ქუთელია ალექსანდრე
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
ქართველი ფილოსოფოსი ალექსანდრე ქუთელია დაიბადა 1909 წელს ქალაქ სოხუმში. 1930 წელს ქუთელიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი დაასრულა, ხოლო ასპირანტურაში სწავლა მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც 1935 წელს დაასრულა; 1937 წლიდან ლექციებს კითხულობდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; 1943-1952 წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე, ხოლო 1945-1951 წლებში მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე, შემდგომ კი დირექტორი. 1952-1953 წლებში ქუთელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორია, ხოლო 1953-1965 წლებში ამავე ინსტიტუტის დიალექტიკურ-ისტორიული მატერიალიზმის განყოფილების გამგე. 1957-1961 წლებში ქუთელია უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე იყო, 1961 წლიდან კი იმავე ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე. ქუთელიას სამეცნიერო მოღვაწეობა და ფილოსოფიური შემოქმედება მარქსისტული ფილოსოფიის ინტერპრეტაციასა და განვრცობას ეხება. ასევე, მას შესრულებული აქვს კვლევები, რომლებიც ქართველი მოაზროვნეებისა და მწერლების შემოქმედების ფილოსოფიურ ანალიზს უკავშირდება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქუთელიას სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა. მისი რედაქციით გამოიცა ჰეგელის, ფოიერბახის, მარქსის, ენგელსის და ლენინის შრომები. ალექსანდრე ქუთელია გარდაიცვალა 1974 წელს.
2 -შემოქმედება
ალექსანდრე ქუთელიას ადრეული ნაშრომი „გერმანიის ფაშიზმის იდეოლოგიის სათავეები: ნიცშე და ფაშიზმი“ (1944 წ.) დაწერილია იმგვარ ისტორიულ პერიოდში, როცა ფაშიზმთან ბრძოლა გარდამტეხ ეტაპზე იყო მისული. ნაშრომის ავტორი ფაშიზმის თეორიულ წყაროებს იკვლევს. ქუთელია აცხადებს: „ფაშიზმი არის უმდაბლესი წერტილი, ფსკერი, რომელზეც დაეშვნენ ყველაზე უფრო თავზეხელაღებული ავაზაკი იმპერიალისტები“ (1, 11). ავტორი, ერთი მხრივ, ცდილობს, რომ ფაშიზმის იდეოლოგიური წანამძღვრები ჰეგელის ფილოსოფიისაგან გამიჯნოს, ხოლო, მეორეს მხრივ, ნიცშეს ფილოსოფიასთან დააკავშიროს. ჰეგელის ფილოსოფიაში გერმანია თავისუფლების იდეის განსხეულების მოწინავე ერადაა მიჩნეული; ყოველივე ამის მიუხედავად, ქუთელია აღნიშნავს, რომ ჰეგელის ფილოსოფიურ სისტემას არაფერი აქვს საერთო ეთნიკურ განზომილებასთან, რადგან ის მთლიანად იდეალისტური ხასიათისაა: „ჰეგელის კონცეფცია გერმანული სამეფოს განსაკუთრებული მისიის შესახებ, მცდარი და რეაქტიულია, იგი ნაციონალურ ქედმაღლობის ხასიათს ატარებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოვლად შეუძლებელია მისი გაიგივება ჰიტლერის კაცთმოძულეობის რასულ თეორიასთან“ (1, 12). ქუთელია აჩვენებს, რომ ჰიტლერის რასიზმი ბიოლოგიასა და ანთროპოლოგიას ეფუძნება, ამასთანავე, მის ინტელექტუალ წინამორბედად ნიცშეს მიიჩნევს და მას „ფაშიზმის წინასწარმეტყველად“ მოიხსენიებს.
