მიტროპოლიტი კალისტე (უეარი)
1 -ცხოვრების გზა
დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტე (ტიმოთი რიჩარდ უეარი) დაიბადა 1934 წლის 11 სექტემბერს ინგლისის ქალაქ ბათში, სომერსეტში, მორწმუნე ანგლიკანების ოჯახში. მართლმადიდებლობით იგი პირველად 17 წლის ასაკში დაინტერესდა (როცა შემთხვევით მოხვდა მართლმადიდებლურ ტაძარში ღვთისმსახურებაზე), რის შემდეგაც მან მართლმადიდებლური ტრადიციის შესწავლა დაიწყო. მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა „აღმოსავლურმა“ ქრისტიანულმა ასკეტიკამ, რის შედეგადაც იგი, 1958 წლის 14 აპრილს, 24 წლის ასაკში, ანგლიკანობიდან მართლმადიდებლობაზე გადმოდის. განათლება მან ოქსფორდში მიიღო, სადაც სადოქტორო დისერტაცია შეასრულა მარკოზ მონაზონის ასკეტურ-თეოლოგიური მემკვიდრეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მას ჰქონდა ურთიერთობა XX საუკუნის ისეთ მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ წმ. იოანე შანხაელი (მაქსიმოვიჩი, 1896-1966 წწ.) და წმ. ამფილოქე პატმოსელი (მაკრისი, 1889-1970 წწ.). 1963 წელს მან 6 თვე დაჰყო კანადაში, საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტერში. თუმცა კი, საზღვარგარეთის რუსული ეკლესიის იზოლაციური მიდგომების გამო იგი, მოგვიანებით, შეუერთდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. 1960-იანი წლების შუა პერიოდში იგი ბრუნდება დიდ ბრიტანეთში და თიატირელი არქიეპისკოპოსის ათინაგორა II-ის მდივანი ხდება.
მომავალმა მიტროპოლიტმა ამ პერიოდში გარკვეული ხანი დაჰყო კუნძულ პატმოსზე (საბერძნეთი), წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში, სადაც 1966 წელს მონაზვნად აღკვეცეს და უწოდეს სახელი კალისტე. ამავე წელს ის უკვე მღვდელმონაზონიცაა. ინგლისში დაბრუნების შემდგომ მღვდელმონაზონი კალისტე ღვთისმეტყველების პროფესორი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც 1966 წლიდან 2001 წლამდე კითხულობდა ლექციებს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. 1979 წლიდან ის ხელმძღვანელობდა ბერძნულ მართლმადიდებლურ სამრევლოს ოქსფორდში.
1982 წელს, ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდგომ, მეუფე კალისტე დაინიშნა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ვიკარად (ქორეპისკოპოსად) დიდ ბრიტანეთში და, იმავდროულად, თიატირისა და დიდი ბრიტანეთის არქიეპისკოპოსის თანაშემწედ; მას, ასევე, დიოკლიის ეპისკოპოსის ტიტული მიენიჭა. 2001 წლიდან, პენსიაში გასვლის შემდგომ, ეპისკოპოსი კალისტე აგრძელებდა სამეცნიერო საქმიანობას. იგი იყო შემდეგი ჯგუფების თავმჯდომარე: „მართლმადიდებლობის მეგობრები კუნძულ აიონაზე“ და „ათონის მთის მეგობრები“; თაოსნობდა კემბრიჯში მართლმადიდებლური კვლევების ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს; ასევე, გახლდათ მართლმადიდებლურ-ანგლიკანური დიალოგის შერეული კომისიის თავმჯდომარე, რისთვისაც 2017 წელს კენტერბერიის მთავარეპისკოპოსისგან საგანგებო ჯილდოც მიიღო. 2007 წლის 30 მარტს კონტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დიოკლიის ეპისკოპოს კალისტეს მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. იგი იყო რუმინეთის, საბერძნეთის, აშშ-ის უნივერსიტეტთა საპატიო დოქტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1917 წლიდან პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი); 2018 წელს მიტროპოლიტ კალისტეს მიენიჭა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
მიტროპოლიტი კალისტე გარდაიცვალა 2022 წლის 24 აგვისტოს, 87 წლის ასაკში.
