იოანე-ზოსიმე
1 -ცხოვრება და შემოქმედება
ქრისტიანი ბერი და სწავლული იოანე-ზოსიმე შუა საუკუნეების ქართული რელიგიური მწერლობის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედებაც ქართული იდეების ისტორიის მნიშვნელოვან მიმართულებას აფუძნებს. მისი ვინაობის შესახებ ცნობები ფრაგმენტულია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას მხოლოდ შემდეგი: მან ცხოვრების დიდი ნაწილი განვლო პალესტინაში, სადაც VI საუკუნიდან მოყოლებული მოღვაწეობდნენ ქართველი ბერები. პალესტინაში მისი ცხოვრების პირველი პერიოდი უკავშირდება იერუსალიმის მახლობლად მდებარე საბა განწმენდილის ლავრას, ხოლო მეორე პერიოდი კი სინას მთაზე მდებარე წმ. ეკატერინეს მონასტერს. იოანე-ზოსიმეს ცხოვრების ზუსტი წლები უცნობია, მაგრამ მის ტექსტებზე დართულ მინაწერებზე დაყრდნობით (რამდენადაც ისინი თარიღებსაც შეიცავენ), შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ იგი ცხოვრობდა X საუკუნეში; უშუალოდ პალესტინაში მისი მოღვაწეობის პერიოდი კი მოიცავს ამავე საუკუნის მეორე ნახევარს. ზემოხსენებულ მონასტრებში მოღვაწე ქართველი ბერები ინტენსიურ მწიგნობრულ სამუშაოს ეწეოდნენ, რომელიც მოიცავდა ქართული ტექსტების გადაწერას, რედაქტირებას, შევსებასა და თარგმნას; ამავდროულად, დამუშავებული ტექსტებისგან ისინი ადგენდნენ კრებულებს და ქმნიდნენ ორიგინალურ თხზულებებსაც. ეს პროცესი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა და მას სკოლური ხასიათი ჰქონდა. სწორედ ამიტომ ეს ინტელექტუალური ტრადიცია აღინიშნება პალესტინის ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლის სახელით, იოანე-ზოსიმე კი ამ სკოლის წარმომადგენელია. მის ტექსტებზე დართული ანდერძებიდან კი ირკვევა, რომ იგი იყო რედაქტორი, გადამწერი და წიგნთა „შემმოსველი“. იოანე-ზოსიმემ შეადგინა კალენდარული და ჰიმნოგრაფიული კრებულები, შექმნა რამდენიმე ლიტურგიკული ნაშრომის ახალი რედაქცია. მის ჰიმნოგრაფიულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: „ანდერძი იადგარისაჲ“, „ფსალმუნნი ჟამთანი“, „12 ლოცვანი კალისტოსისნი“. მანვე შეადგინა კრებული „საგალობელნი იადგარნი“, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ლიტურგიკულ ტექსტებს. გარდა ამისა, ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, იოანე-ზოსიმემ შეადგინა კალენდარული ნაშრომი „კრებაჲ თთუეთაჲ წელიწდისათაჲ“, მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი პასქალისტური ნაშრომი „ცნობისათჳს და უწყებისა ჭეშმარიტად, რომელი მოგუეთხრა ჩუენ მოძღუართა მიერ განსაზღვრებული გამოძიებისათჳს ჟამთა და წელთა, თთუეთა და დღეთა, მცხრალისათჳს და დღის საძიებელისა, შჳიდეულისათჳის და ნაკისა, მთუარისა ზედნადებისა და ხუთეულისათჳს და ექუსეულისათჳს“. იოანე-ზოსიმემ გადაწერა ქართულად თარგმნილი უძველესი ასტროლოგიური ნაშრომი „კალანდაჲ. თქმული ეზრა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება მოიცავს ლიტურგიკული, ბიბლიური, კალენდარული და კოსმოლოგიური თემების ფართო სპექტრს, თუმცა, საქართველოს ინტელექტუალური ისტორიისათვის იოანე-ზოსიმეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას განსაზღვრავს მისი თხზულება „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, რომელიც ეროვნულ-პოლიტიკური და მისტიკურ-თეოლოგიური მოტივების სინთეზით გაჯერებული ჰიმნია და, ამგვარად, ქართული პოლიტიკურ-თეოლოგიური აზროვნების ერთ-ერთი გამორჩეული ტექსტია.
