ანთიმოზ ივერიელი
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
ანთიმოზ ივერიელი (რუმინულად Antim Ivireanul, ერისკაცობაში ანდრია ხურციძე, 1650-1716 წწ.) - ადრეული მოდერნის ეპოქის საქართველოსა და ევროპის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე, დიდი განმანათლებელი და ჰუმანისტი, ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, თანამედროვე რუმინული ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოლიგლოტი, აღიარებული რიტორი, ფილანტროპი, პოეტი, მწერალი და მთარგმნელი, ბილინგვური ტექსტების შემქმნელი, სასტამბო საქმის ოსტატი და საგამომცემლო საქმიანობის ორგანიზატორი, გამორჩეული მხატვრული უნარებით დაჯილდოებული კალიგრაფი, ქსილოგრაფი და გრავიორი, ხატმწერი და ხუროთმოძღვარი, ბუქარესტის მიტროპოლიტი 1708-1716 წლებში. იგი დაიბადა მესხეთის სოფელ უდეში, იოანე და მარიამ ხურციძეების ოჯახში. საქართველოდან გატაცებულს სტამბოლში მონათა ბაზარში გამოისყიდის იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოს ნოტარა; იერუსალიმში აღკვეცავენ ბერად, აკურთხებენ მღვდლად და ნიშნავენ მაცხოვრის საფლავის ტაძრის ეკონომოსად. 1689 წლიდან იგი იერუსალიმის პატრიარქის კურთხევით ვლახეთშია. ამ წელს მღვდელმონაზონი ანთიმოზი ხდება მონასტერ ჩეტეცუიას წინამძღვარი, სადაც ეუფლება მესტამბეობის ხელოვნებას. 1690 წელს იგი აარსებს ბუქარესტის სტამბას, სადაც პირველად იბეჭდება რუმინულენოვანი წიგნები. 1694 წელს ანთიმოზი, როგორც სნაგოვის მონასტრის წინამძღვარი აარსებს სტამბას და მესტამბეობის სკოლას. მისი მთავარი დამხმარე და უერთგულესი მოწაფეა თბილისში პირველი სტამბის გამმართველი მიხაი იშტვანოვიჩი. 1701 წელს ანთიმოზი აწყობს პირველ არაბულენოვან სტამბას, სადაც ანტიოქიელი მართლმადიდებლებისათვის იბეჭდება ბილინგვური საღვთისმეტყველო ტექსტები. 1708 წელს ანთიმოზ ივერიელს აკურთხებენ უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად. იმავე წელს ქ. ტირგოვიშტეში ანთიმოზი აარსებს კიდევ ერთ სტამბას. 1709 წელს ანთიმოზი ბუქარესტში აწყობს ქართული შრიფტის მქონე სტამბასაც, სადაც ბეჭდავს ქართულენოვან ოდიკებს და მიხაი იშტვანოვიჩის ხელით, სტამბის მოწყობილობებთან ერთად, აგზავნის საქართველოში. იმავე წელს ქართულენოვანი სტამბა იწყებს ფუნქციონირებას თბილისში. 1709-1712 წლებში თბილისში მიხაი იშტვანოვიჩი ბეჭდავს 10 წიგნს, საიდანაც 9 წიგნი სახეზეა, ერთის ადგილმდებარეობა კი დღემდე უცნობია. 26 წლის განმავლობაში ანთიმოზ ივერიელმა გამოსცა 68 წიგნი: აქედან 4 თვითონ მის მიერ არის დაწერილი, 10 წიგნისათვის კი მან დაწერა წინასიტყვაობა, 6 წიგნს დაურთო შენიშვნები და კომენტარები, 5 წიგნისთვის შეთხზა ლექსები, 6 წიგნი კი თარგმნა ბერძნულიდან რუმინულად.
