2021-04-02 თენგიზ ირემაძე

ნეოპლატონური ტრადიცია შუა საუკუნეების საქართველოში

1 -პროკლე დიადოხოსი

ნეოპლატონური ფილოსოფიის შესწავლისა და ათვისების ისტორიას ქართულ აზროვნებაში ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიცია აქვს. ნეოპლატონიზმის სხვადასხვა სკოლები და მიმართულებები ქართული ფილოსოფიის ფორმირების პროცესში ნაყოფიერად გამოყენებული.

პროკლეს ფილოსოფიის პირველი ქართველი კომენტატორი, იოანე პეტრიწი ცდილობდა, რომ ბერძნული ფილოსოფია საქართველოში საგანგებო ყურადღების საგნად ექცია. ამასთან ერთად, იგი პლატონური ფილოსოფიის გადმოცემასაც ესწრაფოდა. პეტრიწი ფიქრობდა, რომ პლატონური ფილოსოფიის საფუძველზე სამყაროს ქრისტიანული ხედვის დასაბუთება უკეთ იქნებოდა შესაძლებელი. სწორედ ამის გამო თარგმნა მან ძველქართულად პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის საწყისები“ და მას საგანგებო კომენტარიც დაურთო.

იოანე პეტრიწის კომენტარს პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ შესახებ ასეთი სათაური აქვს: „განმარტებაჲ პროკლესთჳს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათჳს“. ის შედგება წინასიტყვაობისგან, თითოეული თავის კომენტარისა და ე.წ. „ბოლოსიტყვაობისგან“. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია თვით პეტრიწის მიერ შესრულებული პროკლეს ამ ნაშრომის ძველქართული თარგმანი, რომელიც XII საუკუნით თარიღდება და უფრო ძველია, ვიდრე ჩვენს ხელთ არსებული დღეს შემორჩენილი ბერძნული ორიგინალი პროკლეს „თეოლოგიის საწყისებისა“. 1268 წელს შესრულებული ლათინური თარგმანი ამ ნაშრომისა, რომელიც ვილჰელმ მორბეკელს ეკუთვნის, გაცილებით უფრო გვიანდელია, ვიდრე პეტრიწის თარგმანი და კომენტარი.

აქედან გამომდინარე, იოანე პეტრიწის მთელი თხზულება პროკლეს ფილოსოფიის გადმოცემისა და რეკონსტრუირების დროს, განსაკუთრებით კი, პროკლეს ნააზრევის შუა საუკუნეებში შესრულებული თარგმანებისა და კომენტარების შესწავლის პროცესში საგანგებოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული. აქამდე ეს ნაკლებად ხდებოდა პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ ფართოდ გავრცელებულ გამოცემებსა და ინტერპრეტაციებში. პეტრიწის ნაშრომი მხოლოდ ნაწილობრივ, ისიც არაზუსტად და ზედაპირულად თუ იყო მოხმობილი (იხილეთ, მაგალითად, პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ გამოცემა და თარგმანი ე. რ. დოდსის მიერ).

ფილოსოფიურ კვლევათა ეს ნაპრალი სრულად მაშინ ამოივსება, როცა პროკლეს ფილოსოფიის მკვლევართა მხრიდან „თეოლოგიის საწყისების“ პეტრიწისეული ძველქართული თარგმანი და კომენტარი პროკლეს განმარტების ბიზანტიურ და ლათინურ ტრადიციასთან ერთად ერთიან კონტექსტში იქნება შესწავლილი და განხილული. აქ, უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნიკოლოზ მეთონელისა (XII ს.) და ბერთოლდ მოსბურგელის (XIV ს.) ვრცელი კომენტარები პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ შესახებ. ორივე კომენტატორმა საგანგებოდ სცადა (მართალია, განსხვავებული პერსპექტივითა და მიზანდასახულობით) „თეოლოგიის საწყისების“ განმარტება. გარდა ამისა, ამავე კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ XII საუკუნის დიდი ბიზანტიელი მოაზროვნეების (მიქაელ ფსელოსი, იოანე იტალოსი) და შუა საუკუნეების ლათინურენოვანი სივრცის წარმომადგენელთა (ჰაინრიხ ბატე მეხელენელი) მიერ პროკლეს რეცეფციის მცდელობები.

