იონა ხელაშვილი
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
მღვდელმონაზონი იონა ხელაშვილი, ერისკაცობაში იოანე, დაიბადა 1778 წელს, ქიზიყის სოფელ ვაქირში. მას ყრმობიდანვე გააჩნდა სწავლისადმი დაუოკებელი წყურვილი, თუმცა, მის ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ შვილისთვის კარგი განათლება მიეცა; ერთი მხრივ, სოციალური მდგომარეობა და, მეორე მხრივ, უსახსრობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. როგორც თვითონ იხსენებს, ცოდნის მიღების სურვილი იმდენად ჰქონდა, რომ მშობლების უკითხავად გაიპარა თბილისში, სადაც ბედის წყალობითა და კეთილი ადამიანების დახმარებით ერეკლე II-ის სასახლის კარზე აღმოჩნდა. აქ იგი მზარეულთუხუცესის მოსამსახურედ აიყვანეს სამუშაოდ. სასახლეში მოხვედრამ საბედისწერო გავლენა იქონია იონა ხელაშვილის ბიოგრაფიაზე, რამეთუ მისი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირდა სამეფო ოჯახს; იოანემ, როგორც კი მას ამის საშუალება მიეცა, მეფეს გაუმხილა თავისი სურვილი – მიეღო ჯეროვანი სწავლა-განათლება. ერეკლე II-მ იგი მიაბარა თავის მოძღვარს, მეტეხის ტაძრის დეკანოზ იესეს. ჭაბუკმა მართლაც დიდი მონდომება გამოიჩინა სწავლაში, თუმცა, ამ პერიოდში მას დაეღუპა ახალგაზრდა მამა, ამას ზედ დაერთო მძიმე ავადმყოფობა (ტიფი) და შექმნილ გარემოებათა გამო იგი იძულებული შეიქნა დაბრუნებულიყო მამისეულ სახლში. მძიმე დღეები დადგა იოანეს ცხოვრებაში: სულ მალე გარდაეცვალა დედა ჩვილ ძმასთან ერთად, რის გამოც იმდენად დამწუხრებულა, რომ დღისით სახლში იკეტებოდა, ღამით კი იოანე ნათლისმცემლის სალოცავში დადიოდა, სადაც მას მღვდელმონაზონი დავითი ასწავლიდა ფსალმუნებს. იოანესთვის ამ უმძიმეს პერიოდში განგებამ კვლავ შეახვედრა იგი მეფე ერეკლე II-ს, რომელმაც შეიწყნარა უსასოო ობოლი და განსასწავლად ახლა უკვე მიტროპოლიტ იოანეს მიაბარა ბოდბის მონასტერში. დედით და მამით დაობლებული, მაგრამ სწავლას მოწყურებული, საოცრად მონდომებული და მიზანდასახული იოანე რამოდენიმე ხნის შემდეგ თელავში ეახლება მეფე ერეკლეს დახმარებისთვის, რადგან უზომოდ სწყუროდა წიგნი, იმ ხანად კი დიდად ჭირდა წიგნები. მეფემ ამჯერად უკვე კარის მღვდელს, მწიგნობარ იოანეს (კალატოზიშვილს) მიაბარა იგი და თავისი სამლოცველოს წიგნებით სარგებლობის უფლება უბოძა, რაც უდიდესი წყალობა იყო იოანეს მიმართ.
1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა ერეკლე II. იოანეს მდგომარეობა გართულდა: მას აღარ ჰქონდა აღარც წიგნები, აღარც საკვები, აღარც „ხორცთ საფარებელი“. ასეთ ვითარებაში მან დახმარებისთვის გიორგი XII-ს მიმართა, რომლის წყალობითაც ნიჭიერ ახალგაზრდას საშუალება მიეცა ცოდნა მიეღო თელავის სემინარიაში დავით რექტორის (ალექსიშვილი) მზრუნველობის ქვეშ.
1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა გიორგი XII; ამის შემდეგ იოანე უკვე ტოვებს მეფის სასახლეს და სხვადასხვა მონასტრებში ეძებს ნავსაყუდელს; საბოლოოდ იგი დამკვიდრდა ქვათახევის ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც სამი წელი გაატარა; აქვე შემოსეს ახალგაზრდა იოანე მორჩილის კაბით და აკურთხეს იპოდიაკვნად (კერძო დიაკვნად).
