ქრისტიანული ანთროპოლოგია
1 -განსაზღვრება და საგანი
ქრისტიანული ანთროპოლოგია არის ქრისტიანული თეოლოგიისა და ფილოსოფიის სფეროში წარმოქმნილი მიმართულება, რომელიც შეისწავლის ადამიანის წარმოშობას, ბუნებას, აგებულებას, მის მიწიერ როლსა და მისიას ქრისტიანული მოძღვრების კონტექსტში. ქრისტიანული ანთროპოლოგია განსხვავდება სეკულარული ანთროპოლოგიის დარგებისაგან, რომლებიც, ძირითადად, სოციალურ მეცნიერებებში ერთიანდებიან და სწავლობენ ადამიანის ბუნებასა და ქცევას ემპირიული კვლევის მეშვეობით. ქრისტიანული ანთროპოლოგია ენათესავება ფილოსოფიურ ანთროპოლოგიას, რომელიც ადამიანის არსის მეტაფიზიკურ და ფენომენოლოგიურ შესწავლას ახორციელებს.
ქრისტიანული ანთროპოლოგია ადამიანის არსსა და ბედისწერას შესაქმისა და ესქატოლოგიის კონტექსტში განიხილავს. ის ადამიანის არსის შესახებ მსჯელობისას იყენებს ისეთ ცნებებს, როგორებიცაა: სხეული, სული, სამფშვინველი, თავისუფლება, მარტოობა, სოციალური ურთიერთობები, ტანჯვა, სიკვდილი, ცოდვა, მადლი და ა.შ. სეკულარული ანთროპოლოგიისაგან განსხვავებით, რომელიც ადამიანთა ცხოვრების წესსა და ბუნებას იკვლევს, ქრისტიანული ანთროპოლოგია მსჯელობს იმაზეც, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა, როგორი უნდა იყოს მათი მიმართება ღმერთთან, სამყაროსთან და ერთმანეთთან. ამგვარად, ქრისტიანულ ანთროპოლოგიას, შემეცნებითთან ერთად, მოძღვრებითი ხასიათიც აქვს და ის ადამიანის შესახებ ქრისტიანული სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტებს აყალიბებს.
ადამიანის წარმოშობისა და არსის განმარტებისას ქრისტიანული ანთროპოლოგია ეყრდნობა ბიბლიას, კერძოდ კი დაბადების წიგნს, სადაც ადამიანის წარმოშობა აღწერილია, როგორც ბიბლიური ღმერთის შემოქმედებითი აქტი და შესაქმის მწვერვალი. ბიბლიური ღმერთი ადამიანს თავის ხატად და მსგავსად ქმნის. ხატისებრიობა გაიგება როგორც ადამიანის ბუნებითი მშვენიერება და შემკულობა, ხოლო, მსგავსებრიობა როგორც ადამიანის ნებაყოფლობითი სიკეთე.
ქრისტიანული ანთროპოლოგია, ასევე, იკვლევს ადამიანის აგებულებას, რომლის შესახებაც სხვადასხვა ქრისტიანულ დენომინაციებსა და თეოლოგიურ ტრადიციებში არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ამ საკითხის გარშემო გამოიყოფა სამი ძირითადი მიდგომა: 1) დიქოტომიზმი ასწავლის, რომ ადამიანს, თავისი აგებულებით, აქვს ორი შემადგენელი - სული და სხეული, რომლებიც სიკვდილის დროს განეშორებიან და საყოველთაო აღდგომისას კვლავაც შეერთვიან ერთმანეთს. 2) ტრიქოტომიზმი ასწავლის, რომ ადამიანს აქვს სამი შემადგენელი - სხეული, სული და სამფშვინველი. ეს მიდგომა ფართოდ არის გავრცელებული ქრისტიანულ სამყაროში და გარდა იმისა, რომ მყარი ბიბლიური საფუძვლები აქვს, მას იზიარებდნენ ქრისტიანული აზროვნების ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც არიან კაბადოკიელი მამები, კლიმენტ ალექსანდრიელი, ევსები კესარიელი, იპოლიტე რომაელი და სხვ. 3) მონიზმი ასწავლის, რომ ადამიანს, როგორც ასეთს, შემადგენლები არ აქვს და რომ ის ერთ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც სული და სხეული სხვადასხვა შემადგენლები როდია, არამედ, ერთი მთელის ორი წახნაგი, ეს მიდგომა განვითარებულია თანამედროვე ლიბერალურ თეოლოგიაში და მის ფართო თეორიულ დასაბუთებას შევხვდებით XX საუკუნის გავლენიანი გერმანელი თეოლოგის რუდოლფ ბულტმანის შრომებში.
2 -ქრისტიანული ანთროპოლოგიის ადგილი ქრისტიანული აზროვნების ტრადიციაში
ქრისტიანული აზროვნების ისტორიაში იშვიათია ავტორი, რომელსაც თავის ნაშრომებში ანთროპოლოგიური საკითხები არ განეხილოს. ამგვარად, ანთროპოლოგიური მსჯელობები თავიდანვე იქცა ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად. ამ ქრისტიან მოაზროვნეებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია წმ. გრიგოლ ნოსელის, ნეტარი ავგუსტინეს, ნემესიოს ემესელისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლის წვლილი ქრისტიანული ანთროპოლოგიის განვითარების საქმეში.
წმ. გრიგოლ ნოსელი მიიჩნევდა, რომ ადამიანი, როგორც ხორციელი არსება შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, მაგრამ მის უკვდავ სულს აქვს უნარი მიეახლოს ღვთაებრივს. გრიგოლ ნოსელის თანახმად, სული სხეულთან ერთად შეიქმნა. ადამიანად ყოფნა ერთდროულად ნიშნავს თვითრეფლექსიის უნარისა და თავისუფალი ნების ქონას, პირველით ის აღიქვამს თავის თავს შექმნილ სამყაროში და იაზრებს ღმერთის არსებობას, ხოლო მეორით ირჩევს ღმერთისკენ მიმავალ გზას.
