იოანე ბაგრატიონი
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
იოანე ბაგრატიონი (ბატონიშვილი) (1768-1830 წწ.) - ქართველი განმანათლებელი, ენციკლოპედისტი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი. იგი იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ვაჟი. იოანემ კარგი განათლება მიიღო დავით რექტორის ხელმძღვანელობით; იგი მონაწილეობდა არაერთ ომში, განსაკუთრებით კი, სახელი გაითქვა კრწანისის ბრძოლაში. 1801 წელს იოანე ბაგრატიონი იძულებით გადაასახლეს სანკტ-პეტერბურგში, სადაც მეტად ნაყოფიერ ლიტერატურულ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. გარდაიცვალა იქვე, დაკრძალულია პეტრე-პავლეს ლავრაში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების მთელი რიგი დარგების განვითარების პროცესში, ასევე, ცნობილი იყო როგორც ეტიენ ბონო დე კონდილიაკის, ადამ ფერგიუსონის და სხვ. თხზულებების მთარგმნელი. თუმცკი, ქართული აზროვნების ისტორიაში იგი მაინც დამკვიდრდა როგორც დიდი მწერალი და ფილოსოფოსი.
2 -ფილოსოფიური კონცეფცია
იოანე ბაგრატიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია ენციკლოპედიური ხასიათის „ხუმარსწავლა“ (იგივე „კალმასობა“), რომელსაც ავტორი თხუთმეტი წლის განმავლობაში (1813-1828 წწ.) წერდა. ეს თხზულება დიალოგის ფორმითაა შექმნილი. დიალოგის მთავარი მოქმედი პირი კი დიდი ქართველი მოაზროვნე და ღვთისმეტყველი იონა ხელაშვილია (1778-1837 წწ.), რომელიც ამ ნაშრომში მოცემული მრავალმხრივი დიალოგების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. აქ მას დაახლოებით ისეთივე ფუნქცია ეკისრება, როგორიც სოკრატეს პლატონურ დიალოგებში. სასულიერო პირი, ბერი იონა (ხელაშვილი) ამ თხზულებაში ერთგვარი „სოკრატული ფიგურაა“, რომლის ბაგეთაგან სიბრძნე ღაღადებს; ფაქტობრივად, იგი არის ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო სიბრძნის განმასახიერებელი და გამჟღერებელი ფიგურა (თუმცა, ყოფით სიტუაციებში ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობებში აღმოჩნდება ხოლმე!). საგანგებო აღნიშვნის ღირსია იოანე ბაგრატიონის (და სხვა ბატონიშვილთა) უაღრესად დადებითი დამოკიდებულება იონა ხელაშვილის მიმართ და მისი ღვაწლის სათანადო დაფასებაც.
იოანე ბაგრატიონის „კალმასობაში“ მრავალი ხუმრობა და იუმორით აღსავსე სიუჟეტია მოთხრობილი. თავად ამ თხზულების ავტორი ფრანგული განმანათლებლობის კარგი მცოდნე იყო და მისი კრიტიკული პათოსი ფრანგული განმანათლებლობითაა ნასაზრდოები. ამ ტექსტის სიუჟეტური ქარგა ასეთი სახისაა: სასულიერო პირი, ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იონა ხელაშვილი „საკალმასოდ“, ანუ მონასტრისათვის გარკვეული მოსაკრებლის შესაგროვებლად მოგზაურობს და მთელი ნაწარმოების სიუჟეტიც ამ ფონზე ვითარდება. აქ კარგად არის ნაჩვენები ცხოვრებისეული ყოფა/დრამა საერო და სასულიერო პირებისა და მთელი ქვეყნისა.
