სტალინი იოსებ
1 -საწყისები
იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) (1879 წლის 21 დეკემბერი – 1953 წლის 6 მარტი) ქართული და რუსული სოციალ-დემოკრატიის ბოლშევიკური ფრთის წამყვანი ფიგურა, მარქსისტული ფილოსოფიისა და რევოლუციის ინტერპრეტატორი და თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ერთპიროვნული მმართველი და დიქტატორი იყო. 1884 წლის სექტემბერში იოსებ ჯუღაშვილმა მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1899 წლის 29 მაისს, სემინარიაში სწავლის მეხუთე დამამთავრებელ წელს, გარიცხული იქნა სასულიერო სემინარიიდან უცნობი მიზეზით (სავარაუდოდ, დამამთავრებელ გამოცდებზე გამოუცხადებლობის გამო!). მისდამი გაცემულ მოწმობაში აღინიშნებოდა, რომ მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასი და შეეძლო ემსახურა მასწავლებლად დაწყებით სახალხო სასწავლებლებში. მისი სასულიერო სემინარიიდან გარიცხვის მიზეზად იოსებ ჯუღაშვილი მარქსისტული ფილოსოფიით დაინტერესებას და სემინარისტებსა და თბილისის რკინიგზის სახელოსნოების მუშათა შორის მის პროპაგანდას ასახელებდა.
1898 წელს იოსებ ჯუღაშვილი შედის ქართულ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში „მესამე დასი“. რევოლუციური მოძრაობის დასაწყისში მისი მსოფლმხედველობა, უმთავრესად, ნოე ჟორდანიას გაზეთ „კვალის“ ირგვლივ ორგანიზებულ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის გავლენით ყალიბდებოდა, მოგვიანებით კი, ამ მოძრაობასთან დიდი მსოფლმხედველობრივი განხეთქილება ჰქონდა. განხეთქილების ძირითადი მიზეზი გახდა რევოლუციური მოქმედებების ხერხების გაგება და ტაქტიკა. „მესამე დასელთა“ უმრავლესობა უმთავრესად ლეგალური მარქსიზმის პოზიციებზე იდგა და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ძალადობრივი ელემენტების გამოყენებას რევოლუციურ მოძრაობაში. იოსებ ჯუღაშვილი - ლადო კეცხოველთან და ალექსადრე წულუკიძესთან ერთად - ცალკე რევოლუციურ ბირთვს ქმნის, რომელიც, საბოლოო ჯამში, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ბოლშევიკურ ფრთას შეუერთდა; იოსებ ჯუღაშვილიც მის ერთ-ერთ წამყვან ლიდერად იქცა ვლადიმერ ულიანოვ-ლენინთან ერთად. 1905 წელს რუსეთის პირველი რევოლუციის დროს სტალინი ვლადიმერ ულიანოვ-ლენინის გავლენით აქვეყნებს ნაშრომებს „რევოლუციური აჯანყება ჩვენი ტაქტიკაა“, „რეაქცია ძლიერდება“, რომლებშიც იგი რევოლუციურ მოძრაობაში ძალადობის გამოყენების თეორიულ დასაბუთებას ახდენს.