ანთიმოზ ივერიელის აშკარა წინააღმდეგობამ ვლახეთში ოსმალეთის მეურვეობის მიმართ იგი ფანარიოტების რეჟიმის მოწინააღმდეგედ აქცია. ანთიმოზ ივერიელის, როგორც რუმინეთის მართმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის როლს ვერ ეგუებოდა, ერთი მხრივ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, მეორე მხრივ კი ვლახეთში პროთურქული ხელისუფლება და ოსმელეთის კარი. პროთურქული ორიენტაციის მქონე მთავრის, ნიკოლაი მავროკორდატის დასმენით, 1716 წელს, მას სასულიერო ხარისხიდან განკვეთენ და სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში სამუდამო გადასახლების განაჩენს გამოუტანენ. გზაში, ამჟამინდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე, თურქი ჯარისკაცები მოწამეობრივად აღასრულებენ ანთიმოზ ივერიელს და მის ცხედარს მდინარე ტუნჯიას გააყოლებენ. 1966 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უქმდება უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტ ანთიმოზის განკვეთის აქტი. 1992 წლის 27 სექტემბერს რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ანთიმოზ ივერიელი შერაცხა წმინდანად მღვდელმოწამის სახელით. მისი ხსენების თარიღად რუმინეთში დაწესდა 27 სექტემბერი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მის ხსენებას აღასრულებს 13/26 ივნისს.
2 -შემოქმედებითი საქმიანობა
ანთიმოზ ივერიელი, როგორც ღვთისმეტყველი, აღმოსავლეთის ეკლესიის საღმრთო გადმოცემის ანუ წმინდა წერილის და წმინდა მამათა რელიგიური გამოცდილების განმმარტებელი და მათი მემკვიდრეობის გამგრძელებელია. ანთიმოზის მსოფლმხედველობრივი და რელიგიური პოზიცია შეიძლება განვიხილოთ როგორც „სინანულის თეოლოგია“. ანთიმოზ ივერიელის ონტოლოგიური მოძღვრების პრინციპებიდან ვლინდება ფერიცვალების ხდომილების მისეული გაგების ონტოლოგიურ-მეტაფიზიკური საზრისი. რაც შეეხება ანთიმოზის ფილოსოფიური შთაგონების წყაროებს, ესაა წინასოკრატული ფილოსოფია და სოკრატული ფილოსოფოსობის პრინციპები, პლატონურ-არისტოტელური მეტაფიზიკა და ეთიკა, ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაში შემორჩენილი ანტიკური ფილოსოფიის ნაშთები და პლასტები.
ანთიმოზ ივერიელის ქრისტიანული ეთიკა კლასიკური აბსოლუტიზმია; იგი ეფუძნება ღვთის აბსოლუტურ, უცვლელ ხასიათს. მის დიდაქეებში და სხვა თხზულებებშიც („საეკლესიო სწავლება“, „სინანულის საიდუმლოს შესახებ“, ასევე, წერილებში) სახეზეა იერარქიულობა - მაღალი და დაბალი მორალური კანონებისა და მორალური კონფლიქტების აღიარება - ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მოხსნა პიროვნულად გარდაუვალი მორალური კონფლიქტების გამო. ანთიმოზის ზნეობრივი ღვთისმეტყველების ძირითადი თემებია: ადამიანის ზნეობრივი მოვალეობების დაფუძნება ღმერთისა და ახლობლის