რატომ თარგმნა იოანე პეტრიწმა პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის საწყისები“ ძველქართულად? რატომ დაურთო მას ვრცელი, დაწვრილებითი კომენტარი? იოანე პეტრიწი „განმარტებაჲ“-ს წინასიტყვაობაში ამის შესახებ დამაჯერებელ პასუხს გვაწვდის. ქართველ ფილოსოფოსს თავისი კომენტარის მეშვეობით „წმინდა ერთის“ დასაბუთება სურს. მასში იგი ერთის განსაკუთრებულ ხასიათს განიხილავს, რომლითაც ის ყველა სხვა არსებულისგან განსხვავდება. ამასთან ერთად, წმინდა და ნამდვილი ერთი სილოგიზმის მეშვეობითაც უნდა გამოვიკვლიოთ და დავასაბუთოთ. პეტრიწის განმარტების თანახმად, ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის ცნებაა ცოდნის დასაბუთების პროცესში. ამ პრინციპის დასაბუთების გარეშე ვერ შევქმნით მყარ დებულებებს და შემეცნებითი მიზანიც მიუწვდომელი დარჩება. ამდენად, ერთი ყოველგვარი ცოდნის წინაპირობას წარმოადგენს.

თავის წინასიტყვაობაში პეტრიწი ხაზს უსვამს „თეოლოგიის საწყისებისა“ და მასზე დართული კომენტარის პედაგოგიურ და დიდაქტიკურ დანიშნულებას. ამ ტიპის წიგნების გაგება მრავალგზის წაკითხვასა და დამუშავებას მოითხოვს. პეტრიწისთვის აქ სოკრატე სანიმუშო მაგალითის დამნერგავი და მომცემი იყო: სოკრატე ბავშვის მსგავსად კითხულობდა და მხოლოდ ამგვარი სწავლის საფუძველზე განიხილავდა წაკითხულის შინაარსს. პეტრიწი ტექსტის ზუსტი და ადეკვატური კითხვის მეთოდის დაფუძნების დროს, ერთი შეხედვით, თითქოსდა, უმნიშვნელო დეტალებსაც კი ითვალისწინებს: ტექსტის არსის გასაგებად და დასადგენად საჭიროა სასვენი ნიშნების კარგად გამოყენება და ა.შ.

მას შემდეგ, რაც პეტრიწი თავისი კომენტარის წინასიტყვაობაში პროკლესეული აზროვნების მნიშვნელობის შესახებ საკითხს სვამს და განიხილავს, იგი „თეოლოგიის საწყისების“ თითოეულ თავს დაწვრილებით განმარტავს და ცდილობს, რომ მკითხველს პროკლეს ამ ნაშრომის ურთულესი დებულებები შეძლებისდაგვარად ამომწურავად და ვრცლად განუმარტოს. პეტრიწის კომენტარები შემდეგი სტრუქტურისაა: დასაწყისში მოცემულია პროკლეს დებულება „თეოლოგიის საწყისების“ შესაბამისი თავიდან და მხოლოდ ამის შემდეგ არის მოცემული მათი ახსნა-განმარტება პეტრიწის მიერ. პეტრიწი პროკლეს თხზულების ყველა (211-ივე) თავს განმარტავს დაწვრილებით.

თავის კომენტარებში პეტრიწი ანტიკური ფილოსოფიის მნიშვნელოვან პრობლემებსაც ეხება. საგანგებო გულმოდგინებით იგი პროკლეს ნაშრომის ურთულეს თავებსა და შინაარსებს განმარტავს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ერთისა და მრავალის, მიზეზისა და შედეგის, ღმერთისა და ყოფიერთა, კეთილისა და ბოროტის, დროისა და მარადიულობის, მთელისა და ნაწილის ურთიერთმიმართების პრობლემის განხილვა პეტრიწის მიერ. პროკლეს მოძღვრება „ნუსის“ შესახებ (შემეცნების თეორია) პეტრიწმა თავისი კომენტარის 160-183-ე თავებში განიხილა, ხოლო სულისა და ადამიანური შემეცნების პროცესის აღწერა კი ამავე კომენტარის 184-211-ე თავებში გვხვდება.

