ცინცაძე გიორგი
1 -ბიოგრაფია
ქართველი ფილოსოფოსი გიორგი (ჟორეს) ცინცაძე დაიბადა 1926 წლის 15 აგვისტოს გურიაში, სოფელ ბუკისციხეში; 1944 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა; ამავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1946 წელს ოთხმა ქართველმა სტუდენტმა - გიორგი ცინცაძემ, ალექსანდრე მელაძემ, შოთა ჯიჯაძემ და ბორის ხუხუამ - შექმნეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იყო საქართველოს გათავისუფლება მშვიდობიანი გზით, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის იმ ნორმის მიხედვით, რომელიც უშვებდა კავშირში გაერთიანებული რესპუბლიკების გასვლას. 1948 წელს გიორგი ცინცაძე, ალეკო მელაძე, შოთა ჯიჯაძე, იური მაჩაიძე, ბორის ხუხუა, კუკური ძიმისტარაშვილი, თენგიზ ზალდასტანიშვილი, ოტია პაჭკორია, გივი მაღულარია, გივი ანთელავა და გოგი ჩიქობავა დააპატიმრეს. უკანასკნელი ორი ავადმყოფობის მიზეზით არ გაუსამართლებიათ, ხოლო დანარჩენს 25-25 წელი მიუსაჯეს. 1948-1956 წლებში ცინცაძე სასჯელს იხდიდა კოლიმის საკონცენტრაციო ბანაკში. 1957 წელს რეაბილიტაციის შემდეგ მან განაგრძო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1958 წელს დაასრულა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ცინცაძემ და მისმა მეგობრებმა თავიანთი ძალისხმევა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მაშინ მიუძღვნეს, როდესაც ქართულ საზოგადოებაში თანდათან ვრცელდებოდა სტალინიზმის ვირუსი.
1958 წლიდან გიორგი ცინცაძე მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობაში ჯერ კორექტორად, შემდეგ კი - რედაქტორად; 1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლების კრიტიკისათვის“, ხოლო 1975 წელს კი სადოქტორო დისერტაცია „გაგების მეთოდი ფილოსოფიაში და პიროვნების პრობლემა“; 1961 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1968 წელს ფილოსოფიის ინსტიტუტში აკადემიკოს ანგია ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით გაიხსნა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილება, რომლის თანამშრომელიც გახდა გიორგი ცინცაძე. 1975 წლიდან გიორგი ცინცაძე თანამშრომლობდა საქართველოს საპატრიარქოსთან; სხვადასხვა დროს იყო „საღვთისმეტყველო კრებულის“ რედაქტორი, სამტომეულის „თვენი“ რედაქტორი და სხვ. იგი ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, ხოლო 1989 წელს (დაარსების დღიდან) 1994 წლამდე კი იყო თბილისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი. 1994 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე გიორგი ცინცაძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორი და საღვთისმეტყველო დისციპლინებში კითხულობდა ლექციებს.
გიორგი ცინცაძე გარდაიცვალა 2005 წლის 11 ოქტომბერს.
2 -ფილოსოფიური შემოქმედება
გიორგი ცინცაძე ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე იყო იმ ქართველ ფილოსოფოსთა შორის, რომელთა წყალობითაც ქართულმა ფილოსოფიურმა სკოლამ საბჭოთა ეპოქაში, მიუხედავად იდეოლოგიური და პოლიტიკური წნეხისა, შეძლო ფილოსოფიური ძიებები მნიშვნელოვნად გაეთავისუფლებინა მარქსისტული დოქტრინებისაგან და შეექმნა იმგვარი სააზროვნო ველი, რომელიც თანადროული ევროპული აზროვნების ტრადიციებთან სიახლოვეს შექმნიდა. მიუხედავად ევროპული ფილოსოფიური პროცესებისაგან მკაცრი იზოლაციისა, ეს სკოლა ახერხებდა თვალი ედევნებინა მისთვის და მისი სააზროვნო კონტექსტი გაეთვალისწინებინა.
უცხო ენების ფლობა, ფართო განათლება, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება - ეს ის განზომილებებია, რომლებზეც გიორგი ცინცაძის ფილოსოფიური გზა აიგო.
