მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა)
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) - მღვდელმთავარი, მქადაგებელი, პედაგოგი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი აღმდგენელი, საბჭოთა რეჟიმის მიერ ცილისმწამებლური ბრალდებით დახვრეტილი, წმიდანად კანონიზირებული - ერში იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა, დაიბადა 1872 წელს ქუთაისის გუბერნიის (ამჟამად სამტრედიის მუნიციპალიტეტი) სოფელ დიდ ჯიხაიშში, მღვდელ ანდრია ნიკოლოზის ძე და ეფემია გრიგოლის ასულ ლეჟავების კეთილმოწმუნე, მრავალშვილიან ოჯახში. მან დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1892 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. 1893 წლის 13 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა წმიდა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად დაასხა ხელი იოსებ ლეჟავას, ხოლო 1893 წლის 22 (ზოგიერთი ცნობით 27) თებერვალს - მღვდლად. 1894 წელს მღვდელი იოსები დაჯილდოვდა საგვერდულის, ხოლო 1897 წელს სკუფიის ტარების უფლებით. მღვდლობისას მას ოჯახური ტრაგედია დაატყდა თავს - გარდაეცვალა მეუღლე და ორი ასული.
1900 წელს მღვდელი იოსებ ლეჟავა ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში. ამავე პერიოდში კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდნენ მღვდელი კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდანად კანონიზირებული) და კორნელი კეკელიძე (მომავალი დეკანოზი, შემდგომში აკადემიკოსი, ცნობილი მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი), რომლებიც გაიცნო მამა იოსებმა და დაუახლოვდა მათ. ასევე, შემდგომ წლებში ის მეგობრობდა აკაკი წერეთელთან.
1904 წლის 1 იანვარს მღვდელი იოსებ ლეჟავა აღიკვეცა მონაზვნად (ბერად) და ეწოდა სახელი ნაზარი (ებრაული ენიდან ითარგმნება როგორც „ღმრთისთვის შეწირული“). 1905 წელს მამა ნაზარმა დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია, დაიცვა სადიპლომო ნაშრომი და მიენიჭა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი.
1905 წლის 8 ნოემბერს მღვდელმონაზონი ნაზარი დაინიშნა ველინსკის სასწავლებლის ჰომილეტიკის პედაგოგად, ხოლო 1907 წლის 7 ოქტომბრიდან დანიშნეს კლევანსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად.
1910 წელს მღვდელმონაზონ ნაზარს მიენიჭა იღუმენის წოდება. 1911 წელს იღუმენი ნაზარი დაადგინეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვრად. იმავე წლის 1 დეკემბერს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაინიშნა ქართლ-კახეთის კეთილმოწესედ. 1912 წლის 12 მაისს არქიმანდრიტი ნაზარი აირჩიეს საქართველოს ეპარქიების მუზეუმების კომიტეტის წევრად. 1912 წელს გაზეთ „შინაურ საქმეებში“ (# 41) ვკითხულობთ: „მღვდ. მ. კელენჯერიძის წიგნის, „გაბრიელ ეპისკოპოზი იმერეთისა“ (მისი დრო და მოღვაწეობა) ბეჭდვას უკვე შე/ვ/უდექით... გამომცემლები დიდ მადლობას უძღვნიან მ. არხიმანდრიტ ნაზარს, რომელმაც დახმარება აღმოუჩინა მათ ამ საქმეში“. 1913 წელს არქიმანდრიტი ნაზარი აირჩიეს ჯვრის მონასტრის კომიტეტის წევრად. მამა ნაზარი გახლდათ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე მომუშავე უცხოელი სპეციალისტების ერთ-ერთი დიდი ქომაგი. 1913 წელს არქიმანდრიტი ნაზარი დაჯილდოვდა წმიდა ანას I ხარისხის ორდენით.
1916 წლის 19 იანვარს, საქართველოს ეგზარქოსის, მთავარეპისკოპოს (შემდგომში მიტროპოლიტი) პლატონის (როჟდესტვენსკი) წარდგინებით, არქიმანდრიტი ნაზარი ალავერდელ ეპისკოპოს პიროსის (ოქროპირიძე) ნაცვლად დაინიშნა სინოდის კანტორის შტატიან წევრად.