2 -თეორიული აზროვნების პრინციპები
1906 წლის ივნისიდან 1907 წლის აპრილამდე სტალინი ბოლშევიკურ გაზეთებში „ახალი ცხოვრება“, „ახალი დროება“, „ჩვენი ცხოვრება“ და „დრო“ აქვეყნებს ფილოსოფიური სტატიების სერიას, რომელიც შემდეგში პატარა წიგნის „ანარქიზმი თუ სოციალიზმი?“-ს სახელით გამოვიდა და მარქსისტული ფილოსოფიის თეორიული პრინციპების ავტორისეულ გაგებას მოიცავს. ნაშრომი ქართველი ანარქისტის, ვარლამ ჩერქეზიშვილის და მისი მომხრეების, მიხაკო წერეთელის და შალვა გოგელიას წინააღმდეგ იყო მიმართული. უმთავრესად, სტალინის იმდროინდელი შემოქმედება ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაშრომს - „ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან“ (1896 წ.) - უპირისპირდებოდა. ჩერქეზიშვილი ბრალს სდებდა მარქსს, ენგელსს, მარქსისტულ ფილოსოფიას და მის საფუძველზე წარმოქმნილ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობებს ავტორიტარიზმში. ჩერქეზიშვილის თანახმად, მარქსისტული ფილოსოფია საეჭვო მეცნიერული მეთოდოლოგიის საფუძველზე აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე აცხადებს პრეტენზიას, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდების და აბსოლუტურ ხელისუფლებაში გადაგვარების საფრთხეს შეიცავდა. სტალინი შეეცადა ჩერქეზიშვილის არგუმენტები გაექარწყლებინა და ეჩვენებინა, რომ მარქსიზმი (ულიანოვ-ლენინის ინტერპრეტაციით) წარმოადგენს მწყობრ მონისტურ, მეცნიერულად დასაბუთებულ სისტემას, რომლის დიალექტიკური მეთოდი საშუალებას იძლევა განსაზღვრული იყოს საზოგადოების განვითარების სწორი ორიენტირები. აქედან გამომდინარე, სტალინი ვარაუდობდა, რომ ნამდვილ რევოლუციონერებს მხოლოდ მარქსისტები წარმოადგენენ, რომლებიც პროლეტარიატის დიქტატურის აუცილებლობას აღიარებენ ახალი საზოგადოებრივი წყობის აშენებისათვის, რომელიც წარმოების საშუალებებზე საზოგადოებრივი საკუთრების პრინციპებს დაექვემდებარება. სტალინის აზრით, „მარქსიზმი და ანარქიზმი სრულიად სხვადასხვა პრინციპზეა აგებული, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სოციალისტური დროშით გამოდის ბრძოლის ველზე, ანარქიზმის ქვაკუთხედი პიროვნებაა, რომლის გათავისუფლება უმთავრესი პირობაა მასის კოლექტივის გათავისუფლებისა. ანარქიზმის თანახმად, მასის გათავისუფლება შეუძლებელია მანამდე, სანამ პიროვნება არ გათავისუფლდება, რის გამოც მისი ლოზუნგია ყველაფერი პიროვნებისათვის“. მარქსიზმის თანახმად, პიროვნების გათავისუფლება შეუძლებელია მანამ, სანამ მასა არ გათავისუფლდება, რის გამოც მისი ლოზუნგია „ყველაფერი მასისათვის“. ეს დაშვება ამოსავალ პრინციპად იქცა არა მხოლოდ სტალინის თეორიულ განაზრებებში, არამედ ქართული და რუსული სოციალ-დემოკრატიის ბოლშევიკური ფრთის იდეოლოგიაშიც, რამაც ის ინდივიდის ღირებულების სრულ უარყოფამდე მიიყვანა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც. უხეში გამათანაბრებელი კომუნიზმის დაშვება იმგვარ პრინციპს წარმოადგენდა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა საკუთრივ მარქსის ფილოსოფიასთან, რამდენადაც, მარქსის თანახმად, გამათანაბრებელი კომუნიზმი არის უხეში, მოუფიქრებელი, ადამიანის პიროვნების უარმყოფი, ნიველირების ხელშემწყობი. მისი პრინციპია ღარიბი და მოთხოვნილებათა არმქონე ადამიანის არაბუნებრივი სისადავისაკენ დაბრუნება.
