ფერაძე გრიგოლ
1 -ბიოგრაფია
გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 13 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში, მღვდლის ოჯახში. თბილისის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში აბარებს, რომელსაც 1918 წელს ასრულებს. სწორედ აღნიშნული სემინარიის რექტორის, პროფესორ კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა საკათალიკოსოს საბჭომ გენერალ ფონ კრესს თხოვნით, რომ ახალგაზრდა გრიგოლი განათლების მისაღებად გერმანიაში გაეგზავნათ. მაგრამ გერმანიაში წარმოქმნილმა რევოლუციამ ეს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ამის შემდგომ გრიგოლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მასწავლებლობს. 1919 წელს ის დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამსახურში გაიწვიეს; 1921 წელს კი თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ირიცხება.
1921 წლის მიწურულს გელათში ჩატარებულ სრულიად საქართველოს მესამე საეკლესიო კრებაზე ქართველმა ეპისკოპოსებმა კვლავ განიხილეს შესაძლებლობა ქართველი ახალგაზრდების ევროპაში სასწავლებლად გაგზავნის შესახებ. მათ შორის პირველი გრიგოლ ფერაძე უნდა ყოფილიყო. რატომ ევროპა? ამ კითხვაზე პასუხს პატრიარქ ამბროსი ხელაიას წერილში ვიპოვით, სადაც ის აღნიშნავს, რომ რუსული სასულიერო აკადემიები არ პასუხობს დროის მოთხოვნებს, ამიტომ „შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე... და გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია, როგორც მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა“ (წერილი გერმანიის საელჩოსადმი თბილისში, 1926 წ.).
პატრიარქ ამბროსის ძალისხმევამ თავისი შედეგი გამოიღო: გრიგოლ ფერაძე გერმანელი დიპლომატისა და ქართული კულტურის დიდი მოამაგის, არტურ ლაისტის დახმარებით 1921 წელსვე გერმანიაში, კერძოდ, პროფესორ იოჰანეს ლეფსიუსთან გაემგზავრა, რომელიც ახალგაზრდა ქართველს სტიპენდიის მოპოვებასა და ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე ჩარიცხვაში ეხმარებოდა (1922 წ.).
1925 წელს გრიგოლი ბონის უნივერსიტეტში გადადის, რადგან იქ პროფესორი ჰაინრიხ გუსენი და მისი საკმაოდ მდიდარი ქართული ბიბლიოთეკა ეგულება. გრიგოლმა აქ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ქართული ბერმონაზვნობის ისტორიის შესახებ. ნიჭიერი ქართველი მკვლევარი ევროპულ ენებთან ერთად აღმოსავლურ ენებსაც მონდომებით სწავლობდა (ძველი ებრაული, სირიული, არაბული, კოპტური, სლავური, ძველსომხური და სხვა).
დისერტაციის დასრულების შემდეგ გრიგოლს სამშობლოში დაბრუნება სურდა. ამ მიზნით მან საბჭოთა საკონსულოს მიმართა, თუმცა, პასუხი ძალიან აგვიანებდა. ამაო ლოდინის შემდეგ, გრიგოლმა გადაწყვიტა დროებით ბელგიაში გამგზავრება და ცნობილ ქართველოლოგთან, პროფესორ პაულ პეეტერსთან მუშაობა, რომელიც მან პროფესორ ჰაინრიხ გუსენის მეშვეობით გაიცნო.
1927 წლიდან გრიგოლი ინგლისში მიემგზავრება ერთწლიანი სტიპენდიით. მუშაობს ბრიტანეთის მუზეუმისა და ოქსფორდის ბოდლეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში (ოქსფორდში იგი ოთხ მოხსენებას კითხულობს, რომელთაგან ორი სამეცნიერო პერიოდიკაშია გამოქვეყნებული). თუმცა, იგი ინგლისში მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობს, რადგან 1927 წელსვე გრიგოლს გერმანელი მეცნიერები ბონის უნივერსიტეტში იწვევენ ახლად გარდაცვლილი პროფესორ გუსენის ადგილზე სამუშაოდ. 1928 წელს ბონში ორიენტალისტთა შეკრებაზე პროფესორ გრიგოლ ფერაძის მოხსენების შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდნენ ქართული ენის საუნივერსიტეტო სწავლების აუცილებლობის შესახებ. 1930 წელს გრიგოლმა მონაწილეობა მიიღო ვენაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში. გრიგოლი ბონის უნივერსიტეტში 1932 წლამდე ქართული და სომხური ფილოლოგიის პრივატდოცენტი იყო.
