დავით აღმაშენებელი
1 -ინტელექტუალური თვალსაწიერი
დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო. მისი მმართველობის ქვეშ საქართველომ არა მარტო პოლიტიკური, არამედ კულტურული აყვავებაც განიცადა. დავითის ხელმწიფების დროს (1089-1125 წწ.) ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ დიდი ქართველი მოაზროვნეები (ფილოსოფოსები, თეოლოგები, ისტორიკოსები, პოეტები, არქიტექტორები და ა.შ.), რომლებიც ქართველი მეფის დიდ თანადგომას გრძნობდნენ. თავად დავით აღმაშენებელიც ფილოსოფიური და თეოლოგიური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება გახლდათ. იგი არა მარტო ამქვეყნიურ სიბრძნეს დაეწაფა, არამედ „ღვთაებრივი ცოდნაც“ ჯეროვნად აითვისა. დავითმა ცალკეული მეცნიერებებიც შეისწავლა, უწინარეს ყოვლისა, თეოლოგია, ისტორია და ასტრონომია. იგი ისლამური კულტურის მნიშვნელოვან ტექსტებსაც საფუძვლიანად გაეცნო და დიდად აფასებდა ისლამური პოეზიის ნიმუშებს. გადმოცემის თანახმად, მან ასევე კარგად იცოდა მუსულმანთა მთავარი წიგნი - „ყურანი“, თუმცა, განსაკუთრებული რუდუნებითა და გულდასმით მან „ბიბლია“, ქრისტიანული თეოლოგია და ეკლესიოლოგია შეისწავლა. დავით აღმაშენებელი წიგნების დიდად მოყვარულიც იყო. გადმოცემის თანახმად, თავისუფალ დროს იგი მუდამ წიგნების კითხვაში ატარებდა, პირადი ბიბლიოთეკა კი ყოველთვის თან ჰქონდა - დამოუკიდებლად იმისა, მშვიდობა სუფევდა ქვეყნად, თუ მუსულმანი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდა. დავით აღმაშენებელი ქრისტიანული ღვთისმეტყველების დიდი მიმდევარი გახლდათ. განსაკუთრებული გატაცებით ეცნობოდა იგი ეკლესიის მამათა მოძღვრებებსა და მოციქულთა საქმეებს. კაბადოკიელ მამათა ნააზრევი - განსაკუთრებით კი, გრიგოლ ღვთისმეტყველისა (ნაზიანზელი) - მისი შემოქმედების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. ყოველივეს, რასაც იგი ეცნობოდა, დიდი გულმოდგინებითა და ყურადღებით შეისწავლიდა, განსაკუთრებით კი, ქრისტოლოგიის აქტუალური საკითხები და პრობლემები იზიდავდა.
2 -ქრისტიანული ღვთისმეტყველება
დავით აღმაშენებელი უაღრესად საინტერესო რელიგიური მოაზროვნე და ფილოსოფოსი გახლდათ. მისი თხზულება „გალობანი სინანულისანი“ ქრისტიანული ფილოსოფიით არის ნასაზრდოები. ცნობილია, რომ ეკლესიის დიდ მამათა (მაგალითად, ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, ეფრემ ასური და ა.შ.) მრავალი ქადაგება თუ ჰომილია სინანულის გაგებას საგანგებო ყურადღებას აქცევს. ამ თემატიკის შესახებ მრავალმხრივი ლიტერატურა არის შემორჩენილი - განსაკუთრებით, გვიანი ანტიკურობისა და შუა საუკუნეების დროიდან. ეს ტრადიცია შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაშიც ფართოდ იყო გავრცელებული. დავით მეფე, როგორც ჩანს, კარგად იცნობდა ამ ლიტერატურას. განსაკუთრებით გულდასმით მას ანდრია კრიტელის (VII ს.) „დიდი კანონი“ შეუსწავლია. თვალის ერთი გადავლებითაც კი ცხადად ჩანს, რომ ამ თხზულებამ დიდი გავლენა მოახდინა დავითის თხზულებაზე და მისი შესაბამისი გათვალისწინების გარეშე „გალობანი სინანულისანი“ ვერ იქნება სათანადოდ გაგებული. ორივე თხზულება - ანდრია კრიტელის „დიდი კანონი“ და დავითის „გალობანი სინანულისანი“ - ეხმიანება 50-ე ფსალმუნს და საგანგებო ყურადღებას აქცევს ადამიანის ცოდვით დაცემის საკითხს. როცა დავითმა თავისი „გალობანი სინანულისანი“ შეთხზა, ძველქართულ ენაზე ანდრია კრიტელის „დიდი კანონი“-ს სამი სხვადასხვა თარგმანი არსებობდა. ეს თარგმანები ექვთიმე ათონელის, გიორგი ათონელისა და არსენ იყალთოელის კალამს ეკუთვნოდა. ცნობილია, რომ არსენის თარგმანი ქართველი მეფის სურვილით შესრულდა. შესაძლოა, დავითს წინა ორი თარგმანი არც კი მოსწონდა, ან კიდევ მისი თეორიული მიზნების შესატყვისად არ მიაჩნდა.