იოანე პეტრიწს ისიც კარგად ესმოდა, რომ პროკლეს მიერ მკაცრად და მოკლედ ჩამოყალიბებული რთული და კომპლექსური წინადადებები ხშირად ნაკლებ ადგილს ტოვებდნენ ახსნა-განმარტებითი პარაფრაზებისთვის. ამის გამო იგი ხშირად მაგალითებს მოიხმობს, რათა პროკლეს რთული დებულებები თვალსაჩინოდ განმარტოს და მკითხველის წინაშე გასაგები ფორმით წარმოადგინოს. პეტრიწი მკითხველთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ეძიებს და ცდილობს, რომ თავის მოწაფეთა შემეცნებითი მზაობა და მდგომარეობა ადეკვატურად გაიაზროს, თანაც შემეცნებისა და ცოდნის დაუფლების პროცესში დაეხმაროს მათ. პეტრიწი საგანგებოდ მიმართავს კიდეც მკითხველს მის მიერვე შემუშავებული ფორმებით: „გესმაა აქა, გამგონეო, ხედულო გონებისაგან“, „განიცადენ, გამგონეო“ და სხვ. მიმართვის ეს ფორმები ხშირად გვხვდება პეტრიწის კომენტარში და იმის მიმანიშნებელია, რომ პეტრიწმა ეს კომენტარი სასწავლო მიზნებისთვის შექმნა. აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს მონოლოგის ფორმით „ჩაწერილ“ დიალოგთან, რომელიც პეტრიწმა გელათის მონასტერთან არსებული აკადემიის მსმენელებთან გამართა.

იოანე პეტრიწის კომენტარი ნათლად აჩვენებს, რომ იგი არა მარტო „თეოლოგიის საწყისებს“, არამედ პროკლეს სხვა ნაშრომებსაც კარგად იცნობდა და, საჭიროების შემთხვევაში, იყენებდა კიდეც პროკლეს ამ ნაშრომის ახსნა-განმარტების პროცესში. პეტრიწი კარგად იცნობდა პროკლეს „პლატონურ თეოლოგიას“, ასევე, მის კომენტარებს პლატონის „პარმენიდეზე“ და „ტიმეოსზე“.

იოანე პეტრიწის კომენტარი იმასაც აჩვენებს, რომ იგი ანტიკური ფილოსოფიის დიდი მცოდნე და პატივისმცემელი იყო. მან თავისი მაღალკვალიფიციური ცოდნა ამ სფეროში იმისთვის გამოიყენა, რომ პროკლეს სააზროვნო სამყაროს რეკონსტრუირება მოეხდინა და ქართველი მკითხველისთვის გაეცნო. ეს საქმე მან სანიმუშო სახით შეასრულა. თვით XVIII საუკუნის ქართული აზროვნების თვალსაჩინო წარმომადგენლებიც კი ინტენსიურად იყენებდნენ მის მიღწევებს თეორიული ფილოსოფიის სფეროში და შემეცნების პროცესის აღწერას პეტრიწის შემეცნების თეორიაზე დაყრდნობით ახდენდნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითია ანტონ ბაგრატიონი (1720-1788 წწ.) და მისი მთავარი ფილოსოფიური ნაშრომი „სპეკალი“ (1752 წ.), რომელშიც ანტონი პეტრიწის ფილოსოფიასა და თვით პეტრიწის მიერ კომენტირებულ პროკლეს მთავარ ნაშრომზე დაყრდნობით ქმნის შემეცნების თეორიის საკუთარ მოდელს.

