შარია პეტრე
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და პოლიტიკური მოღვაწე პეტრე შარია დაიბადა 1904 წლის 7 აპრილს, სოფელ თაგილონში (ახლ. გალის რაიონი); დაასრულა ზუგდიდის საშუალო სკოლა; 1919-1920 წლებში სწავლობდა სოხუმის საოსტატო სემინარიაში, 1920 წელს მუშაობას იწყებს დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. ამავე პერიოდში შარია აქტიურ პოლიტიკური ცხოვრებაში ებმება. 1921 წელს იყო კომკავშირის გალის სამაზრო კომიტეტის მეორე მდივანი, 1921-1922 წლებში კი დაწყებითი სკოლის გამგე. 1922-1924 წლებში შარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა; 1924-1926 წლებში სწავლას განაგრძობს მოსკოვში არსებულ „კრუპსკაიას“ სახელობის კომუნისტური აღზრდის აკადემიაში, ხოლო შემდგომ კი რუსეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ასოციაციასთან არსებულ ასპირანტურაში (1956-1929 წწ.). 1929 წელს შარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი ხდება, ხოლო 1930 წელს სამშობლოში ბრუნდება. სამშობლოში დაბრუნებული შარია 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი ხდება, 1932-1937 წლებში არის ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე; მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტში, იყო ამავე პარტიის პროპაგანდისა და კულტურის განყოფილების გამგე; 1930-1931 წლებში იყო საბჭოთა განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და მეცნიერების სექტორის უფროსი; 1932 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება, ხოლო 1934 წელს კი მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
1938 წელს შარია მოსკოვში გადადის. იგი მუშაობდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში, 1942 წელს მიენიჭა დამსახურებული მუშაკის წოდება; 1943 წელს კვლავ საქართველოში ბრუნდება; 1943-1948 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მდივნად იდეოლოგიურ დარგში. ამავდროულად, ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას; 1944 არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად; იყო მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი დირექტორი. 1946-1952 წლებში იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1952-1953 და 1954-1964 წლებში პეტრე შარია საბჭოთა მთავრობამ დააპატიმრა. 1966 წლიდან მან განაგრძო მეცნიერული საქმიანობა; ამავე წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1968-1978 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა ესთეტიკის თეორიას. პეტრე შარია გარდაიცვალა 1979 წლის 25 აპრილს. ნაყოფიერი მოღვაწეობის პერიოდში, შარიამ მრავალი შრომა დაწერა შემეცნების, პოლიტიკის, ხელოვნების, ლიტერატურისა და ფილოსოფიის ისტორიის შესახებ. მასვე ეკუთვნის შრომები დეკარტის, სპინოზას, კანტის, ჰეგელის, ფოიერბახის, მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის ფილოსოფიათა შესახებ. იგი იკვლევდა განსხვავებულ ფილოსოფიურ სკოლებსა და მიმართულებებს: მატერიალიზმს, იდეალიზმს, ემპირიზმს, პრაგმატიზმს, ეგზისტენციალიზმს, ნეოთომიზმსა და ფროიდიზმს; მას თარგმნილი აქვს ფილოსოფიური და მხატვრული თხზულებები.