„ქებაჲ“-ს ავტორთან დაკავშირებით, ქართველ მკვლევრებში, ოდითგანვე აზრთა სხვადასხვაობა იყო. ქართული ლიტერატურის გავლენიანი მკვლევარი, პავლე ინგოროყვა, მიიჩნევდა, რომ იოანე-ზოსიმე ამ ტექსტის მხოლოდ გადამწერი იყო, სინამდვილეში კი თხზულება ეკუთვნოდა არა პალესტინის, არამედ ტაო-კლარჯეთის სკოლას; არსებობდა მესამე მოსაზრებაც, რომ „ქებაჲ“, X საუკუნის ნაცვლად, დაწერილი უნდა ყოფილიყო VI-VII საუკუნეებში, რაც ასევე გამორიცხავდა იოანე-ზოსიმეს ავტორობას. თუმცა, ეს მოსაზრებები რაიმე მყარი მტკიცებულებებით არ დასაბუთებულა. ამდენად, ძველი ქართული მწერლობისა და, ზოგადად, საქართველოს ინტელექტუალური ისტორიის მკვლევართა დიდი უმრავლესობა თანხმდება, რომ ტექსტის ავტორი არის იოანე-ზოსიმე, რომლის სახელიც დაცულია ტექსტის ხელნაწერებში. იოანე-ზოსიმე ღრმა პატრიოტული სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. ეს ჩანს არა მხოლოდ „ქებაჲ“-ში, არამედ მის ხელნაწერს დართულ ანდერძშიც: „ქრისტე შეიწყალე... ყოველნი ძმანი და ყოველნი ქრისტეანენი, და უფროჲს ყოველთასა ყოველნი ქართველნი“.
2 -„ქებაჲ“-ს კვლევის მოკლე ისტორია
„ქებაჲ“-ს ხელნაწერი პირველად აღმოაჩინა ბიბლიური ტექსტების გერმანელმა მკვლევარმა კონსტანტინ ფონ ტიშენდორფმა, სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში, 1844-1854 წლებში პალესტინაში განხორციელებული ექსპედიციებისას. ტიშენდორფმა - ათეულობით ახლადაღმოჩენილ ბერძნულ, სირიულ და ქართულ ხელნაწერთან ერთად - „ქებაჲ“-ს ხელნაწერი გადასცა პეტერბურგის ბიბლიოთეკას. 1858 წელს ტიშენდორფისეული ხელნაწერები შეისწავლა ცნობილმა ფრანგმა აღმოსავლეთმცოდნე მარი ბროსემ და ამ კოლექციას სპეციალური გამოკვლევაც მიუძღვნა; ამ ნაშრომში მოცემულია ქართულ ხელნაწერთა, მათ შორის, „ქებაჲ“-ს აღწერილობა. მარი ბროსემ „ქებაჲ“-ს ტექსტი ფრანგულადაც თარგმნა და შეიტანა იმავე წიგნში. 1883 წელს, პალესტინაში, ექსპედიცია მოაწყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, ალექსანდრე ცაგარელმა და მან სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში, მრავალი ქართული ხელნაწერი აღმოაჩინა, მათ შორის იყო „ქებაჲ“-ს სამი სხვადასხვა ხელნაწერი. ხელნაწერთა კატალოგი მანვე გამოაქვეყნა 1888 წელს. 1902 წელს სინას მთაზე შედგა მორიგი ექსპედიცია შოტლანდიურ-ქართული წარმოშობის ენათმეცნიერის, ნიკო მარისა და ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის მონაწილეობით. ექსპედიციის წინასწარი შედეგები ნიკო მარმა გამოსცა 1903 წელს. 1924 წელს ჟურნალ „კავკასიონში“ გამოქვეყნდა „ქებაჲ“-ს ტექსტი ნიკო მარის ექსპედიციის მასალების მიხედვით. 1940 წელს გამოქვეყნდა სინას მთის ხელნაწერთა ნიკო მარისეული აღწერა, სადაც დაიბეჭდა „ქებაჲ“-ს ტექსტი ორი ხელნაწერის მიხედვით. 