არქიმანდრიტი ნაზარი გახლდათ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის გულმხურვალე მებრძოლი სასულიერო პირი. 1905 წლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ქართველი სასულიერო პირების შეკრებისა და გამოსვლის ერთ-ერთი მოთავე იყო არქიმანდრიტი ნაზარი. ის აქტიურად მონაწილეობდა 1917 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში, საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობისა და ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველი კრების მუშაობაში.
1917 წელს გელათის მონასტრის კრებულმა რამდენჯერმე ოფიციალურად მოითხოვა არქიმანდრიტ ნაზარის დადგენა გელათის მონასტრის წინამძღვრად, თუმცა, ეს საკითხი არ გადაწყდა.
1918 წლის 18 სექტემბერს უეცრად გარდაიცვალა (გავრცელებული ვერსიით მოკლეს) ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე). ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე დადგენისათვის დასახელდა სამი კანდიდატურა: ეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) დავითი (კაჭახიძე), არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ნამორაძე), არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა). პირველი ორი კანდიდატურა მოიხსნა, ხოლო არქიმანდრიტმა ნაზარმა ფარული კენჭისყრით მიიღო ოცდაცხრა თეთრი და სამი შავი კენჭი. 1918 წლის 16 ნოემბერს, 14 საათზე, თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა არქიმანდრიტ ნაზარის, როგორც ეპისკოპოსად გამორჩეულის ოფიციალური წარდგინება-სახელდება. იმავე წლის 17 ნოემბერს, მცხეთის სვეტიცხოვლის წმიდა თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტ ნაზარს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად. მისი მღვდელმთავრად ქიროტონია აღასრულეს: უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ამბროსიმ (ხელაია), ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე), წილკნელმა ეპისკოპოსმა (შემდგომში ჭყონდიდელი და ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი) გიორგიმ (ალადაშვილი). საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის იმჟამინდელი დებულების თანახმად, რომლის მიხედვით, ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრა პატივდებული იყო სამიტროპოლიტო წოდებით, ეპისკოპოს ნაზარს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება. ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარს ასევე დაევალა გაენათის ეპარქიის მართვაც. მიტროპოლიტ ნაზარს ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე მოღვაწეობა ექვსი წლის განმავლობაში, 1918-1924 წლებში მოუწია.
მიტროპოლიტი ნაზარი ეპარქიულ ნაყოფიერ სამღვდელმთავრო მსახურებასთან ერთად საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა, რასაც ადასტურებს მის პირად არქივში დაცული კორნელი კეკელიძის ორი წიგნი, რომელიც ავტორს მიტროპოლიტ ნაზარისთვის უჩუქებია წარწერით: „ჩემს უახლოეს და განუყრელ მეგობარს, ნაზარის, ჩემი პირველი წიგნის გამომცემლობის სულიერ ჩამდგმელს“.
1921 წლის სექტემბერში გელათის მონასტერში გაიმართა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი მესამე კრება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აერჩია. საპატრიარქო ტახტზე ოფიციალურად დასახელდა ორი კანდიდატი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა). კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, მიტროპოლიტი ამბროსი აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
1921 წლის თებერვლიდან საქართველო ანექსირებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ. საქართველოს რევკომმა 1921 წლის 15 აპრილს მიიღო # 21 დეკრეტი, რომლითაც, ფაქტობრივად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია გამოაცხადა კანონგარეშედ. ათეისტურმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა დაიწყო ეკლესიის ტოტალური დევნა-შევიწროება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით, თბილისის სიონისა და მცხეთის სვეტიცხოვლის განძეულობა (ჯამში ოთხი ყუთი) ქუთაისში გადაიტანეს დაცვის მიზნით და დაფლეს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძრის გალავანში მდებარე ქუთაისის სამიტროპოლიტო რეზიდენციის აივნის ქვეშ. არსებობდა გეგმა, რომ მიტროპოლიტი ნაზარი უნდა წასულიყო ემიგრაციაში და ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად გაეგრძელებინა მოღვაწეობა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც დაიცავდა ქართულ განძეულობას, თუმცა, მეუფე ნაზარმა სამშობლო არ მიატოვა უდიდესი განსაცდელის ჟამს და სამარადჟამოდ საქართველოში დარჩა.