ნიცშეს ფილოსოფია განასახიერებს იმ ორ არატრადიციულ ხედვას, რომელთაც ქუთელია ნაცისტურ იდეოლოგიას უკავშირებს. პირველი ეს არის რაციონალიზმისა და ზოგადად ჭეშმარიტების თეორიის უკუგდება და მისი რელატივიზმამდე დაყვანა, მეორე კი მორალისა და თანასწორობის იდეალების წილ „ძალაუფლების ნების“, ზეკაცისა და ძლიერი ინდივიდუალიზმის მიმხრობა: „ყველა ღირებულების გადაფასება, რაც ნიცშემ მოახდინა, დაიწყო და მომზადდა გნოსეოლოგიურ ღირებულებათა „გადაფასებით“. ჭეშმარიტების ადგილი უნდა დაიკავოს სიცრუემ, მეცნიერების თეორიის ადგილი - მითებმა; ჭეშმარიტების ძიებისადმი სიყვარულის ადგილს იჭერს ილუზიებისა და მითების სიყვარულის ძიება“ (1, 23). ქუთელიას მტკიცებით, ფაშიზმმა ნიცშეს თეორიული მოძღვრება თავისი მიზნებისთვის გამოიყენა და გონებასთან ბრძოლა დაიწყო; განაცხადა, რომ გონება არის ადამიანის დასუსტება და დაუძლურება და რომ გაბატონებული მორალი ეწინააღმდეგება სიცოცხლის ძირითად კანონს - „ძალაუფლების ნებას“, ინსტინქტების მორჩილებასა და დომინირებას. მსგავს თეორიულ პარადიგმაში ჭეშმარიტებას „ორგანიზებული სიცრუე ანაცვლებს“ - იწყება უდიდესი მასშტაბის სიცრუისა და მითების შეთხზვა. აღნიშნული ნაშრომის ბოლოს ქუთელია დასძენს, რომ თავად ნიცშე არც თუ ისე დადებითად იყო განწყობილი გერმანელი ერის მიმართ და საკუთარ თავს პოლონურ წარმოშობას უკავშირებდა.
ფაშიზმისაგან განსხვავებით, ქუთელია მარქსიზმს განიხილავს როგორც იდეოლოგიას, რომლის მიზანიც „მუშათა კლასის და მთელი პროგრესული კაცობრიობის განმანთავისუფლებელი თეორიის ჩამოყალიბებაა“ (5, 77). ნაშრომში „ახალგაზრდა ენგელსი და ჰეგელის ფილოსოფია“ (1975 წ.) განხილულია ენგელსის ინტელექტუალური განვითარება და წარმოდგენილია მისი ფილოსოფიური პორტრეტი. რელიგიური აზროვნებითა და ზებუნებრივის იდეით განმსჭვალული ახალგაზრდა ენგელსი განვითარების სხვადასხვა საფეხურებს გადის, საბოლოოდ კი მიდის დასკვნამდე, რომ „რელიგია არსებითად ამართლებს და სანქციას აძლევს არსებულ უსამართლობას, ადამიანთა დაქვეითებასა და ჩაგვრას“ (5, 9). ამას შემდგომ პერიოდში ენგელსის მიერ „გულის რელიგიითა“ და იდეალიზმით გატაცება მოჰყვება. ინტელექტუალური განვითარების ადრეულ ეტაპზე ათეისტი ენგელსი ფილოსოფიაში ჯერ კიდევ იდეალისტია, მხოლოდ შემდგომ უკუაგდებს იგი ჰეგელის იმ იდეალისტურ მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ისტორია თავისუფლების ცნების განვითარებაა. ენგელსის ფილოსოფიური მობრუნება დაკავშირებულია პროექტთან, რომლის მიზანსაც „ფილოსოფიისა და სინამდვილის შეერთება და შერწყმა“ წარმოადგენდა. მსგავსი შეერთების ყველაზე კარგი მაგალითი დიალექტიკის ისტორიულ-მატერიალისტური კონცეფციაა, რომელიც დაფუძნებულია ისტორიის განვითარების, საწარმოო ძალებისა და კაპიტალის მეცნიერულ ანალიზთან. ქუთელია აჩვენებს, რომ ენგელსი ორიგინალური მოაზროვნე იყო და არა მხოლოდ მარქსის „პროტეჟე“. ენგელსის ნაშრომები „ნარკვევები პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკისათვის“ (1844 წ.) და „ინგლისის მდგომარეობა. თომას კარლეილი - წარსული და აწმყო“ (1844 წ.) მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებელ ტექსტებს წარმოადგენენ.
მარქსიზმის განვითარების ლენინისეულ ეტაპს ეხება ალექსანდრე ქუთელიას ნაშრომი „ლენინური ეტაპის დასაწყისი მარქსისტული ფილოსოფიის განვითარებაში“ (1971 წ.). ქუთელია აჩვენებს, რომ ლენინმა მარქსიზმის ფილოსოფია განავითარა მარქიზმისადმი მტრულად განწყობილი ფილოსოფიური სისტემების და მოძღვრებების კვალდაკვალ და განავრცო მისი „ყველა შემადგენელი ნაწილი - დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი, პოლიტიკური ეკონომიკა და მეცნიერული კომუნიზმი“ (4, 3). მარქსისტულ ტრადიციაში მარქსის თეორიები კაცობრიობის აზროვნების უკანასკნელ სიტყვად იყვნენ მიჩნეულნი. ქუთელიას შრომებში მარქსიზმი წარმოდგენილია როგორც ფილოსოფიური და საზოგადოების მეცნიერების მთელი უახლესი განვითარების კანონიერი და აუცილებელი პროდუქტი: „ფილოსოფიის ისტორიაში პირველად შეიქმნა თანმიმდევრული ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ბუნების მატერიალისტურ ახსნასთან ერთად იძლეოდა ისტორიის მატერიალისტურ, ესე იგი მეცნიერულ ახსნას“ (4, 22). ქუთელიას ნაშრომში განხილულია ლენინის თეორიული ბრძოლა „ლიბერალური ნაროდნიკების“, „ლეგალური მარქსისტების“ და „ნეოკანტიანელების“ წინააღმდეგ. ავტორი ამტკიცებს, რომ ლენინის მოღვაწეობის საბოლოო მიზანი „პროლეტარიატის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობა და სოციალური საზოგადოების ორგანიზაცია [იყო]“ (4, 17) და რომ მან მარქსიზმის „ფილოსოფიის მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი პრობლემები დააკონკრეტა და შემოქმედებითად განავითარა“ (4, 78).