1805 წლის აპრილის დასაწყისში იოანე შეიტყობს, რომ იმპერატორის ბრძანებით სამეფო ოჯახი მიემგზავრება საქართველოდან; იპოდიაკონი იოანე, კათალიკოსის კურთხევით, სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ, ტოვებს მონასტერს და მიჰყვება რუსეთისკენ მიმავალ ბატონიშვილ ფარნაოზსა და სამეფო ოჯახს; მათთან ერთად იგი ჩადის მოსკოვში, საიდანაც გზას აგრძელებს სანკტ-პეტერბურგისკენ. სანკტ-პეტერბურგში მყოფ იოანეს ყურადღებას არ აკლებენ უნეტარესი ანტონი, იოანე ბატონიშვილი, დავით ბატონიშვილი, რომელთა მეცადინეობითაც 1809 წლის 7 მაისს ხელაშვილი ჩაირიცხა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში. იოანე აქ სამი წლის განმავლობაში სწავლობდა სლავურად კითხვასა და სუფთა წერას, დოგმატურ და ზნეობრივ ღვთისმეტყველებას, ეკლესიის ისტორიას, რუსულ გრამატიკას, ფილოსოფიასა და არითმეტიკას.
1812 წლის 5 მარტს საკმაოდ კარგი მოსწრებით მან დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარია. ამის შემდეგ უკვე იწყება იოანე ხელაშვილის, როგორც სასულიერო პირის ცხოვრება.
1812 წლის 5 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში ივან ხელაევი (იოანე ხელაშვილი) აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელი იონა. 1812 წლის 6 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრის ხარების ეკლესიაში შედგა ბერი იონას კურთხევა (ხელდასხმა) იეროდიაკვნად; 1812 წლის 9 ოქტომბერს კი გორის ეპისკოპოსმა დოსითემ იმავე ლავრის მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესიაში იეროდიაკვან იონას ხელი დაასხა მღვდელმონაზვნად. ცოდნითა და პატიოსნებით ცნობილი ქართველი მღვდელმონაზონი იონა სანკტ-პეტერბურგის ქართული კოლონიის, ბატონიშვილების, დედოფლებისა და სხვა წარჩინებულთა მოძღვარი გახდა. იგი მუდამ ცდილობდა, რომ მეფის მემკვიდრეთა შორის მშვიდობა და სიყვარული ჩამოეგდო.
სხვადასხვა გადმოცემისა და წყაროს მიხედვით, ღვაწლმოსილი მოძღვარი, მღვდელმონაზონი იონა ხელაშვილი გარდაიცვალა 1837 წელს, სამწერლო მაგიდასთან მუშაობისას.
2 -შემოქმედება
იონა ხელაშვილის ავტორობით შექმნილია რამდენიმე ათეული ნაშრომი, რომლებშიც გადმოცემულია მისი მეტად საყურადღებო საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური კონცეფციები. იგი იყო მწიგნობარი, მკვლევარი, ფილოსოფოსი, ერეკლე II-ის შვილებისა და შვილიშვილების კარის მოძღვარი და არაერთი ქართველი საზოგადო მოღვაწის აღმზრდელი და დამრიგებელი. ფილოსოფიური ღვთისმეტყველების კუთხით მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი“, „რონინი“, „ღვთისმეტყველება სამნაწილედი“, „ქადაგებანი“, „ძველი აღთქმის წიგნების განმარტება“, „იობის წიგნის განმარტება“, „პარალიპომენონისა განმარტება“, „ათი მცნებისა და ცხრა ნეტარების წიგნი“ და სხვ. აღსანიშნავია, რომ იონა ხელაშვილის ეს და სხვა ნაშრომები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში ინახება და, ვფიქრობთ, რომ მათი გაშიფვრა, რედაქტირება, გამოცემა და სათანადო სამეცნიერო-კვლევითი შესწავლა ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო აზროვნების გადაუდებელი ამოცანაა.
