ქართველი ფილოსოფოსი გაბრიელ ბაჩულაშვილი დაიბადა 1926 წლის 12 ივლისს, სოფელ ზემო ალვანში. 1945-1951 წლებში ბაჩულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა ასპირანტურაში განაგრძო. 1955 წელს მან ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ასპირანტურის პერიოდში მისი მასწავლებელი გამორჩეული ქართველი ფილოსოფოსი და დიალექტიკური ლოგიკის დიდი მკვლევარი სავლე წერეთელი იყო. 1955-1958 წლებში ბაჩულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე მუშაობდა, ხოლო 1958-1976 წლებში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. გაბრიელ ბაჩულაშვილი გარდაიცვალა 1976 წლის 2 ივნისს.
ბაჩულაშვილი სავლე წერეთლის მოწაფე და დიალექტიკური ლოგიკის ქართული სკოლის გამორჩეული წარმომადგენელი იყო. მისი ფილოსოფია, უმეტესწილად, ლოგიკურ და ეპისტემოლოგიურ პრობლემებზეა კონცენტრირებული. პროფესორი სერგი ავალიანი მის შესახებ წერს: „სავლე წერეთლის გარდაცვალების შემდეგ ქართულ ფილოსოფიას არ ჰყოლია და ჯერჯერობით არ ჰყავს დიალექტიკური ლოგიკის პრობლემის მეორე ისეთი თვალსაჩინო მკვლევარი, როგორიც გაბრიელ ბაჩულაშვილი იყო“. ს. ავალიანი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ბაჩულაშვილის მეცნიერული კვლევა-ძიების უნარებსა და ფილოსოფიური პრობლემების სიღრმისეულ ცოდნას.
ბაჩულაშვილის პირველი შრომა გამოიცა 1961 წელს; მისი სათაურია „კატეგორიების კავშირი კარლ მარქსის კაპიტალში“. აღნიშნული ნაშრომი სადისერტაციო კვლევას წარმოადგენდა და მცირეოდენი ცვლილებების შეტანის შემდეგ დაიბეჭდა. მასში, ერთის მხრივ, ლოგიკური კატეგორიების განვითარების მარქსამდელი ისტორიაა მოთხრობილი, მეორეს მხრივ კი კაპიტალში მოცემული კატეგორიათა მარქსისეული ანალიზია გადმოცემული. „გარკვეული აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ფილოსოფიის ისტორია არის ფილოსოფიური კატეგორიების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია“ (2, 9), - წერს ბაჩულაშვილი; აღნიშნულ ისტორიაში განსაკუთრებითაა წარმოჩენილი მარქსის როლი, ვინც სამყაროს ლოგიკურ-კატეგორიული შემეცნების მატერიალისტური კონცეფცია განავითარა. ამ კონცეფციის მიხედვით ფილოსოფიური კატეგორიები აზროვნებაში სინამდვილის უზოგადეს მხარეს ან კავშირებს ასახავენ, ყოველივე ამას კი ადამიანთა პრაქტიკა განაპირობებს. ბაჩულაშვილის მეორე ნაშრომი „კატეგორიების დიალექტიკა როგორც გნოსეოლოგიური ლოგიკა“ (1979 წ.) სავლე წერეთლის ლოგიკური სკოლის გაგრძელებას წარმოადგენს და მასში ორიგინალურადაა გააზრებული ლოგიკური აზროვნებისა და შემეცნების წესის, ფილოსოფიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, აზროვნებისა და განვითარების ურთიერთმიმართების საკითხები. შრომაში დიალექტიკური ლოგიკის თეორიაა ჩამოყალიბებული და საკითხის ისტორიული მხარეა შესწავლილი.
ბაჩულაშვილი ადრეულ ასაკში გადაიცვალა და თავად ვერ მოესწრო „კატეგორიების დიალექტიკა როგორც გნოსეოლოგიური ლოგიკა“-ს გამოცემას. წიგნის უკანასკნელი თავი, მცირეოდენი შემოკლებებით, რუსულად ითარგმნა და დაიბეჭდა სავლე წერეთლისადმი მიძღვნილ კრებულში „დიალექტიკა, ლოგიკა, შემეცნების თეორია“ (1979 წ.).
ბაჩულაშვილის ფილოსოფიური შემოქმედება შემეცნების თეორიასთან დაკავშირებულ განსხვავებულ საკითხებსა და პრობლემატიკაზეა ორიენტირებული, ფილოსოფიურ პრობლემათა მისეული ანალიზი კი ყოველთვის ისტორიულ ჭრილშია განხილული. შესაბამისად, ბაჩულაშვილის ფილოსოფია ორმხრივად საყურადღებოა, ერთი მხრივ, როგორც საკითხთა და პრობლემათა ისტორიული განვითარების კვლევა, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც საკითხის ხელახალი განსაზღვრის მცდელობა.
