გაბრიელ მცირე
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
წმიდა გაბრიელ მცირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება. მისი დაბადების სავარაუდო თარიღი 1745-1755 წლებს შორის მერყეობს. გიორგი XII-ის ძის, ბაგრატ ბატონიშვილის ცნობით, გაბრიელი თბილისის მოქალაქე, ხელოვნებით მკერავი ყოფილა; მან ოჯახი და ყოველივე მონაგები ღვთის სიყვარულის გამო დატოვა და გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში წავიდა, სადაც ბერად აღიკვეცა კიდეც. გაბრიელის პირველი მოძღვარი იყო წმიდა ექვთიმე (მჭედლიშვილი), „ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე“, მონასტრის წინამძღვარი. მისი მეორე სულიერი მამა და მოძღვარი მღვდელმონაზონი დანიელი (ანდრონიკაშვილი) ყოფილა, რომელიც განუყრელად მასთან იმყოფებოდა. როგორც ჩანს, სწორედ მათი დახმარებით, გაბრიელი, რომელსაც საღვთო წერილისა და მამათა სწავლების ცოდნა ერიდან მოჰყოლია, კიდევ უფრო წარემატება ღვთისმეტყველების, ფილოსოფიისა და ქართული მწიგნობრობის შესწავლაში. ამავე დროს, ის ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა და მრავალი სათნოებით ყოფილა შემკული. მის საყვარელ საქმიანობას საღმრთო წიგნების გადაწერა წარმოადგენდა.
1786 წლის ახლო ხანებში გაბრიელ მცირეს წითელი ქარი შეჰყრია და ტკივილებს იმდენად შეუწუხებია, რომ სხვისი დახმარების გარეშე კიბეზე სამ საფეხურზე ასვლაც კი აღარ შეეძლო. მონასტერში მყოფთ მისთვის ურჩევიათ 6000 მოწამის საძვალეზე ასვლა და ამ სიწმიდის მოლოცვა, რადგან სწორედ ამგვარად განკურნებულა ერთ-ერთი ბერი, რომელიც თურმე საერთოდ ვეღარ დგებოდა ფეხზე. წმიდა გაბრიელმა შეასრულა თანამოძმეთა რჩევა და განიკურნა სნეულებისაგან. ამის შემდეგ იგი ამ სენს აღარ შეუწუხებია.
ერთ წელიწადს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს საშინელი სენი მოსდებია, რომელსაც მრავალი დაუსნეულებია, ერთი მხცოვანი ბერი კი მოუკლავს. გაბრიელს ორი სულიერი ძმა წაუყვანია და წმიდა მოწამეთა ორი ნაწილი წამოუბრძანებია. წმიდა ნაწილები ჯვრის სახით შეუკრავთ, ეკლესიაში დაუსვენებიათ, პარაკლისი გადაუხდიათ, წყალი უკურთხებიათ და განუბანიათ წმიდა ნაწილნი; შემდეგ ეს წყალი შეუსვამთ და მონასტრის მთელ ტერიტორიაზე უსხურებიათ. წმინდათა ლოცვით სნეულები უმალვე განკურნებულან, ხოლო მონასტრის მკვიდრები საშინელი სენისგან სრულად გათავისუფლებულან. უნდა აღინიშნოს, რომ გაბრიელ მცირე თავისი სიცოცხლის მანძილზე არაერთი სასწაულის მონაწილე და თვითმხილველი ყოფილა.
როგორც სხვადასხვა წყაროდან იკვეთება, გაბრიელ მცირეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა გიორგი XII-სთან. ერთხელ, როდესაც სიონის ტაძარში მეფემ საიდუმლოდ გაახსნევინა დავით გარეჯის ბერთუბნის მონასტერში მოღვაწე წმიდა მამის, იოანე მანგლელის ლუსკუმა, მას თან ახლდა წმიდა მამა. 1779 წელს მამა გაბრიელს გიორგი მეფისთვის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი მიურთმევია, რომელიც შემდგომ გიორგი მეფის ძეს, მიხეილს ჰქონდა. ასევე იკვეთება, რომ გაბრიელს მიმოწერა ჰქონდა გიორგი მეფის ძმასთან - ფარნავაზთან.
გაბრიელ მცირის ბიოგრაფიის რეკონსტრუქციის თვალსაზრისით მნიშვნელოვან კვლევას გვთავაზობს გიორგი კალანდაძე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ წმიდა მამა 1786 წლის 25 იანვარს ჯერ კიდევ იეროდიაკონი იყო, ხოლო მისი მღვდლად კურთხევა 1786 წლის 25 იანვრიდან 1792 წლის 10 ივლისამდე პერიოდში მომხდარა.