1947 წელს გამოქვეყნდა სინას მთის ხელნაწერთა აღწერილობის ვერსია ივ. ჯავახიშვილის მიერ. 1950 წელს სინას მთაზე ექსპედიცია მოაწყო ბელგიელმა ქართველოლოგმა, ჟერარ გარიტმა და შეადგინა იქაური ქართული ხელნაწერების სრული კატალოგი. მასში მოცემულია „ქებაჲ“-ს ხელნაწერთა დაწვრილებითი აღწერა და კოდიკოლოგიური დახასიათება. მთლიანობაში, სინას მთის კოლექციების შესწავლის შედეგად, აღმოჩენილი იქნა „ქებაჲ“-ს ოთხი ხელნაწერი. გარდა ზემოთ დასახელებული პირებისა, „ქებაჲ“-ს ტექსტის ფილოლოგიური, ისტორიულ-კრიტიკული და იდეური შესწავლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა მკვლევრებმა: კორნელი კეკელიძემ, აკაკი შანიძემ, სიმონ ჯანაშიამ, ზვიად გამსახურდიამ, აკაკი ბაქრაძემ, თამაზ ჩხენკელმა, ზურაბ კიკნაძემ და სხვ. იოანე-ზოსიმესა და მის ხელნაწერ მემკვიდრეობას სპეციალური კვლევები ასევე მიუძღვნეს ბელგიელმა ქართველოლოგმა მიშელ ვან ესბროკმა და გერმანელმა ლინგვისტმა ვინფრიდ ბოედერმა.
3 -პოლიტიკურ-თეოლოგიური იდეები
იოანე-ზოსიმეს „ქებაჲ“ თეოლოგიურ-პოლიტიკური ხასიათის უმნიშვნელოვანეს იდეებს შეიცავს. ქართული პოლიტიკური თეოლოგიის ერთ-ერთი სათავე სწორედ ეს თხზულება უნდა იყოს, რამდენადაც მასში განვითარებულია ამ პარადიგმისათვის დამახასიათებელი დებულებები. ტექსტი ასე იწყება:
„დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად.
რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.“
ამ მონაკვეთში იოანე-ზოსიმე სამჯერ იყენებს სიტყვას „ენა“ შემდეგი ფორმებით: „ენაჲ“, „ენასა“, „ენითა“. ზვიად გამსახურდია მართებულად შენიშნავს, რომ ენა ძველ ქართულში, ამავდროულად, შეიძლება აღნიშნავდეს ერს, ხალხს, მოდგმას. ლოგიკურია, რომ აქ „ყოველსა ენასა“ ნიშნავდეს - „ყოველსა ერსა“. შესაბამისად, თანამედროვე ქართულით თხზულების პირველი მონაკვეთი ასეთი შინაარსის იქნება: ქართული ენა დამარხულია მეორედ მოსვლამდე, რომელიც დამოწმდება მესიის მიერ, ამ ჟამის დადგომას ყოველ ერს ღმერთი აუწყებს ქართული ენით. პირველივე სტრიქონებში იოანე-ზოსიმე ახსენებს ღმერთს, ენასა და ერს. პოლიტიკური თეოლოგიისთვის სამივე ცნება საკვანძოა. ამგვარად, ქართული პოლიტიკური თეოლოგიის ეს ტექსტი იწყება არა მეფეებსა და მათ ძალაუფლებაზე ტრივიალური საუბრით, არამედ ბევრად უფრო აღმატებული სიდიდეების (ღმერთის, ენისა და ერის) ხსენებით. ავტორი გამოკვეთს ქართველი ერის ერთგვარ მისიას: ქართველები ინახავენ და იცავენ იმ ენას, რომლითაც მეორედ მოსვლისას ღმერთი კაცობრიობას განსჯის. ქართველი ერი ღმერთის მიწიერი მოკავშირე გამოდის, მეტიც, მისი არსებობა ქრისტიანული მსოფლიო-ისტორიული პროცესის ღვთაებრივი ჩანაფიქრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
ტექსტის ასეთ გაგებას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ჩვენს წინაშე ჩვეულებრივი მწერალი კი არ არის, არამედ უაღრესად ფართო ჰორიზონტის მოაზროვნე, რომელიც თავის ერს არა მხოლოდ მიწიერ, არამედ ერთგვარ კოსმიურ მისიასაც უსახავს. ასე რომ, ქართული პოლიტიკური თეოლოგია ამბიციური განაცხადით იწყება.
