ლაიბნიცი ახალი დროის ქართულ აზროვნებაში
1 -ლაიბნიცის ცხოვრების გზა
გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (1.VIII.1646, ლაიფციგი - 14.XI.1716, ჰანოვერი) ახალი დროის გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი, ფართო თვალსაწიერის მქონე უნივერსალური სწავლული და მეცნიერი იყო. ლაიბნიცმა დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერების სხვადასხვა დარგის (ლოგიკა, მათემატიკა, სამართალი, ფიზიკა, ისტორია, თეოლოგია, ენის თეორია, ენის ფილოსოფია და სხვ.) განვითარებაში. ჯერ კიდევ სწავლის დასრულებამდე, 1666 წელს, ლაიბნიცმა გამოაქვეყნა „თხზულება კომბინატორიკის ხელოვნების შესახებ“, რომელშიც მისი ლოგიკური (და, საერთოდ, მეცნიერული) გამოკვლევების ფორმალური საფუძვლებია მოცემული. სწორედ ამ ნაშრომს ეფუძნება მისი ცნებები „უნივერსალური ქარაქტერისტიკებისა“ და „გენერალური ცოდნისა“. 1672 წლამდე ლაიბნიცი მაინცის კარზე მსახურობდა, ხოლო შემდეგ, 1676 წლამდე კი დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა პარიზში. სწორედ პარიზში ყოფნის დროს გაეცნო ის დეკარტისა და პასკალის ნაშრომებს, ასევე, მათემატიკისა და ფიზიკის მიღწევებს საფრანგეთში. აქვე მიაგნო მან „თეოდიცეის“ ძირითად იდეებს. გერმანიაში ლაიბნიცი ჰოლანდიის გავლით დაბრუნდა. აქ მან ცნობილი მეცნიერები მოინახულა, მათ შორის, ბარუხ დე (ბენედიქტე) სპინოზა (1632-1677 წწ.). ცნობილია, რომ ლაიბნიცი სპინოზას „ეთიკას“ სათანადოდ არ აფასებდა და ხშირად აკრიტიკებდა კიდეც, კერძოდ კი, თავისუფლების ცნების შეზღუდვისა თუ იგნორირების გამო.
1676 წელს ლაიბნიცი უკვე ჰანოვერის ჰერცოგის კარის ბიბლიოთეკარი და მრჩეველი ხდება. ეს სამსახური მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მასვე დაევალა ჰერცოგთა ერთ-ერთი ოჯახის ისტორიის შექმნა, ვოლფენბიუტელის ცნობილი ბიბლიოთეკის დირექტორობა და ჰარცის სამთო-მომპოვებელ პროექტში მონაწილეობა, რომელიც, საბოლოოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა (თუმცა, მან გეოლოგიური გამოკვლევებიც კი შექმნა ამ პერიოდში!). 1705 წელს ლაიბნიცმა დაასრულა თავისი ძალზე მნიშვნელოვანი ნაშრომი „ახალი ესეები“ (ანუ „ახალი გამოკვლევები ადამიანური გონების შესახებ“), რომელშიც მან ლოკის გენეტიკური შემეცნების თეორია გააკრიტიკა (ეს წიგნი 1765 წელს გამოქვეყნდა). 1710 წელს დასრულდა ლაიბნიცის თხზულება „თეოდიცეა“. მისი შექმნის დროს ლაიბნიცი ბერლინში იმყოფებოდა – პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის დასაფუძნებლად, რომლის პირველი პრეზიდენტიც თავად იყო. ვენაში ორწლიანი მოღვაწეობისას ლაიბნიცმა შექმნა თავისი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „მონადოლოგია“ (1714 წ.), რომელშიც მისი ორიგინალური ფილოსოფიური სისტემა მკაფიოდ არის გადმოცემული. ლაიბნიცმა ლოგიკურად განავითარა კარტეზიანული რაციონალიზმის თეორია და მას იდეალიზმის სახე მისცა. ამგვარ იდეალიზმში ნამდვილი არსებობა მხოლოდ ინდივიდებს, ანუ მონადებს აქვთ, ხოლო სხეულებრივი სამყარო კი ამ მონადებიდან გამოყვანილი ფენომენია.
სიცოცხლის ბოლოს ლაიბნიცს ძალზე მძიმე ბედი ხვდა წილად: 1716 წელს ის მარტოობაში, ყველასგან მივიწყებული გარდაიცვალა. ლაიბნიცის აზროვნებამ დიდი გავლენა იქონია ქრისტიან ვოლფზე, რომელმაც მისი იდეების ახლებური სისტემატიზაცია დაისახა მიზნად. სწორედ ქრისტიან ვოლფსა და მის მოწაფეებს უკავშირდება ლაიბნიცის შემოქმედების პოპულარიზება. ლაიბნიცს სათანადოდ აფასებდნენ გერმანული იდეალიზმის წარმომადგენლები. ფრეგეს ლაიბნიციანური ლოგიციზმი და რასელის გამოკვლევები ლაიბნიცზე ვიტგენშტაინის ლოგიკურ ატომიზმშიც აისახა. ლაიბნიცის მკაფიო გავლენა შეინიშნება რეშერისა და ჰინტიკას თანამედროვე მოდალურ კონცეფციებშიც.
