ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძე სასულიერო გვარის შთამომავალი იყო. იგი დაიბადა 1865 წლის მირქმის დღესასწაულის დღეს, 2 (15) თებერვალს. მჭედლიძეები წარმოშობით შორაპნის მაზრის სოფ. ბოსლევიდან იყვნენ: მღვდელი დავით მჭედლიძე 1809-1845 წლებში სოფელ ბოსლევში წმ. გიორგის ეკლესიაში ასრულებდა მღვდელმსახურებას. მისი ვაჟი, სვიმონ დავითის ძე, ფრიად განსწავლული საღმრთო სჯულში, მიტროპოლიტ დავითის მიერ 1845 წელს იქნა ხელდსხმული დიაკვნად კაცხის მონასტერში, ხოლო 1848 წელს იმავე მიტროპოლიტმა იგი სამღვდელო ხარისხში აიყვანა. შემდგომ მღვდელმოწამე სიმონის ბაბუა, სვიმონ მჭედლიძე სვირში გაამწესეს მღვდლად და იქ მოღვაწეობდა სვირის წმ. გიორგის და მაცხოვრის ამაღლების ეკლესიებში გარდაცვალებამდე, 1876 წლამდე. მჭედლიძეების გვარის ეს დიდი შტო საბოლოოდ დამკვიდრდა სვირში.
მღვდელმოწამე სიმონის მამა, დეკანოზი მიხეილ მჭედლიძე, იმერეთის ეპარქიის სვირის „საბლაღოჩინო ოლქის“ წინამძღვარი (Благочинный протоиерей), იმერეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. წლების განმავლობაში იგი იყო დასავლეთის ეპარქიის სასულიერო სკოლების მზრუნველი და ზედამხედველი. მიხეილ მჭედლიძეს და მის მეუღლეს, ბაბუსი ბესარიონის ასულ ჭყოიძეს (დაბ. 1840 წ.), ჰყავდათ 5 ქალიშვილი და ერთი ვაჟი - სიმონი.
პირველდაწყებითი ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სიმონ მჭედლიძემ 1880-1883 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო მართლმადიდებლურ სემინარიაში, მაგრამ ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცა. შემდგომ არ ჩანს, განაგრძო თუ არა მან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ არქივის ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ მან 1888 წელს დაამთავრა სტავროპოლის სასულიერო სემინარია (სადაც მისი ბიძა, მღვდელი დავითი მოღვაწეობდა). 1889-1891 წლებში იგი იქვე, სტავროპოლის სასულიერო სკოლაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1889-1891 წლებში სიმონ მჭედლიძე ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში ასწავლიდა საღვთო სჯულსა და სხვადასხვა საგნებს. 1891 წელს მან ჯვარი დაიწერა თავად (გენერალ) ბესარიონ დგებუაძის ასულზე, ეკატერინეზე. შეეძინათ 13 ქალ-ვაჟი, რომელთაგან ზრდასრულ ასაკს შვიდმა მიაღწია.
1894 წლის 15 მაისს სიმონ მჭედლიძე გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 23 ივნისს მისივე ხელდასხმით იკურთხა მღვდლად სოფ. სვირის წმ. თომას ეკლესიაში, სადაც მოღვაწეობდა 1902 წლამდე; ერთი პერიოდი წირავდა ქუთაისის საკათედრო ტაძარში - „სობოროშიც“ (Симон - священник Кутаисского кафедрального Собора: „Клировские ведомости“, ქსა). 1902 წლიდან იგი სვირის წმ. გიორგის ეკლესიაში მსახურობს; 1908 წლიდან კი, სიცოცხლის ბოლომდე, იგი უკვე სვირის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია: ტაძარში გარდა მღვდელ სიმონ მიხეილის ძე მჭედლიძისა, მსახურობდა კიდევ 2 მღვდელი, დიაკვანი და სამი მეფსალმუნე („Клировские ведомости“, ქსა).