2 -ამონიოს ერმისი

შუა საუკუნეების ქართული აზროვნების კონტექსტში დიდ მნიშვნელობას იძენს ნეოპლატონიზმის ალექსანდრიული სკოლა და მისი გავლენა ქართული ფილოსოფიის ჩამოყალიბების პროცესზე. XII საუკუნეში უცნობმა ქართველმა ავტორმა ძველი ბერძნულიდან ძველქართულ ენაზე თარგმნა ამონიოს ერმისის (დაახლ. 440-517 წწ.) კომენტარები არისტოტელეს ნაშრომზე „კატეგორიები“ და პორფირიოსის ნაშრომზე „ისაგოგე“. ამ თარგმანის უძველესი ხელნაწერი XIII საუკუნით თარიღდება. დიდი ხანია, რაც ქართულ მეცნიერებაში ცხარე დისკუსიაა იმის შესახებ, თუ ვინ იყო მთარგმნელი გვიანი ანტიკური ხანის ამ ნეოპლატონური ნაშრომებისა. მკვლევართა ერთი ჯგუფი (პ. იოსელიანი, კ. კეკელიძე) იმ აზრს ავითარებს, რომ ამ ტექსტების მთარგმნელი იოანე ტარიჭისძე (XII ს.) უნდა იყოს, ხოლო მკვლევართა მეორე ჯგუფი (ს. გორგაძე, ი. ლოლაშვილი) კი ფიქრობს, რომ ეს ორი ტექსტიც იოანე პეტრიწს უნდა ეთარგმნა.

მაია რაფავას საფუძვლიანი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ნაშრომთა მთარგმნელი იოანე პეტრიწი ვერ იქნება. თუმცა, ამ ორი ტექსტის ანონიმი მთარგმნელი, სავარაუდოდ, პეტრიწონის სკოლის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, რადგან ამ სკოლის მთარგმნელობითი ტექნიკა გამოყენებულია ამონიოს ერმისის ზემოთ დასახელებული ნაშრომების ქართულ თარგმანებში.

ამონიოს ერმისის ქართული თარგმანების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ მათ დიდი წვლილი შეიტანეს შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ჩამოყალიბების პროცესში. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამონიოს ერმისმა თავისი ამ ორი ტექსტით დიდი როლი ითამაშა, ზოგადად, ქართულ კულტურაში; იგი საუკუნეების მანძილზე გვიანი ანტიკური ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოაზროვნედ ითვლებოდა.

ამონიოს ერმისი პორფირიოსის „ისაგოგეს“ კომენტარის წინათქმაში განიხილავს ფილოსოფიის ექვს ცნობილ განსაზღვრებას და მის წყაროებს (პითაგორა, პლატონი და არისტოტელე). მისი აზრით, ამ განსაზღვრებათა მიზანი ფილოსოფიის სპეციფიკური ბუნებისა და საგნის გარკვევა და დადგენაა: ფილოსოფიას, კერძო მეცნიერებებისაგან განსხვავებით, იმის პრეტენზია აქვს, რომ ის ყოფიერთა შესახებ ზოგად და აუცილებელ ცოდნას გვაწვდის. ეს ხედვა უაღრესად ღირებული აღმოჩნდა გვიანდელი ფილოსოფიისთვისაც.

3 -დავით უძლეველი (ანჰაღთი)

ამავე კონტექსტში უნდა შევეხოთ სომხური წარმოშობის ფილოსოფოსს - დავით უძლეველს (VI ს.). დავითი ამონიოსის სკოლის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო, რომელიც ოლიმპიოდორე უმცროსს დაემოწაფა და შემდეგ არისტოტელეს თხზულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომენტატორი გახდა. დავითი ხშირად ამონიოს ერმისის კონცეფციებს მიჰყვება და დიდად არის კიდეც დავალებული მისგან. შესაძლებელია ამონიოს ერმისის აზროვნების სომხური რეცეფციის შესახებაც კი ვისაუბროთ, რადგან დავით უძლეველის ნაშრომები არა მარტო ძველ ბერძნულ ენაზე, არამედ ძველ სომხურ ენაზეცაა (ძველი სომხური თარგმანების მეშვეობით) შემორჩენილი.