გერმანიაში გრიგოლ ფერაძეს ყველა საშუალება ჰქონდა აკადემიური საქმიანობის წარსამართად და არც ეკონომიკურ მდგომარეობას უჩიოდა. მაგრამ მას არ სურდა ევროპაში დარჩენა, რადგან სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა ამას ვერ ახერხებდა. ამის გამო, მამა გრიგოლი ძალიან სწუხდა კიდეც. იგი კორნელი კეკელიძეს სწერდა: „საშინლად ვიტანჯები. არაფრის ხალისი არ მაქვს. თუმცა, ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ... რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში? რა დავაშავე? შეიძლება სამეცნიერო კარიერას მთლად თავი დავანებო და საეკლესიო სამსახურს შევუდგე... მიუხედავად დიდი სიყვარულისა მეცნიერებისადმი, იგი სრულიად არ მაკმაყოფილებს“.
1933 წლიდან გრიგოლს ვარშავის უნივერსიტეტში მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტზე პატროლოგიის პროფესორის პოზიციაზე იწვევენ, რასაც იგი სიხარულით თანხმდება. 1936 წელს გრიგოლი იერუსალიმსა და სირიაში მოგზაურობს, სადაც ქართულ წარწერებს სწავლობს და პილიგრიმების ჩანაწერებს ეცნობა, რომლებსაც ქართველებთან დაკავშირებით განიხილავს. პოლონეთში დაბრუნებისას იგი წერს დღიურს „იერიქონის ვარდები“, რომელიც ქართულ ენაზეც ითარგმნა და 2016 წელს გამოიცა.
ამგვარია მოკლედ გადმოცემული გრიგოლ ფერაძის პროფესიონალური კარიერული გზა, რაც, ბუნებრივია, არ ყოფილა ადვილად გასავლელი. გრიგოლი თავის ავტობიოგრაფიაში მიუთითებს სხვადასხვა გარემოებებზე, რომლებიც მას ზოგჯერ ხელს უშლიდა ამა თუ იმ აკადემიური თანამდებობების დაკავებაში. თუმცა, აშკარაა, რომ მის ნიჭსა და შრომისმოყვარეობას ბევრი აფასებდა, რაც მისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის მიცემაში გამოიხატებოდა. მამა გრიგოლმა ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენა ევროპაში ცხოვრების არცთუ ისე ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
1933 წლიდან განსაკუთრებით ვრცელდება ფაშისტური იდეოლოგია გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში (საფრანგეთი, ბელგია, პოლონეთი და სხვა). ფაშიზმის მიმდევრები ქართულ სათვისტომოშიც გამოჩნდნენ. როგორც ცნობილია, ფაშისტები მტრულად იყვნენ განწყობილი ქრისტიანული ეკლესიის მიმართაც. ბუნებრივია, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ანტიფაშისტურ ელემენტად იქნა მიჩნეული, რომელიც უნდა დასჯილიყო. 1942 წლის 4 მაისს გესტაპომ გრიგოლ ფერაძე დააპატიმრა. ბრალდებათა შორის იყო: საბჭოთა კავშირის აგენტობა და ფაშისტების მიერ დევნილი ებრაელების მფარველობა.
გრიგოლ ფერაძე გარდაიცვალა საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის 6 დეკემბერს (43 წლის ასაკში). ყველაზე უფრო სანდო ვერსიით იგი გაზის კამერაში მრავალშვილიანი ებრაელის ნაცვლად შევიდა. ეს ამბავი გრიგოლის თანაპატიმრის წყალობით გახდა ცნობილი, რომელსაც ხელთ ჰქონდა გრიგოლ ფერაძის საათი, რაც სარწმუნოობას ჰმატებს მის უწყებას.