1922 წლის 5 იანვარს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა გასცა განკარგულება, რომ მისდამი რწმუნებული ეპარქიის სასულიერო პირებს საერო ხელისუფლებისათვის არ ჩაებარებინათ სამღვდელოების სიები და არ აღეწერათ საეკლესიო საკუთრება.
1923 წლის 12 იანვარს საქართველოს ჩეკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეპატიმრებინათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს წევრები. დასაკავებელთა სიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის შემდეგ ჩეკამ დაასახელა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი.
1923 წლის 25 აპრილს ათეისტურმა ხელისუფლებამ მიაგნო ზემოთ ხსენებულ საეკლესიო განძეულობას და გაიტაცა ის (ამ განძეულობის ხვედრი და ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია). საბჭოთა რეჟიმმა დააპატიმრა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი, რომელსაც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ბრალად წაუყენა მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობა და საეკლესიო განძეულობის გადამალვა. სასამართლო სხდომაზე ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა განაცხადა, რომ ხსენებული განძეულობა ინახებოდა საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის. სასამართლომ მიტროპოლიტ ნაზარს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. შემდგომში ეს სასჯელი შეცვალეს პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით.
1924 წლის აპრილში მიტროპოლიტი ნაზარი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. ათეისტურმა ხელისუფლებამ ეკლესიას ჩამოართვა ქუთაისის სამიტროპოლიტო რეზიდენცია, ამიტომ ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ, ცხოვრობდა ქუთაისში, თავისი ძმის, ცნობილ ვეტექიმ ბენედიქტე ლეჟავას სახლში.
საბჭოთა ათეისტურმა ხელისუფლებამ სხვადასხვა მწვავე ფორმით განაგრძო მიტროპოლიტ ნაზარის დევნა და შევიწროება. 1923 წელს ბოლშევიკურმა მმართველობამ დახურა ქუთაისის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი (სობორო), რომლის გუმბათიდან იმავე წლის 8 მარტს ათეისტურმა რეჟიმმა ჩამოხსნა ჯვარი. მიტროპოლიტი ნაზარი არაერთგზის ეცადა, რომ ქუთაისის საკათედრო ტაძარი დახურვისაგან გადაეჩინა, თუმცა, საერო ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, სამწუხაროდ, ვერაფერს გახდა. საკათედრო ტაძარი სრულად დაანგრიეს 1924 წლის ზაფხულში.
ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი კვლავ მიუღებელ პერსონად და მღვდელმთავრად რჩებოდა საბჭოთა რეჟიმისათვის, რომელიც საბაბს ელოდა მიტროპოლიტ ნაზარის ფიზიკური მოსპობისათვის. 1924 წლის აგვისტოში მიტროპოლიტმა ნაზარმა, სოფელ როდინოულის მცხოვრებთა თხოვნით, ამავე სოფელში ტაძარი აკურთხა. იმ ღამით სტუმრებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ოჯახმა უმასპინძლა. ღამით ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი და მისი სამღვდელო კრებული ჩეკისტებმა დააპატიმრეს. დაკავებული სასულიერო პირები ხელფეხშეკრულნი, თოფის კონდახების ცემით ურემზე დააკრეს და ჯერ სოფლის საბჭოში მიიყვანეს, ხოლო მეორე დღეს ქუთაისის შინსახკომში გადაიყვანეს, სადაც მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. დაპატიმრებულ სასულიერო პირებს საბჭოთა რეჟიმმა ბრალად დასდო 1924 წლის აგვისტოს ცნობილ აჯანყებაში მონაწილეობა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ კონტრრევოლუციური საქმიანობა. ე.წ. განსაკუთრებული სამეულის გადაწყვეტილებით, 1924 წლის 1 სექტემბერს, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, საბჭოთა ათეისტურმა რეჟიმმა დახვრიტა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი და მისი სამღვდელმთავრო ომოფორის ქვეშ მყოფი მღვდელმსახურნი: დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე. გავრცელებული ვერსიით ისინი დახვრიტეს ქუთაისში, საფიჩხიის უბანში, ებრაელთა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი საფლავები დღემდე უცნობია.
