ტრიადა
1 -შესავალი
ტრიადა საკაცობრიო აზროვნების მნიშვნელოვანი კატეგორიაა. ის თეორიისა და პრაქტიკის სხვადასხვა სფეროში გვხვდება, თუმცა, უპირველესად, მისი საფუძვლები ფილოსოფიაში და მის ერთ-ერთ დარგში - ლოგიკაში - უნდა ვეძიოთ. არსებობს სხვადასხვა ტიპის ფილოსოფიური ტრიადები, რომელთა შორისაც შეგვიძლია გამოვყოთ ონტოლოგიური, ეპისტემოლოგიური და ა.შ. ტრიადები. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში სწორედ ფილოსოფიურმა აზროვნებამ დაუდო სათავე ტრიადულ პრინციპს, რომელიც სამერთიანობის, არსის სამგვამოვნების შინაარსის მატარებელია.
მსგავსი განაზრებების ძირებს პითაგორასთან შეგვიძლია მივაკვლიოთ. ანტიკური ხანის ეს დიდი მოაზროვნე ერთ-ერთი პირველია, ვინც რიცხვებს სამყაროს სტრუქტურის განსაზღვრისათვის იყენებს. მასთან ყოველივეს საწყისად ერთი გვევლინება, ორი ერთგვარ განუსაზღვრელობას, სამი კი დაპირისპირებულთა ერთიანობას ასახავს (4, 35). დაპირისპირებულობა, უპირველეს ყოვლისა, ელემენტების განსხვავებულობაზე მიუთითებს. შესაბამისად, რიცხვი სამის, როგორც განსხვავებულთა ერთიანობის, ჰარმონიის პრინციპი სწორედ აქედან იღებს სათავეს. ერთიანობა კონკრეტულ არსს უკავშირდება, რაც საშუალებას იძლევა ამ არსში გამოკვეთილ იქნეს სამი ელემენტი.
ტრიადოლოგიის კუთხით საგულისხმოა პლატონის დიალოგებიც. მათში ასახული მსჯელობები ტრიადულ ფორმას ატარებს - სოკრატე თავის მოპაექრეებს სთავაზობს თეზისს, საპასუხოდ კი იღებს ანტითეზისს; შემდგომ საფეხურზე სოკრატეს დასკვნები წარმოადგენს ამ ორი საფეხურის ერთგვარ სინთეზს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პლატონური ტრიადა საფუძვლად დაედო დიალექტიკის იმ პრინციპს, რომელიც ახალი დროის მიწურულს გერმანულ იდეალიზმში განვითარდა (17).
ანტიკურობაში ტრიადული პრინციპის ყველაზე სრულყოფილ ასახვას პროკლე დიადოხოსთან ვხვდებით. პროკლეს მიხედვით, ეს პრინციპი ყოფიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კატეგორიას წარმოადგენს. პროკლეს ტრიადოლოგიას ფილოსოფიის ისტორიაში დიდი გავლენა ჰქონდა. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია პროკლესადმი გ. ვ. ფ. ჰეგელის დამოკიდებულება. ჰეგელის ფილოსოფიის ცალკეული ასპექტების პროკლეს ნააზრევთან ნათესაობის საფუძველზე ლ. ფოიერბახი ჰეგელს „გერმანელ პროკლესაც“ კი უწოდებდა. ჰეგელი - პროკლეს მსგავსად - აბსოლუტურობაზე პრეტენზიის მქონე სისტემას გვთავაზობს; აბსოლუტურობაში აქ იგულისხმება სამყაროს ყოველი ხდომილების, მთლიანი პროცესის აღწერა კონკრეტული პრინციპების მეშვეობით. ჰეგელის აბსოლუტურ იდეალიზმში სამყარო გვევლინება როგორც სულის მიერ საკუთარი თავის შემეცნების პროცესი. სულის თავისთავად ყოფნას სულის საკუთარი თავისგან განსხვავება მოსდევს, სინთეზურ, მესამე ელემენტს კი წარმოადგენს სულის მიერ საკუთარ თავში დაბრუნება საკუთარი თავის შემეცნების გზით. მაგალითად, ამის სხვადასხვა გზად ჰეგელი სახავს ხელოვნებას, რელიგიასა და ფილოსოფიას, ხოლო ამ უკანასკნელს კი ყველაზე მაღალ საფეხურს განუკუთვნებს (13, 335-360). ამგვარად, სულის მიერ საკუთარი თავის შემეცნება ფორმულირდება როგორც სულის მიერ ადამიანის მიერ საკუთარი თავის შემეცნება. ეს შეგვიძლია თეზისი-ანტითეზისი-სინთეზის სამეულის მეშვეობით წარმოვაჩინოთ. აბსოლუტური სულის სამი მდგომარეობა ქმნის იმ უმაღლეს ტრიადას, რომლის მეშვეობითაც ახსნილია სამყაროს ხდომილებათა მთელი პროცესი.