დავით უძლეველის მთავარ ნაშრომად მიიჩნევა მისი „ფილოსოფიის განსაზღვრებანი“, რომელიც ძველ ბერძნულ ენაზე შეიქმნა. შემორჩენილია, ასევე, ამ ნაშრომის თარგმანი ძველ სომხურ ენაზე. XVIII საუკუნეში ანტონ ბაგრატიონმა და მისი სკოლის წარმომადგენლებმა ეს ნაშრომი ძველი სომხური ენიდან ქართულ ენაზე თარგმნეს. ამ სახით ამონიოს ერმისის სკოლაში შემუშავებული დაყოფა ფილოსოფიისა და ფილოსოფიის განსაზღვრებანი ახალი დროის ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაშიც გავრცელდა და სათანადო ყურადღებაც მიიპყრო. ქართული ფილოსოფიის განვითარების პროცესში ამონიოს ერმისის ეს განსაზღვრებანი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ფილოსოფიის ტრადიციაში კი ეს ექვსი განსაზღვრება უპირატესად იოანე დამასკელის (675-749 წწ.) თარგმანების მეშვეობით გავრცელდა. ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაში ეს განსაზღვრებანი საყოველთაოდ იყო აღიარებული; უფრო მეტიც, აქ ეს ექვსი განთქმული განსაზღვრება შუა საუკუნეებსა და ახალ დროში გავრცელებული ფილოსოფიის გაგების საფუძველს წარმოადგენდა.

4 -ალექსანდრიული სკოლის კომენტატორული ტექნიკა და ფილოსოფიის განსაზღვრებანი

აქ მოკლედ უნდა შევეხოთ V-VI საუკუნეების ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის კომენტარებს, რომლებიც, თავის მხრივ, პროკლეს ფილოსოფიის ზეგავლენის კვალს ატარებს. გვიანი ანტიკური ხანის დიდი ალექსანდრიელი კომენტატორები - ამონიოს ერმისი, ასკლეპიოსი, იოანე ფილოპონოსი, ოლიმპიოდორე, ელიასი და სიმპლიკიოსი - ნაყოფიერ კომენტატორულ საქმიანობას ეწეოდნენ და რთული ფილოსოფიური ტექსტების კომენტირების ახალ ფორმებსა და მეთოდებს ავითარებდნენ. ისინი განსაკუთრებული გულმოდგინებით ეპყრობოდნენ კომენტარის შიდა სტრუქტურის საკითხებს: ამონიოსის სკოლის „ფილოსოფიური პროლოგები“ ცხადად არის სტრუქტურირებული. გარდა ამისა, მათი კომენტარები ეხებოდა ასახსნელი ტექსტის არსებით საკითხებს და იმდროინდელი ფილოსოფიის აქტუალურ თემებს განიხილავდა. მათი განაზრებების მთავარი საგანი ფილოსოფიის (როგორც ფუნდამენტური მეცნიერების) ბუნებისა და სტრუქტურის საკითხები იყო. ამონიოსის სკოლის კომენტატორთა „პროლოგებში“ ხშირად გვხვდება ზემოთ დასახელებული ფილოსოფიის ექვსი განსაზღვრება, რაც ანტიკური დროის ფილოსოფიიდან იღებს დასაბამს. ფილოსოფიის დაყოფა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად ალექსანდრიელი მოაზროვნეების (უწინარეს ყოვლისა, ისევ ამონიოს ერმისის) მხრიდან ზუსტად და საგულდაგულოდ იქნა წარმოდგენილი. ქართულ ფილოსოფიაში მათი დიდი მნიშვნელობიდან და ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ამ განსაზღვრებებს მოვიყვანთ ამონიოს ერმისის ძველქართულ თარგმანებში წარმოდგენილი სახით:

 

  1. 1. ფილოსოფია არის არსებულთა, როგორც არსებულთა შესახებ მოძღვრება.
  2. 2. ფილოსოფია არის მეცნიერება ღვთაებრივი და ადამიანური საგნების შესახებ.
  3. 3. ფილოსოფია არის ზრუნვა სიკვდილზე.
  4. 4. ფილოსოფია არის მცდელობა ღვთის მსგავსებისა, რამდენადაც ეს ადამიანს ძალუძს.
  5. 5. ფილოსოფია არის ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება.
  6. 6. ფილოსოფია არის სიბრძნის სიყვარული.