მღვდელი სიმონ მჭედლიძე დიდი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა იმერეთის ეპარქიაში, რაც იქიდან ჩანს, რომ იგი 1894-1905 წლებში იყო დეპუტატი სვირის საბლაღოჩინო ოლქიდან, 1900-1903 წლებში კი იყო იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების მე-40-ე, 41-ე და 43-ე ყრილობების თავმჯდომარე. 1903 წელს იგი აირჩიეს სასულიერო წოდების სრულუფლებიან წარმომადგენლად კავკასიის ქვანახშირის მრეწველთა მეხუთე ყრილობაზე. ქუთაისის სახელმწიფო არქივის მასალებიდან ირკვევა, რომ გულისხმიერი მსახურებისათვის იგი სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო საგვერდულით („ნაბედრენნიკით“), სკუფიითა და კამილავკათი (ქსა, სფ. მას. ს. 24119, ფ. 106-109).
1924 წლის 1 სექტემბერს მღვდელი სიმონ მჭედლიძე, რომელსაც იმერეთის მიტროპოლიტის, ყოვლადუსამღვდელოესი ნაზარის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიეღო სოფ. როდინოულის აღდგენილი ეკლესიის კურთხევის რიტუალში, დახვრიტეს აგვისტოს აჯანყებაში („ავანტიურაში“) მონაწილეობის ბრალდებით, საფიჩხიას სასაფლაოზე მიტროპოლიტთან და სამ სასულიერო პირთან ერთად.
1995 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ახალმოწამეთა წოდებით წმინდანებად იქმნენ შერაცხილნი: მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე.
2 -მწიგნობრული საქმიანობა
საეკლესიო მოღვაწეობასთან ერთად მღვდელი სიმონ მჭედლიძე ნაყოფიერ პედაგოგიურ და საგამომცემლო-ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა: ქუთაისში, გიმნაზიის მმართველობის ნებართვით, მან 1891-1894 წლებში გახსნა კერძო პანსიონი, ხოლო შემდეგ, 1908 წლის თებერვლიდან კი კერძო ოთხკლასიანი პროგიმნაზია და მოსამზადებელი კურსები. აღსანიშნავია, რომ 1918 წელს მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის ძალისხმევით სოფ. ლაშეში აშენებული საშუალო სკოლა დღესაც ემსახურება ზესტაფონის (ძველი ყვირილას) მთიანი სოფლების მოსწავლეებს.
1896-1905 წლებში სიმონ მჭედლიძე იყო იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს შორაპნის განყოფილების წევრი, 1898-1905 წლებში - შორაპნის მაზრის საეკლესიო სკოლების ზედამხედველი; 1901 წელს დაინიშნა იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად, ხოლო 1902 წელს კი იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლების ადგილობრივი პედაგოგების კურსების სანიმუშო სკოლის ხელმძღვანელად. 1905 წელს იგი იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრია და ამავე წელს ინიშნება იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად; იყო იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლა-სასწავლებლების მეთვალყურე და პედაგოგიური კურსების მრჩეველი; 1902-1905 წლებში იყო IV თანრიგის საგამომცდელო კომისიის თავმჯდომარე.
მღვდელი სიმონ მჭედლიძე ნაყოფიერად უთავსებდა ერთმანეთს სამოძღვრო-საეკლესიო, სასულიერო-პედაგოგიურსა და საზოგადოებრივ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას. მან საკუთარ სახლში დააარსა იმ დროს ცნობილი სტამბა - „ძმობა“ – „იმერეთის სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა წმიდისა გიორგისა“. ამ სტამბაში იბეჭდებოდა მისივე რედაქტორობით დაარსებული დასავლეთის ეპარქიის სარწმუნოებრივ-ზნეობრივი და საზოგადოებრივი გაზეთი „შინაური საქმეები“ და შემდეგ ჟურნალი „განთიადი“, ასევე, უამრავი სასულიერო და საგანმანათლებლო ლიტერატურა, რომელიც მთელ საქართველოში ვრცელდებოდა.