გიორგი ცინცაძის ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი, როგორც ფილოსოფიური პრობლემა. ეს გახლდათ თემა, რომელიც წლების მანძილზე მისი თაობის ქართული ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში იყო. მთავარი კითხვები, რომლებსაც იგი საკუთარი თავის წინაშე სვამდა, შემდეგი სახის იყო: რას წარმოადგენს ადამიანი, როგორც ერთადერთი არსება, რომელიც აღიქვამს არა მხოლოდ სამყაროს, არამედ საკუთარ ყოფიერებასაც? როგორია იგი, როგორც ერთადერთი არსება, რომელიც გაგების აქტში აგებს საკუთარ თავს? რას შეიძლება ასეთი არსება ნიშნავდეს თავად შემოქმედისათვის? ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას გიორგი ცინცაძე ეყრდნობა ევროპული ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზრის ფართო სპექტრს. იგი გამოდის რწმენიდან, რომ ადამიანი გარდუვალობით ნიშნავს რაღაცას და გარდუვალობით არის ღირსების მატარებელი. აქედან იღებს სათავეს მისი დაინტერესება ფსიქოლოგიის პრობლემებით, გაგების ფილოსოფიური ცნებით და ა.შ. ცინცაძეს ადამიანი ესმის არა მხოლოდ როგორც მეტაფიზიკური პროექტი, არა მხოლოდ როგორც გვარეობითი ყოფიერება, არამედ როგორც პირი, პიროვნება, რომელიც დიალოგის აქტშია „შენ“-თან და ასე მოიპოვებს თვითყოფიერებას. ასე იძენს ის იმ ყოფიერებას, რომელიც მუდმივად ხელახლაა მოსაპოვებელი და მუდმივად მომავალშია განთავსებული. ადამიანი არის მომავალი, რომელიც წარსულიდან ქმნის აწმყოს. ესაა მდგომარეობა ცოცხალი ხანიერობისა, რომელიც დიალოგის აქტში ადასტურებს „შენ“-საც და საკუთარ თავსაც. ამიტომაც არის ისტორიულობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განზომილება. ადამიანი თვითაგებას იწყებს მაშინ, როდესაც ის ყურადღებას ისტორიისაკენ მიმართავს. ასე შემოაქვს ადამიანს უსასრულო სასრულ ყოფიერებაში. გიორგი ცინცაძისთვის ღმერთთან უშინაგანესი დიალოგის გარეშე ადამიანი თავისი თვითობის ფარგლებში ექცევა და კარგავს იმ მთავარ საზრისს, რაც მასშია ჩადებული.
გიორგი ცინცაძისთვის ახლო იყო კარლ იასპერსის რელიგიური ეგზისტენციალიზმი და მარტინ ბუბერის დიალოგის ფილოსოფია. ადამიანი იმდენადაა ადამიანი, რამდენადაც მუდმივ დიალოგშია ბუნებასთან, საკუთარ თავთან და ღმერთთან. ამიტომაც, ეკოლოგია, ფილოსოფიური ანთროპოლოგია და თეოლოგია მისი აზროვნების თვალსაწიერს აყალიბებს. მისთვის ადამიანი არსებობს სამ განზომილებაში: როგორც ღმერთის სახე და ხატი, როგორც ერის შვილი და როგორც პიროვნება; ადამიანი სამივე არსსთან დიალოგის აქტში იმყოფება.
გიორგი ცინცაძის დამოკიდებულებას გონის მეცნიერებებთან განსაზღვრავს დიალოგი, როგორც გაგების „ადგილი“. ფსიქოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილ ნაშრომებში იგი ხშირად ეხება ამ მეცნიერებათა მათემატიზაციის შეუძლებლობას.
1965 წელს გამოცემულ წიგნში „ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლების კრიტიკისათვის“ გიორგი ცინცაძე აქვეყნებს ნაშრომს თვალსაჩინო გერმანელი მეცნიერის, კარლ მარბეს ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ, სადაც განიხილავს მისი განწყობის თეორიის მიმართებას აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის თვალსაზრისთან და სწავლობს ამ ორი მეცნიერის როლს განწყობის თეორიის შექმნაში.
