მიტროპოლიტი ამბროსი (ნეკრესელი)
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
ამბროსი ნეკრესელი XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. 1742 წელს მისი ხელით გადაწერილ კონდაკზე დატოვებული მინაწერის მეშვეობით ამბროსის დაბადების თარიღთან დაკავშირებულ დეტალებს ვიგებთ: „აღვსწერე წლისა ათოთხმეტისამან“; აქედან დგინდება მისი დაბადების თარიღი, 1728 წელი. იგი იყო ანტონ პირველის მოწაფე და თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი სასულიერო პირი. არსებული ცნობების მიხედვით, ანტონ პირველმა არქიმანდრიტ ამბროსის 1778 წლის 9 აპრილს წილკნის ეპისკოპოსად დაასხა ხელი; ამ კათედრას ამბროსი 1792 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ იგი მანგლელ ეპისკოპოსად მოიხსენიება; აქ ის ორი წელი, 1794 წლამდე მოღვაწეობდა. 1794 წლიდან ამბროსი უკვე ნეკრესის ეპარქიის მღვდელმთავარია, რომელსაც დოსითეოზ ჩერქეზიშვილის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. აღსანიშნავია დოსითეოზ ნეკრესელის მიერ შილდას ციხის კარზე დაწერილ ლექსზე (რომელიც მას 1780 წელს დაუწერია) ამბროსის პასუხი, რომელიც მრავალმხრივ არის საყურადღებო და ინფორმაციული ხასიათისაა:
მე შემდგომ შენსა მოსულო, მიქაძე ამბროსის ძეო,
- წილკნელ, მანგლელ, ნეკრესელი, ვის ამვროსი სახელ მძეო,
- აქ მყოფს არ მცირედ გიღწვია, დიდად გმადლობ შენი ძეო,
- და აწ დამხვდა ციხე განძრცვლი, შესამოსი კარგი [მ]ძეო.
აქედან ვიგებთ, რომ დოსითეოზის შემდეგ ნეკრესის ეპარქიაში, თავის დროზე, წილკნელი და მანგლელი მღვდელმთავარი ამბროსი მოსულა, რომლის მამასაც ამბროსი ერქვა, ხოლო გვარი მიქაძე ყოფილა. იგი აქებს დოსითეოზის ნაღვაწს და მადლობის ნიშნად თავის თავს დოსითეოზის ძეს უწოდებს; თუმცა, აღნიშნავს, რომ ციხე გაძარცვული დახვედრია და საშრომიც ბევრი ყოფილა. სავარაუდოდ, დოსითეოზის შემდგომ, 1789 წლიდან 1794 წლამდე, ნეკრესის ეპარქია ეპისკოპოსის გარეშე უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება მის გვაროვნულ წარმომავლობას, გარკვეული ცნობების თანახმად, მისი გვარი მიქაძეა. ამბროსის ნაწერებიდან ირკვევა, რომ მისი წინაპარი XIII საუკუნეში გადმოსულა სამეგრელოდან ქართლში - იგი ცოტნე დადიანთან სტუმრად მოსულ ქართლის მეფეს თან წაუყვანია. მიქაძეები მეფის კარზე წლების განმავლობაში დაწინაურებულან და დიდგვაროვანთა შორის ირიცხებოდნენ. ამბროსის მამა, რომელიც ერისკაცობაში ამბროსის სახელს ატარებდა, სიონის მღვდელი და დეკანოზი იყო, რომლის სასულიერო სახელიც გაბრიელი ყოფილა. ამბროსისთვის კი, როგორც ჩანს, მამის პატივისცემის ნიშნად დაურქმევიათ ეს სახელი. იოანე ბატონიშვილის უწყებიდანაც ირკვევა, რომ მისი (საერისკაცო) სახელი ზაქარია ყოფილა, ხოლო ამბროსი კი სასულიერო სახელი იყო. ამავე მითითების მიხედვით ვიგებთ, რომ მას ყოლია ძმა ნიკოლოზი, რომელიც, ასევე, დეკანოზი ყოფილა. 1812 წელს, ნეკრესის ეპარქიის გაუქმების გამო, ამბროსი გაუნთავისუფლებიათ ნეკრესის საეპისკოპოსო ტახტიდან. კერძოდ, როდესაც საქართველო საბოლოოდ შეუერთდა რუსეთს, მოქმედი მთავრობისა და ვარლამ ეგზარქოსის პროექტის თანახმად, 13 ეპარქიიდან მხოლოდ ორი ეპარქია დაუტოვებიათ. სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია ნეკრესის ეპარქიის გაუქმება და ამბროსის განთავისუფლებაც. ყველაზე სანდო ვერსიის თანახმად, ამბროსი ნეკრესელს სიცოცხლის უკანასკნელი თვეები თბილისში გაუტარებია, სადაც ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1815 წლის 11 მარტს გარდაცვლილა. იგი დაკრძალულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.
