გორგაძე სერგი
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
სერგი რომანოზის ძე გორგაძე დაიბადა 1876 წლის 2 აპრილს ზემო იმერეთის სოფელ ილემში (ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი). მისი წინაპრები და ახლო ნათესავები სასულიერო პირები იყვნენ. სასულიერო პირი იყო სერგი გორგაძის ბაბუა (ბესარიონ გორგაძე) და მამა (რომანოზ გორგაძე). 1886 წელს სერგი გორგაძე შევიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1890 წელს დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1897 წელს; თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, 1897 წლის 27 აგვისტოს, წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრში სერგი გორგაძემ საფუძვლიანი სასულიერო განათლება მიიღო. გარდა ამისა, მან კარგი განათლება შეიძინა მეცნიერების არაერთ მნიშვნელოვან დარგშიც: ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, ლიტერატურაში, პედაგოგიკაში, კლასიკურ ენებში და სხვ. ყაზანში სწავლის პერიოდში სერგი გორგაძე აქტიურად იყო ჩაბმული ყაზანის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო ცხოვრებაში: იგი იყო 1900 წელს ყაზანის სასულიერო აკადემიაში დაარსებული ფილოსოფიური წრის ერთ-ერთი ინიციატორი. სწორედ ამავე წელს, ფილოსოფიური წრის ერთ-ერთ სხდომაზე მან წარადგინა ფილოსოფიური მოხსენება თემაზე „როგორი პროგრესი შეიძლება იქნეს ნაპოვნი ფილოსოფიურ მოძღვრებათა ისტორიული ცვლილების კვალდაკვალ“, რომელმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია.
ყაზანის სასულიერო აკადემიის ბოლო (მეოთხე) კურსზე სწავლისას სერგი გორგაძემ მუშაობა დაიწყო საკვალიფიკაციო თემაზე „ეკლესიის სახელმწიფოებრივი მდგომარეობა ძველ საქართველოში (IV-XVIII სს.)“. ნაშრომი მან 1901 წლის გაზაფხულზე დაასრულა, პროფესორისგან კარგი შეფასება დაიმსახურა და 1901 წლის 1 ივნისს მიიღო ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი სემინარიაში სწავლების უფლებითურთ. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ყაზანის სასულიერო აკადემიაში სერგი გორგაძესთან ერთად სწავლობდნენ შემდეგში ცნობილი ქართველი სასულიერო და საერო მოღვაწენი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია (ბესარიონ ხელაია), ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), იპოლიტე ვართაგავა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (მიხეილ ფხალაძე).
სერგი გორგაძე იყო ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და პედაგოგი. იგი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის რამდენიმე გიმნაზიაში; მოგვიანებით, მის ლექცია-სემინარებს ისმენდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ფართომასშტაბიანი პედაგოგიური საქმიანობა სერგი გორგაძის მთელი მოღვაწეობის ნიშანსვეტია. სერგი გორგაძე არის ავტორი მთელი რიგი ნაშრომებისა საქართველოს ისტორიის შესახებ. მის მიერ შედგენილი და გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს ისტორიის შესახებ დიდ მოწონებას იმსახურებდა არა მარტო სპეციალისტთა წრეებში, არამედ ფართო მკითხველთა შორისაც. მანვე შეადგინა ქართული მწერლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქრესტომათია, გამოსცა ქართული ლიტერატურული ძეგლები, „ქართული მართლწერა“ (ქუთაისი, 1916 წ.), რომელმაც გამოსვლისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა. სერგი გორგაძის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, რომლის დიდი ნაწილიც ქეთევან და დავით აბესაძეებმა 2006 წელს შესწირეს ამ ცენტრს.
სერგი გორგაძე იყო უაღრესად აქტიური საზოგადო მოღვაწე. იგი არაერთგზის იყო არჩეული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და სხვა ცნობილი საზოგადოებებისა თუ კომისიების წევრად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მაინც იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1918 წელს, სერგი გორგაძის, დიმიტრი უზნაძისა და იოსებ ყიფშიძის ინიციატივით დაარსებული „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება“, რომლის პირველ სხდომასაც თავად სერგი გორგაძე თავმჯდომარეობდა. საზოგადოების წესდებაში მისი მიზნები და ამოცანები შემდეგი სახით იყო ჩამოყალიბებული: „საზოგადოების მიზანია ფილოსოფიური ცოდნის გავრცელება ქართველ ერში და კერძოდ - შესწავლა, გამოკვლევა და გამოქვეყნება ძველი ქართული ფილოსოფიური ლიტერატურისა“ (წესდება, მუხლი - 1). სერგი გორგაძემ ამ მისიის აღსრულებას მთელი თავისი აქტიური ცხოვრება მიუძღვნა.
