2021-04-17 ბესიკ მაშავა

ყაითმაზაშვილი ფილიპე

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

ფილიპე ყაითმაზაშვილის შესახებ ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები მწირია; ის, რაც ვიცით, მისი დროის თხზულებათა და ავტორთა მიერ არის შემონახული. უეჭველია ის ფაქტი, რომ ფილიპე XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სასულიერო მოღვაწე იყო და აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელ საგანმანათლებლო საქმიანობის აღორძინებაში. ფილიპე ყაითმაზაშვილის შესახებ ერთ-ერთ პირველ ცნობას დოსითეოზ ნეკრესელის უწყებაში ვხვდებით, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ფილიპე საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომხური წარმომავლობის („ჰარმანთა“) მღვდელი და ტომით აზნაური ყოფილა. ასევე, დოსითეოზის მიერ თარგმნილ „რიტორიკის“ ტექსტზე მინაწერის მიხედვით ირკვევა, რომ მას ეს თარგმანი შეუსრულებია ერეკლე მეფის ბრძანებითა და მღვდელი ფილიპეს დახმარებით; თარგმანი 1761 წლის 18 იანვარს დაუსრულებიათ. ასევე, დოსითეოზ ნეკრესელი ფილიპე ყაითმაზაშვილზე მიუთითებს, რომ იგი ქართული ენის კარგი მცოდნეც ყოფილა. მდივანბეგი იოანე ორბელიანი ფილიპეს აზნაურად მოიხსენიებს და ამით მის დიდგვაროვნობას უსვამს ხაზს. იგივე მდივანბეგი ორბელიანი ფილიპეს „თანამესხოლე“ (იგივე თანასკოლელი) ყოფილა (ისინი ერთად სწავლობდნენ სომხეთიდან მოსულ ეპისკოპოს ევტიქთან); ორბელიანი ფილიპე ყაითმაზაშვილს სწავლის მოყვარულ კაცად მოიხსენიებს. ფილიპე იმდენად დაწინაურებულა განათლების კუთხით, რომ თბილისის სომხურ-ქართულ ელიტარულ წრეებში მიუწვდომელ და შეუდარებელ ავტორიტეტად ითვლებოდა. როგორც დოსითეოზ ნეკრესელი ამბობს, ფილიპე იყო „ფრიად გონება ვრცელ-მაღალი და კეთილმეცნი პლატონურთა, არისტოტელ და პითაღორებრთა სიბრძნისმეტყუელებათა ჰარმანულითა ენითაო“. ხოლო, იონე ბაგრატიონის მიერ „კალმასობაში“ იგი მოხსენიებულია როგორც „ზედმიწევნილი ფილოსოფოსი“.

2 -მთარგმნელობითი საქმე

ფილიპე ყაითმაზაშვილის შემოქმედების შესახებ ცნობებს ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელთან ვხვდებით, რომლის თანახმადაც ფილიპეს თხზულებები თვით ერეკლე მეფის ბრძანებით გამოცემულა. ესენია: „სიმეტნე ღრამმატიკისა“, მხითარ სევასტიელის ვრცელი „გრამატიკა“, „მცირე დიალექტიკა სვიმონ ჯულფელისა“, „ხუთნი ხმანი პორფირიოს ფინიკიელისაი“ განმარტებით, არისტოტელეს „პერი ჰერმენია“, მხითარ სევასტიელის ვრცელი „რიტორიკა“, პროკლეს „კავშირი“ და ანტონის „მცირე დიალექტიკა“. ასევე, ცნობილია ის ფაქტი, რომ ფილიპე განსაკუთრებით ბევრს მუშაობდა ანტონ პირველთან, რომელთან ერთადაც არაერთი საღვთისმეტყველო თუ ფილოსოფიური ძეგლი გადმოუთარგმნია და დაუმუშავებია. ამასთან დაკავშირებით „კალმასობაში“ ვკითხულობთ: „ეს იყო ზედმიწევნილი ფილოსოფოსი, მსგავსი ზემოხსენებულისა ვართაპეტისა. ამანაც მრავალნი მოწაფენი განსწავლნა და შეეწია რაოდენთამე წიგნთა თარგმანებათა შინა კათოლიკოზს ანტონის პირველსა“. აღსანიშნავია იოანე ორბელიანის მითითება, რომლის მიხედვითაც ფილიპეს 1757 წელს პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყუელებითნის“ სვიმეონ ჯულფელის სომხური რედაქცია გადმოუღია ქართულ ენაზე.

