გოგობერიშვილი ვაჟა
1 -ბიოგრაფიული ცნობები
ვაჟა გოგობერიშვილი 1929 წელს გუდაუთაში დაიბადა; 1952 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, მისი დასრულების შემდეგ კი, 1955 წელს, ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. იგი იყო ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი.
1957 წლიდან ვაჟა გოგობერიშვილის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტთან, სადაც მან ნაყოფიერი საქმიანობა განახორციელა პოზიტივიზმის, პრაგმატიზმისა და რელიგიის ფილოსოფიური პრობლემების შესწავლის კუთხით. ვაჟა გოგობერიშვილი, კვლევითი მიმართულების პარალელურად, აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. იგი ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
ვაჟა გოგობერიშვილი გარდაიცვალა 1999 წელს, 70 წლის ასაკში.
2 -ფილოსოფიური შრომები
ვაჟა გოგობერიშვილის კვლევითი ინტერესების სფეროს ძირითადად პოზიტივიზმი, პრაგმატიზმი და რელიგიის ფილოსოფიური პრობლემების შესწავლა წარმოადგენდა. ამ მიმართულებით მან შექმნა საყურადღებო კვლევითი ლიტერატურა ქართულ ენაზე; იგი არის მრავალი სამეცნიერო მონოგრაფიისა და სტატიის ავტორი.
ვაჟა გოგობერიშვილმა პოზიტივიზმისა და პრაგმატიზმის შესახებ კვლევითი სამუშაო მოღვაწეობის ადრეულ პერიოდში დაიწყო, რის გამოც მისი თავდაპირველი ფილოსოფიური სამეცნიერო შრომებიც სწორედ აღნიშნულ საკითხებს ეძღვნება. ამ მიმართულებით წარმოებული კვლევები კარგადაა შეჯამებული მის სადოქტორო დისერტაციაში „მეტაფიზიკის პრობლემა თანამედროვე პოზიტივიზმში“ (1998 წ.), რომელიც დაფუძნებულია მისსავე ორ მნიშვნელოვან მონოგრაფიაზე - „პრაგმატიზმის ფილოსოფია“ (1966 წ.) და „მეტაფიზიკის დაძლევის ცდები თანამედროვე პოზიტივიზმში“ (1973 წ.).
ვაჟა გოგობერიშვილი თავის ნაშრომებში აანალიზებს პოზიტივისტური ფილოსოფიის წარმოშობის წინაპირობებს და იმ გამოწვევებსაც, რომლის დაძლევაც აღნიშნულმა ფილოსოფიამ დაისახა მიზნად. მისი აზრით, პოზიტივისტური ფილოსოფიის მიზანი - „კანტის ფილოსოფიის გათავისუფლება მეტაფიზიკის ნარჩენებისაგან და აპრიორიზმისაგან თანამედროვე ემპირიზმის ნიადაგზე“ - შეუსრულებელია. გოგობერიშვილი ნათლად წარმოაჩენს პოზიტივისტური ფილოსოფიის ნაკლოვანებებს, განსაკუთრებულ აქცენტს კი აკეთებს ემპირიზმის კრიტიკაზე, რაც, მისი აზრით, პოზიტივიზმის საფუძველია. გოგობერიშვილი ამ თვალსაზრისით აფასებს პრაგმატიზმსაც, რომელსაც პოზიტივისტური ტენდენციების ყველაზე უკეთ გამომხატველად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, პრაგმატიზმი ემპირიზმის პრინციპის ბოლომდე თანმიმდევრულად გამტარებლის როლში აღმოჩნდა; გოგობერიშვილი აჩვენებს, რომ „კანტის ყველა სიძნელე კვლავ თავს იჩენს ამ ფილოსოფიაშიც“. გოგობერიშვილი კრიტიკული განხილვით ცდილობს დაასაბუთოს თეზისი, რომ წმინდა ემპირიზმი ვერ ძლევს სკეპტიციზმს და, ამ თვალსაზრისით, პოზიტივიზმი კანტისგან უკან გადადგმული ნაბიჯია.
გოგობერიშვილი პრაგმატიზმის საინტერესო შეფასებებს გვთავაზობს. ის უპირისპირდება, მათ შორის, იმ პერიოდში ფართოდ გავრცელებულ აზრს პრაგმატიზმის ამერიკულ მოვლენად წარმოჩენის შესახებ და ეთანხმება მოსაზრებას, რომ პრაგმატისტული ჩანაფიქრი ევროპაში ყველაზე უკეთ ჰანს ფაიჰინგერმა გამოხატა მის მიერ შექმნილი „ფიქციონალიზმის“ სახით.
ვაჟა გოგობერიშვილის კიდევ ერთი კვლევითი ინტერესი რელიგიის ფილოსოფიური პრობლემებია. იგი განიხილავს რელიგიის პრობლემებს სეკულარულ საზოგადოებაში და ახალი რეალობის გათვალისწინებით აანალიზებს მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის შედეგად წამოჭრილ საკითხებს და რელიგიის მოსალოდნელი პერსპექტივების განხილვასაც გვთავაზობს. აღნიშნული კვლევითი ინტერესები კიდევ უფრო გაღრმავდა საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ, როცა ქართველმა ავტორმა სხვადასხვა პუბლიკაციით ცენზურის არარსებობის პირობებში კიდევ მკაფიოდ გამოხატა მისი სათქმელი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ვაჟა გოგობერიშვილი ქართველ მოაზროვნეთა იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც საქართველოში აქტიურად დაიწყო პოზიტივისტური ფილოსოფიის კვლევა. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ფილოსოფოსი, რომელმაც ქართულ ენაზე ამ მიმართულებით არაერთი საყურადღებო ნაშრომი შექმნა. ამდენად, აღნიშნული ფილოსოფიური მიმართულებისადმი ინტერესის ზრდისა და შესაბამისი ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით ვაჟა გოგობერიშვილის კვლევითი საქმიანობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
ქართული ფილოსოფიის ისტორიაში ვაჟა გოგობერიშვილი წარმოგვიდგება პოზიტივისტური ფილოსოფიისა და პრაგმატიზმის საინტერესო და მნიშვნელოვან მკვლევრად. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი ნაშრომები, რომლებიც რელიგიის ფილოსოფიის აქტუალურ საკითხებს ეხება. ამ კვლევითი საქმიანობის გამო ვაჟა გოგობერიშვილის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას თავისი კუთვნილი ადგილი უკავია ქართული ფილოსოფიის ისტორიაში.
3 -გამოყენებული ლიტერატურა
• გოგობერიშვილი, ვ.: პრაგმატიზმის ფილოსოფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1966 წ.
• გოგობერიშვილი, ვ.: მეტაფიზიკის დაძლევის ცდები თანამედროვე პოზიტივიზმში, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ.
• გოგობერიშვილი, ვ.: რწმენისა და ცოდნის ურთიერთობის გაგების ისტორიიდან, თბილისი: „მეცნიერება“, 1979 წ.
• გოგობერიშვილი, ვ.: რელიგიის პრობლემები მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის პირობებში, თბილისი: „მეცნიერება“, 1989 წ.
• ფილოსოფია, მეცნიერება, რელიგია: ვაჟა გოგობერიშვილის ხსოვნისადმი (დაბადებიდან 80 წელი) მიძღვნილი კრებული, რედ.: ი. კალანდია, კ. ქეცბაია, თბილისი: „უნივერსალი“, 2012 წ.