იოანე ბაგრატიონის თხზულებაში „კალმასობა“ ევროპული აზროვნების განმანათლებლური პათოსი კარგად არის შეჯერებული ქართული გარემოს აღქმასთან. „კალმასობა“ ქართველი მკითხველისთვის მეცნიერებათა დიდი ენციკლოპედიაა, რომლის სათავეშიც ფილოსოფიური სიბრძნეა. სწორედ ამის გამო მისი ავტორი სოკრატული სიბრძნისმეტყველების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად გვევლინება ახალი დროის ქართულ აზროვნებაში. იგი არა მარტო ფილოსოფიისა და სხვა მეცნიერებების განსაზღვრებებს გვთავაზობს ანტიკურობიდან მომდინარე მდიდარ ტრადიციაზე დაყრდნობით, არამედ თავისი დროების აქტუალურ სამეცნიერო-ფილოსოფიურ პრობლემებსაც განიხილავს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „კალმასობა“, პირველ რიგში, ლიტერატურული ნაწარმოებია და არა ფილოსოფიური ტრაქტატი, თუმცა, ამ თხზულების ჟანრობრივი თავისებურებიდან გამომდინარე (ეს ტექსტი ენციკლოპედიური პათოსით აღბეჭდილი კარგი რომანია!), ის ფილოსოფიურ ტექსტადაც უნდა იქნეს აღქმული და გაგებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ნაშრომი ევროპული ფილოსოფიური (და არა მარტო ფილოსოფიური!) სააზროვნო კონტექსტის მრავალ სპეციფიკას მოიცავს. ამ თხზულების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის „ხალასი ცოდნა“, ერთგვარი „სიბრძნე მალაღობელი“ (ვახტანგ VI), რომელიც გამოარჩევს განმანათლებლური ფილოსოფიის სულისკვეთებას, რადგან ცოდნა ადამიანისთვის სიხარულის მომგვრელი უნდა იყოს და არა დამთრგუნველი!
ახალი დროის ფილოსოფიისა და, საერთოდაც, მეცნიერების მთავარი პრობლემა ის იყო, თუ როგორ უნდა მომხდარიყო იმდროინდელი ცოდნის სისტემატიზება. ამ პრობლემის შესახებ იოანე ბაგრატიონიც საგანგებოდ ფიქრობდა, მით უმეტეს, რომ მას ამისკენ იმდროინდელი ქართული საგანმანათლებლო სივრცის უმძიმესი მდგომარეობა, უამრავი ხარვეზი და დეფიციტი უბიძგებდა. სწორედ ამიტომ მიმართა მან ლიტერატურულ ჟანრსა და ენციკლოპედიურ სტილს და თხზულების მთავარ პერსონაჟად გამოიყვანა ახალი დროის ქართული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი და უაღრესად პატივსაცემი სასულიერო პირი - იონა ხელაშვილი; იგი იყო ანტონ პირველისა და ანტონ მეორის ტრადიციებზე აღზრდილი, დავით რექტორისა და გაიოზ რექტორის მიერ განსწავლული მოაზროვნე და თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინტელექტუალი. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ თავად ბატონიშვილებსაც დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი იონა ხელაშვილის განათლებაში. კერძოდ, ფრანგული და გერმანული ფილოსოფიის ათვისებაში მას სწორედ ისინი ეხმარებოდნენ. ერთი რამ ცხადია: იონა ხელაშვილი იყო მეფის კარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, განსწავლული ადამიანი და, ბუნებრივია, იოანე ბატონიშვილს აინტერესებდა მისი კვალიფიციური შეხედულებები სამყაროს, სულის, ღმერთის არსებობისა და მეცნიერების სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ.
