იოანე საბანისძე
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
იოანე საბანისძე VIII საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე და მწერალია. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სრული ცნობები პრაქტიკულად არ მოიპოვება. ცნობილია, რომ მის კალამს უკავშირდება არაბი ჭაბუკის აბოს წამების აღწერა, რომელსაც მოგვიანებით „თბილელი“ ეწოდა; თხზულების სრული სახელწოდებაა: „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლსა კათალიკოზისაჲთა“ („აბო თბილელის წამება“). ის იოანეს 786-790 წლებში დაუწერია. აბო თბილელის წამების ტექსტის სათაურიდანვე ვიგებთ, რომ ეს ამბავი დაუწერია ვინმე იოანეს საბანის ძეს „[...] გამოთქმული იოვანე, ძისა საბანისი [...]“. ასევე, ტექსტიდან ვიგებთ, რომ იოანე მოღვაწეობდა ქართლის კათალიკოსის სამოელის მოღვაწეობის (780-790 წწ.) პერიოდში, რომლის შეკვეთითაც დაუწერია ეს თხზულება. ამასთან ერთად, ტექსტიდან ცნობილი ხდება, რომ ავტორი აბოს მეგობარი და მისი წამების თვითმხილველი ყოფილა. ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი უწყების თანახმად, იოანეს ასევე „საბანეანი“ ეწოდებოდა (სინ. მთის ხელნაწერი №11). არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები იოანეს სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა, ამ ეტაპისთვის დაუდგენელია იგი სასულიერო პირი იყო თუ საერო. სამოელ კათალიკოსი, ტექსტზე დართულ ეპისტოლეში თავიდანვე იუწყება, რომ იოანე ღვთისმსახურებისთვის მოწადინებული, დიდად განათლებული და მრავალმხრივ განსწავლული კაცი ყოფილა „[...] უწყით წადიერებაჲ შენი ღმრთის მსახურებისათჳს და ღმრთივ მიმადლებული შენი მეცნიერებაჲ საღმრთოთა წიგნთაჲ [...]“. მიუხედავად ბიოგრაფიული ინფორმაციის სიმწირისა, იოანეს პიროვნებასთან დაკავშირებული სხვა ასპექტების რეკონსტრუირება მისივე თხზულების მეშვეობით არის შესაძლებელი; ამ ნაშრომის საფუძველზე შესაძლებელია იოანეს პიროვნული და ინტელექტუალური პორტრეტის შექმნა, რომელიც მისი აკადემიური ცოდნის მრავალფეროვნების შესახებ უტყუარ ინფორმაციას გვაწვდის.
2 -შემოქმედება
იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ ერთ-ერთი განსაკუთრებული ძეგლია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ავტორმა მიზნად დაისახა წარმოედგინა იმჟამინდელი რელიგიური და პოლიტიკური თვითშეგნების ლიტერატურული ნიმუში. აბოს მოწამეობის ისტორია ვითარდება არაბული პოლიტიკური მმართველობის, კერძოდ, აბასიდური დინასტიის სახელგანთქმული ხალიფების ალ-მანშურისა (754-775 წწ.) და მისი ძის ალ-მაჰდის (775-785 წწ.) მმართველობის პერიოდში, როდესაც საქართველოში არაბული იმპერიალისტური პოლიტიკის წარმომადგენელი ამირა იჯდა. არაბული პოლიტიკა დაპყრობილი ტერიტორიების არაბიზაციისა და კულტურულ-რელიგიური ასიმილაციის პროცესებს აქტიურად აწარმოებდა. გამონაკლისი არც საქართველო იყო, სადაც ისლამური პოლიტიკისა და ტრადიციების დანერგვის მიზნით მაჰმადიანურ რელიგიას ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდნენ. ასეთ ვითარებაში არაბი აბოს ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა და მოწამეობრივი აღსასრული მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენდა, რომლის აღწერაც იმ დროისათვის ქრისტიანული რწმენისა და პოლიტიკური მხნეობის შენარჩუნებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა.
ტექსტი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება და ორიგინალურ მეთოდოლოგიურ პრინციპებზეა დაფუძნებული, რომლებიც, თავის მხრივ, მრავალ სალიტერატურო დისციპლინასა და მიმართულებას მოიცავს; ის წარმოადგენს ეპისტოლარულ, საღვთისმეტყველო, ისტორიულ, ჰაგიოგრაფიულ და ჰიმნოგრაფიულ ჟანრთა ერთობლიობას, რომლის საფუძველზეც სრულფასოვნად არის შესრულებული ავტორის მიერ დასახული ამოცანა. წარმოდგენილ ტექსტს შესავლის სახით დართული აქვს სამოელ კათალიკოსის წერილი და იოანეს პასუხი სამოელისადმი. ამით ავტორს სურს წარმოაჩინოს ნაწარმოების შექმნის მოტივები და განმაპირობებელი ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა აბოს წამების ისტორიული მოვლენის აღწერა. ნაწარმოების პირველ თავში იოანეს მიერ წარმოდგენილია ქრისტიანობის არსის საღვთისმეტყველო ანალიზი, რომელიც აბოს მიერ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის გაგებისთვის ერთადერთი კანონიერი გზა იყო. ამ ნაწილის მთავარი ამოცანაა, რომ იმჟამინდელ საზოგადოებას აჩვენოს აბოს მიერ გაღებული მსხვერპლის დანიშნულება და საფუძველი, რაც დაკავშირებულია ჭეშმარიტი ღმერთისა და რელიგიის აღმსარებლობასთან. ავტორი ამიტომ განმარტავს ღმერთისა და ადამიანის ურთიერთმიმართების გაგების აუცილებელ პრინციპებს, რომლებიც აბოს მარტვილობის განხილვის კონტექსტში თეოლოგიურად არის გააზრებული. იგი წინდაწინვე ხაზს უსვამს ქართველთა სტრატეგიულ (როგორც ისლამურ სახელმწიფოებთან მოსაზღვრე ქვეყნის) ფუნქციას ქრისტიანობის ქადაგებისა და შენარჩუნების საქმეში, „რამეთუ რომელნი-ესე ვართ ყურესა ამას ქვეყანისასა, სასტიკებისაგან და სივერაგისა, მანქანებითა მით საცთურებისაჲთა ზედამდგომელთა ამათ ჩუენთა, მფლობელთა ამას ჟამისათა, ზაკულებითა მოძღვრებისაჲთა, თჳთ თავით თჳსით სჯულის-დებისაჲთა, განდგომილთა ქრისტჱსგან მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისგან სიმართლისა [...]“. შესაბამისად, აბოს წამების ამბის გადმოცემით, რომელიც ასეთ რთულ რელიგიურ-პოლიტიკური ვითარებაში აღსრულდა, იოანეს სურს აბოს შესძინოს ეტალონის ფუნქცია და მორალურად გატეხილი („შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“) საზოგადოება ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების ირგვლივ ხელახლა გააერთიანოს. იოანე ქრისტიანული სარწმუნოების ეგზეგეზას უფლის განკაცების სიყვარულისმიერი საფუძვლების დემონსტრაციით იწყებს და აჩვენებს განკაცების თეოლოგიის გამომხსნელობით შინაარსს. მაგალითად, ქრისტოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით იგი შენიშნავს, რომ მაცხოვარმა მისი განკაცებით თავი დაიმდაბლა და მიიღო კაცება (რომელიც, მისივე განმარტებით, არის ღმრთეებასთან განუყოფელი შეერთება), რათა სამოთხიდან გამოდევნილი ადამიანი ხელახლა გაეხადა მიუწვდომელი საიდუმლოს ღირსი. იგი აქვე, ქრისტეს მიმართ კაცობრიობის მხრიდან მადლიერების გამოხატვის კონტექსტში, ლაკონურად წარმოადგენს მაცხოვრის მიერ კაცობრივი ბუნების მამის წიაღში ამაღლების აქტს: „[...] რამეთუ დამდაბლდა და მიჴსნნა ჩუენ, აღმაღლდა ზეცად, ვინაჲცა გარდამოჴდა, და მიწისაგანი ესე კაცებაჲ თანა-აღიყვანა და მარჯუენით მამისა მჯდომარე არს [...]