სტალინის ნებისმიერი თეორიულ-ფილოსოფიური კრედო მოიცავდა რევოლუციური მოქმედების თეორიას, იმგვარი მოქმედების გეგმას, რომელიც სამყაროს რევოლუციური გზით ძირეული გარდაქმნის პრინციპს მოიცავდა. აქედან გამომდინარე, სტალინი აყალიბებდა რევოლუციური გარდაქმნების თეორიას, რომელიც სოციალური სამყაროს იძულებით და ძალადობრივად გარდაქმნასაც ამართლებდა. ამოსავალ პრინციპს ვლადიმერ ულიანოვ-ლენინის მიერ ინტერპრეტირებული სამყაროს დიალექტიკურ-მატერიალისტური დოქტრინა წარმოადგენდა. სტალინის თვალსაზრისით, ლენინიზმი არის პროლეტარული რევოლუციის თეორია და ტაქტიკა, განსაკუთრებით კი, პროლეტარიატის დიქტატურის თეორია და ტაქტიკა. სტალინის აზრით, დიალექტიკური მატერიალიზმის ამოსავალ პუნქტს ქმნიდა სამყაროს შემეცნების ზუსტი მეთოდოლოგია და მისი ექსპერიმენტული ვერიფიკაცია. დიალექტიკური მატერიალიზმის ამოსავალი მეთოდი იყო სამყაროს მატერიალისტური გაგება, რომელიც ჰეგელის მიერ შემუშავებულ დიალექტიკის პრინციპს ეფუძნებოდა. ითვლებოდა, რომ დიალექტიკური მატერიალიზმის მიერ გაგებული სამყაროს სურათი უპირობოდ ჭეშმარიტი იყო. იგივე პრინციპები ვრცელდებოდა ისტორიის მატერიალისტურ გაგებაზეც. ბუნების მეცნიერების მიერ მატერიალური ყოფიერების შემეცნების სიზუსტე სრულად გავრცელდა სოციალური ცხოვრების მატერიალისტურ გაგებაზეც. აქედან გამომდინარეობდა მეთოდოლოგიური დარწმუნებულობა, რომ საზოგადოების გარდაქმნის მიზნით განხორციელებული რევოლუციური პრაქტიკა იყო სწორი და სამართლიანი, რადგან ის ეყრდნობოდა სოციალური წყობის სწორ მატერიალისტურ გაგებას, რომელიც საწარმო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობის შიდა კონფლიქტის საფუძველზე წარმოქმნილ ისტორიულად ჩამოყალიბებულ მატერიალურ ფორმაციებს ეყრდნობოდა. სტალინის თვალსაზრისით, ისტორიული მატერიალიზმი არის დიალექტიკური მატერიალიზმის გაფართოებული ვერსია, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივი ცხოვრების შესწავლისათვის; დიალექტიკური მატერიალიზმის დებულებების გამოყენება სავალდებულოა საზოგადოებისა და მისი ისტორიის შესასწავლად. სამყაროს სოციალური სურათის გარდაქმნის მიზნით განზრახული იყო მასების რევოლუციური აღზრდა, ხოლო საკუთრივ დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი წარმოადგენდა პროლეტარიატის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს. ამოსავალ წერტილად მიჩნეული იყო მარქსის თეზისი: გარემოებათა და ადამიანთა მოქმედების ცვლილების დამთხვევა შეიძლება წარმოვიდგინოთ და რაციონალურად გავიგოთ მხოლოდ როგორც რევოლუციური პრაქტიკა. სტალინის თანახმად, იმისათვის, რომ ზემოქმედება მოვახდინოთ საზოგადოების მატერიალურ ცხოვრებაზე და დავაჩქაროთ მისი განვითარება და გაუმჯობესება, პროლეტარიატის პარტია უნდა ეყრდნობოდეს ისეთ საზოგადოებრივ თეორიას, ისეთ საზოგადოებრივ იდეას, რომელიც სწორად ასახავს საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარების მოთხოვნებს და ამის გამო ძალუძს ხალხის დიდი მასები მოიყვანოს მოძრაობაში, მოახდინოს მათი მობილიზება და ორგანიზება პროლეტარიატის დიდ არმიად, რომელიც