2 -შემოქმედება
პეტრე შარიას ფილოსოფიური შემოქმედება მარქსიზმის შინაარსობრივ ცხადყოფასა და მის შემდგომ განვრცობაზეა ორიენტირებული. ამ პროცესის თანმდევი ნაწილია „ბურჟუაზიული ფილოსოფიის“, როგორც დასავლური იდეოლოგიის კრიტიკაც. შარიას მტკიცებით, მარქსიზმი არის მეცნიერებისა და ფილოსოფიის სინთეზი: „ისტორიულ განვითარებაში (მარქსამდე) ფილოსოფიის და მეცნიერების კონტრასტი იმაში გამოიხატება, რომ პირველი იყო მეტაფიზიკა, მეორე - ემპირია... ცხადია, რომ არც ერთი არ იყო ნამდვილი მეცნიერება. დიალექტიკური მატერიალიზმი არც ემპირიზმია და არც მეტაფიზიკა. მოიხნა ფილოსოფიის სპეციალური (მეტაფიზიკური) სფერო, მაგრამ არ მოხსნილა თვით ფილოსოფია. მან მიიღო ახალი შინაარსი, ახალი ამოცანები, მისი საგანი რეალური სინამდვილეა“ (1,28). მარქსიზმი, როგორც ერთადერთი მეცნიერული ფილოსოფია, იკვლევს ბუნებისა და საზოგადოების განვითარების ზოგად კანონებს, ის არა მხოლოდ იდეალიზმს უპირისპირდება, არამედ მატერიალიზმის ძველ ვერსიასაც, ხედვას, რომლის თანახმადაც სამყაროს განვითარება კანონზომიერებას მოკლებულია. შარიას მტკიცებით, მარქსის წყალობით, ისტორიაში პირველად შეიქმნა მეცნიერება საზოგადოების განვითარების შესახებ; დიალექტიკური მატერიალიზმი „მარქსიზმის სული და გულია“, ის „განაგრძობს ტრიუმფალურ წინსვლას, იგი იპყრობს უფრო და უფრო მეტ მასებს და ამით ხდება დაუძლეველი ძალა“ (5,348).
მარქსიზმის თეორიული დახასიათება არ შეიძლება გაითიშოს მისი პრაქტიკული შინაარსისაგან. შარიას მტკიცებით, მარქსიზმი არა მხოლოდ სამყაროსა და საზოგადოების მეცნიერული შემეცნების თეორიას გვთავაზობს, არამედ პრაქტიკული ქმედებების სახელმძღვანელოსაც წარმოადგენს. მარქსი პრაქტიკის მთავარ ამოცანას საზოგადოების გარდაქმნაში ხედავდა და ამ გარდაქმნის უმნიშვნელოვანეს ნაწილად კლასობრივი დაყოფის დასრულებასა და პროლეტარული დიქტატურის დამყარებას მიიჩნევდა, შარიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „მარქსის მთელი ცხოვრება წარმოადგენს დაჩაგრულთა ინტერესების უგულწრფელესი და უღრმესი ერთგულების მაგალითს, რასაც მან შესწირა პირადი ცხოვრების ყოველგვარი ბედნიერება და მთელი თავისი რკინისებური ენერგია... მარქსმა მოიხვეჭა ყველა ქვეყნის დაჩაგრულთა გულწრფელი და მხურვალე სიყვარული. ის ტყუილად როდი სძულდათ ექსპლოატატორებს. მარქსმა გამოსჭედა მათი სასიკვდილო იარაღი, მან მისცა დროშა საერთაშორისო პროლეტარულ მოძრაობას“ (5,355).
მარქსისტული თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართებას სწავლობს შარიას ადრეული ნაშრომი „ლენინის დროშით“ (1934 წ.). შარიას მტკიცებით, მუშათა კლასის ისტორიულ ბრძოლას აუცილებლად მოჰყვება პროლეტარული დიქტატურა. „მარქსიზმში მთავარი პროლეტარიატის დიქტატურაა. ეს უკანასკნელი კი შედეგია კლასთა ბრძოლის განვითარებისა... პროლეტარიატის ისტორიული მიზანი ისტორიული აუცილებლობით არის განპირობებული. ამ თავის მისიას პროლეტარიატი შეასრულებს არა შელოცვით, არა აგიტაციით, არა ხვეწნით, არამედ კლასობრივი ბრძოლით და ამ ბრძოლის უმაღლესი ფორმით, დიქტატურით“ (1,16). პროლეტარიატის ბრძოლას მშრომელი კლასის მდგომარეობა განაპირობებს, გამარჯვებას კი კანონზომიერება განსაზღვრავს. მშრომელთა მდგომარეობამ მიაღწია „არაადამიანურობის უმაღლეს წერტილს, იმიტომ, რომ მასში ადამიანმა თავისი თავი დაჰკარგა... [მას] შეუძლია და ვალდებულიცაა თავისი თავი გაინთავისუფლოს“ (1,21), - წერს შარია. მეორე მხრივ, დიქტატურა კლასობრივი საზოგადოების რღვევის წინაპირობაა. შარია აჩვენებს, რომ „მარქსი და ენგელსი არ იყვნენ მხოლოდ კაბინეტის ფილოსოფოსები, ისინი მეთაურობდნენ პროლეტარიატის რევოლუციურ მოძრაობას“ (1,3) და პროლეტარულ კლასს თვითშემეცნებაში ეხმარებოდნენ. მარქსისა და ენგელსის მეშვეობით პროლეტარიატმა მიიღო მიმართულება, გეზი; „პროლეტარიატმა მარქსიზმში იპოვა თავისი საკუთარი იდეოლოგია, თავისი ბრძოლის პროგრამა. თუ წინად ის მხოლოდ გრძნობდა თავის არაადამიანურ მდგომარეობას, შემდეგ მარქსის უკვდავ „კაპიტალში“ მან თეორიულად შეიცნო ეს მდგომარეობა და გამოსავალიც დაინახა“(1,22). ვლადიმერ ლენინი პრაქტიკოსი მარქსისტი და ბურჟუაზიასთან ბრძოლის პერსონიფიკაციაა, რომელსაც შარია მოიხსენიებს როგორც მარქსისა და ენგელსის უდიდეს მემკვიდრესა და როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელმაც პროლეტარული ბრძოლა სისრულეში მოიყვანა და მისი პრაქტიკული განვრცობა ემპირიულ სინამდვილეში განახორციელა: „მარქსიზმი ერთადერთი ჭეშმარიტი მეცნიერებაა; ჭეშმარიტებას განვითარება არ შეუძლია შინაარსის მხრით, მაშასადამე, მარქსიზმის განვითარება ახალ პირობებში მხოლოდ მის გამოყენებას ნიშნავს ამ ახალ პირობებში და მეტს არაფერს“ (1,35). ლენინის თეორიული შრომები და პრაქტიკული ბრძოლა არსებითი იყო მასების ენერგიის მობილიზებისა და ბრძოლის სტრატეგიის დასახვისათვის, ბრძოლისა, რომელიც, შარიას აზრით, მთელ მსოფლიოში კომუნიზმის გაბატონებით უნდა დასრულებულიყო. „მარქსი-ენგელსი-ლენინი-სტალინი ეს ოთხი უკვდავი სახელი აწერია დროშას, რომლითაც სოციალიზმმა გაიმარჯვა ქვეყნის ერთ მეექვსედ ნაწილზე და რომლითაც ის გაიმარჯვებს მთელს მსოფლიოში“ (1,101).