2 -ტრიადის მოდელები ქართულ აზროვნებაში
ქართულ ფილოსოფიაში ხსენებული საკითხი განსაკუთრებით გამოიკვეთა ნეოპლატონური აზროვნების, კერძოდ, პროკლეს ფილოსოფიის რეცეფციისა და ტრანსფორმაციის პროცესში. ცხადია, აქ იგულისხმება პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ ქართული თარგმანი და მისი კომენტარი, რომლის ავტორიც „ქართული აზროვნების პარადიგმატული ავტორი“ (7, 47-50), იოანე პეტრიწია. პეტრიწი ნაბიჯ-ნაბიჯ, იმანენტურად განმარტავს პროკლეს ნააზრევს (6, 15), რომლის საფუძველზეც ქართულ აზროვნებაში ანტიკური ფილოსოფიის ამ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის ასახვა-გარდასახვის (7, 48) უნიკალურ მოდელს გვთავაზობს. ეს ეხება პროკლეს ტრიადოლოგიასაც. შესაბამისად, ტრიადის შესახებ ფილოსოფიური განაზრებები ქართულ აზროვნებაში, უპირველესად, იოანე პეტრიწთან უნდა ვეძიოთ.
პროკლეს ფილოსოფია, დიდწილად, მთელი ანტიკური სიბრძნისმეტყველების შეჯამებაა. მასთან სამყაროს მრავალფეროვნება ნეოპლატონიზმისთვის დამახასიათებელი იერარქიული სტრუქტურითაა გადმოცემული. პირველ სამ საფეხურს ამ იერარქიული კიბისა წარმოადგენს ერთი, გონება და სული. იმისათვის, რათა ამ თანამიმდევრობაში კავშირი დაადგინოს, პროკლე ცდილობს ელემენტების ტრიადული სტრუქტურა გამოკვეთოს. მაგალითად, გონების შემთხვევაში იგი სამ საფეხურს გამოყოფს: ინტელიგიბელური არსება (noêton), არსება, რომელიც ინტელიგიბელურია და თავადაც აზროვნებს (noêton-noeron), და აზროვნება (noeron). მათგან მეორე წარმოადგენს ერთგვარ მოსაშუალე წევრს. შესაბამისად, ეს ტრიადა იშლება შემდეგნაირად: არსებობა, სიცოცხლე, აზროვნება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრიადა პროკლესთან ტრიადული პრინციპის საფუძველია, იმ პრინციპისა, რომელიც მიზეზ-შედეგობრივ მიმართებაში იჩენს თავს (15).
პროკლესთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შეგვიძლია პირობითად სამი ცნებით გამოვხატოთ: მიზეზში ყოფნა, გამომდინარეობა და უკუდაბრუნება (პროკლე იყენებს შემდეგ ტერმინებს: monê-prohodos-epistrophê) (15). პროკლე „თეოლოგიის საწყისების“ 35-ე თავში წერს, რომ ყოველ არსს აქვს თავისი მიზეზი, რომელთან მიმართებითაც შეიძლება ვისაუბროთ ამ არსის ტრიადულ სტრუქტურაზე. უპირველესად, თუკი ეს არსი არსებობს მხოლოდ მის მიზეზში, რჩება მასში, მაშინ ვერ ვისაუბრებთ თავად ამ არსზე, რამდენაც ის არ სხვაობს თავისი მიზეზისგან (აქ განსხვავება გულისხმობს გამომდინარეობას). თუკი ის მხოლოდ გამომდინარეობს თავისი მიზეზიდან დარჩენისა და უკუდაბრუნების გარეშე, მაშინ გამოდის, რომ ის არ არის დაკავშირებული თავის მიზეზთან, რაც უმართებულოა. ასევეა უკუდაბრუნების შემთხვევაშიც: ის ვერ განხორციელდება იმგვარი არსის მიმართ, რომელიც მისთვის უცხოა, ის მასში არ არის და მისგან არ მიუღია არსებობა. ამგვარად, ყოველ არსს, რამდენადაც გააჩნია თავისი მიზეზი, გააჩნია ტრიადული სტრუქტურა, რომელიც მიზეზში დარჩენას, მისგან წარმოშობას/გამომდინარეობას, გამოცალკევებასა და მასში უკუდაბრუნებას გულისხმობს.
ზემოხსენებული მიზეზ-შედეგობრივი პრინციპი საგანგებო ადგილს იკავებს პეტრიწის კომენტარში. პეტრიწს უნიკალური ენობრივი მიგნებები შემოაქვს ქართულ აზროვნებაში - ტერმინი „მიზეზოანი“ ამის ნათელი ასახვაა (9, 20). ყოველი არსი ატარებს თავის თავში მიზეზის კვალს და, ამავდროულად, თავის მიზეზში მყოფობს. მას თავის მიზეზში აქვს თავისივე არსების საფუძველი. ასევე, ის ისწრაფის თავისი მიზეზისაკენ. შედეგის მიზეზთან სწორედ ამგვარი კავშირია გამოხატული პეტრიწისეულ ტერმინში „მიზეზოანი“. აქ ხაზგასმულია ყოველი არსის, რომელსაც მიზეზი აქვს, ტრიადული სტრუქტურა: არსი არის მიზეზში, არის მისგან გამომდინარე და სწრაფვის საფუძველზე უბრუნდება თავის მიზეზს. ტერმინი „მიზეზოანი“ კი შეგვიძლია მივიჩნიოთ ტრიადული სტრუქტურის ერთგვარ საფუძველმდებარე ტერმინად/ცნებად, რამდენადაც ის თავის თავში სწორედ არსის სამსაფეხურიან სისტემას გვთავაზობს.
პროკლესთან ტრიადა ვლინდება ასევე იდეასთან ზიარების კონტექსტშიც. ეს საკითხი აქტუალური იყო ჯერ კიდევ პლატონის ცნობილ დიალოგში „პარმენიდე“, სადაც პირველ ნაწილში (131a-b) ერთი იდეის სხვადასხვა კონკრეტულ საგანში განხორციელების პრობლემა იყო დასმული. ხსენებული თემატიკა „პარმენიდეში“ არისტოტელეს კრიტიკის წინააღმდეგაა მიმართული. პროკლე ამის გადალახვას ცდილობს „ზიარების“ პრობლემის წამოჭრით. იდეას ეზიარება სხვა არსები, რომლებიც საკუთარ თავში ატარებენ ამ იდეას, და მიუხედავად ამ არსების სიმრავლისა, მათში რეალიზებული იდეა კვლავ ერთ ფორმად გვევლინება. აქ შენარჩუნებულია ტრანსცენდენტური იდეის თვითობა, რამდენადაც ყოველი არსი ამ იდეის განხორციელებისკენ ისწრაფის. პეტრიწი ამ თეორიის შესანიშნავ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. მისი აზრით, ყოველი „უმოქენო“, „მიზეზი“ აღემატება „მოქენესა“ და „მიზეზოანს“. ამასთან, როგორც პეტრიწი ამბობს, უმოქენო თავის მიმართ უკუიტრფობს მოქენეს და აკეთილებს მას. ეს ცხადყოფს უკუდაბრუნების პრინციპს. ამასთანავე, პეტრიწი არა მხოლოდ კონკრეტული იდეის განხორციელებას, არამედ უფრო ვრცლად, „ზესთა ერთის“ განხორციელება-უკუდაბრუნებას აქცევს ყურადღებას. პეტრიწი ხაზს უსვამს, რომ უმაღლესი ერთი აერთიანებს ყველა სერიას. შესაბამისად, მიღებული ტრიადა იღებს საყოველთაო სახეს - ის კრავს მთელ ყოფიერებას: არსებულები გამომდინარეობენ ერთიდან და ბრუნდებიან მასში. შესაბამისად, ერთი ტრიადული ფორმით გვევლინება: როგორც თავისთავად მყოფი, როგორც „მიზეზოანებში“ მყოფი და როგორც მიზეზებიდან ტრფობის გზით საკუთარ თავში დაბრუნებული. აქ თავად მიზეზის ტრიადული სტრუქტურაა წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილი ორივე მოდელი (ერთი მიზეზისა და მეორე მიზეზოანისა) კავშირშია ერთმანეთთან. მიზეზოანის ტრიადული სტრუქტურა საზრდოობს მიზეზის ტრიადული სტრუქტურიდან. ეს განპირობებულია ყოველივეს პირველერთისადმი მსგავსების, ან, როგორც პეტრიწი იტყვის, „ერთებრიობის“ საფუძველზე.