მზად არის გაანადგუროს რეაქციული ძალები და გაუკვალოს გზა საზოგადოების მოწინავე ძალებს. მასების რევოლუციური სულისკვეთებით აღზრდის და საზოგადოებრივი ცვლილების განხორციელების აუცილებელ შედეგს წარმოადგენდა პროლეტარიატის დიქტატურის დადგომა. ლენინის განმარტებით, რაც სრულად გაიზიარა სტალინმა, პროლეტარიატის დიქტატურა არის ყველაზე დაუნდობელი ბრძოლა, სისხლიანი და უსისხლო, ძალადობრივი და მშვიდობიანი, სამხედრო და სამეურნეო, პედაგოგიური და ადმინისტრაციული ბრძოლა ძველი საზოგადოების ძალებისა და ტრადიციების წინააღმდეგ. სტალინის ხედვით, მარქსისტულ-ლენინურ ფილოსოფიასა და პრაქტიკულ რევოლუციურ მოქმედებას შორის შინაგანი კავშირი არსებობს. დიალექტიკური მატერიალიზმის და ისტორიული მატერიალიზმის როლი, როგორც სამყაროს გარდაქმნის იარაღისა, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების და კომუნიზმის აშენების საქმეში. თავისი არსით მარქსისტულ-ლენინურ-სტალინური კონცეფცია წარმოადგენდა სისტემური ძალადობის და მისი ორგანიზების თეორიულ გამართლებას, რომლის საფუძველზეც ე.წ. მეცნიერული აუცილებლობის პრინციპიდან გამომდინარე უნდა შექმნილიყო ახალი კომუნისტური მატერიალისტური ზნეობის მქონე ადამიანი (ე.წ. „საბჭოთა ადამიანი“). ამ კონცეფციის თანახმად, ყველაფერი ამ სამყაროში ემორჩილება მატერიალური განვითარების პრინციპებს. სულ ერთია, ეს ბუნება იქნება თუ ადამიანთა საზოგადოება. ამგვარად, ადამიანური სოციუმი და ბუნება წარმოადგენს მეცნიერული დაკვირვებისა და შესწავლის მატერიალურ ობიექტს. ადამიანი მხოლოდ მატერიალურ არსებად განიხილება, როგორც ფსიქოსომატური დაკვირვების ობიექტი. ადამიანთა მასა, როგორც სოციალურ ვითარებათა მატერიალური პროდუქტი, განსაზღვრავს ინდივიდის მდგომარეობას. ადამიანი მხოლოდ სოციალურ გარემოებათა მატერიალურ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც აღზრდისა და სოციალური გარემოს შედეგია. ადამიანი, როგორც სოციალური მატერია, ისევე ემორჩილება შეცვლას და შექმნას, როგორც ბუნებრივი მატერიალური სხეული. სოციუმზე და ინდივიდზე ძალადობა/ზემოქმედება განიხილებოდა უსულო მატერიაზე განხორციელებული ზემოქმედების ანალოგიად. აქედან გამომდინარეობდა სტალინისა და სოციალური რევოლუციონერების აბსოლუტური დარწმუნებულობა, რომ ის მოქმედებდა მეცნიერული აუცილებლობის პრინციპებიდან გამომდინარე. მისი რევოლუციური მოქმედების მეთოდოლოგია „მეცნიერულად“ დასაბუთებული იყო და სოციუმის განვითარების წინასწარმეტყველება, რომელიც კომუნისტური საზოგადოების სახით ჩამოყალიბებას ეხებოდა, ზუსტ მეცნიერულ აუცილებლობას წარმოადგენდა. ამან წარმოშვა ე.წ. „ისტორიული სიმართლის“ სპეციფიკური მორალი, სადაც ეთიკური მოქმედება ინდივიდუალურ სუბიექტს არ ითვალისწინებდა. რევოლუციური მოქმედების აქტი არა ინდივიდის წინაშე იყო პასუხისმგებელი, არამედ ისტორიული აუცილებლობის წინაშე. ამდენად, მორალური პასუხისმგებლობის სუბიექტი ფაქტობრივად გაქრა კიდეც ასპარეზიდან. საბჭოეთის იდეოლოგები სწორედ ამ ე.წ. „თეორიულ პრიზმაში“ ამართლებდნენ იმ დროს განხორციელებული მასობრივი რეპრესიების აუცილებლობას.
