კაკაბაძე ზურაბ
1 -აკადემიური გზა
ზურაბ კაკაბაძე დაიბადა 1926 წლის 13 მარტს ქ. თბილისში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, იქვე გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში კოტე ბაქრაძის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად იგი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ლოგიკით და მისი საკანდიდატო დისერტაციაც ამ სფეროს ეხება.
მიუხედავად ამისა, ზურაბ კაკაბაძე ქართული ფილოსოფიის ისტორიაში დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის უბადლო მცოდნედ არის ცნობილი. მან უაღრესად მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა კანტის, ჰუსერლის, ჰაიდეგერის, სარტრის, კამიუს და სხვ. შესახებ. გარდა ამისა, იგი დაინტერესებული იყო ეთიკის, ესთეტიკის, კულტურის ფილოსოფიის, ეკოლოგიის, ხოლო განსაკუთრებით კი ფენომენოლოგიის საკითხებით. ფილოსოფიურ წრეებში ფართოდ იყო ცნობილი მისი გამოკვლევები ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგიის შესახებ.
ზურაბ კაკაბაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ესთეტიკის განყოფილებას. მისი ფილოსოფიური ნაშრომები სხვადასხვა ენაზეა გამოქვეყნებული.
ზურაბ კაკაბაძე გარდაიცვალა ავადმყოფობის შემდეგ - 1982 წლის 15 თებერვალს (55 წლის ასაკში).
2 -ფილოსოფიური ნაშრომები
ზურაბ კაკაბაძე თავის ნაშრომში „‹ექსისტენციური კრიზისის› პრობლემა და ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია“ (ეს ნაშრომი, თავდაპირველად, თბილისში გამოვიდა, რუსულ ენაზე, 1966 წელს) ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგიურ კონცეფციას განიხილავს კრიტიკულად. კერძოდ, იგი აკრიტიკებდა „ტრანსცენდენტალური სუბიექტურობის“ ცნებას, რომელიც კოსმოსის მთავარ პრინციპადაც კი განიხილებოდა. ზ. კაკაბაძე თვლიდა, რომ ჰუსერლის ფენომენოლოგია ფილოსოფიაში ფსიქოლოგიზმის დაძლევას ცდილობდა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა. სწორედ ამის გამო ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია უსასრულობის პერსპექტივას კარგავს და „სასრულობის ფილოსოფიად“ გარდაიქმნება, რომელიც, თავის მხრივ, პესიმისტური მსოფლმხედველობის საფუძველი ხდება.
ზურაბ კაკაბაძის მეორე ნაშრომი „ადამიანი, როგორც ფილოსოფიური პრობლემა“ (ეს ნაშრომიც, თავდაპირველად, თბილისში გამოვიდა, რუსულ ენაზე, 1970 წ.) კაპიტალისტურ საზოგადოებაში ადამიანის გაუცხოების პრობლემას განიხილავს და ინდუსტრიულ ეპოქაში მის ხვედრს აჩვენებს. ქართველი ფილოსოფოსი აკრიტიკებს ინდუსტრიულ ხანაში ადამიანის მანქანად ქცევის ტენდენციას. მისი აზრით, ინდუსტრიული საზოგადოების იდეოლოგია გადალახული უნდა იქნეს, რადგან ადამიანის ბუნება მანქანად ქცევის ტენდენციას ეწინააღმდეგება და მისი შინაგანი არსი თავისუფლებაშია. ადამიანის თავისუფლად ყოფნა არის სწორედ ის ამოსავალი წერტილი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ადამიანის ფილოსოფიური პრობლემის განხილვას. ბუნების მეცნიერებათა მიღწევები ხშირად ცრურწმენებს აღძრავენ, თითქოსდა, ადამიანის გამოცანის ამოხსნა ბუნების „ობიექტური განხილვის“ შედეგად ხდება. ადამიანად ყოფნა, ამის საპირისპიროდ, მის შემოქმედებით, კრეატიულ ბუნებაშია საძიებელი, რაც, თავის მხრივ, თავისუფლების პრინციპს გულისხმობს. ყოველი ცალკეული ადამიანის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტს თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობისა, რაც უფრო მეტი თავისუფლების მიღწევის წინაპირობად უნდა იქცეს. ადამიანის თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობა წარმოადგენს იმის წინაპირობას, რომ მიღწეული იქნეს „თავისუფლების სამეფო“, ვითარცა ადამიანად ყოფნის იდეალი, და მეტ-ნაკლებად წარმატებით იქნეს დაძლეული ყოფიერების ობიექტური წინააღმდეგობანი, რომლებიც მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და პროცესების ჭრილში აისახება.
ზურაბ კაკაბაძე ადამიანის პრობლემის განხილვის დროს ორ სხვადასხვა გზას განასხვავებს ერთმანეთისგან. ცნობილია, რომ ტრადიციული ფილოსოფია ადამიანის გაგების იმ მეთოდს ეყრდნობოდა, რომელიც ადამიანს „გონიერ ცხოველად“ განიხილავდა. ამ ფორმულით ადამიანის გარეგანი განსაზღვრება იქნა წინა პლანზე წამოწეული, რომელიც მის ყოფიერებით განზომილებას ანიჭებდა უპირატესობას, ხოლო ადამიანის არსისეული ბუნება, როგორც თავისუფალი შემოქმედი არსებისა, სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა. თანამედროვე ფილოსოფია კი ადამიანის განხილვის დროს განსხვავებულ პერსპექტივას ანიჭებს უპირატესობას და განსაკუთრებით ხაზს უსვამს მის შემოქმედებით ბუნებას, რომელიც თავისუფლებითა და თავისუფალი ყოფნით გამოიხატება. სწორედ ამის მეშვეობით იძენს ადამიანური ყოფიერება უმაღლეს ღირსებას, რადგან ადამიანი ის არსებაა, რომელიც მთელ სამყაროს თავის თავში მოიცავს სწორედ რომ კრეატიული სახით.
შეჯამების სახით კი შეიძლება ითქვას, რომ ზურაბ კაკაბაძის ორივე წიგნი მეტად საინტერესოდ განიხილავს ადამიანის პრობლემას, არსსა და ბედისწერას თანამედროვე საზოგადოებაში. ადამიანის თავისუფლება, კერძოდ კი, მისი თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობა იმის გარანტიაა, რომ ადამიანს გარემომცველი სამყაროსა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება.
ზურაბ კაკაბაძის ფილოსოფიური შემოქმედების სრულად დახასიათება შეუძლებელი იქნებოდა მისი კიდევ ორი სხვა ქართულენოვანი ნაშრომის გარეშე. ერთი მათგანი ასეთი სათაურითაა ცნობილი - „ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება“ (თბილისი, 1979 წ.); მეორე ნაშრომი კი ზურაბ კაკაბაძის გარდაცვალების შემდეგ შემდეგი სათაურით გამოვიდა - „ფილოსოფიური საუბრები“ (თბილისი, 1988 წ.). ორივე ნაშრომი სხვადასხვა კვლევების კრებულს წარმოადგენს და ხელოვნების, კულტურის, გარემომცველი სამყაროსა და სხვ. ფილოსოფიურ საკითხებს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ზურაბ კაკაბაძის გამოკვლევების ფარგლებში საგანგებო ყურადღება ექცევა გავლენიანი ფილოსოფიური მიმდინარეობების (მაგალითად, ფენომენოლოგია და ეგზისტენციალიზმი) ხედვებს ამ საკითხების თაობაზე; იმანუელ კანტის ესთეტიკა და მისი ინტერპრეტაცია ასევე საგანგებო კვლევის საგანია ნაშრომისა „ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება“. ქართველი ფილოსოფოსის აზრით, კანტის ესთეტიკამ წმინდა ფორმალიზმი გადალახა და გამოხატვის ესთეტიკად ჩამოყალიბდა. ესთეტიკური ფენომენი აქ ადამიანური ყოფიერების სტრუქტურებს გამოხატავს. ესთეტიკური ფენომენი წმინდა თეორიული ენისგან უნდა გავმიჯნოთ, რადგან ეს უკანასკნელი მნიშვნელობათა სისტემისგან შედგება, ხოლო პირველი კი არსებული საგნობრივი ვითარების „გამოხატვას“ წარმოადგენს. ზურაბ კაკაბაძის აზრით, თეორიული შემეცნება ადამიანის ყოფიერებას კაუზალური სქემების მიხედვით განიხილავს, ხოლო ესთეტიკური ფორმა კი ადამიანის თავისუფლებასა და შემოქმედებითობას ეფუძნება, რაც ადამიანის ყოფიერების საკუთრივ არსს წარმოადგენს.
ნაშრომი „ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება“ სხვა მნიშვნელოვან ფილოსოფიურ პრობლემებსაც განიხილავს. უაღრესად საყურადღებოა ამ ნაშრომის ის გამოკვლევები, რომლებიც ხელოვნებისა და სინამდვილის, ხელოვნებისა და მისი პუბლიკის აქტუალურ პრობლემებს მოიცავს; საყურადღებოა კულტურის, კერძოდ კი, ფილმის მნიშვნელოვანი ასპექტების მომცველი კვლევებიც, ასევე, ის შრომებიც, რომლებიც ცხოვრებისადმი ფილოსოფიის მიმართებისა და ჟან-პოლ სარტრის ფენომენოლოგიურ ონტოლოგიაში პიროვნებათა/ადამიანთა შორის ურთიერთმიმართების საკითხებს აშუქებს. ზურაბ კაკაბაძის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ ადამიანთა ცხოვრებაში ფილოსოფიური ცოდნის მნიშვნელობა ეჩვენებინა და, აქედან გამომდინარე, ე.წ. „აკადემიური ფილოსოფიის“ ცალმხრივი ამბიციები მოეთოკა. ფილოსოფიას საქმე აქვს ცხოვრების მაორიენტირებელ, სახელმძღვანელო პრინციპებთან და ცხოვრების საზრისთან. ფილოსოფოსი მხოლოდ „წმინდა ლოგოსებით“ კი არ უნდა იყოს დაინტერესებული, არამედ ცხოვრების მნიშვნელოვანი პრობლემებითაც.
ზურაბ კაკაბაძის მეორე ნაშრომიც „ფილოსოფიური საუბრები“ ხელოვნების, ლიტერატურის, ფილოსოფიისა და სხვ. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს განიხილავს. ამ ჭრილში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნების ნაწარმოების გაგებასა და ხელოვნების როლისა და ფუნქციის საკითხსაც. ზ. კაკაბაძის გაგებით, ხელოვნება და ფილოსოფია ერთმანეთს საჭიროებს, რადგან ფილოსოფია, როგორც ეპოქის კრიტიკოსი, ანალიზის დროს ხელოვნების მნიშვნელოვან ქმნილებებს უნდა დაეყრდნოს. თავის მხრივ, ხელოვნებასაც სჭირდება ფილოსოფია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მას ხდომილებათა არსის წვდომა სწადია. აქედან გამომდინარე, ხელოვნებისა და ფილოსოფიის დიალოგი სააზროვნო გამოცდილების გარდაუვალი მოცემულობაა.
უნდა ითქვას, რომ ზურაბ კაკაბაძის ამ ნაშრომში მეტად საინტერესო და ფართოდ გავრცელებული ესსეები გვხვდება ეგზისტენციალიზმის, განსაკუთრებით კი, ალბერ კამიუს შემოქმედების შესახებ. ქართველი ფილოსოფოსი ალბერ კამიუს ლიტერატურული ქმნილებების მოხმობით კამიუს „აბსურდის ფილოსოფიას“ აანალიზებს. ზ. კაკაბაძის საგანგებო ინტერესს ეგზისტენციალიზმისა და ალბერ კამიუს შემოქმედებისადმი ის ფაქტი განაპირობებდა, რომ ეგზისტენციალისტებთან ადამიანის პრობლემა სრულიად ახალი პერსპექტივითა და ორიგინალური სახით წარმოჩნდა. „აბსურდის ფილოსოფიას“ საქმე აქვს ადამიანის სრულ ემანსიპაციასთან, რის გამოც ის აბსოლუტური თავისუფლების ფილოსოფიადაც კი შეიძლება იწოდოს. აბსურდული ცნობიერების შემადგენელი ელემენტებია: ჯანყი, თავისუფლება და ცნობისწადილი. საქმე ის კი არაა, ვინმე მორალურად ცხოვრობს თუ არა, არამედ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანი ცოცხლობს და რაც შეიძლება დიდხანს ცოცხლობს. აქ უკვე ღირებულებითი ცნობიერება დიდ როლს აღარ თამაშობს, რადგან მის ადგილს იკავებს ე.წ. „ფაქტობრივი ცნობიერება“. აბსურდის გაცნობიერება და აღიარება კი, საბოლოო ჯამში, სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობას ქმნის. იმ სამყაროში, სადაც მარადიულის პერსპექტივა უკვე აღარ არსებობს, ადამიანებს არ ძალუძთ მყარი მუდმივების შეცნობა და სხვათა სასარგებლოდ ზრუნვა. საბოლოო ჯამში, ისადგურებს ეგოიზმი და ადამიანები რჩებიან მარტოსულნი და იზოლირებულნი. ამ უმძიმესი მდგომარეობის გადასალახად ადამიანები თვითმკვლელობას სჩადიან, რაც აბსურდული სიტუაციიდან გამოსავლის ძიების გამოძახილად აღიქმება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანთათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის თვითმკვლელობა (სუიციდი). ისმის კითხვა: ღირს თუ არა, რომ ხანგრძლივად ვიცოცხლოთ? მართალია, ცხოვრება აბსურდია, თუმცა, თვითმკვლელობის ჩადენა არ შეიძლება. მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება ღირს! ზურაბ კაკაბაძემ თავის ესსეში „ალბერ კამიუ“ ფრანგი ფილოსოფოსი იმ ტიპის მაძიებელ მოაზროვნედ დაახასიათა, რომელსაც ახალი ღირებულებების პოვნა და დაფუძნება სურდა. თანაც, მას იმგვარი პერსპექტივის პოვნა სურდა, რომელიც მარადიულს აღარ საჭიროებს.
ზურაბ კაკაბაძის საგანგებო ინტერესი ფენომენოლოგიისა და ეგზისტენციალიზმისადმი იმით იყო განპირობებული, რომ ამ მიმართულებათა წარმომადგენლები ადამიანის პრობლემას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ და მას ორიგინალურად განიხილავდნენ კიდეც. ფენომენოლოგიური და ეგზისტენციალისტური კონცეფციები ზურაბ კაკაბაძემ საფუძვლად დაუდო თავის ფილოსოფიურ ანთროპოლოგიას. როგორც აღინიშნა, მისი ფილოსოფიური ინტერესის საგანი იყო ადამიანის პრობლემა და მისი ადგილი ინდუსტრიულ საზოგადოებაში. ქართველი ფილოსოფოსი ცხადად აჩვენებს, რომ ინდუსტრიული ეპოქა არა მარტო ადამიანის ყოფიერების კრიზისს იწვევს, არამედ მრავალ ეკოლოგიურ პრობლემასაც. ამ საკითხს განიხილავს ზურაბ კაკაბაძის ფილოსოფიური ესსე „ბუნების დაცვის ერთი უცნობი ასპექტის შესახებ“, რომელიც „ფილოსოფიური საუბრების“ ბოლო თავს წარმოადგენს. ამ ესსეში ავტორი აჩვენებს ეკოლოგიური ცნობიერების მნიშვნელობას, რადგან ბუნება გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ლანდშაფტი და ა.შ. ის ზემოქმედებას ახდენს ამა თუ იმ ხალხის ტემპერამენტსა და კულტურაზე. ამდენად, ბუნების გარდაქმნის სურვილი ყოველთვის სიფრთხილესთან უნდა იყოს დაკავშირებული, რათა ადამიანებმა სხვა ცოცხალი არსებების არსებობა არ დააყენონ ეჭვქვეშ. ასე რომ, ინდუსტრიული საზოგადოების ამბიციები, რომლებიც ბუნებას უკავშირდება, დიდი სიფრთხილითა და გონითი მიზნობრიობით უნდა იქნეს შემოწმებული.
ზურაბ კაკაბაძემ - თავისი გამოკვლევებით ფენომენოლოგიის, ეგზისტენციალიზმისა და მათი მთავარი წარმომადგენლების შესახებ - არსებითად გაამდიდრა XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ფილოსოფია და ამ მიმდინარეობათა შესახებ ცოდნის გავრცელებასა და განვრცობას შეუწყო ხელი. მისი ნაშრომების წყალობით აღნიშნული ფილოსოფიური მიმართულებები უფრო მეტად პოპულარულიც კი გახდა საქართველოში. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ამ სფეროს თემატური სპექტრი ზურაბ კაკაბაძის შემოქმედებითაც საზრდოობდა. მისი ფილოსოფიური ნაშრომები თარგმნილია უცხო ენებზე.
3 -ბიბლიოგრაფია
(ა) ზურაბ კაკაბაძის რჩეული შრომები
• Проблема „Экзистенциального кризиса“ и трансцендентальная феноменология Эдмунда Гуссерля, Тбилиси: „Мецниереба“, 1967.
• Человек, как философская проблема, Тбилиси: „Мецниереба“, 1970.
• Феномен искусства, Тбилиси: „Мецниереба“, 1980.
• Проблема человеческого бытия, Тбилиси: „Мецниереба“, 1985.
• ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება, თბილისი: „ხელოვნება“, 1979 წ.
• „ექსისტენციური კრიზისის“ პრობლემა და ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია, თბილისი: „მეცნიერება“, 1985 წ.
• ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა, თბილისი: „მეცნიერება“, 1987 წ.
• ფილოსოფიური საუბრები, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1988 წ.
• ფილოსოფია და ცხოვრება, ბათუმი: „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2012 წ.
• რჩეული ფილოსოფიური შრომები. ერთტომეული, ბათუმი: „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2012 წ.
(ბ) სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა ზურაბ კაკაბაძის შესახებ
• ბრეგაძე, ა.: ზურაბ კაკაბაძე (1926-1982), წიგნში: ა. ბრეგაძე, ქართველი ფილოსოფოს-ანთროპოლოგები: მოგონებანი, პიროვნული პორტრეტები, ანთროპოლოგიური შემოქმედება, თბილისი: „უნივერსალი“, 2007 წ., გვ. 94-114.
• ბუაჩიძე, თ.: ზურაბ კაკაბაძის გახსენება, ჟურნალში: „მნათობი“, #7-8 (თბილისი, 2001 წ.), გვ. 110-112.
• თევზაძე, გ.: კაკაბაძე ზურაბ მეთოდეს ძე, იხ.: ქართველ ფილოსოფოსთა ლექსიკონი: პერსონალია, თბილისი: „ოაზისი“, 2000 წ., გვ. 125-126.
• თევზაძე, გ.: ფილოსოფიის ისტორია, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, მთავარი რედაქტორი - გ. თევზაძე, რედაქტორი - მ. მახარაძე, თბილისი: „ელფი“, 2003 წ., გვ. 132-217 (ზურაბ კაკაბაძის შესახებ იხ. იქვე - გვ. 206-209).
• მთიბელაშვილი, თ.: კულტურის ფილოსოფია, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, მთავარი რედაქტორი - გ. თევზაძე, რედაქტორი - მ. მახარაძე, თბილისი: „ელფი“, 2003 წ., გვ. 397-448 (ზურაბ კაკაბაძის შესახებ იხ. იქვე - გვ. 412-424).
• ჭავჭავაძე, ნ. / ბუაჩიძე, თ.: მეგობრის ხსოვნას [ზურაბ კაკაბაძის გარდაცვალების გამო], ჟურნალში: „საუნჯე“, #1 (თბილისი, 1982 წ.), გვ. 318-320.
• ჭელიძე, მ.: ხსოვნის სიტყვა: ნიკო ჭავჭავაძე, ზურაბ კაკაბაძე, თამაზ ბუაჩიძე, ედუარდ კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2004 წ.