ფილოსოფოსმა და მეფემ „გალობანი სინანულისანი“ თავისი ცხოვრების მიმწუხრს შეთხზა. ეს თხზულება ფილოსოფიური პოეზიის დიადი ნიმუშების რიცხვში შეიძლება განვიხილოთ. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ფილოსოფიის ისტორიის ის დიადი ქმნილებები, რომლებიც დიდი ლიტერატურის ჟანრსაც განეკუთვნებიან - მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“ და ბოეციუსის „ფილოსოფიის ნუგეში“.
ადამიანის ამქვეყნიური ყოფა ცოდვით არის დაღდასმული. სინანული კი ძალისხმევის იმ პრაქტიკულ გამოვლინებად შეიძლება იქნეს განხილული, რომლითაც ადამიანი თავისი ცოდვილი ბუნებისაგან დისტანცირებას ახდენს. ის, ვინც თავის უსამართლო ქმედებას მოინანიებს, საკუთარი სულის ავადმყოფობაზე ფიქრსაც იწყებს და ამით გამოჯანსაღების სურვილსაც ავლენს. სინანული განწმენდის („კათარზისი“) ერთგვარი საშუალებაა და განწმედილი ცნობიერების ერთგვარი სახეცაა. ასე რომ, სინანულის ცნება, რომელიც ქრისტიანული ფილოსოფიის და, საერთოდ, ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი ცნებაცაა, დავითის თხზულებაში ერთგვარ რენესანსს განიცდის!
დავით მეფის „გალობანი სინანულისანი“ ადამიანური ყოფის შესახებ ფაქიზი ფიქრია! შორსმჭვრეტელი ქართველი მეფე, რომელმაც (თავისი პოლიტიკური აქტივობის შედეგად) საქართველო ძლიერ მონარქიულ სახელმწიფოდ აქცია, ახლა ამქვეყნიური ყოფის სასრულობასა და წარმავლობაზე დაფიქრებულა. ყოველივე, რასაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში მიაღწევს ადამიანი, წარმავლობისა და კვდომის პროცესს ემორჩილება. ძლიერნი ამა ქვეყნისანიც კი ვერ გადაურჩებიან ამ ბედიწერას!
დავით აღმაშენებელმა კარგად იცოდა, რომ ადამიანის ამქვეყნიური ყოფა ხანმოკლეა. თვით ისტორიის ცნობილი პიროვნებებიც კი დრო-ჟამის წინააღმდეგ უძლურნი არიან: მათი დიდება და სიხარული სწრაფად წარმავალია, რადგან ადამიანის ამქვეყნიური საკუთრება არ არის სტაბილური და ხანგრძლივი. ამიტომ დავით მეფე ევედრება არსთა გამრიგეს, რომ მან იგი დაიხსნას. როცა დრო-ჟამნი შეიცვლებიან, სააქაო დიდება განქარდება, მეფობა დასრულდება და სკიპტრას სხვა დაეუფლება, აი, სწორედ მაშინ სჭირდება ადამიანს უფლის წყალობა. როცა მბრძანებლობის დრო გასრულდება და ადამიანი სამსჯავროზე წარსდგება, სწორედ მაშინ სჭირდება მას უფლის თანადგომა. ამგვარი წყალობისა და თანადგომის წინაპირობა კი თითოეული ადამიანის სინანულია, რომლის მეშვეობითაც იგი საკუთარი სინდისისა და ღმერთის წინაშე ანგარიშს (ჩა)აბარებს. სინანული ადამიანური ყოფის მთავარი კომპონენტია, რადგან მისი მეშვეობით ადამიანს აღდგომისა და აღორძინების იმედი არ ტოვებს.