განსაკუთრებით საინტერესოა ალექსანდრე ქუთელიას ის ნაშრომები, რომლებიც ქართველი მოაზროვნეების ფილოსოფიური მსოფლმხედველობის საკითხს იკვლევს, კერძოდ: „ნიკოლოზ ბარათაშვილის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, კრიტიკული შენიშვნები“ (1945 წ.) და „ვაჟა-ფშაველა: მოაზროვნე და ჰუმანისტი“ (1947 წ.). „გენიოსი იმიტომ არის გენიოსი, რომ შეიწოვს ყველა იმ ფიქრსა და გრძნობებს, რომლებიც აწუხებს კაცობრიობას, და მათ საკუთარ გადაწყვეტას, მიმართულებას აძლევს“ (2, 14), - აცხადებს ქუთელია. სწორედ მსგავს გენიოსადაა წარმოჩენილი ნიკოლოზ ბარათაშვილი და დახასიათებულია როგორც დიადი პოეტი: „პოეტი სწერს ლექსებს, რათა ნათელყოს თავისი განცდები და ფიქრები. მაგრამ ამ პირად ლექსებში ქართველი ხალხის მთელი სული არის ასახული და ამასთან მაღალი მხატვრული და ფილოსოფიური ფორმით“ (2, 4). ქუთელია ბარათაშვილს აქტიურ რომანტიკოსად წარმოაჩენს, რომელიც პასიური რომანტიკოსისაგან განსხვავებით ადამიანს აქტიური ქმედებისაკენ მოუწოდებს და ცხოვრებისაკენ მიმართავს. „აქტიური რომანტიზმი ცდილობს გააძლიეროს ნებისყოფა სიცოცხლისადმი, ცხოვრებისადმი, აღძრას მასში ამბოხება სინამდვილის წინააღმდეგ, მისი ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგ“ (2, 16). რაც შეეხება ბარათაშვილის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას, ქუთელია მას მკაცრად მატერიალისტურ ინტერპრეტაციას აძლევს და აცხადებს, რომ „პოეტი არსად არ უარყოფს ბუნების მატერიალურობასა და ობიექტურობას, მისი პოეზია თავისუფალია რელიგიისა და მისტიკისაგან, ის ნათელია და სიცოცხლით სავსე“ (2, 47).
