ამონიოს ერმისი
1 -მოღვაწეობა
ქართულ ფილოსოფიურ მწერლობაში XII ს.-ში ითარგმნა ალექსანდრიული სკოლის ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის, ამონიოს ერმისის ორი თხზულება: 1. მოსაჴსენებელი „ხუთთა ჴმათადმი“ პორფირი ფილოსოფოსისათა; 2. მოსაჴსენებელი „ათთა კატიღორიათადმი“ არისტოტელისთა. ამონიოს ერმისის თხზულებების თარგმნა შეიძლება შეფასდეს როგორც შუასაუკუნეობრივ ქართულ სააზროვნო სინამდვილეში წმინდა ფილოსოფიით (მონოთეისტურ თეოლოგიასთან შეუზავებელი ნეოპლატონური ფილოსოფიით) დაინტერესების ფაქტი. ამონიოს ერმისის თხზულებების თარგმნით ქართველი მოღვაწე, რომელიც უდავოდ ქართული მწერლობის პეტრიწონული სკოლის წარმომადგენელია, ქართულ სინამდვილეში ამკვიდრებს იმ რაციონალურ იდეებს, რომელთა მიხედვით ჭვრეტა, გონება, სიბრძნე აღიარებულია სამყაროს და მისი მოვლენების შეცნობის რეალურ გზად. ქართულ იდეოლოგიურ ცხოვრებაში თავი იჩინა შუასაუკუნეობრივი რეალიზმისა და ნომინალიზმის პრობლემებით დაინტერესებამ.
ვინ იყო ამონიოს ერმისი და რა ადგილი უკავია მას ფილოსოფიის ისტორიაში? მამამისი, ერმი ცნობილი იყო როგორც პლატონის „ფედროსის“ კომენტატორი. ამონიოსის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღად ითვლება 445-517/526 წწ. (11; 16). ამონიოსი იყო პროკლეს მოწაფე ათენში, შემდეგ კი, VI ს.-ის ბოლოს, სათავეში ჩაუდგა ალექსანდრიულ სკოლას, რომელიც გამოირჩეოდა ანტიკური ხანის ფილოსოფოსთა მოძღვრების კომენტირებით. ამონიოსი ღრმად იყო განსწავლული პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში.
ამონიოს ერმისს მრავალი მოწაფე ჰყავდა. მათ შორის გამოირჩეოდნენ სიმპლიციუსი, ოლიმპიოდორე, ასკლეპიოსი, იოანე ფილოპონოსი (14; 15). ლიტერატურულად მასზეა დამოკიდებული ალექსანდრიელთა უმცროსი თაობა: ელიასი, დავით უძლეველი, სტეფანე ალექსანდრიელი (10; 13).
ამონიოსი თვითონ არ წერდა თავის აზრებსა და შეხედულებებს, არამედ ზეპირად, ლექციების სახით გადასცემდა თავის მსმენელებს. ამიტომაც, ამონიოსის მოძღვრება, მისი კომენტარები მოწაფეების ლექციების (Απο φωνης) პუბლიკაციებით არის ჩვენამდე მოღწეული. ამონიოსის სახელით ცნობილია შემდეგი თხზულებები: 1. პორფირის „შესავლის“ კომენტარები; 2. არისტოტელეს „კატეგორიების“ კომენტარები; 3. არისტოტელეს „პერი ერმენეიას“ კომენტარები; 4. არისტოტელეს „პირველი ანალიტიკის“ კომენტარები. ამონიოს ერმისის თხზულებათა ბერძნული ტექსტები რამდენჯერმე არის გამოცემული. უკანასკნელი გამოცემა ეკუთვნის ა. ბუსეს (8; 9).
ამონიოს ერმისის შეხედულებანი მსოფლიო სულზე, სამყაროს მარადიულობაზე, სულთა წინასწარ არსებობაზე ნათელყოფს მის მჭიდრო კონტაქტებს სწორედ პლატონისა და არისტოტელეს იდეებთან და არა ქრისტიანულ მოძღვრებასთან (12). მისი ონტოლოგიურ-გნოსეოლოგიური შეხედულებანი ნეოპლატონიზმით არის ნასაზრდოები. სამყარო მარადიულია და მისი შეცნობა გონების გზით სრულიად შესაძლებელია. ამ თვალსაზრისმა მიიყვანა იგი ფილოსოფიის, როგორც უზოგადესი ფენომენის აღიარებამდე, რაც ბუნებრივად აღვიძებდა დიდ ინტერესს არისტოტელეს ლოგიკური შრომების მიმართ (16).
