თავისუფლება
1 -ცნების ჩამოყალიბების ისტორია
თავისუფლება, ზოგადად აღებული, არის იძულების არარსებობა, თვითგანსაზღვრის შესაძლებლობა. ეს ცნება სხვადასხვა კონტექსტში (ეთიკური, პოლიტიკური და ა.შ.) გვხვდება. თავისუფლება საკაცობრიო აზროვნების უძველესი საკითხია. თავისუფლების იდეის სრულყოფილი გააზრება, მისი ფუნდამენტური დაფუძნების მცდელობები ფილოსოფიას და დიდ ფილოსოფოსთა საქმიანობას უკავშირდება. ფილოსოფიის საწყისებთან განისაზღვრა თავისუფლების პრინციპის ზოგიერთი ისეთი ასპექტი, რომელიც დღემდე შეადგენს თავისუფალი მოქმედების არსისეულ კომპონენტს. ანტიკურობაში თავისუფლება დაუპირისპირდა ბედისწერისა და აუცილებლობის მარწუხებს. იმდროინდელმა მოაზროვნეებმა ცხადად დაინახეს, რომ თავისუფლების საკუთრივი სივრცე უნდა მონახულიყო და ის მოინახა კიდეც – თავისუფლების სავანე ჭეშმარიტი შემეცნებისა და პრაქტიკული მოქმედების სფერო აღმოჩნდა. სოკრატეს აზრით, თავისუფალი ის არის, ვინც გონივრულად და ზნეობრივად იქცევა; პლატონის მიხედვით, ლტოლვებით შეპყრობილი ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება, რადგან თავისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმობს; არისტოტელეს აზრით, ბრძენი თავისუფლების პრინციპის მიხედვით მოქმედებს და გარეგან მიზანდასახულობებს არ ემორჩილება. სტოელებმა ეს პრინციპი კიდევ უფრო განავითარეს; მათ თავისუფლება გაიგეს როგორც გარეგან იძულებათაგან, ლტოლვათაგან და მავნე მიდრეკილებათაგან დამოუკიდებლობა. მათ წინ პლანზე წამოწიეს „აფექტებისაგან თავისუფლების“ (აპათია) და „სულიერი სიმშვიდის“ (ატარაქსია) პრინციპი. გარკვეული აფექტები (ტკივილი, სურვილი, ლტოლვა) ხელს უშლის გონივრულ, ბედნიერ ცხოვრებას, ხოლო ზოგიერთი აფექტი (მხიარულება, წინდახედულება და ა.შ.) კი, პირიქით, გონივრული, ბედნიერი ცხოვრების მომტანია. სტოელთა მიხედვით, ე.წ. „ცუდი აფექტები“ მხოლოდ ჭეშმარიტი შემეცნების მეშვეობით შეიძლება იქნეს დაძლეული. სწორედ ჭეშმარიტი შემეცნების მეშვეობით მიიღწევა ის სულიერი სიმშვიდე და შინაგანი თავისუფლება, რომელიც გონივრული და ბედნიერი ცხოვრების წინაპირობაა. შემდგომ ეს პრინციპები პატრისტიკასა და შუა საუკუნეების ქრისტიანულ ფილოსოფიაში კიდევ უფრო განივრცო და თანდათან პიროვნული თავისუფლების ცხადი კონტურებიც გამოიკვეთა.
თავისუფლების ცნებამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ფრანგ განმანათლებელთა პრაქტიკულ საქმიანობასა და თეორიულ შემოქმედებაში. შარლ ლუი მონტესკიე (1689-1755 წწ.) და ჟან ჟაკ რუსო (1712-1778 წწ.) იმის დადგენას ცდილობდნენ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ კანონებმა, თავისუფლება რომ უზრუნველყონ სახელმწიფოში. მათ კლასიკური სახით ჩამოაყალიბეს ხელისუფლების განაწილების პრინციპი, როგორც სამართლის უზენაესობისა და ადამიანის, როგორც საზოგადოების წევრის თავისუფლების წინაპირობა. მონტესკიესა და რუსოს თეორია დღესაც აქტუალურია. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციური წყობა ხშირად სწორედ ხსენებულ ავტორთა აღნიშნულ პრინციპებს ეფუძნება.