1995 წლის 18-19 სექტემბერს გამართულმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ განაჩინა ქუთათელი მიტროპოლიტ ნაზარისა და მასთან ერთად დახვრეტილ ზემოხსენებულ სასულიერო პირთა და ტოტალიტარული (საბჭოთა) რეჟიმის მიერ ყოველთა წამებულთა წმიდანებად კანონიზირება, უწოდა მათ წმიდა ახალმოწამენი და მათი ხსენების დღედ დაადგინა შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 27 აგვისტო.
2 -შემოქმედება
ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი გახლდათ განსწავლული მღვდელმთავარი საღვთისმეტყველო, სამეცნიერო და ქართულ საისტორიო მწერლობაში. ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული მქადაგებელი. „მახვილგონიერი, სიტყვა-პასუხიანი მწიგნობარი, დიდად მოსურნე საქართველოს ერის განათლების და აღორძინების“, - ამგვარად ახასიათებდა ქართველი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე მეუფე ნაზარს.
1905 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დასრულებისას მღვდელმონაზონმა ნაზარმა რუსულ ენაზე დაწერა სადიპლომო ნაშრომი „კაბადოკიური საღვთისმეტყველო სკოლა“, რომლითაც მოიპოვა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი. მოგვიანებით, ქართველი მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი აკაკი გაწერელია მღვდელმონაზონ (შემდგომში მიტროპოლიტი) ნაზარის ხსენებულ ნაშრომს გაცნობია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (ამჟამად, სამწუხაროდ, ეს ნაშრომი დაკარგულად მიიჩნევა).
1912 წელს არქიმანდრიტმა ნაზარმა და კორნელი კეკელიძემ ერთად გამოსცეს რუსულ ენაზე „იერუსალიმის განჩინების“ VII საუკუნის ქართული ვერსიის ტექსტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 1912 წლის 30 ივნისს, არქიმანდრიტმა ნაზარმა წერილით მიმართა იმერეთის ეპისკოპოს გიორგის. „პატივი გვაქვს უმორჩილესად გთხოვოთ თქვენს უსამღვდელოესობას მოახდინოთ განკარგულების გაცემა, თუ ეს შესაძლებელი იქნება, თქვენდამი რწმუნებული იმერეთის ეპარქიის ეკლესიების მიერ ჩვენს მიერ გამოცემულ „იერუსალიმის განჩინების“ გამოწერაზე. ამასთან ერთად, თავს მოვალედ ვთვლით, განვუცხადოთ თქვენს უსამღვდელოესობას, რომ მიღებული თანხის 25 % გადარიცხული იქნება თქვენი მფარველობის ქვეშ არსებული ქუთაისის ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის ფონდისადმი, 25 % კი სოფელ ხაშმის მახლობლად სამების მონასტრის რემონტისათვის“, - წერდა არქიმანდრიტი ნაზარი ეპისკოპოს გიორგის.
მიტროპოლიტ ნაზარის მიერ წარმოთქმული ქადაგებებიდან და სიტყვებიდან ჩვენამდე რამდენიმემ მოაღწია.