თუმცა, სანამ თხზულების შემდეგ ნაწილებზე გადავიდოდეთ, უნდა განვმარტოთ ცნება „ერი“. როგორც ზემოთ ვნახეთ, იოანე-ზოსიმე საუბრობს ქართულ ენაზე. ენა ვერ იქნება განყენებული, აბსტრაქტული ცნება. ენა დაკავშირებულია კულტურასთან. კულტურა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ერი, რამდენადაც კულტურა შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ერებს. მაგრამ, სხვა კულტურებისაგან განსხვავებით, ქართული კულტურა მხოლოდ ქართველ ერში არსებობს. ამგვარად, ქართულ ენაზე საუბარი იმთავითვე ნიშნავს ქართულ კულტურაზე და, შესაბამისად, ქართველ ერზე საუბარს. ასე რომ, იოანე-ზოსიმეს მიერ ნახსენებ ქართულ ენაში ავტომატურად იგულისხმება ქართველი ერიც. ერი პოლიტიკური ცნებაა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ყველა ერს არ ჰქონდეს პოლიტიკური სისტემა ან სახელმწიფო, ხალხის მიერ ერად თავისი თავის იდენტიფიცირება ნიშნავს, რომ ის გამოარჩევს თავს სხვადასხვა ნიშნებით და ამდენადვე ესწრაფვის საკუთარი ინდივიდუალიზმის რეალიზაციას სოციალურ ცხოვრებაში, რაც ამავდროულად წარმოქნის მის პოლიტიკურ მიზნებსა და ამოცანებს. ამგვარად, ნებისმიერი ერი არის პოლიტიკური მთელი. ქართველი ერის პოლიტიკურობას კიდევ უფრო აძლიერებდა სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. მაშასადამე, ქართველ ერში იმთავითვე უნდა ვიგულისხმოთ პოლიტიკური მთელი შესაბამისი მიზნებითა და ამოცანებით. იოანე-ზოსიმეს ტექსტით, ქართველი ერის ღვთაებრივ-კოსმიური მისიის პარალელურად, ჩვენს წინაშე იშლება ქართველების სხვა ერებზე აღმატებულობის სურათი, რომელიც აყალიბებს ქართველთა რჩეულობის თეოლოგიურ-პოლიტიკურ იდეას. ტექსტის მომდევნო პასაჟი მნიშვნელოვან სახარებისეულ ამბავზე მიუთითებს:
„და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.“
იოანე-ზოსიმე ქართული ენის ბედისწერას აკავშირებს ლაზარეს სიკვდილისა და აღდგინების სახარებისეულ გადმოცემასთან, რასაც ტექსტის მომდევნო ნაწილებიც ცხადყოფენ:
„და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაისწარმეტყუელმან, რამეთუ
‘წელი ათასი – ვითარცა ერთი დღეჲ’.“
ქართველი ავტორი ოთხი დღის მკვდარ ლაზარეს აიგივებს ქართული ენის მდგომარეობასთან და იმოწმებს დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს, რომელიც ღმერთს მიმართავს: „რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე...“ (ფსალმ. 89:4). ამით იგი ირიბად გვეუბნება, რომ ქართული ენა ოთხი ათასი წლისაა.