მარქსიზმ-ლენინიზმის აპოლოგიის კვალდაკვალ, შარიას შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს „ბურჟუაზიული ფილოსოფიის“ კრიტიკაც. აღნიშნული კრიტიკის თანახმად, დასავლურ სამყაროს იდეალისტური ფილოსოფიის შექმნის წარუმატებელი მცდელობები ახასიათებს. მის სტატიებში „დასავლეთის თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის ზოგიერთ მიმართულებათა მოკლე კრიტიკული მიმოხილვა“ და „ეგრეთწოდებული რეფორმირებული მატერიალიზმის შესახებ“ დასავლური ფილოსოფიის ძირითადი თავისებურებები და მიმართულებებია განხილული, ავტორი ცხადყოფს და აკრიტიკებს დასავლურ სამყაროში შექმნილ სხვადასხვა მიმდინარეობებს, იდეალიზმს, რელიგიური ფილოსოფიის აღორძინების ტენდენციებსა და მატერიალიზმის დაფუძნების წარუმატებელ მცდელობებს. „თანამედროვე ბურჟუაზიის იდეოლოგიური იარაღი, იდეალიზმი სხვადასხვა ფორმით გვევლინება როგორც პოლიტიკაში, ისე იდეოლოგიაშიც... აშკარა, ხუცური იდეალიზმის გვერდით, რომელიც ხან ნეოთომიზმის სახით გვევლინება, ხან კი ფილოსოფიისა და რელიგიის შერიგების სახით, ჩვენ ვხედავთ მრავალგვარ ცდებს იდეალისტური ფილოსოფიისთვის გარეგნულად მეცნიერული სახის მინიჭებისა“ (5,412). „ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში“ სახეზეა მატერიალიზმის დაფუძნების წარუმატებელი მცდელობები, საბოლოო ჯამში, მისი მიმდინარეობები: იდეალიზმი, პრაგმატიზმი, ნეოთომიზმი თუ კრიტიკული რეალიზმი, იმპერიალისტური იდეოლოგიის გამართლებასა და კლასობრივი წყობის შენარჩუნებაზე რომ არიან ორინტირებული.
შარიას ნაშრომი „ეგზისტენციალიზმის ესთეტიკისა და ლიტერატურის თეორიის კრიტიკული მიმოხილვა“ (1968 წ.) კონტინენტური ევროპის ფილოსოფიური მიმართულების - ეგზისტენციალიზმის - ცხადყოფასა და კრიტიკაზეა მიმართული. „ეგზისტენციალიზმი ახალი დროის მოვლენაა, მისი ჩანასახი ემთხვევა ბურჟუაზიული რაციონალიზმის პროგრესული შესაძლებლობების ამოწურვას და მისი თანდათანობითი, საკმაოდ ხანგრძლივი სტაგნაციის დასაწყისს, ხოლო მისი განვითარებული ფორმა იმავე ბურჟუაზიული რაციონალიზმის მკვეთრად გამოხატულ კრიზისს“ (5,424), - წერს შარია. მისი მტკიცებით, არსებობისა და შემეცნების საკითხებთან მიმართებით ეგზისტენციალიზმი განცდებისა და ემოციების როლს წინ წამოსწევს, ემხრობა გრძნობად-ინტუიციურსა და არა ლოგიკურ-დისკურსულს. ის ადამიანის შინაგან სამყაროს ანიჭებს პირველადობას და, შესაბამისად, აზრს უკარგავს ფილოსოფიური მეცნიერების დაფუძნების მცდელობას. „ეგზისტენციალიზმს საბოლოო ანგარიშით მსოფლმხედველობა არსებითად შეცვლილი აქვს მსოფლშეგრძნებით. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რამდენადაც თავის ამოსავალ საწყისებში ეგზისტენციალიზმს რაციონალური აზროვნება შეცვლილი აქვს ირაციონალიზმით. თუმცა, ისტორიული გენეზისის თვალსაზრისით, პირიქით, მსოფლმხედველობა იქმნება მსოფლშეგრძნების ნიადაგზე“ (5,457).
