ქრისტიანული ჰერმენევტიკა
1 -განსაზღვრება და საგანი
ქრისტიანული ჰერმენევტიკა არის ქრისტიანული ტექსტების (ბიბლია, წმ. მამათა ნაშრომები, საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური მწერლობა, ქრისტიანული მხატვრული ლიტერატურა) შესწავლისა და ინტერპრეტაციის პრინციპებისა და მიდგომების სისტემა. ის ჰერმენევტიკის ერთ-ერთი ავტონომიური განშტოებაა. საკუთრივ ჰერმენევტიკა არის ტექსტის გაგებისა და ინტერპეტაციის თეორია, რომლის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა და ოდითგანვე ორიენტირებული იყო უძველესი რელიგიური და ფილოსოფიური ტექსტების შინაარსებისა და კონტექსტების შესწავლასა და დამუშავებაზე.
სიტყვა ჰერმენევტიკა ბერძნული წარმოშობისაა, მომდინარეობს სიტყვიდან ἑρμηνεύω და აღნიშნავს განმარტებას, თარგმნას. არსებობს ფართოდ დამკვიდრებული პოპულარული მოსაზრებაც, რომ ეს სიტყვა სათავეს იღებს ძველი ბერძნული რელიგიის ღმერთის - ჰერმესის - სახელიდან, რომელიც ზევსის შიკრიკი და მისი ნების მაცნე იყო. თუმცა, ბერძნულ აზროვნებაში ეს ცნება დამკვიდრებას იწყებს არისტოტელეს ნაშრომით „ინტერპრეტაციის შესახებ“ (ბერძ. Περὶ Ἑρμηνείας), რომელიც ლოგიკის შესახებ მისი ექვსი ნაშრომის კრებულის, „ორგანონის“ მეორე წიგნია და განიხილავს ენასა და ლოგიკას შორის მიმართებას.
ჰერმენევტიკა ქრისტიანულ სამყაროში გაიგებოდა ბიბლიის განმარტებისა და ინტერპეტაციის ხელოვნებად, თუმცა, თანამედროვე სამყაროში მიიჩნევა, რომ ჰერმენევტიკა მეცნიერებაა, რამდენადაც მას აქვს სრულფასოვანი მეცნიერული დარგისთვის დამახასიათებელი ელემენტები: სისტემა, თეორიები, მეთოდოლოგია, წესები და ა.შ. ჰერმენევტიკა, როგორც ცოდნის დარგი, დინამიურად ვითარდებოდა დასავლურ სამყაროში, ამ პროცესმა განსაკუთრებული მასშტაბები ქრისტიანული რელიგიის აღორძინების კვალდაკვალ მიიღო. თუმცა, დასავლეთზე ადრე ჰერმენევტიკული ტრადიცია არსებობდა ახლო აღმოსავლეთში, სადაც გვხვდება ჰერმენევტიკის ძლიერი მესოპოტამიური და ებრაული ტრადიციები. ჰერმენევტიკული პრაქტიკები ფართოდ გამოიყენებოდა ისლამურ, ვედურ და ბუდისტურ ტექსტებთან მიმართებითაც. შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ევროპაში ჰერმენევტიკა, ძირითადად, მისი ქრისტიანული განხრით იყო წარმოდგენილი. ჰერმენევტიკის სეკულარული, მეცნიერული ფორმა XVIII საუკუნის ბოლოდან იწყებს ჩამოყალიბებას.
ქრისტიანული ჰერმენევტიკა ორ სახეობისაა: საერთო და სპეციალური ჰერმენევტიკები. საერთო ჰერმენევტიკა არის იმ მთავარი მიდგომების ერთობლიობა, რომლითაც განიმარტება ხოლმე ბიბლია და მოიცავს ისტორიულ-კულტურულ, კონტექსტუალურ, ლექსიკურ-სინტაქსურ და თეოლოგიურ ანალიზს, ხოლო სპეციალური ჰერმენევტიკა გამოიყენება კონკრეტული, მხატვრული ჟანრის მწერლობის მიმართ, რომელშიც გამოყენებულია ალეგორიული, მეტაფორული, ჰიპერბოლური და სიმბოლური ფორმები.
მართალია, ქრისტიანული ჰერმენევტიკა ავტონომიური განშტოებაა, მაგრამ ის არ არის იზოლირებული ზოგადად ჰერმენევტიკის სხვა დისციპლინებისგან ან ბიბლიის შესწავლის სხვადასხვა მიმართულებებისგან. ამგვარად, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული, ერთი მხრივ, ფილოსოფიურ ჰერმენევტიკასთან და ტექსტოლოგიასთან, ხოლო, მეორე მხრივ კი, ეგზეგეტიკასთან, ბიბლიის ისტორიულ კრიტიკასთან და სისტემურ თეოლოგიასთან.
2 -ქრისტიანული (ბიბლიური) ჰერმენევტიკის მოკლე ისტორია
ბიბლიური ჰერმენევტიკის ისტორია ბიბლიაშივე იწყება. ძველი აღთქმის გვიანდელ ნაწილებში, ფსალმუნნში და წინასწარმეტყველთა წიგნებში ხშირად შევხვდებით მოსეს ხუთწიგნეულში აღწერილი ამბების რეინტერპრეტაციას და განმარტებას, ხოლო ახალ აღთქმაში ფართოდაა მოცემული ძველი აღთქმის საკვანძო მომენტებისა და წინასწარმეტყველებების რეინტერპრეტაცია იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის კონტექსტში. ამგვარად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიბლია თავადვე არის ჰერმენევტიკული წიგნი და ის ინტერპრეტაციისა და განმარტების მრავალფეროვან ფორმებს მოიცავს.
