მეგრელიძე კონსტანტინე (კიტა)
1 -ბიოგრაფია
კონსტანტინე (კიტა) მეგრელიძე დაიბადა 1900 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ხრიალეთში; მამა, რომანოზ მეგრელიძე, სასულიერო პირი იყო, ხოლო დედა გახლდათ ეკატერინე შაფათავა, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.
კიტა მეგრელიძემ საშუალო განათლება ფოთის გიმნაზიაში მიიღო, რომელიც იმ პერიოდისათვის მოწინავე ქართველი ინტელექტუალებით იყო დაკომპლექტებული. საინტერესოა, რომ 1912-1914 წლებში აქ მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი სერგი დანელია.
1919 წელს კიტა მეგრელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ მან კომუნისტური პარტიის ცენტრალურ სკოლაში დაიწყო მუშაობა, ხოლო 1924 წელს სასწავლებლად გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ერთი სემესტრის განმავლობაში ფრაიბურგის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ კი ბერლინის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. ამავე დროს მეგრელიძე ადგილზე პარტიული მიმართულებით საქმიანობდა; იგი იყო საბჭოთა საზღვარგარეთელი სტუდენტების კავშირის თავმჯდომარე და კომუნისტური სტუდენტობის სრულიად გერმანიის ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე. აღნიშნული ფაქტი ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ მისი გამგზავრების მიზანი არ ყოფილა მხოლოდ სამეცნიერო ინტერესები და იგი ასრულებდა პარტიულ დავალებებსაც საბჭოთა ხელისუფლების სასარგებლოდ (გ. ზედანია, რეპრესირებული აზრი, გვ. 11).
1927 წელს კიტა მეგრელიძე საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობა. იგი, ასევე, აქტიურად ჩაერთო კომუნისტური პარტიის მუშაობაში და დაინიშნა საქართველოს კომპარტიის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ.
1932 წლიდან კიტა მეგრელიძემ მუშაობა დაიწყო ლენინგრადში ენისა და აზროვნების ინსტიტუტში. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ინსტიტუტს ამავე პერიოდში ნიკო მარი ხელმძღვანელობდა. დროის ამ მონაკვეთს უკავშირდება მეგრელიძის პირველი მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატიები: „მოარული ცრურწმენების და წინალოგიკური აზროვნების წესის შესახებ (რეპლიკა ლევი-ბრიულს)“ და „ცხოველთა ცნობიერებიდან ადამიანურისაკენ“.
1936 წელს კიტა მეგრელიძეს მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ამავე წელს მეგრელიძე გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან, ხოლო ორი წლის შემდეგ იგი დაპატიმრებულ იქნა „შინსახკომის“ მიერ აბსურდული მოტივით, კერძოდ, მას დაბრალდა „დაშნაკების“ ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრობა. 1939 წელს კიტა მეგრელიძე გაათავისუფლეს, მაგრამ 1940 წელს ისევ დააკავეს და ამჯერად გადაასახლეს კიროვის ოლქში. მიუხედავად იმისა, რომ იგი სასჯელს უაღრესად მძიმე პირობებში იხდიდა, არ შეუწყვეტია სამეცნიერო მუშაობა. უნდა აღინიშნოს, რომ მან გადასახლებაში მეორე მონოგრაფიაც დაასრულა, რომელიც, სამწუხაროდ, დაკარგულია.
კიტა მეგრელიძე გარდაიცვალა 1944 წლის 20 სექტემბერს.
2 -შემოქმედება
კიტა მეგრელიძის კვლევით ინტერესს აზროვნების არსის და ადამიანის სოციალური ბუნების გაგება წარმოადგენს. იგი საკითხს იკვლევს კომპლექსურად, ინტერდისციპლინარული მიმართულებით და არ იზღუდება ვიწრო მეცნიერული მეთოდოლოგიით. შედეგად, აღნიშნული პრობლემატიკის შესახებ, მან მოგვცა ღრმა და ორიგინალური განაზრებები, რომლებსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. მიუხედავად იმისა, რომ მის ძირითად ნაშრომს ჰქვია „აზროვნების სოციოლოგიის ძირითადი პრობლემები“ (რუსულ ენაზე, 1936 წ.), იგი აზროვნების ბუნებას იკვლევს არა მხოლოდ სოციოლოგიის თვალსაზრისით, არამედ კრიტიკულად აანალიზებს ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების, ეთნოლოგების კონცეფციებსაც. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ავტორის მსოფლმხედველობაზე დიდი იყო მარქსიზმის გავლენა, რაც მკვეთრად აისახა მის ფილოსოფიაზე და მცდელობაზე - მოეხდინა მარქსიზმისა და ფენომენოლოგიის სინთეზი.