სერგი გორგაძე გარდაიცვალა 1929 წლის 10 ივლისს, თბილისში. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
2 -ქართული ფილოსოფიის ისტორია
სერგი გორგაძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფილოსოფიური ტრადიციის ჯეროვნად შესწავლის საქმეში. როცა ქართულ ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში ქრისტიანული ფილოსოფიის კვლევითი ტრადიციის შესახებ ვსაუბრობთ, მხედველობის მიღმა არ უნდა დარჩეს ს. გორგაძის საგანგებო დამსახურება. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ხანაში, კერძოდ კი, 1919-1920 წწ., მან საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში (დაარსდა ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით 1907 წელს, თბილისში) წაიკითხა უაღრესად მნიშვნელოვანი მოხსენებები ქართულ მწერლობაში ფილოსოფიის მთავარი დარგების შესახებ. ამ მოხსენებებში (ისინი მოგვიანებით საფუძვლად დაედო მისსავე პუბლიკაციებს და სტატიების სახით დაიბეჭდა!) სერგი გორგაძემ ყურადღება გაამახვილა ქრისტიანული ფილოსოფიის ნიმუშების ქართულ თარგმანებსა და ქართველ მთარგმნელებზე. ეს ნაშრომებია:
- 1. 1919 წელი: „ფილოსოფიის მთავარი დარგები ქართულ მწერლობაში: მასალები ძველი ქართული საფილოსოფიო ლიტერატურის ისტორიისათვის“ (დაიბეჭდა: „ჩვენი მეცნიერება“, # 2-3 და # 4-5, ტფილისი, 1923 წ., გვ. 2-16 და გვ. 17-32).
- 2. 1920 წელი, 1 თებერვალი: „იოვანე დამასკელის მთავარი თხზულება ქართულ მწერლობაში“ (დაიბეჭდა: „მიმომხილველი“ - საქ. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზ-ბის ორგანო, ტფილისი, 1926.VI.15., გვ. 174-187).
- 3. 1920 წელი, 24 ოქტომბერი: „ნეოპლატონური ფილოსოფიის ერთი უძველესი კვალთაგანი ქართულ მწერლობაში: ფსევდო-დიონისიოს არეოპაგელის თხზულებათა ქართული თარგმანი“ (დაიბეჭდა: „ჩვენი მეცნიერება“, # 1, ტფილისი, 1923 წ., გვ. 65-74).
სერგი გორგაძის მიერ აღნუსხული ორიგინალური და ნათარგმნი ფილოსოფიური თხზულებები, რომლებიც მოცემულია მისსავე გამოკვლევაში „ფილოსოფიის მთავარი დარგები ქართულ მწერლობაში: მასალები ძველი ქართული საფილოსოფიო ლიტერატურის ისტორიისათვის“ (1919 წ.) ნათლად აჩვენებს ძველი დროის ქართველ მოაზროვნეთა ფილოსოფიურ ინტერესს. ამავე გამოკვლევაში ს. გორგაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „არ დარჩენილა ფილოსოფიის არცერთი მთავარი დარგი, რომელშიაც ქართველ მთარგმნელებს არ ევარჯიშნოსთ. ამ მხრივ მათი ღვაწლი დიდი და ფასდაუდებელია: მათ გვიანდერძეს მდიდარი საფილოსოფიო ენა, რომელიც საფუძვლად ედება და უნდა დაედვას ჩვენი თაობის სამეცნიერო და საფილოსოფიო მუშაობას, განსაკუთრებით ქართული ტერმინოლოგიის შემუშავების საქმეში“ (იქვე, გვ. 30).
სერგი გორგაძის მიერ აღნუსხული ფილოსოფიური ლიტერატურა, რომელიც ქართული ფილოსოფიის მთელ ისტორიას (IV-XIX სს.) მოიცავს, ცხადად აჩვენებს, რომ ქართულ თეორიულ აზროვნებაში ტრადიციული ფილოსოფიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დარგი იყო სათანადოდ წარმოდგენილი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ლოგიკასა და ეთიკას, ანუ ფილოსოფიის იმ დარგებს, რომლებიც თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიაში უაღრესად აქტუალურია, მაგრამ თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაში ნაკლებად არის წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველი ქართველები უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მწყობრი და სწორი აზროვნების ხერხებისა და მეთოდების შემსწავლელ ფილოსოფიურ მეცნიერებას (იგივე ფილოსოფიურ მეთოდიკასა და პროპედევტიკას), ასევე, საყოფაცხოვრებო ფილოსოფიას, ადამიანთა საზოგადოებრივი ქცევისა და ურთიერთობების განმსაზღვრელ ფილოსოფიურ დისციპლინას. სათანადო ყურადღება ექცეოდა მეტაფიზიკას, ფსიქოლოგიას და ესთეტიკასაც. ამ დარგების წინა პლანზე წამოწევა ქართული ფილოსოფიის ისტორიაში არ არის შემთხვევითი, რადგან ქართული ფილოსოფია IV-XIX საუკუნეებში წარმოადგენდა ქრისტიანულ ფილოსოფიას, ხოლო ქრისტიანული ფილოსოფიის მთავარი დარგები კი ტრადიციულად სწორედ ზემოთ დასახელებული ფილოსოფიური დარგები იყო.