„და ესე არს ოთხი დღეჲ და ოთხისა დღისა მკუდარი,
ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა.“
ავტორის თანახმად, ამ ოთხი დღის, ე.ი. ოთხი ათასი წლის მიძინებული ქართული ენა ქრისტესგან ღებულობს ნათლისღებას. სახარებისეულ ლაზარეზე მითითება, იოანე-ზოსიმეს გზავნილებს მისტიკურ საბურველში ჰხვევს და, როგორც წესი, დაბნეულობას იწვევს. ქართული ენის დაკავშირება ლაზარესთან ორ ძირითად მიზანს ემსახურება:
1. ავტორი უკვე ბიბლიურ ამბავზე მითითებით ხსნის იმას, რაც თავშივე თქვა. თხზულების დასაწყისში იგი ამბობს, რომ ქართული ენა დამარხულია და მეორედ მოსვლას ღმერთი ამ ენით აუწყებს კაცობრიობას. იოანე მახარობელთან გადმოცემულია იესოს მეგობრის, ლაზარეს ამბავი, რომელიც სნეულებით მოკვდება, რაზეც იესო იტყვის: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას“ (იოან. 11:11). იესო ბეთანიაში ჩადის, ლაზარე უკვე ოთხი დღის მკვდარია, მასსა და ლაზარეს დას შორის იმართება შემდეგი საუბარი: „უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა. მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად“ (იოან. 11: 23-27). ლაზარეს სიკვდილით დამწუხრებული იესო იქ შეკრებილი მრავალი ადამიანის წინაშე თავის ერთ-ერთ მთავარ სასწაულს აღასრულებს: „...იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!“ (იოან. 11: 41-43). ამგვარად, ნათელია, რომ იოანე-ზოსიმე, თავის ტექსტში, პირდაპირ პარალელებს ავლებს ზემოთ მოყვანილ სახარებისეულ გადმოცემებთან:
• ქართული ენა მიძინებულია, როგორც ლაზარე;
• ქართული ენა აღდგება, როგორც ლაზარე აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას;
• ქართული ენა აღდგება იესოს მეორე მოსვლისას, რამდენადაც იგი არის აღდგომა და სიცოცხლე;
• იესოს ირწმუნებენ, ლაზარეს აღდგინებით იგი ამოწმებს, რომ ღმერთისგან მოვლენილი მესიაა.
2. შუა საუკუნეების სამყაროში, რაიმე დებულების დასაბუთებისა და გამყარების ყველაზე შედეგიანი გზა ბიბლიის დამოწმება იყო. ამ გზას მიმართავს იოანე-ზოსიმეც. მისი დოქტრინა ამბიციურია, მასში ქართული ენისა და ქართველი ერის რჩეულობაა გაცხადებული. ბუნებრივია, მას კარგად ესმოდა, რომ ამ თამამ განაცხადს სათანადო დასაბუთება ესაჭიროებოდა, ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ამ ღვთაებრივ ეპიზოდთან იმანენტური კავშირის განვითარება, მისი პოზიციების სათანადო სიმყარეს უზრუნველყოფდა. ამდენად, ის საოცარი ოსტატობითა და სინატიფით ქმნის ბიბლიური სწავლებებისა და საკუთარი თეორიის ორგანულ ნაზავს.
იოანე-ზოსიმეს ტექსტში ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი მონაკვეთი:
„და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან.
ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაჲ.“
ავტორი აქ ეხება წმ. ნინოს მიერ საქართველოს გაქრისტიანების ამბავს. თუმცა, საგულისხმოა დედოფალ ელენეს ხსნება. ეს უკანასკნელი გახლდათ იმპერატორ კონსტანტინე დიდის დედა და მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. ცნობილია, რომ წმ. ნინოს რჩევით მეფე მირიანი თხოვს კონსტანტინესა და ელენეს საქართველოში გამოგზავნონ ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი იოანე პირველ მღვდლებთან ერთად ჩამოდის საქართველოში ანტიოქიიდან და იწყება საქართველოს გაქრისტიანების პროცესი. ახალ ეპისკოპოსს წმ. ნინოსთვის ჩამოაქვს დედოფალ ელენეს წერილი. სავარაუდოდ, სწორედ ამ გადმოცემებზე დაყრდნობით მოიხსენებს იოანე-ზოსიმე წმ. ნინოსა და წმ. ელენეს დებად და აღნიშნავს მის როლს საქართველოს გაქრისტიანებაში. თუმცა, რომაელი დედოფლის ხსენებას სხვა მიზანიც უნდა ჰქონდეს; ავტორი ისტორიულ თხზულებას არ წერს და მისი მთავარი ამოცანა ქართველი ერის რჩეულობის დასაბუთებაა.
მართალია, საქართველოს გაქრისტიანების და წმ. ნინოს მოღვაწეობის ზუსტი დრო ისტორიკოსებს შორის დღემდე სადავოა, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქართლის სამეფო, რომის იმპერიის კვალდაკვალ, ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფო გახდა. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ქართლი, რომთან ერთად, ქრისტიანობის პოლიტიკური დამფუძნებელია, რამდენადაც ორივემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. იოანე-ზოსიმეს მიერ წმ. ნინოსა და ელენე დედოფლის ერთად ხსენება, ქრისტიანობის დამკვიდრებაში, ქართლსა და რომს შორის თანამშრომლობის კონტექსტსაც მოიცავს და ხაზს უსვამს ქართული სამეფოს ამ მნიშვნელოვან ისტორიულ როლს, რითაც ავტორი ქართველი ერის რჩეულობის კიდევ ერთ შტრიხს გამოჰყოფს.