1919 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ერთი წლისთავზე, ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა საზეიმო წირვა აღასრულა ქუთაისის საკათედრო ტაძარში. აღნიშნულის შესახებ ქუთაისში გამომავალი გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“ 1919 წლის 28 მაისს წერდა: „ხალხი საკათედრო ტაძართან თავს იყრის. ამ დღეს მწირველია მიტროპოლიტი ნაზარი ქუთათელი“. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი წირვის შემდგომ ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც განაცხადა: „გაიხარე, მრავალტანჯულო ქართველო ერო! 26 მაისი დღეა შენი სულიერი დაბადების, დღეა შენი ეროვნული გაზაფხულისა! წარმოიდგინე ის დიდი საკეთილდღეო შედეგები, რომელნიც მას თავისთავად მოჰყვება... 26 მაისი, დღე შენი საზიზღარ ტყვეობა-მონობის მოსპობისა და ეროვნული თავისუფლების დროშის აფრიალებისა, ოქროს ასოებით, წარუშლელათ სამუდამოდ აღბეჭდე შენს და შენს მომავალ შთამომავლობის გულის ფიცარზე“. მღვდელმთავარმა ამავე სიტყვაში მიმოიხილა რუსეთის მტრული დამოკიდებულება და ქმედებები საქართველოსადმი, უწოდა რუსეთს მოსისხლე მტერი და განაცხადა: „მეგობრის სახით მოსულმა მოსისხლე მტერმა ჩვენს ქვეყანას ნაცვლად ძმური თანაგრძნობისა კისერზე დაადგა მეტად მძიმე და აუტანელი უღელი საშინელი მონობისა“. მიტროპოლიტმა აქვე ისაუბრა რუსეთის მიერ განხორციელებულ სახელმწიფოებრივ, ეროვნულ, საეკლესიო და ენობრივ ანექსიაზე საქართველოში.
1921 წლის 19 იანვარს, ღმრთის განცხადების - უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, ქუთაისის საკათედრო ტაძარში ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) წარმოთქვა ქადაგება „ქრისტეს სარწმუნოებასა და სიყვარულზე“, რომელიც იყო სამწყსოსადმი სწავლა-მოძღვრებითი შინაარსის, რათა მათი სარწმუნოებრივი მდგომარეობა ქრისტეში მტკიცე ყოფილიყო.
1921 წლის 27 იანვარს, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორ ქალწულ ნინოს ხსენების დღეს, ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა წარმოთქვა ქადაგება, რომელშიც აღნიშნა: „ქართველი ერი წარსულში იყო ტანჯული, მას ესია ყოველი მხრიდან მტერი, მაგრამ საქართველომ მაინც შეინახა თავისი ქრისტიანული სარწმუნოება“. ამით მღვდელმთავარმა სამწყსოს შეახსენა ჩვენი სამშობლოს ისტორიული წარსული და მოუწოდა იესო ქრისტეს სარწმუნოებითა და ქართული ეროვნული სულისკვეთებით წინსვლისაკენ.
1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს წმიდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ქუთაისის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში (სობორო), ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა წარმოთქვა ვრცელი ქადაგება, რომელიც ჩვენამდე სრულად არის მოღწეული. ამ ქადაგებაში მღვდელმთავარმა მიმოიხილა წმიდა მეფე დავით IV-ის ცხოვრება და თავდადებული მოღვაწეობა ერისა და ეკლესიის გაძლიერებისათვის და აღნიშნა: „დავით აღმაშენებელი და საქართველო სამუდამოდ შესისხლხორცებულ არიან ერთმანეთთან, გადაბმულ-შედუღაბებულნი. დავით აღმაშენებლის ისტორია თვით საქართველოს ისტორიაა“, - განაცხადა მეუფე ნაზარმა. ქუთათელმა მიტროპოლიტმა ყოვლადსახიერი ღმრთისადმი ვედრებით დაასრულა 1921 წლის დავითობის დღესასწაულზე წარმოთქმული თავისი ქადაგება: „ღმერთო, ძლიერო და დიდებულო! თავისუფალ, დამოუკიდებელ სამშობლოს ბევრი მოუვლინე დავით აღმაშენებლის მსგავსი სახელმწიფო ისტორიული პირები მის აღსამაღლებელ-ასაყვავებლად უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“.