2 -ღვთისმეტყველება
მიტროპოლიტ კალისტეს, როგორც ღვთისმეტყველისა და მეცნიერის მნიშვნელობას განაპირობებს მის მიერ აღმოსავლური პატრისტიკის იდეების სისტემატიზაცია, მათი პრაქტიკული მნიშვნელობის წარმოჩენა, თანამედროვე ენაზე გადმოცემა და პოპულარიზება. მისი სამეცნიერო ღვაწლი ღრმა აკადემიზმისა და მართლმადიდებლური სულიერების სინთეზს წარმოადგენს. მან შეასრულა წმიდა მამათა ნაშრომების და საღვთისმსახურო წიგნების არაერთი თარგმანი ინგლისურ ენაზე. მისი თაოსნობით ითარგმნა „სადღესასწაულო თვენი“, „მარხვანი“ („ტრიოდიონი“), ასევე „სათნოებათმოყვარეობის“ 4 ტომი. იგი არის ავტორი წიგნებისა: „მართლმადიდებელი ეკლესია“ (1963 წ.), „ევსტრატიუს არგენტი: გამოკვლევა თურქების უღელქვეშ არსებული ბერძნული ეკლესიის შესახებ“ (1964 წ.), „მართლმადიდებლობის გზა“ (1979 წ.), „სახელის ძალა“ (1982 წ.), „ლოცვა მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით“ (1990 წ.) და სხვ. იგი ავტორია 200-ზე მეტი სტატიისა, რომლებიც დაკავშირებულია მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებასა და აღმოსავლურ პატრისტიკასთან. მიტროპოლიტი კალისტე სისტემატურად აქვეყნებდა ნაშრომებს გამოცემებში - „აღმოსავლური ეკლესიების მიმომხილველი“ (Eastern Churches Review) და „სობორნოსტი“ (Sobornost). აღსანიშნავია, რომ მისი თხზულებები არაერთხელ ხელახლა იქნა გამოცემული, მაგალითად, წმ. ვლადიმირის სემინარიის გამომცემლობამ გამოსცა მეუფე კალისტეს რჩეული თხზულებების კრებული „შინაგანი საუფლო“ (2000 წ.) და სხვ.
მიტროპოლიტ კალისტეს საღვთისმეტყველო თხზულებების ძირითად თემას წარმოადგენს მართლმადიდებლური ტრადიციის სულიერი საგანძური, რასაც ის, პირველ რიგში, ეკლესიის მამათა შემოქმედების საფუძველზე წარმოაჩენს. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან: გრიგოლ სინელი, მარკოზ მონაზონი, მაქსიმე აღმსარებელი, ისააკ ასური, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგოლ პალამა და სხვ. მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მართლმადიდებელი ქრისტიანის პრაქტიკული საქმიანობის მხარეს. მისი აზრით, მართლმადიდებელი ქრისტიანი უბრალოდ კი არ უნდა იცნობდეს მამებს და აციტირებდეს მათ, არამედ მან უნდა შეიძინოს მათი სული, მათი გონება. მამათა მემკვიდრეობა არ უნდა განიხილებოდეს როგორც მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა, არამედ ეს აწმყოშიც უნდა წარმოადგენდეს ცოცხალ დამოწმებას. მიტროპოლიტი კალისტე ხაზს უსვამს, რომ მამათა ეპოქა არ დასრულებულა დროის კონკრეტულ მონაკვეთში (მაგალითად, V ან VIII საუკუნეში), არამედ ის მართლმადიდებლურ ტრადიციაში დღემდე გრძელდება. მამათა შემოქმედების დასრულებულ კორპუსად (წარსულის კუთვნილებას რომ წარმოადგენს) წარმოჩენა ერთობ სახიფათოა. ყოველ საუკუნეშია შესაძლებელი „ახალი ბასილის“ ან „ახალი ათანასეს“ შობა; სხვაგვარი დაშვება ნიშნავს მტკიცებას იმისა, რომ სულიწმინდამ დატოვა ეკლესია.
ძალზე მნიშვნელოვანია მიტროპოლიტ კალისტეს შეხედულებები ხსნის შესახებ. მისი აზრით, საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ გადარჩება და ვინ არა, ადამიანური ცნობიერების ფარგლებს სცდება. სწორედ ამიტომ, ის არ გამორიცხავს ყველას ხსნის შესაძლებლობას (რაზე მითითებაც შესაძლებელია ვნახოთ ეკლესიის ისეთ მამებთან, როგორებიც არიან წმ. გრიგოლ ნოსელი და წმ. ისააკ ასური), მაგრამ მტკიცება იმისა, რომ ყველა გადარჩება, თავისი არსით ერეტიკულია (რაც დაიგმო კიდეც V მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, 553 წელს). თუმცა კი, იმედი იმისა, რომ ყველას „შეუძლია გადარჩეს“, არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალიც გახლავთ: „უკანასკნელი დღის დადგომამდე ჩვენ არ უნდა წარვიკვეთოთ სასო ნებისმიერი ადამიანის გადარჩენისა, არამედ უნდა ვუსურვოთ გადარჩენა ყველას, გამონაკლისების გარეშე და ვილოცოთ ამისთვის. არავინ უნდა მოაკლდეს ჩვენს სიყვარულით განმსჭვალულ ლოცვას“ (The Orthodox Church, 1963, გვ. 266-267). ამ მხრივ იგი წმ. სილუან ათონელს ენათესავება, რომელიც ყველას გადარჩენისთვის ლოცვას განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს.
