მშვიდობა
1 -მშვიდობის პრინციპი
ქრისტიანობაში მნიშვნელოვანია მისი მშვიდობისმყოფელი ბუნება, მშვიდობის პრინციპის, როგორც პრინციპთა პრინციპის ხაზგასმა და დამკვიდრება, საკუთარი თავის გააზრება როგორც მშვიდობისმყოფელისა და ჰარმონიული არსებისა. მშვიდობა ადამიანთა თანაარსებობის პრინციპთა პრინციპია და ის ამგვარად უნდა იქნეს კიდეც აღქმული. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი ქრისტიანობაში მყარადაა ფესვგადგმული, ფაქტია ისიც, რომ მშვიდობის პრინციპი უცხო არ არის აღმოსავლური რელიგიური (მაგალითად, ბუდისტური და ა.შ.) მოძღვრებებისთვის. ამას საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი, რათა კარგად გავაცნობიეროთ სხვადასხვა ტრადიციათა და კულტურათა შორის ურთიერთთანამშრომლობისა და დიალოგის გზათა საჭიროება.
მშვიდობის პრინციპის ფილოსოფიური ღირებულების წინა პლანზე წამოწევა უაღრესად ნაყოფიერს ხდის მსჯელობას ქრისტიანული ფილოსოფიის შესახებ საქართველოში. მშვიდობიანი დიალოგის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია: მშვიდობა ის პრინციპია, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს! ეს მომენტი განსაკუთრებით ცხადად ჩანს ახალი დროის ქართულ აზროვნებაში, რადგან ამ პერიოდის ქართველ მოაზროვნეებთან ეს პრინციპი თვალსაჩინოდ არის განვრცობილი და წარმოჩენილი. თუკი გვსურს, რომ ქართული აზროვნების ადეკვატური შესწავლა მოხდეს, ქართული ფილოსოფიის ისტორია უნდა აიგოს ახალ პრინციპებზე დაყრდნობით და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქართული აზროვნების სპეციფიკა და იმანენტური განვითარების ტენდენციები. სწორედ ამგვარად წარმოჩნდება ქართულ აზროვნებაში ფილოსოფიურ იდეათა განვითარების ხაზი. ამ პროცესში მშვიდობის პრინციპის სათანადო გააზრება ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.
2 -მშვიდობის პრინციპი ქართულ ფილოსოფიაში
მშვიდობა ადამიანთა თეორიისა და პრაქტიკის, საერთოდ, ადამიანური აზროვნების პრინციპთა პრინციპია და, ამავე დროს, იმგვარი პრინციპი, რომელიც თან სდევს ქართულ აზროვნებას დაწყებული ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებიდან. კერძოდ, ეფრემ მცირის მიერ თარგმნილ ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ტექსტში „საღმრთოთა სახელთათვის“ (XI თავი) ამ საკითხზე საგანგებო ყურადღებაა გამახვილებული. შემდგომ ეს პრინციპი წინა პლანზე გამოდის ისეთ დიდ ქართველ მოაზროვნეებთან, როგორიცაა ალექსანდრე ამილახვარი (1750-1802 წწ.) და სოლომონ დოდაშვილი (1805-1836 წწ.).
ალექსანდრე ამილახვარი თავის განთქმულ ნაშრომში „ბრძენი აღმოსავლეთისა“ მშვიდობის იდეის ქომაგად წარმოაჩენს თავს („რა არის მშვიდობაზე უძვირფასესი?“). უფრო მეტიც, იგი თავისი ამ მცირე ზომის თხზულების ერთ სპეციალურ თავს („მეფისათვის შეიარაღება უფრო სასახელოა თუ მშვიდობა?“) უძღვნის კიდეც ამ პრობლემის განხილვას და იარაღის/მკვლელობის გაუქმებას სამყაროში პირვანდელი სიბრძნისა და გულისხმიერების დამკვიდრებასთან აიგივებს. მისი აზრით, ვინც საყოველთაო მშვიდობისაკენ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, კაცობრიობას პირველყოფილ ბედნიერებას დაუბრუნებს.
სოლომონ დოდაშვილს, მართალია, არ შეუქმნია ნაშრომი ეთიკის შესახებ, მაგრამ მისი „ლოგიკა“ (1827 წ.), რომელიც წაიმძღვარებს ავტორის წინათქმას, ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად აცხადებს „მშვიდობას ჩვენში და ჩვენდა“. მშვიდობა ჩვენი სულიერი ჰარმონიის წინაპირობაა, მყარი საფუძველია სულიერი სიმშვიდის მქონე, მშვიდობისმყოფელი პიროვნების ჩამოყალიბებისა, რომელიც, ამავე დროს, საიმისოდაც იზრუნებს, რომ მის გარშემოც მშვიდობა სუფევდეს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მშვიდობის მთავარი არგუმენტები ქრისტიანული მოძღვრებიდან მომდინარეობს. რადგან ქართულ ფილოსოფიაში მშვიდობის პრინციპის საგანგებო ხაზგასმა მოხდა, ამ კუთხითაც შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფილოსოფია, თავისი არსით, ქრისტიანული ფილოსოფიაა! ამით ქრისტიანობისა და ქართული ფილოსოფიური აზროვნების არა გარეგნული, არამედ შინაგანი, ნათესაური კავშირი იკვეთება. ეს პრინციპი ქართველ მოაზროვნეთა წარმმართველი პრინციპი იყო. სწორედ ამის გამო წამოსწია სოლომონ დოდაშვილმა - ქართული აზროვნების ერთ-ერთმა საუკეთესო მცოდნემ - თავის „ლოგიკაში“ ეს პრინციპი წინა პლანზე. მშვიდობა სოლომონ დოდაშვილის აზროვნების ერთ-ერთი არსებითი პრინციპია.
ქართული ფილოსოფიური აზრის მკვლევრებმა ეს გარემოება აქამდე სათანადოდ ვერ შეაფასეს; ქართული აზროვნების მთავარი თავისებურება გახლავთ „დაკავშირება“: ის ეძებს ადამიანთა შორის საერთო, შემხვედრ წერტილებს. ის კულტურათა შორის თავსებადობისა და ჰარმონიულობის პრინციპებს იკვლევს, მაშასადამე, იმ ნიშნულებს, რომლებიც კულტურათა შორის საერთო, თავსებადი, ჰარმონიაში მომყვანი, დამაკავშირებელია და არა დამაცალკევებელი და კონფლიქტების შემქმნელი. როცა შუა საუკუნეებსა და ახალი დროის ქართულ აზროვნებაში შესრულებულ ფილოსოფიურ თარგმანებს ვსწავლობთ, ცხადი ხდება, რომ ქართველი მოაზროვნეები საკუთარი მთარგმნელობითი საქმიანობისთვის ირჩევდნენ იმ ტიპის ტექსტებს, რომლებსაც გარკვეული წვლილის შეტანა შეეძლოთ ადამიანთა მშვიდობიანი თანაარსებობის პროცესში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ქართული აზროვნების სპეციფიკის ამსახველი შემდეგი დებულება: ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში წინა პლანზე იქნა წამოწეული მშვიდობის პრინციპი. შეიძლება ითქვას, რომ ის აქ არა მარტო ფილოსოფიის, არამედ, საერთოდ, თეორიული აზროვნების პრინციპთა პრინციპად იქნა დასახული.
3 -გამოყენებული ლიტერატურა
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• ირემაძე, თ.: რატომ უნდა შევისწავლოთ ქრისტიანული ფილოსოფია?, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #35 (29 ნოემბერი - 5 დეკემბერი, 2018 წ.), გვ. 9-12.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.