2 -შემოქმედება
გრიგოლ ფერაძე საკუთარ თავს არა იმდენად თეოლოგად და დოგმატიკოსად, რამდენადაც ეკლესიის ისტორიით, პატროლოგიითა და ბიბლეისტიკით დაინტერესებულ პირად მიიჩნევდა. გრიგოლისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა სისტემატური და აპოლოგეტური ღვთისმეტყველება, ასევე სქოლასტიკური თეოლოგია. თავის ერთ-ერთ ავტობიოგრაფიულ წერილში იგი წერს, რომ ქართულმა საეკლესიო ხელისუფლებამ გერმანიაში თეოლოგიისა და აპოლოგეტიკის შესასწავლად გააგზავნა, განსაკუთრებით კი ათეიზმისა და ქრისტიანობის ურთიერთმიმართებისა და სოციალიზმთან და კომუნიზმთან ქრისტიანობის კონფრონტაციის მსოფლმხედველობრივი საფუძვლების შესასწავლად. თუმცა, გრიგოლი გულწრფელად აღნიშნავს, რომ „გერმანიაში ერთი წლის ცხოვრების შემდეგ მივხვდი, რომ გული არ მიმიწევდა ამ სახის მეცნიერებებისაკენ“.
გრიგოლ ფერაძე რომ თავის მიერ არჩეულ მიმართულებებში უაღრესად განათლებული და აღიარებული მკვლევარი იყო, ეს არა მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების, არამედ ასევე წაკითხული ლექციების ხარისხითაც ვლინდებოდა. ფერაძის პოლონელი ბიოგრაფის, ნიკოლოზ ლენჩევსკის შეფასებით, მისი ლექციები იყო „არაჩვეულებრივად ცოცხალი, გამსჭვალული ეკლესიის მამების სულით, ხშირად მათ საფუძვლად ედოთ უცნობი წყაროები, რის გამოც სხვადასხვა კურსის მრავალრიცხოვან სტუდენტთა ჯგუფებსა და, აგრეთვე, სხვა დარგების მოსწავლეებს იზიდავდა“.
გარდა აკადემიური საქმიანობისა, მამა გრიგოლი ეკუმენურ შეხვედრებშიც აქტიურად და გაბედულად მონაწილეობდა. ამ თვალსაზრისით, გამოსაყოფია ორი ცნობილი ფორუმი:
1) ვენის კონფერენცია (1926 წლის 25-27 მაისი). შეხვედრის მიზანი იყო კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების თანამშრომლობა თანამედროვე დასავლური სეკულარული და ათეისტური სამყაროს გამოწვევების წინააღმდეგ. სწორედ ამ კონფერენციას უკავშირდება გრიგოლის გაბედული ეკუმენური სიტყვები: „...გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელურიც შეუერთდება მათ... ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა“.
2) ლოზანის კონფერენცია (1927 წლის 3-21 აგვისტო). გრიგოლი ამ შეკრებაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად მიიწვიეს, თუმცა, მან ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის ამ კონფერენციაზე საკუთარი ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენლად ვერ ჩაითვლება. საბჭოთა კავშირში ეკლესია იდევნებოდა და მორწმუნეებს მძიმე ჟამი ედგათ. თავისი მოხსენებისას გრიგოლმა შემდეგი ღირსშესანიშნავი სიტყვები წარმოთქვა: „ერთიანობა რაღაც წმინდა და საოცარია... ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვიშრომოთ, რათა იგი მალე დადგეს... მე ჩვენმა პატრიარქმა გამომგზავნა ბერლინში ევანგელისტებთან... თეოლოგიური განათლებისთვის, მერე გავიცანი კათოლიკური მსოფლმხედველობა ბოლანდისტებთან ბრიუსელში და ლუვენში და ბოლოს ანგლიკანური ეკლესია ოქსფორდში და ინგლისის სხვა მხარეებში. ყველგან სიყვარული ვპოვე... არცერთ მხარეს არ უცდია ჩემს ეკლესიას ჩამოვშორებოდი“.
აკადემიურ და ეკუმენურ საქმიანობასთან ერთად არანაკლებ ღირებული იყო გრიგოლ ფერაძის სამოძღვრო მოღვაწეობაც, რაც პარიზში დაიწყო, სადაც ქართველი ემიგრანტებისგან შექმნილი სამრევლო ეძებდა ისეთ მღვდელს, რომელიც ქართულ ენაზე აღასრულებდა ღვთისმსახურებას. გრიგოლი არჩევანის წინაშე იდგა: ან დარჩენილიყო ბონის უნივერსიტეტში და ეკონომიკურად უზრუნველყოფილს განეგრძო სასურველი აკადემიური საქმიანობა, რაც მას დიდ სიხარულს ჰგვრიდა, თუმცა, შინაგან სიცარიელეს მაინც ვერ უვსებდა, ან პარიზში მატერიალურ სიდუხჭირეში მოსალოდნელი ცხოვრებით სულიერად დაეპურებინა ემიგრანტი ქართველები. გრიგოლ ფერაძემ ეს უკანასკნელი არჩია. 1931 წელს იგი ბერად აღიკვეცა ლონდონში, ხოლო პარიზში მღვდლად ეკურთხა და იქვე დაიწყო პასტორალური მსახურება.
