ერი (ნაცია)
1 -დეფინიცია
ერი (ნაცია) აღნიშნავს ადამიანთა დიდ ჯგუფს ან კოლექტიურ ერთობას, რომელსაც საერთო კულტურული ნიშან-თვისებები (ენა, ტრადიცია, ზნე-ჩვეულებები და წარმომავლობა) მიეწერება. ეს ენობრივი და კულტურული თავისებურებანი და ნიშან-თვისებანი შემდეგ ამა თუ იმ ხალხის ეროვნულ, ნაციონალურ ხასიათს ქმნიან. ამის შედეგად ყალიბდება ერის, ნაციის ანთროპოლოგიური გაგება, რომელიც კულტურული, ან კიდევ ეთნიკური ნაციის, ერის ცნებას უდევს საფუძვლად.
2 -ცნების ჩამოყალიბების ისტორია
ლათინურენოვან სივრცეში ნაცია, ერი აღნიშნავდა ადამიანთა ერთობას, რომელიც საერთო წარმომავლობით, ენით და ზნე-ჩვეულებებით იყო დაკავშირებული. დროთა განმავლობაში, ერის, ნაციის ცნების სემანტიკური არე ფართოვდებოდა, თუმცა, მისი რომაული ძირები მეტწილად მაინც შენარჩუნებული იყო. ახალი დროის აზროვნებაში ამ ცნებამ დიდი გარდატეხა განიცადა, რადგან ამ დროს ერების, ნაციების ჩამოყალიბების პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ფრანგი მოაზროვნის, ერნესტ რენანის (1823-1892 წწ.) მიერ ერის, ნაციის განსაზღვრების ცდა. რენანი თავის ერთ-ერთ ცნობილ მოხსენებაში „რა არის ნაცია?“ (Qu’est-ce qu’une nation?), რომელიც 1882 წელს სორბონში წაიკითხა, ერის, ნაციის მაკონსტრუირებელ ფაქტორებად წარსულს, აწმყოსა და მომავალს მიიჩნევს. ეს ის სულიერი ფაქტორებია, რომლებიც ამა თუ იმ ერის განსაზღვრას შესაძლებელს ხდის. რენანის აზრით, ესა თუ ის ხალხი ერად, ნაციად არ ყალიბდება საერთო რასის, ენის, რელიგიის, საერთო ინტერესებისა და გეოგრაფიის მიხედვით. ერს ერად ქმნის საერთო წარსულის მეხსიერება და აწმყოსა და მომავალში ერთად ცხოვრების სურვილი.
3 -ინტერდისციპლინური კონტექსტი
ერის, ნაციის ცნება ფართოდ გამოიყენება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კონტექსტში. აქ, ხშირად, საუბარია ერის, ნაციის, როგორც „წარმოსახვითი საზოგადოების“ (ბ. ანდერსონი), „პირველად კავშირებზე დაფუძნებული ჯგუფის“ (კ. გირცი), „კოლექტივის“ (კ. პ. ჰანზერი) და ა.შ. შესახებ. თუკი განსაკუთრებით გამოვყოფთ პოლიტიკურ მეცნიერებათა კონტექსტს, მაშინ წინა პლანზე გამოდის ერის, ნაციის, როგორც სახელმწიფოს ცნება. აქედან გამომდინარე, გამოიყენება „გაერთიანებული ერებისა“ და „გაერთიანებული სახელმწიფოების“ ცნება. ამავე კონტექსტში შეიძლება განხილული იქნეს „კულტურული ერის“ ცნება, რომელიც ამა თუ იმ ხალხის ენობრივი და კულტურული სივრცის (ენა და ტრადიცია) გაგებას მოიცავს. აქვე შეიძლება ერის, ნაციის ცნების კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მივაქციოთ ყურადღება. ეს არის „ჩვენ-ის განცდა“, „ენობრივი და რელიგიური ერთობა“. ხშირად, სწორედ საერთო რელიგია არის ერის, ნაციის განმსაზღვრელი ძირითადი ელემენტი (მაგალითად, ისრაელი, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ხორვატული ნაცია და ა.შ.).