1802 წლის 11 მარტს გაბრიელ მცირე, მთავარდიაკონ იოანე ჩუბინიძესთან ერთად, ლეკებმა მოკლეს. მის მკვლელობასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, მთავარდიაკონ იოანეს, რომელიც მონასტერში დიდმარხვის პერიოდში იმყოფებოდა, მარადის ცოლ-შვილი აგონდებოდა და გული თბილისისკენ მიუწევდა. გაბრიელიც იძულებული გახდა მას გაჰყოლოდა, მაგრამ მრავალწყაროს ხევში ლეკები დახვდნენ და ორივე დახოცეს. მეორე ვერსიის მიხედვით, გაბრიელს რაღაც სნეულება შეჰყრია და მთავარდიაკონ იოანესთან ერთად მონასტრიდან სამკურნალოდ გამოსულა. ლეკებმა გაბრიელს თავი მოკვეთეს, ხოლო იოანე თოფით მოუკლავთ. ღირსი გაბრიელი ბერებს წაუსვენებიათ და იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დაუკრძალავთ. მისი წმიდანად შერაცხვა მალევე, 1815 წლის 3 აპრილამდე პერიოდში მომხდარა.
2 -შემოქმედება
წმიდა გაბრიელ მცირის ორიგინალური სასულიერო-ლიტერატურული და რედაქტორ-შემდგენლობითი მემკვიდრეობა ძველ ქართულ და ათონის სკოლის ტრადიციებზეა დაფუძნებული. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაახლოებით 1780 წლიდან იწყება და ღირსეულ ადგილს იკავებს როგორც გარეჯის სასულიერო სკოლის სივრცეში, ასევე ქართულ სააზროვნო ტრადიციაში. მას „მშვენიერი მხედრული ხელით“ მრავალი ხელნაწერი გადაუწერია, რომელთაგან ჩვენამდე 142 ხელნაწერმა მოაღწია. უმრავლესობა მათგანს გადამწერის სახელი, წელი, თვე და რიცხვი აქვს დართული. მის მიერ გადაწერილ ხელნაწერთა შორის აღსანიშნავია იოანე დამასკელის მოკლე „წინამძღვარი”, ფრიდრიხ ქრისტიან ბაუმაისტერის „საეთიკო ფილოსოფია“, ანტონ I კათალიკოსის „კატიღორია სიმეტნეჲ“, გრიგოლ ჰრომთა პაპის „დიალოღონი“ და პარაკლისთა კრებული.
გაბრიელ მცირეს წიგნების უმრავლესობა ნინოწმინდელი ეპისკოპოსის სტეფანეს შეკვეთით შეუქმნია, თუმცა, ის თითქმის არასდროს ყოფილა უბრალოდ გადამწერი. იგი ტექსტების სტრუქტურას აწესრიგებდა და იმაზე ზრუნავდა, რომ თხზულებები მკითხველისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი და გამოსაყენებელი ყოფილიყო. მაგალითად, ღირსმა მამამ „მცირე სჯულისკანონი“ თავებად და თხრობებად დაჰყო და თან ზანდუკიც დაურთო.
საყურადღებოა გაბრიელის მიერ შედგენილი ასკეტურ-ჰომილეტიკური კრებულები, რომლებიც ძირითადად ეკლესიაში დასამოძღვრად არის განკუთვნილი. მათში სხვადასხვა მამათა თხზულებებიდან ამოკრებილი მასალა თავებად და საკითხავებად დაუყვია, ამასთან, მათთვის სიმბოლური ახსნა-განმარტების შემცველი ბოლოსიტყვაობა დაურთავს. მან, როგორც რედაქტორ-შემდგენელმა, შექმნა XVIII-XIX საუკუნეებში საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული წიგნები: „გჳრგჳნი“, „სამოთხის ყუავილი“, „ოქროს წყაროჲ“, „კლიტე“, „სუფევა“, „მანანა“ და „სამასეული“.
მოგვიანებით გაბრიელ მცირემ ორიგინალურ სასულიერო თხზულებათა შექმნაც დაიწყო. მის კალამს ეკუთვნის: 1792 წელს დაწერილი „მღუდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყველებითი“, „სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი“, „ცხოვრება და მოქალაქობა ღირსისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა ცქემოსან ონისიფორესი“, „განმარტება მამაო ჩვენოსი“, „განმარტება მაზარისა“, „მოთხრობა პორფირისათვის“ და „ეპიტაფია სტავროფორესი საფლავსა ზედა პორფირისსა“.
გაბრიელ მცირის ზოგიერთი ორიგინალური ტექსტი ცალკე გადაწერილ ნუსხებადაც გვხვდება, კერძოდ: „მღუდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყველებითი“ და „ცხოვრება და მოქალაქობა ღირსისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა ცქემოსან ონისიფორესი“. 1801-1802 წლებში წმიდა გაბრიელმა თავისი ორიგინალური ნაშრომებისგან შეადგინა კრებული, რომელსაც „ჯუარშემოსილი“ უწოდა. იგი შედგება ოთხი ძირითადი განყოფილებისგან: „განმარტება ლიტურღიისა“, „განმარტება მამაო ჩვენოსი“, „განმარტება მაზარის კურთხევისა“ და „ღმრთივსულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთა ფრიად სარგებელნი“. „ჯუარშემოსილი“ XIX საუკუნეში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაგალითად, პლატონ იოსელიანის ჩანაწერი - „გაბრიელ მონაზონმა ნათლისმცემელისა, აღმწერელმან ჯვარ-შემოსილისა“ - აღნიშნული წიგნის საყოველთაო ცნობადობაზე მიანიშნებს.
