მსოფლხატითა (გერმ. Weltbild) და მსოფლხედვით (გერმ. Weltansicht) (ვ. ფონ ჰუმბოლდტი), ან სხვაგვარად, მსოფლაგებით (გერმ. Weltbildung) (ლ. ვაისგერბერი, გ. რამიშვილი). შესაბამისად, თუკი ზოგადად საუბარია ენობრივ მსოფლხედვაზე, მაშინ იმპლიციტურად იგულისხმება დედაენობრივი მსოფლხედვა.
დედაენა, როგორც კონკრეტული მსოფლხედვისა და მსოფლაგების/მსოფლქმნის (გერმ. Weltbildung) მატარებელი გონითი ფორმა და ძალა, იმთავითვე იკავებს შუამავალ პოზიციას ცალკეულ სუბიექტსა - ანუ ამა თუ იმ ენობრივი ერთობის (გერმ. Sprachgemeinschaft) წარმომადგენელს - და გარესამყაროს შორის; ენის ამ შუალედურ პოზიციაზე დაყრდნობით სუბიექტი დედაენის საფუძველზე იქმნის ისეთ თვალსაზრისსა და ხედვას სამყაროზე, როგორსაც ამას თავად დედაენა განუსაზღვრავს მას. ამგვარად, დედაენა „ჩასმულია“ სუბიექტსა და სინამდვილეს შორის, ის არის შუა სინამდვილე (გერმ. Zwischenwelt).
ამიტომ, ცალკეული ინდივიდი, როგორც ამა თუ იმ ერის წარმომადგენელი და დედაენობრივი მსოფლხედვით აღჭურვილი ანთროპოლოგიური არსი, სამყაროში ორიენტირებასა და თვითიდენტიფიკაციას ახდენს სწორედ საკუთარი დედაენის საფუძველზე და თავის თავს მოიაზრებს ამ დედაენაზე მოლაპარაკე ენობრივი სოციუმის, შესაბამისად, ერის განუყოფელ წევრად; თავის თავს მოიაზრებს და შინაგანად განიცდის საკუთარი დედაენის მიერ აგებული ეროვნული კულტურისა და ისტორიის ნაწილად. სუბიექტსა და დედაენას შორის აპრიორულად მოცემულ ამ დისპოზიციას გერმანელი ნეოჰუმბოლდტიანელი ენათმეცნიერი ლ. ვაისგერბერი ენობრივ რეალიზმს (გერმ. Sprachrealismus) უწოდებს. ამ დისპოზიციის ფარგლებში იგი გამოჰყოფს სუბიექტის ცნობიერებაში საკუთარი დედაენის აპრიორული მოქმედების შემდეგ სამ განზომილებას:
- 1. სუბიექტის მიერ დედაენის ენობრივი ბგერითი აღმნიშვნელების (გერმ. sprachliche Lautungen) „ძალმოსილების“ (გერმ. Geltung) თავისთავადი აღიარება, როდესაც ამ აღმნიშვნელებს იგი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ექვემდებარება.
- 2. სუბიექტის მიერ დედაენობრივი შინაარსების (გერმ. Sprachinhalte) „ძალმოსილების“ (გერმ. Geltung) თავისთავადი აღიარება, როდესაც, როგორც წესი, სუბიექტს ეჭვი არ ეპარება მათ ჭეშმარიტებაში და ყოველგვარი კრიტიკული გადამოწმების გარეშე იღებს ამ შინაარსებს.
- 3. ნდობა დედაენობრივი აღმნიშვნელების „პირველადი და წარმმართველი ღირებულების“ (გერმ. Leitwert) მიმართ, როდესაც სუბიექტი ენის ბგერით ნიშნებს ენობრივი შინაარსების განუყოფელ ნაწილად მოიაზრებს და მათ ენის შინაარსობრივი დაუფლების აუცილებელ საყრდენად მიიჩნევს.
ამგვარად, ენის ენერგეისტული თეორიის თანახმად, სუბიექტი იმთავითვე „ენდობა“ და „ემორჩილება“ მისი ეგზისტენციისათვის აპრიორად ქცეულ დედაენას, ექვემდებარება დედაენის აპრიორულობასა და მის მიერ მოწოდებულ დედაენობრივ მსოფლხედვას („ენობრივი შინაარსები“, „Sprachinhalte”), რის საფუძველზეც სუბიექტის ცნობიერებაში იმთავითვე იქმნება წინაპირობა იმისა, რომ შემდგომ მან (დედა)ენის, როგორც გონითი ძალის, საშუალებით სინამდვილე საკუთარი ცნობიერების საკუთრებად აქციოს („სამყაროს გასიტყვება“, „Worten der Welt“) (ლ. ვაისგერბერი) და საკუთარი სუბიექტურობა საკუთარი ეროვნული კულტურისა და ერის განუყოფელ ნაწილად გააცნობიეროს. დედაენის მიერ დაფუძნებული ეს ენობრივი რეალობა კი, როგორც ვნახეთ, ვაისგერბერის მიხედვით, აპრიორული ბუნებისაა (გერმ. selbstverständlich), რაც შემდგომ ქმნის ყოველი ცალკეული სუბიექტისა და, ზოგადად, ერის, როგორც დედაენით დეტერმინებული სუბიექტების ერთობის, ცნობიერებაში ეროვნული თვითიდენტობის დაფუძნების წინაპირობას.