დასავლური ფილოსოფიის კრიტიკას ეხება შარიას ნაშრომი „თანამედროვე ბურჟუაზიული ესთეტიკის ძირითად მიმართულებათა კრიტიკა“ (1969 წ.). მისი ყურადღების ცენტრში ესთეტიკის თეორიაა: „ადამიანის სულიერ სამყაროს უმთავრესად მხატვრული შემოქმედება ასახავს. ამიტომ დღეს იდეოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი, თუ უმთავრესი არა, სარბიელი მხატვრულ-ესთეტიკური აზროვნებაა“ (3,3). მარქსიზმის კრიტიკოსების საპირისპიროდ შარია დასძენს, რომ მარქსიზმი ნამდვილი ჰუმანიზმია, „კომუნიზმის იდეალია არა რაც შეიძლება მეტი ნივთების „მშთანთქავი“ ადამიანის, არამედ ადამიანის ზნეობრივ-ესთეტიკური განვითარების უმაღლესი დონე“ (3,5). ნაშრომში გაკრიტიკებულია სამი ესთეტიკური მიმდინარეობა: ფროიდიზმი, ნეოთომიზმი და ეგზისტენციალიზმი. ავტორის მტკიცებით, პირველ მათგანს ადამიანი ბიოლოგიურ ინსტინქტებამდე დაჰყავს, ფროიდმა ინსტინქტები „მიიჩნია ამ სამყაროს მთავარ და გადამწყვეტ ფაქტორად, ხოლო ცნობიერ ეგოს მიანიჭა არაცნობიერის ერთგვარი უძლური მსახურის როლი“ (3,7), მაშინ როდესაც ჟან-პოლ სარტრის ეგზისტენციალიზმი ინდივიდისა და ცნობიერების აბსოლუტიზაციას წარმოადგენს, შემეცნება კი სუბიექტამდე დადის და „ქრება ყოველგვარი რეალობა და თვით ფილოსოფიას ეკარგება ამოსავალი საწყისი“ (3,18). ეგზისტენციალიზმის თანახმად, ხელოვნება წმინდა სუბიექტური მოვლენაა, „ის არაფერს არ ასახავს და არ გამოხატავს... იგი არავითარ აზრს არ ატარებს“ (3,23). ნეოთომიზმში კი ხელოვნება და ფილოსოფია რელიგიისადმი დაქვემდებარებულ დარგებად იქცევა. სამივე მიმართულება უარყოფს ხელოვნების ობიექტურობას, როგორც სინამდვილის ასახვას მხატვრულ სახეებში: „სამივე წარმოადგენს ხელოვნების მოწყვეტას ადამიანის, ხალხის ინტერესებისაგან და მის ირაციონალურ დაბნელებას... მარქსიტულ-ლენინურ დიალექტიკურ პრინციპებზე დამყარებული სოციალური რეალიზმის ესთეტიკა გაგებულია არა როგორც დოგმატიზირებული და ფორმალურად ფიქსირებული წესებისა და მხატვრული ხერხების სქემა, არამედ როგორც ცოცხალი მრავალმხრივი შემოქმედებითი მეთოდი“ (3,31).
პეტრე შარიას ნაშრომი „შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობისა და შემოქმედების ზოგიერთი ძირითადი საკითხი“ (1976 წ.) მიზნად ისახავს რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“, როგორც ქართველი ხალხის ეროვნული თვითცნობიერების გამოხატულების იდეურ-თემატური ჩანაფიქრის გამომჟღავნებას. ნაშრომის ავტორი მიდის „დასკვნამდე, რომ თუ პოეტური გენიისა და მხატვრულ-შემოქმედებითი ოსტატობის თვალსაზრისით რუსთაველი დგას შუა საუკუნეების უდიდესი პოეტების (ნიზამის, ვოლფრამ ფონ ეშენბახის, დანტეს) გვერდით, იდეურ-მსოფლმხედველობრივი შინაარსის თვალსაზრისით მისი პოეზია წარმოადგენს ნამდვილ მწვერვალს, რომლის სიმაღლემდე არ ასულა არც ერთი შუასაუკუნეობრივი მხატვრულ-ლიტერატურული ქმნილება. თავისთავად ცხადია, რომ, ამავე დროს, ირკვევა ამ იდეურ-მსოფლმხედველობრივი შინაარსის მხატვრული სახემოსილების სრული ორიგინალობა და უნიკალობა, რაც