3 -აკადემიური საქმიანობა

ფილიპე ყაითმაზაშვილის შრომებს აქტიურად იყენებდნენ მისი დროის გამოჩენილი წარმომადგენლები. მაგალითად, დოსითეოზ ნეკრესელის უწყების თანახმად, ვინმე ქიზიყელ მღვდელს ფილიპეს თარგმანთა საფუძველზე გადმოუღია და შეუსწავლია „პერი ჰერმენეია“ და „დიალექტიკა“: „მღვდელმან ნიკოლოზ ქიზიყელმან გარდამოიღო არისტოტელის თხზჳთნი ფილასოფობანი ნათქჳსა აზრი, რომელ არ პერიერმენია და კუალად მისივე ფილოსოფოსისა ნათქჳსა აზრი, რომელი არს დიალექტიკა, თარგმანებითა მისივე მღდელისა ფილიპპესითაო“. ასევე, დოსითეოზ ნეკრესელი და ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელიც აქტიურად იყენებდნენ ფილიპეს შრომებს და მასზე დაყრდნობით თარგმნიდნენ სხვადასხვა ტიპის თხზულებებს.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობის ფაქტს წარმოადგენდა ანტონ პირველის (ბაგრატიონი) მიერ 1755 წელს თბილისის სემინარიის დაარსება, რომლის რექტორად იმ დროის გამოჩენილი მოაზროვნე, მთარგმნელი და მეცნიერი ფილიპე ყაითმაზაშვილი გვევლინება. ეს იყო ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის კერა, რომელშიც ფილიპე ყაითმაზაშვილის მეთაურობით ცოდნისა და რწმენის სინთეზი ანტიკურობისა და ადრეული ქრისტიანული ძეგლების თარგმნა-განმარტებით ხორციელდებოდა. თვით ფილიპე ყაითმაზაშვილის რექტორობის ფაქტი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი იყო იმის გამოც, რომ სომხურ მწერლობაში არსებული არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი ქართველი სტუდენტებისთვის ქართულ ენაზე გახდა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, თბილისის სემინარია, მისი დაარსების პირველი დღეებიდანვე, აქტიურად ითვისებს ფილოსოფიური ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშებს. 1758 წელს, ერეკლე მეფის თხოვნით, ფილიპე თელავში გადადის, სადაც „საფილოსოფიო-სათეოლოგიო“ სკოლის „სხოლაპედი“ ანუ რექტორი ხდება; ამ შემთხვევაშიც ფილიპე ყაითმაზაშვილის მოღვაწეობა მიმართული იყო იქითკენ, რომ სომხურიდან ქართულ ენაზე გადმოღებულიყო საუკეთესო ფილოსოფიური და თეოლოგიური თხზულებანი. ანტონ პირველის ინტელექტუალური იდეები პრაქტიკაში სწორედ თბილისისა და თელავის სასწავლებლებში ხორციელდებოდა; ეს კი, დიდწილად, ფილიპე ყაითმაზაშვილის მოღვაწეობის შედეგსაც წარმოადგენდა; მის ინტელექტუალურ დიაპაზონში იმჟამად ცნობილი თითქმის ყველა კლასიკური ტექსტი მოექცა. ამით უნდა იყოს გამოწვეული ფილიპე ყაითმაზაშვილის მიერ ანტიკურობის გამორჩეული თხზულებების შემოტანა ჯერ თბილისის სემინარიაში, ხოლო შემდეგ კი თელავის ფილოსოფიურ სკოლაში.

4 -გამოყენებული ლიტერატურა

• ანტონ პირველი: წყობილსიტყვაობა, პლ. იოსელიანის გამოცემა, თბილისი, 1853 წ.

• ბარამიძე, ა.: საჯარო პაექრობა თელავის სემინარიაში, კრებულში: „სწავლა-აღზრდის ისტორია საქართველოში“, მასალების კრებული I, სარედ. კოლ.: დ. გვაზავა და სხვ., ტფილისი: „პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამომცემლობა“, 1937 წ., გვ. 51-65.

• იოანე ბატონიშვილი: კალმასობა, ტომი II, თბილისი: „სახელგამი“, 1948 წ., გვ. 204.

• კეკელიძე, კ.: ფილიპე ყაითმაზაშვილი, წიგნში: კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I: ძველი მწერლობა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1960 წ., გვ. 364-369.

• ლოლაშვილი, ივ.: ყაითმაზაშვილი ფილიპე (XVIII ს.), იხ.: ქართველ ფილოსოფოსთა ლექსიკონი: პერსონალია, თბილისი: „ოაზისი“, 2000 წ., გვ. 64.