2 -შემოქმედება
„კალმასობაში“ იოანე ბატონიშვილი მოკლე ინფორმაციას გვაწვდის ნეკრესელი ეპისკოპოსის განსწავლულობის შესახებ, „[...] იყო მეცნიერი საღმრთო წერილსა შინა გამოცდილი, კვალად უცხო მწერალი, ვითარცა ხუცურისა, ეგრეთვე მხედრულის ხელისა. ამანაც მრავალნი საღმრთო წერილნი და ისტორიები გარდასწერა. ეს კარგი პიიტიკოსი, მუსიკოსი და სრული მგალობელი. ამან აღზარდნა რაოდენიმე მოწაფენი [...]“. აქედან ვიგებთ, რომ ამბროსის კარგად სცოდნია ახალი აღთქმა; დახელოვნებული ყოფილა ხუცურ და მხედრულ ენებზე წერაში; მრავლად გადაუწერია საღმრთო წერილი და საისტორიო წიგნები. ასევე, ყოფილა კარგი პოეტი, მუსიკოსი და მგალობელი და არაერთი მოწაფეც აღუზრდია.
ჩვენამდე მოღწეულია მისი ქადაგებები და არაერთი ხელნაწერი. მისი ჰომილეტიკური შემოქმედება მრავლისმომცველია და ეყრდნობა წმინდა მამათა გამოცდილებას. ამბროსი ნეკრესელის ქადაგებები მოიცავს თითქმის ყველა საეკლესიო საკითხსა და იმჟამად არსებულ თანამედროვე პრობლემებს. მის ქადაგებებში ნათლად ჩანს სოციალური მსახურების აუცილებლობა და საზოგადოების ზნეობრივ-სულიერი გამოღვიძების დიდი სურვილი. როგორც მისივე ქადაგებებიდან ირკვევა, ამბროსის მოღვაწეობის პერიოდში საყოველთაო ხასიათს ატარებდა გულგრილი და მოჩვენებითი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი. მისი მხრიდან ეს იყო ფორმალური ეკლესიური მსახურების წინააღმდეგ გადადგმული უშიშარი ნაბიჯები, რომელიც ამხელდა იმჟამად გაბატონებულ ანგარებას, უღვთოებას, უსინდისობას, ყალბ მარხვას, გარყვნილებასა და უსჯულოებას, „[...] უღვთონი და უსვიდისონი, მმარხველად სახელდებულნი, გარყვნილნი და ანგარებით განკაფულნი, ყოვლის თემის დაპყრობას ჰლამიან ცოფნი და უსჯულონი [...]“. ამასთან ერთად, იგი სიმამაცისკენ მოუწოდებდა სასულიერო დასსაც, „[...] და სამღვდელოთში რომ მივიხედოთ, დაჰბმიათ ენა და შეკვრიათ პირი შეშინებულთა და გაფაციცებულთა [...]“. იგი აპროტესტებდა საზოგადოებაში ღვთისმოშიშების დაკარგვას და მოუწოდებდა გონიერების, სიმართლისა და ჭეშმარიტების სამსახურისკენ, „[...] პატარა და დიდთა არა მოეხსენებისთ შიში ღვთისა, გოგო-ბიჭები და დედამძუძენი ქვეყანას არიგებენ, მთავრობენ და იდიდებიან უცებნი და ცუდნი. გაირყვნა სიმართლე და გაცუდდა ჭეშმარიტება [...]“. ამბროსი მეფესა და დიდებულებს სამაგალითო საქმეებისკენ მოუწოდებდა, რათა ისინი ქვეშევრდომებისთვის სამაგალითოები ყოფილიყვნენ. მეფის მემკვიდრის უღირსებისა და უზნეობის შემთხვევაში იგი თვლიდა, რომ შთამომავლობით თანამდებობის გადაცემა არასწორი იქნებოდა; ყველას, ერის მესვეურებსა და სამღვდელოებას უწუნებდა უნიათობას, ცოდვათა მოურიდებლობასა და გაუნათლებლობას, „სამღვდელონი - უმეცარნი და ხალხის მოუვლელნი, მეფე გვყვას და - ღარიბი, თავადნი გვისხედან და - შეუძლებელნი. ეკლესია გვაქვს და ნაოხრებს გვიგავს. წიგნითა ვართ გლახანი. და ამაში ხალხი გვყვას და ვაწუხებთ მტაცებლობითა და მოტყუებითა. მრავალნი საუკეთესონი კაცნი იწუნებიან და ცუდთა დაუპყრიათ ადგილი და ხარისხი. და ამაში მეცნიერება და ჭკვა იწუნების და ვირები უპირობენ ვითამც ქვეყნის მოვლასა“. იგი ამხელდა უღირს სასულიერო პირებს (მღვდლებს და ეპისკოპოსებს) და აღნიშნავდა, რომ სადაც გაუნათლებლობა იქნებოდა, იქ არც რაიმე სიკეთე აღორძინდებოდა. ქადაგებებიდან ჩანს, რომ ის იყო მეტად გონიერი და გულისხმიერი კაცი, რომელიც დაუცხრომელად ზრუნავდა ერის სულიერ, ზნეობრივ და გონებრივ განვითარებაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამბროსი პოეტიც იყო. მის შემოქმედებაში კარგად არის გამოხატული იმდროინდელი სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური გამოწვევები. გარდა ზოგადი მსოფლმხედველობითი ასპექტებისა, ამბროსის პოეზიაში ხშირად შევხვდებით სახოტბო პერსონალური ტიპის ლექსებსაც, რომლებსაც იგი გამოჩენილ ადამიანებს უძღვნიდა. ასევე, ამბროსი ნეკრესელი ცნობილია როგორც სახელგანთქმული მუსიკოსი და მგალობელი. ამ კუთხითაც იგი ერეკლე მეფის კარზე დაწინაურებულა და დიდი ნდობითაც სარგებლობდა. იგი გალობის კარგი მცოდნე, საგალობო კრებულების შემდგენელი იყო და თავადაც ქმნიდა საგალობლებს. ასევე, ამბროსი (მის ძმასთან ერთად) ცნობილი იყო როგორც კალიგრაფიაში კარგად დაოსტატებული კაცი; იგი გამოჩენილ გადამწერებს შორის არის მოხსენიებული. ამას აჩვენებს იონე ბატონიშვილის მითითება, რომ ის იყო „კვალად უცხო მწერალი, ვითარცა ხუცურისა, ეგრეთვე მხედრულის ხელისა. ამანაც მრავალნი საღმრთო წერილნი და ისტორიები გარდასწერა“.