პარიზში, ქართული ემიგრაციის ცენტრში, მღვდელმონაზონი გრიგოლი ცდილობს მაქსიმალურად სასარგებლო იყოს არა მხოლოდ როგორც მღვდელი, არამედ ასევე როგორც ინტელექტუალი. მაგალითად, სწორედ ამ წიაღში მისი რედაქტორობით გამოიცემოდა ცნობილი ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. საბოლოოდ, პარიზის ქართულ სამრევლოში იგი დიდხანს ვერ ჩერდება. მამა გრიგოლისთვის ეს გარემო საკმაოდ უცხო აღმოჩნდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მის შინაგან სამყაროზე, რის გამოც მოგვიანებით წერს კიდეც: „ემიგრაციის ახალი თაობა უმეტესად უმუშევარი, ავადმყოფი და გაუნათლებელი იყო... უმიზნო პოლიტიკური ბრძოლები, სულისშემხუთველი მძიმე ატმოსფერო დაუფლებოდა ჩვენს ემიგრაციას. რამდენიმე თვეში მთელი ჩემი ენთუზიაზმი ჩაქრა...“
უაღრესად საინტერესოა მამა გრიგოლის ჰომილეტიკური მემკვიდრეობაც. ამბიონზე შემდგარი მოძღვრის მსმენელები უმეტესად ემიგრანტი ქართველები იყვნენ. ამიტომ იგი ცდილობდა, რომ უფრო მეტი ყურადღება ეროვნულ და სამოქალაქო-საზოგადოებრივ პრობლემატიკაზე გაემახვილებინა, რასაც, ცხადია, ქრისტიანული მოძღვრების შუქზე განიხილავდა. მის ქადაგებებში აქტუალური იყო შემდეგი თემები: ქრისტიანი, როგორც ჭეშმარიტი მოქალაქე, სახელმწიფო და ეკლესია, სეკულარული და რელიგიური საზოგადოებების თანაარსებობა, პიროვნებისა და კოლექტივის ურთიერთმიმართება და ა.შ.
მამა გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობის არეალი არ იფარგლებოდა მხოლოდ ევროპით. იგი ბევრს მოგზაურობდა ევროპის მიღმაც. 1935 წელს მან იმოგზაურა ათონის მთაზე, სადაც ქართველ ბერებს შეხვდა და ხელნაწერები და რელიკვიები შეაგროვა. მან ასევე მოინახულა ქართული კულტურის ძეგლები რუმინეთსა და ბულგარეთში. 1936 წელს მან იმოგზაურა იერუსალიმსა და სირიაში, სადაც წმინდა მიწაზე არსებულ ქართულ სიძველეებს გაეცნო.
ნაადრევმა სიკვდილის გამო გრიგოლ ფერაძის არაერთი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი ვერ აღსრულდა. ერთ-ერთი ასეთი ჩანაფიქრი იყო პატროლოგიის იმგვარი სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც დაეფუძნებოდა მსოფლიოს წამყვან მართლმადიდებელ, კათოლიკე და პროტესტანტ მეცნიერთა კვლევებს.
3 -გავლენა
გრიგოლ ფერაძის მრავალმხრივ (აკადემიური, ეკუმენური, სამოძღვრო, პილიგრიმული) მოღვაწეობას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. როგორც მისი პოლონელი ბიოგრაფი, ჰენრიკ პაპროცკი აღნიშნავდა, მეორე მსოფლიო ომამდე გრიგოლი ევროპაში ყველაზე დიდი სპეციალისტი იყო ქართველოლოგიაში. იულიუს ასფალგის სიტყვით კი, ევროპაში „ქართველოლოგიის განვითარებამ ახალი ბიძგი მიიღო მას შემდეგ, რაც ბონში ქართველმა გრიგოლ ფერაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გახდა უნივერსიტეტის ქართული ენის მასწავლებელი და დაიწყო თავისი შრომების გამოქვეყნება“. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ევროპაში გრიგოლ ფერაძის სულიერი მოღვაწეობაც, რაც უფრო მეტ ღირებულებას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ იგი იმ დროისთვის ერთადერთი ქართველი მღვდელი იყო „საქართველოს ფარგლებს გარეთ“, როგორც ამას თავად აღნიშნავდა.