„კატეგორიების კავშირი კარლ მარქსის კაპიტალში“ იწყება ფილოსოფიის ისტორიის ანალიზითა და კატეგორიების მარქსამდელი განსაზღვრებებით. ფილოსოფიის ისტორიაში კატეგორიები არისტოტელეს მიერ განისაზღვრა როგორც „სინამდვილისა და აზროვნების უნივერსალური განსაზღვრულობანი, როგორც უზოგადესი ცნებები“ (2, 3). კატეგორიის არისტოტელესეულ განსაზღვრებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ფილოსოფიის ისტორიაში, ის წარმოჩენილი იყო როგორც უზოგადესი ცნება, რომლის მეშვეობითაც საგანთა ურთიერთკავშირის ანალიზი ხდება. ბაჩულაშვილი აჩვენებს, რომ კატეგორიის შემეცნებითი ღირებულების შესახებ არისტოტელემ დაგვიტოვა სამი დებულება: „1. აზროვნება, ცნებითი შემეცნება თავისი ბუნებით კატეგორიული ხასიათისაა; 2. ისინი, როგორც უზოგადესი ცნებები, ვრცელდებიან ყოველგვარ ცნებით შემეცნებაზე; 3. არსების კატეგორია წარმოადგენს აპოდიქტური, დასაბუთებული ცოდნის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას“ (2, 7). კანტმა ყურადღება გაამახვილა კატეგორიის შემეცნებით ღირებულებაზე და წარმოაჩინა ის როგორც გონების მიერ სამყაროს შემეცნების წესის განსაზღვრული გზები. კანტისათვის კატეგორიის შემეცნებითი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი „ცდისეულ ცოდნას საყოველთაო და აუცილებელ, ე.ი. ობიექტურ ხასიათს ანიჭებს“ (2, 9). ამავდროულად, ბაჩულაშვილი აჩვენებს, რომ კანტის მოძღვრება მკაცრად იდეალისტურია, რადგან ის „ქმნის შემეცნების საგანს, შეაქვს რა სინთეზური ერთიანობა ჭვრეტის მრავალგვარობაში“ (2, 14) და, აქედან გამომდინარე, ფორმალურად ქმნის ცოდნის ბუნებას.
ბაჩულაშვილის მტკიცებით, კატეგორიათა კანტისეული განსაზღვრება და მისი გადალახვა სცადა ჰეგელმა, რის შემდეგაც იგი მეორე უკიდურესობაში გადავარდა, კერძოდ, მან ისტორიული და ლოგიკური ერთმანეთთან გაუიგივა. ჰეგელის ფილოსოფიაში ისტორია აბსოლუტური იდეის მოძრაობის ისტორიაა, „მას კატეგორიები ესმის მხოლოდ აზროვნების განსაზღვრებებად (რამდენადაც ის ყოფიერებას აიგივებს აზროვნებასთან)... ჰეგელი კატეგორიებს განიხილავს როგორც მხოლოდ ობიექტურ თვითშემეცნებას, აზროვნების მომენტებს ყოველგვარი ასახვის გარეშე“ (2, 11). ჰეგელის ლოგიკაში „აზრს თავის თავში აქვს რეალობაც და თვითონ არის თავისი შემეცნების საგანიც“ (2, 54). კანტისა და ჰეგელის იდეალიზმისაგან განსხვავებით, კატეგორიის მატერიალისტური გაგება „გულისხმობს აზროვნებაში სინამდვილის უზოგადეს მხარეთა ან კავშირების ასახვას, რაც ადამიანთა პრაქტიკებითაა განპირობებული: აქ მივადექით საკითხს - პრაქტიკა, როგორც კატეგორიების წარმოშობისა და განვითარების საფუძველი“ (2, 11).
ბაჩულაშვილის მტკიცებით, ფილოსოფიის ისტორიაში მარქსი იყო პირველი, ვინც შემეცნებით კატეგორიათა განვითარების მთავარ წყაროდ „პრაქტიკის საფუძველზე ასახული ობიექტური კანონზომიერება“ განსაზღვრა. პრაქტიკის მისეული განსაზღვრება უკუაგდებს იდეალიზმს და დაფუძნებულია მატერიისა და პრაქტიკის პირველადობის დებულებაზე. სწორედ მატერიალურ რეალობასა და სოციალურ ურთიერთობებს ასახავს შემეცნების კატეგორიები. შემეცნება ეხება მატერიალური რეალობის ობიექტურ ასახვას, შესაბამისად, აზროვნების უზოგადესი ცნებები ანუ კატეგორიები წარმოადგენენ არა თანდაყოლილ ლოგიკურ მახასიათებლებსა (კანტი) თუ აზროვნების ისტორიულ თვით-განსაზღვრულობას (ჰეგელი), არამედ „კატეგორიების განვითარების შინაგანი წყარო არის პრაქტიკის საფუძველზე ასახული ობიექტური კანონზომიერება... ადამიანი წარმოების პროცესში აწარმოებს არა მარტო პროდუქციებს, არამედ მათ შესაბამის იდეებსა და ცნებებსაც. ცნებების წარმოშობა და განვითარება განპირობებულია წარმოების პროცესის განვითარებით... წარმოების პროცესში ადამიანები გარდაქმნიან ბუნებას და ქმნიან და გარდაქმნიან თავიანთ საკუთარ ცხოვრებას“ (2, 13).