იონა ხელაშვილის ნაშრომთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია (როგორც სიღრმით, ისე მოცულობით) „ღმრთისმეტყუელებაი სამნაწილედი“. ესაა დოგმატური კომპენდიუმი, რომელშიც მწყობრად, სისტემური სახითაა განხილული ქრისტიანული ეკლესიის დოგმატური სწავლება. ეკლესიის მამათა სწავლებაზე დაყრდნობით ავტორი ვრცლად ეხება და მკაფიო თეზისებად აყალიბებს საეკლესიო მოძღვრების უმთავრეს იდეებს; იგი განიხილავს კოსმოლოგიის, ტრინიტოლოგიის, ქრისტოლოგიის, სოტერიოლოგიის, პნევმატოლოგიის, ანგელოლოგიის, ანთროპოლოგიის, ეკლესიოლოგიის, მისტერიოლოგიის, ესქატოლოგიისა და საეკლესიო დოგმატიკის სხვა საკითხებს, ასევე, განმარტავს დოგმატურ და ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას. წმინდა თეოლოგიურ საკითხებთან ერთად ავტორი ეხება საზოგადოებრივი ცხოვრებისა და პოლიტიკის, ზნეობისა და ყოფითი ცხოვრების საკითხებსაც; კრიტიკულად აფასებს ათეიზმის, უცხო რელიგიებისა და ქრისტიანული პროტესტანტიზმის იდეებს; ეპაექრება ქრისტიანობის მოწინააღმდეგე ფოლოსოფოსებსა და რელიგიურ მოძღვრებს; იძლევა ცნობებს მათი დოქტრინიდან და აკრიტიკებს მათ როგორც ბიბლიური მოძღვრების, ისე ლოგიკური არგუმენტაციის საფუძველზე. თემატიკის შესაბამისად აღნიშნული თხზულება დანაწევრებულია სამ დიდ ნაწილად, რომელთაგან თითოეული შეიცავს მოკლე თავებს. ეს ნაწილებია: (1) ღმრთისმეტყუელება ბუნებითი, (2) ძველი და ახალი აღთქმის ღმრთისმეტყველება და (3) ზნეობითი ღმრთისმეტყუელება. პირველი და მეორე ნაწილები ჯამურად მოიცავს 382 პარაგრაფს, მესამე ნაწილი - 78 პარაგრაფს. „ღმრთისმეტყველება სამნაწილედი“ კორპუსი ჩვენამდე მოღწეულია ორი ხელნაწერით: საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერები A-13 და S-307.
იონა ხელაშვილი თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში „რონინი“ გვამცნობს, რომ მან იოანე ბაგრატიონის მეშვეობით აითვისა ძველ ათინელთა ფილოსოფია და ახალი დროის გერმანული ფილოსოფია. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უნეტერესი ანტონ II-ისგან კი მან სამი წლის განმავლობაში ღვთისმეტყველება შეისწავლა. აქ იონა ხელაშვილი განსაკუთრებით გამოყოფს შუა საუკუნეების დიდი ქრისტიანი მოაზროვნის, იოანე დამასკელის (675-749 წწ.) ნაშრომების მნიშვნელობას ფილოსოფიური ღვთისმეტყველების დაუფლების საქმეში. სწორედ იოანე დამასკელის ქართული თარგმანები და, კერძოდ კი, მისი „დიალექტიკა“ წარმოადგენდა იმ საძირკველს, რომელზეც მყარად უნდა დაშენებულიყო ფილოსოფიური ღვთისმეტყველების ხელაშვილისეული მოდელი. „დიალექტიკა“ არისტოტელესეული ლოგიკის ქრისტიანული ინტერპრეტაციის შედეგს წარმოადგენს. ამდენად, ის ქრისტიანული ფილოსოფიის საფუძველმდებარე ცნებების, კატეგორიების, კონცეპტების განსაზღვრა-დადგენას ახდენს და მათ ქრისტიანულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.
