პლატონიზმი და არისტოტელიზმი შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში
1 -შესავალი
ბერძნულ აზროვნებას დიდი გავლენა ჰქონდა ქართულ კულტურაზე, რაც იმის წინაპირობა გახდა, რომ ქართველ მოაზროვნეთათვის ბერძნული ფილოსოფიის პირველწყაროებთან წვდომა უშუალოდ იყო შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ქართულ ფილოსოფიაში საკმაოდ ადრე წარმოიშვა ანტიკური ფილოსოფიური ტრადიციის მიმართ მზარდი ინტერესი, რაც მას ასე მკვეთრად განასხვავებდა იმდროინდელი ლათინურენოვანი ფილოსოფიისაგან. ამასთანავე, მრავალი ქართველი ინტელექტუალი ბიზანტიაში განისწავლა და ბერძნულ კულტურაშიც ისევე კარგად ერკვეოდა, როგორც მშობლიურ კულტურაში. ამის თვალსაჩინო დოკუმენტად გამოდგება არა მარტო ძველბერძნულიდან ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები, არამედ შუა საუკუნეების ქართველ ფილოსოფოსთა ორიგინალური ნაშრომებიც.
2 -პლატონი ქართულ აზროვნებაში
ქართველმა ფილოსოფოსები განსაკუთრებით კარგად იცოდნენ პლატონისა და პლატონიკოსთა აზროვნებას. ამას ნათლად აჩვენებს იოანე პეტრიწის მიერ პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის საწყისებზე“ შესრულებული კომენტარი, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „განმარტებაჲ პროკლესთჳს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათჳს“. ეს უმნიშვნელოვანესი კომენტარი არა მარტო პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ ყველა ასპექტს განიხილავს, არამედ პლატონის აზროვნების შუა და გვიანდელი პერიოდის დიალოგთა მთელ რიგ ცენტრალურ მოტივებსაც მოიცავს. პეტრიწი, უწინარეს ყოვლისა, იყენებდა პლატონის შემდეგ დიალოგებს: „ფედონი“, „ფედროსი“, „ტიმეოსი“, „პარმენიდე“ და „კანონები“. გარდა ამისა, მართალია, იგი სახელობით არ მოიხსენიებს, მაგრამ ციტირებს პლატონის შემდეგ დიალოგებსაც: „ნადიმი“ და „თეეტეტი“. იოანე პეტრიწს პლატონი საკაცობრიო აზროვნების უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად მიაჩნდა. მისი აზრით, „ატიკელმა ბრძენმა“ ფილოსოფოსობის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა აზრი ამოიცნო, გაშიფრა და სამზეოზე გამოიტანა. აქედან გამომდინარე, პეტრიწი პლატონს „დღის ფილოსოფოსს“ უწოდებს.
პლატონის მოძღვრების შესახებ საყურადღებო მასალები და ცნობები მოიპოვება შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაშიც. ამ დროის დიდი ქართველი მგოსნები (იოანე შავთელი, ჩახრუხაძე და შოთა რუსთაველი) პლატონის ეთიკასა და მორალის ფილოსოფიას კარგად იცნობდნენ და ხშირად მიმართავდნენ მას თავიანთ ეპიკურ თხზულებებში. გარდა ამისა, ამავე პერიოდში ქართულ ენაზე შედგენილი არაერთი ფილოსოფიური კომპენდიუმი პლატონური ფილოსოფიის საყურადღებო აფორიზმებსა და სენტენციებს მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი ფილოსოფიური კომპენდიუმი, რომელიც პლატონური აზრების შეჯამებასა და მოკლე გადმოცემას წარმოადგენს, შემდეგი სათაურით არის ცნობილი: „სიბრძნისაგან პლატონ ფილოსოფოსისაჲ“. პლატონური ფილოსოფიის ქართული რეცეფციის ისტორიის კუთხით ამ კომპენდიუმს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ის შეიქმნა ქართული კულტურის აყვავების ხანაში (XI-XIII სს.) და პლატონის პრაქტიკული (პოლიტიკური) ფილოსოფიის ქრისტიანული რეცეფციის („ასახვისა“) და ტრანსფორმაციის („გარდასახვის“) მნიშვნელოვან მცდელობას წარმოადგენს. თუმცა, დღემდე არსებობს კითხვები იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის მიიღო ამ თხზულებამ საბოლოო სახე! უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპენდიუმი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურის ტექსტებთან ახლო ნათესაობას ავლენს. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ კომპენდიუმის სენტენციებია ასახული შუა საუკუნეების მრავალ ქართულენოვან ტექსტში.