2 -ამონიოს ერმისის შემოქმედება ქართულ მწერლობაში
ქართულ სააზროვნო სინამდვილეში დიდი პატივით სარგებლობდა არისტოტელეს „კატეგორიები“. პირველად ეს თხზულება იოანე დამასკელის „დიალექტიკის“ სახით გაიცნო ქართულმა საზოგადოებამ; მეორედ, არისტოტელეს „კატეგორიებისა“ და პორფირის შრომის ამონიოსისეული თარგმანები შესრულდა პეტრიწონელი მოღვაწის მიერ.
ამონიოსის თხზულებათა ქართველი მთარგმნელის შესახებ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მკვლევართა ერთი ნაწილი მთარგმნელად იოანე ტარიჭისძეს აღიარებს (5, 308). მეორე ნაწილი თარგმნას იოანე პეტრიწს მიაწერს (3, 2-5, 34; 4) ზოგი მკვლევარის შეხედულებით კი მთარგმნელის ვინაობის დადგენა დამატებითი მასალის მოძიებას მოითხოვს (6, 1).
ამონიოს ერმისის კომენტარების შემცველ ქართულ ხელნაწერებში, ასევე, წერილობით წყაროებში არ არსებობს რაიმე ცნობა არც იოანე ტარიჭისძის, არც იოანე პეტრიწის სასარგებლოდ. ერთადერთი, რასაც შეიძლება დაეყრდნოს ამ მიზნით წარმართული კვლევა-ძიება, არის ორივე ტექსტის ენობრივ-ტექსტოლოგიური და ლექსიკურ-ტერმინოლოგიური ანალიზი. წარმოებულმა კვლევამ ნათელყო ამონიოსის „მოსაჴსენებლებსა“ და იოანე პეტრიწის უეჭველ ნაშრომთა შორის არსებული განსხვავებები. რაც შეეხება მათ შორის არსებულ ტექსტოლოგიურ-აზრობრივ დამთხვევებს, მათ არ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა მათი ავტორების გასაიგივებლად იმ მიზეზის გამო, რომ მთელი რიგი პრობლემატურ-ტერმინოლოგიური დეფინიციები განმეორებადი იყო ალექსანდრიული სკოლის ფილოსოფოსთა ნაშრომებში. ერთი და იმავე შინაარსის კომენტარის ტერმინოლოგიური გამეორება დაუბრკოლებლად დასტურდება ალექსანდრიული ფილოსოფიური სკოლის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ენობრივ და ლექსიკურ-ტერმინოლოგიურ თავისებურებებს, რომლებიც ერთმანეთისგან განასხვავებს „მოსაჴსენებლებსა“ და იოანე პეტრიწის ნაშრომებს. ეს კი ბუნებრივად არ იძლევა მათი ავტორების გაიგივების შესაძლებლობას (1, 046-058).
ამონიოსის „მოსაჴსენებლების“ ქართული თარგმანების ტექსტები ზუსტად არ მისდევენ ბერძნული გამოცემის ტექსტებს. გაირკვა, რომ მათი დედანი ისეთი ბერძნული ხელნაწერია, რომელიც ა. ბუსეს გამოცემაში გათვალისწინებული არ არის. ქართული თარგმანები შესრულებულია ისეთი ენობრივ-სტილისტური ნორმებით, რომლებიც ტიპური იყო ქართული მწერლობის პეტრიწონული მიმართულებისათვის. ქართული თარგმანების ფილოსოფიური ენა მაქსიმალურად გაზრდილია სიტყვათწარმოებითი საშუალებებით. „მოსაჴსენებელთა“ ქართულ თარგმანებში, არისტოტელესა და პორფირის კატეგორიების გარდა, გამოკვეთილია შუასაუკუნეობრივი ფილოსოფიისათვის ნიშანდობლივი მრავალი პრობლემა: ფილოსოფიის ექვსი განსაზღვრება, ფილოსოფიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების ასპექტები, თეორიული და პრაქტიკული ფილოსოფიის მიზნები და დარგები, მეცნიერებათა დარგებად კლასიფიკაცია (მათემატიკა, ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, მუსიკა, გრამატიკა) და სხვა. სპეციალური განხილვის საგანია ლოგიკური კატეგორიების გამოყენების დადგენა მათი რაობისა და ჭეშმარიტების წვდომის მიზნით.