დავით აღმაშენებელმა სინანულის ცნების წინა პლანზე წამოწევითა და ხაზგასმით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მონანიების იმგვარი გაგების დასამკვიდრებლად, რომელიც ჭეშმარიტი მოქცევის საფუძველია და ქრისტიანულად გაგებული მსოფლხატის ფუნდამენტს წარმოადგენს. დავითი უკმაყოფილოა იმით, რომ ის თავდაპირველად ბოლომდე ვერ ჩაწვდა ქრისტიანული სიბრძნის მთავარ არსს და ბერძენთა მცდარ გზას გაჰყვა. მისი აზრით, ბერძნებმა ვერ გაიგეს ქრისტიანული შემოქმედის ნამდვილი ბუნება და - ღმერთის ნაცვლად - ამქვეყნიური ქმნილებები განადიდეს. ამდენად, კერპთა თაყვანისცემა მათთვის უცხო როდი იყო. ეს მათი ერთ-ერთი ცოდვათაგანი აღმოჩნდა; გრძნობათა კერპის ერთ ხანს მსახურებას დავითი თავის ერთ-ერთ ნაკლად მიიჩნევს („თითოეულისა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე“).
დავით მეფე ღვთისმშობლის, მარიამის, თანადგომის იმედად არის. საერთოდ, მთელი „გალობანი სინანულისანი“ ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ჰიმნია, უბიწო მარიამისადმი, რომელიც აქ ერთგვარ ღვთაებრივ კვანძად არის გაგებული. ამდენად, „გალობანი სინანულისანი“ მართლმადიდებლური მარიოლოგიის მნიშვნელოვანი თხზულებაა.
მონანიების, მოქცევის მოტივთა ხაზგასმით სინანულის მნიშვნელოვანი ასპექტები წარმოჩნდება. თუკი სინანულის ცნების სათანადო თემატიზებას მოვახდენთ, მაშინ მისი ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, კერძოდ კი, მიტევების ცნება წამოიწევს წინა პლანზე. მიტევება სოციალურ სივრცეში სინანულის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა; ამგვარად, სახეზეა სინანულის ცნების სოციალური განზომილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წახნაგი.
მაშასადამე, მიტევება სინანულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივია, რომელიც ქრისტიანული ანთროპოლოგიის ღერძს ქმნის. სინანულის რადიკალური ფორმით წარმოჩენა სოციალურსა თუ პოლიტიკურ კონტექსტში მიტევების როლსაც სათანადოდ წარმოაჩენს. დავით მეფეს რომ სინანულის ეს განზომილებაც ჰქონდა მხედველობაში, ნათლად აჩვენებს მისი თხზულების ფილოსოფიური ინტერპრეტაცია. აქ საქართველოს ძლევამოსილი და წარმატებული მონარქი ღმერთს ევედრება და მისი ცოდვების პატიებას/მიტევებას სთხოვს. მისთვის ცხადია, რომ ყოველი მიწიერი არსება და, მათ შორის, ადამიანიც ზნეობრივ გადაცდომას ჩადის. ეს, განსაკუთრებით, მეფეებს და ძლევამოსილ მმართველებს ეხება, რადგან ისინი - თავიანთი ცხოვრების განმავლობაში - გრძნობადი საგნებით გარშემოტყმული და მათი გავლენის ქვეშ არიან. დავითის აზრით, გრძნობადი საგნები მაცდუნებელ ძალას ფლობენ, რამდენადაც მათ ზნეობრივად ბოროტი ქმედების ჩადენა ძალუძთ. სწორედ ამის გამო არის ნათქვამი „გალობანი სინანულისანი“-ში, რომ გრძნობებმა სძლიეს მას და ამით იგი ბიბლიურ-ებრაელ მეფეს მანასეს ემსგავსა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ზნეობრივად არ ცხოვრობდა, მხოლოდ ცხოვრების დასასრულს მოინანია მან თავისი ცოდვები და ღმერთს შენდობა/პატიება სთხოვა.
