ირაციონალიზმი
1 -განსაზღვრება
ირაციონალიზმი აღნიშნავს იმ ტიპის მოძღვრებასა და მსოფლმხედველობას, რომელიც სამყაროს შემეცნების პროცესში ადამიანური გონების (ლათ. ratio) თვითკმარობის პრინციპს უარყოფს. მიუხედავად ამისა, ირაციონალიზმი, უფრო მეტად, მაინც ამა თუ იმ ფილოსოფიური მიმართულებისა თუ სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ვიდრე სრულიად დამოუკიდებელ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. ირაციონალიზმის საპირისპირო მიმართულებად რაციონალიზმი განიხილება. ერთმანეთისგან განასხვავებენ შემეცნებით ირაციონალიზმსა და მეტაფიზიკურ ირაციონალიზმს. პირველის თანახმად, ადამიანის გონებას არ ძალუძს სამყაროს, ობიექტური რეალობისა და მისი კანონზომიერებების ადეკვატური შემეცნება. ამ მიზნით შემეცნებითი ირაციონალიზმი ისეთ შემეცნებით უნარებს წამოსწევს წინა პლანზე, როგორიცაა: ინტუიცია, რწმენა, არსების უშუალო ჭვრეტა და ა.შ. მეტაფიზიკური ირაციონალიზმის ამოსავალი პოზიციის მიხედვით, სიცოცხლე, ფსიქიკური პროცესები და ისტორია ირაციონალური ბუნებისაა და რაციონალურ კანონებსა და წესებს არ ემორჩილება. მაშასადამე, ირაციონალიზმი თავად სინამდვილის არსს წარმოადგენს; ამდენად, ის მეცნიერული (რაციონალური) შემეცნების ობიექტი ვერ გახდება.
ირაციონალიზმი, როგორც მეცნიერული შემეცნების კატეგორია, ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი. თუმცკი, თავდაპირველად, მას არ ჰქონდა უარყოფითი შეფერილობა და რაციონალიზმის ალტერნატიულ მოდელად განიხილებოდა. მაგალითად, იმანუელ კანტის „ნივთი თავისთავად“, არტურ შოპენჰაუერის „სამყაროს ნება“, ანრი ბერგსონის „სიცოცხლის ძალა“ ირაციონალური ბუნებისანი არიან, რადგან რაციონალური შემეცნების მეშვეობით მათი ადეკვატური გაგება ვერ ხერხდება.
თანამედროვე ირაციონალიზმის ფესვები გერმანულ იდეალიზმშია საძიებელი. აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ფრიდრიხ ვილჰელმ იოზეფ ფონ შელინგის (1775-1854 წწ.) „გამოცხადების ფილოსოფია“ (1841-1842 წწ.) და მის მიერ „ინტელექტუალური ჭვრეტის“ წინა პლანზე წამოწევა. გერმანული რომანტიზმიც ირაციონალისტური პოზიციის განსახიერებას წარმოადგენდა. XX საუკუნის მრავალი გავლენიანი ფილოსოფიური მიმდინარეობა (სიცოცხლის ფილოსოფია, ექსისტენციალიზმი, ნეოთომიზმი, პერსონალიზმი და ა.შ.) ირაციონალისტური მოტივების სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებდა ყურადღებას. სიორენ კირკეგორი, არტურ შოპენჰაუერი, ფრიდრიხ ნიცშე, ანრი ბერგსონი და სხვ. ირაციონალიზმის წარმომადგენლებად ითვლებიან.
2 -ირაციონალიზმი ქართულ ფილოსოფიაში
ირაციონალიზმი განსაკუთრებით მკვეთრად წარმოჩნდა XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ აზროვნებაში. გრ. რობაქიძის, ა. ჯორჯაძის, შ. ნუცუბიძის, დ. უზნაძის, კ. გამსახურდიას, კ. კაპანელის და სხვ. შემოქმედებაზე ირაციონალიზმის ძლიერი ზეგავლენა იგრძნობა. გარდა ამისა, ირაციონალიზმის სხვადასხვა ასპექტებს იკვლევდნენ XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი მეცნიერები, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს: კ. ბაქრაძე, თ. ბუაჩიძე, ზ. კაკაბაძე, ა. ბოჭორიშვილი, გ. ცინცაძე, გ. თევზაძე და სხვ.