გერმანულ ფილოსოფიაში თავისუფლების გაგების უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს იმანუელ კანტისა (1724-1804 წწ.) და გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის (1770-1831 წწ.) თავისუფლების კონცეფციები. კანტის ფილოსოფიაში სათანადო ასახვა პოვა ევროპულ განმანათლებლობაში ფესვგადგმულმა წარმოდგენამ, რომ თავისუფლება პოლიტიკის, მორალის და მოქმედების სფეროებშია შესაძლებელი, ხოლო ბუნების სფეროს კი საკუთარი კანონები განაგებს. თავისუფლება არის წინაპირობა ნებისა, რომელსაც საკუთარი კანონები აქვს („კატეგორიული იმპერატივი“). მაშასადამე, კანტი საუბრობს ნების თავისუფლების, როგორც წმინდა პრაქტიკული გონების ავტონომიური პრინციპის შესახებ.
ჰეგელის მიხედვით, მსოფლიო ისტორიის ფილოსოფიის სახელმძღვანელო პრინციპი არის ხალხებსა და კულტურებში განვითარებადი თავისუფლების იდეა. თავისუფლება არის თავის თავთან დაბრუნებული სამყაროს სულის თავისუფალი ცნობიერების შედეგი. ორიენტალურ დესპოტიზმში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო თავისუფალი, ანტიკურ დემოკრატიასა და არისტოკრატიაში – მხოლოდ ზოგიერთი, ხოლო ქრისტიანულ სახელმწიფოში კი თითოეული ადამიანი ღმერთისა და კანონის წინაშე თავისუფალი და თანასწორუფლებიანია. მიუხედავად ამისა, მონობა ქრისტიანულ ხალხებში დიდხანს გაგრძელდა. ადამიანის გაგება – როგორც თავისუფალი არსებისა – პოლიტიკური თავისუფლების საფუძველია. თუმცკი, თავისუფლება გზად იმყოფება და მისი სრულყოფილი რეალიზების მცდელობები ისტორიაში მუდამ იარსებებს.
კარლ მარქსის (1818-1883 წწ.) აზრით, თავისუფლება კაპიტალისტურ საზოგადოებაში შეუძლებელია, მისი განხორციელება მხოლოდ მომავლის საზოგადოებაშია შესაძლებელი, სადაც იქ არსებული წარმოების ურთიერთობები და გაუცხოება იქნება მოხსნილი.
თავისუფლების გაგების მნიშვნელოვანი ასპექტებია ხაზგასმული დიდი ინგლისელი მოაზროვნის, ჰერბერტ სპენსერის (1820-1903 წწ.) შემოქმედებაში. იგი სახელმწიფოს როლის ზრდისა და ამის ხარჯზე ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგია. სახელმწიფოს რეგულაციური პოლიტიკის გაძლიერებას სპენსერი ახალი ტიპის ლიბერალიზმს უკავშირებს. აღნიშნული ტენდენცია ინდივიდის თავისუფლებას და მთლიანად საზოგადოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ ლიბერალიზმის სპენსერისეული კრიტიკა დღესაც არ კარგავს მნიშვნელობასა და აქტუალობას.
თავისუფლების ცნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ექსისტენციალიზმში (სიორენ კირკეგორი, მარტინ ჰაიდეგერი, ჟან-პოლ სარტრი, ალბერ კამიუ, გაბრიელ მარსელი და ა.შ.). აქ თავისუფლება ადამიანის არსის განმსაზღვრელ ფაქტორადაა მიჩნეული. უფრო მეტიც, ადამიანი „დაწყევლილია“ თავისუფლებით და თავის ყველა ქმედებაზე პასუხს აგებს. მაშასადამე, ექსისტენციალისტებთან თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრინციპი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია განხილული.