იოანე ბაგრატიონის „კალმასობაში“ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მისი ფილოსოფიური ნაწილი, რომელიც 1974 წელს ცალკე ტომის სახით გამოსცა გულნარა დედაბრიშვილმა საგანგებო გამოკვლევისა და ლექსიკონის თანხლებით (იხ., ქვემოთ, „რჩეული სამეცნიერო ლიტერატურა“). ეს ნაწილი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში ფილოსოფიის თითქმის ყველა ის დარგი და ქვედარგია (მათი ძირითადი საკვლევი თემატიკისა და პრობლემატიკის გათვალისწინებით) განხილული, რომელიც ახალი დროის აზროვნებაში წინა პლანზე იყო წამოწეული. „კალმასობის“ ფილოსოფიურ დისციპლინათა სპექტრი ასეთი სახისაა: დიალექტიკა/კატეგორიათმოძღვრება, ღვთისმეტყველება/მეტაფიზიკა, კოსმოლოგია/მეტეოროლოგია, ეთიკა/ქრისტიანული ზნეთსწავლება და ა.შ. აქედან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ იოანე ბაგრატიონი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ლოგიკის, ფიზიკის, მეტაფიზიკისა და ეთიკის საკითხების გამოცემას. ფილოსოფიურ დისციპლინათა ამგვარი დაყოფა საგანმანათლებლო საქმეს ემსახურებოდა და ფილოსოფიური ტრადიციის შესახებ არსებული ცოდნის სისტემურად გადაცემას ისახავდა მიზნად.
იოანე ბაგრატიონი მის ხელთ არსებულ ცოდნას გადმოსცემს სისტემური სახით, გასაგებ ენაზე. განმანათლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზროვნების ენობრივი ასპექტი, რადგან იმ პერიოდში დაიწყო მეცნიერთა ენობრივი ემანსიპაციაც. ამაღლებული და ბუნდოვანი სტილი, რომელიც მანამდელ აზროვნებაში გვხვდებოდა, განმანათლებელთა მიერ მძაფრ კრიტიკას განიცდის, რადგან სამეტყველო და სამწერლობო ენაც უფრო მეტად „ამქვეყნიური“, ადამიანთათვის უფრო მისაწვდომი უნდა გამხდარიყო. სულხან-საბა ორბელიანი და იოანე ბაგრატიონი, ამ თვალსაზრისით, უნიკალური ფიგურები არიან ქართული აზროვნების ისტორიაში. მათი სამეცნიერო-ლიტერატურული ენა აღბეჭდილია საოცარი ლაკონურობით, უაღრესად გასაგები და ნათელი სტილით. ეს კარგად ჩანს სულხან-საბა ორბელიანის იგავებსა და იოანე ბაგრატიონის „კალმასობაში“. თუკი ამ ორი დიდი ქართველი მოაზროვნის ენობრივ სამყაროსა და, ასევე, დიდი ქართველი ფილოსოფოსისა და ღვთისმეტყველის, ანტონ პირველის თხზულებათა ენას ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ანტონ პირველი თავის თხზულებებს ე.წ. „ამაღლებული“ ენობრივი სტილით ქმნიდა, რაც ბევრისთვის რთულად გასაგები იყო.
საყურადღებოა იოანე ბაგრატიონის მიერ 1799 წელს შედგენილი ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის პროექტი, რომელიც მას მამისთვის, მეფე გიორგი XII-თვის წარუდგენია. სამწუხაროდ, ამ საინტერესო გეგმამ რუსეთის დიდმპყრობელური პოლიტიკის გამო რეალიზება ვერ ჰპოვა. მისი სხვა ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი“, „რუსულ-ქართული ლექსიკონი“, „ქართული ლექსიკონი“ (გამოკრებილი სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან“) და სხვ.
