2021-03-31 გიორგი ხუროშვილი

დავით რექტორი

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

დავით რექტორი (ალექსის ძე) მესხიშვილი თავისი დროის იმ რჩეულ მოღვაწეთა შორისაა, რომელთაც ქართულ კულტურას ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს, თუმცა მისი ბიოგრაფიიდან ცოტა რამ თუ არის ცნობილი. იგი დაიბადა 1749 წელს, თავდაპირველად სწავლობდა თბილისის სემინარიაში, მოგვიანებით კი იმ დროის სხვა მოწინავე ქართველთა (მაგ. გაიოზ რექტორი) მსგავსად მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში განსწავლულა. მისი მოღვაწეობის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი კი თელავის სემინარიას უკავშირდება. სემინარია ანტონ ბაგრატიონმა დაარსა, თავდაპირველად ის ფილოსოფიურ სკოლად იწოდებოდა, მოგვიანებით კი სემინარიის სახელი მიიღო. აქ დავითი 1780-იანი წლებიდან იწყებს მოღვაწეობას. 1783 წელს გაიოზ რექტორის რუსეთში ემიგრაციის შემდეგ იგი ჯერ რექტორის მოვალეობას ასრულებდა, მოგვიანებით, 1790 წელს, აღმოსავლეთ საქართველოს იმჟამინდელ მეფეს, ერეკლე მეორეს იგი სემინარიის რექტორად დაუნიშნავს. ამ პერიოდის დოკუმენტებს შორის მეფის ბრძანებაც არის შემორჩენილი, სადაც ნათქვამია: „ჩვენ მეფემან ირაკლიმ განგაწესეთ თელავის ქალაქის სემინარიის რექტორად შენ ალექსიშვილი დავით, ასე, რომ მოწაფეთ შემოგიკრეფთ და ფილასოფია უნდა მოასმენინო და ზოგთ საეკლესიო წიგნი და წერაო“. სწორედ აქედან იღებს სათავეს დავითის ზედსახელი – რექტორი. დავითის შესახებ ცნობებს გვაწვდის იმ დროის თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე იოანე ბაგრატიონიც (1768-1830), რომელიც წერს: „დავით ალექსიძე, ანჩისხატისა დეკანოზისა შვილი, ესეცა აღზარდა ანტონ კათალიკოზმან და მიიღო სწავლა ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველებისა. ეს არს გონება მკვეთრი და კარგი მეხსიერი. მწერალი მშვენიერი, ვითარცა ხელნაწერობით, აგრეთვე დათხზვითაც. ამან შექმნა წიგნი თვისგან შექმნილი და უწოდა ‘ჩემ მიერ ნაღვაწი’. და აგრეთვე შემატა ლექსიკონს. ამან ასწავა სკოლასა შინა თელავს მრავალთა მოწაფეთა საფილოსოფოსო სწავლანი, რომელიცა დადგინებულ იყო მეფის ირაკლის თეიმურაზის ძისაგან რეკტორად და მეცა ვიყავ მასთან რიცხვთა შორის მოწაფეთა. ესე არს უცხო ისტორიკოსი ძველთა და ახალთა მოთხრობათა, რომელიცა ქებულ არს ერთა ჩვენთაგან“.

აღსანიშნავია, რომ იოანე ბაგრატიონის გარდა დავით რექტორს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართლ-კახეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის დავით ბატონიშვილის (1767-1819) აღზრდაშიც. მართალია, ამ უკანასკნელმა სამეფო გვირგვინი ვერ დაიდგა, მაგრამ ქართული ფილოსოფიაში თავისი კვალი დატოვა, მან ქართულად თარგმნა ფრანგ განმანათლებელთა ზოგიერთი რჩეული თხზულება და მათ შესწავლას არაერთი ორიგინალური კვლევა მიუძღვნა. დავიტ ბატონიშვილმა „ნაბუქოდონოსორისაგან წარტყვევნა იერუსალიმისას“ მისეული თარგმანი სწორედ თავის მასწავლებელს მიუძღვნა: „ეს ჩემი შრომა რექტორსა შევსძღვენ, ჩემსა გამზრდელსა, ჩემსა ლალასა, ბრძენს, მეცნიერსა, სწავლულსა კაცსა, განვითარებულს, ქართლისა თვალსა“.