„კაპიტალში“ წარმოდგენილი მეთოდი დიალექტიკურია და მასში „ლოგიკური კავშირი დიალექტიკურად ასახავს კაპიტალისტურ ეკონომიკას“ (2, 22). ბაჩულაშვილის განსაზღვრებით, „დიალექტიკური ლოგიკის საგანი არის ცნებათა და კატეგორიათა შინაარსის მოძრაობის ზოგადი კანონზომიერება“ (2, 20), ხოლო მარქსის „კაპიტალში“ წარმოდგენილი კატეგორიები ერთდროულად ლოგიკაცაა, დიალექტიკაც და შემეცნების თეორიაც. „დიალექტიკა სწავლობს მთელი სინამდვილის უზოგადეს კანონებს, შემეცნების თეორია ასახვის პროცესს, ხოლო ლოგიკა ასახვის ერთ-ერთ მხარეს: აზროვნების ფორმებს“ (2, 23). მარქსი აჩვენებს, რომ საზოგადოებას ამოძრავებს შინაგანი მატერიალური აუცილებლობა, სწორედ ეს აუცილებლობა განსაზღვრავს ადამიანთა არსებობის ხასიათს. მეორეს მხრივ, საზოგადოების ისტორიული განვითარება გვევლინება არა როგორც შემთხვევითობათა ერთობა, არამედ როგორც კანონზომიერი განვითარება. სწორედ კაპიტალი სწავლობს საზოგადოების განვითარების უზოგადეს კანონებსა და კანონზომიერებებს. ბაჩულაშვილი აცხადებს, რომ კაპიტალში მარქსმა „საზოგადოებრივი მოვლენები ბუნებისმეტყველური სიზუსტით გამოიკვლია, რომ მან ისეთივე მწყობრი, მეცნიერული მოძღვრება შექმნა საზოგადოების შესახებ, როგორც დარვინმა მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს შესახებ“ (2, 45).
„კატეგორიების დიალექტიკა როგორც გნოსეოლოგიური ლოგიკა“ თეორიული შრომაა, რომელშიც აზროვნების კატეგორიათა ბუნება და მათი შემეცნებითი ღირებულებებია გამოკვლეული. კატეგორია არის მსჯელობის ეპისტემოლოგიური/გნოსეოლოგიური საფუძველი, შემეცნების წესი და მეთოდოლოგიური პრინციპი, ყოფიერების უზოგადესი განსაზღვრების ასახვა. ბაჩულაშვილი აცხადებს, რომ „დიალექტიკური ლოგიკის საშუალებით ხორციელდება განსაკუთრებული შემეცნება, რომელიც ფილოსოფიას ანიჭებს თავისთავადობას. ამის გარეშე ფილოსოფიის სპეციალური მეცნიერებებისაგან განსხვავება გაჭირდებოდა... კატეგორიათა შემეცნება წარმოადგენს ფილოსოფიის ძირითად „საქმიანობას“, დანიშნულებას, ამიტომ დიალექტიკურ ლოგიკას შეიძლება ვუწოდოთ ფილოსოფიის ლოგიკა ანუ ფილოსოფიური ლოგიკა. თუ ფილოსოფია არის სამყაროს კატეგორიების საშუალებით აღწერა, ე.ი. სამყაროს კატეგორიალური სურათი, მაშინ დიალექტიკურ-ლოგიკური უნდა მივიჩნიოთ ფილოსოფიური შემეცნების ერთ-ერთ აუცილებელ და, ამასთან, სპეციფიკურ მომენტად“ (1, 198).