კიტა მეგრელიძე თავის ნააზრევში ცდილობს დაამტკიცოს ადამიანის აზროვნების სოციალური ბუნება. ამისათვის იგი, უპირველეს ყოვლისა, ნატურალიზმს ემიჯნება, რომელიც ადამიანის ბუნებას ხსნის ფიზიკური და ბიოლოგიური კანონზომიერებით. მეგრელიძის აზრით, ვინაიდან ადამიანი ცხოვრობს სოციალურ გარემოში, ცნობიერებაც არა ბუნებრივ, არამედ სოციალურ მოვლენას წარმოადგენს. შესაბამისად, ის საზოგადოებრივი წარმონაქმნია და ინდივიდის აღნიშნულ გარემოში ორიენტაციის თავისებურებებს განსაზღვრავს. ამიტომ, ადამიანის აზროვნების წესის გაანალიზება შეიძლება სოციუმში და იმ სოციალური პირობების შესწავლით, რომელიც ტვინს აიძულებს სხვადასხვა ეპოქის გათვალისწინებით განსხვავებულად იმუშავოს.
ამავე დროს, ფუნქციონალური თვალსაზრისით, ცნობიერება არ განსხვავდება ინსტინქტისაგან, რომლის საფუძველზეც სამყაროში ორიენტირდება ცხოველიც. თუმცა კი, სუბიექტსა და ბუნებას შორის არსებობს უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფი, რაც მათ შორის ურთიერთობათა საგნობრივი შუამავალის, ანუ შრომის პროდუქტის დამკვიდრებაში ვლინდება. ეს უკანასკნელი, „სუბიექტის ინდივიდუალური ენერგიის სოციალიზაციის ეს ერთადერთი შესაძლებლობა, პიროვნების განუწყვეტელი განსაზოგადოების ერთადერთი გზა, თვითონ არის საზოგადოებისა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა პროდუქტი“ („აზრის სოციალური ფენომენოლოგია“, გვ. 72). ამის შემდეგ ბუნებასა და სუბიექტს შორის წარმოიქმნება კულტურის მატერიალურ-ტექნიკური და იდეური სამყაროები და ყალიბდება საზოგადოებრივ-ისტორიული რიგის ურთიერთობები. შესაბამისად, შრომის პროდუქტი შესაძლებელს ხდის ადამიანთა ნივთობრივ-მატერიალურ და სოციალურ ურთიერთობებს.
კიტა მეგრელიძისათვის სოციალური გარემო წარმოადგენს მუდმივი ჭიდილის, ბრძოლის ასპარეზს, რომელიც ემსახურება ადგილის მოპოვებას საზოგადოებრივ ცნობიერებაში, ეს უკანასკნელი კი გულისხმობს ადამიანთა ინტერესების კონსოლიდაციას; იქ კი, სადაც მსგავსი ერთობა არაა, საზოგადოებრივი ცნობიერება არ არსებობს.
მეგრელიძე ეხება კულტურის ფილოსოფიის პრობლემებსაც. ის განიხილავს კულტურის გენეზისის, იდეების წარმოშობისა და განვითარების პრობლემებს. აღნიშნული საკითხის ანალიზი ავტორისათვის მნიშვნელოვანია აზროვნების და ზოგადად ადამიანის არსის დახასიათებისათვის. კულტურის ფენომენს ორმხრივი ყოფიერება ახასიათებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ის, ერთი მხრივ, სუბიექტის მიერაა შექმნილი და, ამავე დროს, ობიექტურად არსებულ საგნებშია ხორცშესხმული. შესაბამისად, კულტურა განეკუთვნება საგნობრივი და სუბიექტური მნიშვნელობის მქონე სინამდვილეს. ადამიანის გონივრული მოქმედების ველში საგნები იქცევიან „გონივრულ ნივთებად“, მათში ადამიანის გონება იძენს ობიექტურ საგნობრივ არსებობას. მატერიალური სამყაროს კულტურის ნივთების მეშვეობით ადამიანი ხდება სოციალური არსება, ვინაიდან მასში რეალიზდება ადამიანის გონება და შრომა. ის „განასაზოგადებს“ ინდივიდუალურ ენერგიას და იქცევა სოციალურ გამოცდილებად.
შრომა და შრომის განაწილება ინდივიდებს ერთმანეთისაგან განასხვავებს და მათ ცნობიერებას შესაბამისი შინაარსებით აღავსებს, რაც იწვევს ენის საჭიროებას, რომელიც იწყება იქ, სადაც „სუბიექტი ავლენს არა საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობას, არამედ ცნობიერების ობიექტურ იდეატორულ შინაარსს“ („აზრის სოციალური ფენომენოლოგია“, გვ. 142). ამიტომ, ცნობიერებას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება, იგი არსებობს სოციალურ და კულტურულ გარემოში და დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, შრომასა და ენაზე. ხსენებული ფაქტორების და გარემოს გარეშე კი ცნობიერება კვდება.