მიმართ, ვნებათა, სათნოებათა და ცოდვათა ფენომენოლოგია და ანალიტიკა. ბუნებითი ზნეობრივი კანონის განსაკუთრებულად ღრმა და არსობრივ ანალიზს ვხვდებით ქადაგებებში: „ყველიერის კვირიაკეს“ (№7), „წმინდა მოციქულთასწორ მეფეთა კონსტანტინე და ელენეს ხსენების დღესასწაულზე“ (№10), „თავმდაბლობის შესახებ ბზობის კვირიაკეს“ (№22), „ღვთის განცხადების დღესასწაულზე“ (№14), „სწავლება მაცხოვარი იესო ქრისტეს წინადაცვეთაზე“ (№11), „უფლის ჩვენის იესო ქრისტეს ფერისცვალებაზე“ (№15), „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და მარადის ქალწულის მარიამის მიძინებაზე“ (№19), ასევე, სწავლებაში სინანულის საიდუმლოს შესახებ და ანთიმოზ ივერიელის მონასტრის ტიპიკონში. ანთიმოზის მიხედვით, ნორმატიული ფუნქციები ფუძნდება ღვთაებრივი გამოცხადების შესაბამისად. აღიარებს რა კლასიკური აბსოლუტიზმის ერთ-ერთ ცენტრალურ წანამძღვრად განსხვავებულ მოვალეობათა დაპირისპირებას, ანთიმოზი წარმოგვიდგენს ბაზისურ მოვალეობათა იერარქიას: ღვთის სიყვარული აღემატება ადამიანის სიყვარულს, ღვთისადმი მოვალეობა - მთავრობის მორჩილებას, ღვთის წყალობა - სამართლიანობას. იგი ყურადღებას აქცევს პიროვნების როგორც სულიერ, ისე მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვას და არ არის გულგრილი არც თემის და არც საზოგადოების მიმართ. აქ რელიგიის სოციალური ფუნქცია, რომელიც დასავლურ ქრისტიანობაშია წინ წამოწეული, ორგანულად ერწყმის აღმოსავლური ქრისტიანობის მისტიციზმს.
ანთიმოზ ივერიელი არსებითად იღებს ქრისტიანობის ამოსავალ, პრინციპულ დებულებას ტახტისა და საკურთხევლის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ. მისი პოლიტიკური თეოლოგიის ქვაკუთხედი დებულებაა, რომლის თანახმადაც პოლიტიკური ხელისუფლება გამოყოფილია საეკლესიო ხელისუფლებისაგან. ეს საკითხი გაშლილია მის არაერთ თხზულებაში. მას ანთიმოზი უძღვნის ქადაგებებსაც. ამ თემას იგი უკავშირებს ქტიტორულ ტიპიკონს, გამორჩეულ ტექსტს - „მიტროპოლიტი ანთიმოზ ივერიელის ყოველთა წმინდათა მონასტრისადმი“ ე.წ. „ანდერძს“ (1713 წ.); 32 მუხლში ჩამოყალიბებული მმართველობის წესების განმსაზღვრელი წერილობითი ძეგლი შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციური სამართლის ტიპის პირველ დოკუმენტად ბალკანურ ევროპაში, კონსტიტუციური სამართლის შექმნის პირველ პრეცენდენტად. ის ყველა ნიშნით შეიძლება შევადაროთ ამერიკული დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ანთიმოზ ივერიელის ანდერძის ამოსავალი პოსტულატია „მონასტრის სრული ხელშეუვალობა“ - უბატონობა, რისი საფუძველიც დასავლეთ ევროპის ფილოსოფიაში გახდა ადამიანის ხელშეუვალი ბუნებითი უფლებები: თავისუფლება, სიცოცხლის უფლება და საკუთრება (რაც ფრენსის ბეკონის პოლიტიკურ ტრაქტატებშია ფორმულირებული).