ბ) დედაენა და ეროვნული თვითიდენტობა გურამ რამიშვილის ენის ენერგეისტულ თეორიაში
თავის დედაენის თეორიაში დედაენობრივი რეალიზმის პოსტულატს ასევე იზიარებს და აფუძნებს ქართველი ნეოჰუმბოლდტოლოგი და ენერგეისტული ენის თეორიის წარმომადგენელი პროფ. გურამ რამიშვილიც, რომლის მიხედვითაც დედაენა სოციუმის, ამ შემთხვევაში ერის, ყოველი ცალკეული წარმომადგენლის ცნობიერ და ქვეცნობიერ აღქმაში ფუძნდება როგორც აპრიორული შუამავალი გონითი ძალა, რომლის საშუალებითაც „ეროვნული“ სოციუმის ყოველი ცალკეული წევრი, ერთი მხრივ, სწორედ „დედაენობრივად“ ჭვრეტს სამყაროს, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარ თავს მოიაზრებს და თანაგანიცდის ამ კონკრეტული „ეროვნული“ სოციუმის კულტურისა და ისტორიის განუყოფელ ნაწილად.
გურამ რამიშვილი შემდგომ გამოყოფს დედაენის იმ ფუნდამენტურ გონით ფუნქციებს, რაც, საბოლოოდ, ქმნის ეროვნული თვითიდენტობისა და ეროვნული კონსოლიდაციის საფუძვლებს. დედაენის ეს ფუნქციები კი განსაზღვრული და გამოყვანილია სწორედ ენის ენერგეისტული გაგებიდან, ანუ იმ ფუნდამენტური ჰუმბოლდტისეული გაგებიდან, რომლის მიხედვითაც ენა წარმოქმნაა (გერმ. Erzeugung), ენერგეაა (Energeia):
- 1. დედაენა, როგორც სამყაროს ცნობიერების ფაქტად გარდამქმნელი გონითი ძალა.
- 2. დედაენა, როგორც ერის ისტორიის აგებაში თანამონაწილე გონითი ძალა და ერთიანი (დედა)ენობრივი სოციუმის შემქმნელი გონითი ძალა.
- 3. დედაენა, როგორც ერის კულტურის, ეროვნული კულტურული შემოქმედების დაფუძნების აუცილებელი წინაპირობა.
დედაენის ამ ფუნდამენტური „მაიდენტიფიცირებელი“ ფუნქციების ეფექტური რეალიზების აპრიორულ წინაპირობად გ. რამიშვილი მიიჩნევს დედაენობრივ აღზრდას, რაც გულისხმობს სკოლებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის (ამ შემთხვევაში ქართული ენისა და ლიტერატურის), ან სხვა ჰუმანიტარული საგნების, მაგალითად, საქართველოს ისტორიის ისე სწავლებას, რომ: 1. როდესაც ამ დისციპლინების სწავლებისას წინა პლანზე წამოწეულია არა დედაენის გრამატიკული კოდექსები, ან მშრალი ისტორიული ფაქტები ერის ისტორიიდან, არამედ წინა პლანზე წამოწეული და გათვალისწინებულია დედაენისეული, დედაენობრივი მსოფლხედვა, ანუ ის, თუ როგორ და როგორი „მოაქვს“ სამყარო დედაენას ადამიანთან; 2. როდესაც სწავლებისას წინ წამოწეულია ისტორიულ პროცესში, ე. ი. (ქართველი) ერის კონსოლიდაციის, ეროვნული სახელმწიფოსა და ეროვნული კულტურის დაფუძნების პროცესში დედაენის გადამწყვეტი როლი.