თავისუფლების ორიგინალური კონცეფციის შექმნა დაკავშირებულია „ფრანკფურტის სკოლის“ მოაზროვნეებთან. ამ პრობლემას საგანგებოდ იკვლევდა ცნობილი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ერიხ ფრომი (1900-1980 წწ.). თავისუფლების ფრომისეული კონცეფცია, ძირითადად, გადმოცემულია მის შემდეგ ნაშრომებში: „თავისუფლებისაგან გაქცევა“ (1941 წ.), „ადამიანის დესტრუქციულობის ანატომია“ (1973 წ.), „ფლობა თუ ყოფნა?“ (1976 წ.). თავისუფლება ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია; კაცობრიობის რეალური ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, თუმცა, ფრომი აანალიზებს ადამიანის წრაფვას – გაექცეს თავისუფლებას. იგი იკვლევს იმ სტრატეგიებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება თავისუფლებისაგან გაქცევა. ფრომი თავისუფლების პრობლემის განხილვისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ავტორიტარიზმის, დესტრუქციულობის და აბსოლუტური მორჩილების ანალიზს. „ფრანკფურტის სკოლის“, ე.წ. „ნეომარქსიზმის“ წარმომადგენლებისათვის (ადორნო, მარკუზე და სხვ.) ხელოვნება წარმოადგენს იმ ადგილსა და სფეროს, სადაც თავისუფლება შესაძლებელია და მისი რეალური განხორციელება ხდება.
2 -თავისუფლების პრობლემა ქართულ ფილოსოფიაში
თავისუფლების პრობლემის განხილვის ისტორია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში სპეციფიკურ ხასიათს ატარებს. დიდი ქართველი მოაზროვნეების შემოქმედებითი ისტორია არის მარადიული ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ, მაშასადამე, იძულებაზე უარის თქმა და ბრძოლა თავისუფლებისთვის. თავისუფლების იდეის მეტაფიზიკური დაფუძნება ქართულ ფილოსოფიაში იოანე პეტრიწის (XII ს.) სახელსა და მის ეპისტემოლოგიას უკავშირდება. თავისუფლების ცნების საგულისხმო განმარტებაა მოცემული სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“. სულხან-საბა განმარტავს სიტყვას „თავის-უფალი“ და მის შემდეგ მნიშვნელობებზე მიუთითებს: „არავისი მონა“, „რაც ენებოს, ქნას“. აღსანიშნავია, რომ აქ თავისუფლების ორ მნიშვნელოვან ასპექტზეა ყურადღება გამახვილებული: იძულებაზე უარის თქმა და საკუთარი ნების განხორციელების მცდელობა. ახალი დროის ქართულ აზროვნებაში თავისუფლების პეტრიწისეული იდეალის დაცვა, გააზრება და განვრცობა სცადა ანტონ ბაგრატიონმა (1720-1788 წწ.). ეს კარგად ჩანს ტრადიციისა და ინოვაციის ანტონისეული გაგების მაგალითზე. იგი, ერთი მხრივ, ქართული (ფილოსოფიური) აზროვნების განვითარებას, განახლებას, „ევროპეიზაციას“ ესწრაფვოდა, მაგრამ ისე, რომ ქართულ ინტელექტუალურ ტრადიციასთან, ეროვნულ ფესვებთან მისი კავშირი არ გაეწყვიტა. აქედან გამომდინარე, ანტონმა მიზნად დაისახა ქართული განათლების სისტემის ხელახლა აგება და ხელი მიჰყო ფართო ეროვნულ-კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელებას. ამის თვალსაჩინო ნიმუშია თბილისსა (1755 წ.) და თელავში (1782 წ.) მის მიერ დაარსებული სასულიერო სასწავლებლები. ანტონ ბაგრატიონის ფილოსოფიური აზროვნება იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს თავისუფლების პრინციპი. თავისუფლებას საფუძვლად უნდა ედოს განათლება; მხოლოდ განათლებული, გათვითცნობიერებული ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი. მაშასადამე, განათლება (გან)თავისუფლების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
ნების თავისუფლების შესახებ მსჯელობს ქართველი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი იონა ხელაშვილი (1772-1837 წწ.). თავისუფლებისა და მშვიდობის პრინციპების საინტერესო ხედვაა წარმოდგენილი სოლომონ დოდაშვილის (1805-1836 წწ.) შემოქმედებაში. თავისუფლების გაგების ორიგინალური მცდელობაა მოცემული ცნობილი ქართველი ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის, გაბრიელ ქიქოძის (1825-1896 წწ.) „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში“. იგი თავისუფლების გაგებას გონების მიერ მის გააზრებასა და გაცნობიერებას უკავშირებს. ამდენად, თავისუფლება დაკავშირებულია სულიერ, მოაზროვნე არსებასთან. თუკი თავისუფლების პრინციპი გააზრებული არ იქნება, მაშინ ადამიანი ვერ მოახერხებს კეთილისა და ბოროტის განსხვავებას და, რაც მთავარია, მათ შორის არჩევანის გაკეთებასაც ვერ შეძლებს. გაბრიელ ქიქოძის კონცეფცია თავისუფლების შესახებ, დღესაც არ კარგავს აქტუალობას, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისუფლების ქრისტიანული გაგების კონტექსტში.