დასავლური ირაციონალიზმის მრავალი ნიშან-თვისება კარგად წარმოჩნდა „სიცოცხლის ფილოსოფიის“ მთავარ წარმომადგენელთა (გ. ზიმელი, ო. შპენგლერი, ა. ბერგსონი, ვ. დილთაი და სხვ.) ნააზრევში; „სიცოცხლის ფილოსოფია“ და მისი სხვადასხვა განშტოებები კი ყოველთვის საგანგებო ყურადღებას იქცევდა ქართულ ფილოსოფიაში. თამაზ ბუაჩიძემ (1930-2001 წწ.) არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა „სიცოცხლის ფილოსოფიის“ წამყვანი ინიციატორებისა და წარმომადგენლების (ა. შოპენჰაუერი, ფრ. ნიცშე, ვ. დილთაი, ო. შპენგლერი, რ. ოიკენი და სხვ.) შესახებ და მათი შემოქმედების ანალიზის დროს ირაციონალისტური ფილოსოფიის არაერთი მომენტი (განცდა, არაცნობიერი, ინსტინქტი, ძალაუფლების ნება და ა.შ.) გამოკვეთა. დალი დანელიამ (1931-2015 წწ.) კი სპეციალური მონოგრაფია უძღვნა ირაციონალისტურ ფილოსოფიას - „ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი“ (თბ., 1993 წ.). მასში განხილულია ირაციონალიზმის ფილოსოფიური საკითხები, რომლებმაც ასახვა პოვა არტურ შოპენჰაუერის, ფრიდრიხ ნიცშეს, ედუარდ ფონ ჰარტმანის, ოსვალდ შპენგლერისა და ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრებებში. ასევე, უნდა აღინიშნოს დალი დანელიას ადრეული მონოგრაფია „ირაციონალისტური ნაკადი თანამედროვე ბურჟუაზიულ კულტურაში“ (თბ., 1974 წ.), რომელშიც საუბარია ევროპულ კულტურაში ირაციონალიზმის ბედის შესახებ. გურამ თევზაძემ (1932-2018 წწ.) თავისი შემოქმედების გვიანდელ ეტაპზე ირაციონალიზმის სისტემური ასპექტი გამოკვეთა: „ირაციონალიზმი, როგორც გონების მიერ საკუთარი თავის კრიტიკა (თვითკრიტიკა)“. მისი ძალზე მოხდენილი და მართებული შეფასების თანახმად, ირაციონალურის და მისტიკურის დაშვება, საბოლოო ჯამში, სხვა არაფერია, თუ არა გონების მიერ საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გაცნობიერება, ანუ თვითკრიტიკა.
3 -სამეცნიერო ლიტერატურა
• ბუაჩიძე, თ.: ფილოსოფიური ნარკვევები, ტ. I, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2003 წ.
• დანელია, დ.: ირაციონალისტური ნაკადი თანამედროვე ბურჟუაზიულ კულტურაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1974 წ.
• დანელია, დ.: ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი, თბილისი: „მეცნიერება“, 1993 წ.
• თევზაძე, გ.: ირაციონალიზმი, როგორც გონების მიერ საკუთარი თავის კრიტიკა (თვითკრიტიკა), კრებულში: ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში, რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2010 წ., გვ. 12-13.
• ირემაძე, თ.: ფრიდრიხ ნიცშე. „ესე იტყოდა ზარატუსტრა“: ტექსტი და კონტექსტი, თბილისი: „ნეკერი“, 2006 წ.
• ნიცშე საქართველოში. ეძღვნება თამაზ ბუაჩიძის ნათელ ხსოვნას, რედაქტორ-შემდგენი და წინათქმის ავტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „არხე“, 2007 წ.
• სიცოცხლის ფილოსოფია. პრობლემები და პერსპექტივები, რედაქტორ-შემდგენელნი: ლ. ზაქარაძე, მ. გოგატიშვილი. მთავარი რედაქტორი და წინათქმის ავტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2009 წ.