საგანგებო აღნიშვნის ღირსია ასევე იოანე პეტრიწის კომენტარის ბოლოსიტყვაობაში ტრიადული პრინციპის რელიგიურ-ფილოსოფიური გააზრება. ის გეომეტრიაზე საუბრობს, როგორც ყოფიერების ერთგვარ მოდელზე (ყოფიერების პრინციპთა ამგვარი ფორმულირება ჯერ კიდევ პითაგორადან იღებს სათავეს). სამი პეტრიწისთვის სიბრტყის განმსაზღვრელია (რამდენადაც „ერთი“ წერტილია, „ორი“ წირი, „სამი“ კი სიბრტყე), სიბრტყე კი უკვე ფიგურათა არსებობის საწინდარია. შესაბამისად, ყოველი ფიგურა თავისი არსებობისთვის საჭიროებს ამ ტრიადულ სტრუქტურას. სიბრტყის „სამთან“ დაკავშირების დროს ნათელია პითაგორას გავლენა. საგულისხმოა ისიც, რომ პეტრიწი ამ გზით სამყაროს ონტოლოგიური პრინციპების დადგენისას მიუთითებს ქრისტიანული მოძღვრების წმიდა სამებაზე და ცდილობს შემოქმედი ღმერთის კვალის დანახვას შექმნილ სამყაროში. მსგავს განაზრებებს ადგილი ჰქონდა შუა საუკუნეების დასავლურ აზროვნებაშიც, განსაკუთრებით, ბონავენტურასთან (პეტრიწზე დაახლოებით ერთი საუკუნით გვიან), რასაც ფილოსოფიის ისტორიის მკვლევარები „ფრანცისკანულ ეგზემპლარიზმს“ უწოდებენ (11, 108).
იოანე პეტრიწის ტრიადული ფილოსოფიის კვალი იგრძნობა ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაშიც, უპირველესად, ანტონ პირველთან (ბაგრატიონთან). ანტონი უშუალოდ ეყრდნობა იოანე პეტრიწის მოძღვრებას მიზეზთა შესახებ. ის, თხზულებაში „სპეკალი“ (იხ., მაგალითად, თავი - 29), უმაღლესი პირველმიზეზის შესახებ საუბრისას გამოყოფს მის სამ მდგომარეობას: უმიზეზო მიზეზი, მიზეზი მიზეზოანთა და არმიზეზი მიზეზოანთა (1, 160). აქ პროკლე-პეტრიწის ონტოლოგიური ტრიადა იკვეთება: პირველმიზეზი თავისთავად (როგორც უმიზეზო), პირველმიზეზი თავის მიზეზოანში და პირველმიზეზი, როგორც თავისი მიზეზოანისგან განსხვავებული (ეს ბოლო ელემენტი გახლავთ პეტრიწთან ხსენებული „უკუტრფობის“ სხვა ვერსია, ინტერპრეტაცია). ანტონი ამ თეორიას ცალსახად პლატონურ ფილოსოფიას განუკუთვნებს, მოიხსენიებს პროკლესაც, პეტრიწს კი ღვთისმეტყველს უწოდებს. ცხადია, ეს მეტყველებს ტრიადული მეტაფიზიკისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებაზე ქართველ მოაზროვნეთა მხრიდან. ამასთან, უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ შუა საუკუნეებსა და ახალ დროში ქართულ აზროვნებაში გავრცელებული ტრიადის ეს მოდელი ონტოლოგიურ ტრიადად შეიძლება მოვიხსენიოთ. ეს განპირობებულია ამ აზროვნების ქრისტიანული ხასიათითაც, რამდენადაც ქრისტიანულ მოძღვრებაში შემოქმედი სამება-ღმერთის კვალი მთელ ქმნილებაში იკითხება. შესაბამისად, პროკლესეული ტრიადოლოგიისადმი ცხოველი ინტერესიც, გარკვეულწილად, ამითაც უნდა იყოს განპირობებული.