ეროვნული თავისუფლების იდეა საფუძვლიანად განავითარეს XIX საუკუნის დიდმა ქართველმა მოღვაწეებმა, „თერგდალეულებმა“ (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვ.), რომლებიც საქართველოში არსებული „რუსიფიკატორული პოლიტიკის“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამდენად, მათ მიერ განვითარებული თავისუფლების გაგება პოლიტიკურ განზომილებას იძენს. თავისუფლების ეს მოდელი კარგად გამოიხატა ილია ჭავჭავაძის ეპოქალურ ფორმულაში: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. თავისუფლების გაგების მეტად საგულისხმო ნიმუშებია ვაჟა-ფშაველას ესეებში: „რას ჰქვიან თავისუფლება?“ და „რა არის თავისუფლება?“. დიდი ქართველი პოეტი ამ მცირე მოცულობის წერილებში თავისუფლების ილია ჭავჭავაძისეული გაგების ერთგვარ განვრცობას ახდენს და თავისუფლებასა და ბედნიერებას ერთმანეთს უთანაბრებს. ვაჟას აზრით, თავისუფლება ყველა ქვეყანაზე, ერსა და წოდებასა უნდა ვრცელდებოდეს. იგი ეროვნული და პიროვნული თავისუფლების თანაბარ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
საქართველოში, XX საუკუნის პირველ ათწლეულებში, თავისუფლების გაგების საინტერესო მცდელობებია მოცემული გრ. რობაქიძის, არ. ჯორჯაძის, დ. უზნაძის, შ. ნუცუბიძის, ალ. ჯანელიძის, მ. გოგიბერიძის, ს. დანელიას, კ. კაპანელის და სხვ. ფილოსოფიურ შრომებში. კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ კი თავისუფლება აღარ მიეკუთვნებოდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების წამყვან საკითხთა რიცხვს. უფრო მეტიც, ამ პერიოდში, არათუ თავისუფლების პრინციპის პრაქტიკაში განხორციელება გახდა შეუძლებელი, არამედ თავისუფლების იდეის იგნორირება მოხდა. ამას ადასტურებს საბჭოთა საქართველოში შექმნილი თეორიული ნაშრომები, სადაც თავისუფლების იდეა, ფაქტობრივად, დაიკარგა. თუკი აქა-იქ თავისუფლების შესახებ მსჯელობას ვხვდებით, უმეტესწილად, მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფიის კონტექსტში, ან კიდევ ფილოსოფიის ისტორიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების (მაგალითად, კანტი, ჰეგელი, ნიცშე, შოპენჰაუერი, ჰუსერლი, ექსისტენციალისტები და ა.შ.) მიერ შექმნილი თავისუფლების კონცეფციების განხილვისა და ანალიზის დროს. ამ მხრივ აღსანიშნავია კ. ბაქრაძის, ზ. კაკაბაძის, თ. ბუაჩიძის, გ. თევზაძის და სხვ. გამოკვლევები. იშვიათ გამონაკლისთა რიცხვს წარმოადგენს მ. მამარდაშვილის (1930-1990 წწ.) ფილოსოფიური ნაშრომები, რომელთა მიზანი სოციალური ძალების გამოთავისუფლება და იმგვარი სააზროვნო სივრცის შექმნაა, სადაც ნებისმიერი ადამიანი საკუთარი თავის „არტიკულირებას“, ანუ თავისუფლების რეალიზებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ თავისუფლების იდეის გაგების ორიგინალური მცდელობები კომუნისტური პერიოდის ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში იშვიათად გვხვდება. ეს მძიმე სულიერი მდგომარეობა საგანგებოდაა განხილული ჩემს სტატიაში „იდეების მსხვრევა. თავისუფლების იდეის ბედი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში“ (იხ. სამეცნიერო-ფილოსოფიური კრებული - „რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ“, თბ., 2010 წ., გვ. 114-130). ამ სტატიაში თავისუფლების პრობლემა გაანალიზებულია არათავისუფლების ისტორიის გარკვეული ასპექტების გამოკვეთის მეშვეობით და წამოყენებულია მოსაზრება, რომ შეიქმნას საგანგებო სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამოკვლეული იქნება საბჭოთა საქართველოს სინამდვილეში თავისუფლების ფილოსოფიური იდეის/იდეალის ჩახშობის, განადგურების, დაკარგვის