შესაბამისად, დედაენობრივი აღზრდა ქმნის წინაპირობას იმისა, რომ (დედა)ენობრივი სოციუმის ყოველმა ცალკეულმა წევრმა, ერთი მხრივ, საკუთარი თავი თანაგანიცადოს საკუთარი ერის მთლიან (როგორც წარსული, ისე მიმდინარე) ისტორიულ პროცესსა და ეროვნული კულტურის შექმნაში ჩართულ შემოქმედ ინდივიდად და თავი გააცნობიეროს ამ ისტორიისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად, მეორე მხრივ კი, წმინდად პიროვნულ ეგზისტენციალურ სიბრტყეზე დედაენობრივი აღზრდა ქმნის სუბიექტის „ეგზისტენციალური მდგრადობის“ წინაპირობას, რათა მან მოიპოვოს საკუთარი პიროვნული იდენტობა უკვე მთლიან სამყაროსთან და ეგზისტენსთან მიმართებით, დაძლიოს ცნობილი ეგზისტენციალური შიში და ძრწოლა და მოიპოვოს საკუთარი „შინ“ (გერმ. das Zuhause). შესაბამისად, დედაენობრივი აღზრდა (იქნება ეს სახლში, სკოლაში, თუ შემდგომ) გულისხმობს როგორც სოციალური (ამ შემთხვევაში, ეროვნული), ისე წმინდად პიროვნული იდენტობის მოპოვების ამოცანებს. ამიტომ, გ. რამიშვილის დედაენის თეორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ დედაენობრივ აღზრდას. ეს ასპექტი მისი თეორიის უმთავრესი ასპექტია.
თუკი ამოსავალ პუნქტად ავიღებთ ენის ენერგეისტული თეორიის იმ საფუძველმდებარე დებულებას, რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ენობრივი არსებაა (გერმ. Sprachwesen) და აქვე თუკი მხედველობაში მივიღებთ ენის ენერგეისტულ თეორიაში შემუშავებულ დედაენობრივი რეალიზმის აპრიორს, მაშინ სოციალური და ისტორიული ასპექტის გათვალისწინებით, ანუ, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი ამავდროულად ისტორიულ პროცესში აპრიორულად ჩართული სოციალური არსებაა, ცხადი ხდება, რომ ადამიანი სწორედ დედაენობრივად დეტერმინებული ენობრივი არსებაა. შესაბამისად, ადამიანის „სოციალურობა“ და „ისტორიულობაც“ სწორედ დედაენობრივადაა დეტერმინებული, რაც ქმნის წინაპირობას დედაენობრივად განსაზღვრული ეროვნული კულტურის დასაფუძნებლად.
დედაენის ეს აპრიორული ზემოქმედება, მართალია, მატერიალური კულტურის ძეგლების მსგავსად, ხელშესახები და თვალსაჩინო არაა, - ვინაიდან ეს ზემოქმედება გონითი/გაისტური ბუნებისაა და ამ დროს დისტანცია წაშლილია დედაენასა და „დედაენობრივი სოციუმის“ ყოველ ცალკეულ წევრს შორის, თავად დედაენის რეალიზმიდან და ამ რეალიზმის საფუძველზე ჩამოყალიბებული „თავსმოხვეულობიდან“ გამომდინარე, - მაგრამ ზემოქმედების ეს აპრიორულობა განსაკუთრებით თავს იჩენს კონფლიქტურ სიტუაციებში, როდესაც ცდილობენ ამა თუ იმ ფორმით დედაენის ენერგეისტული ფუნქციების (მაგალითად, ერის სულიერი და კულტურული კონსოლიდაციის ფორმირების გაისტური ფუნქციის) შეზღუდვას, ანუ დედაენის „ფუნქციონირების“ გაუქმებას.
3 -ბიბლიოგრაფია
• რამიშვილი, გ.: ენის ენერგეტული თეორიის საკითხები, თბილისი: „განათლება“, 1978 წ.
• რამიშვილი, გ.: ენათა შინაარსობრივი სხვაობა ენათმეცნიერებისა და კულტურის თეორიის თვალსაზრისით, თბილისი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1995 წ.
• რამიშვილი, გ.: შესავალი ენის ანთროპოლოგიაში (ნაკვეთი I). ფერდინანდ დე სოსიური, თბილისი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1996 წ.
• რამიშვილი, გ.: დედაენის თეორია. დედაენა, მისი ფუნქციები და მისი სწავლება, თბილისი: „ქრონოგრაფი“, 2000 წ.
• Gipper, H. (Hg.): Kinder unterwegs zur Sprache, Düsseldorf: Schwann Verlag, 1985.
• Gipper, H.: Kinder unterwegs zur Sprache. Zum Prozeß der Spracherlernung in den ersten drei Lebensjahren, in: H. Gipper, Theorie und Praxis inhaltbezogener Sprachforschung. Aufsätze und Vorträge (1953-1990), Bd. IV, Münster: Nodus Publikationen, 1992, S. 135-153.
• Ramischwili, G.: Das Problem der inneren Sprachform in der modernen Linguistik (Habilitationsschrift), Jena, 1970.
• Ramischwili, G.: Einheit in der Vielfalt. Grundfragen der Sprachtheorie im Geiste Wilhelm von Humboldts, Bonn: Dümmler, 1989.
• Weisgerber, L.: Die Muttersprache im Aufbau unserer Kultur, Düsseldorf: Schwann Verlag, 1957.