ახალი დროის ქართული ფილოსოფიაში ტრიადოლოგიის შესახებ საუბრისას საგულისხმოა სოლომონ დოდაშვილის შეხედულებებიც, რომლებიც გადმოცემულია თხზულებაში „ლოგიკა“. დოდაშვილი ეპისტემოლოგიურ ტრიადას გვთავაზობს, რომელიც შემეცნების, ცნობიერების უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ის იყენებს ტრიადას (თეზისი, ანტითეზისი, სინთეზი), რომელსაც შემეცნების პროცესს უსადაგებს. შემმეცნებელი ცნობიერება წარმოადგენს თეზისს, შესამეცნებელი ობიექტური რეალობა ანტითეზისს, შემეცნება კი სინთეზს: „ერთი სიტყვით, ცნობიერების ყოველ მოქმედებაში, რაც გონებას ახასიათებს, ნათლად მჟღავნდება: a) დებულება (thesis), b) დაპირისპირება (antithesis) და c) შეუღლება, ანუ შეერთება პირველისა და მეორისა (synthesis). მოქმედების ამ წესს აქვს უგამონაკლისო საყოველთაობა და გარდაუვალი აუცილებლობა ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის; მაშასადამე, ეს გონების კანონია“ (3, 29). ტრიადის მეორე ელემენტი წარმოადგენს დაპირისპირებას პირველისადმი, რაც უნდა აიხსნას თავად შემეცნების სპეციფიკით: შემეცნება გულისხმობს საკუთარი თავის მცოდნე არსების (გონების) დაპირისპირებას შესამეცნებელ ობიექტთან, რომელიც სხვაობს შემმეცნებლისგან. ამგვარად, შემეცნება გულისხმობს ცნობიერების მიერ საკუთარი თავის დადგენას, განსხვავებას საკუთარი თავისგან და სინთეზის გზით კვლავ საკუთარ თავში დაბრუნებას! სწორედ აქედან გამომდინარე ვიღებთ დოდაშვილთან ეპისტემოლოგიურ ტრიადას.
XX საუკუნის ფილოსოფიაში ტრიადის კვლევა მიმდინარეობდა როგორც ანტიკურობის, ისე გერმანული იდეალიზმის შესწავლა-დამუშავების ფონზე. აქ უნდა აღინიშნოს შ. ნუცუბიძის ორიგინალური ეპისტემოლოგიური მოძღვრება, რომელსაც ალეთეიოლოგიური რეალიზმის სახელით ვიცნობთ. ნუცუბიძის მოძღვრებაში ვხვდებით აზროვნების, ყოფნისა და ჭეშმარიტება თავისთავად-ის ტრიადას (5, 12). მესამე ელემენტი წარმოადგენს პირველი ორის სინთეზს, ანუ მათ შორის დაპირისპირების გადალახვის საფეხურს. ნუცუბიძისეული ტრიადული კონცეფცია გერმანული იდეალიზმის გარკვეულ კვალს ატარებს. ნუცუბიძესთან ასევე საგულისხმოა თავად ჭეშმარიტების კატეგორიის ტრიადული ფორმაც. აქ ჭეშმარიტების სამი სახე გამოიყოფა: ჭეშმარიტება თავისთავად, ჭეშმარიტება ჩვენთვის, ჩვენი ჭეშმარიტება. პირველი დაპირისპირებულზე მაღლა დგომის, არალოგიკურის სფეროს განასახიერებს. აღნიშნულ სფეროში ფორმალური ლოგიკის კანონები არ მნიშვნელობს. ჭეშმარიტების დანარჩენი ორი სახეი კი დაპირისპირების, ლოგიკურის სფეროს განეკუთვნება (5, 59).
XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში ტრიადის კონცეფციის დამუშავების ცალკე საფეხურს წარმოადგენს კვლევები იოანე პეტრიწის შესახებ. პეტრიწისეული ტრიადების შესწავლის მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მ. გოგიბერიძის სტატია „იოანე პეტრიწის მიერ ტრინიტეტის მოძღვრების დაფუძნება რიცხვთა სპეკულატური ხერხებით“ (სტატია თავდაპირველად დაიწერა გერმანულ ენაზე (14), მოგვიანებით კი ითარგმნა ქართულად ზ. თევზაძის მიერ (2, 205-214)). ამ ნაშრომში პეტრიწის მიერ სამების პრინციპის დასაბუთების ზემოთ განხილული იდეებია წარმოდგენილი. გოგიბერიძე წერს, რომ, პეტრიწის აზრით: „პლატონმა ... დააფუძნა მოძღვრება ღმერთი ერთარსების სამერთიანი ჭვრეტის შესახებ... ეს პლატონის დიალოგებში დაფარული ძევს. პლატონიკოსმა პროკლემ ეს გამოავლინა და ერთის შინაგანი სამება საბოლოოდ დაადგინა“ (2, 208). გოგიბერიძის აზრით, იოანე პეტრიწი ცდილობს გადალახოს სამების ქრისტიანულ პრინციპსა და ნეოპლატონურ ტრიადაში ერთგვარ იერარქიულ პრინციპს შორის დაპირისპირება. მ. გოგიბერიძის ინტერპრეტაციის თანახმად, იოანე პეტრიწს ტრიადოლოგიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში გერმანულ იდეალიზმში განვითარებული ტრიადოლოგიის ორიგინალური ინტერპრეტაციაა მოცემული სავლე წერეთლის მონუმენტურ მონოგრაფიაში „დიალექტიკური ლოგიკა“ (12). ამ თხზულების ავტორი ლოგიკის, როგორც ფილოსოფიური დისციპლინის ანალიზს გვთავაზობს. ნაშრომის ღირებულებას განსაზღვრავს ის ფართო დიაპაზონი, რომელიც ანტიკურობიდან ვიდრე ჰეგელამდე კონცეფციებს წარუდგენს მკითხველს. ტრიადის კონტექსტში აქ საინტერესოა სინთეზის კატეგორიის ანალიზი; წერეთელი - სინთეზის შეუძლებლობის მომხრე ანტიკური ხანის ზოგიერთი მოაზროვნის (პარმენიდე, სოკრატელები და სხვ.) საპირისპიროდ - გერმანული იდეალიზმის წარმომადგენლების (განსაკუთრებით, ჰეგელის) ნააზრევის საფუძველზე სინთეზს, როგორც თეზისისა და ანტითეზისის დაპირისპირების გადალახვის პირობას არათუ შესაძლებლად, არამედ ადამიანური აზროვნების აუცილებელ ელემენტად მიიჩნევს (12, 226-229). წერეთელი აზრის ლოგიკურ ფორმებზე საუბრისას ტრიადას, როგორც ლოგიკურ ელემენტს მოიშველიებს. ლოგიკის ეს საინტერესო ასპექტი წერეთლის შრომაში „ლოგიკური სამკუთხედის“ ცნებითაცაა გამდიდრებული (12, 316); ამ ცნებაში ლოგიკური მსჯელობები გეომეტრიის მოხმობითაა განმტკიცებული. ისტორიულ კვლევათა შორის საყურადღებოა ამავე ავტორის კვლევები ანტიკურ ფილოსოფიაში. ყურადღებას იმსახურებს გ. თევზაძის „ანტიკური ფილოსოფიაც“, სადაც ძალზე საინტერესოდაა განხილული პროკლეს მოძღვრება ტრიადების შესახებ (4, 152-154).