ისტორია და დადგენილი იქნება მისი მიზეზები. ეს ფილოსოფიური კრებული, თავისუფლების ცნების გაგებისა და კვლევის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ქართულ ფილოსოფიაში. მასში ქართველი და უცხოელი მეცნიერები (ლ. ზაქარაძე, გ. თავაძე, დ. ლაბუჩიძე, თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი) თავისუფლების იდეის, მისი გაგებისა და გაცნობიერების მთავარ ასპექტებს განიხილავენ ფილოსოფიური აზროვნების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლების (შ. ლ. მონტესკიე, ჟ. ჟ. რუსო, გ. ვ. ფ. ჰეგელი, ჰ. სპენსერი, ე. ფრომი) შემოქმედებაზე დაყრდნობით. კრებულის ავტორთა ყურადღება ამ მოაზროვნეებზე სწორედ იმიტომ შეჩერდა, რომ ისინი თავისუფლების პრობლემას ერთი რომელიმე პერსპექტივიდან გამომდინარე კი არ განიხილავენ, არამედ კომპლექსურად, ინტერკულტურულ და ინტერდისციპლინურ ჭრილში. თავისუფლების პრობლემამ ქართულ აზროვნებაში დღეს უკვე ხელახალი რეაქტუალიზება განიცადა, რადგან თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ კი, ნეირომეცნიერებების სფეროში დაგროვილმა კვლევის შედეგებმა თავისუფლების არსის ახლებური გააზრებისა და გადააზრების საჭიროება დაგვანახა. ამ კუთხით თანამედროვე ქართულ ფილოსოფიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მდგომარეობა არსებითად შეიცვალა და თავისუფლების პრობლემას, მის ანალიზსა და თეორიულ დამუშავებას გაცილებით უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე ადრე. გამოიცა ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო კრებული თავისუფლების პრობლემის შესახებ:
- (1) „თავისუფლების ფილოსოფიის კლასიკოსები. პლატონიდან ჰაიდეგერის ჩათვლით“ (რედაქტორები: მ. ბერიაშვილი, უ. რ. იეკი, ბ. მოიზიში, თბ., 2011 წ.).
- (2) „თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში“ (რედაქტორი - თ. ირემაძე, თბ., 2016 წ.).
ამ ორი საყურადღებო საერთაშორისო სამეცნიერო კრებულის ქართველი და უცხოელი ავტორები თავისუფლების პრობლემას ფილოსოფიურ, თეოლოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა ჭრილში განიხილავენ და თავისუფლების იდეის წამყვან თეორეტიკოსთა შემოქმედებასაც აქცევენ საგანგებო ყურადღებას. ვფიქრობთ, რომ ეს ორი კრებული ქართულ ფილოსოფიაში თავისუფლების პრობლემის შესახებ არსებულ თემატურ სპექტრს ამდიდრებს, რადგან აქ თავისუფლების პრობლემა ინტერდისციპლინურ ჭრილშია განხილული. ეს ნაშრომები კარგი გზამკვლევია მათთვის, ვინც თავისუფლების ფილოსოფიური, საღვთისმეტყველო და სოციალური ასპექტების შესწავლით არის დაინტერესებული.
3 -გამოყენებული ლიტერატურა
• ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, რედაქტორ-შემდგენელი – თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ.
• თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში, რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ.
• თავისუფლების ფილოსოფიის კლასიკოსები. პლატონიდან ჰაიდეგერის ჩათვლით, რედაქტორები: მ. ბერიაშვილი, უ. რ. იეკი, ბ. მოიზიში, თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“, 2011 წ.
• ირემაძე, თ.: ადამიანის ღირსება და თავისუფლება, ჟურნალში: „უფლის ციხე“, #5 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 49-54.
• შნაიდერი, ჰ. / ზაქარაძე, ლ. / თავაძე, გ. / ლაბუჩიძე, დ. / ირემაძე, თ.: რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ. შარლ ლუი მონტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი, თბილისი: „ნეკერი“, 2010 წ. (მეორე გამოცემა - თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.).