“; კერძოდ, იგი ძე ღმერთის მიერ კაცების მიღებას განგებულებით შეერთებას უწოდებს; იოანეს მიხედვით, ეს არის ერთი ძე, რომლის მიმართაც ორივე სახელი, ღმერთიც და კაციც, განყოფის გარეშე ითქმის და გამოიხატება სახელით „ემანუელ“, „[...] რომელი იგი საკჳრველად განგებულებით შეიერთა ღმრთეებამან, რომელიცა-იგი ორითავე მით სახელითა, - ერთი ძჱ ღმერთად და კაცად, თჳნიერ განყოფისა, - იქადაგების, იგივე „სახელით ემანუელ - ჩუენ თანა ღმერთი და კაცი [...]“. ასევე, ამ ნაწილში იოანე გვთავაზობს წმინდა წერილის განმარტებას უფლის ალეგორიული სახელების გაგებასთან დაკავშირებით, როგორიც არის: კარი, გზა, ტარიგი, მწყემსი, ლოდი, მარგალიტი და მრავალი სხვა. იოანე - ქრისტიანული საღვთისმეტყველო ტრადიციის შესაბამისად - აჯამებს, რომ ყოველივე, რაც მას განუმარტავს, ეფუძნება არა საკუთარი თავის, არამედ ბიბლიის წიგნების, მოციქულებისა და მამათა სწავლების მიერ უკვე განსაზღვრებულ სარწმუნოებას, „ხოლო ესე არა თუ რაჲმე თავით თჳსით განგიმარტე თქუენ, საყუარელნო და ქრისტჱს მოყუარენო და სწავლის მოღუაწენო, არამედ წამებითა წიგნთაგან საწინაწარმეტყუელოთა და მოციქულთა ქადაგებისაებრ, წმიდათა სახარებათა წერილნი და ნეტართა მამათა მოძღუართა მიერ განსაზღვრებული სარწმუნოებაჲ“. იგი ბოლოს აღნიშნავს, რომ ქრისტიანობისადმი, როგორც უეჭველი სარწმუნოებისადმი სწრაფვა, სიმდიდრე და განძია ყველასთვის; მისკენ მიილტვიან მართალნი, მას ადიდებენ წმინდანები, აღიარებენ მარტვილნი და დევნულებად იხდიან თავს. სწორედ ამ სარწმუნოების მფლობელია ქართლიც, რომელიც „[...] წოდებულ არს დედად წმინდათა [...]“ და მიმღებია ყველასი განურჩევლად ეროვნებისა - იქნება ის ქართველი თუ უცხოელი.
მეორე და მესამე თავები ისტორიულ-ჰაგიოგრაფიული ხასიათისაა. მათში აღწერილია აბოს ქართლში ჩამოსვლა, მისი მოღვაწეობა და მოწამეობრივი აღსასრული. გარდა ისტორიული თხრობისა, მეორე თავში ავტორი ძველი და ახალი აღთქმის (აბრაამი, მოციქულები, ქრისტე) ნარატივის კონტექსტში სახისმეტყველებითად წარმოადგენს აბოს პიროვნებას და მას წმინდა წერილის სიმბოლოებში აცოცხლებს. მესამე თავში კი მკაცრად ჰაგიოგრაფიულ სტილში დეტალურად არის გადმოცემული ყმაწვილი აბოს შეპყრობის, ტყვეობისა და აღსრულების მომენტები, სადაც წინა პლანზეა წამოწეული მოწამის ახოვანება, სიმამაცე, აღსრულებული სასწაულები და ერთგულება ქრისტიანული სარწმუნებისადმი. მეოთხე თავი ჰიმნოგრაფიულ ხასიათს ატარებს და აბო თბილელის პიროვნებისა და მოღვაწეობის ვრცელ ხოტბას შეიცავს. თხზულების ეს ნაწილი ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის უძველესი ნიმუშია. იგი ლოცვითი ხასიათისაა, რომელიც იოანეს მიერ შედგენილი სავედრებელ-სადიდებელი საგალობლებისაგან არის შემდგარი და თემატურადაა დალაგებული (სავარაუდოა, რომ იოანე საბანისძეს ასევე ეკუთვნოდეს ძველი საგალობელი აბო თბილელის შესახებ, რომელიც შემონახულია IX-X საუკუნეების ჭილ-ეტრატის იადგარში). ამ ნაწილში ავტორი პრაქტიკულად აბო თბილელის მოწამეობის ჰიმნოგრაფიულ შეჯამებას გვთავაზობს, რომელსაც სისტემური თანმიმდევრობით წარმოადგენს; ეს არის ავტორის მიერ აბოს მოწამეობრივი ამბავისა და ქრისტიანული მოძღვრების ლირიკით გადმოცემის მცდელობა, რომელიც გარეგნული სტრუქტურით დაუჯდომელი საგალობლის ფორმას უახლოვდება.