ქრისტიანი სწავლულები ჰერმენევტიკით ქრისტიანობის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე დაინტერესდნენ. როგორც ცნობილია, ქრისტიანული ჰერმენევტიკის პრაქტიკა მძლავრად იყო წარმოდგენილი ადრეული ქრისტიანული ეპოქის ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქში - ალექსანდრიასა და ანტიოქიაში, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა სახარებებისა და ახალი აღთქმის სხვა ტექსტების შესწავლის, ინტერპრეტაციისა და დამუშავების პროცესი. ამ ეპოქაში ჰერმენევტიკით დაინტერესება ორი გარემოებით უნდა ყოფილიყო განპირობებული:
- 1. აეხსნათ და განემარტათ სახარებათა შინაარსი, მეტაფორები, სიმბოლოები, ნიშნები და ა.შ.
- 2. იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ იმჟამად გავრცელებულ მრავალ წიგნს შორის გამოერჩიათ ის ტექსტები, რომლებიც მის სწავლებასა და საქმეებს უფრო ზუსტად გადმოსცემდნენ.
ამგვარად, ქრისტიანული ჰერმენევტიკა თავიდანვე იქცა ქრისტიანული ეკლესიისა და ღვთისმეტყველების ეფექტურ ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც, მათ შორის, სიცხადე იქნა შეტანილი აპოკრიფული სახარებების სიმრავლითა და წინააღმდეგობრივი ხასიათით გამოწვეულ დიდ ქაოსში, რომელიც თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე ქრისტიანულ სარწმუნოებას ბევრ სირთულეს უქმნიდა.
თუმცა, ქრისტიანული ჰერმენევტიკის საჭიროება ამით არ ამოწურულა. ჰერმენევტიკა ქრისტიანული თეორიული აზროვნების ძლიერ პრაქტიკულ ინსტრუმენტად იქცა და ბიბლიის განმარტებისა და კომენტირების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ფასდაუდებელი სამსახური გაუწია, მან დიდი როლი შეასრულა შუა საუკუნეების ქრისტიანული ღვთისმეტყველების თეორიული გამყარებისა და საღვთისმეტყველო აზროვნების აღორძინების საქმეში, რამდენადაც ის თავის თავში აერთიანებდა ტექსტებთან მუშაობის მრავალფეროვან რელიგიურ, ფილოსოფიურ და კულტურულ გამოცდილებებს.
ევროპაში ქრისტიანული ჰერმენევტიკის ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება, თუმცა, XVI საუკუნიდან მოყოლებული, გაჩნდა ბიბლიური ჰერმენევტიკის ალტერნატიული მიმართულებები. ეს პროცესი კათოლიკური ეკლესიის წიაღში გაჩაღებული რეფორმაციის მოძრაობით დაიწყო და წმინდა წერილის განმარტებისა და ინტერპრეტაციის ტრადიციულ ხედვას დაუპირისპირდა; მოგვიანებით, განმანთლებლობის ეპოქაში, მან არანაკლებ მწვავე ხასიათი შეიძინა ბიბლიის ისტორიულ-კრიტიკული შესწავლის სახით, რომელიც დღემდე სწავლობს ბიბლიური, განსაკუთრებით კი ახალაღთქმისეული გადმოცემების ნამდვილობას.
3 -ქრისტიანული ჰერმენევტიკა საქართველოში
საქართველოში ქრისტიანული ჰერმენევტიკის წარმოშობა უნდა დავუკავშიროთ ბიბლიის ქართულად თარგმნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის დასაწყისს, რამდენადაც ჰერმენევტიკული წიაღსვლები მთარგმნელობითი პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სავარაუდოა, რომ ბიბლიური ტექსტების პირველი თარგმანები საქართველოში IV-V საუკუნეებში უნდა შესრულებულიყო, რასაც მოწმობს ამ პერიოდში თარგმნილი ბიბლიის ცალკეული წიგნების „ხანმეტური“ ფრაგმენტები. ბიბლიის ტექსტების თარგმნამ განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო შუა საუკუნეებში, შეიქმნა ბიბლიის სხვადასხვა ქართული რედაქცია, ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია „გელათის კატენებიანი ბიბლია“, რომელსაც თან ახლავს განმარტებები და - ბიბლიის თარგმანთან ერთად - ერთგვარი ბიბლიური ეგზეგეტიკური კრებულიც არის. მნიშვნელოვანი ბიბლიური გადმოცემების ინტერპრეტაციები ფართოდ არის წარმოდგენილი ძველ ქართულ ჰაგიოგრაფიაში, საღვთისმეტყველო, საფილოსოფიო მწერლობასა და სამართლის ძეგლებში.
4 -ლიტერატურა
• Thiselton, C. A. New Horizons in Hermeneutics, Zondervan Academic, 1997.
• Virkler, A. H. Hermeneutics: Principles and Processes of Biblical Interpretation, Baker Academic; 2nd edition, 2007.
• Yarchin, W. History of Biblical Interpretation: A Reader, Baker Academic, 2011.