ანთიმოზ ივერიელი ტიპიკონში მონასტერს უმორჩილებს ღმერთს, იესო ქრისტეს, „იგია ყოველთა მბრძანებელი და სხვა არავინ“; არც პატრიარქს, არც თავადის ხელისუფლებას არა აქვს მონასტრის ავტონომიური მმართველობის ხელყოფის უფლება. იმის დასტურად, რომ ღმერთისგან მონიჭებული რწმუნებულება შესაბამისობაშია პოლიტიკური ხელისუფლების მიზანთან - „აღასრულოს სამართლიანობა, გაასწოროს გამრუდებული სამართალი“ - პასუხისმგებლობისა და ლეგიტიმაციის წყაროდ ანთიმოზი იმოწმებს ფილოსოფოსს, რომელსაც ჰკითხეს: „რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელმწიფისათვის, რათა მისმა ქვეშევრდომებმა იცხოვრონ კეთილდღეობით და ყველაფრით უზრუნველყოფილებმა?“; ბრძენმა ფილოსოფოსმა უპასუხა: „იგი უნდა იყოს განურჩევლად ყველასთვის სამართლიანი“. აქ აშკარაა პლატონისა და არისტოტელეს მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის ორ მთავარ პრინციპთან, სამართლიანობასა და კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობასთან პარალელი. პოლიტიკური ძალაუფლების მტვირთველ ხელისუფალს ეკისრება პასუხისმგებლობა ერის (პოლიტიკური კორპუსის, რესპუბლიკის) კეთილდღეობაზე, „როგორც ხორციელ და წარმავალ, ასევე სულიერ და მარადიულ საკითხებში“. ანთიმოზის ტრაქტატი „პოლიტიკური რჩევები ქრისტიანს“ „ათენურ-იერუსალიმური“ პარადიგმის გადალახვის მცდელობაა. თამამად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მას სურს სოკრატულ-პლატონური იდეალური სახელმწიფოს მოდელის ქრისტიანულ-თეოლოგიურ პოლიტიკურ დისკურსში განხილვა. იგი ახდენს ანტიკური ფილოსოფიის პარადიგმულობის, შუა საუკუნეების თეოლოგიური დისკურსის და ახალი დროის პოლიტიკური ფილოსოფიის ნააზრევთა კონცეპტუალურ გადააზრებას საღვთისმეტყველო, პოლიტიკურ-თეოლოგიურ თუ დოგმატურ ჭრილში, რომელსაც ოქროს კვეთად გასდევს თეოლოგიურ-პოლიტიკურ აზრთა სიმფონია. ანთიმოზ ივერიელი პოლიტიკის ფენომენალურ მხარეს კონკრეტული გამოვლინებებით მორფოლოგიური არსის ანალიზის გზით წარმოაჩენს და მისი დაფუძნების მცდელობას დიდი ქრისტიანი მამების საღვთისმეტყველო განაზრებებზე დაყრდნობით ახორციელებს.
ანთიმოზ ივერიელის მიერ, ასევე, შექმნილია „ახალი ჰერმენევტიკული მოდელი“, ახალი მოდერნული დიზაინი - „თეოესთეტიკა“. მასთან სიტყვა „სამოთხის ნაწილია“, ამიტომაც მისი სახისმეტყველება გამორჩეულია მუდმივი ზრუნვით ტექსტისადმი. იგი ემიჯნება ბიზანტიურ-ტრადიციულ იკონოგრაფიას და სიტყვაკაზმულობას. ანთიმოზის არცთუ მრავალრიცხოვან პოეტურ ქმნილებებში გვხვდება ტირილის ფენომენი, რომლის პირდაპირ ანალოგს ვხვდებით ქართულ სახისმეტყველებაში. ანთიმოზის ჰერალდიკური არტეფაქტების ნიმუშები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუმინეთისა და საქართველოს კულტურულ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების არტიკულაციის საქმეში. აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული სახელმწიფოს გერბი გამოჩნდა მიხეილ იშტვანოვიჩის მიერ დასტამბულ წიგნზე.
ანთიმოზ ივერიელის შემოქმედება და მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სასულიერო აზროვნების განვითარებისთვის. მან შეძლო, რომ განმანათლებლობის ხანაში განევითარებინა ქართული ტრადიციული რელიგიური ცნობიერება და აღედგინა კავშირი ევროპულ თეოლოგიურ იდეებთან. მან მოახერხა ქართული მართლმადიდებელი თეოლოგიური აზროვნების ზოგად განვითარებაში ხუთსაუკუნოვანი ხარვეზის შევსება და ევროპულ თეოლოგიურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებთან საღვთისმეტყველო-კულტურული დიალოგის ხელახლა გახსნა.
3 -ბიბლიოგრაფია
• ანთიმოზ ივერიელი: დიდაქეები და სხვა თხზულებები, რედაქტორი - რ. გორდეზიანი, თბილისი: „დობერა“, 2016 წ.