ამრიგად, იოანე-ზოსიმეს თხზულების ზემოთ განხილული დებულებები პოლიტიკური თეოლოგიის ჭრილში შეიძლება შემდეგნაირად შევაჯამოთ:
ა) ქართველ ერს მსოფლიო-ისტორიული პროცესის განხორციელებაში აკისრია ესქატოლოგიური მისია, შეინახოს ღვთისაგან რჩეული ენა ბოლო ჟამისათვის.
ბ) ქართველი ერის ამ მისიას აქვს ბიბლიური საფუძვლები; ლაზარეს აღდგინების სახარებისეულ ეპიზოდში აღწერილია ის, რაც მომავალშიც განმეორდება. ამდენად, ეს კონკრეტული ამბის გადმოცემასთან ერთად წინასწარმეტყველებაცაა, რომლის შესრულებაც მოხდება ღმერთის მიერ ქართული ენის აღდგინებით.
გ) საქართველო, სახელმწიფოებრივ დონეზე, ქრისტიანობის ერთ-ერთი პირველი ფუძემდებელია და ის ამიტომაც მსოფლიო ქრისტიანული სამყაროს ცენტრია.
ამგვარად, იოანე-ზოსიმეს პოლიტიკურ-თეოლოგიური მოძღვრება ეხება ქართველი ერისა და ენის რჩეულობის საკითხს. ამ იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა ქართული პოლიტიკურ-თეოლოგიური აზროვნების განვითარების შემდგომ ეტაპებზე.
4 -სამეცნიერო ლიტერატურა
• ბაქრაძე, ა.: ისევ - „ქებაჲ“-ს გამო, ჟურნალში: „მნათობი“, N1 (თბილისი, 1983 წ.), გვ. 159-164.
• გამსახურდია, ზ.: „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“: ზოგიერთი მოსაზრება ძველი ქართული თეოსოფიური მწერლობის ძეგლის „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს შესახებ, ჟურნალში: „ცისკარი“, N3 (თბილისი, 1987 წ.), გვ. 130-148.
• ინგოროყვა, პ.: გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა. ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან, თბილისი, 1954 წ.
• იოანე ზოსიმე: „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, რედ. შემდგ. - ტ. ფუტკარაძე, [ქუთაისი], 2000 წ.
• [იოანე-ზოსიმე]: მეათე საუკუნის ძველი ქართული ტექსტი: „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, ჟურნალში: „კავკასიონი“, N1-2 (ტფილისი, 1924 წ.), გვ. 267-270.
• კეკელიძე, კ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I: ძველი მწერლობა, თბილისი, 1960 წ.
• კეკელიძე, კ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. V, თბილისი, 1957 წ.
• მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, წგ. II, თბილისი, 1980 წ.
• სინური მრავალთავი 864 წლისა, ა. შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით, თბილისი, 1959 წ.
• ჩხენკელი, თ.: „ლაზარე“, „ახალმან ნინო“, გაზეთში: „ლიტერატურული საქართველო“, N17 (თბილისი, 1983 წ.), გვ. 10-11.
• ჯავახიშვილი, ი.: სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბილისი, 1947 წ.
• Brosset, M.: Notice sur un manuscrit géorgien de la Bibliothèque imp. publique, provenant de M. Tischendorf (Lu le 26 févr. 1858) // Bull. de la Classe des sciences hist., philol. et polit. de l’Acad. imp. des sciences de St.-Pétersbourg, 1858. – T. 15, N 12. – Col. 177−189.
• Esbroeck, M. van: Les manuscrits de Jean Zosime Sin. 34 et Tsagareli 81 // «Bedi Kartlisa», # 39 (Paris, 1981), pp. 63-75.
• Garitte, G.: Catalogue des manuscrits géorgiens littéraires du Mont Sinaï, Louvain, 1956.
• Марр, Н. Я.: Описание грузинских рукописей Синайского монастыря, Москва-Ленинград, 1940.
• Цагарели, А.: Памятники грузинской старины в Святой Земле и на Синае, Санкт-Петербург, 1888.