იოანე ლაზი
1 -ბიოგრაფია
იოანე ლაზი (იოანე ევნუხი, იეროთეოსი) V საუკუნის ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე (გარდ. 464-465 წწ., 4 ოქტომბერს), პეტრე იბერის აღმზრდელი და მასწავლებელია. სიმონ ყაუხჩიშვილის აზრით, იოანე ლაზი (ერისკაცობაში მითრიდატე ლაზი) კოლხეთის რიტორიკული სკოლის წარმომადგენელი იყო. იგი ბავშვობის წლებიდან განსწავლიდა უფლისწულ მურვანს („მურვანი“ პეტრე იბერის საერო სახელია, სირიულ წყაროებში მას, ასევე, ნაბარნუგიოსი ეწოდება). იოანე ლაზი თან გაჰყვა შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო კონსტანტინეპოლში, კეისარ თეოდოსი II-ის კარზე ერთგულების გარანტად მძევლად გაგზავნილ ქართველ მეფისწულს. „ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს, რომ ბიზანტიის კეისარი თეოდოსი პეტრეს „ვითარცა ძესა თჳსსა ზრდიდა ფუფუნებითა დიდითა“.
„პეტრეს ცხოვრების“ ასურული რედაქციის, ზაქარია რიტორის „საეკლესიო ისტორიის“, „სევეროს ანტიოქიელის ცხოვრების“ და ზოგიერთი გვიანდელი თხზულების თანახმად, იოანე ლაზი (იგივე მითრიდატე) პეტრეს შეხვდა კონსტანტინოპოლში, სადაც ისინი დამეგობრდნენ კიდეც; ის იყო პეტრეს „ნათლია და მამა წყლითა და სულითა“, მისი აზრებისა და მისწრაფებების მოზიარე; ორივენი ბერად აღიკვეცენ იერუსალიმში და სიკვდილამდე ერთად ეწეოდნენ სამონასტრო საქმიანობას. ისინი იყვნენ განუყრელი მეგობრები და თანამოსენაკენი. იოანე ლაზი იყო ღრმადმორწმუნე, მორჩილებით, ზნეობით, რწმენით და თავმდაბლობით შემკული მონაზონი. იგი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებდა თავის მოწაფესა და მეგობარს, სასახლეშიც და შემდგომაც - ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, იმდროინდელი აღმოსავლური სამყაროს ინტელექტუალურ ცენტრებში, სადაც პეტრე იბერს უხდებოდა მოღვაწეობა. პეტრე იბერის ბიოგრაფის, იოანე რუფუსის ცნობით, ცხოვრების გარკვეული ნაწილი იოანე ლაზმა პეტრე იბერთან ერთად იერუსალიმის იბერთა მონასტერში გაატარა, რომელიც პეტრეს მიერ არის აგებული. ეს ფაქტი ქართული წყაროების მიხედვითაც დასტურდება.
2 -იოანე ლაზის ფიგურა არეოპაგიტული ძიებების კონტექსტში
იოანე ლაზი ფილოსოფიური ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა; განსაკუთრებით აქტუალურია მისი პიროვნება არეოპაგიტული კორპუსის ავტორობის კონტექსტში. შალვა ნუცუბიძის მოსაზრება - არეოპაგიტული კორპუსის ავტორის, ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტობის შესახებ - ბელგიელი მეცნიერის, ერნესტ ჰონიგმანის მიერ მიკვლეული ახალი არგუმენტებით იქნა გამყარებული, რომლებიც სწორედ იოანე ლაზის პიროვნებას უტრიალებდა. არეოპაგიტული წიგნების ავტორი ხშირად მოიხსენიებს „თავის ღვთაებრივ წინამძღოლს“ იეროთეოსს, ამასთან, მსჯელობები ზეციური და ქვეყნიური იერარქიების შესახებ სწორედ იეროთეოსის მიერ არის გაშლილი „არეოპაგიტიკაში“. ჰონიგმანი მიიჩნევს, რომ „პეტრეს ცხოვრებაში“ აღწერილი იოანე ლაზის ზმანება ზეციურ ძალთა შესახებ უახლოვდება არეოპაგიტულ მოძღვრებაში „ზეცათა მღვდელთმთავრობისათვის“ ტრაქტატში წარმოდგენილ ანგელოზთა სამ ტრიადულ რიგს. თუმცკი, იოანე ლაზის ჩვენებაში ანგელოზთა დიონისური ტრიადების ნაცვლად ზეციურ ძალთა სხვა თანმიმდევრობაა მოცემული. ჰონიგმანის აზრით, იოანე ლაზი და იეროთეოსი ერთი და იგივე პიროვნებაა: არეოპაგიტულ წიგნებში მოხსენიებული დიონისეს მასწავლებელი იეროთეოსი არის პეტრე იბერის მეგობრის და თანამოაზრის, იოანე ლაზის ფსევდონიმი. ჰონიგმანის არგუმენტაციის ორიგინალობა სწორედ ის არის, რომ ფსევდო-დიონისეს საიდუმლოება არა ერთ, არამედ ორ ფსევდო პიროვნებას ეხება. იოანე ლაზი (ევნუხი) გარდაიცვალა 4 ოქტომბერს. მისი საფლავიც პეტრე იბერის საფლავის გვერდით უნდა იყოს (იოანე რუფუსის ცნობით, იოანე ლაზის თანამონაწილეობით აგებულ მონასტერში, პალესტინაში, ბეთლემის უდაბნოში, ან იერუსალიმში, ქართველთა ჯვრის მონასტერში). ამასთან, ბერძნული, სირიული და რომის ეკლესია 4 ოქტომბერს ერთსულოვნად აღნიშნავს ისტორიული პირის, წმ. იეროთეოსის ხსენების დღეს, რომლის შესახებ ისტორიულ წყაროებში არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რასაც „არეოპაგიტიკის“ ავტორი მასზე გვეუბნება. როგორც ჰონიგმანმა გამოიკვლია, სახელი იეროთეოსი („ღვთის ტაძარი“) არ გვხვდება არც ანტიკურ და არც ბიზანტიურ ბერძნულში, არც ახალ აღთქმაში, კანონიკურ და აპოკრიფულ ტექსტებში, მოციქულთა და ეკლესიის მამების ტექსტებში; ის ხელოვნურად არის შეთხზული არეოპაგიტული წიგნების ავტორის მიერ. ჰონიგმანი იოანე ლაზს დიდ მოაზროვნედ მიიჩნევს და მას V საუკუნეში სირიაში გავრცელებული პანთეისტური ფილოსოფიური თხზულების „წიგნი ჰიეროთეოსისა“ (რომელსაც ბარსუდ-ალიეს მიაწერდნენ) ავტორად ასახელებს. საგულისხმოა ისიც, რომ იეროთეოსის აზრებიდან პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ ფილოსოფიურ-თეოლოგიური იდეები იკითხება, რის საფუძველზეც დასავლურ მეცნიერებაში „არეოპაგიტიკაში“ მოხსენიებულ იეროთეოსს ხშირად პროკლე დიადოხოსთანაც აიგივებდნენ.
3 -იოანე ლაზი ქართულ ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში
როგორც აღვნიშნეთ, იოანე ლაზის შესახებ ცნობები მოგვეპოვება პეტრე იბერის ბიოგრაფიებში, მაგალითად, იოანე რუფუსის „პეტრეს ცხოვრებაში“ (აქ არის დაცული იოანე რუფუსის მიერ ჩაწერილი იოანე ლაზის (ევნუხის) გამონათქვამები, რომლებსაც შ. ნუცუბიძე და ე. ჰონიგმანი ხშირად ადარებენ არეოპაგიტიკაში იეროთეოსისადმი მიწერილ გამონათქვამებს) და მაკარი მესხის (XIII ს.) მიერ შეთხზულ პეტრე იბერის ბიოგრაფიაში „ცხოვრება პეტრე ქართველისა“. იოანე ლაზის ცხოვრება და მოღვაწეობა დიდი ინტერესის საგანი იყო ქართულ და უცხოურ მეცნიერებაში. საგანგებოდ უნდა დავასახელოთ ბელგიელი მეცნიერის, ერნესტ ჰონიგმანის მნიშვნელოვანი ნაშრომი „პეტრე იბერი და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის თხზულებანი“ (E. Honigmann, Pierre l'Iberian et les ecrits du Pseudo-Denys l'Areopagita, Bruxelles, 1952). იოანე ლაზის უდავოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ფიგურის შესახებ ვრცელი გამოკვლევები და ნაშრომები ეკუთვნის შ. ნუცუბიძეს: „Тайна Псевдо-Дионисия Ареопагита“ (1942 წ.); „Еще раз о тайне Псевдо-Дионисия“ (1955 წ.); „პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა“ (1975 წ.). პეტრე იბერისა და იოანე ლაზის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ მოღვაწეობას საგანგებოდ განიხილავს სიმონ ყაუხჩიშვილი თავის ნაშრომში „ბერძნული ლიტერატურის ისტორია“ (1963 წ.); ასევე, მრავალი ფაქტი დიონისე არეოპაგელისა და იოანე ლაზის შესახებ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დააზუსტა ივ. ლოლაშვილმა თავის კრიტიკულ ნაშრომებში: „არეოპაგიტიკის პრობლემები“ (1972 წ.); „ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაში“ (1973 წ.).
4 -გამოყენებული ლიტერატურა
• გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილისა, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ.
• ლოლაშვილი, ივ.: არეოპაგიტიკის პრობლემები, თბილისი: „მეცნიერება“, 1972 წ.
• ლოლაშვილი, ივ.: ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ.
• ნუცუბიძე, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. I, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1956 წ.
• ნუცუბიძე, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. II, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა“, 1958 წ.
• ნუცუბიძე, შ.: შრომები, ტ. V: პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა, თბილისი: „მეცნიერება“, 1975 წ.
• ყაუხჩიშვილი, ს.: ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3: ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, თბილისი: „ცოდნა“, 1963 წ.
• ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ. II (IX-XIV სს.), ი. აბულაძის რედაქციით, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.
• ხიდაშელი, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს.), თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ.
• Хонигман, Э.: Петр Ивер и сочинения Пс.-Дионисия Ареопагита, იხ.: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“, ტ. 59, თბილისი, 1955 წ., გვ. 19-78.