• ანთიმოზ ივერიელი: თხზულებები, ტ. 2, რედაქტორი - რ. გორდეზიანი, თბილისი: „ლოგოსი“, 2022 წ.
• ანთიმოზ ივერიელი: რჩეული თხზულებების სამენოვანი პარალელური ტექსტების ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენაზე კრებული, რედაქტორები: ქართული ტექსტების - რ. გორდეზიანი, ინგლისური ტექსტების - მ. ვიკერსი, რუმინული ტექსტების - არქიმანდრიტი მიქაელი, თბილისი: „ლოგოსი“, 2023 წ.
• არქიმანდიტი მიქაელი (სტანჩიუ): ვლახეთის მიტროპოლიტი წმინდა მოწამე ანთიმოზ ივერიელი (1708-1716) - ცხოვრება და მისიონერული მოღვაწეობა, კრებულში: საქართველო და ევროპული სამყარო - ფილოსოფიურ-კულტურული დიალოგი, ტ. II, რედაქტორი - ა. ზაქარიაძე, თბილისი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2017 წ., გვ. 37-41.
• არქიმანდიტი მიქაელი (სტანჩიუ): დიალოგი წმინდა ანთიმოზ ივერიელის ცხოვრების ამსახველ აქამდე უცნობი ფაქტებზე, კრებულში: საქართველო და ევროპული სამყარო - ფილოსოფიურ-კულტურული დიალოგი, ტ. II, რედაქტორი - ა. ზაქარიაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2017 წ., გვ. 309-333.
• არქიმანდრიტი პოლიკარპე (ჩიტულესკუ): წმ. ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი რუმინული სამღვდელო წიგნები, ჟურნალში: „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“, №4 (თბილისი, 2014), გვ. 91-105.
გაიპარაშვილი, ზ.: ანთიმოზ ივერიელის გერბი, თბილისი: „საარი“, 2005 წ.
• გვინჩაძე, ო.: ანთიმ ივერიელი: მესტამბე და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ.
• დელ კიარო, ა. მ.: თანამედროვე რევოლუციებიის ისტორია ვლახეთში. თანამედროვეთა წერილები ანთიმოზ ივერიელის შესახებ, წიგნში: ანთიმოზ ივერიელის თხზულებები, ტ. 2, რედაქტორი - რ. გორდეზიანი, თბილისი, 2022 წ., გვ. 169-208.
• ზაქარიაძე, ა., ბრაჭული, ი., რამიშვილი, ვ., ქშუტაშვილი, ა., ჯალაღონია, დ.: ანთიმოზ ივერიელი - ქართულ-ევროპული დიალოგი, თბილისი: „დობერა“, 2016 წ.
• ზაქარიაძე, ა., ბრაჭული, ი., რამიშვილი, ვ., ქშუტაშვილი, ა., ჯალაღონია, დ.: ანთიმოლოგიური შტუდიები - ტრადიცია და პერსპექტივები, თბილისი, 2022 წ.
• კურდღელაშვილი, შ.: ქართული სტამბის ისტორიიდან, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1959 წ.
• მელიქიშვილი, დ.: ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან, თბილისი: „ლოგოსი“, 1999 წ.
• ნანუ ი.: ქართული და რუმინული ხელოვნების ისტორია, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, №8 (თბილისი, 1963 წ.), გვ. 80-89
• პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ, რედაქტორი - გ. ზედანია, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2012 წ.
• საქართველო და ევროპული სამყარო ფილოსოფიურ-კულტურული დიალოგი, ტ. I [კრებული], რედაქტორი - ა. ზაქარიაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2009 წ.
• საქართველო და ევროპული სამყარო - ფილოსოფიურ-კულტურული დიალოგი, ტ. II [კრებული], რედაქტორი - ა. ზაქარიაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2017 წ.
• ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, რედ. მ. მახარაძე, ტ. I-IV, თბილისი: „უნივერსალი“, 2013 წ.