ზაქარია ჭიჭინაძე ქართული სტამბებისადმი მიძღვნილ წიგნში ცალკე თავს უძღვნის მღვდელ სიმონ მჭედლიძეს და მის სტამბას ქუთაისში: „მას ქუთაისში აქვს საკუთარი შესაფერი სტამბა, თვით აწარმოებს ამ სტამბას და მის საქმიანობას უძღვება თავის შესაფერისად. ამას გარდა, იგი ცნობილი მუშაკი გახლავთ ქართული სასულიერო და საერო მწერლობისა. იგი ბეჭდავს სხვადასხვა ისტორიულ წიგნებს, ამასთანავე, გახლავთ რედაქტორი სასულიერო და სამოქალაქო გაზეთ „შინაური საქმეებისა““ (ზ. ჭიჭინაძე, „ქართული სტამბა 1627-1916 წწ.“).
სიმონ მჭედლიძის მიერ დაარსებულმა ყოველკვირეულმა გაზეთმა „შინაური საქმეები“ (1908 წ.), რომელიც მთელ საქართველოში ვრცელდებოდა, შემდგომ თექვსმეტგვერდიანი ჟურნალის სახე მიიღო, რაც მის პოპულარობაზე მეტყველებს; ეს გაზეთი დაარსდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ და მან ილიას „ივერიის“ ეროვნული მისია იკისრა: ნიშანდობლივია, რომ მისი სახელწოდება შერჩეული ჩანს ილიას „ივერიის“ ერთ-ერთი რუბრიკის - „შინაური ამბების“ ანალოგიით. გაზეთის მიზანდასახულება ქვესათაურშივე იყო გაცხადებული: „სარწმუნოებრივ-ზნეობრივ-საზოგადოებრივი გაზეთი“. ამ დანიშნულებას მისი რედაქტორი ხედავდა საზოგადოების სულიერ და ზნეობრივ აღზრდასა და მოძღვრობაში. მისი აზრით, გაზეთმა ჭეშმარიტი მოძღვრის როლი უნდა შეასრულოს, მან ხელი უნდა შეუწყოს ერის სულიერი კრიზისიდან გამოყვანას ჭეშმარიტი გზის ჩვენებით; დრომ მოიტანა და გაზეთი ეკლესიას უნდა დაეხმაროს ხალხის ღვთისაკენ მობრუნებაში: ჭეშმარიტი სჯულის ქადაგების მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ამ ახალი, უჩვეულო ფორმის გამოყენების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ XX საუკუნის დასაწყისი საქართველოში აღინიშნებოდა ათეისტური აზროვნების გავრცელება-დამკვიდრებითა და რწმენასა და ეკლესიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისას მისი მოწინააღმდეგენი ფართოდ იყენებდნენ იმ დროისათვის უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარ და პოპულარულ საშუალებას, ბეჭდვით სიტყვას: „ერმა ღვთის სახლის და ეკლესიის გზა დაივიწყა და ცრუ მოძღვართა გავლენის ქვეშ მოექცა... სასწრაფოდ შეითვისა მან გარედან მონაბერი ღვთის საუარმყოფო მოძღვრებანი“ („შინაური საქმეები“). მოზღვრავდა „გარედან მონაბერი“ ათეისტური ლიტერატურის თარგმანები, ლიტერატურისა, რომელიც უარყოფდა ღმერთს, უარყოფდა სამყაროს ღვთაებრივი შესაქმის ჭეშმარიტებას, ქრისტეს მოძღვრების წილ ხალხს სთავაზობდა მატერიალისტურ-ევოლუციონისტურ მოძღვრებებსა და სულიერებისაგან დაცლილ ლოზუნგებს. მატერიალური თანდათან სდევნიდა სულიერს და პრაგმატიზმი თელავდა ზნეობას. საქართველოს სამღვდელოებას დუმილი უნდა დაერღვია, პასუხი უნდა გაეცა ამ მძლავრი და დაუნდობელი შემოტევებისათვის. მწვავედ დადგა საკითხი ქრისტიანული მოძღვრების ქადაგებისა ეკლესიის გარეთაც, საქართველოს სამღვდელოების საკუთარი გამოცემის, საკუთარი გაზეთის საშუალებით: „იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენს გამოცემას, თუ იგი მოსამსახურე იქნება ადამიანის დანიშნულებისა, და მის მისაღწევ საშუალებათა გზის მაჩვენებელი, მკითხველი ეყოლება“, - წერს სიმონ მჭედლიძე სტატიაში „სამღვდელოების მომავალი