დღესდღეობითაც პასუხგაუცემელია კითხვა იმის შესახებ, იცნობდა თუ არა შუა საუკუნეების დიდი ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი ამ თხზულებას. ერთი კია, რომ მისი საქვეყნოდ განთქმული პოემა „ვეფხისტყაოსანი“ პლატონური ფილოსოფიის შესწავლის კუთხით მეტად საყურადღებო ასპექტებს მოიცავს.
ქართული ფილოსოფიის ისტორიაში თხზულება „სიბრძნისაგან პლატონ ფილოსოფოსისაჲ“ დღემდე საგანგებო შესწავლისა და განხილვის საგნად არ ქცეულა, მიუხედავად იმისა, რომ ივანე ლოლაშვილმა 1969 წელს ამ ტექსტის ნაწილობრივი რედაქცია გააკეთა. ამ ტექსტს სჭირდება დაწვრილებითი და მრავალმხრივი ფილოსოფიური ანალიზი. დღემდე არსებულ ინტერპრეტაციებს სწორედ ამგვარი მიდგომა აკლია! ამ კომპენდიუმის ტექსტი სრულად არც კი არის შემორჩენილი. ჩვენ ხელთ არსებული ფრაგმენტებიც ნათლად აჩვენებს პლატონის პრაქტიკული ფილოსოფიის რეცეფციის კვალს, რადგან მასში წარმოდგენილი მრავალი ფილოსოფიური პრობლემა სწორედ რომ პლატონის პოლიტიკური აზროვნებისა და მორალის ფილოსოფიის სფეროს განეკუთვნება.
განსაკუთრებით საინტერესოა ამ კომპენდიუმის ის პასაჟები, სადაც ამ თხზულების უცნობი ავტორი მეფის/ხელმწიფის მისიისა და როლის შესახებ მსჯელობს. სწორედ აქ ჩანს პლატონის ეთიკური შეხედულებების ქრისტიანული გაგების აშკარა მცდელობები. სწორედ ამის გამოა საჭირო ამ კომპენდიუმის ფილოსოფიური ანალიზი და ინტერპრეტაცია, რათა კარგად გავიგოთ შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში პლატონური ფილოსოფიის რეცეფციისა და ტრანსფორმაციის ბედი.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პლატონი და პლატონიკოსები შუა საუკუნეების ქართველ მოაზროვნეთა შორის დიდი პატივით სარგებლობდნენ; გარდა ამისა, მათ დიდი გავლენა მოახდინეს შემდგომი ეპოქების ქართული ფილოსოფიის განვითარების ტენდენციებზეც.
3 -არისტოტელე ქართულ აზროვნებაში
შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში სათანადოდ იყო წარმოდგენილი არისტოტელესა და მისი მიმდევრების ფილოსოფიაც. ნიკო მარის განთქმული გამოკვლევა „იოანე პეტრიწი - XI-XII საუკუნეების ქართველი ნეოპლატონიკოსი“ (გამოიცა სანკტ-პეტერბურგში, 1909 წელს, რუსულ ენაზე) ამ ასპექტს ყურადღების მიღმა ტოვებს, რაც ამ გამოკვლევის უდავო ნაკლია. მართალია, ნიკო მარმა დიდი წვლილი შეიტანა იმ წყაროთა გამოკვლევის საქმეში, რომლებსაც იოანე პეტრიწი იყენებდა, მაგრამ მან (და ეს ეხება იოანე პეტრიწის ფილოსოფიის არაერთ სხვა მკვლევარსაც!) არისტოტელეს როლი ამ ქართველი ნეოპლატონიკოსის შემოქმედებაში ადეკვატურად ვერ გაიაზრა. ნაკლები ყურადღება ექცეოდა იმას, რომ იოანე პეტრიწი თავის „განმარტებაჲ“-ში არისტოტელეს აზროვნებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. არისტოტელეს გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია პეტრიწის ენის თეორიასა და ყოფიერთა შესახებ მოძღვრებაზე. გარდა ამისა, არისტოტელეს გავლენა „განმარტებაჲ“-ს სხვა ადგილებშიც იგრძნობა, რომელთა საგანგებო გაშიფვრა და ანალიზი ჯერ კიდევ არ მომხდარა.