„ჯუარშემოსილი“, რომის პაპის გრიგოლის „დიოლოღონის“ მსგავსად, კითხვა-მიგების ფორმით არის დაწერილი. კითხვების დამსმელია გაბრიელის სულიერი შვილი პორფირი, ხოლო მოპასუხე თავად გაბრიელი - სტავროფორე (ბერძ. „ჯუარშემოსილი“). კრებულში უხვად არის მოყვანილი ციტატები წმიდა წერილიდან, საღვთისმსახურო საკითხავებიდან და წმიდა მამათა შემოქმედებიდან, რაც ავტორის განსწავლულობას უსვამს ხაზს.
კრებულში შემავალი პირველი თხზულება „მღუდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყველებითი“, როგორც თავად სათაური გვაუწყებს, სამღვდელმთავრო ლიტურგიის სიმბოლურ განმარტებას მოიცავს. მასში თავმოყრილია ტაძრის, საღვთისმსახურო შესამოსლის, შემოსვის, ლიტურგიკის ცალკეული მოქმედებების განმარტებები. მასზე მუშაობისას წმიდა მამას გერმანე კონსტანტინოპოლელისა და სვიმეონ თესალონიკელის ქართულად ნათარგმნი წიგნებიდან უხელმძღვანელია.
„ჯუარშემოსილის“ მეორე თხზულება „მამაო ჩვენოს“ განმარტებაა. გაბრიელ მცირემ საუფლო ლოცვა თერთმეტ მუხლად დაჰყო და მცირე საღვთისმეტყელო ახსნა-განმარტებები დაურთო, რომლებიც წმიდა წერილის ციტატებით გაამდიდრა.
„განმარტება მაზარის კურთხევისა“ კრებულში მესამე თხზულებად არის ჩასმული. მაზარი ერთ-ერთი საბერო შესამოსელია: „სახე არს სუდრისა, ვითარმცა ყოველთა ცოდვათა მიმართ მკუდარ არს მას შინა წარგრაგნილი მონაზონი...“. თხზულებაში განმარტებულია სამონაზვნო შესამოსელის თითოეული ატრიბუტის სიმბოლური და ეთიკური მნიშვნელობები. ასევე, მასში გააზრებულია სახელის გამოცვლის, დიდ სქემაში აღკვეცის ტრადიციები. ავტორი თხზულების მეორე ნაწილში უკვე თავად მონაზვნური ცხოვრების არსზე და ანბანზე, ასევე, მასში წარმატების მიღწევის თავისებურებებზე და დაყუდებულ ცხოვრებაზე საუბრობს.
კრებულის მეოთხე ნაწილი - „ღმრთივსულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთა ფრიად სარგებელნი“ - მოიცავს სხვადასხვა ქართველ მამათა შესახებ თხრობას და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებსა და სასწაულებს გადმოსცემს. დასკვნით ნაწილში შედის: „ლოცვა ჯვარშემოსილ სტავროფორესი“, „მოკლე მოთხრობა თვით პორფირისათვის“ და „ეპიტაფია სტავროფორესი საფლავსა ზედა პორფირისსა“.
ფრიად საინტერესოა გაბრიელ მცირის მოსაზრება ფილოსოფიისა და მისდამი მონაზვნების დამოკიდებულების შესახებ. მის თხზულებაში ის პორფირის მიმართავს: „ფილოსოფია, შვილო, რეცა ოქრო არს, კეთილი ნივთი და პატიოსანი, გარნა... ფილოსოფია არად საჭირო არს წრფელთა მონაზონთა“, მაგრამ თუკი წმიდა წერილთან ერთად კეთილგონიერებით მოხდება მისი გააზრება, ასეთ შემთხვევაში, გაბრიელის აზრით, „ფრიად შვენიერ არს“.
3 -ბიბლიოგრაფია
• წმიდა გაბრიელ მცირე, იხ.: „თვენი“, ტ. 8, თბილისი: „პალიტრა L“, 2016 წ., გვ. 299-305.
• წმიდა გაბრიელ მცირე: სამოთხის ყვავილი, თბილისი: „მთაწმინდა“, 2017 წ.
• წმიდა გაბრიელ მცირე: ჯუარშემოსილი, თბილისი: „მთაწმინდა“, 2018 წ.
• კალანდაძე, გ.: ტექსტოლოგიური და საგამომცემლო კვლევები გაბრიელ მცირის „გჳრგჳნის“ შესახებ (სადოქტორო ნაშრომი, სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფ. ქ. გიგაშვილი და პროფ. მ. ნინიძე), თელავი: „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2019 წ.
• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ., გვ. 398-403.