გრიგოლ ფერაძის თხზულებების დიდი ნაწილი დაწერილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და პოლონურ ენებზე. ამ ნაშრომებს იმოწმებდნენ გამორჩეული ქართველი და უცხოელი მეცნიერები (ანდრე ტარბი, იულიუს ასფალგი, ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვები). პაულ კრიუგერი თავის ლექსიკონში გრიგოლ ფერაძის თხზულებებს ისე იმოწმებს, როგორც კლასიკურ შრომებს, ხოლო ერთ-ერთ გერმანულ ენციკლოპედიაში (Die Wissenschaft vom christlichen Orient) გრიგოლ ფერაძის სახელი ხაზგასმული პატივისცემით იხსენიება.
პროფესორი გრიგოლ ფერაძე არაერთ ევროპულ სამეცნიერო ჟურნალთან და სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობდა. გრიგოლ ფერაძის მიერ სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებულ შრომებს შორის აღსანიშნავია: „ქართული ბერმონაზვნობის შესახებ“ (გერმანულ ენაზე); „ქართული ბერმონაზვნობის დასაწყისი“ (გერმანულ ენაზე); „ათონის მთის ივირონის მონასტრის ქართველი ბერების ლიტერატურული საქმიანობა“ (ფრანგულ ენაზე); „ძველი ქართული ლიტერატურა და მისი პრობლემები“ (გერმანულ ენაზე); „საქართველოს წინაბიზანტიური ლიტურგიის შესახებ“ (გერმანულ ენაზე) და სხვა.
საქართველოსა და პოლონეთში წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოებები და საძმოები მოქმედებს. წმინდა გრიგოლის სახელზე ტარდება სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა სახის აკადემიური და საგანმანათლებლო ღონისძიებები საქართველოსა თუ მის ფარგლებს მიღმა. ამ კუთხით, აღსანიშნავია ვარშავის უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია (იმართება 2002 წლიდან). წმინდა მამის შესახებ ბიოგრაფიულსა და ბიბლიოგრაფიულ მასალას გვაწვდიან ავტორიტეტული სამეცნიერო და რელიგიური ცნობარები და ენციკლოპედიები. დაარსებულია გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიაც. ამ გამორჩეული ქართველი მოაზროვნის იდეების პოპულარიზაციისთვის იქმნება სხვადასხვა სახის ინტერნეტ-გვერდები და სატელევიზიო გადაცემები. წმინდა გრიგოლის მოღვაწეობას მიეძღვნა რამდენიმე დოკუმენტური ფილმიც.
პოლონურ ენაზე გამოქვეყნდა გრიგოლ ფერაძის შრომების სამი ტომი. 2012 და 2014 წელს ვარშავის უნივერსიტეტმა დოქტორ დავით ყოლბაიას თაოსნობით ქართულ ენაზეც გამოსცა გრიგოლ ფერაძის „თხზულებათა კრებულის“ ორი ტომი. 2021 წელს კი გამოიცა მესამე ტომი: „გრიგოლ ფერაძის დღიურები“.
გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის საკითხი პირველად პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაისვა. ამის შემდეგ საქართველოს ეკლესიაშიც დაიწყო ამ საკითხის განხილვა. 1994 წელს საქართველოს საპატრიარქოს მიერ შეიქმნა კომისია, რომლის წევრებიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ერთი ნაწილის აზრით, მიუღებელი იყო ისეთი რელიგიური მოღვაწის კანონიზაცია, რომელიც ეკუმენურ მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდა. ზოგიერთი მათგანი მამა გრიგოლს ფაშისტობასაც კი აბრალებდა. საბოლოოდ, საღმა აზრმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში თავისი გასაქანი მაინც იპოვა და გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხეს 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შემდგარ კრებაზე. წმინდანის ხსენების დღე არის ახალი სტილით 6 დეკემბერი.