2 -ლაიბნიცი ახალი დროის ქართულ აზროვნებაში
ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაში ადრევე მოხდა ლაიბნიცის აზროვნების გაცნობა. მისი მეტაფიზიკური კონცეფცია საყურადღებო აღმოჩნდა ახალი დროის ქართული ფილოსოფიის საღვთისმეტყველო ფრთის მიმდევართათვის (ანტონ ბაგრატიონი, იონა ხელაშვილი და სხვ.). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იონა ხელაშვილის კომენტარები ლაიბნიც-კლარკის მიმოწერაზე. ეს მიმოწერა 1823 წელს ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ილია ბაგრატიონმა (1790-1854 წწ.), მაგრამ ქართული თარგმანი სრულყოფილი არ არის, რადგან ის ამ მიმოწერის მხოლოდ ერთი ვრცელი ნაწილის თარგმანს მოიცავს. იონა ხელაშვილის აღნიშნული კომენტარები ნათლად წარმოაჩენს ამ ავტორის ფილოსოფიური და თეოლოგიური მსოფლმხედველობის არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს და ადასტურებს მის საგანგებო ინტერესს ლაიბნიცის აზროვნების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ღმერთის ცნებასთან მიმართებით იგი აკრიტიკებდა როგორც ლაიბნიცის, ასევე კლარკის შეხედულებებს. იონა ხელაშვილის აზრით, უმაღლესი არსების სრულყოფილი შემეცნება იმ დისციპლინის მეშვეობით, რომელიც სხეულთა ზომას თვლის, ვერ მოხერხდება, რადგან „მაღალი სიბრძნე“ არ არის მათემატიკური შემეცნების საგანი. არათუ მათემატიკის მეშვეობით, არამედ თვით ლაიბნიცის მეტაფიზიკის მეშვეობითაც კი ვერ ხერხდება ღმერთისა და სხვა უმაღლესი არსებების შემეცნება.
იონა ხელაშვილი ლაიბნიცისა და კლარკის დავა-კამათში ცალსახად არცერთი მოაზროვნის პოზიციას არ იკავებს. იგი არც ლაიბნიცის მეცნიერული მეთოდოლოგიის მომხრეა და არც კლარკისა. უფრო მეტიც, იგი არცერთი მოაზროვნის მიმართ არ იშურებს კრიტიკას. მას ღმერთის შესამეცნებლად არც ახალი დროის მათემატიკის მეთოდები (ნიუტონი/კლარკი) მოსწონს და არც რაციონალისტური მეტაფიზიკის (ლაიბნიცი) მეთოდოლოგია. იონა ხელაშვილი უპირატესობას ანიჭებს ქრისტიანული მეტაფიზიკის ძველ ტრადიციას და თავის მოძღვრებაში ქრისტიანული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების დიდი ავტორიტეტის, იოანე დამასკელის (675-749 წწ.) ნააზრევს ეყრდნობა.
ალეთეიოლოგიური მოძღვრების კონტექსტში ლაიბნიცის აზროვნების სხვადასხვა ასპექტებს საინტერესოდ განიხილავდა შალვა ნუცუბიძე (1888-1969 წწ.). იგი საგანგებო ყურადღებას აქცევდა თეოდიცეის პრობლემას, რომელიც ყოველი ფილოსოფიის ძნელი და უხერხული პრობლემაა. აქ მთავარი სწორედ ის არის, რომ ნათელი და გასაგები უნდა გახდეს სამყაროს ნაკლოვანი, დროითი ხასიათი და ცვალებადობა, თანაც ისე, რომ ღმერთის ყოვლისშემძლეობისა და ყოვლადკეთილობის იდეას საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ნუცუბიძე სამართლიანად შენიშნავდა, რომ ამ პრობლემის გადაჭრას ყველა დიდი ფილოსოფოსი შეეჭიდა, თუმცა, ამ კუთხით, ლაიბნიცს მაინც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი.
XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში ლაიბნიცის შემოქმედებას საგანგებო ყურადღებას აქცევდნენ: შ. ნუცუბიძე, ს. დანელია, დ. უზნაძე, მ. გოგიბერიძე, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, ა. ბოჭორიშვილი, გ. თევზაძე და სხვ. ლ. მჭედლიშვილმა ლაიბნიცის ლოგიკის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის საყურადღებო ანალიზი შემოგვთავაზა. ლაიბნიცის მეტაფიზიკასა და ენის ფილოსოფიას ვრცელი მონოგრაფია მიუძღვნა მ. ბიჭაშვილმა, რომელიც დღემდე ყველაზე სრულყოფილ ქართულენოვან გამოკვლევას წარმოადგენს ლაიბნიცის ფილოსოფიური ნააზრევის შესახებ.
3 -სპეციალური ლიტერატურა
• ლეიბნიცი: მონადოლოგია, თარგმნა და შენიშვნები გაუკეთა ს. დანელიამ, თბილისი: „სტალინის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1940 წ.
• ბიჭაშვილი, მ.: ლაიბნიცის მეტაფიზიკა და ენის ფილოსოფია, თბილისი: „მერიდიანი“, 2005 წ.
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
• უზნაძე, დ.: ლაიბნიცის Petites Perteptions-თა ადგილი ფსიქოლოგიაში, ჟურნალში: „თბილისის უნივერსიტეტის მოამბე“, # 1 (1919 წ.), გვ. 68-86.