3 -ნაციონალური საკითხი
სტალინის თეორიული ნაშრომი „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“ გამოქვეყნდა 1913 წელს ვენაში. სტალინის დაინტერესება ნაციონალიზმის პრობლემით გამოწვეული იყო იმ პერიოდში აგორებული ნაციონალიზმის ტალღით, რომელიც აშკარად ეწინააღდეგებოდა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ინტერნაციონალისტურ პოზიციებს, რომლის იდეოლოგია არ ცნობდა ეროვნულ პრობლემას. სოციალ-დემოკრატიისათვის უფრო მნიშვნელოვანი საწარმო ძალებისა და წარმოებითი ურთიერობების საფუძველზე ამოზრდილი ადამიანის ექსპლუატაციის ფორმები იყო. ერი, როგორც ასეთი, ზედნაშენ ფიქციას წარმოდგენდა, როგორც ყალბი იდეოლოგიური ცნობიერების ადეპტი, რომელიც ჩაგრული კლასების ფარული ექსპლუატაციის ფორმების გამწვავებას უწყობს ხელს. სტალინი შეეცადა ისტორიული მატერიალიზმის ჩარჩოში გაეაზრებინა ეროვნული საკითხი და ეროვნულობის პრობლემის პოზიტივისტური გაგება ჩამოეყალიბებინა. სტალინის განმარტებით, ერი არის ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოშობილი ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და ფსიქიკური წყობის ბაზაზე, რომლის გამოხატულებაა კულტურის ერთობა. სტალინის დახასიათებით, ერი მატერიალურ ურთიერთობათა ზედნაშენ წარმონაქმნს წარმოადგენს, და რაც უფრო ძლიერია მატერიალურ ურთიერთობათა შემაკავშირებელი ძალა, მით უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო სახალხო ერთობის კონსოლიდაციის ფორმები. აქედან გამომდინარე, ეროვნული ერთობა, იდენტობა და ნაციონალური სახელმწიფოები მხოლოდ კაპიტალიზმის დროს შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყვნენ. მისი აზრით, ქართველები XIX საუკუნემდე ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეკონომიკურად განცალკევებულ სათავადოებად და ვერ აყალიბებდნენ ერთიან ნაციას. სტალინისა და მარქსისტული აზროვნებისთვის დამახასიათებელი იყო ეკონომიკური ურთიერთობების აბსოლუტიზაცია. ასევე, ამ კრიტერიუმების საფუძველზე სტალინი ვარაუდობდა, რომ რუსი, გალიციელი, ამერიკელი, ქართველი და მთიელი ებრაელები ვერ აყალიბებენ ერთიან ნაციას, რადგანაც მათთვის მხოლოდ რელიგიური რწმენაა წარმმართველი. ამის გამო ის ედავებოდა ოტო ბაუერს (1881-1938 წწ.) და მას სპირიტუალიზმში სდებდა ბრალს. თუმცა კი, თანამედროვე სამყაროში სწორედ რელიგიური ერთობის პრინციპი იქცა ისრაელის სახელმწიფოს შექმნის საფუძვლად. ევროპული ერები, სტალინის აზრით, ჩამოყალიბდნენ კაპიტალიზმის პერიოდში, რომელმაც შეცვალა ფეოდალური დაქუცმაცებულობა. აღმოსავლეთ ევროპაში კი ნაციონალური სახელმწიფოები ვერ ჩამოყალიბდნენ. აქ მხოლოდ ეროვნულობის გარკვეული ჩანასახი წარმოიშვა. სტალინის აზრით, მუშათა კლასი უნდა იბრძოდეს ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ, თუმცა