ამონიოსის „მოსაჴსენებლების“ სტრუქტურულ-შინაარსობრივმა შედარებამ მისი უმცროსი თანამედროვის, დავით უძლეველის ნაშრომებთან ნათლად წარმოაჩინა მათ შორის არსებული აზრობრივი და ტექსტობრივი მსგავსებანი. მსგავსებანი განპირობებულია იმ საერთო მსოფლმხედველობრივი აზროვნებით, იმ ტენდენციებით, რაც დამახასიათებელი იყო ალექსანდრიული ნეოპლატონური სკოლის წარმომადგენლებისათვის და რაც ამ სკოლის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამით იყო გათვალისწინებული. სრულიად აშკარა ხდება ამონიოს ერმისის გავლენა შემდეგი დროის ალექსანდრიელ მოღვაწეებზე, რომელთა შორის ბუნებრივად იგულისხმება დავით უძლეველიც.
ამონიოსის „მოსაჴსენებლების“ შესწავლამ გარკვეული კორექტივი შეიტანა პორფირის „ხუთთა ჴმათას“ ქართული თარგმანის ისტორიაში. გავრცელებული შეხედულების თანახმად, პორფირის „ხუთნი ჴმანი“ ქართულად ითარგმნა XVIII ს.-ში ზურაბ შანშოვანის მიერ. „მოსაჴსენებლების“ შესწავლამ საშუალება მოგვცა გვეჩვენებინა, რომ არსებობდა პორფირის შრომის ადრინდელი, აწ დაკარგული ქართული თარგმანი (ალბათ, XII-XIII სს.-სა), რომლითაც ისარგებლა ზურაბ შანშოვანმა (1, 0123-0132).
ამონიოს ერმისის „მოსაჴსენებლებს“ ფართო გამოძახილი ჰქონდა აღორძინების ხანის ქართულ მწერლობაში. განმანათლებლობის ეპოქაში, როცა სამყაროს წვდომისა და შეცნობის საქმეში ლოგიკური კატეგორიები ახალ ღირებულებებს იძენს, ამონიოსის „მოსაჴსენებლები“ წყაროდ გამოიყენეს ქართველმა მოღვაწეებმა: ანტონი კათალიკოსმა (2), სულხან საბა ორბელიანმა (7), დავით ბატონიშვილმა (S 58, კრებული).
ამონიოს ერმისის „მოსაჴსენებლების“ ქართულად თარგმნა უაღრესად საყურადღებო ეტაპია ქართული ფილოსოფიის ისტორიაში.
3 -გამოყენებული ლიტერატურა
1. ამონიოს ერმისის თხზულებები ქართულ მწერლობაში, ტექსტები გამოსაცემად მოამზადეს ნ. კეჭაღმაძემ და მ. რაფავამ, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მ. რაფავამ, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.
2. ანტონ I: სპეკალი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.
3. გორგაძე, ს.: ფილოსოფიის მთავარი დარგები ქართულ მწერლობაში, ჟურნალში: „ჩვენი მეცნიერება“, # 2-3, 4-5 (1923 წ.).
4. იოანე პეტრიწი: სათნოებათა კიბე, გამოსაცემად მოამზადა გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ი. ლოლაშვილმა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1968 წ.
5. კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
6. კეჭაღმაძე, ნ.: ამონიოს ერმია, კომენტარები პორფირის „შესავლისათჳს“, წიგნში: ამონიოს ერმისის თხზულებები ქართულ მწერლობაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.
7. სულხან საბა ორბელიანი: ლექსიკონი ქართული, I-II, გამოსცა ილ. აბულაძემ, თბილისი: „მერანი“, 1991-1993 წწ.
8. Ammonius in Aristotelis Categorias Commentarius [Commentaria in Aristotelem Graeca, vol. IV.4], ed. A. Busse, Berlin, 1895.
9. Ammonii in Porphyrii isagogen sive V voces, [Commentaria in Aristotelem Graeca, vol. IV.3], ed. A. Busse, Berlin, 1891.
10. Corpus Latinum Commentariorum in Aristotelem Graecorum, t. II, Ammonius, Commentaire sur le Peri hermeneias dˈAristote, Traduction de Guillaume de Moerbeke, Édition critique et étude sur lˈutilisation du Commentaire dans lˈœuvre de saint Thomas, par G. Verbeke, Paris, 1961.
11. Harper’s Dictionary of Classical Literature and Antiquities, New York, 1962.
12. Hirschberger, J.: Geschichte der Philosophie, Bd. I: Altertum und Mittelalter, Freiburg, 1953.
13. Kirchliches Handlexikon, Bd. I, hrsg. von M. Buchberger, München,1907.
14. Kremer, K.: Die Anschauung der Ammonius (Hermeiou)-Schule über den Wirklichkeitscharakter des Intelligiblen, in: Philosophisches Jahrbuch 69 (1961/62), S. 46-63.
15. Lexikon für Theologie und Kirche, hrsg. von J. Höfer, Freiburg, 1933.
16. Westerink, H. G.: Anonymous Prolegomena to Platonic Phylosophy, Amsterdam, 1962.