4 -გამოყენებული ლიტერატურა
• ლენჩევსკი, ნ.: მოძღვარი, პროფესორი, დოქტორი, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, პოლონურიდან თარგმნა მ. ვარაზაშვილმა, ჟურნალში: ჯვარი ვაზისა # 2, (თბილისი, 1983 წ.), გვ. 39-41.
• პაპროცკი, ჰ.: ორი ერის მღვდელმოწამე: წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, ჟურნალში: ისტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი # 9 (81) (თბილისი, 2017), გვ. 60-63.
• პაპუაშვილი, ნ.: გრიგოლ ფერაძე სარწმუნოების და მოქალაქეობის შესახებ: გამოკვლევა, ბიბლიოგრაფია, ქადაგებები, შენიშვნები, დანართი, თბილისი: კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, 2006 წ.
• საითიძე, გ.: წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის უცნობი წერილები აკადემიკოს კორნელი კეკელიძისადმი (მე-20 ს-ის 20-30-იანი წლები), კრებულში: თსუ-ს სიღნაღის ფილიალის სამეცნიერო შრომების კრებული, V, (2004 წ.), გვ. 83-95.
• საითიძე, გ.: რამდენიმე საბუთი გრიგოლ ფერაძისა და ივანე ჯავახიშვილის ურთიერთობის ისტორიიდან, ჟურნალში: არტანუჯი # 11 (თბილისი, 2003 წ.), გვ. 111-118.
• საითიძე, გ.: წმ. მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), ჟურნალში: არტანუჯი # 11 (თბილისი, 2003 წ.), გვ. 7-24.
• ფერაძე, გ.: ქართული კულტურის სამსახურში, წიგნში: გრიგოლ ფერაძე, თხზულებათა კრებული, წიგნი პირველი, გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი და დამატებითი შენიშვნები დაურთო დ. ყოლბაიამ, ვარშავა: ვარშავის უნივერსიტეტი, 2012 წ., გვ. 51-85.
• ფერაძე, ი.: გრიგოლ ფერაძე წმინდა მღვდელმოწამე, მოქალაქე, მეცნიერი, მე-3 გამოცემა. თბილისი, 2014 წ.
• ყოლბაია, დ.: წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, წიგნში: გრიგოლ ფერაძე, თხზულებათა კრებული, წიგნი პირველი, გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი და დამატებითი შენიშვნები დაურთო დ. ყოლბაიამ, ვარშავა: ვარშავის უნივერსიტეტი, 2012 წ., გვ. 11-32.
• შარაძე, გ.: გრიგოლ ფერაძე, წიგნში: გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წიგნი მეორე, თბილისი: „მერანი“, 1993 წ., გვ. 377-396.
• ჭავჭავაძე, ზ.: გრიგოლ ფერაძე, წიგნში: ქართველ ფილოსოფოსთა ლექსიკონი (პერსონალია), თბილისი: „ოაზისი“, 2000 წ., გვ. 179-184.
• ჭუმბურიძე, თ.: გრიგოლ ფერაძის ცხოვრების გზა, ნაშრომში: თ. ჭუმბურიძე, ქართული ხელნაწერების შესწავლა უცხოეთში: გრიგოლ ფერაძის არქეოგრაფიული ძიებანი, სადისერტაციო ნაშრომი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 2006 წ., გვ. 17-80.
• ჯაფარიძე, გ.: გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, შესავალი წერილი ნაშრომისთვის: გ. ფერაძე, უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველ ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ, თბილისი: „კანდელი“, 1995 წ., გვ. 9-20.
• Paprocki, H.: L’archimandrite Grigol Peradze (1899-1942), in: Revue des études géorgiennes et caucasiennes, vol. 4, 1988, pp. 198-230 (ქართულად იხ. ზ. ჭავჭავაძე, ლიტერატურათმცოდნეობა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა, თარგმანი, თბილისი, 1983 წ., გვ. 311-333).
• Paprocki, H.: Archimandryta Grzegorz Peradze jako badacz staroźytnego chrześcijaństwa gruzińskiego, in: Vox Patrum 8, 1988, z. 15, pp. 983-1001 (ქართულად იხ.: ჰ. პაპროცკი, გრიგოლ ფერაძე - ცხოვრება და მოღვაწეობა, პოლონურიდან თარგმნა ნ. გელაშვილმა, გაზეთში: ერი # 26 (26 ივნისი, 1991 წ.), გვ. 8-11.