4 -ცნების გამოყენების ქართული კონტექსტი
ქართულ აზროვნებაში ერის, ეროვნული ცნობიერების შესახებ ოდითგანვე არსებობდა საფუძვლიანი განაზრებანი. აქ მაგალითად შეიძლება მოვიხმოთ გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (X ს.), სადაც ენობრივი და რელიგიური ერთობა ერის, ქვეყნის (ამ შემთხვევაში ქართლის, საქართველოს) განმსაზღვრელი ძირითადი კომპონენტია. ამ კუთხით, ასევე, უაღრესად საყურადღებოა ქართველ თერგდალეულთა ნააზრევი, განსაკუთრებით კი, ილია ჭავჭავაძის მიერ ქართველი ერის თვითიდენტიფიკაციის სამი მნიშნელოვანი ფაქტორის, „სამი ღვთაებრივი საუნჯის“ წინა პლანზე წამოწევა და დღეს უკვე საყოველთაოდ გავრცელებული ფორმულის შემუშავება: „ენა - მამული - სარწმუნოება“. თუმცა, ერის განსაზღვრების ფუნდამენტური კვლევები ქართულ აზროვნებაში დაკავშირებულია დიდი ქართველი მეცნიერის, მიხაკო წერეთლის (1878-1965 წწ.) მნიშვნელოვან სოციოლოგიურ გამოკვლევასთან – „ერი და კაცობრიობა“ (1910 წ.) – რომელშიც ერის ცნება საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჭრილშია გაშუქებული. მ. წერეთლის აზრით, ერი არის „სოციალური სუპერორგანიზმი“, რომელიც შედგება ერთგვარი ან მრავალგვარი ეთნიკური და სოციალური ერთეულებისაგან; დროთა განმავლობაში, მას შეუძლია, შექმნას „საერთო მოწესრიგებული ერთობა“, ანუ საზოგადოება თავისი ყველა შემადგენელი ნაწილით: ენით, სარწმუნოებით, მეცნიერებით, ზნეობით, ხელოვნებით, სამართლით, პოლიტიკით და „განსაკუთრებული“ ისტორიით. ეს ერთობა წარმოდგება როგორც „სრული ინდივიდუალობა“, რომელსაც საკუთარ თავზე რეფლექსია, თვითრეფლექსია, ანუ „თვითშეგნება“ ახასიათებს. უნდა ითქვას, რომ მ. წერეთლის მიერ გამოკვეთილი ერის ცნება ისეთ მომენტებს მოიცავს, რომელთაგან ზოგიერთი ერის (ნაციის) დღევანდელი გაგების მაკონსტრუირებელ ელემენტს წარმოადგენს. ერის ცნების განხილვის მომდევნო, მეტად საინტერესო მცდელობა ქართულ აზროვნებაში დაკავშირებულია ალექსანდრე ჯანელიძის (1888-1975 წწ.) ნაშრომთან „ეროვნული შემოქმედება“ (1914 წ.). ამ ნაშრომში ერის, ეროვნების ცნება „სიცოცხლის ფილოსოფიის“ კონტექსტშია განხილული და წინა პლანზე წამოწეულია ერის, როგორც „ცოცხალი ორგანიზმის“ გაგება. აქ ერის სპეციფიკურ ნიშან-თვისებად მიჩნეულია ენა. აღსანიშნავია, რომ ერის გაგების ის მოდელი, რომელიც ა. ჯანელიძემ გამოკვეთა, მ. წერეთლის ზემოთ დასახელებული ნაშრომის ძლიერ გავლენას განიცდის. დასასრულ, უნდა აღინიშნოს ნოდარ ნათაძის ნაშრომი „ერი და ეროვნული კულტურა“ (1990 წ.), რომელშიც ერი გაგებულია როგორც „ადამიანთა დიდი ერთობა“. ამ ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ამა თუ იმ ერს მხოლოდ საერთო ენობრივი და კულტურული მსგავსება კი არ ქმნის, არამედ „ერთობლივი მიზანი“, რაც „საერთო ეროვნული ცნობიერების“ წინაპირობაა, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერების უმაღლეს ფორმას წარმოადგენს.
5 -გამოყენებული ლიტერატურა
• ანდერსონი, ბ.: წარმოსახვითი საზოგადოებანი (1983 წ.), თარგმნა რ. გოცირიძემ, თბილისი: „ენა და კულტურა“, 2003 წ.
• გელნერი, ე.: ერები და ნაციონალიზმი (1982 წ.), თარგმნა ნ. ცინცაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2003 წ.
• ნათაძე, ნ.: ერი და ეროვნული კულტურა, თბილისი: „მეცნიერება“, 1990 წ.
• წერეთელი, მ.: ერი და კაცობრიობა (სოციოლოგიური ანალიზი), თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1990 წ.
• ჯანელიძე, ა.: ეროვნული შემოქმედება, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1997 წ.
• Hansen, K. P.: Kultur, Kollektiv, Nation, Passau: „Karl Stutz“, 2009.
• Renan, E.: Was ist eine Nation? Rede am 11. März an der Sorbonne. Mit einem Essay von W. Euchner, Hamburg: „Europäische Verlagsanstalt“, 1996.