1970 წელს გამოიცა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილი მისი პირველი წიგნი „ადამიანის პრობლემა ტრანსცენდენტალურ ფილოსოფიაში. ერნსტ კასირერი“. მასში გიორგი ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს სულის შესახებ მეცნიერებათა თავისებურებაზე. 1975 წელს კი გამოქვეყნდა მისი მთავარი ნაშრომი: „გაგების მეთოდი ფილოსოფიაში და პიროვნების პრობლემა“. აქ გაგება გაიგება როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სპეციფიკური მეთოდი.
3 -რჩეული ბიბლიოგრაფია
(ა) გიორგი ცინცაძის რჩეული ნაშრომები
• ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლების კრიტიკისათვის, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ. (თანაავტორი - რევაზ ბალანჩივაძე).
• გაგების მეთოდი ფილოსოფიაში და პიროვნების პრობლემა, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ.
• პიროვნება, დრო, განწყობა, თბილისი: „მეცნიერება“ 1981 წ.
• მათემატიკური ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლების კრიტიკისათვის, თბილისი: „მეცნიერება“, 1968 წ.
• კ. მარბე, განწყობის ფსიქოლოგია და მისი ფილოსოფიური საფუძვლები, ჟურნალში: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია, # 4 (თბილისი, 1963 წ.).
• ერნსტ კასირერი, კრებულში: XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია, თბილისი: „განათლება“, 1970 წ., გვ. 226-229.
• პერსონალიზმი, კრებულში: XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია, თბილისი: „განათლება“, 1970 წ., გვ. 347-350.
• ვილიამ შტერნი, კრებულში: XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია, თბილისი: „განათლება“, 1970 წ., გვ. 350-360.
• ადამიანის პრობლემა ტრანსცენდენტალურ ფილოსოფიაში (ერნსტ კასირერი). ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ნაწილი I, თბილისი: „მეცნიერება“, 1970 წ., გვ. 128-183.
• ადამიანის პრობლემა პერსონალისტიკაში (ვ. შტერნი). ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ნაწილი II, თბილისი: „მეცნიერება“, 1972 წ., გვ. 31-60.
• ადამიანი, პიროვნება, გაგება, ჟურნალში: „მაცნე“. ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის სერია, # 2 (თბილისი, 1973 წ.), გვ. 211-226.
• ღირებულებათა რეალიზმი და პიროვნების პრობლემა (ფრიც იოახიმ რინტელენი), კრებულში: განწირულობის ფილოსოფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1979 წ., გვ. 133-168.
• ჰ. გ. გადამერის ჰერმენევტიკის კრიტიკა, წიგნში: თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფია (XX ს. მეორე ნახევარი), თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1988 წ., გვ. 171-193.
• ადამიანი, ბუნება, ღმერთი, წიგნში: მსოფლმხედველობა, რწმენა, ადამიანის ღირსება, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1991 წ.
• პიროვნება ბიბლიაში (ხორციელი ადამიანი), ჟურნალში: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის სერია, # 1 (თბილისი, 1997 წ.), გვ. 30-35.
• სიტყვა, სინათლე, ხატი, ჟურნალში: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის სერია, # 1-2 (თბილისი, 1999 წ.), გვ. 5-10.
• დიალოგური ანთროპოლოგია (მარტინ ბუბერი), ჟურნალში: „მაცნე“. ფილოსოფია, # 1 (თბილისი, 2008 წ.), გვ. 81-88.
(ბ) სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა
• განცდილი და ნანახი... (გიორგი(ჟორეს) ცინცაძე), რედაქტორი - ი. კალანდია, თბილისი: „უნივერსალი“, 2010 წ.
• ბრეგაძე, ა.: თავისუფლებისთვის წამებული, წიგნში: განცდილი და ნანახი... (გიორგი(ჟორეს) ცინცაძე), რედაქტორი - ი. კალანდია, თბილისი: „უნივერსალი“, 2010 წ., გვ. 119-137.
• ფირალიშვილი, ზ.: შეხვედრები ბატონ გიორგი ცინცაძესთან, წიგნში: განცდილი და ნანახი... (გიორგი (ჟორეს) ცინცაძე), რედაქტორი - ი. კალანდია, თბილისი: „უნივერსალი“, 2010 წ., გვ. 153-157.