უაღრესად მნიშვნელოვანი იყო იონა ხელაშვილის განსწავლის წლები სანკ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის სასულიერო სემინარიაში. იგი ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების კლასში აღმოჩნდა; აქ ხელაშვილი ფრიად განისწავლა ფილოსოფიაში, ღვთისმეტყველებაში, საღმრთო ისტორიასა და დოგმატიკაში, გრამატიკაში, არითმეტიკაში და სხვ. სამართლიანად შენიშნავს თ. ირემაძე, რომ სწორედ ამ საფუძვლიანმა საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურმა განსწავლამ მისცა იონა ხელაშვილს შესაძლებლობა, რომ „ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების ახალი მოდელი დაეფუძნებინა“. ეს დარგი ინტერდისციპლინური ხასიათისაა, არსებითად, ქრისტიანულ მეტაფიზიკას წარმოადგენს, რადგან სწორედ ქრისტიანული მეტაფიზიკაა ფილოსოფიის ის დარგი, რომელიც უხილავი ერთის და უხილავი სულების შემეცნებას ესწრაფვის („მეტაფიზიკა - ზესთა მეცნავი უხილავისა მხოლოისა და უხილავებთა პსიხებისა“).
3 -ქრისტიანული მეტაფიზიკა
იონა ხელაშვილის ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო შემოქმედების მთავარი შედეგები შეჯამებულია მის საკვანძო ნაშრომში „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი“. ის დაწერილია 1826 წელს და წარმოადგენს კითხვა-პასუხის სახით აგებულ თეორიულ თხზულებას. იონა ხელაშვილისადმი დასმული კითხვების ავტორი ახალი დროის ქართული აზროვნების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი იოანე ბაგრატიონია (1768-1830 წწ.). სწორედ იოანე ბაგრატიონის მიერ დასმული კითხვების შედეგად ვიგებთ იონა ხელაშვილის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ძირითად ასპექტებს. აღსანიშნავია, რომ იონა ხელაშვილი იოანე ბაგრატიონის ეპოქალური ნაშრომის „კალმასობა“ (1813-1828 წწ.) მთავარ პერსონაჟსა და მოქმედ პირს წარმოადგენს. ამ თხზულებაში იგი დაახლოებით იმ მისიას ასრულებს, რასაც სოკრატე პლატონის უკვდავ დიალოგებში.
იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფციაც ყველაზე სრულყოფილი სახით სწორედ „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნშია“ გადმოცემული. ქართველი მოაზროვნე აქ საკუთარი ფილოსოფიური მსოფლმხედველობის მთავარ წახნაგებს წარმოადგენს და ქრისტიანული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების ისეთ მოდელს აყალიბებს, რომელიც ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების გარკვეულ სინთეზს ახდენს „მაღალი სიბრძნის“ მიზნებისა და მეთოდოლოგიური პრინციპების მომარჯვებით. ასეთი მეთოდოლოგიური ნაზავის შედეგად იქმნება ფილოსოფიური ღვთისმეტყველების ისეთი ვერსია, რომელსაც იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია შეიძლება ეწოდოს. მეტაფიზიკის ასეთი სახე ორიენტირებულია ქრისტიანული ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ისეთი კომბინაციის შექმნაზე, რომელიც სამყაროს დიადი წიგნების, „წმინდა წერილის“ ფილოსოფიურ ახსნა-განმარტებას ისახავს მიზნად. მაშასადამე, იონა ხელაშვილის ფილოსოფიური ღვთისმეტყველება, რომლის თანმიმდევრული განვითარება მისსავე მეტაფიზიკურ კონცეფციას ქმნის, ეფუძნება ძველი და ახალი აღთქმის სიბრძნისმეტყველებას და მის სპეციფიკურ ფილოსოფიურ ჰერმენევტიკას წარმოადგენს. ამდენად, იონა ხელაშვილის თეორიული შემოქმედების სრულყოფილი ფილოსოფიური ანალიზი სწორედ მისი მეტაფიზიკური კონცეფციის დაწვრილებით განხილვასა და შეფასებას უნდა დაეყრდნოს.