კი, მუშათა კლასი არ უნდა დადგეს ბურჟუაზიის დროშის ქვეშ, რადგანაც ბურჟუაზიის მეთაურობით ნაციონალურ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ხოცვა-ჟლეტასა და „პოგრომებში“ შეიძლება გადაგვარდეს. სტალინის მიერ გაშუქებული ნაციონალური საკითხი, უმთავრესად, რუსეთის იმპერიის და კავკასიის გამოცდილებას ეყრდნობოდა. სტალინი თვლიდა, რომ ისეთი ხალხები, როგორც არიან აფხაზები, აჭარლები, ინგილოები, ინგუშები, მეგრელები, სვანები წარმოადგენენ პრიმიტიულ ხალხებს პრიმიტიული კულტურებით და მათთვის რთულია ავტონომიის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სტალინი ნაციონალური საკითხის გადაწყვეტას „თვითგამორკვეული ერთეულებისათვის“ (კავკასია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა) ტერიტორიული ავტონომიების მინიჭებაში ხედავდა, სადაც უნდა განხორციელებულიყო დემოკრატიზაცია და მშობლიური ენით სარგებლობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის მიერ ჩამოყალიბებული ერის დახასიათების ოთხი ნიშნიდან პირველი სამი აღებულია კარლ კაუცკის (1854-1938 წწ.) ნაშრომებიდან, ხოლო მეოთხე ოტო ბაუერის ნაშრომებიდან. საბოლოო ჯამში, სტალინის მიერ დამუშავებული ნაციონალობის საკითხი ახალი საბჭოთა იმპერიის შექმნის და ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელ პროგრამად იქცა. თუმცა, სრულიად გაურკვეველი იყო საკითხი იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა ინგილოების, აჭარლების, მეგრელებისა და სვანების ძირითადი ეთნიკური ჯგუფიდან, ქართველებიდან გამოყოფა. ეს პროგრამა განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდა ეროვნული ურთიერთობისათვის საბჭოთა კავშირში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისათვის და განსაკუთრებით ქართველებისათვის.
4 -ენის ფილოსოფიის საკითხები
1950 წელს სტალინი შეეცადა ენის ფილოსოფიური ასპექტები ისტორიული მატერიალიზმის ჭრილში გაეაზრებინა. აღსანიშნავია, რომ მან თავად მოახდინა ენის ფილოსოფიური პრობლემების შესახებ საინტერესო დისკუსიის წამოწყებაც, ხოლო უშუალოდ ამ დისკუსიაში კი იგი გაზეთ „პრავდაში“ 1950 წლის 9 მაისს არნოლდ ჩიქობავას სტატიის „საბჭოთა ენათმეცნიერების ზოგიერთი საკითხის შესახებ“ გამოქვეყნების შემდეგ ჩაერთო. ის უმთავრესად დაუპირისპირდა ცნობილი ენათმეცნიერის, ნიკო მარის თეზისს ენის, როგორც ეკონომიკურ ურთიერთობათა ზედნაშენი ბუნების შესახებ. სტალინი ბაზისად განსაზღვრავდა საზოგადოების ეკონომიკურ წყობას (ფეოდალიზმს, კაპიტალიზმს, სოციალიზმს), ხოლო ზედნაშენს კი იგი უწოდებს „საზოგადოებრივ შეხედულებებს“ (პოლიტიკურ, სამართლებრივ, ფილოსოფიურ, რელიგიურ შეხედულებებსა და მათ შესაბამის ინსტიტუტებს). ეკონომიკური ბაზისის ცვლილებასთან ერთად იცვლება მისი ზედნაშენიც. თუმცა კი, ზედნაშენიც აქტიურ ძალას