ახასიათებს ყველა ჭეშმარიტად დიდ მხატვრულ-ლიტერატურულ ნაწარმოებს“ (4,23). რელიგია „ვეფხისტყაოსანის“ ერთ-ერთი წამყვანი იდეურ-თემატური პრინციპია: „რუსთაველის ღმერთი არა მარტო სავსებით რეალურია, არამედ ის უზენაესი და გადამწყვეტი ძალაა მთელს ადამიანურ ცხოვრებაში“ (4,46-63). შარიას მტკიცებით, ვინაიდან რუსთაველის აზროვნების ორიენტირი საეროა, მის ნეოპლატონიკოსად გამოცხადება არც თუ ისე საფუძვლიანია, იგივე მიზეზის გამო მას ვერც მანიქეიზმთან (ასკეტიზმთან) გავაიგივებთ და ვერც სუფიზმთან (მისტიციზმთან): „ღმერთი რუსთაველს ჰყავს წარმოდგენილი როგორც სამყაროს შინაგანი უზენაესი იდეალური ძალა... ამავე დროს ღმერთის არსი რუსთაველთან უმთავრესად ზნეობრივია და აქედან გამომდინარეობს ის გარემოება, რომ ღმერთის განმგებლობის სფეროც უმთავრესად ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებაა“ (4,68).
რელიგიის კვალდაკვალ, პოემის წამყვანი პრინციპი ჰუმანიზმია. შარიას მტკიცებით, რუსთაველი ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი ჰუმანისტია ანტიკური ხანის შემდეგ მთელს მსოფლიო ლიტერატურაში: „ის იყო პირველი, რომელმაც თავის უკვდავ ქმნილებაში სიყვარული, მეგობრობა და პატიოსნება დაუდო ურყევ საფუძვლად ადამიანთა ურთიერთობას, დაწყებული უმცირესი სოციალური უჯრედით, ოჯახით და დამთავრებული საერთაშორისო მასშტაბით ხალხთა და სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულებით“ (4,83). მისი პოემა, ერთი მხრივ, სეკულარულ სივრცეში ვითარდება და ადამიანთა ამქვეყნიურ ცხოვრებაზეა ორიენტირებული: „სოფელი ადამიანის ცხოვრების ერთადერთი არენაცაა და მისი ბედნიერების ერთ-ერთი გადამწყვეტი პირობაც არის და, ამავე დროს, მისი უბედურების საწყისიც, თუ ადამიანმა არ იცის მასთან სწორი მოპყრობა“ (4,111); მეორე მხრივ, ამ პოემაში ადამიანი განხილულია ერთიანობის ასპექტში: „ამ ერთიანობის პრინციპის უღრმესი გამოხატულება სიყვარული და მეგობრობაა, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პოემის იდეურ-თემატურ ჩანაფიქრში“ (4,78). სიყვარული და მეგობრობა რუსთაველის ჰუმანიზმის ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. რუსთაველს სიყვარული უმაღლეს ეთიკურ კატეგორიამდე აჰყავს და ადამიანურ ურთიერთობათა საფუძვლად წარმოაჩენს, სიყვარული უდევს საფუძვლად მეგობრობასაც.
3 -მთავარი შრომები
1. ლენინის დროშით: მარქსიზმ ლენინიზმის ძირითადი საკითხები, ტფილისი: „სახელგამის გამომცემლობა“, 1934 წ.
2. ეგზისტენციალიზმის ესთეტიკურ-ლიტერატურული თეორიის კრიტიკული მიმოხილვა, თბილისი: „მეცნიერება“, 1968 წ.
3. თანამედროვე ბურჟუაზიული ესთეტიკის ძირითად მიმართულებათა კრიტიკა, თბილისი: „ცოდნა“, 1969 წ.
4. შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობისა და შემოქმედების ზოგიერთი ძირითადი საკითხი, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ.
5. რჩეული ნაწერები, რედაქტორები - გ. ყორანაშვილი, ბ. ხორავა, თბილისი: „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“, 2019 წ.