საყურადღებოა კიტა მეგრელიძის თეორიული რეფლექსია ინდივიდი-კოლექტივის დიხოტომიასთან დაკავშირებით, რასაც იგი არაერთხელ ეხება თავის მონოგრაფიაში. ავტორის აზრით, ინდივიდუალური ცნობიერების მამოძრავებელია კოლექტივი, ყველაფერი, რასაც აღწევს ცალკეული ცნობიერება, განპირობებულია საზოგადოებრივით, ვინაიდან „ყოველივე ინდივიდუალური, ასე თუ ისე, ამა თუ იმ ფორმით სოციალიზდება, განსაზოგადოებრივდება“ („აზრის სოციალური ფენომენოლოგია“, გვ. 397). უფრო მეტიც, ინდივიდუალური აზროვნება, უმეტეს შემთხვევაში, არის მხოლოდ საზოგადოებრივად მომწიფებული აზრების კერძო გამოვლინება, რომელიც ყალიბდება საზოგადოებრივ ურთიერთობათა პროცესში. „ინდივიდის აზროვნება ინდივიდუალური შემოქმედების შედეგი კი არ არის, არამედ ისტორიის პროდუქტია, ეს საზოგადოებრივი აზრებია“ („აზრის სოციალური ფენომენოლოგია“, გვ. 351). აღნიშნულის მიზეზი კი ისაა, რომ აზრის ინდივიდუალური აქტი განპირობებულია საზოგადოებრივი განვითარების გარემო პირობებით, სადაც ინდივიდი ჩამოყალიბდა და სადაც მას აზროვნება და მოქმედება უხდება.
კიტა მეგრელიძის ნააზრევი XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის მეტად ღირებულ მემკვიდრეობას ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი ნაშრომის გამოქვეყნება დაწერიდან მხოლოდ 29 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი (ნაშრომი დაიწერა 1936 წელს, ხოლო გამოქვეყნდა 1965 წელს). ცნობილია, რომ თავდაპირველად წიგნის სათაურად ავტორს „აზრის სოციალური ფენომენოლოგია“ ჰქონდა მოაზრებული, თუმცა კი, საბოლოოდ, მას „აზროვნების სოციოლოგიის ძირითადი პრობლემები“ ეწოდა. ამიტომაც, 1990 წელს გამოცემულ ქართულ თარგმანში ამ ნაშრომს „აზრის სოციალური ფენომენოლოგია“ ეწოდა. ამავე დროს, სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ დაკარგულმა მეორე მონოგრაფიამ და სხვა გარე ფაქტორებმა დაღი დაასვა კიტა მეგრელიძის ფილოსოფიის მნიშვნელობის დროულად და სათანადოდ გააზრებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კიტა მეგრელიძის მრავალმხრივი ნააზრევის პირუთვნელი შესწავლა სამომავლო კვლევა-ძიების გადაუდებელ ამოცანად გვესახება.
3 -გამოყენებული ლიტერატურა
• ზედანია, გ.: რეპრესირებული აზრი. კონსტანტინე მეგრელიძის სოციალური თეორია, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2017 წ.
• კოდუა, ე.: ქართველი ფილოსოფოსი - მეკვლე აზროვნების სოციოლოგიისა, ჟურნალში: „მნათობი“, # 6 (თბილისი, 1981 წ.), გვ. 160-168.
• კოდუა, ე.: XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია, ტ. 1, ნაკვ. 2, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1999 წ.
• მეგრელიძე, კ.: აზრის სოციალური ფენომენოლოგია, რედაქტორები: ო. ჯიოევი, ე. კოდუა, მ. მეგრელიძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1990 წ.
• მთიბელაშვილი, თ.: სოციოლოგია XX საუკუნის საქართველოში, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, მთავარი რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „ელფი“, 2003 წ., გვ. 308-327.
• რეხვიაშვილი, ტ.: ინტერესის ცნება კიტა მეგრელიძის „აზრის სოციალურ ფენომენოლოგიაში“, წელიწდეულში: „ფილოსოფიური ძიებანი“, # 18 (თბილისი, 2014 წ.), გვ. 239-246.
• Мегрелидзе, К. Р.: Основные проблемы социологии мышления, Редактор и автор предисловия А. Т. Бочоришвили, Тбилиси: «Мецниереба», 1973.