ფილოსოფიის ეს ექვსი განსაზღვრება, რომელიც ამონიოს ერმისის ნაშრომებშია მოცემული, მოგვიანებით, მთელი ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის (უწინარეს ყოვლისა, იოანე ფილოპონოსი და ელიასი) კონტექსტში ხდება მნიშვნელოვანი.

ეს სკოლა, უწინარეს ყოვლისა, დაინტერესებული იყო არისტოტელეს ლოგიკით და საგანგებოდ განმარტავდა არისტოტელეს ლოგიკურ ნაშრომებს. განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა არისტოტელეს „კატეგორიები“ და ამავე ნაშრომზე შექმნილი პორფირიოსის კომენტარი „ისაგოგე“.

ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის ფარგლებში განვითარებული განმარტების ტექნიკა იმდენად მაღალკვალიფიციური იყო, რომ მან მოგვიანებით ბიზანტიური ფილოსოფიის წარმომადგენლებზეც იქონია გავლენა. იოანე იტალოსი, XI საუკუნის დიდი ბიზანტიელი მოაზროვნე, კარგად იცნობდა ალექსანდრიელთა მიერ შემუშავებულ ფილოსოფიური ახსნა-განმარტების ტექნიკას და იყენებდა კიდეც მას თავის კომენტარებში. იგი ხშირად მიმართავდა ამონიოს ერმისის ზემოთ დასახელებულ კომენტარებს არისტოტელეს „კატეგორიებზე“ და პორფირიოსის „ისაგოგეზე“.

ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის წარმომადგენლები (განსაკუთრებით კი - ამონიოს ერმისი) შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაში დიდ როლს თამაშობდნენ. ამ ტრადიციის კვალი პირდაპირ თუ ირიბად იგრძნობა იოანე პეტრიწის კომენტარში. პეტრიწი პირდაპირ ასახელებს ასკლეპიოსს. სავარაუდოა, რომ იგი იცნობდა ამონიოს ერმისის ზემოთ დასახელებულ კომენტარებსაც.

ახალი დროის ქართულ ფილოსოფიასა და თეოლოგიაზე ამონიოს ერმისის ძველქართული თარგმანები დიდ გავლენას ახდენდა. სულხან-საბა ორბელიანმა (1658-1725 წწ.) სწორედ ამონიოს ერმისის ამ ტექსტებიდან აიღო არაერთი განსაზღვრება და ტერმინი თავის „სიტყვის კონაში“. ანტონ ბაგრატიონი კი საგანგებო ინტერესს იჩენდა გვიანი ანტიკური ხანის ლოგიკის მიმართ. ამონიოს ერმისის ლოგიკური ტექსტების ძველქართული თარგმანები მისი ფილოსოფიის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა.

ქართული ფილოსოფიის ისტორიის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ ამონიოს ერმისის თხზულებათა ზემოთ განხილული ძველქართული თარგმანები ადასტურებს ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის რეცეფციის და ტრანსფორმაციის მდიდარ ისტორიას, რომელიც საქართველოში შუა საუკუნეებიდან დაიწყო, ახალ დროში გაგრძელდა და დღემდე საგანგებო ინტერესის საგანია.

5 -გამოყენებული ლიტერატურა

• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.

• ირემაძე, თ.: პითაგორა კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში (სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი“, ტ. 3), თბილისი: „ნეკერი“, 2014 წ.

• ირემაძე, თ.: პლატონი და არისტოტელე შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #10 (14-20 მარტი, 2019 წ.), გვ. 12-14.

• ირემაძე, თ.: გვიანი ანტიკური ხანის ნეოპლატონური ტრადიცია შუა საუკუნეების საქართველოში I, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #11 (21-26 მარტი, 2019 წ.), გვ. 9-10.

• ირემაძე, თ.: გვიანი ანტიკური ხანის ნეოპლატონური ტრადიცია შუა საუკუნეების საქართველოში II, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #12 (28 მარტი - 3 აპრილი, 2019 წ.), გვ. 9-11.

• ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწი, თბილისი: „ნეკერი“, 2019 წ.

• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.