სინანულის ამ საგალობელში სახეზეა ამა ქვეყნის ძლევამოსილი მონარქი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მორალურ პრინციპებს დაუქვემდებარა. ყველაფერი, რასაც მან მიაღწია, ახლა ქრისტიანული რწმენის პრიზმაში უნდა იქნეს გაშუქებული, თუ რამდენად მისაღებია ან უარსაყოფია ის ზნეობრივი კუთხით.
საქართველოს დიდმა მონარქმა სინანულის ცნება მხოლოდ თეორიულად კი არ განავითარა, არამედ პრაქტიკაში მისი უპირობოდ დანერგვა მოისურვა. დავით მეფის სურვილის შესაბამისად, იგი დაკრძალული იქნა გელათის მონასტრის შესასვლელ კარიბჭესთან, რათა ყოველ ადამიანს, ვინც კი იქ მივიდოდა, მის საფლავზე ფეხი დაედგა. დავით აღმაშენებლის ამ აქტით ქრისტიანობის მთავარი პრინციპი იჩენს თავს: ყოველმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ იგი მოკვდავი, არასრულყოფილი, ცოდვილი არსებაა და აუცილებლად სინანულის/მონანიების გზას უნდა დაადგეს.
დავით აღმაშენებელმა - თავისი ქმედებით - ქრისტიანული სათნოების მთავარი პრინციპები - მორჩილება, მოკრძალება, თავმდაბლობა - განადიდა. ეს პრინციპები მის ჩინებულ თხზულებაში შთამბეჭდავად აისახა კიდევაც, რის გამოც „გალობანი სინანულისანი“ შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში საგანგებო ადგილს იკავებს.
3 -დავითის კვალი
დავით აღმაშენებელი დიდად იღწვოდა ქართული მწერლობისა და მეცნიერების განვითარებისთვის. მან ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ საქართველოს ქრისტიანული კულტურა მის ფარგლებს გარეთაც გამხდარიყო ცნობილი. მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი კერის დაფუძნება ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. იგი ხელს უწყობდა და ეხმარებოდა ქართული კულტურის კერებს საბერძნეთში, ბულგარეთში, სირიაში, პალესტინაში, კვიპროსში და ა.შ.
დავით აღმაშენებლის თეორიული და პრაქტიკული იდეალები გააგრძელა და განავრცო მისმა ვაჟმა, დემეტრემ, რომელიც საქართველოს 1125-1154 წლებში ხელმწიფებდა. დემეტრეც არა მარტო წარმატებული ხელმწიფე, არამედ შუა საუკუნეების ქართული პოეზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მის კალამს ეკუთვნის ქართული ქრისტიანული პოეზიის ერთ-ერთი შედევრი „შენ ხარ ვენახი“, რომელიც, ასევე, ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ლოცვაა და მარიოლოგიის მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს.
4 -გამოყენებული ლიტერატურა
• დავით აღმაშენებელი: გალობანი სინანულისანი, რედაქტორი – გ. თევზაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1989 (ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე).
• დავით IV (აღმაშენებელი): გალობანი სინანულისანი თქმულნი დავით მეფისანი (ზურაბ ჭავჭავაძის მეცნიერული კომენტარითა და ლექსიკონით), თბილისი: „ნეკერი“, 2012.
• დავით IV (აღმაშენებელი): გალობანი სინანულისანი. სასწავლო გამოცემა ნოდარ ნათაძის განმარტებებითა და კომენტარით, თბილისი: „Carpe diem“, 2015.
• თევზაძე, გ.: დავით აღმაშენებელის „გალობანი სინანულისანი“, წიგნში: გ. თევზაძე, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1996, გვ. 196-201.
• ირემაძე, თ.: დავით აღმაშენებელი და მისი „გალობანი სინანულისანი“, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #3 (24-30 იანვარი, 2019 წ.), გვ. 10-12.