კრების საყურადღებოდ“, – „თქმა არ უნდა, ყოველი ახალი დაწყებულება, რაც უნდა ჭეშმარიტ გზას ადგეს იგი, ეჩოთირება უჩვევ სააზოგადოებას. მით უფრო საჩოთირო და ძნელად გასაგები იქნება იგი ეხლა, როცა სხვადასხვა ცრუ მოძღვართა და ცრუ წინამძღვართა დაიჭირეს საპატიო ადგილი... ხალხს მოძღვარი ეჭირვება. უამისოდ მას არ უცხოვრია და ვერც იცხოვრებს, რაც უნდა მაღალი შეიქმნეს მისი კულტურა. ამიტომ, როცა ჭეშმარიტი მოძღვარი და წინამძღვარი არ არის, ცრუ მოძღვარნი იჭერენ მის ადგილს და ხალხიც მათ ემონება. სადაც ქრისტე არ არის, იქ მაჰმადია, იქ ბუდაა, იქ ზოროასტრია. როცა ჩვენს დროს ჭეშმარიტი ქრისტეს მოძღვარნი შემცირდნენ, მათი ადგილი ბებელებმა და გომართელებმა დაიჭირეს. საკმარისია აღდგნენ ჭეშმარიტი თავდადებულნი მოძღვარნი, რომ ცრუ მოძღვრებნი დაეცნენ... მაგრამ შეგვიძლია კი ხალხს მოძღვრობა გავუწიოთ გაზეთის საშუალებით? შეგვწევს თუ არა იმდენი ღონე, რომ ძლევამოსილად გავუმკლავდეთ თანამედროვე ბნელ ძალებს? გვყვანან თუ არა ასეთი მებრძოლები?“ („შინაური საქმეები“, #5, 1908 წ.). ასეთი ჭეშმარიტი მოძღვარნი და თანამებრძოლნი საკმაოდ გამოუჩნდნენ გაზეთს. ესენი იყვნენ მომავალი პატრიარქები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა: კირიონ II (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე), კალისტრატე (ცინცაძე), ასევე, არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი, მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე, ბერი ალექსი (შუშანია) და სხვა მრავალი, ქრისტეს ვენახის ჭეშმარიტ მუშაკთა ჩვენთვის უცნობი სახელები, რადგან ბევრი მათგანი ფსევდონიმით ბეჭდავდა... თვით რედაქტორიც, სიმონ მჭედლიძე, უფრო ხშირად სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წერილებს: საღვთისმეტყველო-სასულიერო ხასიათისას - „სანმანიანის“ (= სიმონ მჭედლიძე) ფსევდონიმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურს - „ბოსლეველის“ ზედწოდებით (რომელიც მან თავისი ბიძის, ცნობილი პუბლიცისტის, ესტატე მჭედლიძისგან აიღო მისი მკვლელობის შემდეგ), პუბლიცისტურ-პოლემიკურს - „ხელისა“ და სხვ.
„გამოვედით, მუშაკნო ვენახისანო“, მოუწოდა მან ქართველ სამღვდელოებას „შინაური საქმეების“ ფურცლებიდან და ასე შეიქმნა XX საუკუნის ქართული აპოლოგეტური თხზულებების მთელი რიგი, როგორიცაა: „სახარება, როგორც ცხოვრებისა და ცივილიზაციის საფუძველი“, „ქრისტიანული აღზრდა ნებისა“, „რა მოაქვს უღვთოებას“, „საჭიროა თუ არა კაცისათვის რელიგია“, „სარწმუნოება და მისი უარისმყოფელნი ჩვენში“, „სჯული ბუნებრივი და სჯული განცხადებული“... სერია წერილებისა - „სახარება, როგორც ცხოვრების საფუძველი“ - მკითხველს სთავაზობდა ბიბლიურ მოთხრობებს ზოგჯერ ალეგორია-სიმბოლოების განმარტებითურთ. რეგულარულად ქვეყნდებოდა საღვთო წერილისადმი მიძღვნილი სტატიები, ფართოდ შუქდებოდა ქრისტიანული რელიგიის საკითხები. ამ სტატიების გამოქვეყნება დიდი სარგებლობას მოუტანდა თანამედროვე გზააბნეულ საზოგადოებასაც, რადგანაც იმ დროისათვის ნიშანდობლივია არა მარტო ათეისტური ლიტერატურის მოძალება, არამედ სხვადასხვა რელიგიურ მოძღვრებათა, ოკულტისტურ და სექტანტურ მიმდინარეობათა პროპაგანდისტული ლიტერატურის გავრცელებაც, რაც ასე მოზღვავდა დღესაც.