მიტროპოლიტ კალისტეს თხზულებებში ვხვდებით ეკლესიის ისტორიის საყურადღებო ანალიზს, ეკლესიოლოგიურ, ლიტურგიკულ განაზრებებს, რომელთა საფუძველზეც ხდება ეკლესიის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის წარმოჩენა. საყურადღებოა მის მიერ საეკლესიო სწავლების არა მხოლოდ თეორიული მხარის წარმოდგენა, არამედ თეორიის პრაქტიკასთან დაკავშირება, რაც მის თხზულებებში მართლმადიდებლური ქრისტიანობის განსაკუთრებულ ღირებულებას უსვამს ხაზს. მისი თეორიული საქმიანობისთვის ნიშანდობლივია რელიგიური გრძნობების გაღვივების ხელშეწყობა - გარდა თეოლოგიური და ფილოსოფიური კონცეფციების ანალიზისა, იგი გვთავაზობს სახელმძღვანელო პრინციპებს მცნებებით ცხოვრებისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიტროპოლიტ კალისტეს შემოქმედებაში დოგმატური ცნობიერება თავის გამოხატულებას პოვებს ქრისტიანის ყოველდღიურ ურთიერთობაში ღმერთთან. ეს მის შემოქმედებაში განსაკუთრებით ნათლად ჩანს ლოცვის შესახებ ტექსტებში, სადაც ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. „იესოს ლოცვის“ მრავალსაუკუნოვან პრაქტიკას. მისთვის ლოცვა დოგმატებთან კავშირით საზრდოობს და წარმოადგენს ადამიანის ეკლესიის სისავსესთან ურთიერთობის საშუალებას. ლოცვის შესახებ მის თხზულებებში იკვეთება ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებული აღმოსავლური ტრადიციისა. ის ეყრდნობა გრიგოლ სინელს, თეოფანე დაყუდებულს, ეგნატე ბრიანჩანინოვს, ეკლესიის სხვა მნიშვნელოვან ასკეტებს და მათი ნააზრევის უაღრესად მნიშვნელოვან რეცეფციას გვთავაზობს. გარდა ამისა, „აკადემიზმით“ განმსჭვალულ მიტროპოლიტ კალისტეს ნაშრომებში იკვეთება სულიერი მოძღვრის საოცარი უნარები, იგრძნობა წარმოდგენილი სწავლებების პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებით განმტკიცება და დამოწმება, რაც მის თხზულებებს განსაკუთრებულ მისიონერულ ხასიათს სძენს.
მიტროპოლიტი კალისტე თავისი მოღვაწეობის განმავლობაში თანამედროვეობის არაერთ აქტუალურ საკითხს ეხებოდა. მაგალითად, მულტიკულტურალიზმი დღეს მართლმადიდებლობისთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს, ამავე რანგში უნდა ავიყვანოთ მეცნიერების პროგრესი ბიოტექნოლოგიების განხრით, რაც მას უყურადღებოდ არ დარჩენია. ამ საკითხებთან დაკავშირებით მისსავე პოზიციას ნათლად გადმოგვცემს ცნობილი პროგრამის - „მართლმადიდებლობა და მულტიკულტურალიზმი“ - ფარგლებში მის მიერ წაკითხული მოხსენებები.
მიტროპოლიტი კალისტე XX-XXI საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებელი მოაზროვნე იყო. ხანგრძლივი და ნაყოფიერი აკადემიური მოღვაწეობა, მსოფლიოს არაერთ ენაზე თარგმნილი მისი თხზულებები, მის მიერ მართლმადიდებლური ასკეტიკის პოპულარიზება ცხადად მიუთითებს მიტროპოლიტ კალისტეს განსაკუთრებულ ღირსებაზე, რომელიც, ეკლესიის ძველ მამათა მსგავსად, ღრმა ინტელექტუალიზმის/აკადემიზმის ასკეტურ და სამოძღვრო ტრადიციასთან სინთეზში გამოიხატება.