• ქვაჩახია, ვ.: „ვეფხისტყაოსნის“ საიდუმლო ანუ ანდერძი რუსთაველისა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2004 წ.
• შანიძე, ა.: ქართული სტამბის ისტორიისათვის, ჟურნალში: „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, №1 (თბილისი, 1935 წ.), გვ. 156-176.
• შარაშიძე, ქ.: პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722), თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა“, 1955 წ.
• Arhimandrit Mihail Stanciu: Descoperiri Recente Referitoare la Venirea Sfantului Antim Ivireanul in Tarile Romane, in: “Ortodoxia”, Nr. 1 (2014), pp. 132-142.
• Arhimandrit Mihail Stanciu: Un Document Inedit – Scrisoarea Episcopului Antim al Ramnicului catre Patriarhul Ierusalimului, Hrisant Notara din 22 octombrie 1707, in: “Ortodoxia”, Nr. 2 (2014), pp. 102-113.
• Archimandrit Mihail Stanciu: Anthim the Iberian, flower with Golden shine of all good art, Bucharest: Nicolae Balchescu library edition, 2018.
• Feodorov, I.: Working together for the Antiochian Patriarchate: Antim the Iberian and Patriarch Athanasios III Dabbas, კრებულში: საქართველო და ევროპული სამყარო - ფილოსოფიურ-კულტურული დიალოგი, ტ. II, რედაქტორი - ა. ზაქარიაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2017 წ., გვ. 75-91.
• Feodorov, I.: Arabic Printing for the Christians in Ottoman Lands: The East-European Connection (Early Arabic Printing in the East), Berlin – New York: De Gruyter, 2023.
• Kurtanidze, K.: The Concept of Trinity as Paradigm for the Relationship between Church and State, in: Greek Orthodox Theological Review, 58:1-4, 2013, Brookline MA, USA, pp.99-119.
• Pacurariu, M.: Istoria Bisericii Ortodoxe Romane, vol. I, Editura Institutului Biblic si de Misiune al Bisericii Ortodoxe Romane, Bucuresti, 1991.
• Pacurariu, M.: A new saint of our Church, Metropolitan Anthim the Iberian, in: Volume Romanian Hagiographic Anthology Publisher Metropolitan of Oltenia, Craiova, 1994, pp. 211-214.
• Picioruș, G.: Anthim the Iberian, Literary avant-garde to Paradise, Publisher Teologie pentru azi, Bucharest, 2010.
• Picot, E.: Notice biographique et bibliographique sur l’imprimeur Anthime d’Ivir, metropolitaine de Valachie, Publisher: o. O., o. Vlg. ca. 1886.
• Pinckaers, S.: The Sources of Christian Ethics, Washington, D.C.: Catholic University of America Press, 1995.
• Placher,W.: Essentials of Christian Theology, Westminster John Knox Press, 2003.
• Popescu, M.-G.: Metropolitan Antim the Iberian of Wallachia, ruler of church and preacher of the gospel, [Doctoral thesis], Bucharest, 1969.
• Serbanescu, N.: Anthim the Iberian, typographer, in: BOR (Romanian Orthodox Church) magazine, №8-9 (1956), pp. 701-749.
• Strempel, G.: Introduction to the volume Anthim the Iberian. Homilies, ed. Basilica, Bucharest, 2010.
• Strempel, G.: Antim Ivireanul, Editura Academiei Romane, Bucuresti, 1997.
• Zakariadze, A.: Some Aspects of St. Anthim Iverianul’s Moral Theology, in: Mission, spirituality, culture, Targovishte, 2016, pp. 69-78.
• Zakariadze, A.: The Coexistence Model of Religious and Secular Discourses – Anthim the Iberian, in: D. Muskhelishvili (Ed.), Religion and Public Life, Nova Publishers Science, N. Y. 2021, pp. 45-55.
• Zakariadze, A., Brachuli I.: Anthim the Iberian: Ethos and Poetics of the Enlightenment, in: The Annals of the University of Bucharest, Philosophy Series, vol. 70, No. 2, 2021. pp. 107-123.