ამ კუთხით აღსანიშნავია იონა ხელაშვილის დამოკიდებულება ლაიბნიც-კლარკის მიმოწერის თაობაზე, რომელიც იმდროინდელი ევროპული მეტაფიზიკური ტრადიციის აქტუალურ პრობლემებს ეხებოდა. ლაიბნიცისა და კლარკის მიმოწერა ფრანგულიდან ქართულ ენაზე 1823 წელს თარგმნა ილია ბაგრატიონმა, თუმცა, ქართული თარგმანი სრულყოფილი არ არის, რადგან ის ამ მიმოწერის მხოლოდ ერთი ვრცელი ნაწილის თარგმანს მოიცავს. როგორც ცნობილია, იონა ხელაშვილმა ამ მიმოწერას ერთი მოზრდილი კომენტარი დაურთო, საიდანაც მისი ფილოსოფიური და თეოლოგიური მსოფლმხედველობის არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ხდება ცხადი. იგი, უწინარეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ლაიბნიცისა და კლარკის დავა-კამათის გაგება ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების არმცოდნე ხალხს გაუჭირდება, რადგან აქ დასმულ ურთულეს მსოფლმხედველობრივ საკითხებში გარკვევა სათანადო პროფესიულ განათლებას მოითხოვს.
იონა ხელაშვილის აზრით, კლარკი ლაიბნიცის მეტაფიზიკის მათემატიკური გზით უკურღვევას შეეცადა. მაშასადამე, ამ კამათში ლაიბნიცი მეტაფიზიკის მოსარჩლე გამოდის, ხოლო კლარკი კი - მათემატიკისა. სინამდვილეში კი კლარკი მისი მოძღვრის, ისააკ ნიუტონის პოზიციას იცავს, რომლის თანმიმდევრული განვითარების შემთხვევაში შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ღმერთისა და უმაღლესი არსებების შემეცნების ეფექტურ გზას მათემატიკური მეთოდები წარმოადგენს. თუმცკი, იონა ხელაშვილის აზრით, უმაღლესი არსების სრულყოფილი შემეცნება იმ დისციპლინის მეშვეობით, რომელიც სხეულთა ზომას თვლის, ვერ მოხერხდება. მართალია, მათემატიკა (მათ შორის, მეტაფიზიკისთვის) უმნიშვნელოვანესი დისციპლინაა, მაგრამ მისი უშუალო შემეცნების ობიექტი „მაღალი სიბრძნე“ არ არის. არა თუ მათემატიკა, არამედ ლაიბნიცის მეტაფიზიკაც კი ვერ შეიმეცნებს ღმერთსა და სხვა უმაღლეს არსებებს ადეკვატურად („ხოლო ლეიბნიცი შორდების სიბრძნესა მაღალისასა“). მაშასადამე, იონა ხელაშვილი ლაიბნიცისა და კლარკის დავა-კამათში ცალსახად არცერთი მოაზროვნის პოზიციას არ იკავებს. უფრო მეტიც, იგი არცერთი მოაზროვნის მიმართ არ იშურებს კრიტიკას. მისი კომენტარებიდან, თითქოსდა, უფრო მეტი სიმპათია მაინც კლარკის პოზიციის მიმართ შეინიშნება, მაგრამ იგი ცალსახად არც კლარკის მეცნიერული მეთოდოლოგიის მომხრეა. იონა ხელაშვილს ღმერთის შესამეცნებლად არც ახალი დროის მათემატიკის მეთოდები (ნიუტონი/კლარკი) მოსწონს და არც რაციონალისტური მეტაფიზიკის (ლაიბნიცი) მეთოდოლოგია. იგი უპირატესობას, უფრო მეტად, ქრისტიანული მეტაფიზიკის მდიდარ ტრადიციას ანიჭებს, რომლის თანმიმდევრულ რეაქტუალიზებასაც თავის ნააზრევში ცდილობს. მეტაფიზიკის ამ ტიპს ფილოსოფიური ღვთისმეტყველება შეიძლება ეწოდოს; ის შუა საუკუნეების დიდი ქრისტიანული მოაზროვნეების (მაგ., ეკლესიის მამები, იოანე დამასკელი და სხვ.) კატეგორიათმოძღვრებას ეყრდნობა.
იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია ახალი დროის ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების კონტექსტში უნდა იქნეს წაკითხული და შეფასებული, რადგან სწორედ მან განავითარა ახალი დროის ქართულ აზროვნებაში წამოწყებული ის მძლავრი ინტელექტუალური მოძრაობა, რომელიც, უმეტესწილად, ანტონ ბაგრატიონის სახელს უკავშირდება. ანტონმა ახალი კვლევა-ძიებით გაამდიდრა ფილოსოფიური ღვთისმეტყველება, ხოლო იონა ხელაშვილმა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა ფილოსოფიური ღვთისმეტყველება საქართველოში. ამ აზრით, იგი ახალი დროის ქართულ აზროვნებაში გამაშუალებელი მოაზროვნეა, ერთი მხრივ, ანტონ ბაგრატიონსა და, მეორე მხრივ, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს (ქიქოძე) შორის, რომლის შემოქმედებაც ქართული საღვთისმეტყველო კვლევა-ძიების გვირგვინს წარმოადგენს.
4 -რეცეფცია
იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფციის დაწვრილებითი ფილოსოფიური ანალიზი ჯერ არ მომხდარა. უფრო მეტიც, ეს დიდი ქართველი მოაზროვნე ქართული საბჭოთა მარქსისტული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის კონტექსტში „რეაქციონერად“ იყო შერაცხული. ეს ტენდენცია ისეთი ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, რომ იგი თვით შალვა ნუცუბიძემაც კი თავის „ქართული ფილოსოფიის ისტორიაში“ (ტ. II, 1958 წ.) „თეოლოგიურ-რეაქციული მიმდინარეობის“ იმ წარმომადგენლად მიიჩნია, რომელიც ქართული ფილოსოფიური აზრის პროგრესული გზით განვითარებას ახალი დროის ქართულ აზროვნებაში ხელს უშლიდა. ამგვარმა შეფასებებმა დიდად შეუშალა ხელი იონა ხელაშვილის მრავალმხრივი შემოქმედების შესწავლა-ათვისების საქმეს. არადა, ახალი დროის ქართულ აზროვნებაში იშვიათად თუ მოიძებნება ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, რომელმაც ამ ორი დარგის განვითარებას ისეთი მძლავრი იმპულსი მისცა, როგორც იონა ხელაშვილმა. მან ახალი დროის ქართულ თეორიულ აზროვნებაში ქრისტიანული ფილოსოფიის ერთი-ერთი ყველაზე საგულისხმო მოდელი შექმნა, რომელიც ქართული ღვთისმეტყველების განვითარებისთვის დღესაც უაღრესად აქტუალურია. ეს მოდელი მოიცავს ამ მოაზროვნის მთელ მეტაფიზიკურ კონცეფციას.
იონა ხელაშვილის შემოქმედების შესწავლის კუთხით სამეცნიერო-კვლევითი მდგომარეობა, გარკვეულწილად, მას შემდგომ გამოსწორდა, რაც გულნარა დედაბრიშვილმა 1967 წელს იონა ხელაშვილის „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი“ (ფილოსოფიური ნაწილი) გამოსცა, ხოლო შემდეგ კი, 2000 წელს, ეპისტოლური არქივის მასალები. თუმცკი, ამ მნიშვნელოვან წყაროთა გამოქვეყნების მიუხედავად, იონა ხელაშვილის თეორიული მემკვიდრეობის შესწავლის საქმე XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში, არსებითად, წინ არ წაწეულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მიერ ხელნაწერის უფლებით 1959 წელს გამოიცა იონა ხელაშვილის ავტობიოგრაფიული თხზულება „რონინი“, რომელიც ქართველი ავტორის მსოფლმხედველობრივი კრედოს დასადგენად მრავალ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
იონა ხელაშვილის ღრმა ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო შემოქმედების ნაყოფიერი ათვისების გზაზე პირველი ნაბიჯები რამდენიმე წლის წინ გადაიდგა. ამ მხრივ, პირველ რიგში, აღსანიშნავია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ სამეცნიერო (რეფერირებად და რეცენზირებად) ორგანოში, ჟურნალ „უფლის ციხეში“ გამოქვეყნებული ქართველი მკვლევრების, პროფ. ლალი ზაქარაძისა და პროფ. თენგიზ ირემაძის საეტაპო სტატიები იონა ხელაშვილის შემოქმედების აქტუალური პრობლემების შესახებ. პროფ. ლ. ზაქარაძის სტატია „იონა ხელაშვილი – დიდი ქართველი ღვთისმეტყველი ეპოქათა გზაგასაყარზე“ (2012 წ.) იონა ხელაშვილის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი პორტრეტის მთავარი შტრიხების დადგენას ეძღვნება; პროფ. თ. ირემაძის სტატია „იონა ხელაშვილის ფილოსოფიური ღვთისმეტყველება“ (2014 წ.) კი იონა ხელაშვილის ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო შემოქმედების მთავარ ღერძს, მისი ფილოსოფიური ღვთისმეტყველების საკვანძო საკითხებს წამოსწევს წინა პლანზე და მათ მნიშვნელობას აჩვენებს თანამედროვე ქრისტიანული აზროვნების კონტექსტში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ იონა ხელაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების დაწვრილებითი შესწავლა, ანალიზი და შეფასება მომავალი კვლევის გადაუდებელი ამოცანაა. დღემდე უცნობი რჩება მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი. ამ მოაზროვნის თვით დაბადების ზუსტი თარიღიც კი დღემდე უცნობი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენს სადისერტაციო ნაშრომში „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ (2017 წ.) ვცადეთ იონა ხელაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების დღემდე უცნობი დეტალების დადგენა და მისი ბიოგრაფიის ბურუსით მოცული ასპექტების რეკონსტრუირება. აღსანიშნავია, რომ მისი ნამდვილი ცხოვრებისეული პორტრეტის აღდგენა და გათვალისწინება აუცილებელია ამ ქართველი მეტაფიზიკოსის შემოქმედების ადეკვატური ანალიზისა და შეფასებისთვის, რადგან იონა ხელაშვილი იმ რჩეულ მოაზროვნეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება ერთმანეთისაგან განუყოფელია და, ამდენად, ისინი ერთიან ჭრილში უნდა იქნეს წარმოდგენილი.
5 -რჩეული ბიბლიოგრაფია
• იონა ხელაშვილი: რონინი, პუბლიკატორი და რედაქტორი ს. კაკაბაძე. თბილისი: საქ. სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო, 1959 წ., გვ. 85-127.
• იონა ხელაშვილი: ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი (ფილოსოფიური ნაწილი), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და ლექსიკონი დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.
• იონა ხელაშვილის ეპისტოლური არქივი (1809-1835 წ.წ.). შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო გ. დედაბრიშვილმა (ქართული ეპისტოლური წყაროების კორპუსი VI-VII), თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000 წ.
• დედაბრიშვილი, გ.: ი. ხელაშვილის ეპისტოლარული მემკვიდრეობის შესახებ, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ნარკვევები, კრებული I, რედაქტორი - შ. ხიდაშელი, თბილისი: „მეცნიერება“, 1969 წ., გვ. 158-186.
• ზაქარაძე, ლ.: იონა ხელაშვილი – დიდი ქართველი ღვთისმეტყველი ეპოქათა გზაგასაყარზე, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 2 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 70-74.
• ზაქარაძე, ლ.: იონა ხელაშვილი (1778-1838 წწ.). დიდი ქართველი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ეპოქათა გზაგასაყარზე, წიგნში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014 წ., გვ. 117-124.
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 2 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 58-64.
• ირემაძე, თ.: იონა ხელაშვილის ფილოსოფიური ღვთისმეტყველება, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 3 (თბილისი, 2014 წ.), გვ. 91-96.
• ირემაძე, თ.: იონა ხელაშვილი - ფილოსოფიური ღვთისმეტყველების მოდელი, წიგნში: თ. ირემაძე, ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ., გვ. 83-88.
• მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი): იონა ხელაშვილის ბიოგრაფიის რეკონსტრუირებისთვის, წიგნში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014 წ., გვ. 101-116.
• მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი): იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017 წ.
• ნუცუბიძე, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. II, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1958 წ.
• Metropolitan of Poti and Khobi Grigol (Berbichashvili): About Some Unknown Aspects of Iona Khelashvili’s (1778-1837) Life and Work, in: European Scientific Journal November 2014 /SPECIAL/ edition vol. 2, pp. 146-152.