3 -ქართული კონტექსტი
ქართულ ღვთისმეტყველებაში მიტროპოლიტ კალისტეს შემოქმედებისადმი განსაკუთრებული ინტერესი XXI საუკუნიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად, ქართულად ითარგმნა მისი ცნობილი თხზულება „მართლმადიდებლობის გზა“ (2008 წ.). ასევე, მიტროპოლიტ კალისტეს თხზულებათა ფრაგმენტული თარგმანები ქვეყნდებოდა სხვადასხვა ტიპის პერიოდიკაში (მაგალითად, ჟურნალი „ხვამლი“, სადაც პერიოდულად ქვეყნდებოდა ფრაგმენტები ნაშრომიდან „შინაგანი სასუფეველი“). ამ კუთხით ახალი ეტაპი აღმოჩნდა მისი ვიზიტი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ 2018 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიტროპოლიტ კალისტეს 2018 წლის 9 ოქტომბერს მიანიჭა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ქართულად ითარგმნა და გამოიცა მისი „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“ (2019 წ.), რომელიც წარმოადგენს მონახაზს თანამედროვე ეკოლოგიის ჭრილში მართლმადიდებლური თეოლოგიის მნიშვნელობისა და როლის შესახებ. აქ საუბარია სამყაროს ღვთაებრივ შესაქმეზე, თანამედროვე ეკოლოგიურ კრიზისზე და ადამიანის ქრისტიანულ პოზიციაზე ამ კრიზისთან მიმართებით. ასევე, ბეჭდური სახით გამოიცა ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მიტროპოლიტ კალისტესთან გამართული თეოლოგიური დისკუსიის ჩანაწერიც სახელწოდებით - „მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო“ (2019 წ.). ხსენებულ გამოცემაში საუბარია სხვადასხვა თეოლოგიურ საკითხებზე: ქრისტიანულ კოსმოლოგიაზე, ანთროპოლოგიაზე, მადლზე, სიყვარულის ქრისტიანულ კატეგორიაზე და სხვ. გარდა ამისა, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ინტერნეტ-პლატფორმაზე გამოქვეყნდა მისი არაერთი ნაშრომის მნიშვნელოვან ფრაგმენტთა ქართული თარგმანებიც.
4 -რჩეული ბიბლიოგრაფია
ა) მიტროპოლიტ კალისტეს მონოგრაფიები
• The Orthodox Church, Pelican, 1963 (მეორე გამოცემა - Penguin, 1993 წ.; მესამე გამოცემა - Penguin, 2015 წ.).
• Eustratios Argenti: A Study of the Greek Church under Turkish Rule, Clarendon, 1964 (მეორე გამოცემა ახალი წინათქმით: Wipf and Stock, 2013 წ.).
• The Orthodox Way, Mowbray, 1979.
• Praying with Orthodox Tradition, Abingdon, 1990.
• The Power of the Name – The Jesus Prayer in Orthodox Spirituality, SLG Press, 1982.
• How Are We Saved?: The Understanding of Salvation in the Orthodox Tradition, Light & Life, 1996.
• The Ordination of Women in the Orthodox Church, with E. Behr-Sigel, Geneva: WCC Publications, 2000.
• The Inner Kingdom: Collected Works, vol. 1, St Vladimir's Seminary Press, 2000.
• Communion and Intercommunion: A Study of Communion and Intercommunion Based on the Theology and Practice of the Orthodox Church, Light & Life, 1980 (rev.ed. 2002).
• Orthodox Theology in the Twenty-First Century, Geneva: World Council of Churches, 2012.
ბ) მიტროპოლიტ კალისტეს თარგმანები და გამოცემები
• The Festal Menaion translated with Mother Mary), Faber & Faber, 1977.
• (Ed. with C. Davey), Anglican–Orthodox Dialogue: The Moscow Statement Agreed by the Anglican–Orthodox Joint Doctrinal Commission 1976, London: SPCK, 1977.
• The Lenten Triodion (translated with Mother Mary), Faber and Faber, 1978 (მეორე გამოცემა - St. Tikhon's Seminary Press, 2002).
• The Philokalia: The Complete Text (translated with G. E. H. Palmer and P. Sherrard), London: Faber and Faber, vol. 1 (1979), vol. 2 (1982), vol. 3 (1986), vol. 4 (1999).
გ) მიტროპოლიტ კალისტეს ნაშრომების თარგმანები ქართულ ენაზე
• მართლმადიდებლობის გზა, ინგლისურიდან თარგმნა ნ. ბაღათურიამ, თბილისი: „ნათლისმცემელი“, 2008 წ.
• შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა, ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო. კითხვები დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტეს (უეარი), ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• ბერი და დაქორწინებული ქრისტიანი: შედარებები ადრეულ სამონასტრო წყაროებში, ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო თ. გოგუაძემ, იხ.: „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“, N 10 (თბილისი, 2020 წ.), გვ. 177-189.
• დრო: საპყრობილე თუ გზა თავისუფლებისკენ? ინგლისურიდან თარგმნა შ. ყურუამ, იხ.: პეტრიწის პორტალი, http://www.petritsiportal.ge/ka/article/145.