წარმოადგენს და ზემოქმედებას ახდენს ბაზისზე. სტალინის აზრით, ენა არ წარმოადგენს არც ბაზისურ და არც ზედნაშენ მოვლენას. ენა, როგორც ურთიერთობის საშუალება, არ არის ზედაშენი. ის არ არის ერთი რომელიმე კლასის მიერ შექმნილი და არ ნადგურდება ეკონომიკური ბაზისის განადგურებასთან ერთად. ენა ნებისმიერ ბაზისზე დიდ ხანს ცოცხლობს. ის არ არის რომელიმე საზოგადოებრივი ფორმაციისათვის დამახასიათებელი მოვლენა. ენა ფუნქციონირებს ფეოდალიზმის, კაპიტალიზმის და სოციალიზმის დროსაც. ფაქტობრივად, სტალინმა აღიარა, რომ ენა არ შეიძლება განხილული იყოს ისტორიული მატერიალიზმის ჩარჩოში. ენა, როგორც ასეთი, სოციალური ურთიერთობის არაკლასობრივი კატეგორიაა. სტალინის ამ ნაშრომს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და დღემდე პოლემიკის საგნად რჩება. სტალინის ამ ნაშრომის მიმართ საგანგებო ინტერესს გამოხატავდნენ თანამედროვეობის ისეთი ცნობილი მოაზროვნეები, როგორიცაა ჟოზეფ ვანდრიესი, ნოამ ჩომსკი, მიხეილ ეპშტეინი, როჯერ სკრატონი და სხვ.
5 -გამოყენებული ლიტერატურა
• სტალინი, ი. ბ.: ანარქიზმი თუ სოციალიზმი?, თბილისი: „სახელგამი“, 1954 წ.
• სტალინი, ი. ბ.: ლენინიზმის საკითხები, თბილისი: „სახელგამი“, 1952 წ.
• სტალინი, ი. ბ.: დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის შესახებ, 1938 წ.-ის სექტემბერი, თბილისი: „სახელგამი“, 1954 წ.
• სტალინი, ი. ბ.: მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხები, თბილისი: „სახელგამი“, 1954 წ.
• სტალინი, ი. ბ.: ნაციონალური საკითხი და ლენინიზმი: პასუხი ამხანაგებს მეშკოვს, კოვალჩუკსა და სხვებს, თბილისი: „სახელგამი“, 1954 წ.
• სტალინი, ი. ბ.: შეიარაღებული აჯანყება და ჩვენი ტაქტიკა, თბილისი: „სახელგამი“, 1954 წ.
• სტალინი, ი. ბ.: მარქსიზმი და ნაციონალური საკითხები, თბილისი: „სახელგამი“, 1955 წ.
• მონტეფიორე, ს. ს.: ახალგაზრდა სტალინი, ინგლისურიდან თარგმნა ნ. დიხამინჯიამ, თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2009 წ.
• მონტეფიორე, ს. ს.: სტალინი: წითელი მეფის კარი, თარგმანი ინგლისურიდან - მ. ჯიჯეიშვილი, ა. მაყაშვილი, ე. მაჩიტიძე, ნ. მენაბდე, თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2012 წ.
• ჩარკვიანი, კ.: განცდილი და ნააზრევი, თბილისი: „მერანი“, 2004 წ.
• Ленин, В. И.: Государство и революция. Учение марксизма о государстве и задачи пролетариата в революции, ПСС т. 33, Москва: Политиздат, 1969.
• Ленин, В. И.: Детская болезнь „левизны“ в коммунизме, ПСС т. 41, Москва: Политиздат, 1974.
• Маркс К.: Экономическо-философские рукописи 1844 года // К. Маркс, Ф. Энгельс, Из ранних произведений, Москва: Политиздат, 1956.
• Чикобава, А.: О некоторых вопросах советского языкознания // «Правда», 1950 год, 9 май.