სერგი გორგაძემ 1914 წელს გამოსცა იოანე პეტრიწის მიერ შესრულებული ქართული თარგმანი ნემესიოს ემესელის საყოველთაოდ ცნობილი ანთროპოლოგიური ნაშრომისა „ბუნებისათჳს კაცისა“. ამ გამოცემას თან ახლავს ს. გორგაძის ვრცელი გამოკვლევა ნემესიოს ემესელისა და მისი ნაშრომის, ამ ნაშრომის შემცველი ქართული ხელნაწერების, ბიზანტიურ და ქართულ კულტურათა ურთიერთობის, იოანე პეტრიწის მოღვაწეობისა და მისი გარემოცვის და სხვ. შესახებ; გამოცემას, ასევე, თანდართული აქვს გამომცემლის მიერ შედგენილი ლექსიკონი-საძიებელი. ეს გამოცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან მან ხელი შეუწყო იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობის მიმართ საგანგებო ინტერესის გაღვივებასა და მისი შემდგომი კვლევა-ძიების პროცესს.
3 -რეცეფცია
მართალია, სერგი გორგაძე სისტემური სახით ვერ ახდენდა ქართული ფილოსოფიის ქრისტიანული ფილოსოფიის ჭრილში ანალიზსა და ინტერპრეტაციას, მაგრამ მის მიერ აღნუსხული ქართული ფილოსოფიური მემკვიდრეობის ორიგინალური და ნათარგმნი ძეგლები ქრისტიანული ფილოსოფიის კუთხით ნაყოფიერი კვლევა-ძიების წარმართვის კარგ საფუძველს ქმნიდა. სერგი გორგაძის ეს ჩინებული წამოწყება, რომელსაც მე ერთგან „დიდი ფილოსოფიური ინიციატივა“ ვუწოდე, საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შედეგად, XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში თითქმის უკვალოდ დარჩა. თუმცა, რაც ვერ იქნა გამოყენებული XX საუკუნის ქართულ საბჭოთა ფილოსოფიაში, მისი აღმოფხვრა შეიძლება XXI საუკუნის ახალ ქართულ ფილოსოფიაში; მით უმეტეს, რომ ქრისტიანული ფილოსოფია თანამედროვე ქართული ფილოსოფიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან 2014 წელს ქ. ფოთში დაარსებული კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი და 2015 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზებული ახალი საქართველოს უნივერსიტეტი სწორედ ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით ინტენსიურად ეწევა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას. ამავე უნივერსიტეტში ხორციელდება აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები (მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში) ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით, ასევე, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებით. უნდა ითქვას, რომ ამ აკადემიური საქმიანობის ფარგლებში ქრისტიანული საღვთისმეტყველო მეცნიერებების დიდი მოამაგისა და მკვლევრის, სერგი გორგაძის ნაშრომები ფილოსოფიის ისტორიაში, მისი ფასდაუდებელი სამეცნიერო ღვაწლი ამ მიმართულებით უკეთ იქნება შესწავლილი და დაფასებული.
4 -ბიბლიოგრაფია
(ა). სერგი გორგაძის ნაშრომები
• საქართველოს ისტორია. მოკლე სისტემატიური კურსი, „ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოცემა, თფილისი: „ელექტრომბეჭდავი ამხ. „შრომა“, მუხრანი ქ. #12“, 1911 წ.
• ნემესიოს ემესელი, ბუნებისათჳს კაცისა, ბერძნულითგან გადმოღებული იოვანე პეტრიწის მიერ. ქართული ტექსტი შეისწავლა, გამოსაცემად დაამზადა და ლექსიკონ-საძიებლები დაურთო ს. რ. გორგაძემ, ტფილისი: „გამოცემა საეკლესიო მუზეუმისა # 17“, 1914 წ.
• საქართველოს ისტორია. მოკლე სისტემური კურსი მოზრდილთათვის, თ. მთავრიშვილისა და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა # 7, ქუთაისი: „ქ. შ. წ. - კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა“, 1915 წ.
• თხზულებანი, ტ. 1, რედაქტორი - ზ. აბაშიძე, თბილისი: „კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, 2017 წ.
(ბ). სამეცნიერო ლიტერატურა სერგი გორგაძის შესახებ
• სერგი გორგაძის პირადი არქივის აღწერილობა. არქივი გადაამუშავა და გამოსაცემად მოამზადა ე. ქავთარაძემ, თბილისი: „კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, 2016 წ.
• აბაშიძე, ზ.: სერგი გორგაძე ქართლის მოქცევის ქრონოლოგიის შესახებ, თბილისი, 1997 წ.
• აბაშიძე, ზ.: სერგი გორგაძე ქართლის ეკლესიის იერარქიული მდგომარეობის შესახებ (IV-V), თბილისი, 1997 წ.
• აბაშიძე, ზ.: ღვაწლმოსილი. სერგი გორგაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი: „ნეკერი“, 2009 წ.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• ხიდაშელი, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს.), თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ.