2021-08-27 ზაზა ფირალიშვილი

პოპიაშვილი ავთანდილ

1 -ბიოგრაფია

ავთანდილ პოპიაშვილი (1944 წლის 5 მარტი - 1998 წლის 15 თებერვალი) დაიბადა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში; 1962-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1970 წელს; 1970-1975 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი, 1975-1982 წლებში უფროსი, ხოლო 1982-1998 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1986-1990 წლებში იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯის პრორექტორი.

1977-1997 წლებში პოპიაშვილი კითხულობდა ფილოსოფიის ისტორიის სალექციო კურსებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ფიხტეს ეთიკური იდეალიზმის კრიტიკისათვის“, ხოლო 1988 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ინდივიდის პრობლემა სიორენ კირკეგორისა და ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიაში“.

1976 წელს ავთანდილ პოპიაშვილმა გამოსცა მონოგრაფია „ფიხტეს ეთიკური იდეალიზმის კრიტიკისათვის“, ხოლო 1988 წელს კი მონოგრაფია „ინდივიდის პრობლემა ს. კირკეგორისა და ფ. ნიცშეს ფილოსოფიაში“.

2 -ფილოსოფიური შემოქმედება

ავთანდილ პოპიაშვილის სტუდენტობა და სამეცნიერო მუშაობის ადრეული წლები მიმდინარეობდა ე.წ. „უძრაობის ხანაში“. პოპიაშვილი, ჰქონდა რა მძაფრი პროტესტი არსებული სინამდვილის მიმართ, ახალგაზრდობის წლებიდანვე უპირისპირდებოდა მას და ცდილობდა ადამიანის და ეროვნული უფლებების იდეის პროპაგანდირებას, მონაწილეობდა არსებული არაფორმალური ჯგუფების ცხოვრებაში; იგი, შეძლებისდაგვარად, უარს ამბობდა საბჭოთა ხელისუფლებასთან პოლიტიკურ და იდეოლოგიურ თანამშრომლობაზე.

ეს გარემოება აისახა მის ფილოსოფიურ შემოქმედებაზეც. საბჭოთა ეპოქის ფილოსოფოსებისათვის ფილოსოფიის ისტორია წარმოადგენდა ერთადერთ სფეროს, რომელშიც მაქსიმალურად იყო შესაძლებელი იდეოლოგიური კონიუნქტურისათვის თავის არიდება და (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია!) საერთაშორისო ფილოსოფიურ ტრადიციასთან კავშირის შენარჩუნება. თავისი კვლევის საგნად ავთანდილ პოპიაშვილმა შეარჩია სწორედ ის ფილოსოფოსები, რომელთა მიმართაც ინტერესი საბჭოთა ეპოქის ქართულ საზოგადოებაში დიდი იყო, თუმცა კი, ხელმისაწვდომი ლიტერატურა - მცირე. ფიხტეც, კირკეგორიც და ნიცშეც მკვლევარის ყურადღებას იპყრობდნენ იმ მიზეზითაც, რომ სწორედ ამ სამ მოაზროვნესთან ხედავდა ის ინდივიდის ღირსებისა და ღირებულების ევროპული გაგების საწყისებს.

მისი პირველი კვლევის საგანი იყო გერმანული კლასიკური იდეალიზმის უდიდესი წარმომადგენლის, იოჰან გოტლიბ ფიხტეს ფილოსოფიური მემკვიდრეობა - მოაზროვნისა, რომლისთვისაც ადამიანის გაგების პირველპრინციპებს პიროვნების ღირსება, მისი მაღალი დანიშნულება და თავისუფლების იდეები წარმოადგენდნენ.

ფიხტეს ფილოსოფიის კვლევისას პოპიაშვილი თავის ამოცანად მიიჩნევდა იმის გარკვევას, თუ რამ განსაზღვრა კანტის შემდგომ ფილოსოფიაში დიალექტიკური მეთოდის შექმნა და ფიხტეს ფილოსოფიის რა წანამძღვრებმა განსაზღვრეს ჰეგელის დიალექტიკური მეთოდის ჩამოყალიბება; რას ნიშნავდა ადამიანის ახალევროპული იდეალის თვალსაზრისით ფიხტეს ეთიკური იდეალიზმის სისტემა და როგორ ხდებოდა ამ მოაზროვნესთან ადამიანის თავისუფლების იდეის მანიფესტირება.

ამასთან, ავთანდილ პოპიაშვილისათვის ისიც ცხადი იყო, რომ ფიხტე თავის ნააზრევში ადამიანის აბსტრაქტული იდეის ფარგლებში რჩებოდა. მის ნააზრევში უკვე იგრძნობოდა ის პანლოგიზმი, მთელი სისრულით შემდეგ ჰეგელის ნააზრევში რომ იჩინა თავი, რის გამოც ამ უკანასკნელს სასრული ინდივიდის უგულებელყოფას სდებდნენ ბრალად. ჰეგელისა და ჰეგელამდელი ახალევროპული ფილოსოფია გამოდიოდა სუბიექტურში ობიექტურის - ზოგადადამიანურის - ხედვიდან, რითაც ინდივიდუალური საწყისი ზოგადში იკარგებოდა. ინდივიდის არსებობას სხვა ჰორიზონტი არ რჩებოდა, გარდა ზოგადისა. ცალკეული ინდივიდის უნიკალურობა და განუმეორებლობა ზოგადსა და უნივერსალურში იკარგებოდა.

ინდივიდუალური არსებობის რეაბილიტაციის გზათა ძიებისას პოპიაშვილმა სიორენ კირკეგორისა და ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ მემკვიდრეობას მიმართა. ეს ეხმიანებოდა მაშინდელ საზოგადოებრივ განწყობებსაც. აბსტრაქტული ადამიანისა და კაცობრიობის ბედნიერების კომუნისტური იდეა მთლიანად უგულებელყოფდა ცალკეული ინდივიდის ღირებულებას და მას ზოგადის საშუალებად აქცევდა.

სწორედ ამ ძიებების ნაყოფია ავთანდილ პოპიაშვილის ზემოთ ხსენებული ორი მონოგრაფია, რომლებსაც გამორჩეული ადგილი უკავია ქართული ფილოსოფიის ისტორიულ კვლევებში.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ავთანდილ პოპიაშვილი აქტიური მონაწილეობა XX საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. ის იყო საქართველოს სახალხო ფრონტის თანადამფუძნებელი (1989 წ.), საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991 წწ.).

ავთანდილ პოპიაშვილმა 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. წლების განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო მრავალ დისკუსიასა და პოლემიკაში ქვეყნის განვითარების გზებთან დაკავშირებით.

3 -რჩეული ბიბლიოგრაფია

(ა) ავთანდილ პოპიაშვილის რჩეული შრომები

• ი. . ფიხტეს ეთიკური იდეალიზმის მარქსისტული კრიტიკისათვის, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ.

• „მგზავრის წერილებისერთი ადგილის გაგებისათვის (ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთი ეპიზოდის ლელთ ღუნიასეული გადმოცემა-შეფასებანი ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებში), ჟურნალში: „ცისკარი“, # 10 (თბილისი, 1987 წ.), გვ. 157-158.

• ინდივიდის პრობლემა . კირკეგორისა და . ნიცშეს ფილოსოფიაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ.

• ზნეობრივი პრინციპის დაფუძნების ცდა ფიხტეს ფილოსოფიაში, კრებულში: XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია, ტ. II, ნაკვ. 2, შემდგენელი - ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ., გვ. 448-476.

• ცხოვრება აზრისა და დანიშნულების ძიების გზაზე, კრებულში: ავთანდილ პოპიაშვილი: დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, შემდგენელი და რედაქტორი - მ. მახარაძე, ბათუმი: „მარეთი“, 2007 წ., გვ. 54-70.

• ცრუ და ნამდვილი ფილოსოფია, კრებულში: ავთანდილ პოპიაშვილი: დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, შემდგენელი და რედაქტორი - მ. მახარაძე, ბათუმი: „მარეთი“, 2007 წ., გვ. 71-72.

• ინდივიდის პრობლემა . კირკეგორისა და . ნიცშეს ფილოსოფიაში, თბილისი: „უნივერსალი“, 2008 წ.

• შიშის ფენომენი ჰაიდეგერის ფილოსოფიაში, კრებულში: ფილოსოფიის საკითხები, სარედაქციო კოლეგია: ლ. ანთიძე, ვ. ბერიძე, მ. მახარაძე, ბათუმი: „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2015 წ., გვ. 98-113.

• К ценностному аспекту аристотельских категорий, в: Труды Тбилисского универститета, т. 292: Философия, Тбилиси: „Издательство Тбилисского государственного университета имени Сталина“, 1989.

• Проблема индивида в философии С. Кьеркегора и Ф. Ницше, Тбилиси: «Универсал», 2008.

 

(ბ) სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა

• ავთანდილ პოპიაშვილი: დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, შემდგენელი და რედაქტორი - მ. მახარაძე, ბათუმი: „მარეთი“, 2007 წ.

მახარაძე, მ.: ავთანდილ პოპიაშვილი, კრებულში: XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია, ტ. II, ნაკვ. 2, შემდგენელი - ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ., გვ. 447-448.

მახარაძე, მ.: ფილოსოფოსი სხვადასხვა რაკურსით - ავთანდილ პოპიაშვილი, იხ.: V საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: მასალები, 13-15 ოქტომბერი, მთავარი რედაქტორი - ნ. ბეპიევი, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019, გვ. 193-199.