ნეტარი ავგუსტინე ადამიანს განიხილავდა სულისა და სხეულის სრულყოფილ ერთობად. სხეულისა და სულის მიმართების განსამარტად იგი იყენებდა ქორწინების მეტაფორას: ახლადშეუღლებულთა მსგავსად, თავდაპირველად, სული და სხეული ერთმანეთთან სრულ თანხმობასა და ჰარმონიაში იყვნენ. ცოდვით დაცემის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და მწვავე დაპირისპირების რეჟიმში გადავიდნენ. წმ. ავგუსტინე სხეულს განიხილავდა, როგორ სამგანზომილებიან ობიექტს, ხოლო სულს, როგორც შეუდგენელ სუბსტანციას.
ნემესიოს ემესელი თავის ანთროპოლოგიურ შეხედულებებს ქრისტიანული ფილოსოფიის კონტექსტში ავითარებდა და ამ საქმისათვის იგი ანტიკურ ანატომიურ და ფსიქოლოგიურ ცოდნასაც იყენებდა. თავის ნაშრომში, რომელიც ადამიანის ბუნების გამოკვლევას ეძღვნება, ნემესიოსი განიხილავს ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს და მის ბედისწერას; ამ უკანასკნელის შესახებ იგი ავითარებს თეორიას ღვთის განგების შესახებ, რომელიც ადამიანის თავისუფალ ნებას არ ზღუდავს.
წმ. მაქსიმე აღმსარებლის ანთროპოლოგიური შეხედულებები მოქცეულია მის თეოლოგიურ-ანთროპოლოგიურ სისტემაში. წმ. მაქსიმე ღმერთის მიერ ადამიანის თავის ხატად შექმნის ბიბლიურ ამბავს ფართო ქრისტიანულ-თეოლოგიურ განვითარებას აძლევდა და ღმერთთან პირველსაწყისი ერთობის აღდგენის გზად გამოხსნას მიიჩნევდა. ამ კონტექსტში წმ. მაქსიმე ამუშავებდა განღმრთობის შესახებ მოძღვრებას. იგი მიიჩნევდა, რომ განღმრთობა არ არის ადამიანის ბუნების შედეგი, რამდენადაც ბუნება დაცემულია და მას არ ძალუძს ღმერთის სრულად აღქმა, თუმცა, ღმერთი თავისი მოწყალებითა და მადლით ადამიანს ამის შესაძლებლობას აძლევს. განღმრთობით, ადამიანი, რომელიც ღმერთის ხატად და მსგავსად შეიქმნა, კვლავაც მიემსგავსება ღმერთს; იგი ყველა ღვთაებრივ სიკეთეს ეზიარება, არა იმიტომ რომ მისი ბუნება აძლევს მას ამის საშუალებას, არამედ, იმიტომ რომ მასში ღმერთის მადლი მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ ქრისტიანული ანთროპოლოგიის იდეები ფართოდ იყო წარმოდგენილი ქართულ აზროვნებაში. შუა საუკუნეების საქართველოში შესრულდა გრიგოლ ნოსელის, ნემესიოს ემესელისა და მაქისმე აღმსარებლის ნაშრომთა ქართული თარგმანები. ქრისტიანულ-ანთროპოლოგიური იდეები მოცემულია ამავე ეპოქის დიდი ქართველი მოაზროვნეების იოანე პეტრიწისა და შოთა რუსთაველის შემოქმედებაში. ანთროპოლოგიურ მსჯელობებს შევხვდებით შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტის „რუის-ურბნისის ძეგლისწერის“ შესავალში.
3 -ლიტერატურა
ქართულ ენაზე
• გრიგოლ ნოსელი, შესაქმისათვის კაცისა, ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო გვანცა კოპლატაძემ. საქართველოს ეკლესიის კალენდარი. თბილისი, 2009-2010. გვ. 114-326.
• დოლიძე, თ. ადამიანის კინეტიკური ბუნების არსი გრიგოლ ნოსელის ანთროპოლოგიაში, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, N 9, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. თბილისი, 2017. გვ. 11-37.
• ეკალაძე, ზ. ქრისტიანული ანთროპოლოგია, ფერისცვალება: საღვთისმეტყველო შემეცნებითი ალმანახი, N2,. თბილისი, 2010. გვ.63-70.
• ნემესიოს ემესელი. ბუნებისათვის კაცისა, ბერძნულითგან გადმოღებული იოვანე პეტრიწის მიერ, ქართული ტექსტი შეისწავლა, გამოსაცემად დაამზადა და ლექსიკონ-საძიებლები დაურთო ს. გორგაძემ. საეკლესიო მუზეუმის გამოცემა N17, ტფილისი, 1914.
• ორჟონია, ი. ქრისტიანული ანთროპოლოგია, რელიგია: სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ჟურნალი, N 1. თბილისი, 2017. გვ. 23-42.
უცხო ენაზე:
• Bultmann, R. Theology of the New Testament 2 vols, London, 1952.
• Gilson, E. Gregory of Nyssa, Anthropology, in: History of Christian Philosophy in the Middle Ages, Sheed & Ward, London, 1985.
• Karpp, H. Probleme altchristlicher Anthropologie. Biblische Anthropologie und philosophische Psychologie bei den Kirchen-vätern des dritten Jahrhunderts. G. Bertelsmann Verlag. Gütersloh, 1950.