ქართული ფილოსოფიის ისტორიის ცნება
1 -ქართული ფილოსოფიის სპეციფიკა
ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ საუბრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ ფილოსოფია მოიცავს როგორც ეროვნულ, ასევე ზეეროვნულ ელემენტებს. მაშასადამე, ყოველი ფილოსოფია, რომელიც ამოზრდილია ამა თუ იმ ეროვნებისა და ენის წიაღიდან, ამავე დროს, არის თავისივე ეპოქის აზროვნების წარმმართველ ტენდენციებზე რეაქცია: ის ან ამ ტენდენციების გამოხატვაა, ან კიდევ მათი კრიტიკა. სხვა საქმეა, რომ ამა თუ იმ სახის ფილოსოფიაში განსხვავებული დოზითა და ხარისხით არის წარმოდგენილი ეროვნული (სპეციფიკური/თავისთავადი) და ზეეროვნული (ზოგადი/საერთო) ელემენტები. შეიძლება ითქვას, რომ ანტიკური ხანის ბერძნულ ფილოსოფიაში სპეციფიკური/თავისთავადი მომენტები უფრო დიდი დოზითაა, ვიდრე ბევრ სხვა ფილოსოფიურ ტრადიციაში.
როდესაც ქართული ფილოსოფიის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ მასში სპეციფიკური/თავისთავადი და საერთო/ზოგადი ასპექტები იმ სახით არის წარმოდგენილი, რომ აქ გარკვეულ „უნივერსალურ სინთეზზეც“ კი შეიძლება ვისაუბროთ. ამას თავისი ახსნა და მიზეზები აქვს. ქართული ფილოსოფია არ ფლობს საკუთრივ დასაწყისს, რადგან ის ამოიზარდა ანტიკური ფილოსოფიური ტრადიციისა და ქრისტიანული მრწამსის შერწყმის შედეგად. მასში ზეეროვნული ასპექტები ყოველთვის ჭარბად იყო წარმოდგენილი და მეტად მოხდენილად შერწყმული სპეციფიკურ-ეროვნულ ტენდენციებთან. ქართული ფილოსოფიის განვითარების თავდაპირველ ეტაპზე (გვიანი ანტიკურობის ხანა) მასზე არსებით ზეგავლენას ახდენდა ბერძნული ფილოსოფია, შემდეგ ეტაპზე (შუა საუკუნეები) - ბიზანტიური ფილოსოფია, ხოლო მომდევნო ეტაპზე (XVIII საუკუნიდან დღემდე) კი - ევროპული (ძირითადად, გერმანული და ფრანგული) ფილოსოფია.
ზემოთქმული ნიშნავს იმას, რომ ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ საუბრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ ის თავისებურებანი, რომლითაც ხასიათდება ქართული ფილოსოფიური აზროვნება, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით. მთავარი ასპექტი, ქართული ფილოსოფიის ანალიზისა და დახასიათებისას, უნდა იყოს იმის გარკვევა, (1) თუ როგორ გარდაისახებოდა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში ის ტენდენციები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა, საზოგადოდ, ფილოსოფიის ისტორიაში; (2) თუ რა ზეგავლენას ახდენდა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში გარდასახული ეს ტენდენციები საერთოდ ქართული კულტურის განვითარებაზე. მაგალითად, ქრისტიანული პლატონიზმის, არისტოტელიზმისა და ნეოპლატონიზმის (კერძოდ, დიონისე არეოპაგელის, იოანე პეტრიწის და სხვ.) გარეშე ვერ ვისაუბრებთ შუა საუკუნეების ქართული კულტურის ისეთი ძეგლების შესახებ, როგორიცაა იოანე შავთელის, ჩახრუხაძის და შოთა რუსთაველის პოეტური შემოქმედება. ქრისტიანული ფილოსოფიის გავლენა ეტყობა შუა საუკუნეების ქართული ჰაგიოგრაფიის და საეკლესიო სამართლის ძეგლებს. პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ „აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა“ და „რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა“. არისტოტელიზმის გარეშე წარმოუდგენელია შუა საუკუნეების ქართული მედიცინა და ა.შ. ამის მსგავსად შეიძლება ვთქვათ, რომ ახალი დროის ქართველი ფილოსოფოსების გავლენაც დიდი იყო ქართულ კულტურაზე. მაგალითად, ანტონ ბაგრატიონის გარეშე წარმოუდგენელია ახალი დროის ქართული აზროვნება, იონა ხელაშვილის გარეშე წარმოუდგენელია იოანე ბატონიშვილის ლიტერატურულ-ფილოსოფიური შედევრი „კალმასობა“, ხოლო სოლომონ დოდაშვილის გარეშე კი წარმოუდგენელია ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი სწორუპოვარი პოეზია. ასე რომ, ქართულ კულტურაზე დიდი გავლენა ჰქონდა ქართულ ფილოსოფიას.
2 -ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფია დღეს
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ საბჭოთა ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში, მეტწილად, არასწორად და არამართებულად იყო დანახული და შეფასებული ქართული ფილოსოფიური აზროვნების თავისებურებანი. ფილოსოფიურ-ისტორიოგრაფიული სქემები და მეთოდოლოგიური მიდგომები, რომლებიც ქართული ფილოსოფიის ანალიზისა და კვლევის დროს იყო გამოყენებული, ზუსტად ვერ ასახავს მის ბუნებასა და ხასიათს. თუმცა, ამ კუთხით, XXI საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ მეცნიერებაში ვითარება არსებითად შეიცვალა: შეიქმნა არაერთი სოლიდური და კვალიფიციური გამოკვლევა ქართული ფილოსოფიისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების შესახებ. სამაგალითოდ შეგვიძლია დავასახელოთ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევა:
- 1. „ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე)“, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014 წ. (ქართველ და უცხოელ ავტორთა ჯგუფის სამეცნიერო სტატიათა კრებული).
- 2. „ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში“, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ. (ქართველ და უცხოელ ავტორთა ჯგუფის სამეცნიერო სტატიათა კრებული).
- 3. უდო რაინჰოლდ იეკი, ვახტანგ გორგასალი - ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე, ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
ვფიქრობთ, რომ ამ გამოკვლევებში კარგად არის წარმოჩენილი ქართული ფილოსოფიის ისტორიის მთავარი ნაკადი - ქრისტიანული ფილოსოფია და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები. თანაც, უარყოფილია ის მეთოდოლოგიური არსენალი, რომელსაც ქართული საბჭოთა ფილოსოფიური ისტორიოგრაფია იყენებდა ქართული ფილოსოფიის განხილვის დროს; ზემოთ დასახელებულ ნაშრომებში კი, ამის საპირისპიროდ, მოცემულია მცდელობა, ქართული (ქრისტიანული) ფილოსოფიის ნიმუშები წაკითხული იქნეს ახალი სამეცნიერო-კვლევითი პერსპექტივების სათანადო გათვალისწინებისა და იმ კონტექსტ(ებ)ის ადეკვატური შესწავლის შედეგად, რომლებიც ქართული ფილოსოფიის განვითარების ამა თუ იმ ეტაპს თან ახლდა.
3 -გამოყენებული ლიტერატურა
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• ირემაძე, თ.: ქართული ფილოსოფიის ისტორიის ცნება, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #4 (31 იანვარი - 6 თებერვალი, 2019 წ.), გვ. 9-10.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.