3 -რეცეფცია
იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამების“ ყველაზე ადრეული ხელნაწერები ჩვენამდე მოღწეულია IX-XI საუკუნეების ვერსიების სახით. ის ხელმისაწვდომია სინასა და ათონის ხელნაწერთა ფონდებშიც. არსებობს ასევე საგალობლები, რომლებიც ლიტურგიკულ საკითხავებშია ჩართული. „აბო თბილელის წამების“ პირველი სამეცნიერო რედაქცია, 1882 წელს, გობრონ (მიხაელ) საბანინმა განახორციელა; ის მოთავსებულია ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა კრებულში „საქართველოს სამოთხე“. ამის შემდგომ კორნელი კეკელიძემ თავის ნაშრომში „ადრინდელი ფეოდალური ქართული ლიტერატურა“ (1935 წ.) ეს ტექსტი ხელახლა გამოსცა და გამოკვლევაც დაურთო, ხოლო სოლომონ ყუბანეიშვილმა თავის ნაშრომში „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“ (1946 წ.) ის მესამედ გამოსცა. იოანე საბანისძის ეს თხზულება კ. კეკელიძის მიერ 1963 წელს მხოლოდ ტექსტის სახით გამოიცა „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებში“. დღეისათვის, „აბო თბილელის წამება“ მრავალი ვერსიის სახით არის ხელმისაწვდომი და შეტანილია საქართველოს სასკოლო პროგრამაში („ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“). ცალკე აღნიშვნის ღირსია „აბო თბილელის წამების“ უცხოენოვანი თარგმანები. ამ კუთხით აღსანიშნავია თხზულების რუსულენოვანი თარგმანი და ვრცელი გამოკვლევა, რომელიც კ. კეკელიძემ 1956 წელს განახორციელა („ეტიუდები“, ტ. XII, 1956 წ.). „აბო თბილელის წამება“ 1905 წელს გერმანულად ითარგმნა კარლ შულცეს მიერ, ხოლო 1934 წელს პაულ პეეტერსმა ის ლათინურად თარგმნა. მოგვიანებით, ეს ტექსტი 1956 წელს დევიდ მარშალ ლანგის მიერ სხვა ჰაგიოგრაფიულ ძეგლებთან ერთად ინგლისურადაც ითარგმნა.
4 -ბიბლიოგრაფია
• ბარამიძე, რ.: აგიოგრაფიული ჟანრის მწერლობის სპეციფიკა და იდეური შინაარსი, კრებულში: „ლიტერატურული ძიებანი“, ტ. X, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1956 წ., გვ. 235-255.
• კეკელიძე, კ.: ადრინდელი ფეოდალური ქართული ლიტერატურა, ტფილისი: „სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1935 წ., გვ. 7-96.
• კეკელიძე, კ.: იოანე საბანისძე, წიგნში: კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I: ძველი მწერლობა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1960 წ., გვ. 129-132.
• კეკელიძე, კ.: წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლსა კათალიკოზისაჲთა, იხ.: „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები (V-X სს.)“, წიგნი I, თბილისი: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1963 წ., გვ. 46-81.
• კეკელიძე, კ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. XII, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1974 წ., გვ. 104-128.
• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ., გვ. 129-132.
• საქართველოს სამოთხე („სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმინდანთა“), თბილისი: „დიადემა“, 2010 წ., გვ. 315-330.
• ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგენილი ს. ყუბანეიშვილის მიერ, ტ. 1, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1946 წ., გვ. 55-71.
• Lang, D. M.: Tha Martyrdom of Abo, the perfumer from Baghdad, in: “Lives and Legends of the Georgian Saints”, London: George Allen and Unwin Ltd., New York: Macmillan Company, 1956, გვ. 115-133.
• Peeters, P.: Les Khazars dans la passion de S. Abo de Tiflis, in: “Analecta Bollandiana”, # 52 (1934), გვ. 21-56.
• Sahner, Ch. C.: Christian Martyrs Under Islam: Religious Violence and the Making of the Muslim World, Princeton & Oxford: Princeton University Press, 2018.
• Schultze, K.: Das Martyrium des heiligen Abo von Tiflis, in: „Texte und Untersuchungen zur Geschichte der altchristlichen Literatur“, Neue Folge 13/4 (1905), გვ. 4–41.
• Кекелидзе, К.: Памятники древнегерманской агиографической литературы, текст перевел, исследованием и примечанием снабдил акад. проф. К. С. Кекелидзе, Тбилиси: АН Грузинской ССР, 1956, გვ. 31-60.