ტრიადოლოგიის ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით ბოლო დროის ნაშრომებიდან აღსანიშნავია თ. ირემაძის ნაშრომი „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში. პროკლეს ფილოსოფიის რეცეფციის შესახებ გერმანულ და ქართულ შუა საუკუნეებში: იოანე პეტრიწი, ბერთოლდ მოსბურგელი, დიტრიხ ფრაიბერგელი“ (16). მასში წარმოდგენილია პროკლეს ტრიადული მოძღვრების რეცეფცისა და ტრანსფორმაციის საკითხები შუა საუკუნეების ფილოსოფიაში. მოცემული ნაშრომი აღნიშნული საკითხის კვლევისას განსაკუთრებულ ინტერესს იმის გამოც იწვევს, რომ მასში წარმოდგენილი და განხილულია ტრიადის კონცეფცია შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში.
3 -ბიბლიოგრაფია
1. ანტონ პირველი: სპეკალი, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.
2. გოგიბერიძე, მ.: რჩეული ფილოსოფიური თხზულებები, ტ. IV, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1978 წ.
3. დოდაშვილი, ს.: ლოგიკა, ა. ქუთელიას რედაქციითა და წინასიტყვაობით, თბილისი: „სახელგამი“, პოლიტლიტსექტორი, 1949 წ.
4. თევზაძე, გ.: ანტიკური ფილოსოფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1995 წ.
5. ირემაძე, თ.: ალეთეიოლოგიური რეალიზმი, გერმანულიდან თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
6. ირემაძე, თ.: „ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში (ანონიმი ავტორი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი)“, კრებულში: თ. ირემაძე (რედ.), ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ., გვ. 8-20.
7. ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია, სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
8. ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია, სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
9. ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწის ფილოსოფია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021 წ.
10. პროკლე დიადოხოსი პლატონური ფილოსოფოსი. კავშირნი ღვთისმეტყველებითნი, თარგმანი, წინასიტყვაობა და განმარტება იოანე პეტრიწისა, ტ. 2, დიპლომატური გამოცემა, გამოსაცემად მოამზადეს დ. მელიქიშვილმა და ნ. მიროტაძემ, თბილისი: „შპს კოლორი“, 2016 წ.
11. შნაიდერი, ჰ.: „ტრინიტარული თეოლოგიის განვითარება და მისი კულმინაცია ავგუსტინესთან“, გერმანულიდან თარგმნა გ. თავაძემ, კრებულში: ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017 წ., გვ. 82-118.
12. წერეთელი, ს.: დიალექტიკური ლოგიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ.
13. ჰეგელი, გ. ვ. ფ.: გონის ფილოსოფია, თარგმნა ნ. ნათაძემ, თბილისი: „მეცნიერება“, 1984 წ.
14. Gogiberidse, M.: Zahlenspekulative Begründung der Trinitätslehre bei Johannes Petritzi, იხ.: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მოამბე, ტ. I, #5 (1940 წ.), გვ. 385-392.
15. Helmig, C., Steel, C.: Proclus, in: The Stanford Encyclopedia of Philosophy (Fall 2020 Edition), https://plato.stanford.edu/archives/fall2020/entries/proclus/ (წვდომა განხორციელდა: 03.03.2021).
16. Iremadze, T.: Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus. Zur Rezeption der Proklischen Philosophie im deutschen und georgischen Mittelalter: Dietrich von Freiberg - Berthold von Moosburg - Joane Petrizi (Bochumer Studien zur Philosophie, Bd. 40), Amsterdam/Philadelphia: John Benjamins Publishing Company, 2004.
17. Maybee, J. E.: Hegel’s Dialectics, in: The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2020 Edition), https://plato.stanford.edu/archives/win2020/entries/hegel-dialectics/ (წვდომა განხორციელდა: 03.03.2021).
18. Proclus: The Elements of Theology, Translation, Introduction and Commentary by E. R. Dodds, second edition, Oxford: Clarendon Press, 1963.