3 -რეცეფცია
ამბროსი ნეკრესელის ქადაგებების პირველი კრებული გამოაქვეყნა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ 1881 წელს. ასევე, 1886 წელს, გამოცემულა მისი ქადაგებების კრებული, რომელიც შეიცავს 38 სწავლებას. აღსანიშნავია სოლომონ ყუბანეიშვილის გამოკვლევები ამბროსი ნეკრესელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მოგვიანებით, სრული კრებულის სახით დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა გამოსცა ნეკრესელი ეპისკოპოსის აქამდე უცნობი 27 გამოუქვეყნებელი ჰომილია და 7 შესხმა. ეპისკოპოს ამბროსის შესხმათაგან ექვსი ერეკლე მეფისთვის მიუძღვნია, ხოლო ერთი კი ლეონ ბატონიშვილისთვის. მისი შემოქმედებით პერიოდულად ინტერესდებოდა ქართული და რუსული სამეცნიერო საზოგადოება, რამაც განაპირობა მისი ჰომილეტიკური შემოქმედების ფრაგმენტული გამოცემები და რუსული თარგმანები. ასევე, აღსანიშნავია მისი პოეტური შემოქმედება, რომელიც მკვლევართა შორის აქტიური განხილვის საგანია. ძირითადად, ეს გამოკვლევები წარმართულია ამბროსის პოეზიის საერო და სასულიერო მიმართულებებით, რომლებიც, თავის მხრივ, განვითარებულია მათი კონტექსტუალური განხილვისა და შეფასებათა კვალდაკვალ. რაც შეეხება გალობას, იგი ამ კუთხითაც არ კარგავს აქტუალობას. არსებობს გამოკვლევები მისი ინდივიდუალური სტილისა და მუსიკალური თავისებურებების შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, საინტერესო პერსპექტივებს სახავს მისი სამომავლო შესწავლის თვალსაზრისით.
4 -ბიბლიოგრაფია
• ამბროსი ნეკრესელი: ქადაგებანი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა, თბილისი: „ზეკარი“, 2003 წ.
• იოანე ბატონიშვილი: კალმასობა, ტომი II, თბილისი: „სახელგამი“, 1948 წ., გვ. 198-199.
• კეკელიძე, კ.: ამბროსი ნეკრესელი, წიგნში: კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I: ძველი მწერლობა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1960 წ., გვ. 390-391.
• მელიქიშვილი, ნ.: ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან, I, (ბიბლიოლოგია, ჰომილეტიკა), თბილისი: „აღმსარებელი“, 2012 წ., გვ. 547-551.
• ნიჟარაძე, მ.: ამბროსი ნეკრესელის საერო პოეზია, კრებულში: „ქართველური მემკვიდრეობა“, # 10, ქუთაისი: „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2006 წ., გვ. 248-253.
• ნიჟარაძე, მ.: მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი 1728-1815 (ცხოვრება და შემოქმედება), ქუთაისი: „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2008 წ.
• ონიანი, ე.: ამბროსი ნეკრესელი და მისი მნიშვნელობა ქართული ნევმური სისტემის ისტორიაში, კრებულში: „სასულიერო მუსიკა“, თბილისი, 2007 წ., გვ. 64-69.
• ყუბანეიშვილი, ს.: ამბროსი ნეკრესელი (ცხოვრება და სალიტერატურო მოღვაწეობა), კრებულში: „ლიტერატურული ძიებანი“, ტ. 3, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1947 წ. გვ. 225-253.
• ჭაბაშვილი, მ.: თანამედროვე მანკიერების მხილება ამბროსი ნეკრესელის ჰომილიებში, იხ.: „მერმისი“. სამეცნიერო შრომების კრებული, # 7, თბილისი: „უნივერსალი“, 2013 წ., გვ. 50-53.