2 -შემოქმედება

დავით რექტორმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარებაშიც, ცნობილია, რომ მან გადაწერა და შეავსო სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი და მას კომენტარებიც დაურთო. მასვე ეკუთვნის არაერთი საეტაპო მნიშვნელობის თარგმანი. აღსანიშნავია, რომ დავით რექტორი ნაყოფიერად მოღვაწეობდა პოეზიაშიც. იგი თავისი ეპოქის ლიტერატურულ ტრადიციას აგრძელებს პოეტურ ციკლში „მდურვა სოფლისადმი“. ზოგიერთი პოეტური ციკლი სახოტბო ხასიათისაც არის: „ცხოვრება ლეონ ბატონიშვილისა“, „ქება თამარ მეფისა“, „ქება ირაკლი მეორისა და გიორგი მეცამეტისა“, „ქება დოსითეოზისა“, იმავდროულად იგი სატირულ ლექსებსაც წერდა.

განსაკუთრებით საგულისხმოა დავით რექტორის მიერ შედგენილი ქართული მწერლობის „კატალოგი“, ამ უკანასკნელზე მუშაობა მან 1810 წელს დაასრულა; კატალოგში სამასზე მეტი საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური, სამართლებრივი და ლიტერატურული ძეგლია აღნუსხული. დავით რექტორმა, როგორც თავის დროის განმანათლებელმა, არაერთი სახელმძღვანელოც შეადგინა: „არიხმეტიკა“, „გალექსილი ღრამატიკა“, „ოთხნაწილედი სწავლანი“, „აღსარების წიგნი მოწაფეთათვის“ და სხვ. იმავდროულად იგი საქართველოს კუთხეთა აღწერასაც ახორციელებდა, რასაც შემდეგი ცნობაც მოწმობს: „მე უმცირესი ვინმე ძე ალექსანდრესისა და თელავის ქალაქის სემინარიის რექტორი (!) დავით მოვახსენებ მებრ თხოვისა მათისა და რომელთამე საქართველოისა მეზობელთა მხარეთა ადგილთ. ამის უკუე წერილთა აღუწერ თქუესა ღრეოღრაფიურებრ, რომელ არს ინსტრუქცია, აღწერა ახალციხისა. - ახალციხისა ქუეყანა, რომელიც არის ქართლისა ქვეყნის ნაწილი ერთი, რომელიც უჭირავს ახლა ხვანთქარისა“. დავით რექტორს ეკუთვნის შუა საუკუნეების დიდი ქართველი ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის არსენ იყალთოელის ორიგინალური შეფასებაც, საიდანაც ირკვევა, რომ იგი კარგად იცნობდა შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებას და არსენ იყალთოელის მემკვიდრეობას: „ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებლისა მეფისა“.

3 -სემინარიის რექტორი

თელავის სემინარიამ დავით რექტორის ხელმძღვანელობით იმ დროინდელი ქართული კულტურის განვითარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, აქ წარმატებით ასწავლიდნენ ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, გრამატიკას, ლიტერატურას და საბუნებისმეტყველო საგნებს. თუმცა სემინარიამ 1801 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის კვალდაკვალ არსებობა შეწყვიტა; ამ ამბავს დავით რექტორი შემდეგნაირად გადმოგვცემს: „მას ჟამსა რუსნი მოვიდეს იმპერატორებასა ალექსანდრე პირველისასა, ძისა პავლე პირველისა იმპერატორისა, და სხოლა შეურაცხყვეს და სადა სახელი ღვთისა იქადაგებოდა, ჰყვეს ავაზაკთა, ხოლო მე პირდაპირადნი განსაცდელნი შემამთხვივნეს და მრავალნი ბოროტნი მოაწივნეს ჩემზედა“. მიუხედავად ამისა, დავით რექტორს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა არ შეუწყვეტია, როგორც ავღნიშნეთ 1810 წელს მან ქართული მწერლობის კატალოგი შეადგინა, 1823 წელს კი, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ვეფხისტყაოსნის გადაწერაც დაასრულა. 

4 -გამოყენებული ლიტერატურა

• დავით ბაგრატიონის „ნაბუქოდონოსორისაგან წარტყევნა იერუსალიმისას“ წინასიტყვაობა. გაზ. თბილისი, 1989 წ. 

იოანე ბაგრატიონი, მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის, 1948 წ. 

მიქაძე  გ. მასალები დავით რექტორის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ, ლიტერატურული ძიებანი, ტ. 13, 1961 წ.

სანიკიძე  ქ. თელავის სემინარია და დავით რექტორი, „ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები“, ტ. 6, 1946 წ.

ხუროშვილი, გ. დავით რექტორი და ახალი დროის ქართული აზროვნება; იხ: „უფლის ციხე“, # 3, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 2014 წ.