1924 წლის 30 იანვარს საქართველოს კომპარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისის საკათედრო ტაძრის (სობორო) დანგრევის შესახებ, რომელიც 1923 წლიდან უკვე დაკეტილი იყო. ათეისტური ხელისუფლების ხსენებული გადაწყვეტილება საკათედრო ტაძრის დანგრევის შესახებ პირველ ეტაპზე საიდუმლოდ დარჩა და მხოლოდ 1924 წლის მაისის თვეში გახდა საზოგადოდ ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 1924 წლის 22 მაისს, ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა განცხადებით მიმართა საქართველოს საბჭოთა უმაღლესი მთავრობის ცენტრალურ კომიტეტს, რათა ქუთაისის საკათედრო ტაძარი არ დაენგრიათ. მიტროპოლიტმა ნაზარმა ვრცელ პუნქტებად ჩამოაყალიბა საერო ხელისუფლებისადმი გაგზავნილი თავისი ეს მიმართვა, რომელშიც აღნიშნა: „ქუთაისის საკათედრო ტაძრის დაკეტვამ ძაძებით შემოსა მორწმუნეები, ხოლო მისი დანგრევა უეჭველად სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს და სარწმუნოებრივ აღშფოთებას გამოიწვევს არა თუ ქუთაისის მორწმუნეთა შორის, არამედ იმერეთის ნახევარმილიონიან მორწმუნეთა შორის. ასეთი სარწმუნოებრივი გრძნობის შელახვა არ მომხდარა არა თუ ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, არამედ არც რუსეთში... სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სამართლიანობის საფუძველზე არ უნდა მოხდეს არც საქართველოში... მაქვს პატივი, უმორჩილესად ვთხოვო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს მთავრობას, რათა მან კეთილი ინებოს, გააუქმოს და სისრულეში არ მოიყვანოს ქუთაისის საკათედრო ტაძრის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება, რომელი ტაძარიც არის დიდი ისტორიული ძეგლი, არამედ მორწმუნეთა გასახარებლად და სამუდამო გულის მოსაგებად და კმაყოფილების გრძნობის დასამყარებლად, მოულოდნელად კიდევაც უნდა გახსნათ“. სამწუხაროდ, ათეისტურმა რეჟიმმა არ შეისმინა მღვდელმთავრის თხოვნა და 1924 წლის ზაფხულში ქუთაისის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი (მდებარეობდა ქუთაისის ამჟამინდელი ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე) სრულად დაანგრია. მიტროპოლიტ ნაზარს თვალწინ დაუნგრიეს საკათედრო ტაძარი და დიდი მგლოვიარებით შემოსეს მღვდელმთავრის გული.
შემორჩენილია 1923-1924 წლებში საბჭოთა ათეისტური რეჟიმის ძალოვანი და სასამართლო სტრუქტურების მიერ ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარის დაკითხვის ზოგიერთი ოქმი, რომლებშიც მეუფე ნაზარის მიერ გაცემული პასუხები მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების, სამეცნიერო ცოდნის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ჭეშმარიტი საეკლესიო ცნობიერების გამოვლინებაა.
3 -გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
• ამყოლაძე, თ.: ზღვარი. ესეები, ერთტომეული, ქუთაისი, 2008 წ.
• ახალმოწამენი: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ცხოვრება და მოღვაწეობა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო გ. ასათიანმა, თბილისი, 1995 წ.
• ვარდოსანიძე, ს.: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები), თბილისი, 2010 წ.
• ვარდოსანიძე, ს.: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.), თბილისი, 2017 წ.
• კეზევაძე, მ.: 1924 წელი ქუთაისის ეპარქიაში, ჟურნალში: „განთიადი“, N3 (ქუთაისი, 1989 წ.).
• ლორთქიფანიძე, ი.: საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან - ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), ცხოვრება და მოღვაწეობა, ქუთაისი, 2023 წ.
• მჭედლიძე, გ., კეზევაძე, მ.: ქუთაის-გაენათის ეპარქია, ქუთაისი, 2008 წ.
• გაზეთი „შინაური საქმეები“, N41 (ქუთაისი, 1912 წ.).
• გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“, 28 მაისი (ქუთაისი, 1919 წ.).