ბაჩულაშვილისათვის შემეცნების უმთავრესი პრინციპი „საგნის არსებობის წესის ასახვაა“, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „კატეგორია, როგორც შემეცნების წესი, არის ყოფიერების განსაზღვრულობის, საგნის არსებობის წესის ასახვა უზოგადეს ცნებაში. კატეგორია წარმოადგენს სინამდვილის უზოგადესი განსაზღვრულობების ასახვას, რომელიც ხორციელდება ცდის, პრაქტიკის და მეცნიერების მეშვეობით“ (1, 114). კატეგორიის გააზრების პროცესში ბაჩულაშვილი უარყოფს კატეგორიის კანტიანურ და ჰეგელიანურ გაგებას, „კატეგორიის საშუალებით ხდება მეცნიერების საგნის თავისთავად არსებული კატეგორიალური განსაზღვრულობის მომენტის წვდომა, ამოკითხვა“ (1, 88). სწორედ ამაში მდგომარეობს კატეგორიის გნოსეოლოგიურ-მეთოლოდოგიური ფუნქცია, ის აზროვნების საშუალებაა, რომლითაც ზოგადი მეცნიერებებისა და, უფრო ზოგადად, აზროვნების უნიკალური წესები განისაზღვრებიან.
საბოლოო ჯამში, კატეგორიების შინაარსი, როგორც მატერიალური რეალობის ურთიერთკავშირთა ასახვის უზოგადესი ცნებები, ლოგიკური კავშირის ფორმებს იღებენ და მათ შინაარსეულ-სინთეზური აპოდიქტურობა ახასიათებთ. ფორმალური ლოგიკისაგან განსხვავებით, შინაარსეული ლოგიკა ყოფიერებისა და აზროვნების განსაზღვრულობას იკვლევს. ეს შინაარსი დიალექტიკურადაა განსაზღვრული და განსაზღვრავს აზროვნების პროცესს. ბაჩულაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, „დიალექტიკური ლოგიკა არის კატეგორიების შინაარსების შინაარსეულ-სინთეზურ-აპოდიქტური კავშირი, უდრის იმას, რომ დიალექტიკურ-ლოგიკური არის აზრის კატეგორიალური განსაზღვრება... დიალექტიკური ლოგიკა არის დიალექტიკის, გნოსეოლოგიის და შინაარსეული ლოგიკის იგივეობრიობა. ანდა, უფრო ზუსტად: დიალექტიკური ლოგიკა არის დიალექტიკის ერთი ასპექტი, გნოსეოლოგიის ერთი ასპექტი და შინაარსეული ლოგიკის იგივეობრიობა“ (1, 177-197).
დიალექტიკური ლოგიკის ქართული სკოლისა და მისი წარმომადგენლების, მათ შორის, გაბრიელ ბაჩულაშვილის შრომები ჯერ კიდევ არ არიან სათანადოდ შესწავლილი და დაფასებული. ნიშანდობლივია, რომ ლოგიკური შემეცნების დიალექტიკური მეთოდი, დიალექტიკური ლოგიკა გამიჯნულია ფორმალური ლოგიკისაგან და ეპისტემოლოგიური რედუქციონიზმისგან. ლოგიკის ეს უკანასკნელი მიმართულება მეოცე საუკუნის ლოგიკური პოზიტივიზმისა და ფორმალური ლოგიკის დომინანტურ მიმდინარეობას წარმოადგენდა, თუმცა, მისი კრიტიკა და გაუქმება მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა. დიალექტიკურ ლოგიკასა და XX საუკუნის ფილოსოფიურ აზროვნებაში არსებული ლოგიკის განსხვავებულ კონცეფციებს შორის მრავალი განსხვავებისა და მსგავსების მიკვლევაა შესაძლებელი. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ზოგადად, დიალექტიკური ლოგიკის ქართულ სკოლას და, კერძოდ, გაბრიელ ბაჩულაშვილის ნაშრომებს მაღალი ფილოსოფიური ღირებულება აქვთ. მათში არ არის გათიშული ეპისტემოლოგიური, ონტოლოგიური და ლოგიკური საკითხები (როგორც ეს ლოგიკურ პოზიტივიზმსა და იდეალური ენის ფილოსოფიაშია), არამედ გაცნობიერებულია და ჯეროვნადაა შეფასებული შემეცნების პროცესი, რომელშიც მონაწილეობს მრავალი ურთიერთდაპირისპირებული და კომპლექსური ელემენტი. ბაჩულაშვილის ნაშრომთა ფილოსოფიურ ღირებულებაზე ასევე მიანიშნებს ფილოსოფიის ისტორიისა და ფილოსოფიურ პრობლემათა სიღრმისეული ცოდნა. ყოველივე აქედან ცხადია, რომ ქართული ფილოსოფიისა და ლოგიკის ისტორიაში გაბრიელ ბაჩულაშვილის ნაშრომებს აუცილებლად უნდა ეკავოთ გამორჩეული ადგილი.
1. კატეგორიების დიალექტიკა როგორც გნოსეოლოგიური ლოგიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1979 წ.
2. კატეგორიების კავშირი კარლ მარქსის „კაპიტალში“, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1961 წ.