მატერიალისტურია ალექსანდრე ქუთელიას მიერ ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ინტერპრეტაციაც. იგი აცხადებს, რომ ვაჟას შემოქმედებაში ჩანს სიძლიერისა და სიდიადის ის გრძნობა, რომელიც მომდინაროებს „მისი ფილოსოფიური მსოფლმხედველობისაგან და ზნეობრივი იდეების სიძლიერისა და სიდიადისაგან“ (3, 3). აღნიშნულ ნაშრომში ვაჟა წარმოდგენილია როგორც „უდიდესი მორალისტი“ და „ჰუმანისტი“, მოაზროვნე, რომლის ყურადღებაც მიპყრობილია „დიადი, სამარადისო ზნეობრივი და ფილოსოფიური იდეებისაკენ. ბუნება და ცხოვრება, სამშობლო და თავისუფლება, ვაჟკაცობა და სიკეთე, სიბრალული და სიყვარული, - აი, მისი მუდმივი ფიქრისა და პოეტური შთაგონების მთავარი საგანი“ (3, 7). ქუთელიას ინტერპრეტაციის თანახმად, ვაჟა მიიჩნევდა, რომ ბუნება ობიექტური და მატერიალური რეალობაა და არა ღვთის შემოქმედება თუ აბსოლუტური სულის გამოვლინება. უფრო მეტიც, მისივე მტკიცებით, იდეალისტებისაგან განსხვავებით, ვაჟა უარყოფს ბუნების წინასწარგანზრახულობის იდეას. წინასწარგანზრახულობასა და ღვთაებრიობას მოკლებულ სამყაროში ვაჟა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მორალურ იდეალებს, კერძოდ, სიბრალულს: „სიბრალული ხდის კაცს კაცად. ადამიანს რომ ეს გრძნობა არ ჰქონდეს, იგი ცხოველისაგან არაფრით არ განსხვავდებოდა. სიბრალულის გრძნობასა და თანაგრძნობას მოკლებული ადამიანი აღარ არის ადამიანი“ (3, 38). ასევე ხაზგასმულია შრომის როლი ადამიანის გაკეთილშობილების საქმეში. ქუთელიას თანახმად, ვაჟას შემოქმედება შთაგვაგონებს ორ დიად გრძნობას, სიკეთესა და ვაჟკაცობას: „ფიქრობს, რომ კაი კაცი ის კი არ არის, ვინც ყოველგვარ დაბრკოლებას გადალახავს მხოლოდ იმისათვის, რომ პირადი საქმეები მოაწყოს, არამედ ის, ვინც საერთო საქმის ერთგულია, ერთგულია საზოგადოებისა და ხალხისა და მათ სარგებლობას მოუტანს. პირადი ინტერესების საერთო საქმეებისათვის მსხვერპლად მიტანის უნარი, - აი, პოეტის აზრით, კაი კაცობის განმსაზღვრელი კრიტერიუმი“ (3, 49). ქუთელიას მტკიცებით, ვაჟა ფშაველა ხელოვნების უმთავრეს მიზანს საზოგადოების გასაჭირის დაძლევაში, ადამიანთა ცოდნის გამდიდრებაში, ზნეობრივი მდგომარეობის ამაღლებაში და მატერიალური პირობების გაუმჯობესებაში ხედავდა. ქუთელია წარმოაჩენს პატრიოტიზმის როლს ვაჟას შემოქმედებაში, თუმცა, მიჯნავს მას „ნაციონალიზმისა და შოვინიზმისაგან“. „პატრიოტიზმი თავისი სამშობლოს და თავისი ხალხის სიყვარულია, ამ გზით კი ის არის სიყვარული აგრეთვე მთელი კაცობრიობისა და არა ნაციონალური შეუწყნარებლობა... ყველა მისი ნაწარმოები განმსჭვალულია სამშობლოს უკეთესი მომავლის რწმენით, მაღალი მოქალაქეობრივი იდეებით, ჰუმანიზმით, გმირობითა და კეთილშობილებით“ (3, 156-179).
3 -შეფასება
ალექსანდრე ქუთელიას ფილოსოფიური მსოფლმხედველობა მარქსისტული ფილოსოფიის გადმოცემასა და ეროვნული ნააზრევის ინტერპრეტაციაზეა მიმართული. მის ნაშრომებში ზოგადფილოსოფიური საკითხებია განხილული, რომლებიც საბჭოთა მსოფლმხედველობითაა განმსჭვალული. ქუთელია მარქსისტული ტრადიციის კარგი მცოდნე და გამგრძელებელია, თუმცა, უაღრესად პრობლემური და თვითნებურია ის ინტერპრეტაციები, რომლებიც ვაჟა-ფშაველასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას ეხება. XX საუკუნის მარქსიზმის მთავარი მახასიათებელი იყო იმის მტკიცება, რომ მარქსიზმი ინტელექტუალური განვითარების საბოლოო სიტყვას წარმოადგენს და ყველა ალტერნატიული მსოფლმხედველობა სწორედ მარქისისტული კრიტიკით უნდა იქნეს დაძლეული და გადალახული. თუმცა, ეს ხედვა ისტორიულად განვითარებულ იდეოლოგიას უფრო წარმოადგენდა, ვიდრე ობიექტურად დასაბუთებულ ჭეშმარიტებას.
4 -მთავარი ნაშრომები
1. გერმანიის ფაშიზმის იდეოლოგიის სათავეები: ნიცშე და ფაშიზმი, თბილისი: „სახელგამი“, 1944 წ.
2. ნიკოლოზ ბარათაშვილის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, კრიტიკული შენიშვნები, თბილისი: „საბჭოთა მწერალი“, 1945 წ.
3. ვაჟა-ფშაველა: მოაზროვნე და ჰუმანისტი, თბილისი: „სახელგამი“, 1947 წ.
4. ლენინური ეტაპის დასაწყისი მარქსისტული ფილოსოფიის განვითარებაში, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1971 წ.
5. ახალგაზრდა ენგელსი და ჰეგელის ფილოსოფია, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1975 წ.