თვითონ იგი სიტყვით, კალმითა და ცხოველი მაგალითით ცდილობდა ხალხის მოქცევას ქრისტეს სჯულისა და ეკლესიისაკენ და ამ გზაზე არ ეპუებოდა დაბრკოლებებსა და წინააღმდეგობებს, არ უშინდებოდა შეურაცხყოფას და ცილისწამებებს; „ნუ დავივიწყებთ, რომ დაბრკოლება ყოველ კეთილ საქმეს ეღობება წინ, მაგრამ გმირობაც და ქრისტიანული მოღვაწეობაც ამ დაბრკოლების გადალახვაშია“ - წერდა იგი სტატიაში „ყოვლად სამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსის ცირკულარის გამო“ („შინაური საქმეები“, # 2, 1910 წ.).
ცნობილია მღვდ. სიმონ მჭედლიძის საინტერესო პაექრობა გამოჩენილ ექიმთან და საზოგადო მოღვაწესთან, ათეისტთან, სოციალ-დემოკრატ ივანე გომართელთან: სერია მისი პოლემიკური სტატიებისა - „ივ. გომართელის იჭიბოჭია“, ილიასებური მახვილი ენით, მაგრამ, ამავე დროს, იმერული იუმორით შერბილებული, მიმართული ივანე გომართელის მატერიალისტური მსოფლმხედველობის წინააღმდეგ, „შინაური საქმეების“ ნომრებში წლების განმავლობაში იბეჭდებოდა და მეტად პოპულარული იყო მაშინდელ ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ წრეებში („შინაური საქმეები“, 1908 წ.).
როდესაც უსახსრობის გამო გაზეთის გამოცემა 1915 წელს დროებით შეწყდა, მღვდელმა სიმონ მჭედლიძემ „უმორჩილესი თხოვნით“ მიმართა მის ყოვლადუსამღვდელოესობას, იმერეთის ეპისკოპოსს გიორგის, რომ სანამ არ მოიძებნებოდა საშუალება გაზეთის გამოცემისა, მზად იყო შეენახა გამოცემა „პირად ხარჯზე“, რათა „არ აეკრძალოს იმერეთის ეპარქიას და მთელ საქართველოს სამღვდელოების ერთადერთი ნახევრად თავისუფალი გამოცემა მშობლიურ ენაზე“ (ქუთ. არქ., ფ. 21, ს. 25931, ფ. 5). კრების მიმდინარეობის პროცესშივე რედაქტორმა კრებას მოხსენებით მიმართა. ამ მიმართვაში იგი აღწერს იმდროინდელი, XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს მძიმე სულიერ, ზნეობრივ მდგომარეობას და პოლიტიკურ ვითარებას: „დღევანდელი დრო იდეური ბრძოლის ხანაა. იბრძვიან სხვადასხვა ჯგუფები, პარტიები, იბრძვიან თავის იდეის, თავის პლანების გამეფებისათვის, იბრძვიან და გზადაგზა სთელავენ ყველაფერს, რაც კი წინ ეღობებათ და მათ პლანებს არ ეგუებარება. ბრძოლის იარაღათ ხმარობენ ჟურნალებს, გაზეთებს და საზოგადოთ, ბეჭდვით სიტყვას. ყველა პარტია, ყველა ჯგუფი, ჩაისახება თუ არა, მაშინვე გაზეთს აარსებს, წიგნებს სცემს და მათი საშუალებით ჰფენს ქვეყანას თავის აზრებს, თავის მიმართულებას და ანადგურებს ყველაფერს, რაც გზას უშლის, რაც წინ ეღობება. კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს ყველაფერს, რაც კი ოდნავ არის, არ ეთანხმება მათ განზრახვას. არ ინდობენ სამშობლოს, სარწმუნოებას, თვისტომობას, ოღონდ თავის აზრები შეათვისონ, შეასისხლხორცონ ხალხს, რომელშიდაც იგინი ხედავენ უძლეველ ძალას და, რომელიც ნამდვილადაც წარმოადგენს ასეთ ძალას. მეტია ლაპარაკი იმაზე, თუ რა დამცირებას განიცდის დღეს სარწმუნოება და მისი წარმომადგენელი სამღვდელოება ამ სხვადასხვა პარტიებისაგან. ცხადია ისიც, თუ რა საშიშროება მოელის ჩვენს ერს, თუ მან სარწმუნოება დაკარგა და ერთი მეორის საწინააღმდეგო ჯგუფებად დაიყო. ეს კარგათ უნდა გვესმოდეს სამღვდელოებას და ამიტომ ვალდებულიც ვართ, ჩავერთოთ საერთო ბრძოლაში იმავე იარაღით, ე.