3 -კავკასიური ფილოსოფიური ტრადიცია
იოანე ბაგრატიონი თავის ნაშრომში „კალმასობა“ საგანგებო ყურადღებას აქცევს მეტაფიზიკური და საღვთისმეტყველო საკითხების გადმოცემასა და განხილვას. იგი ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის საწყისებს“ და ამ ნაშრომის ძირითად ცნებებსა და პრობლემებს საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს. თუმცა, იოანე ბაგრატიონი, ძირითადად, ეყრდნობოდა „თეოლოგიის საწყისების“ სომხურ კომენტარებს. ერთისა და მისი დიალექტიკის განსაზღვრებისას იგი იმოწმებს ციტატებს პროკლეს ნაშრომის პირველი თავებიდან. გარდა ამისა, „კალმასობაში“ ნუსის შესახებ თავები (მაგალითად, თავი 20) სათანადოდ არის გააზრებული. ამ ნაშრომში იოანე ბაგრატიონი „თეოლოგიის საწყისების“ ყველა თავის კომენტირებას არ ახდენს; საერთო ჯამში, მასთან მოცემულია 86 თავის კომენტარი. აღსანიშნავია, რომ ავტორი ორიგინალურად განმარტავს პროკლესა და პეტრიწის ნაშრომის ზოგიერთ პასაჟს; მიზეზობრიობის პრობლემის განხილვისას იგი განასხვავებს სამ მთავარ სახეს - ღმერთი, ბუნება და ხელოვნება - და ხაზს უსვამს ღმერთის უზენაესობას ყველა სხვა მიზეზთან მიმართებით. იოანე ბაგრატიონი იყენებს სიმეონ ჯუღაეცის კომენტარებს და მათი მეშვეობით ცდილობს განმარტოს პროკლე და პეტრიწი. მეტიც, იოანე ბაგრატიონმა, შემეცნების სხვადასხვა სახეებისა და ფუნქციების დახასიათებით, „თეოლოგიის საწყისების“ ნოეტიკაში სიცხადე შეიტანა და შემეცნებითი სული განსაზღვრა როგორც ადამიანის სპეციფიკური თვისება.
შეიძლება ითქვას, რომ იოანე ბაგრატიონი ახალი დროის ქართული აზროვნების ყველაზე გამოკვეთილი ენციკლოპედისტი მოაზროვნეა. მან თავისი მულტიდისციპლინური ცოდნითა და ენციკლოპედიურ-სისტემური მიდგომით დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ფორმირების პროცესში. გარდა ამისა, მისი ფილოსოფიური შემოქმედება არა მარტო ქართული ფილოსოფიის ისტორიის ჭრილში, არამედ კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტშიც უაღრესად საყურადღებო მოვლენას წარმოადგენს.
4 -რჩეული სამეცნიერო ლიტერატურა
(ა). იოანე ბაგრატიონის ნაშრომები
• იოანე ბაგრატიონი: სჯულდება. ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი რეფორმების პროექტი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ივ. სურგულაძემ, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1957 წ.
• იოანე ბატონიშვილი: ხუმარსწავლა. კალმასობა, წიგნი I-II, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ც. კახაბრიშვილმა და ც. კიკვიძემ, თბილისი: „მერანი“, 1990-1991 წწ.
• იოანე ბაგრატიონი: კალმასობა. ფილოსოფიური ნაწილი (ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ნარკვევები III), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა გ. დედაბრიშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1974 წ.
(ბ). სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა
• გოგატიშვილი, მ.: იოანე ბაგრატიონი (1768-1830 წწ.). სოკრატული სიბრძნისმეტყველება, კრებულში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014 წ., გვ. 81-90.
• დედაბრიშვილი, გ.: იოანე ბაგრატიონის „კალმასობის“ ფილოსოფიური ნაწილის გამოკვლევა და ლექსიკონი (ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ნარკვევები IV), თბილისი: „მეცნიერება“, 1974 წ.
• ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწი, თბილისი: „ნეკერი“, 2019 წ.
• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
• ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწის ფილოსოფია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021 წ.
• ქიქოძე, გ.: იოანე ბატონიშვილი, წიგნში: გ. ქიქოძე, წერილები, ესსეები, ნარკვევები, თბილისი: „მერანი“, 1985 წ., გვ. 290-302.
• ქუთათელაძე, ლ.: იოანე ბაგრატიონის „ქართული ლექსიკონი“, თბილისი: „მეცნიერება“, 1975 წ.