არისტოტელეს ფილოსოფიის გავლენა იოანე პეტრიწის „განმარტებაჲ“-ს იმ მონაკვეთსაც ეხება, რომელიც ლოგიკური შემეცნების საკითხებს განიხილავს. გადმოცემით ვიცით, რომ ქართველ მოაზროვნეს არისტოტელეს ორი მნიშვნელოვანი ლოგიკური თხზულება („განმარტებისათვის“ და „ტოპიკა“) უნდა ეთარგმნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თარგმანები შემორჩენილი არ არის, სწორედ „განმარტებაჲ“-ზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არისტოტელეს ენობრივ-ლოგიკური კვლევანი პეტრიწისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი. სავარაუდოა ისიც, რომ იოანე პეტრიწს ამ ნაშრომთა თარგმნა ენის არისტოტელესებრი გაგების შესასწავლად სჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, იგი თავისი „განმარტებაჲ“-ს პროლოგში მოიხმობს და განმარტავს რამდენიმე ადგილს არისტოტელეს ნაშრომიდან „განმარტებისთვის“. აქ პეტრიწი ეხება ენის სტრუქტურისა და მორფოლოგიის საკითხებს (სახელი, ზმნა, წინადადება). სწორედ ამგვარ მიდგომაში იგრძნობა პეტრიწის ენობრივი აღქმის მთელი რიგი ასპექტები: მისი მიზანია, იპოვოს მთელი რიგი დებულებების ჩამოყალიბების ადეკვატური ტერმინოლოგიური საფუძველი. სწორედ აქ იგრძნობა არისტოტელეს ენის თეორიის სათანადო ცოდნა.
იოანე პეტრიწი თავის „განმარტებაჲ“-ში არისტოტელეს შემდეგ თხზულებებს ასახელებს და იყენებს: „პირველი ანალიტიკები“, „მეორე ანალიტიკები“, „წარმოშობისა და ხრწნის შესახებ“, „განმარტებისათვის“, „ფიზიკა“. პეტრიწის კომენტარიდან ისიც ცნობილი ხდება, რომ იგი არისტოტელეს ლოგიკურ ნაშრომთა მთელ კორპუსსაც („ორგანონი“) იცნობდა. ქართველი ფილოსოფოსი თავის კომენტარში მრავალჯერ ახდენს „ორგანონის“ შემადგენელი ამა თუ იმ ნაშრომისა თუ ადგილის პარაფრაზს.
შუა საუკუნეების სხვა ქართველმა მოაზროვნეებმაც შეისწავლეს და გამოიყენეს არისტოტელეს ნაშრომთა კორპუსი და მისი კომენტატორების თხზულებები. მომზადდა არაერთი კომენტატორის (ამონიოს ერმისი და სხვ.) თხზულებათა ძველქართული თარგმანები. ამ საქმეში საგანგებო წვლილი შეიტანა ქართველმა მთარგმნელმა იოანე ტარიჭისძემ (XI-XII სს.). ამავე კონტექსტში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს არსენ იყალთოელის (XI-XII სს.) ღვაწლი. თვით ახალი დროის ქართული ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც კი (მაგალითად, ანტონ ბაგრატიონი) საგანგებოდ აღნიშნავდნენ არსენის ლოგიკური ნაშრომების მნიშვნელობას. ანტონის აზრით, არსენის ლოგიკური არგუმენტები ურღვევი იყო.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში არისტოტელეს თხზულებათა რეცეფციის, ათვისების გზა ქრისტიანული პერსპექტივით წარიმართა. ამის თვალსაჩინო მაგალითია იოანე დამასკელისა (675-749 წწ.) და თეოდორე აბუკურას (750-830 წწ.) თხზულებათა ძველქართული თარგმანები. ეს თარგმანები შემორჩენილია არსენ იყალთოელის მიერ შედგენილ კრებულში, რომელსაც „დოღმატიკონი“ ეწოდება.
4 -დასკვნა
მართალია, შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებათა მიმართ დიდი ინტერესი შეიმჩნეოდა, მაგრამ მათი შეხედულებების ანალიზი და განხილვა, უმეტესწილად, ქრისტიანული ფილოსოფიის კონტექსტში და, საერთოდ, ქრისტიანობის პრიზმაში ხდებოდა. ამას ნათლად აჩვენებს პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიათა ჩვენ მიერ ზემოთ წარმოდგენილი ათვისებისა და გათავისების შთამბეჭდავი გზა.
5 -გამოყენებული ლიტერატურა
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• ირემაძე, თ.: პითაგორა კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში (სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი“, ტ. 3), თბილისი: „ნეკერი“, 2014 წ.
• ირემაძე, თ.: პლატონი და არისტოტელე შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #10 (14-20 მარტი, 2019 წ.), გვ. 12-14.
• ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწი, თბილისი: „ნეკერი“, 2019 წ.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.