ი. ჟურნალით, გაზეთით, წიგნებით, წიგნაკებით... მე მგონია, იმერეთის სამღვდელოებასთან მეტია ლაპარაკი ჟურნალ-გაზეთის სარგებლობაზე და მათ მნიშვნელობაზე - განსაკუთრებით დღეს.“ ამ მოხსენების მოსმენის შემდეგ - იმერეთის სამღვდელოების დეპუტატთა 55-ე საეკლესიო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე - დასავლეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა გიორგიმ გაზეთის გამოცემის განახლების ნება დართო.
მიუხედავად დაბრკოლებებისა, მღვდელი სიმონ მჭედლიძე 1913 წელს აარსებს კიდევ ერთ ჟურნალს - „განთიადს“, რომელიც ცოცხალი გამომხატველია XX საუკუნის დასაწყისის დასავლეთ საქართველოს მჩქეფარე და აქტიური კულტურულ-ლიტერატურული ცხოვრებისა. ეს იყო ჯერ ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური ჟურნალი (1913 წელს გამოვიდა 274 გვერდიანი კრებულის სახით), ხოლო 1915 წლის იანვრიდან გამოდის როგორც ორკვირეული სამეცნიერო-ლიტერატურული და საპოლიტიკო ჟურნალი, რომელიც ამავე სახელწოდებით დღესაც განაგრძობს არსებობას ქუთაისში.
აღსანიშნავია, რომ მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის ნაშრომები განადგურდა; გადარჩენილია „შინაური საქმეების“ ნომრები და ზოგი იშვიათი გამოცემა მისი ნაშრომებისა, რომლებიც თბილისისა და ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკების აკრძალულ ფონდებში და იოსებ გრიშაშვილის მუზეუმში ინახებოდა და ინახება დღესაც.
3 -მთავარი შრომები
• ქრისტიანობა ბებელის ლაბორატორიაში, პოლემიკური თხზულება, ქუთაისი: „სტამბა ი. კილაძისა და ი. ხელაძისა“, 1907 წ. (რეპრინტი - თბილისი: გამომცემლობა „პეტიტი“, 2015 წ.).
• სარწმუნოება და მისი უარისმყოფელნი ჩვენში, თბილისი, 1911 წ. (თხზულება წერილების სახით იბეჭდებოდა გაზეთში „შინაური საქმეები“, 1908-1909 წწ.).
• სინამდვილე სახარებისა და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა, თარგმნილი რუსულით მღვდ. ს. მჭედლიძის მიერ, ქუთაისი: სტამბა „ძმობა“, 1912 წ. (რეპრინტი - თბილისი: გამომცემლობა „პეტიტი“, 2015 წ.).
• საღვთო ისტორია ძველი და ახალი აღთქმისა. შემოკლებული ლოცვანით, ღვთისმსახურებით და კატეხიზმოთი. შედგენილი თანახმად უწ. სინოდის პროგრამისა ყოველგვარი დასაწყისი სახალხო სკოლებისათვის, ქუთაისი: სტამბა „ძმობა“, 1915 წ. (რეპრინტი - თბილისი: გამომცემლობა „პეტიტი“, 2015 წ.).
• წმიდა ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე. წიგნი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და გამოკვლევა დაურთო დ. მელიქიშვილმა, თბილისი: „სეზანი“, 2017 წ.